რა მოვუხერხოთ მაღალ წნევას
გააზიარე:
ალბათ ყოველ თქვენგანს ჰყავს თითო-ოროლა ნაცნობი, წნევას რომ უჩივის. ეს არც არის გასაკვირი – არტერიული ჰიპერტენზია ხომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. საზოგადოდ, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში ერთპიროვნულად ლიდერობენ, მათ შორის კი ყველაზე საბედისწერო არტერიული ჰიპერტენზია ყოფილა.
რა იწვევს მაღალი წნევას ან რამდენად საშიშია მისი ცვალებადობა? იკურნება თუ არა ჰიპერტენზია? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს კარდიოლოგი რუსუდან გვენეტაძე.
უპირატესად რა ასაკში იჩენს თავს ჰიპერტენზია?
– სტატისტიკის თანახმად, არტერიული ჰიპერტენზია შუახნის და ხანდაზმულ პირთა შორის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პათოლოგია გახლავთ. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, იგი 18-დან 80 წლამდე ანუ, ფაქტობრივად, ყველა ასაკში გვხვდება და მოსახლეობის 12-50%-ს აწუხებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჰიპერტენზია ბავშვებშიც იჩენს ხოლმე თავს, რაც დიდი ხანია იქცა პედიატრთა განსაკუთრებული ყურადღების საგნად.
რა და რა სახის არტერიული ჰიპერტენზია არსებობს?
– არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი ასიდან 90-95 შემთხვევაში უცნობია. ასეთ ფორმას ესენციურ ჰიპერტენზიად ან პირველად ჰიპერტენზიად იხსენიებენ. წინათ მას ჰიპერტონიულ დაავადებასაც უწოდებდნენ.
არსებობს მეორადი ანუ სიმპტომური ჰიპერტენზიაც, როდესაც არტერიული წნევის მომატება რომელიმე ორგანოს ან სისტემის პათოლოგიით არის განპირობებული. მეორადი ჰიპერტენზიის ადეკვატური, პათოგნომური მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია მიზეზის ცოდნა, მით უმეტეს, რომ პრობლემის მოგვარება ზოგჯერ მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შეიძლება.
სახელდობრ რომელი პათოლოგია, რომელი ორგანოს დაზიანება იწვევს მეორეულ ჰიპერტენზიას?
– ყველაზე ხშირია რენული ანუ ნეფროგენული ჰიპერტენზია, რომელიც თირკმლის დაავადების, მაგალითად, დიფუზური გლომერულონეფრიტის, პიელონეფრიტის, თირკმლის ტუბერკულოზის, ასევე – ორსულთა და დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმელთა სისხლძარღვოვანი დაზიანების დროს იჩენს თავს. გარდა ამისა, მეორადი ჰიპერტენზიის მიზეზად შეიძლება იქცეს:
- უროლოგიური დაავადებები – თირკმლის პოლიკისტოზი, აპლაზია, დისტოპია, ჰიდრონეფროზი, კენჭოვანი დაავადება, ამილოიდოზი;
- ენდოკრინული პათოლოგიები – თირეოტოქსიკოზი, კლიმაქსური სინდრომი, იცენკო-კუშინგის დაავადება და ა.შ.;
- ნერვული სისტემის ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის ენცეფალიტი, პოლიომიელიტი, პოლინევრიტი და სხვა.
დასასრულ, სიმპტომური ჰიპერტენზია შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, მაგალითად, ჰორმონულმა კონტრაცეპტივმა.
უთუოდ უნდა ვახსენოთ ე.წ. ჰემოდინამიკური (სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული) არტერიული ჰიპერტენზიაც, რომელიც გულის სარქვლების დეფექტით, მაგალითად, აორტის სარქვლის ნაკლოვანებით, არის გამოწვეული.
პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი მხოლოდ მაშინ უნდა დაისვას, როდესაც სიმპტომური ჰიპერტენზიის ყველა შესაძლო მიზეზი გამოირიცხება.
არტერიული წნევის როგორი მაჩვენებლები მიიჩნევა ნორმად?
– არტერიული წნევის ნორმა ყველასთვის ერთი და იგივე არ გახლავთ. ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ასაკზე, სქესზე, გენეტიკურ თავისებურებებზე. ამასთანავე, მისი მაჩვენებელი ახალშობილობის პერიოდიდან თანდათანობით იმატებს. 30-40 წლისთვის ქალებს არტერიული წნევა მამაკაცებთან შედარებით დაბალი აქვთ, ხოლო 40 წლის შემდეგ – პირიქით, მაღალი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის თანახმად, სისტოლური წნევისთვის ნორმის ზედა ზღვარი 140 მმ ს.სვ-ია, ხოლო დიასტოლურისთვის – 90 მმ ს.სვ. მოსაზღვრე ჰიპერტენზიად კი შემდეგი მაჩვენებლები ითვლება: 140-159/90-94 მმ ს.სვ.
რა იწვევს წნევის დაქვეითებას ანუ არტერიული ჰიპოტენზიის ჩამოყალიბებას?
– არტერიული ჰიპოტენზია მდგომარეობაა, როდესაც 30 წელზე უმცროს ადამიანს არტერიული წნევის მაჩვენებელი 100/60 მმ ს.სვ-ზე ნაკლები აქვს, ანდა 30 წელს გადაცილებულის წნევა არ აღემატება 105/65 მმ ს.სვ-ს. არტერიული წნევის დაქვეითება ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც. ფიზიოლოგიური ჰიპოტენზია პათოლოგიურისგან იმით განსხვავდება, რომ პირველ შემთხვევაში ორგანოებსა და სისტემებში ცვლილებები არ არის გამოხატული.
პათოლოგიური ჰიპოტენზია ორგვარია: მწვავე და ქრონიკული. მის მიზეზთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია: გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი), სხვადასხვა სახის სისხლდენა, ინტოქსიკაცია, ტრანსპორტით მგზავრობის აუტანლობა, ნერვული სისტემის ზოგიერთი დაზიანება და სხვა.
როდის ვითარდება ჰიპერტონიული კრიზი?
– ჰიპერტონიული კრიზი არტერიული წნევის უეცარი და მკვეთრი მომატებაა, რომელიც ვეგეტატიური, კარდიული (გულისმიერი) და/ან ცერებრული (თავის ტვინისმიერი) მოვლენებით გახლავთ გამოხატული. არტერიული წნევის მაჩვენებელი, რომელზეც კრიზი ვითარდება, ინდივიდუალური გახლავთ.
როგორ მოვიქცეთ, თუკი ჩვენი ოჯახის წევრს ან, უბრალოდ, გვერდით მყოფს კრიზი განუვითარდა?
– ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, სჭირდება თუ არა მას ექიმის გადაუდებელი დახმარება. თუკი ადამიანს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ფილტვების შეშუპება, ინსულტი, ენცეფალოპათია, ეკლამფსია განუვითარდა, მდგომარეობა მეტად სახიფათოა. ასეთ შემთხვევაში არტერიული წნევა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავწიოთ ჩვეულ სამუშაო ან მასზე ოდნავ მაღალ მაჩვენებლამდე. ამისთვის პაციენტს ინტრავენურად უნდა გავუკეთოთ სწრაფად მოქმედი და ადვილად მართვადი ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) საშუალება.
კრიზის ისეთი ფორმების დროს, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რეკომენდებულია, წნევა სამუშაო დონემდე თანდათანობით დავწიოთ. ამ დროს უმთავრესად პერორალური (დასალევი) ჰიპოტენზიური, შარდმდენი, სედაციური საშუალებები გამოიყენება.
გახსოვდეთ: თუ კრიზი პირველად განვითარდა ან მეტისმეტად მძიმედ მიმდინარეობს, ავადმყოფი აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ სტაციონარში, კრიზის მოხსნის შემდეგ კი უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ დანიშნული გეგმური მკურნალობა.
რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიამ?
– არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ზიანდება სამიზნე ორგანოები: გული, თავის ტვინი, თირკმელები, თვალი. შედეგად ვითარდება ჰიპერტონიული კრიზი, ტრანზიტორული (გარდამავალი) იშემია, ინსულტი, ჰიპერტონიული ენცეფალოპათია, გულის იშემიური დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, უეცარი სიკვდილი), გულის ქრონიკული უკმარისობა, ნეფროპათია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რეტინოპათია და სხვა.
რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს არტერიული ჰიპერტენზიის გამოსავლენად?
– უწინარეს ყოვლისა, რეგულარულად იზომეთ არტერიული წნევა და აღნუსხეთ მისი მომატება. შემდეგ მიმართეთ ექიმს, რომელიც აუცილებელი გამოკვლევის სქემას შეადგენს. დამატებითი კვლევის მიზანი კი ის გახლავთ, რომ ექიმმა ერთმანეთისგან განასხვაოს სიმპტომური და ესენციური ჰიპერტენზია, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
რა პრინციპით ტარდება მკურნალობა და იკურნება თუ არა ჰიპერტენზია?
– არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზანია, თავიდან ავიცილოთ გართულებები, გავაუმჯობესოთ სიცოცხლის ხარისხი, შევამციროთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია და ამავე დროს – საკმაოდ ხანგრძლივი. თერაპიის მთავარი პრინციპია, მოსალოდნელი შედეგი აღემატებოდეს თანამდევი მოვლენების სიმძიმეს. სწორედ ასეთ პრეპარატებად მიმაჩნია...
არსებობს მკურნალობის ქირურგიული მეთოდიც, რომელსაც ზოგიერთი პათოლოგიის, მაგალითად, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის, ფეოქრომოციტომის, კუშინგის დაავადების დროს მივმართავთ.
საზოგადოდ, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დროს უთუოდ უნდა მივიღოთ მხედველობაში სისხლის წნევის დონე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სხვა რისკფაქტორები, სამიზნე ორგანოების დაზიანების ხარისხი. მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზიის დროს ხშირად კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის მოწესრიგებას ვჯერდებით. პაციენტს ვურჩევთ, შეამციროს საკვების კალორიულობა, შეზღუდოს მარილის მოხმარება, რაც შეიძლება ცოტა მიირთვას ნაჯერი ცხიმებითა და ქოლესტერინით გაჯერებული საკვები, უარი თქვას ალკოჰოლსა და თამბაქოზე, და რაც მთავარია, ხშირად ივარჯიშოს. ამ პრინციპების გათვალისწინება აუცილებელია მედიკამენტური თერაპიის დროსაც.
არის ხალხი, ვინც მაღალი ან დაბალი წნევის პირობებშიც შესანიშნავად გრძნობს თავს. ისინი თავს დაბალწნევიანებს ან მაღალწნევიანებს, დაბალი ან მაღალი წნევის მატარებლებს უწოდებენ. საჭიროა თუ არა მათთვის მკურნალობა?
– მკურნალობა მათთვის აუცილებელია. შეიძლება, ადამიანი თავად ვერ გრძნობდეს წნევის ცვლილებას, მაგრამ სამიზნე ორგანოები ყოველთვის “გრძნობენ” ამას, რისი შედეგიც მათი დაზიანება გახლავთ. სამიზნე ორგანოთა დაზიანებამდე არტერიული ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სულ სხვა მიზნით ჩატარებული სამედიცინო შემოწმებისას შემთხვევით ვლინდება.
ცნობილია, რომ ჰიპერტენზია ორსულებსაც ემართებათ. რა იწვევს და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას?
– მაღალი არტერიული წნევა ქალს ზოგჯერ ფეხმძიმობამდეც აწუხებს. ასეთ შემთხვევაში ჰიპერტენზია ორსულობის I ნახევარში იჩენს თავს. მისგან განასხვავებენ უშუალოდ ორსულთა ჰიპერტენზიას, რომელიც ქალს სწორედ ფეხმძიმობისას უვითარდება. იგი ორსულობის II ნახევარში აღმოცენდება და წნევის მაჩვენებლების 30/15 მმ-ით მატება ახასიათებს.
ორსულთა ჰიპერტენზიას უმეტესად ახალგაზრდა ქალებში, პირველი ფეხმძიმობისას, დიდი ნაყოფის ანდა სისხლძარღვთა დაავადებების ფონზე ვხვდებით. მის მიზეზად შეიძლება იქცეს ისეთი პათოლოგიაც, როგორიც არის თირკმელების დიფუზური დაზიანება და ნეფროპათია.
საჭიროა თუ არა ორსულის მკურნალობა?
– მკურნალობა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე გართულებები, მაგრამ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რაგვარ გავლენას მოახდენს ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე ესა თუ ის მედიკამენტი.
დაბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვისაც წნევა აწუხებს?
– უწინარეს ყოვლისა, ვურჩევ, მიმართონ ექიმს და არამც და არამც არ დაიწყონ თვითმკურნალობა. გარდა ამისა, ადამიანმა, რომელსაც წნევა აწუხებს, სისტემატურად უნდა აკონტროლოს იგი. ამისთვის ან თავად, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრმა წნევის გაზომვა უნდა ისწავლონ.
არასგზით არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა. თუ თერაპია ეფექტური არ აღმოჩნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წამლის მიღებაზე უარი ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში მკურნალი ექიმი მედიკამენტის დოზას შეგიცვლით ან ახალ წამალს დაგინიშნავთ.
ამჟამად არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხშირად მთელი სიცოცხლეც კი გრძელდება, თუმცა მედიცინა ისეთი ტემპით ვითარდება, გამორიცხული არ არის, მალე ეს პრობლემაც მოგვარდეს.
ინა ვაჩიბერიძე