ტემპერამენტი – რაობა და ტიპოლოგია

გააზიარე:

თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. ამა თუ იმ საკითხისადმი ადამიანის დამოკიდებულება, ღირებულებები, თვისებები ყალიბდება როგორც ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ანატომიურად და გენეტიკურად განპირობებული ფაქტორების, ისე განუმეორებელი სოციალური კონტაქტების გავლენით. ადამიანები ქცევის თავისებურებითაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ზოგი ჩვენგანი მეტისმეტად ემოციური, იმპულსური, ფეთქებადი, ენერგიული და მოუსვენარია, ზოგი – მშვიდი, დინჯი, გაწონასწორებული, ზოგს ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა, ზოგი კი განდეგილივით ცხოვრებას ამჯობინებს... მიუხედავად ხასიათთა ასეთი მრავალფეროვნებისა, არსებობს ერთგვარი ბიოლოგიური ფუნდამენტი, რომელზეც შენდება პიროვნება და ამ ფუნდამენტს ტემპერამენტს უწოდებენ. ქვემოთ სწორედ ტემპერამენტის რაობას და ტიპებს მიმოვიხილავთ.

 

რას ნიშნავს ტემპერამენტი?

“ტემპერამენტი” ლათინური სიტყვაა და თანაზომიერ ნარევს ნიშნავს. სპეციალურ ლიტერატურაში ეს ცნება განიმარტება როგორც ფსიქიკური წყობის იმ თავისებურებათა ნაკრები, რომლებიც გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობის პროცესში იჩენს თავს. ტემპერამენტი მიიჩნევა ადამიანის ემოციათა საფუძვლად და აერთიანებს იმ თვისებებს, რომლებიც პიროვნების ემოციურობის ხასიათს განსაზღვრავს. მიიჩნევენ, რომ ადამიანს ტემპერამენტი დაბადებიდანვე დაჰყვება. ეს თანდაყოლილი მოცემულობაა და ზრდისა და განვითარების პროცესში თვისებრივ ცვლილებას იშვიათად განიცდის. ბავშვს ან ერთ-ერთი მშობლის ტემპერამენტი დაჰყვება, ან ორივესი თანაბრად, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ერთ ოჯახში სხვადასხვა ტემპერამენტის ბავშვები იბადებიან.

 

ისტორიული ექსკურსი

თეორია ტემპერამენტის ოთხი ტიპის შესახებ ძველი ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს სახელს უკავშირდება. პირველად სწორედ მან აღწერა და დააჯგუფა ხასიათის ერთმანეთისგან განსხვავებული მაჩვენებლები. ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ფიზიკური და სულიერი სნეულებების მიმდინარეობას “ადამიანის სხეულის შემადგენელი ოთხი ელემენტის” თანაფარდობა განსაზღვრავდა და ტემპერამენტის ტიპიც ადამიანის ორგანიზმში არსებული ოთხი სითხიდან ერთ-ერთის სიჭარბეზე გახლდათ დამოკიდებული. ჰიპოკრატეს თანახმად, ეს სითხეები იყო:

* “ცხელი” სისხლი, ბერძნულად –“სანგნის”;

* “ცივი” ლორწო, ბერძნულად  – “ფლეგმა”;

* “წითელი” ნაღველი, ბერძნულად – “ქოლე”;

* “შავი” ნაღველი, ბერძნულად – “მელან ქოლე”.

ამ ტიპოლოგიის შესაბამისად, ჰიპოკრატემ ადამიანის ოთხი ტიპი გამოყო: სანგვინიკი, ფლეგმატიკი, ქოლერიკი და მელანქოლიკი. სანამ თითოეულის დეტალურ აღწერას შევუდგებოდეთ, შევნიშნავთ, რომ, თანამედროვე კვლევების თანახმად, “წმინდა ტემპერამენტი” არ არსებობს ანუ ადამიანს რომელიმე ერთ, მკაცრად განსაზღვრულ ტიპს ვერ მივაკუთვნებთ. ტემპერამენტი უმეტესად შერეული ან გარდამავალია. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ადამიანი ხელოვნური ქმნილება კი არა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ზრდასა და განვითარებასთან ერთად უამრავ ცვლილებას განიცდის.

მართალია, ჰიპოკრატეს კლასიფიკაციას სამეცნიერო დასაბუთება აკლდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ვარაუდი მეცნიერულადაც დადასტურდა: კვლევებმა აჩვენა, რომ ტემპერამენტს, განწყობას, ხასიათის ცვლილებებს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეცია.

 

ჰიპოკრატედან პავლოვამდე

საინტერესოა, რომ, ჰიპოკრატეს მსგავსად, ადამიანის ოთხი ტიპი აღწერა რუსმა ფიზიოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ივან პავლოვმაც. ის მეცნიერულად მიუდგა საკითხს და ტემპერამენტის ფიზოლოგიური საფუძვლის – ნერვული სისტემის მდგომარეობის კვლევა დაიწყო. მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ტემპერამენტის ტიპი თავის ტვინის ქერქში ნერვული აგზნებისა და შეკავების პროცესებზეა დამოკიდებული. თავის ნაშრომებში პავლოვი დეტალურად აღწერს ნერვული პროცესების ძალას, აგზნებისა და შეკავების პროცესების შესაბამისობას, ნერვული პროცესების მოქნილობას.

ნერვული პროცესების ძალა და, აქედან გამომდინარე, ხასიათის სიმტკიცე ნერვული უჯრედების გამძლეობასა და შრომისუნარიანობას გულისხმობს.

სხვადასხვაგვარი ფიზიოლოგიური მოცემულობა განსაზღვრავს ძლიერი გამღიზიანებლით გამოწვეული შესაბამისი რეაქციის ხასიათსაც. მაგალითად, ძლიერი გამღიზიანებელი ძლიერი ნერვული სისტემის შემთხვევაში აგზნებისა და შეკავების ძლიერ რეაქციას იწვევს, ხოლო სუსტის შემთხვევაში – სუსტს. უბრალო ენით ეს ასე შეიძლება გამოითქვას: “ძლიერი პიროვნებაა”, “სუსტი ნებისყოფა აქვს”, “უნიათოა”, – და ა.შ.

ნერვული სისტემის ტიპების პავლოვისეული კლასიფიკაცია ასეთია:

1. ცოცხალი ტიპი – ძლიერი, გაწონასწორებული და მოძრავი. აქ “აგზნებისა და შეკავების პროცესები სწრაფად ცვლის ერთმანეთს”.

2. მშვიდი, ნელი ტიპი – ძლიერი, გაწონასწორებული და ინერტული. “მას ახასიათებს ძლიერი ნერვული სისტემა, აგზნება და შეკავება გაწონასწორებულია. აგზნება და შეკავება ნელა, ძნელად ენაცვლება ერთმანეთს”.

3. აგზნებადი, შეუკავებელი ტიპი – ძლიერი, მაგრამ გაუწონასწორებელი. “ამ შემთხვევაში აგზნება პრევალირებს (მძლავრობს) შეკავებაზე. იმპულსურია, სწრაფად აგზნებადი, ფეთქებადი”.

4. სუსტი ტიპი – ახასიათებს აგზნებისა და შეკავების სუსტი მიმდინარეობა. “იოლად იღლება, ვერ უძლებს ძლიერ გამღიზიანებლებს, რეაქცია ამა თუ იმ გამღიზიანებელზე სუსტადაა გამოხატული ან საერთოდ არ მჟღავნდება”.

 

ტემპერამენტის ამოცნობა ადრეულ ასაკში

თითოეულ ტემპერამენტს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტემპერამენტი თავისთავად არ შეიძლება იყოს არც კარგი, არც ცუდი. ადამიანი მას ამჟღავნებს ქცევით, მოძრაობით, მოქმედებით და აღზრდიდან, კულტურიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირად გამოხატავს ემოციებს.

მიიჩნევა, რომ ადამიანის ტემპერამენტის ამოცნობა ადრეულ ასაკშივეა შესაძლებელი. მაგალითად, ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ბავშვები აქტიურები და ენერგიულები არიან, ხშრად იჩენენ ინიციატივას და დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ, უყვართ ჯგუფური თამაშები, ხშირად თავადვე არიან ჯგუფის “თვითაღიარებული ლიდერები”. ნელი, მდორე, სტატიკური პროცესები მათთვის შესაძლოა მოსაწყენი იყოს. დავალებას სხარტად ასრულებენ, მაგრამ სიჩქარეში შესაძლოა გამორჩეთ ასოები, გაეპაროთ მექანიკური შეცდომები, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ამ ტიპის ბავშვებს საკუთარი შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების ჩვევა განვუვითაროთ. ყოველდღიურმა ზედამხედველობამ, ჭკუის დარიგებამ, დიდაქტიკურმა და მენტორულმა ტონმა და დამოკიდებულებამ ამ ტიპის ბავშვებში შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს და შედეგად მივიღოთ დაუმორჩილებლობა, წესების განზრახ დარღვევა, ნებისმიერი ხერხით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამ ტიპის ბავშვებთან “ოქროს შუალედის” პოვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – დაუშვებელია როგორც ზღვარგადასული კონტროლი, ისე სრული უკონტროლობა. მშობელი უნდა ერიდოს ურთიერთობის ავტორიტარულ სტილს.

სანგვინიკური ტემპერამენტის მქონე ბავშვი ცოცხალი და ენერგიულია. მუდამ მზად არის, ჩაერთოს ახალ თამაშში ან გაეცნოს ახალ სიტუაციას, თუმცა, ქოლერიკისგან განსხვავებით, ხშირად მალევე უქრება ენთუზიაზმი და სხვა საქმეზე გადაერთვება ხოლმე. აღნიშნავენ იმასაც, რომ სანგვინიკები “ბუტიები” არიან, ადვილად სწყინთ, მაგრამ წყენაც ადვილად გადაუვლით. ასეთ ბავშვებთან ურთიერთობისას მნიშნელოვანია მათთვის საქმის ბოლომდე მიყვანის უნარის განვითარება. არამც და არამც არ უნდა შეიზღუდოს მათი აქტიურობა, საქმიანობა კი მრავალფეროვანი უნდა იყოს.

მელანქოლიკის ხასიათის მთავარი შტრიხები მორცხვობა, შიში და ორჭოფობაა. ბავშვობაში ეს გამოიხატება ტირილით, შიშით, ერთ ადამიანზე მიჯაჭვულობით. მელანქოლიურ ბავშვს მშვიდი, ალერსიანი, ყურადღებიანი მოპყრობა სჭირდება. ამ შემთხვევაში ის გამოაჟღავნებს ხასიათის საუკეთესო თვისებებს: გულისხმიერებას, თანაგრძნობას, მგრძნობიარობას. ისიც აღსანიშნავია, რომ მელანქოლიკები ადვილად ღიზიანდებიან და დიდხანს მიჰყვებათ წყენა.

ფლეგმატური ბავშვების ემოციათა ამოცნობა ძნელია. მათი ცხოვრებისეული პრინციპია “ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მერე”. მათთვის დამახასიათებელია მშვიდი და გაწონასწორებული ქცევა. ფლეგმატურ ბავშვებს სტაბილური გარემო უყვართ და ცვლილებებს ძნელად ეგუებიან. მათი სიჯიუტე საარაკოა – აზრს ფაქტობრივად ვერ შეაცვლევინებთ. კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ ჰყავთ რამდენიმე კარგი მეგობარი. მათ არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. მშობლებმა აღზრდისას უნდა გაითვალისწინონ ფლეგმატური ადამიანების ცხოვრებისეული ტემპი – მათ, წესისამებრ, მეტი დრო სჭირდებათ ამა თუ იმ დავალებისთვის თავის გასართმევად, თუმცა მნიშვნელოვანია იმის კონტროლიც, რომ ბავშვმა ყველა საქმე სამერმისოდ არ გადადოს.

 

ზოგადი აღწერა

ქოლერიკი

დადებითი თვისებები: არის აქტიური, ენერგიული, ცოცხალი. სწრაფად ადაპტირდება ახალ გარემოსთან, ახასიათებს გამბედაობა, მიზანსწრაფულობა, უცნობებთან ადვილად შედის კონტაქტში.

უარყოფითი თვისებები: არასტაბილურია, ხშირად ამჟღავნებს თავშეუკავებლობას, ახასიათებს აგრესიულობა, კონფლიქტისკენ მიდრეკილება, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლა, მაღალი თვითშეფასება, ავტორიტარიზმი.

 

სანგვინიკი

დადებითი თვისებები: მისი პიროვნების მთავარი შტრიხია აქტიურობა. კეთილგანწყობილია, ადვილად, ინტერესით ადაპტირდება ახალ გარემოსთან, კომუნიკაბელურია, ხალისიანი და ოპტიმისტურად განწყობილი.

უარყოფითი თვისებები: კონცენტრირების სირთულე, არასტაბილურობა და არასანდოობა, დაბნეულობა, სიტყვის გატეხა, დაუფიქრებელი ქცევა, მიზანსწრაფულობის დეფიციტი.

 

ფლეგმატიკი

დადებითი თვისებები: მშვიდია, მომთმენი, სტრესის დროს ინარჩუნებს განსჯის უნარს, აქვს მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებლობის გრძნობა, მიზანსწრაფული და სტაბილურია.

უარყოფითი თვისებები: პასიურობა, ინერტულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარის დეფიციტი, სიჯიუტე და კონსერვატორობა.

 

მელანქოლიკი

დადებითი თვისებები: აქვს გულისხმიერი და რბილი ხასიათი, ნატიფი და დახვეწილია, კეთილგანწყობილია გარშემო მყოფების მიმართ.

უარყოფითი თვისებები: უკიდურესი მგრძნობიარობა, მორცხვობა, დაბალი თვითშეფასება, ჩაკეტილობა, კონტაქტის დამყარების უუნარობა ან სურვილის უქონლობა. ინერტული და მეტისმეტად პასიურია.

 

 

ნინო ლომიძე 

 

 

გააზიარე: