როცა გულის რიტმი ირღვევა
გააზიარე:
მოზრდილი ადამიანის გული წუთში 60-100-ჯერ იკუმშება, სისხლს სისხლძარღვებში გადაისვრის და ამგვარად მთელ ორგანიზმს ამარაგებს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით.
გულის გამართული მუშაობისთვის რიტმული კუმშვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არიტმოლოგია – გულის რიტმის დარღვევის შემსწავლელი ნაწილი – მედიცინაში ცალკე დარგად არის გამოყოფილი.
არითმიის შესახებ კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი კარდიოლოგი თამარ ავალიანი გვესაუბრება:
– გულის ფუნქცია ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფაა. ის აწვდის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ყველა ორგანოსა და ქსოვილს და გამოაქვს მათგან ნახშირორჟანგი და ნარჩენი პროდუქტები. ამას გული შეკუმშვისა და მოდუნების ფაზების მონაცვლეობით აკეთებს. გულში წარმოიქმნება იმპულსები, რომლებიც გაივლის მის გამტარ სისტემას (სინუსის კვანძს, ატრიოვენტრიკულურ კვანძს, ჰისის კონას, პურკინეას ბოჭკოებს), მთელ გულის კუნთზე ვრცელდება და საბოლოოდ ამ უკანასკნელის შეკუმშვას იწვევს. თუმცა გული ყოველთვის იდეალურად ვერ მუშაობს. არსებობს ფაქტორები, რომლებიც არღვევს მისი კუმშვის რიტმს. სწორედ ამ დარღვევას ვუწოდებთ არითმიას. უფრო თუ დავაზუსტებთ, ეს ტერმინი გულში ელექტრული იმპულსის წარმოქმნისა და მისი გატარების დარღვევას გულისხმობს.
არითმიის სახეები
– იმპულსი შესაძლოა წარმოიქმნას ან ძალიან სწრაფად, ან ძალიან ნელა, ან არარეგულარულად, რაც, შესაბამისად, გულის აჩქარებულ, შენელებულ ან არარეგულარულ კუმშვას იწვევს. ამის მიხედვით არითმიებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ტაქიარითმიებად, რაც გახშირებულ გულისცემას გულისხმობს, და ბრადიარითმიებად, რაც შენელებულ გულისცემას ნიშნავს. პირველ შემთხვევაში გულის რიტმი ნორმაზე მაღალია, მეორე შემთხევვაში – ნორმაზე დაბალი (ნორმად მიიჩნევა წუთში 60-დან 100-მდე შეკუმშვა). იმპულსის წარმოქმნის ადგილის მიხედვით კი განასხვავებენ პარკუჭზედა ანუ სუპრავენტრიკულურ და პარკუჭოვან ანუ ვენტრიკულურ არითმიებს.
არითმია შესაძლოა მიმდინარეობდეს სწორი, რეგულარული რიტმის ფონზეც, მაგალითად, მაშინ, როცა ავტომატიზმის კერა არა სინუსის კვანძში, არამედ სხვაგან მდებარეობს ან იმპულსის გატარების მექანიზმია მოშლილი. ამ ტიპის არითმიას ადამიანი ზოგჯერ ვერც კი გრძნობს. მას, წესისამებრ, შემთხვევით, გეგმური გასინჯვის დროს აღმოაჩენენ.
არითმიის ზოგიერი სახესხვაობა ჯანმრთელ ადამიანებთანაც გვხვდება და შეიძლება, ფიზიოლოგიურად ჩაითვალოს, მაგალითად, ბრადიარითმია, ნელი პულსი, ახასიათებთ სპორტსმენებს, ახალგაზრდებში ხშირია სინუსური არითმია – გულის რიტმის ცვლილება სუნთქვის სტადიასთან ერთად, მაგრამ არსებობს გულის რიტმის დარღვევის რამდენიმე ტიპი, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია და ექიმის აქტიურ ჩარევას მოითხოვს.
მიზეზები
– არითმიას არაერთი დაავადება თუ ავადმყოფობისგან დამოუკიდებელი ფაქტორი იწვევს. უშუალოდ კარდიალურ ანუ გულთან დაკავშირებულ მიზეზებს მიეკუთვნება:
გულის იშემიური დაავადება;
მიოკარდიუმის ინფარქტი;
მიოკარდიტი;
გულის მანკი;
კარდიომიოპათია;
არტერიული ჰიპერტენზია.
ექსტრაკარდიალური – არაგულისმიერი -მიზეზებიდან აღსანიშნავია:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – როგორც ჰიპერთირეოზი, ისე ჰიპოთირეოზიც;
ანემია;
ელექტროლიტური დარღვევები;
ინტოქსიკაცია;
ზოგიერთი მედიკამენტის გვერდით ეფექტი;
ალკოჰოლის/კოფეინის ჭარბი მიღება;
თამბაქოს წევა.
რას ვუჩივით
– არითმიის დროს ჩივილები ინდივიდუალურია. უმეტესობა უჩივის გაძლიერებულ გულისცემას, არარეგულარულ რიტმს, „გულის გაჩერების“ შეგრძნებას, თავბრუხვევას, უეცარ საერთო სისუსტეს; ზოგიერთს აწუხებს ტკივილი გულის არეში, ქოშინი; ზოგჯერ მოსალოდნელია გონების დაკარგვა, გულყრა.
ჩივილები არითმიის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთ გავრცელებულ ექსტრასისტოლურ არითმიას თან ახლავს გულის გაჩერების, „ჩავარდნის“ შეგრძნება, თუმცა შესაძლოა, ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს – გააჩნია არითმიის სიხშირესა და ლოკალიზაციას (წინაგულოვანია თუ პარკუჭოვანი). ერთეული, იშვიათი ექსტრასისტოლა პათოლოგიად არ მიიჩნევა, რადგან მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ემოციური სტრესი, კოფეინის ან ალკოჰოლის მიღება, მოწევა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა.
უეცარი თავბრუხვევა, ოფლიანობა, გონების კარგვა, კრუნჩხვა პაროქსიზმულ არითმიებს, გამტარობის მოშლას (ბლოკადას) ახასიათებს.
მოციმციმე არითმიამ, რომელსაც წინაგულების არარეგულარული, ქაოსური შეკუმშვა უდევს საფუძვლად, შესაძლოა თავი იჩინოს ქოშინით, საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, გულის არეში დისკომფორტით, გულის ფრიალით.
ამრიგად, არითმიასთან დაკავშირებული ჩივილები მრავალფეროვანია. მათზე დაყრდნობით იგეგმება კვლევა, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში გვეხმარება.
დიაგნოსტიკა
– გამოკითხვის შემდეგ პაციენტის კვლევას პულსის გასინჯვით და გულის მოსმენით ვიწყებთ. გასინჯვა გვაფიქრებინებს, რა ტიპის არითმიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) უმეტესად ადასტურებს არითმიის დიაგნოზს, მაგრამ ისიც შესაძლოა, კარდიოგრამაზე არავითარი ცვლილება არ გამოჩნდეს, პაციენტი კი ამა თუ იმ ჩივილს აღწერდეს. ეს გვაფიქრებინებს, რომ ნორმალური კარდიოგრამის მიღმა რაღაც პათოლოგია იმალება. მაგალითად, რიტმის დარღვევის პაროქსიზმული ფორმა, რომლის აღმოსაჩენად ელექტროკარდიოგრაფია, გულის მუშაობის შეფასების ხანმოკლე ჩანაწერი, საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში დაისმის 24-საათიანი ეკგ-მონიტორინგის ანუ ჰოლტერის მონიტორინგის ჩატარების საკითხი. ეს მეთოდი გულისხმობს გულის მუშაობის უწყვეტ ჩაწერას 24 ან, საჭიროებისას, 48 საათის განმავლობაში მოსვენებისა თუ ფიზიკური დატვირთვის დროს და როგორც არითმიის, ისე გულის იშემიური ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ჩამწერ მოწყობილობას აქვს ღილაკი, რომლის საშუალებითაც პაციენტი აფიქსირებს ჩივილების აღმოცენების მომენტს.
მასალის პროგრამული დამუშავების შემდეგ ექიმი ამოწმებს, ემთხვეოდა თუ არა ჩივილები კარდიოგრამაზე დაფიქსირებულ ცვლილებებს. ხანდახან, განსაკუთრებით – ემოციურად ლაბილურ პირებთან, რომელთაც შესაძლოა განსხვავებული თვითშეგრძნება ჰქონდეთ, ჩივილების აღმოცენების მომენტში ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებები არ ფიქსირდება. ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკაც, რა თქმა უნდა, სხვაგვარია.
არსებობს იმპლანტები, რომლებიც უფრო მეტი ხნის – დღეების, კვირების და წლების განმავლობაშიც კი აღნუსხავს გულის მუშაობას.
არითმიის დეტექციისთვის იყენებენ დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტს, რომელიც ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებულ არითმიას და იშემიურ ცვლილებებს აღმოაჩენს. ეს შეიძლება იყოს სარბენ ბილიკზე – ტრედმილზე დატვირთვის ტესტი ან ველოერგომეტრია.
არითმიის დიფერენცირებისთვის მიმართავენ ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას. ის გამოსადეგია როგორც ტაქიარითმიის, ისე ბრადიარითმისა და გამტარობის მოშლის დროს, ექტოპიური რიტმის დარღვევის, ანომალიური გამტარი გზების დიაგნოსტიკისთვის. მისი მეშვეობით პოულობენ გულის იმ უბანს, სადაც მდებარეობს არითმიის წყარო. გამოკვლევის საფუძველზე იგეგმება შემდგომი ჩარევა.
პაციენტის ზოგადი მონაცემებიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა სხვა კვლევებიც დანიშნოს.
მკურნალობა
– არსებობს არითმიების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის – მედიკამენტური და ქირურგიული. მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებელია არითმიის ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინება. ასეთი ფაქტორებია, როგორც მოგახსენეთ, ალკოჰოლის, თამბაქოს, კოფეინის აქტიური მოხმარება, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (მაგალითად, ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური, ასთმისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის – ცეტირიზინის, ლორატადინის, ეფედრინისა და სალმეტეროლის) მიღება.
წამალს არჩევენ არითმიის ტიპის, მისი განვითარების მექანიზმის, ძირითადი თუ თანმხლები დაავადების გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, ჩვენში პაციენტებს სჩვევიათ ერთმანეთის გამოცდილებით ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით – ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული პრეპარატების მოხმარებისას. ასე არ შეიძლება. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და მედიკამენტების დაუდევარმა გამოყენებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს, ამიტომ მკურნალობის ნებისმიერი მხარე ექიმ სპეციალისტს უნდა შევუთანხმოთ.
არითმიას, მაგალითად, რე-ენტრყ მექანიზმით მიმდინარე ტაქიკარდიას, ხშირად – წინაგულების ციმციმსა და თრთოლასაც, რადიოსიხშირული კათეტერული აბლაციით მკურნალობენ – ამ გზით ხდება არითმიის გამომწვევი უბნის დესტრუქცია, „მოწვა“.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია ელექტრული კარდიოვერსია – რიტმის აღდგენა განსაზღვრული სიხშირის ელექტრული დენის ზემოქმედებით. მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ახალაღმოცენებული მოციმციმე არითმიის, წინაგულების თრთოლის დროს.
არითმიის სამკურნალოდ ელექტროკარდიოსტიმულატორის იმპლანტაციასაც მიმართავენ. ეს არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრული სიხშირის ელექტრულ იმპულსებს გამოიმუშავებს და ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციობას. ამ მეთოდს იყენებენ ბლოკადის, სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომის, ბრადიარითმიისა და ტაქიარითმიის შემთხვევაში. არსებობს როგორც დროებითი, ისე მუდმივი კარდიოსტიმულატორი, რომელიც პაციენტის მონაცემების მიხედვით ირჩევა.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი გამოიყენება არითმიის ისეთი სიცოცხლისთვის საშიში ფორმების მკურნალობისას, როგორებიცაა პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭთა ფიბრილაცია. ეს მოწყობილობა არითმიის დაწყებისთანავე ახდენს ელექტრულ განმუხტვას და ამ გზით არითმიის ლიკვიდაციას. ეს უეცარი სიკვდილის პრევენციის ეფექტური საშუალებაა.
პრევენცია
– ისევე როგორც არაერთი სხვა დაავადების პრევენციაში, არითმიის თავიდან აცილებაშიც დიდი როლის შესრულება შეუძლია ცხოვრების ჯანსაღ წესს, ფიზიკურ აქტიურობას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას. აუცილებელია არტერიული წნევის მოწესრიგება, ჭარბი წონის კორეგირება, გლიკემიის კონტროლი დიაბეტის დროს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის, ქოლესტერინისა და სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზება.
მარი აშუღაშვილი