სკოლიოზი
გააზიარე:
წელში გამართული და ამაყი
ვის არ სურს, მისი შვილი ყველაზე ჯანმრთელი, ჭკვიანი და ლამაზი გაიზარდოს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ დედიკოსა და მამიკოს მზრუნველობის მიუხედავად მოზარდს პრობლემები მაინც ექმნება, უმეტესად – ტანადობის გამო. შეწუხებული დედ-მამა ხან მერხს ადანაშაულებს, ხან – მძიმე ზურგჩანთას, ნამდვილი დამნაშავის პოვნა კი მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით თუ მოხერხდება. დღეს ტანადობის კორექციისთვის ორთოპედთან ან სამედიცინო ფიზკულტურის ექიმთან უამრავი ბავშვი მიჰყავთ. მაინც რა იწვევს დაავადებას, რომლის სახელი – სკოლიოზი – დიდმაც და პატარამაც კარგად იცის? უპირატესად რომელ ასაკში იჩენს იგი თავს? იოლია თუ არა მისგან განკურნება? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე მოგვიგებს დიპლომის შემდგომი განათლების კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა რუხაძე.
ქალბატონო მანანა, რამდენად გახშირდა ტანადობის დარღვევა ბავშვთა ასაკში და რა იწვევს მას?
– ტანადობის დარღვევის მქონე ბავშვების რიცხვმა შესამჩნევად იმატა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემა ასიდან დაახლოებით 60-70 ბავშვს აქვს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უთუოდ სკოლიოზია ჩამოყალიბებული. არის შემთხვევები, როცა გამოხატულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, ხერხემლის სისუსტე, არასტაბილური ტანდეგობა და ბავშვს სწორად ჯდომა და დგომა არ შეუძლია. კუნთოვანი სისტემის არასათანადო განვითარების გამო მოზარდი იძულებით მდგომარეობას იღებს – უნებლიეთ იხრება წელში, დროთა განმავლობაში კი მოხრა ჩვევად ექცევა. ყოველივე ამის შედეგად მყესები და იოგები ცუდად ვითარდება: ზოგან მოკლეა, ზოგან, პირიქით, ზომაზე გრძელი.
ამგვარად, ტანადობის დარღვევის დროს წამყვანია ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სისუსტე, რომლის გამოსწორებაც იოლად შეიძლება და აუცილებელიც კია, რათა შემდგომში სკოლიოზი არ ჩამოყალიბდეს.
როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, ტანადობის დარღვევა და სკოლიოზი სხვადასხვა რამ არის, თუმცა ბევრი მშობელი ამ ორ ცნებას აიგივებს. მაინც, რა განსხვავებაა მათ შორის?
– მართლაც, ტანადობის დარღვევა და სკოლიოზური დაავადება ორი სხვადასხვა ცნებაა. ტანადობის დარღვევა დაავადების წინაპირობას წარმოადგენს, თავად სკოლიოზური დაავადება კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი განუვითარებლობაა – ამ დროს გამოხატულია შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ჯეროვნად არ არის განვითარებული.
სკოლიოზური დაავადების დროს, რომელიც დისპლაზიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ვლინდება ტრიადა: ბრტყელი ტერფი, ხერხემლის სხვადასხვა ხარისხის გამრუდება და სისტოლური შუილი მიტრალურ სარქვლზე. შუილი იმიტომ ისმის, რომ დისპლაზიური ცვლილებები გულშიც, კერძოდ, მის შემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურაშიც, აღინიშნება. შეიძლება, შუილი დროთა განმავლობაში გაქრეს, რადგან გულის შემაერთებელი ქსოვილი თანდათანობით ვითარდება.
პროგრესირებს თუ არა სკოლიოზური დაავადება?
– სკოლიოზური დაავადება პროგრესირებს. არსებობს ძლიერ აგრესიული ფორმებიც, რომელთა დროსაც სულ მოკლე ხანში, მაგალითად, ორიოდე თვეში, ხერხემლის გამრუდების პირველი ხარისხი შეიძლება მეორეში გადაიზარდოს.
პათოლოგია განსაკუთრებით აქტიურდება გარდატეხის ასაკისთვის, რომელიც დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება. ამ დროს ორგანიზმი აქტიურად იზრდება, კუნთოვანი სისტემის განვითარება კი ამ ტემპს ყოველთვის ვერ უწყობს ფეხს და ხშირად ჩამორჩება ხოლმე. განვითარების ამგვარი ასინქრონიზმი უპირატესად გამოხატულია იმ ბავშვებში, რომლებიც ფიზიკურად ნაკლებად არიან დატვირთულნი, უმეტესად ტელევიზორთან ან კომპიუტერთან სხედან ან მეტისმეტად ბევრს მეცადინეობენ და იმისთვისაც კი არ სცალიათ, რომ ითამაშონ, ფიზიკურად დაიტვირთონ. შედეგად ყალიბდება სხვადასხვა ხარისხის სკოლიოზი. ამას ისიც ერთვის, რომ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი მონაცემები, რომ 18 წლის ასაკში – ფიზიკური განვითარების პიკის დროს, როდესაც ზრდის პროცესი თითქმის დასრულებულია, მსოფლიოს ახალგაზრდა მოსახლეობის 40%-ს ასაკის შესაბამისი კუნთოვანი სისტემა არ გააჩნია.
რა ბრალი მიუძღვის მერხს ტანადობის დარღვევის ჩამოყალიბებაში?
– არამც და არამც არ შეიძლება, ტანადობის დარღვევაში მხოლოდ მერხს დავდოთ ბრალი, თუმცა მერხსა თუ საწერ მაგიდასთან სწორ პოზაში ჯდომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოდ, პრობლემას რომ გადავურჩეთ, პროფილაქტიკა დაბადებისთანავე უნდა დავიწყოთ.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კიდევ რომელი პათოლოგიებია გავრცელებული ბავშვთა ასაკში?
– მეტისმეტად გაახალგაზრდავდა ოსტეოქონდროზი – ბოლო დროს ის ბავშვებშიც გვხვდება. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ სკოლიოზიან ბავშვებში, გარდა პათოლოგიის ჩამოთვლილი გამოვლინებებისა, ხშირია თანკბილვის დარღვევაც. სკოლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ასეთი რამ გვაჩვენა: თანკბილვის დარღვევა აღმოაჩნდა IV ხარისხის სკოლიოზის მქონე ყველა მოსწავლეს, III ხარისხის სკოლიოზის მქონეთა 70-80%-ს და II ხარისხის სკოლიოზიანთა 70-60%-ს. ამდენად, ხერხემლის გასწორების დროს თანკბილვასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.
როგორ სვამენ სკოლიოზის დიაგნოზს?
– თავდაპირველად მოზარდის სხეულს ექიმი ათვალიერებს. შემდეგ მეტი სარწმუნოობისთვის მივმართავთ რენტგენოლოგიურ კვლევას. სასურველია, ხერხემალი რენტგენოლოგიურად შეფასდეს დგომშიც, როდესაც ორგანიზმი ფუნქციურად დატვირთულია და მწოლიარე მდგომარეობაშიც, როცა ხერხემალი ფუნქციურად განტვირთული გახლავთ. შემდეგ უნდა შევადაროთ გამრუდების კუთხე: წოლში მიღებული მონაცემი რეალურია, ხოლო დგომში – რეალურს ემატება ფუნქციური დატვირთვის შედეგად წარმოქმნილი გამრუდების მაჩვენებელი. ვთქვათ, წოლში გამრუდების კუთხეა 7%, დგომში – 11%. ამგვარად, 4% ის რეზერვია, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის ხერხემლის ირგვლივ ძლიერი კუნთოვანი სისტემა – ე.წ. კუნთოვანი კორსეტი უნდა შევქმნათ.
სათანადო და დროული ჩარევის პირობებში შეიძლება წოლის კუთხეც გამოსწორდეს. გვყავდა პაციენტი, რომელსაც მეოთხე ხარისხის გამრუდება, ძლიერად გამოხატული კუზი ჰქონდა და გამრუდების კუთხე 90%-ს შეადგენდა. ამ ბავშვს ერთწლიანი ვარჯიშის შედეგად გამრუდება 86%-მდე შეუმცირდა. ზოგადად, ასეთ მძიმე შემთხვევებში ოპერაციაა საჭირო, მაგრამ ამგვარი რადიკალური ჩარევითაც ვერაფერს გავხდებით, თუკი ოპერაციის შემდეგ ხერხემალს ძლიერი კუნთოვანი სისტემა არ დავახვედრეთ. სუსტი კუნთები გამოსწორებულ ხერხემალს ვერ დააკავებს და პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.
უხეშად რომ ვთქვათ, თუ წარმოვიდგენთ, რომ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთელი ფუნქცია 100%-ით არის გამოხატული, აქედან კუნთებზე მისი 35% მოდის. ამგვარად, თუ კუნთოვანი სისტემა სუსტია, იოლი მისახვედრია, რომ ტანადობა იოლად დაირღვევა. ამრიგად, თუ შეგვიძლია, III და IV ხარისხის გამრუდების დროს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოვაგვაროთ, მით უფრო ადვილია ტანადობის აღდგენა პირველი ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში.
რა პრინციპით მკურნალობენ სკოლიოზს?
– სასურველია, თითოეული ბავშვისთვის მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა შედგეს. პრობლემის მოგვარება სამეცადინო კუთხისა და საწოლის მოწესრიგებით უნდა დავიწყოთ. მოზარდის საწოლი, რომელშიც ბავშვი დაახლოებით 10 საათს ატარებს, ხმელი უნდა იყოს. არაფრით არ შეიძლება ზამბარებიან ლეიბზე მისი დაწვენა. სასურველია, საწოლზე ფიცარი დავდოთ, ზემოდან კი 10 სმ სიმაღლის ლეიბი დავაგოთ.
ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას, მით უმეტეს, თუკი კიფოზისკენ არის მიდრეკილი. ჩავარდნილ საწოლში ხერხემალი დიდხანს არის არასწორ მდგომარეობაში და მრუდდება.
ბალიში, სასურველია, კარგად იყოს მორგებული სხეულს, კეფისა და ზურგის ნადრეკებს შორის სივრცეს ავსებდეს, მხრებიდან იწყებოდეს და ბავშვს თავი ისე ედოს, რომ არც წამოწეული ჰქონდეს და არც უკან გადავარდნილი.
თუკი მოზარდს ხერხემლის პრობლემები არ აწუხებს, უბალიშოდაც დაწვება, მაგრამ თუკი ტანადობის პრობლემა აქვს, თავი უთუოდ კომფორტულად უნდა ედოს ბალიშზე. უამისოდ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დაერღვევა და შესაძლოა, კოშმარები დაესიზმროს. მერხსა და საწერ მაგიდასთან ბავშვი მაქსიმალურად გამართული უნდა იჯდეს. სასურველია, ხელები მაგიდაზე ან ზურგს უკან ეწყოს. ასე ჯდებოდა ჩვენი თაობა მერხთან.
ტანადობის დარღვევისა და სკოლიოზის დროს წამყვანი მეთოდი სამკურნალო ტანვარჯიში გახლავთ. ამ დროს კუნთები სათანადოდ ვითარდება.
საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა მასაჟი, მაგრამ ის პასიური მეთოდი გახლავთ და მხოლოდ დამხმარე საშუალებად ვიყენებთ.
რამდენ ხანს გასტანს მკურნალობა?
– 10 მასაჟი და 10 ვარჯიში საკმარისი ნამდვილად არ არის. კუნთი რომ განვითარდეს, ბავშვმა სამი თვე მაინც უნდა ივარჯიშოს, მასაჟი კი სასურველია 10-15- ჯერ ჩავუტაროთ.
ბევრი პროფილაქტიკის მიზნით მოზარდს ზურგდამჭერს უკეთებს, სუპინატორიან ფეხსაცმელს აცმევს. თქვენ რა აზრის ბრძანდებით ამის თაობაზე?
– ზურგდამჭერის ტარება სრულიად გაუმართლებელია. მის იმედზე დარჩენილი კუნთები ზარმაცდება და აღარ ვითარდება. კუნთოვანი სისტემა ადეკვატურად რომ ჩამოყალიბდეს, მოზარდმა თავისუფლად უნდა იმოძრაოს. ზურგდამჭერის ტარება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც ბავშვს ზურგის ტკივილი აწუხებს, პროგრესირებადი სკოლიოზი აქვს ან ხერხემალს მეტისმეტად დიდი დატვირთვა ადგება (მაგალითად, როცა ბავშვი დიდხანს უკრავს ფორტეპიანოზე). ასეთ შემთხვევაში ზურგდამჭერი შეიძლება 1-1,5 საათით გავუკეთოთ.
რაც შეეხება ბრტყელტერფიანობას, მის დიაგნოზს სამ წლამდე არ სვამენ. მაგრამ მცირე ასაკის ბავშვებისთვის სუპინატორის შეძენა გამართლებელია. თუკი მოზარდს ტანადობის დარღვევა აღენიშნება, ინდივიდუალურად შერჩეული სუპინატორი უნდა ატაროს. აუცილებელია საჭიროებისას თანკბილვის გამოწორებაც.
შეიძლება თუ არა, ბავშვი, რომელსაც ტანადობის დარღვევა აქვს, სპორტს მისდევდეს ან ცეკვაზე დადიოდეს?
– თუ ბავშვს პირველი ხარისხის სკოლიოზი აქვს და ძალიან უნდა ცეკვა, ექიმისა და მწვრთნელის ერთობლივი დაკვირვების ქვეშ უნდა იმეცადინოს.
მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში ბავშვი სასურველია მოვარიდოთ სპორტის იმ სახეობებს, რომლებიც აქტიურ, მკვეთრ მოძრაობებს მოითხოვს (მაგალითად, კალათბურთს, ფრენბურთს, ფეხბურთს, ბატუტზე ხტომას). იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ცეკვებზეც, სადაც ჩაკრულის ელემენტებია შეტანილი. საზოგადოდ, მოცეკვავე ქალები ვაჟებთან შედარებით დამზოგველ მოძრაობებს ასრულებენ, ამდენად, ცეკვა მათთვის ნაკლებად საშიშია.
კარგია ცურვაც, მაგრამ იგი მოქნილობას ავითარებს. ამიტომ უმჯობესია ჯერ კუნთები გავამაგროთ, მერე კი ცურვას შევუდგეთ და ბავშვს მოქნილობა განვუვითაროთ.
დაბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?
– ვურჩევ, შვილის ტანადობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. თუ ბავშვი სწორად არ ზის, ფეხებს სწორად არ დგამს, იხრება, იოლად იღლება და ხშირად უჩნდება წამოწოლის სურვილი, აუცილებლად აჩვენეთ სპეციალისტს.
სასურველია, ხერხემლის პრობლემების მქონე ბავშვებმა რეაბილიტაციის კურსი სკოლაშივე გაიარონ – პოლიკლინიკებში ნაკლებად არის ამის საშუალება, თანაც მშობლები დღეს მეტისმეტად დაკავებულები არიან, რათა ბავშვები პროცედურებზე ატარონ. ამისთვის კი საჭიროა, ფიზკულტურის მასწავლებლები ასეთ ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ფლობდნენ, მაგალითად, აკეთებდნენ სამკურნალო მასაჟს.
გარდა ამისა, თუკი ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს, მშობლებს ვურჩევთ, მოარიდონ იგი ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ზურგჩანთის ტარება აკრძალული არ გახლავთ, ოღონდ ის ზურგზე თანაბრად უნდა იყოს მოკიდებული.