ეპილეფსია
გააზიარე:
საიდან მოდის ღვთაებრივი დაავადება
იცხოვრე ლაღად ეპილეფსიასთან ერთად
როგორ ავირჩიოთ სპორტის სახეობა
პირველი დახმარება კრუნჩხვითი გულყრის დროს
ზოგადი რჩევები ეპილეფსიით დაავადებული ორსულებისთვის
საიდან მოდის ღვთაებრივი დაავადება
ბნედა, მტერდაცემა, ავი ზნე ან, უბრალოდ, კრუნჩხვა – ასე უწოდებდნენ საქართველოში დაავადებას, რომელსაც დღეს ეპილეფსიის სახელით ვიცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ქართული სახელი აქვს, ეპილეფსია არამც და არამც არ გახლავთ მხოლოდ ქართველთა ხვედრი. მისი ფესვები ლამის მითოსურ ეპოქამდე აღწევს. ძველი ბერძნული მითის თანახმად, ჰერკულესი სწორედ ავი ზნით ყოფილა შეპყრობილი, ამიტომ ბერძნები ეპილეფსიას ჰერკულესის დაავადებას უწოდებენ. ჰიპოკრატე კი ამ სნეულებას ღვთაებრივ დაავადებად იხსენიებდა. მისი აზრით, ამ პათოლოგიით შეპყრობილი ღმერთების მიერ იყო დაღდასმული და წინასწარმეტყველების უნარიც ჰქონდა. ალბათ ამიტომ იყო, რომ ხალხი ეპილეფსიის მიმართ გადაულახავ ძრწოლას განიცდიდა, ხოლო სნეულნი იდევნებოდნენ – ისინი ხომ გრძნეულებად და ჯადოქრებად იყვნენ შერაცხულნი!
ეპილეფსიის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებშიც მოიპოვება. იგი ნახსენებია “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”, შემდეგ – “უსწორო კარაბადინში”, სადაც მას მტერდაცემა ეწოდება, ბნედად კი XV-XVI საუკუნეებში იხსენიებენ, რაც იმ ეპოქის სამედიცინო სიტყვახმარებაში ცნობიერების დაკარგვას ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში, გარდა სახელწოდებისა, ამ პათოლოგიის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლებოდა. დღეს ეპილეპტოლოგები ცდილობენ, დაავადება ჩრდილიდან გამოიყვანონ, საზოგადოებაში მის შესახებ მცდარი წარმოდგენები აღმოფხვრან და სწორი ინფორმაცია დაამკვიდრონ.
“ღვთაებრივი დაავადებით” იყვნენ შეპყრობილნი სოკრატე, ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონ ბონაპარტე, მოლიერი, ვალტერ სკოტი, ბაირონი, ჩარლზ დიკენსი, ლუის კეროლი, დოსტოევსკი, გუსტავ ფლობერი, ვინსენტ ვან გოგი, ჰენდელი, პაგანინი, ჩაიკოვსკი, ბეთჰოვენი.
ჩრდილში მოქცეული დაავადება
ეპილეფსიაზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს, მაგალითად, ჰგონია, რომ გადამდებია ანდა გონებაჩლუნგობას იწვევს, სპეციალისტები კი გვარწმუნებენ, რომ ეს დაავადება არც გადამდებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც უკურნებელი. რა უნდა ვიცოდეთ ეპილეფსიის შესახებ? რა იწვევს მას? რამდენად ეფექტურია ეპილეფსიის საწინააღმდეგო თანამედროვე მედიკამენტები? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დასკვნითი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კორექციის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დავით კვერნაძე.
– ნევროლოგიურ დაავადებებს შორის ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%, 40-50 მლნ ადამიანი, ამ სენით არის ავად. გამონაკლისს, ბუნებრივია, არც საქართველო წარმოადგენს _ ჩვენთან ავადობის საერთო მაჩვენებელი 0,6-1%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ეპილეფსიით 30-40 ათასი კაცია დაავადებული, წლის განმავლობაში პირველად გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლის მიხედვით კი 100 000 კაცზე ეპილეფსიის 60-70 შემთხვევა მოდის ანუ ეს პათოლოგია ყოველწლიურად დაახლოებით 1500-2000 ადამიანს უვლინდება.
რას წარმოადგენს ეპილეფსია და რა იწვევს მას?
– ეპილეფსია გახლავთ თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლის მთავარი ნიშანი გულყრაა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გულყრა ყოველთვის არ არის ეპილეფსიის შედეგი. ის შეიძლება ამა თუ იმ სიტუაციას, მაგალითად, ალკოჰოლის გადაჩვევის მცდელობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჰორმონული ფონის ცვლილებას, მცირე ასაკის ბავშვებში სხეულის ტემპერატურის მატებას (ასეთი გულყრა ფებრილურის სახელით არის ცნობილი) უკავშირდებოდეს და ერთჯერადი იყოს.
ეპილეფსია დაავადებაა, რომლის დროსაც ორი, ხოლო ზოგიერთი ავტორის მიხედვით – მეტი არაპროვოცირებული გულყრა 24-საათიანი შუალედით ვითარდება. თუკი ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში ერთი ან რამდენიმე გულყრა განუვითარდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უთუოდ ეპილეფსია აქვს.
ეპილეფსიას ყოველთვის სდევს თან კრუნჩხვითი შეტევა?
– როგორც მოგახსენეთ, ეპილეფსიის მთავარი მახასიათებელი გულყრაა, მაგრამ ის ყოველთვის კრუნჩხვითი არ არის. ხალხს გულყრა მეტწილად ასე წარმოუდგენია: ადამიანი დაეცემა, სხეული დაეჭიმება, პირიდან დუჟი გადმოსდის და ა.შ. ასეთი რამ მარკოზის სახარებაშიც არის აღწერილი. ამგვარივე ცნობები კრუნჩხვითი გულყრის შესახებ მოიპოვება ძველეგვიპტურ პაპირუსებშიც.
სინამდვილეში _ და ეს ამჟამად უკვე ცნობილია _ ეპილეფსიური გულყრა სხვადასხვაგვარად ვლინდება და ასეთი შეტევები გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ტიპური კრუნჩხვითი შეტევა (ტონურ-კლონური კრუნჩხვითი გულყრა).
ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა გულყრა?
–ყველა სახის გულყრის დაწვრილებით აღწერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არის ნიშნები, რომელთაც ავადმყოფის ახლობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და შემჩნევისას ექიმს მიმართონ. ბავშვებში ასეთი ნიშნებია მზერის გაშტერება, ცნობიერების წამიერი გამოთიშვა, რაც რეგულარულად ხდება, ასეთ მდგომარეობას აბსანსი ეწოდება (ინგლ. abcance – არყოფნა); მეტად საყურადღებოა სქესობრივი მომწიფების ასაკში უნებლიე შეკრთომის ეპიზოდები, რაც უპირატესად გაღვიძებისას იჩენს თავს. ასეთ შეკრთომებს თავიდანვე არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას და სპეციალისტს მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, რაც მოზარდს კრუნჩხვა განუვითარდება.
შეიძლება თუ არა, გულყრის განვითარებას ხელი შეუწყოს კომპიუტერთან ან ტელეეკრანთან დიდხანს ჯდომამ?
– სავსებით შესაძლებელია. არსებობს რეფლექს-ეპილეფსიათა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთა დროსაც გულყრა გარკვეული ფაქტორის ზემოქმედებით ვითარდება. ასეთი მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს მხედველობითი სტიმული (ფოტოსენსიტიური ფაქტორი). ამის კვალობაზე, გამოვყოფთ ე.წ. კომპიუტერის, ტელევიზორის, დისკოთეკის ეპილეფსიებს. რეფლექს-ეპილეფსიების რიცხვშია ჭადრაკის, კითხვის, ცხელი წყლის ეპილეფსიებიც. ამგვარად, გულყრას მრავალი გამღიზიანებელი იწვევს: სმენითი, შეხებითი და ა.შ.
უპირატესად რომელ სქესს უვითარდება ეპილეფსია?
– ეპილეფსია ქალებსა და მამაკაცებში თანაბარი სიხშირით გვხვდება, თუმცა ზოგიერთი ავტორის მიხედვით, მამაკაცები უმნიშვნელოდ ლიდერობენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არსებობს სპეციფიკური სინდრომები, რომლებიც უპირატესად რომელიმე ერთი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ. ქალებში გამოყოფენ კატამენიალურ ეპილეფსიას, რომელიც მენსტრუაციული ციკლის დაწყებისას ვლინდება, ასევე – მენოპაუზის, ორსულობის ეპილეფსიებს. მათ ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.
საზოგადოებისთვის ნაცნობია ისტერიული გულყრის ცნებაც. არის თუ არა იგი ეპილეფსიის გამოვლინება?
– ფსიქოგენური, იგივე ისტერიული ეპილეფსია არ გახლავთ ჭეშმარიტი ეპილეფსიური დაავადება, თუმცა კი ისე ძლიერ ჩამოჰგავს მას, რომ ზოგჯერ გამოცდილ ეპილეპტოლოგსაც უჭირს მათი გარჩევა (ეს განსაკუთრებით შუბლის წილის ეპილეფსიურ გულყრებზე ითქმის, რომელთაც ისეთივე მიმდინარეობა ახასიათებთ, როგორიც ისტერიულ შეტევას), თუმცა არსებობს კლინიკური და ელექტროენცეფალოგრაფიული ნიშნები, რომლებიც ამის საშუალებას გვაძლევს. არაეპილეფსიური ტიპის ფსიქოგენური შეტევის ანამნეზში უმეტესად აღინიშნება სტრესი, შფოთვითი აშლილობა, რომელსაც მოჰყვება კიდეც ისტერიული შეტევა. ფსიქოგენურ გულყრას, რომელიც, ჭეშმარიტ ეპილეფსიურ შეტევაზე გაცილებით ხანგრძლივია, აუდიტორია სჭირდება, ადამიანი კი, როგორც წესი, სპეციალისტის გასინჯვას ეწინააღმდეგება.
მართებული დიაგნოზი რომ დასვას, ექიმმა ჩივილები ერთობლიობაში უნდა განიხილოს. ამას შემდეგი ფაქტიც მოწმობს: წინათ მიიჩნეოდა, რომ ეპილეფსიური გულყრის დროს ადამიანი ენას იკვნეტს და უნებლიეთ იშარდავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ასიდან 70 შემთხვევაში ასეთივე ნიშნები ფსიქოგენური გულყრის დროსაც ვითარდება. ამრიგად, თუკი ყურადღებას მხოლოდ გულყრის დროს უნებლიე შარდვას მივაქცევთ და არ გავითვალისწინებთ შეტევის ხანგრძლივობას, შეიძლება შევცდეთ.
თუკი ზოგადი პროფილის ექიმს უჭირს მართებული დიაგნოზის დასმა, პაციენტი უსათუოდ სპეციალიზებულ დაწესებულებაში უნდა გაგზავნოს.
ეპილეფსიის წინააღმდეგ მებრძოლი ლიგის (ILAEP ) მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ეპილეფსიის რეგისტრირებისას ასიდან 20 შემთხვევაში დიაგნოზს შეცდომით სვამენ და არასწორად დიფერენცირებული და ნამკურნალევი ეპილეფსია სახელმწიფოებს 4 მილიარდ დოლარამდე უჯდებათ.
შეიძლება თუ არა ეპილეფსიისგან განკურნება?
– თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ეპილეფსიებს ორ დიდ ჯგუფად – ფოკალურ და გენერალიზებულ ფორმებად – ვყოფთ. პირველ შემთხვევაში გულყრა თავის ტვინის რომელიმე უბანში აღმოცენდება, ამიტომ მას ლოკალიზაციადამოკიდებულ ეპილეფსიურ გულყრასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ უბანში ხდება გულყრის გენერაცია (შუბლისა, საფეთქლისა, თხემისა თუ კეფისა), გამოვლინებაც სხვადასხვაგვარია.
რაც შეეხება აბსანსს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელიც მეტად საყურადღებოა, იგი არა თავის ტვინის ლოკალური უბნის, არამედ მთელი ამ ორგანოს, მისი ორივე ჰემისფეროს ნეირონთა ცვლილებით არის განპირობებული.
იმის გარჩევას, ფოკალურია ეპილეფსია თუ გენერალიზებული, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის, არამედ პროგნოზის თვალსაზრისითაც.
საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ გენერალიზებული ტიპის ეპილეფსიები კარგად ემორჩილება მკურნალობას და შემთხვევათა 80-90%-ში იკურნება.
ბავშვთა ასაკში მრავლად გვხვდება ეპილეფსიური სინდრომების ისეთი ფორმები, რომლებსაც კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ისინი მკურნალობას მეტწილად არც კი მოითხოვს. ასეთია, მაგალითად, ბავშვთა ასაკის აბსანს-ეპილეფსია, რომელიც უპირატესად 6-7 წლის ასაკში ცნობიერების ხშირი გამოთიშვით ვლინდება. ასეთ ფორმას, როგორც გითხარით, მკურნალობა ხშირად არც კი სჭირდება ანდა მედიკამენტი მცირე ხნით ინიშნება, ხოლო მისი მოხსნის შემდეგ გულყრის ხელახალი განვითარების ალბათობა ძალიან მცირეა.
ფოკალური ეპილეფსიები უფრო რთული სამკურნალოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულყრას თავის ტვინის ლოკალური ორგანული დაზიანება იწვევს.
ფოკალური ეპილეფსია წარმოშობის მიხედვით ორგვარია: სიმპტომური, რომელსაც რომელიმე ორგანული პათოლოგია (მაგალითად, სიმსივნური პროცესი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ა.შ.) იწვევს, და პირობითად სიმპტომური (კრიპტოგენური). ამ უკანასკნელის შემთხვევაში გამოკვლევები ორგანულ დაზიანებას არ ავლენს.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოგენური ფორმა უფრო უკეთ ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე სიმპტომური. მიიჩნევა, რომ ადეკვატური მკურნალობის შედეგად ორივე ვარიანტის განკურნების შემთხვევათა საერთო მაჩვენებელი 70-80%-ია. დანარჩენი 20% მოდის რეზისტენტულ (იმავე რეფრაქტერულ) გულყრებზე, რომლებზეც მედიკამენტი არ მოქმედებს. საბედნიეროდ, უკვე არსებობს ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, რომლებიც ამ 20%-იდანაც დაახლოებით10%-ში იძლევა შედეგს.
არსებობს თუ არა, გარდა მედიკამენტურისა, მკურნალობის რაიმე მეთოდი?
– საზღვარგარეთ ეპილეფსიას ნეიროქირურგიული მეთოდითაც მკურნალობენ, რაც ზოგჯერ, განსაკუთრებით _ საფეთქლის ეპილეფსიის დროს, ძალზე ეფექტური გახლავთ.
რომელ გამოკვლევათა საფუძველზე სვამენ დიაგნოზს?
–ყველაზე მეტ ინფორმაციას ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) გვაწვდის, რომელიც ჯერ კიდევ 1929 წელს აღმოაჩინეს, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამ: შეიძლება, ადამიანს ეპილეფსია კი არ ჰქონდეს, არამედ ფსიქოგენური შეტევა ან სინკოპე (გულისწასვლის შეტევები) აღენიშნებოდეს, მაგრამ ეეგ-ზე ცვლილებები მაინც აისახოს, რაც, ცხადია, დიაგნოზის დასმაში ხელს გვიშლის. ისიც შეიძლება (და ხდება კიდეც ასიდან დაახლოებით 30 შემთხვევაში), რომ ადამიანს ერთდროულად ეპილეფსიური და არაეპილეფსიური (მაგალითად, ფსიქოგენური) შეტევები ემართებოდეს. ასეთი რამ უპირატესად ქალბატონებს შორის გვხვდება. თუ ამ თავისებურებას ვერ აღმოვაჩენთ, შეიძლება, მკურნალობა არასწორად წარიმართოს და პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს.
ეეგ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუკი სპეციალისტს ეჭვი არ ეპარება, რომ ეპილეფსიურ დაავადებასთან აქვს საქმე. ეს კვლევა საჭიროა იმის დასადგენად, ფოკალურია თუ გენერალიზებული ეპილეფსიური შეტევა და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნად. გარდა ამისა, როდესაც ადამიანს პირველად ემართება გულყრა, ეეგ-ს დახმარებით შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი განმეორების რისკი. თუ ის მცირეა, ანტიეპილეფსიური მკურნალობა შეიძლება არც კი დავნიშნოთ.
რამდენად ეფექტურია თანამედროვე ანტიეპილეფსიური მედიკამენტები?
– თანამედროვე მედიკამენტებით ეპილეფსიის მკურნალობა ძალზე შედეგიანია. ხალხში ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ეპილეფსია განუკურნებელი სენია. ეპილეფსია იკურნება! განკურნება მედიკამენტების მიღების ფონზე გულყრის არარსებობას ნიშნავს.
თქვენი ნათქვამი ისე უნდა გავიგოთ, რომ დაავადებული იძულებულია, მთელი სიცოცხლე სვას ანტიეპილეფსიური პრეპარატი?
– არის პაციენტთა ორი ჯგუფი. პირველნი იღებენ მედიკამენტებს და ამ ფონზე გულყრა აღარ აღენიშნებათ, მეორეთ კი გულყრა საერთოდ ეხსნებათ და დროთა განმავლობაში შეუძლიათ მედიკამენტის დალევაც შეწყვიტონ. ასე მაგალითად, იუვენილური მიოკლონური ეპილეფსის დროს წამლის მოხსნა არ შეიძლება _ ეს გულყრის განვითარებას გამოიწვევს, ხოლო კრიპტოგენური ფორმის შემთხვევაში (70-80%-ში) 2-3 წლის შემდეგ მედიკამენტი შეგვიძლია ნელ-ნელა მოვხსნათ _ ადამიანი სამუდამოდ თავისუფლდება გულყრებისგან.
იცხოვრე ლაღად ეპილეფსიასთან ერთად
ეპილეფსიით დაავადებულთათვის სიცოცხლით ტკბობა არავის აუკრძალავს, მაგრამ ერთგვარი სიფრთხილე მაინც საჭიროა. სიფრთხილეში კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცხოვრების ჯანსაღი წესი იგულისხმება. მოდით, ვნახოთ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ეპილეფსიით არის ავად.
გულყრის შეტევა რომ არ განმეორდეს, პირველ რიგში ანტიეპილეფსიური მედიკამენტების რეგულარული მიღებაა საჭირო, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მხოლოდ ამით შეტევას თავიდან ვერ ავიცილებთ. არსებობს ფაქტორები, რომლებიც ეპილეფსიური გულყრების გააქტიურებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, დაავადებულთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ხშირად სწორედ ეს ერთი შეხედვით ყოფითი მიზეზები ახდენს გულყრების გააქტიურების პროვოცირებას. ესენია:
ძილის რეჟიმის დარღვევა
ანტიეპილეფსიური მკურნალობის მიუხედავად, ზოგიერთს გულყრები უძილობის ფონზე აღენიშნება. ასეთი პაციენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დროული დაძინება და სრულფასოვანი ძილი. ხდება ისეც, რომ გვიან გაღვიძებისას წამლის მიღების დრო გვიანდება – ესეც გულყრის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო თუ ადამიანს გულყრა გამოღვიძების დროს ეწყება, მისი ძალდატანებით გაღვიძება არამც და არამც არ შეიძლება.
ფოტოსტიმულაცია
ეპილეფსიით დაავადებულთა 3-5%-ს გულყრა სინათლის ციმციმის დროს ეწყება. ისინი უნდა ერიდონ ეკრანთან ახლოს ჯდომას, ტელევიზორის დიდხანს ყურებას, სინათლის ეფექტით აღჭურვილ ადგილებს (დისკოთეკებს, ღამის კლუბებს და ა.შ.), მგზავრობისას გვერდითა ფანჯრიდან ცქერას (როცა ხის ფოთლებს შორის სინათლის ათინათი თამაშობს), მზიან ადგილას დიდხანს ყოფნას.
სტრესი
ეპილეფსიით დაავადებულმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა არიდოს უარყოფით ემოციებს.
ცხელი აბაზანა
გულყრის განვითარებას ხელს უწყობს ცხელ, დაორთქლილ სააბაზანოში დიდხანს დარჩენაც, ამიტომ ადამიანმა, რომელსაც ეპილეფსია აქვს, აბაზანაში ან შხაპის ქვეშ დიდხანს არ უნდა ინებივროს.
გამონაბოლქვი
CO გულყრების გამააქტიურებელი აირია, ამიტომ საკვამური ხშირად უნდა გაიწმინდოს. ასევე არ შეიძლება, გამათბობელი წვის პროდუქტებს ოთახში აფრქვევდეს. არც აირის გამათბობლის ღამით დატოვება გახლავთ რეკომენდებული.
პარაზიტი ჭიებით ინვაზია
გულყრების ხშირი და ზოგჯერ ერთადერთი მიზეზი პარაზიტული ჭიებით დასნებოვნებაა. ჭიები ორგანიზმს ასუსტებენ, რადგან მისთვის აუცილებელი ნივთიერებებით იკვებებიან. გარდა ამისა, პარაზიტები უხვად გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც თავის ტვინის სტრუქტურებზე მოქმედებს და გულყრებს იწვევს. ამიტომ ჰიგიენური ნორმების დაცვა (საპნით ხელების ხშირი დაბანა, ფრჩხილების ხშირი დაჭრა) სხვებისთვის თუ საჭიროა, ეპილეფსიით დაავადებულისთვის უბრალოდ აუცილებელია.
იმუნიზაცია (აცრა)
ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთა უმრავლესობას გულყრები აცრის შემდეგ უხშირდება. ასეთი ბავშვის მშობლებმა იმუნიზაციის ჩატარებამდე კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს უნდა მიმართონ. თუკი ამას ვერ მოახერხებს, აცრამდე 4-5 დღის და აცრის შემდეგ 3 დღის განმავლობაში პატარას შესაბამისი დოზით უნდა მისცეს რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი, მაგალითად, ალერფასტი, ფენკაროლი.
სხვა სამედიცინო პრობლემები და არაეპილეფსიური მედიკამენტები
გულყრების გახშირებას ხელს უწყობს ზოგიერთი არაეპილეფსიური წამალიც, ამიტომ სტომატოლოგიური, ქირურგიული, ონკოლოგიური და სხვა პრობლემების შემთხვევაში ეპილეფსიით დაავადებულმა ექიმს აუცილებლად უნდა აუწყოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ, რათა სპეციალისტმა მედიკამენტის დანიშვნის დროს სათანადო სიფრთხილე გამოიჩინოს.
რა უნდა მივირთვათ
ეპილეფსიით დაავადებულს სრულებით არ სჭირდება განსაკუთრებული დიეტა, თუმცა ჯანსაღი კვება სასურველია. ძალზე სასარგებლოა ფოლიუმის მჟავით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, K, B12, D ვიტამინებით მდიდარი საკვები, რადგან ანტიკონვულსანტების მიღება ამ ვიტამინებისა და მინერალური მარილების დეფიციტს იწვევს. ფოლიუმის მჟავით მდიდარია უმი თუ მოხარშული ხილი და ბოსტნეული. კალციუმი და მაგნიუმი უხვადაა რძის ნაწარმში, K ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანილი და მწვანე სალათა, D ვიტამინს – თევზი და რძე, B12-ს – ხორცი და რძის პროდუქტები.
ეპილეფსიით დაავადებულს ვიტამინები უთუოდ ექიმმა უნდა დაუნიშნოს. თვითნებური მიღება, ისევე როგორც დოზის უექიმოდ შერჩევა, შეიძლება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანო აღმოჩნდეს. მაგალითად, ფოლიუმის მჟავის დიდმა დოზამ ადვილი შესაძლებელია ეპილეფსიური გულყრები გაახშიროს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეპილეფსიით შეპყრობილმა ადამიანმა:
. მოზომილად უნდა მიიღოს შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები. მეტისმეტად ტკბილი საკვები, კოფეინი და ალკოჰოლი ორგანიზმში შაქრის დონის მერყეობას იწვევს, რამაც შეიძლება გულყრას მისცეს ბიძგი.
. შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვას კვების რეჟიმი. ეს მხოლოდ იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ შიმშილს გულყრის პროვოცირება შეუძლია, არამედ ანტიკონვულსანტების მიღების რეჟიმის დასაცავადაც. მედიკამენტის მშიერ კუჭზე მიღება არ შეიძლება – კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აღიზიანებს.
. ალკოჰოლი მიიღოს, ოღონდ მცირე რაოდენობით. შეხვედრისას, წვეულებაზე, მეგობრულ სუფრასთან 1-2 ჭიქის დალევა შეიძლება, დიდმა ულუფამ კი შეიძლება გულყრის პროვოცირება გამოიწვიოს.
როგორ ავირჩიოთ სპორტის სახეობა
ექიმები, მშობლები და მასწავლებლები ხშირად გადაჭარბებული სიფრთხილით ეპყრობიან ეპილეფსიიან მოზარდს და ლამის განძრევასაც უკრძალავენ. გამოკვლევებმა კი ცხადყო, რომ გულყრის სიხშირე ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის პირობებში უფრო ნაკლებია, ვიდრე მაშინ, როცა პაციენტი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომით მაინცდამაინც არ იტვირთავს თავს. ასე რომ, თუკი ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვს სურს სპორტში ჩაებას, არამც და არამც არ შეზღუდოთ. მხოლოდ ის ფაქტიც, რომ მას სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ძალუძს, საკმაოდ ზრდის პიროვნული თვითშეფასების დონეს, რაც ეპილეფსიით დაავადებულისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ოღონდ სანამ სპორტულ სექციაში მიიყვანენ, მშობლებმა უთუოდ უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე ნიუანსი. მაგალითად, არჩეული სპორტის მარგებლობა, ტრავმის რისკის ხარისხი და, რაღა თქმა უნდა, თვით ბავშვის სურვილი.
თანამედროვე ანტიეპილეფსიური მედიკამენტები გულყრებს სრულებით წყვეტს, ასე რომ, ეპილეფსიით დაავადებულს თამამად შეუძლია სპორტს მისდიოს. ფიზიკური ვარჯიში, ერთი მხრივ, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ადამიანის სოციალურ ადაპტაციას.
ფიზიკური აქტივობა გულყრებს არ ახშირებს. მეტიც – სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობით განცდილი სიამოვნება მეტწილად გადაწონის კიდეც სპორტის ტრავმატიზმს.
სპორტის ზოგიერთ სახეობას ეპილეფსიით დაავადებული ნამდვილად უნდა ერიდოს. ესენია:
. თხილამურებითა და ციგურებით სრიალი;
. ტრამპლინიდან ხტომა;
. ალპინიზმი;
. საპარაშუტო სპორტი;
. მოტოსპორტი;
. საწყალოსნო სპორტი;
. ტანვარჯიში;
. რაგბი;
. მიზანში სროლა (მშვილდით ან სპორტული პისტოლეტით).
რაც შეეხება სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიც არის კრივი და ჭიდაობა, აქ ტრავმატიზმის რისკი ეპილეფსიით დაავადებულთათვის ისეთივეა, როგორიც ჯანმრთელთათვის. ყველა შემთხვევაში აუცილებელია თავისა და სახის დამცავი შლემის გამოყენება.
ცურვა აკრძალული არ გახლავთ, მხოლოდ სათანადო ზედამხედველობის უზრუნველყოფა არ დაგავიწყდეთ. მწვრთნელს უთუოდ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სასურველია, გულყრის დროს პირველი დახმარების წესებიც იცოდეს.
თუ ეპილეფსიური გულყრების განვითარებას სინათლის ციმციმი აპროვოცირებს (ცურვისას – მზის სხივის ციმციმი წყლის ზედაპირზე, ველოსიპედით სეირნობისას – ფოთლებში ათინათთა თამაში და ა.შ.), ფიზიკური აქტივობისას ეპილეფსიით დაავადებულმა მუქი სათვალე უნდა გამოიყენოს.
ავტორჩევა
ავტომანქანის მართვისას, უწინარეს ყოვლისა, გულყრების სიხშირე უნდა გავითვალისწინოთ. ეპილეფსიით დაავადებულს, რომელსაც ადეკვატური ანტიეპილეფსიური მკურნალობის ფონზე 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია გულყრა, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ოფიციალურად რთავს მანქანის მართვის ნებას.
ასეა თუ ისე, ადამიანმა, რომელსაც ეპილეფსია აქვს, სანამ პირველად მიუჯდება საჭეს, სასურველია, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართოს.
პირველი დახმარება კრუნჩხვითი გულყრის დროს
გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა 3-დან 5 წუთამდე გრძელდება. ამ დროს არამც და არამც არ შეიძლება:
. პირში მყარი საგნების (კოვზის, დანის, ჩანგლის) ან თითის ჩაყოფა, პირის ძალდატანებით გახსნა, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება;
. ავადმყოფის გაკავება, თავის წამოწევა, წამოსმა;
. ენის დაჭერა;
. მძაფრი სასუნთქებლის, მაგალითად, ნიშადურის მიცემა;
. წყლის, წამლის ან საკვების მიწოდება;
. სახეზე ნაჭრის გადაფარება;
. ტკივილის მიყენება (ჩხვლეტა, თითის გაჭრა);
. გულყრის შემდეგ გამოფხიზლების მცდელობა;
. გულყრის შემდგომი ფსიქომოტორული აგზნებისას – ძალდატანებით დამშვიდება ან საკვების მიცემა;
. გულყრისა და გულყრის შემდგომი პერიოდის დასრულებამდე ავადმყოფის მარტო, უყურადღებოდ დატოვება.
გულყრის დროს სიმშვიდე შეინარჩუნეთ და გულყრის მქონე ადამიანს:
. მოუხალვათეთ ტანსაცმელი, შეუხსენით საკინძე და ქამარი, მოხსენით სათვალე, კბილის პროთეზი;
. გვერდზე გადააბრუნეთ ან თავი გვერდულად დაადებინეთ;
. თავქვეშ ბალიში, მუთაქა ან დახვეული რბილი ტანსაცმელი ამოუდეთ;
. მოაცილეთ საგნები და ხელსაწყოები, რომლებმაც შეიძლება ტრავმა მიაყენოს (დანა, ქურა და ა.შ.);
. ზედმიწევნით დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ გულყრის ხანგრძლივობა და სიმპტომების თანმიდევრობა.
თუკი გულყრა გახანგრძლივდა:
თუ გულყრა სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ის, კუნთში 2 მლ დიაზეპამის შეყვანაა საჭირო. ექიმი შეგიძლიათ არ გამოიძახოთ – გულყრა თავისთავად დასრულდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აუცილებელია. სახელდობრ, მაშინ, თუ:
. გულყრა 5 წუთის შემდეგაც არ დასრულდა, მით უმეტეს, თუკი ადამიანი 20 წუთის შემდეგაც ვერ მოვიდა გონს;
. ადამიანმა არ აღიდგინა სუნთქვა და ერთ გულყრას მაშინვე მეორე მოჰყვა – ასეთ დროს იქმნება ეპილეფსიური სტატუსის ჩამოყალიბების საფრთხე;
. გულყრას გახანგრძლივებული ღებინება სდევს თან.
გამგზავრებამდე
ეპილეფსიიან ადამიანს თავისუფლად შეუძლია იმგზავროს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტით. მოგზაურობა ხომ ამაღლებს განწყობას და სასიამოვნო ემოციებს იწვევს, რაც ეპილეფსიით შეპყრობილისთვის მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა სანამ გაემგზავრებით, ურიგო არ იქნება, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართოთ – მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს მკურნალობისშემდგომი ტაქტიკა. შესაძლოა, საზღვარგარეთ წასვლამდე აცრა დაგჭირდეთ. ასეთ
შემთხვევაში ეპილეპტოლოგს უნდა ჰკითხოთ, რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ვაქცინაცია.
თუ ადამიანს გულყრები ძლიერი გადაღლისა და უძილობის ფონზე უხშირდება, ფრენისას სასურველია დღის რეისი აირჩიოს, ხოლო მდგომარეობის შესახებ თვითმფრინავის მოსამსახურე პერსონალს აცნობოს.
ეპილეფსია ქალებსაც სტუმრობს
ეპილეფსია ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად ემტერება, თუმცა არის ფორმები, რომლებიც მხოლოდ სუსტი სქესის ხვედრია. მაგალითად, კატამენიალური ეპილეფსია. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ეპილეფსიით დაავადებულ ქალს ორსულობის პერიოდში.
მოდით, გავარკვიოთ, რა თავისებურებები იჩენს თავს ეპილეფსიით დაავადებული ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
ჰორმონების ბრალია?
ეპილეფსიის პირველი გამოვლენაც და უკვე არსებული დაავადების მიმდინარეობის სახეცვლილებაც ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. ამიტომაც არის, რომ პირველი გულყრა ხშირად სწორედ მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დროს იჩენს თავს.
გამოკვლევების თანახმად, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა 11,2%-ს, რომლებიც ეპილეფსიით არიან დაავადებულნი, პირველი გულყრა და პირველი მენსტრუაცია ერთდროულად დაეწყოთ. ხშირია შემთხვევა, როცა ასეთ ქალბატონებს გულყრის შეტევა მენსტრუაციის დროს ახსენებთ თავს.
ეპილეფსიას, რომელიც მენსტრუაციას ემთხვევა, კატამენიალური ეწოდება. სახელი ბერძნულიდან წარმოდგება და “ყოველთვიურს” ნიშნავს. ანტიკურ ხანაში ეპილეფსიური გულყრების ციკლურობას მთვარის ფაზებს უკავშირებდნენ, სინამდვილეში კი დამნაშავენი ისევ და ისევ ჰორმონები არიან: გულყრის განვითარებას ხელს უწყობს ესტროგენებისა და პროგესტერონის თანაფარდობის ცვლილება, რაც სწორედ მენსტრუაციის ფაზებს ემთხვევა.
ეპილეფსიით დაავადებულ ქალებს შვილოსნობის უნარი ჯანმრთელებთან შედარებით უმნიშვნელოდ მცირე აქვთ, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის – რეპროდუქციულ-ენდოკრინული დარღვევებით, მაგალითად საკვერცხეების პოლიკისტოზით, ასევე – ზოგიერთი ანტიეპილეფსიური მედიკამენტით, ცხოვრების არაჯანსაღი წესით (ალკოჰოლისადმი მისწრაფებით, თამბაქოს წევით) და სხვა.
საუკეთესო თავდაცვა
კონტრაცეპცია ოჯახის დაგეგმვის მთავარი მეთოდია, რაზეც XXI საუკუნეში უკვე ხმამაღლა საუბრობენ. არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებების შესახებ მცირე წარმოდგენა მაინც ყველა ქალს აქვს. კონტრაცეპციის პრინციპები არც ეპილეფსიით დაავადებული ქალბატონებისთვის უნდა იყოს განსხვავებული. ფაქტობრივად, ასეც არის, ოღონდ მცირედი შესწორებით: ზოგიერთი ორალური კონტრაცეპტივი, რომლებიც ესტროგენს შეიცავს, გულყრების გახშირებას იწვევს, ხოლო ანტილეპილეფსიური მკურნალობა, თავის მხრივ, აქვეითებს ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
ასე რომ, ეპილეფსიის მქონე ქალს კონტრაცეპციის სახეობის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მართებს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე შეაჩერებს არჩევანს თუ სპირალს ამჯობინებს, ამის თაობაზე უთუოდ უნდა შეუთანხმდეს მკურნალ ექიმს (ეპილეპტოლოგს) და რეპროდუქტოლოგს.
ეპილეფსიით დაავადებული ქალისთვის ყველაზე ეფექტურია კომბინირებული ჰორმონული აბები, პრეზერვატივი ან საშვილოსნოსშიდა საშუალება (სპირალი).
გახსოვდეთ: ადეკვატურად შერჩეული ორალური კონტრაცეპტივები არამც და არამც არ ამძიმებს ეპილეფსიის მიმდინარეობას. ამდენად, ეპილეფსიით დაავადებულ ქალებს მათი გამოყენება თამამად შეუძლიათ.
ყველაზე საპასუხისმგებლო 9 თვე
ეპილეფსია და ორსულობა ბევრისთვის შეუთავსებელი ცნებებია, ბევრისთვის კი – ძალზე საპასუხისმგებლო ცხრათვიანი პერიოდი. მიუხედავად ათასგვარი ცრურწმენისა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენში, ქალბატონები ორსულდებიან და ჯანმრთელ ბავშვებსაც აჩენენ.
საინტერესოა, რომ მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ორსულობის დროს ეპილეფსიის მიმდინარეობა ასიდან 85 შემთხვევაში არ იცვლება, 10-ში უარესდება, ხოლო 5-ში უმჯობესდება კიდეც. გულყრები უმიზეზოდ არ ხშირდება. მის მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ რამდენიმე:
. ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ფარმაკოლოგიური მოქმედების ცვლილება:
- ორსულობისას ნაყოფის განვითარებასთან ერთად იზრდება ქალის წონაც, რის გამოც იკლებს ანტიეპილეფსიური წამლის კონცენტრაცია;
- ნაწლავებში ქვეითდება მედიკამენტის შეწოვის პროცესი
- ღვიძლში აქტიურდებიან ფერმენტები და წამალი სწრაფად იშლება.
. ორსულობის ტოქსიკოზის, კერძოდ, ხშირი ღებინების შედეგად ვითარდება წყალმარილოვანი დისბალანსი
. ორსულობისას ბევრს ძილი ერღვევა, ღამღამობით ხშირად ეღვიძება ან ჩაძინება უჭირს.
. ზოგ შემთხვევაში ექიმი ანტიეპილეფსიური მედიკამენტების შეწყვეტას ურჩევს, უმთავრესად – ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების შიშით. მეტად სახიფათოა წამლის დოზის შემცირებაც.
ზოგადად, ორსულობისას გულყრების გახშირების მაღალი ალბათობა იმ ქალბატონებს აქვთ, რომლებსაც ფეხმძიმობამდე ხშირი და სხვადასხვანაირი ეპილეფსიური გულყრები აღენიშნებოდათ. ეპილეფსიით დაავადებული ქალი ორსულების სათანადო მართვისა და სირთულეების თავიდან აცილების მიზნით მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს მკურნალ ექიმთან, ზედმიწევნით იცავდეს სპეციალისტის რჩევებს.
ზოგადი რჩევები ეპილეფსიით დაავადებული ორსულებისთვის
. წინასწარ აცნობეთ ექიმს (ეპილეპტოლოგს, რეპროდუქტოლოგს), რომ დაორსულება გაქვთ განზრახული.
. ორსულობის დადგენისთანავე მიაკითხეთ ექიმს (ეპილეპტოლოგს და გინეკოლოგს).
. ჩაიტარეთ ელექტროენცეფალოგრაფიული და ნაყოფის ულტრასონოგრაფიული კვლევები ორსულობის მეათე-მეთორმეტე, მეოცე-ოცდამეორე და ოცდამეთექვსმეტე-ოცდამეთვრამეტე კვირაზე.
. მუდმივად აკონტროლეთ სისხლში ანტიეპილეფსიური მედიკამენტის კონცენტრაცია.
. გეგმურად გაიკეთეთ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, აკონტროლეთ სისხლის შედედების ფაქტორები, სისხლში გლუკოზის შემცველობა, მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა.
. სასურველია, ორსულობის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირას განისაზღვროს ალფა-ფეტოპროტეინის დონე.
. გინეკოლოგს აუცილებლად აცნობეთ დაავადებისა და მკურნალობის შესახებ.
. დაიცავით კვების რეჟიმი: საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს (განსაკუთრებით სასარგებლოა ისპანახი), ხილს (ვაშლს, კივის, ალუჩას, მაყვალს, ალუბალს).
. ერიდეთ უძილობას, უარყოფით ემოციებს.
. საღამოობით, ძილის წინ, ერთი საათით სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.
რას უნდა ველოდეთ
როგორც მოგახსენეთ, ეპილეფსიური გულყრები ორსულობის დროს შეიძლება გაიშვიათდეს კიდეც. ამის მიზეზია ჰორმონული ცვლილებები, ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება და ფიზიკური დატვირთვის შემცირება, ექიმთან ხშირი კონსულტაცია.
ორსულობის დროს პირველი ეპილეფსიური გულყრა შეიძლება ორსულობამდე ჯანმრთელ ქალთა 1%-ს დაემართოს, შემდეგ კი მოსალოდნელია განვითარების სამი ვარიანტი:
. ასიდან 73 შემთხვევაში გულყრა ერთჯერადია და მშობიარობის შემდეგ აღარ აღმოცენდება.
. შემთხვევათა 14%-ში გულყრები მხოლოდ შემდგომი ორსულობის დროს იჩენს თავს.
. 7-13%-ში ყალიბდება ეპილეფსია.
ორსულობის დროს განვითარებული ეპილეფსიური გულყრა, როგორც წესი, მკურნალობას არ მოითხოვს, თუმცა ასეთი ორსული მთელი 9 თვის განმავლობაში ეპილეპტოლოგის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს.
ეპილეფსიით დაავადებული ქალების მშობიარობა ისევე მიმდინარეობს, როგორც ჯანმრთელი ორსულებისა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გულყრების გახშირების შიშით ექიმი ქალს საკეისრო კვეთის ჩატარებას ურჩევს. თავად ეპილეპტოლოგთა აზრით, საკეისრო კვეთა გამართლებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც მშობიარობის დროს გულყრები მეტისმეტად ხშირია და მათი კუპირება ვერ ხერხდება.
თუკი ახალშობილის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ეპილეფსიით დაავადებულმა დედამ ბავშვი ძუძუთი უთუოდ უნდა კვებოს.
ხალხში გავრცელებული წარმოდგენით, ეპილეფსია მემკვიდრეობითი დაავადებაა და უთუოდ გადაეცემა შთამომავლობას. ეს შეცდომაა, დაავადებული დედის ან მამის შვილი ყოველთვის არ ხდება ბნედის მსხვერპლი, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თუ ეპილეფსიით ოჯახის რამდენიმე წევრია ავად, მისი განვითარების ალბათობა იზრდება.
ისიც უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეპილეფსიით დაავადებული ქალების პატარები ფიზიკური და გონებრივი განვითარებით იშვიათად თუ ჩამორჩებიან თანატოლებს. ასე რომ, გონივრულად დაგეგმილი ორსულობა, მისი სწორი მართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ეპილეფსიით დაავადებულ ქალბატონებს საშუალებას აძლევს, ჯანმრთელი შთამომავლობა იყოლიონ.