ქალი - დასვენების შემდეგ
გააზიარე:
Good Bye, ზაფხულო!
ზღვის ტალღებსა თუ ჰამაკში ნებივრობა, ბუნების წიაღში მოწყობილი მხიარული პიკნიკი, ბევრი მზე... მოიცა, მოიცა! ეს ხომ ზაფხულში იყო, ახლა კი უკვე შემოდგომის გრილი ნიავი გიწეწავს თმას, ხოლო საათის ისრები ოფისისკენ გიხმობენ. მართლაც ძნელია, ხელის ერთი მოსმით ჩააბარო წარსულს მხიარული დღეები, თუმცა ისიც კარგად იცი, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ისევ დადგება ზაფხული და ისევ ჩაებმები გართობისა და დროსტარების თავბრუდამხვევ ფერხულში. ახლა კი... ისღა დაგრჩენია, გუდა-ნაბადი აიკრა (ანუ აიღო ჩანთა), სამსახურისკენ გაეშურო და შრომისა და თავდადებისთვის განეწყო.
დეპრესია რომ არ შემოგეპაროთ
ზაფხული კაბიანებისთვისაც და შარვლიანებისთვისაც ზაფხულია, თუმცა განსხვავება მაინც არის: სუსტი სქესი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება დასვენებას. ხუმრობა საქმეა? – პლაჟზე ყველაზე მომხიბლავად უნდა გამოიყურებოდნენ: ეფექტურად შენიღბონ ცელულიტის კვალი, მიიღონ მსოფლიოში ყველაზე თანაბარი ნამზეური, “უმტკივნეულოდ” დაიკლონ წონა და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი გმირობა ჩაიდინონ. თუმცა ეს “საქმენი საგმირონი” ქალბატონებს უზარმაზარ სიამოვნებას ჰგვრის, მათი შედეგი კი სიამაყით ავსებს.
ჰოდა, ზუსტად 31 აგვისტოს აცნობიერებ, რომ მხიარული ზაფხული წამებს ითვლის, წინ კი ოდნავ სევდიანი, ოდნავ სენტიმენტალური შემოდგომა გელის, რომელიც ახალს თითქოს არაფერს გპირდება… შვებულების შემდგომი პრობლემებით მეცნიერებიც დაინტერესდნენ. აღმოჩნდა, რომ მხიარული და ნაყოფიერი დასვენების შემდეგ ადამიანთა მესამედს დეპრესია ეუფლება, თანაც მათი უმრავლესობა ქალია (ადვილი მისახვედრია, რატომ).
აი კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი: რაც უფრო ხანგრძლივია შვებულება, მით მეტად უჭირს ადამიანს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ვარიანტი ორკვირიანი შვებულებაა – მეორე ორი კვირა, ვინ იცის, როდის გამოგადგება!
ამბობენ, რომ საოფისე ცხოვრებასთან ადაპტაცია განსაკუთრებით მათ უჭირთ, ვინც საკუთარი საქმიანობით დიდად კმაყოფილი არ არის. ორიოდე დღე თუა, სამუშაოს დაუბრუნდნენ და ისევ რამდენიმედღიან შვებულებას იღებენ ხოლმე.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნაყოფიერი შვებულების შემდეგ შრომითი სტარტის აღება შრომომანიით შეპყრობილებსაც (სხვაგვარად – შრომოჰოლიკებს) და ზარმაცებსაც ერთნაირად უჭირთ. ეს იმიტომ, რომ შრომოჰოლიზმით დაავადებულებს შვებულების დროს ბოლომდე მოდუნება და თავისუფლებით ტკბობა არ ძალუძთ, სამუშაოს დასვენებულები ვერ უბრუნდებიან და საქმეზე კონცენტრირება უჭირთ. ზარმაცებთან კი… ყველაფერი დღესავით ნათელია.
იოლი სტარტის წესები
საზაფხულო განწყობილებამ შემოდგომაზეც რომ არ მიგატოვოს და პროფესიულსა თუ საოჯახო საქმიანობას ჩვეული ენთუზიაზმით მოჰკიდო ხელი, ასე მოიქეცი:
- შეეცადე, აგარაკიდან შვებულების დასრულებამდე ერთი-ორი დღით ადრე დაბრუნდე. ამ ხნის განმავლობაში შთაბეჭდილებები გაცვეთას ვერ მოასწრებს და შენც ხატოვნად მოუყვები კოლეგებს (თუ არ მუშაობ, მეზობელი მაინც გეყოლება) შენს საზაფხულო თავგადასავლებს.
- ხშირად გაიხსენე ზაფხულის მშვენიერი წუთები. წარმოიდგინე, რომ განცხრომა გრძელდება, უბრალოდ, გარემო შეიცვალა... და, სიმართლე რომ ითქვას, დროც.
- დაგეგმე. გგონია, სამუშაოს ვგულისხმობთ? ჰოც და არაც. საქმე ის არის, რომ შვებულების შემდგომი დეპრესიისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა მომავალი ვოიაჟის დაგეგმვაა. სრულებით არა აქვს მნიშვნელობა, საშობაო ტური იქნება ეს, სათხილამუროდ მთაში გაჭრა თუ რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე გამგზავრება.
- მიირთვი ანტიდეპრესიული საკვები. ნუ გაიკვირვებ – ამგვარი სასუსნავი შენს გარშემო მრავლადაა. მაგალითად, შოკოლადი, რომელიც ენდორფინის – ბედნიერების ჰორმონის – გამომუშავებას უწყობს ხელს და თუნდაც ნაყინი, რომელიც არანაკლებ გამახალისებელი სეროტონინის წარმოქმნას განაპირობებს.
- დეპრესიის განდევნაში დაგეხმარება ვიტამინების კომპლექსი, არომატული აბაზანები, ხანგრძლივი სეირნობა ჰაერზე და ქალბატონების საუკეთესო ანტიდეპრესანტი – საყიდლებზე სიარული.
ყოველთვის ფორმაში
თავმომწონე ქალბატონები ლამის მარტიდან მოყოლებული უზადო ფორმების ხათრით რას აღარ აკეთებენ: შიმშილობენ, ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობენ, სახურავებსა და აივნებზე ირუჯებიან და ეს ყოველივე – იმისთვის, რომ პლაჟზე თავიანთი ნალოლიავები სხეული გააპიარონ.
ასეთ ქალბატონებს, გვსურს, ერთი რამ ვუთხრათ: ტემპს ნურასდიდებით ნუ შეანელებენ. თავის მოვლა განსაკუთრებით სწორედ შემოდგომაზე, პასიურ-აქტიური დასვენების შემდეგ არის საჭირო. ასე რომ, მოდით, ერთად შევიმუშაოთ კოსმეტიკური სტრატეგია:
ვუვლით კანს. მზის სხივებითა და ზღვის მარილით გაჟღენთილ კანს ერთიორად სჭირდება განებივრება. ჰოდა, შენც ქალბატონი კლეოპატრასავით მოიქეცი: აბაზანა წყლით აავსე, ჩაასხი ერთი ლიტრი რძე (ისე, კლეოპატრა მხოლოდ რძეში ნებივრობდა), გემოვნებით დაამატე თაფლი და ნეტარებაში ჩაიძირე. ასე მოიქეცი კვირაში რამდენიმეჯერ. სხვა დღეებში კი ტანზე მკვებავი კრემი, გელი ან კოსმეტიკური ზეთი წაისვი.
კანს ძლიან რგებს ვიტამინებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული, ზოგადად კი, გირჩევ, A და E ვიტამინები მიიღო, რომლებიც კანის სტრუქტურას განსაკუთრებით უხდება.
კეკლუცი ქალბატონების მთავარი თავსატეხი ნამზეურის შენარჩუნებაა. საუკეთესო ვარიანტი კვირაში ერთხელ სოლარიუმში ვიზიტია, თუმცა არსებობს კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც გარუჯვის ეფექტს ახანგრძლივებს. სცადე!
ალბათ ისიც იცი, რომ კანს ძალიან უხდება პილინგი. მას სხვაგვარად ხეხვა-ხვეწის პროცედურასაც უწოდებენ. რაც არ უნდა დავარქვათ, მექანიზმი მაინც მარტივია: კანი ღრმად იწმინდება, იქერცლება და ახლდება. თუ გინდა, ნარუჯი ხანგრძლივად შეინარჩუნო, ღრმა პილინგისგან (ამ პროცედურას უმთავრესად კოსმეტიკურ სალონებში მიმართავენ) თავის შეკავება მოგიწევს, ზედაპირული ხეხვა-ხვეწა კი მისაღებია და მისი ჩატარება სქრაბის მეშვეობით თავადაც შეგიძლია.
თუკი ზაფხულის მზემ „პატივი გცა“ და პიგმენტური ლაქებით დაგაჯილდოვა, ცოტა ხანს აცადე, ეგებ თავისთავად გაფერმკრთალდეს. თუ ასე არ მოხდა, საქმეს შეუდექი: სახე სქრაბით გაიწმინდე და სპეციალური მათეთრებელი გადაისვი, რომელიც არბუტინს, აზელინის მჟავასა და C ვიტამინს შეიცავს და, რაც მთავარია, ერიდე მზის პირდაპირ სხივებს ან, თუ მაინცდამაინც, ძლიერი UV ფილტრის მქონე დამცავი კრემი გადაისვი.
ვუვლით თმასა და ფრჩხილებს. მზის სხივები თმას აშრობს, მაგრამ მისთვის მთელი ზაფხულის განმავლობაში მართებულად რომ მოგევლო (მაგალითად, ხშირად წაგესვა თმის ნიღაბი), პეწს არ დაკარგავდა. ასეა თუ ისე, შემოდგომაზე თმას თავისებური მოვლა სჭირდება. პირველ ყოვლისა, ხშირად გაინებივრე მკვებავი ნიღბით, რომლის მომზადება შინაც შეიძლება (ამისთვის სულ ცოტა რამ დაგჭირდება: ოროვანდის ფესვი, კონიაკი და თაფლი), შეღებვისგან კი, გირჩევ, ერთი თვე მაინც შეიკავო თავი.
ზღვის წყალი ფრჩხილებს ამაგრებს, მაგრამ ქალაქური ყოველდღიურობა (სარეცხი ფხვნილები, ჟელეები და ა.შ) მათ თავისებურ დაღს ასვამს და ისინიც კვლავ თხელი და მტვრევადი ხდება. ასე რომ, ოდნავ მეტი ყურადღება არც მათ აწყენთ. მომცრო ჯამში ჩაასხი წყალი, ჩაყარე მარილი და მცირე ხნით ჩააწყვე თითები. ასევე მოუარე ფეხის თითებსაც. უმჯობესი იქნება, აფთიაქში ზღვის მარილი შეიძინო. აბაზანის შემდეგ კი ფრჩხილებზე სპეციალური უფერული სამკურნალო ლაქი გადაისვი.
ვინარჩუნებთ ფიგურას. რა აზრი აქვს მცხუნვარე მზის გულზე ნებივრობას და კალორიების თვლას, თუკი შვებულების შედეგი (ალბათ მიმიხვდი – მოხდენილ ფორმებსა და შოკოლადის ფერს ვგულისხმობ) სულ მალე უკვალოდ გაქრება?! ნამზეურის შენარჩუნებაზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ, ასე რომ, დროა, ფიგურას მივუბრუნდეთ. მოხდენილობის შენარჩუნება სულაც არ არის ძნელი; მთავარია, არ მოდუნდე და დროდადრო წაივარჯიშო. კაცმა რომ თქვას, ცელულიტთან ბრძოლა არც შემოდგომაზე გაწყენდა. პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტი ნამდვილად არ არის საჭირო, უადგილო ადგილას ამობურცულ კანს თავადაც მოუვლი: მიიღე ზღვის მარილის აბაზანები და ამავე დროს პრობლემური ზონები სპეციალური სამასაჟე ჯაგრისით დაიზილე.
და კიდევ: თუკი შვებულება საზღვარგარეთ გაატარე და უცხოური დელიკატესებით იტკბარუნებდი პირს, ჩვენებურ ხაჭაპურსა და ხინკალს ჩამოსვლისთანავე ნუ დააცხრები. ნელ-ნელა შეაჩვიე კუჭი ქართულ კალორიულ კერძებს, თორემ რის ვაი-ვაგლახით ჩამოფერთხილ კილოგრამებს ორმაგად აკრეფ.
ზაფხული დიდ-პატარისთვის ყველაზე ბედნიერი დროა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა შემდგომი პერიოდიც, როდესაც დასვენებულები და დამშვენებულები განახლებული ენთუზიაზმითა და ენერგიით შეუდგებით ჩვეულ საქმიანობას. ზაფხულის არდადეგებიც ხომ იმისთვის არის, რომ მთელი წლის სამყოფი ძალ-ღონე მოიკრიბო, მომავალი შვებულების მოლოდინში ბოლომდე დახარჯო, მერე კი კვლავ დასასვენებლად გაეშურო...
ასე რომ, ნუ ჩამოყრი ყურებს. ჩაიცვი ყველაზე მშვენიერი სარაფანი და ნაცნობ-მეგობრებისთვის თავის მოსაწონებლად გაეშურე, ხვალ კი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდი, რიტმს, რომელიც მაცოცხლებელი ენერგიით გავსებს
ინა ვაჩიბერიძე