რაიდთერაპია

გააზიარე:

 

ცხენი – მასაჟისტი, ფსიქოლოგი და ექიმი

ცხენი ადამიანის საუკეთესო აღმოჩენაა. ვინ მოთვლის, რამდენი საუკუნე გავიდა მას აქეთ, რაც ზურგზე შეასკუპდა, მოათვინიერა და მოსვენებას აღარ აძლევს. ცხენიც შეეჩვია თავის ”მახრჩობელა” მეგობარს და ხვნა-თესვაში, ბრძოლაში, გლოვასა თუ სიხარულში ერთგულად ედგა გვერდით. მაგრამ ადამიანმა ესეც არ იკმარა – ამდენი რამე თუ შეუძლია, იქნებ წამლადაც გამომადგესო და...

ჰიპოკრატე გახლდათ პირველი, ვინც იმის მტკიცება დაიწყო, ცხენზე ჯდომა დაჭრილებსა და ავადმყოფები უფრო სწრაფად აჯანსაღებსო. მერე მელანქოლიკებს შეუჩნდა – რაშზე ამხედრდით და გახალისდებითო. დაკვირვებული კაცი იყო – შეამჩნია, რომ ჯირითი ადამიანს შავბნელი აზრებისგან ათავისუფლებდა და ნათელ ფიქრებს ჰგვრიდა.

არცთუ დიდი ხნის წინ ქართველებსაც გამოუჩნდათ თავიანთი ჰიპოკრატე – ბატონი დიმიტრი წვერავა. აკადემიკოსი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ცხენებთან ცამეტი წლიდან მეგობრობს. თავიდან ჯირითისა ისე ეშინოდა, ვარჯიშის მოლოდინში თურმე მთელი ღამე არ ეძინა, მაგრამ გამოხდა ხანი და ისეთ უშიშარ ყმაწვილად იქცა, რომ საქართველოს ნაკრებშიც კი მიიღეს. შემდეგ  ბატონი დიმიტრი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, ახლა კი რაიდთერაპიის ფედერაციის თავმჯდომარე გახლავთ.
რაკი რაიდთერაპია ვახსენეთ, ტერმინიც უნდა განვმარტოთ. ”რაიდ”ლათინურად  ჭენებას ნიშნავს,”იპო” კი ბერძნულად ცხენი გახლავთ, ამიტომ ცხენით მკურნალობას რაიდთერაპიასაც უწოდებენ და იპოთერაპიასაც.

ცხენისა და ადამიანის ურთიერთობის მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის სამოციან  წლებში ევროპასა და საქართველოში ერთდროულად  დაიწყო.
”ამ ძიების დროს ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ცხენი ერთდროულად მასაჟისტი, ფსიქოლოგი და ექიმი გახლავთ. ის ისეთ თვისებებს ფლობს, რომელთაც პაციენტი ვერც ერთ მედიკამენტსა თუ მკურნალში ვერ იპოვის”.

ცხენი ადამიანზე ერთი გრადუსით თბილია. ეს უჩვეულო სითბო მის მხედარზე უებარი წამალივით მოქმედებს. ამის გამო იპოთერაპიის დროს პაციენტს საგანგებოდ უუნაგირო ცხენზე სვამენ (თუმცა მერნის სხეულის სიმხურვალეს მხედარი უნაგირიდანაც გრძნობს) – სითბური იმპულსები სხეულის ბუნებრივ მასაჟს ახდენს, კუნთებს ახურებს და სპაზმს უხსნის. გარდა სითბური ენერგიისა, ცხენი მხედარს წუთში 110 იმპულსს და მოძრაობათა მთელ სერიას გადასცემს: წინ, უკან, ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცნივ... ეს იმას ნიშნავს, რომ ჭენებისას ადამიანს ყველა კუნთი უმუშავებს. ორგანიზმის ასე კომპლექსურად ვერც ერთი  ტრენაჟორი ვერ  დატვირთავს.

ეს მეთოდი პაციენტებს ისეთ მძიმე დაავადებებთან გამკლავებაში  ეხმარება, როგორიც არის ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, პოლიომიელიტი, სკოლიოზი, გრძნობის ორგანოების დაზიანება, მხედველობისა და სმენის დარღვევა, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, ატაქსია, შიზოფრენია, აუტიზმი, ნევროზი, გულის იშემია, პროსტატიტი...

ცხენი და ცერებრული დამბლა
ბავშვებისთვის ცხენთან მეგობრობა თავისუფლების სინონიმია. წარმოიდგინეთ, რას განიცდის ეტლს მიჯაჭვული მოზარდი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ულაყზე ამხედრდება და მთელ ქვეყანას ზემოდან  გადმოხედავს.

ბევრის ცხოვრება ცხენთან ურთიერთობამ სრულიად შეცვალა. დამეგობრებიდან რამდენიმე თვეში ხეიბარმა ორივე ხელის გამოყენება დაიწყო, გაუსწორდა ზურგი, კისერი, განუვითარდა მკერდის კუნთები, დაუგრძელდა ფეხები, უკეთესად ამეტყველდა...

რა ხდება ამ დროს?
ის, რომ ცხენით მკურნალობა მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს. საცხენოსნო ვარჯიშები პაციენტს რთულ მოძრაობათა ათვისებაში ეხმარება. შედეგად მოქმედებაში მოდის სხეულის სხვადასხვა ნაწილი, უმჯობესდება წონასწორობა, ვარჯიშდება ვესტიბულური აპარატი. პაციენტს საშუალება ეძლევა, სძლიოს შიშს, მიაღწიოს წარმატებას, აღმოაჩინოს, რომ მასაც შესძლებია სირთულეების გადალახვა და სიამაყე განიცადოს.

სავარძელს მიჯაჭვული ბავშვი ცხენის უნაგირზე ჯანმრთელი თანატოლების თანასწორად მიიჩნევს თავს, ზუსტად მათსავით დააჯირითებს, აჭმევს, ასუფთავებს თავის კეთილშობილ ოთხფეხა მეგობარს. ამ დროს საკუთარი არსებობის აუცილებლობას გრძნობს, უსასოობას თავს აღწევს და  ბედნიერების განცდის უნარი უბრუნდება.

მოქმედებაშეზღუდული ბავშვი იძულებულია, ცხენზე სწორად დაჯდეს. სხვაგვარად  მისი და ცხენის  ანტიგრავიტაციული სისტემა ერთმანეთს არ დაემთხვევა და პატარა მხედარი, უბრალოდ, გადმოვარდება. ამიტომ ბავშვი იძულებული ხდება, საკუთარი თავის მობილიზაცია მოახდინოს.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს  შიშის ფაქტორიც. რა თქმა უნდა, შიში პანიკაში არ უნდა გადაიზარდოს და ბავშვმა სტრესი არ მიიღოს.

აუტიზმი
გარესამყაროსთან კომუნიკაციადარღვეულ ავადმყოფს ცხენი ამ კავშირის აღდგენის საშუალებას აძლევს. ის ფასდაუდებელ დახმარებას უწევს აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს და ყოფილ პატიმრებს, რომლებსაც უჭირთ,  ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

ნევროზი
ნევროზების დროს ადამიანში გამარჯვების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.  ამხელა ცხოველს დღეს რომ დაიმორჩილებ, ხვალ  – გადაახტუნებ, ზეგ კი უფრო მეტს გააკეთებინებ, ეს გამარჯვების განცდა  ქვეცნობიერად გადადის  საერთო ცხოვრებაში: სამსახურში, მეგობრებთან,  საპირისპირო სქესთან  ურთიერთობაში.

პროსტატიტი
პროსტატიტმა ბევრი მამაკაცი დააინვალიდა. მაგრამ სანამ არ გაურთულდებათ მკურნალობა რცხვენიათ. რაიდთერაპიით  დაწყებითი  ფორმების მკურნალობა  და პროფილაქტიკა პირველი მაშველი და ძალიან ეფექტური ფორმაა. გოეთე  წერდა: მე სამოცდაცხრამეტი წლის ვიყავი ცხენზე რომ დავჯექი, ცოტა გავისეირნე და  სამოცდაათის გავხდი, ცოტა კიდევ გავიარე და რომ დავბრუნდი უკვე ორმოცდაათის ვიყავიო.

გულის იშემია
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჭენებისას ადამიანს 170-200-ზე ასდის მაჯის ცემა, რაც არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს  გულის მუშაობაზე. აი, ეს დაედო ზუსტად საფუძვლად გულსისხლძარღვთა დაავადებების შესწავლას ცხენთან მიმართებაში. 

საერთოდ, გულის  სამი ძირითადი ძარღვი კვებავს. თუ ერთ-ერთი დაივსო – ინფარქტი ხდება.  ამ დროს მთავარია,  გაძლიერდეს ჰემოდინამიკა.
გამაფართოებელ წამლებსაც ამ მიზნით ასმევენ ავადმყოფებს, რათა გაფართოებული სისხლძარღვიდან მეტი სისხლი მიეწოდოს. მთელი უბედურება კი ის არის, რომ როცა გამაფართოებელს სვამენ, დაზიანებული ადგილი კი არ ფართოვდება, არამედ – ჯანსაღი. რაიდთერაპიაში კი პირიქით ხდება – ძლიერდება გემოდინამიკა, და არა – ზოგადი დატვირთვა. “სწორედ ეს გამოვიყენე მერე გულის დაავადებების მკურნალობის დროს. 110 ინფარქტიანი ავადმყოფი გავატარეთ ექსპერიმენტზე, რის შედეგად მწვანე შუქი აგვენთო,  ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრად მიგვიღეს და რაიდთერაპიით გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ფუძემდემდებლებადაც გვაღიარეს”.

სკოლიოზი
სკოლიოზი ბავშვისთვის, განსაკუთრებით – გოგონასთვის, ნამდვილი ტრაგედიაა. სულ ცდილობს სიარულის დროს არ შეიმჩნიოს. დადის დარბაზში რომ გამრუდებული ხერხემალი გაისწოროს.  რაიდთერაპიის დროს, სულ სხვა რამ ხდება. იქ შეიძლება ამხანაგიც კი მიიყვანოს და ამაყად აჩვენოს – აი ცხენზე როგორ ვზივარო. რა ხდება ამ დროს? – “მალასა და მალას შორის არის პატარა დისკი. მასში ბირთვია. სკოლიოზის დროს ეს ბირთვი გვერდზე იწევა და ხერხემალი  დეფორმირდება.  როდესაც ბავშვი დარბაზში ვარჯიშობს, ხერხემლის  კორექცია ხდება, კუნთებიც ვარჯიშობს, მაგრამ  ბირთვზე ვერ მოქმედებს.  ცხენზე ჯდომისას კი ხერხემალი ირხევა,  ბირთვი თავის ადგილზე ჯდება და ორ თვეში ეფექტს გვაძლევს”. 

უყურადღებო და ძნელად აღსაზრდელი ბავშვები
ხშირად სკოლაში ბავშვი ვერ ჩერდება: ყურს არ უგდებს,  ცქმუტავს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.  ასეთი ყურადღების დეფიციტი 6-7 წლამდე მისაღებია, მაგრამ მერეც თუ გაყვა, უკვე დასაფიქრებელია – ბავშვი  უმართავი ხდება.  საფრანგეთის ერთ-ერთ  სკოლაში მასთან არსებული თავლა შევნიშნე, რომელიც ძნელად გასაზრდელი ბავშვებისთვის ჰქონდათ შექმნილი – თუ  ბავშვს დიდი ენერგია აქვს და უაზროდ ხტუნაობს, მოვიდეს და ცხენზე იჭენაოსო. მაგრამ მოუსვენარი ადამიანი ცხენზე ვერაფერს იზამს. რატომ? – იმიტომ რომ ცხენი ძალიან მგრძნობიარეა,  ფრთხილი მართვა სჭირდება. თუ ცქმუტავ,  არ დაგემორჩილება. ამიტომ ბავშვი იძულებულია მობილიზებული იყოს.   თანდათან ეჩვევა და უყალიბდება სწორედ ის, რაც ჩვენ გვინდა. ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია რომელიც რაიდთერაპიით ადვილად წყდება. ბელინსკის უთქვამს – ბავშვი რომელიც მეცადინეობას გულს ვერ უდებს, გაუშვი, დაე ითამაშოს, ცელქობით დაიღალოს და რომ დაიღლება, თამაშით გულს იჯერებს, ბევრად ეფექტურად აითვისებს რასაც ასწავლითო.

მებრძოლი გენიოსი 
ცნობილი იყო, რომ ნაპოლეონს ეპილეფსია ჰქონდა, მაგრამ ცდებოდნენ. საერთოდ, ეპილეფსიის დროს ადამიანი გონებრივად ჩლუნგდება. ნაპოლეონს კი საოცრად ძლიერი გონება ჰქონდა. “ახლა რომ ვკითხულობ მისი ექიმის ჩანაწერებს, ვასკვნი, რომ  მას წმინდა  სინო აუკულარული ბლოკადა  ჰქონდა. ამ დროს  გული მუშაობისას ზედიზედ რამდენიმე ამოვარდნის შედეგად, ტვინში ჰემოდინამიკა იშლება, სისხლი აღარ მიდის და ადამიანი გონებას კარგავს.  ამ  დროს საჭიროა სიმპატიკუსის აღგზნება ანუ ის რაც გულს ააჩქარებს. ნაპოლეონი გენიალური კაცი  იყო და  თავად მიხვდა რაც სჭირდებოდა – როცა ცუდად ხდებოდა, მოახტებოდა თავის თეთრ ცხენს გააჭენებდა და კარგად ხდებოდა”. ერთ-ერთი ბრძოლის წინა ღამეს  ასეთი რამ დაემართა – შეატყო თავს რომ შეტევა ეწყება. მოახტა ცხენს და გამთენიისას ბურუსში გააქროლა და ვერც კი შეამჩნია როგორ აღმოჩნდა მტრის ბანაკში, ცხენი მოატრიალა და სწრაფად გამობრუნდა (არადა ნაპოლეონი ბრძოლის გამარჯვების შემდეგ შედიოდა). ნამძინარევმა მტერმა იმპერატორი რომ დაინახა, იფიქრეს ღამე დაგვიპყრესო და აიყარა მთელი ბანაკი. გათენდა, ნაპოლეონის არმია ბრძოლისთვის მოემზადა, მაგრამ ველი დაცარიელებული დახვდა. 

 მაია ჯანყარაშვილი

გააზიარე: