ლევან კაკაბაძე: “ხშირად მეჩვენება, რომ საკუთარ ნახატებს ვგავარ”

გააზიარე:

არქიტექტურა გაქვავებული მუსიკაა. გოეთეს ეს სიტყვები ალბათ ყველაზე პოპულარულია იმათგან, რაც კი ოდესმე არქიტექტურის შესახებ უთქვამთ.

მხატვრულ შედარებათა სიზუსტეზე კამათი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, განურჩევლად იმისა, გიყვართ თუ არა მუსიკა, გესმით თუ არა მისი ხმოვანება ქვისგან ნაკვეთ თუ რკინა-ბეტონისგან ნაგებ ფორმებში, ერთი რამ უდავოა — არქიტექტურა ის ხელოვნებაა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ადამიანები, რომლებიც ამ ხელოვნებას ქმნიან, უხილავად დადიან ჩვენ შორის. მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, ყველა იცნობს. მათგან განსხვავებით, არქიტექტორთა სახელები მხოლოდ ერთეულებს თუ გაუგონიათ. ლეგენდარული ანტონიო გაუდი ბედნიერი გამონაკლისია... აი, მაგალითად, იცით, ვინ ააშენა რეიმსის ტაძარი, სახელგანთქმული ტრევის შადრევანი ან თუნდაც თბილისის ოპერის თეატრი? მე — კი, ოღონდ ამის გასაგებად ვიკიპედიაში ჩახედვა დამჭირდა. შამბორის უმშვენიერესი სასახლის ხუროთმოძღვარი კი სულაც უცნობია. რაღა ითქმის მათზე, ვისაც ასეთი მასშტაბური ნაგებობები არ შეუქმნია...

ლევანი არქიტექტორია. ბოლო რამდენიმე წელია, “ავერსის” შენობების დიზაინზე სწორედ ის ზრუნავს. თუმცა მისი შემოქმედებითი გზა “ავერსით” არ დაწყებულა — ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, კომპანიაში უკვე დიდი გამოცდილებით მოვიდა. მასთან ინტერვიუს ჩაწერაც ამან გადამაწყვეტინა. და, ნაწილობრივ, მისმა ნახატებმაც, ერთი მხრივ  — ექსპრესიით, მეორე მხრივ კი ნაზი ლირიზმით აღსავსე, გადამდებად ემოციურმა ნამუშევრებმა, რომლებსაც, როგორც თავად ამბობს, ძალიან ჰგავს:

— ცხრა-ათი წლის ვიქნებოდი, ხატვა რომ დავიწყე. ოთხმოცდაათიანი წლები იდგა, უშუქობა, უბედურება. არავითარი გასართობი რომ არ გვქონდა, მე და ჩემმა მეგობარმა — ახლა მოქანდაკეა — თავის შესაქცევად ხატვას მივყავით ხელი.

ერთ დღეს ახლობელი გვესტუმრა, ჩემი ნახატები ნახა და ძალიან მოეწონა. გამოგდის და ზერელედ ნუ მიუდგებიო, მირჩია...

სამხატვრო სკოლაში არ მივლია. არც მხატვრობაზე მიფიქრია. არქიტექტორობაზე – მით უმეტეს. ჩემებს უნდოდათ, სამედიცინოზე ჩამებარებინა, მაგრამ სისხლისა ისე მეშინია, ექიმობა იმთავითვე გამოირიცხა... ჩვენი ოჯახის ახლობელი გეპეიში მუშაობდა და მეც, იმ დროის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, გადავწყვიტე, იქ მეცადა ბედი, სადაც “პატრონი მეყოლებოდა“, მაგრამ,  კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, ეს საჩემო საქმე არ იყო. ბიძაშვილმაც, რომელსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, მითხრა, სისულელეებს თავი დაანებე და აკადემიაზე იფიქრეო.

 მივედი, ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი გავიარე, გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე. არქიტექტურაც მაშინ ავირჩიე.

 პირველ კურსზე უმეტესად არქიტექტურას ვსწავლობდი. მეორე კურსიდან რეჟიმი შეიცვალა, მხატვრობას მეტი დრო დაეთმო და მეც მეტი სტიმული მომეცა.

 მძიმე დრო იდგა — განუკითხაობა, ქაოსი, უსამართლობა, კულტურული დაღმასვლა. ბევრი ისეთი ადამიანი იყო ჩემ გარშემო, არათუ აკადემიაში, არც ერთ უმაღლესში რომ არაფერი ესაქმებოდათ. ამის გამო ნიჭიერი ხალხი იჩაგრებოდა. მივხვდი, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა... უფრო მეტი მონდომებით დავიწყე სწავლა, ვისაც შევატყვე, რომ პროფესიონალი იყო, უფრო მეტად დავუახლოვდი... ასე რომ, რაც ვიცი, მხოლოდ ჩემი და ერთი-ორი კაცის დამსახურებაა.

 ხელოვნების ოქროს ხანად აღორძინების ეპოქა მიმაჩნია. ეპოქა ადამიანებისა, რომლებმაც ხელოვნების ყველა დარგში დატოვეს კვალი — მხატვრობაშიც, ქანდაკებაშიც, პოეზიაშიც. მეც მომინდა, მხატვრობასა და არქიტეტურასთან ერთად ქანდაკებაშიც მეცადა ბედი. ერთი-ორი წელი ვმუშაობდი კიდეც. მოგეხსენებათ, ქანდაკება სამგანზომილებიანია და ეს გამოცდილება შემდგომ ძალიან დამეხმარა პორტრეტებზე მუშაობისას.

მეხუთე კურსზე შევუერთდი საპროექტო ჯგუფს, რომელიც არჩილ მინდიაშვილის ხელმძღვანელობით სამების სატაძრო კომპლექსზე მუშაობდა. პირადად ჩემი დაპროექტებულია სანათლავი, ჩემივე გაკეთებულია ტაძრის დეკორის ნაწილი და კანკელის დიზაინი. ტაძრის მშენებლობა რომ დამთავრდა, სხვა პროექტებზე გადავედით. დავაპროექტეთ რამდენიმე სლავური ეკლესია კიევში. თავად მე დავამუშავე ერთ-ერთი ეკლესიის ინტერიერი ოდესაში, ლევილის ქართული ეკლესიის ინტერიერი. ამ ჯგუფში სულ შვიდი წელი ვმუშაობდი.

ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი და გული მწყდება, რომ დღეს იმავე ინტენსივობით ვეღარ ვმუშაობ. ოთხი-ხუთი დღე თვალმოუხუჭავად რომ იმუშაო, მიქელანჯელო უნდა იყო, მე კი ძილი თუ დამაკლდა, იმ დღეს აღარაფრად ვვარგივარ... ისე ვერ ვმართავ საკუთარ თავს, როგორც მინდა...

“ავერსში” შემთხვევით აღმოვჩნდი. ახლობელმა დამირეკა, ვაკანსიააო. გამეცინა, ფარმაცევტულ კომპანიაში რა უნდა ვაკეთო-მეთქი. ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ არქიტექტორი სჭირდებოდათ. მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ.

ისე მოხდა, რომ თავიდანვე აკვარელით ვხატავდი და დღემდე ძალიან მიყვარს. აკვარელი ჩემთვის ყველაფერია. თანაც აკვარელით მუშაობა გაცილებით რთულია, ვიდრე ზეთით — თუ შეგეშალა, ვერ წაშლი. ზეთით ხატვა უფრო მარტივია: შეგეშლება — ამოფხეკ და ხელახლა დახატავ, აკვარელი კი შეცდომას არ პატიობს. სადღაც წამიკითხავს – ფრანგი მეფეები ხატავდნენ აკვარელით, რომ სიზუსტეს მისჩვეოდნენ.

აკვარელს კიდევ ერთი დიდი ღირსება აქვს: სრულიად შემთხვევით შეიძლება ისეთი რამ გამოგივიდეს, თვითონაც რომ არ ველოდი. აკვარელი წყალია, წყალი კი ის სუბსტანციაა, რომელსაც საზღვარი არ გააჩნია, ვერ დაიმორჩილებ, ვერ შეაკავებ. ფურცელზე გაგექცევა და საოცრებებს ახდენს. ზეთით ხატვის დროს კი შემთხვევითობა არ ხდება.

მიყვარს ღამღამობით ხატვა. სიჩუმეა და სადღაც შორს ირმის ნახტომი მოჩანს, ამ ყველაფრის მიღმა კი ღმერთია. სწორედ ისეთი, როგორიც მიქელანჯელოს ფრესკაზე.

პიკასო ამბობდა, რომ ხელოვნება სიცრუეა, რომელიც სინამდვილის აღქმაში გვეხმარება. არ ვიცი, სად ნახა მიქელანჯელომ ღმერთი, მაგრამ წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მის ფრესკაზე ხატია, სიცრუე არ არის.

 

ჩემი ნახატები შეჩერებული ემოციებია. ნახატში სწორედ ემოცია მიყვარს. მიყვარს, რომ ნახატი ჭარბ ემოციასაც იხდენს – კივილს, ყვირილს, ბღავილს. მიყვარს პორტრეტები, ხასიათები... ხშირად მეჩვენება, რომ საკუთარ ნახატებს ვგავარ.

 ვერ გეტყვით, მხატვრობას უფრო დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში თუ არქიტექტურას. ორივე ერთია. ვერც ერთის გარეშე ვერ გავძლებ.

 ხელოვნების რომელ დარგშიც არ უნდა იყოს, ჩემთვის ის არის ყველაზე მაგარი, ვინც ეპოქა დაიწყო, ვინც გისოსები გამოამტვრია და ცხრაკლიტულიდან გამოვიდა.

 დღეს საქართველოში შემსრულებელი მეტად ფასობს, ვიდრე იდეის ავტორი. მარტო მე არ ვფიქრობ ასე. მეგობრები რომ შევიკრიბებით და ვსაუბრობთ, ამ თემასაც შევეხებით ხოლმე. ყველასთვის ძალიან მტკივნეულია...

 დიდი ვნებათა ღელვაა მარიხუანას დეკრიმინალიზების გამო. მეტი საზრუნავი აღარ დაგვრჩა? მეტი არაფერია გასაკეთებელი?! საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა რა უნდა ნახოს? ქვეყანა გაჩერებულია. პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს არ ვგულისხმობ – ხელოვნებაშიც არაფერი ხდება. უმთავრესად, ალბათ, იმიტომ, რომ ეს არც არავის სჭირდება, გარემო კი დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. ყოველგვარი სიახლე უარყოფით რეაქციას იწვევს. იმდენად მწვავეს, რომ შენც შენდა უნებურად ხელს იღებ ყველაფერზე.

ჩვენში ამბობენ, ხალხი ბრძენიაო. არ არის ასე. მასა ყველა ქვეყანაში უგუნური და უგემოვნოა. მასის მოთხოვნა სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს. თუ გნებავთ, დავდოთ ფეისბუქზე ჩემი ფოტო სუფრასთან ყანწით ხელში და ჩემი ნამუშევარი, მერე კი დავითვალოთ, რომელს მეტი ნახვა და მოწონება ექნება...

ფიქრი გვაკლია. იმაზე ფიქრი, რა ხდება და რატომ ხდება. როდესაც იცი, რომ რაც არ უნდა შექმნა, დაუფიქრებლად გააპროტესტებენ, სტიმულსაც კარგავ. მერე გავიძახით, ქართველები ზარმაცები არიანო...

ბუნებრივად ჩნდება აზრი საქართველოდან წასვლის შესახებ. მიღებულიცაა: “მომღერალი ხარ? მწერალი ხარ? მხატვარი ხარ? საზღვარგარეთ წასვლა არ გიცდია?” ყველამ იცის, რომ აქ ხელოვანი მკვდარია. მეც შემეძლო წასვლა. არ წავედი. ჩემი რამდენიმე ნაცნობი წავიდა. ეს ცუდია. ცუდია ქვეყნისთვის. რესურსი იკარგება. თაობა წავიდა და არაფერი დაუტოვებია. ალბათ, ჩემი თაობაც ისე წავა, რომ არაფერს დატოვებს...

 

ქეთი ნიკოლეიშვილი

 

 

 

 

 

გააზიარე: