როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა?
გააზიარე:
ბავშვის აღზრდა, მის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. სწორედ აღზრდაზეა დამოკიდებული, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი, რა ჩვევებსა თუ თვისებებს შეიძენს, რა ინტერესები ექნება, ცხოვრების როგორ გზას აირჩევს...
რას ვაქცევთ ყურადღებას აღზრდისას? რამდენად ვიცნობთ და ვითვალისწინებთ ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და პიროვნული განვითარების თავისებურებებს?
სტატიაში სწორედ ამაზე გესაუბრებით და რამდენიმე არსებით რჩევასაც მოგცემთ.
ვაჩვევთ დამოუკიდებლობას
დამოუკიდებლად სირთულეების დაძლევა, ამა თუ იმ ცხოვრებისეულ პრობლემასთან გამკლავება მნიშვნელოვანი უნარია და ამ უნარის გამომუშავებაზე მშობლებმა თავიდანვე უნდა იზრუნონ. ბევრი შეცდომას უშვებს, როცა ბავშვს გაჩენისთანავე უხშობს დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას და ცდილობს, თავად აჭამოს საჭმელი ან ჩააცვას ტანსაცმელი, რადგან ეს უფრო სწრაფად და მარჯვედ გამოსდის. როცა ბავშვი თვითონვე ცდილობს ღილის ან თასმის შეკვრას, კოვზით ან ჩანგლით ჭამას, თაროდან სასურველი ნივთის აღებას, ნუ დააჩქარებთ და ნურც ხელიდან გამოსტაცებთ გასაკეთებელს. მართალია, ამისთვის თქვენზე მეტი დრო დაეხარჯება, მაგრამ ეს დრო ნამდვილად ვერ ჩაითვლება დაკარგულად. პატარა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ ამ ყველაფერისთვის თავის გართმევა დამოუკიდებლად, დაუხმარებლად შეუძლია.
როცა ბავშვი რაღაცის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, დაეხმარეთ, მაგრამ არამც და არამც არ გააკეთოთ საქმე მის ნაცვლად. უმჯობესია, მასთან ერთად სცადოთ ალტერნატიული, უფრო ქმედითი გზის გამონახვა. დაე, იგრძნოს თქვენს მხარდაჭერა, მაგრამ მის ნაცვლად დაბრკოლებების გადალახვას ნუ მიაჩვევთ.
აუცილებლად შეუქეთ მონდომება. თუ რაიმე არ გამოუვიდა, გამოხატეთ გულწრფელი სინანული. აუხსენით, რომ მიზნის მისაღწევად ზოგჯერ რამდენიმე ცდაა საჭირო.
პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება და საკუთარი თავის რწმენა
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოანალიტიკოსი, ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების მკვლევარი ერიკ ერიქსონი აღნიშნავს, რომ სამიდან ექვს წლამდე ადამიანს უყალიბდება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ნდობა (ამ დროისთვის მას უკვე აქვს განვითარებული უახლოესი გარემოცვის ბაზისური ნდობის შეგრძნება). ის იწყებს ინიციატივის გამოჩენას როგორც გონებრივ, ისე მოტორულ (ქმედებით გამოხატულ) აქტივობებში და იმაზე, როგორ რეაგირებენ ამ ინიციატივაზე უფროსები, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და საკუთარი თავის რწმენა. ერიქსონი შენიშნავს, რომ თუ პროცესი სწორად წარიმართა, ადამიანს განუვითარდება თავისუფლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის შეგრძნება, რაც შემდგომი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო თუ მშობლები ბავშვს დანაშაულის განცდას აღუძრავენ და შენიშვნებით, მითითებებითა და მუდმივი კონტროლით უხშობენ ინიციატივას, ის მუდამ “დაუპატიჟებელ სტუმრად” იგრძნობს თავს სოციუმში და პასუხისმგებლობის გრნობასაც მოკლებული იქნება.
ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა:
- ხშირად ჩავრთოთ ბავშვები საოჯახო და ასევე, საზოგადოებრივად მნიშნელოვან საქმიანობაში.
- შევუთანხმოთ მათ დღის განმავლობაში გასაკეთებელი საოჯახო საქმეების გეგმა, მასთან ერთად მოვიფიქროთ, რისი გაკეთება შეუძლია ან სურს (მაგალითად, მიყრილ-მოყრილი ნივთებისთვის ადგილის მიჩენა, სათამაშოების ალაგება, საყიდლებზე წასვლა).
არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეს გააზრებული გარემოსა და საზოგადოების წინაშე პირადი პასუხისმგებლობა. ამისთვის შეიძლება ბავშვი უფროსებთან ერთად ჩაერთოს ამა თუ იმ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში – სადარბაზოს, ეზოს, პარკის, სკვერის დასუფთავებაში, მცენარეების მოვლაში, მოინახულოს ცხოველთა თავშესაფარი, მიუტანოს მათ საკვები, დაბანოს (თუ ცხოველი აგრესიული არ არის), ვოლიერი დაუსუფთაოს. ეს ყველაფერი საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებასაც შემატებს ბავშვს და პასუხისმგებლობასაც. თავისივე მოწესრიგებულ გარემოზე ის მეტად იზრუნებს და იმის განცდაც ექნება, რომ მნიშვნელოვან საქმეს გაართვა თავი.
ცუდი მჭამელი არ არსებობს, არსებობენ უფროსების მიერ “გაფუჭებული” კარგი მჭამელები
ფრაზას “ჩემი შვილი ძალიან ცუდი მჭამელია” ხშირად გაიგონებთ. ვინ იცის, თავადაც გითქვამთ. გირჩევთ, ეს ფრაზა საერთოდ ამოიღოთ სიტყვახმარებიდან და კარგად გაიაზროთ, სად შეცდით ბავშვის აღზრდისას.
ჭამა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის აუცილებელი, ფიზიოლოგიური, ინსტიქტური მოთხოვნილებაა და კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ მცირე ასაკიდან იწყება.
ნუ მიაჩვევთ ბავშვებს გართობის თანხლებით ჭამას. ბევრი მშობელი ცდება, როდესაც ტელევიზორში ან კომპიუტერში ჩართული მულტფილმის ფონზე, გაუაზრებლად კვებას აჩვევს ბავშვს.
არც თეფშით ხელში ბავშვის დევნა და მთელი სახლის სასადილოდ ქცევა შეიძლება. ასეთი კვებით ბავშვს კი დაანაყრებთ, მაგრამ კვების კულტურას დაარღვევთ. ბავშვმა უნდა მიირთვას ნელა, გააზრებულად, გემო უნდა გაუგოს იმას, რასაც ჭამს. ასეთ დროს მისი ორგანიზმი უფრო ადვილად ამუშავებს მიღებულ საკვებს. თუ ბავშვს გამუდმებით მოტყუებით და თამაშით კვებავთ, მომავალში ამან შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ჭამა საინტერესო და სასარგებლო პროცესად რომ იქცეს, აუცილებლად ჩართეთ საკვების მომზადების პროცესში პატარებიც. სახალისოა პროდუქტების ერთად შერჩევა, მერე კი კერძის ერთად მომზადება.
თუ პატარა ახალი კერძის გასინჯვაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ, უბრალოდ, ჭამის დროს გვერდით მოისვით და აჩვენეთ, როგორ მოგწონთ ახალი კერძი, მერე კი ერთი ლუკმის გასინჯვა შესთავაზეთ.
სულაც არ არის აუცილებელი, ბავშვმა ულუფა ბოლომდე შეჭამოს. დაძალება ძალიან ცუდია და კერძისადმი, საზოგადოდ, ჭამისადი უარყოფით დამოკიდებულებას ბადებს. თუ ბავშვი გამუდმებით ტოვებს თეფშზე საჭმელს, ულუფა შეუმცირეთ. სულ მალე მიაგნებთ “ოქროს შუალედს” – საკვების ბავშვისთვის მისაღებ რაოდენობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ჯანსაღი კვების კულტურის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მადა. ამ დროს ორგანიზმი მზად არის, მიიღოს და გადაამუშაოს საკვები. თუ ბავშვი ჯანმრთელი და აქტიურია, მაგრამ ჭამა არ უნდა, ეს ნიშნავს, რომ მას უბრალოდ არ შია. როცა მოშივდება, საჭმელს თვითონვე მოითხოვს.
სოციალიზაცია და კომუნიკაცია
ადამიანი საზოგადოების ნაწილია. საზოგადოების სხვა წევრებთან ურთიერთობის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. კომუნიკაციური უნარების განვითარება, სპეციალისტთა დაკვირვებით, დაბადებამდე იწყება, როცა ჩანასახს მუცელში დედის ხმა ესმის – გაურკვევლად, დახშულად, მაგრამ მაინც. ახალშობილი განასხვავებს ხმებს და თავისებურად რეაგირებს კიდეც მათზე. ასევე გრძელდება აღზრდისა და განვითარების მომდევნო ეტაპებზეც. ბავშვი სწავლობს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, თანატოლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობას. მას უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი აზრი საინტერესო და მნიშვნელოვანია. რაც უფრო მკაფიოდ დაინახავს ამას ბავშვი, მით უფრო თავდაჯერებული და კომუნიკაბელური იქნება მომავალში.
პატარებს უფროსები ხშირად ენის მოჩლექით ესაუბრებიან, უყურადღებოდ უსმენენ და არაფრად აგდებენ მათ ინტერესებს. ასე ბავშვი მიეჩვევა ჩრდილში ყოფნას და საკუთარი პოზიციის დაცვას ვერასოდეს ისწავლის.
ბავშვთან ურთიერთობისას მნიშვნელობა აქვს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა:
საუბრისას თვალით კონტაქტი;
- გამამხნევებელი, ინტერესის გამომხატველი ჟესტიკულაცია, თავის ქნევა თანხმობის ნიშნად, ღიმილი;
- კითხვების დასმა საუბრის გასაგრძელებლად ან რამის დასაზუსტებლად;
- მოთმინება – ნუ შეაწყვეტინებთ სიტყვას, ნუ დაასრულებთ მის ნაცვლად წინადადებებს, მოთმინებით დაელოდეთ, როდის იტყვის ბავშვი სათქმელს ბოლომდე.
- გახსოვდეთ, თავაზიანი და ყურადღებიანი მოსმენა ბავშვს თავდაჯერებას უნერგავს და კომუნიკაციის სურვილსა და უნარს უვითარებს.
ქება და წახალისება შენიშვნისა და აკრძალვის ნაცვლად
დააკვირდით: ბავშვის შეცდომებს უფრო ადვილად ვამჩნევთ და აღვნიშნავთ, ვიდრე წარმატებებს, ცუდი საქციელის გამო უფრო ხშირად ვსაყვედურობთ, ვიდრე კარგის გამო ვაქებთ. ეს აღმზრდელთა კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. მშობლებმა გამუდმებით ნაკლოვანებებზე კი არ უნდა მიუთითონ შვილებს, არამედ ღირსებები შეუქონ და წაახალისონ. თუ ხშირად მიაქცევთ ყურადღებას ბავშვის კარგ საქციელს, ეს ქცევა აუცილებლად გაუნმტკიცდება და შენიშვნების მიცემაც უფრო და უფრო იშვიათად მოგიწევთ. ოღონდ გაითვალისწინეთ: ქება ზომიერი და საქმიანი უნდა იყოს.
ნინო ლომიძე