რკინადეფიციტური ანემია
გააზიარე:
რკინის ადამიანები
რკინის ლედი, რკინის კაცი, რკინის ნერვები, რკინის ფარდა... რკინა ოდითგანვე ძლიერებისა და სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. თუმცა, ხატოვანი გამოთქმები იქით იყოს და, რკინა პირდაპირი მნიშვნელობითაც სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარი ყოფილა. მის გარეშე თურმე მთელ ორგანიზმს ემუქრება საფრთხე.
არ არის რკინა – არ არის ჟანგბადი
რკინა ჰემოგლობინის წარმოქმნაში მონაწილეობს, ჰემოგლობინი კი ერითროციტების, სისხლის წითელი უჯრედების, აუცილებელი კომპონენტია. სწორედ მას გადააქვს ჟანგბადი მთელ ორგანიზმში. ამრიგად, რკინის გარეშე ვერ მოხერხდება ჟანგბადის გადატანა და ყველა ორგანოს ფუნქციობას საფრთხე დაემუქრება. ასე რომ, ამ ელემენტის ადეკვატური რაოდენობით მიღება ყველა ადამიანისთვის, მეტადრე მოზარდისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
რკინის დეფიციტი განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა, თუმცა არც განვითარებული ქვეყნებისთვის არის უცხო. ის ყველაზე გავრცელებული კვებითი დეფიციტია და მთელ მსოფლიოში ანემიის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. განვითარებად ქვეყნებში ანემიის 2 მილიარდი შემთხვევის 70-80% რკინადეფიციტური ანემიის წილად მოდის. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ეს დაავადება ორსულებსა და მეძუძურ ქალებთან, ადრეული და პუბერტატული ასაკის ბავშვებთან. ქალებისა და ბავშვების რკინადეფიციტური ანემიით ავადობის მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 7-14%-ს აღწევს, განვითარებად ქვეყნებში 40%-ს აღემატება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ხანს ეს დაავადება საქართველოშიც გახშირდა. 2009 წელს ჩატარებული ნუტრიციის ეროვნული კვლევით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 22.8%-ს ანემია აღენიშნება. ჯანმოს დასკვნის თანახმად, საქართველოსთვის ანემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საშუალო სირთულის პრობლემას წარმოადგენს.
საიდან ვიღებთ?
რა გზით ხვდება რკინა ჩვენს ორგანიზმში? ცხადია, ლურსმნების ყლაპვა არ მოგვეთხოვება. რკინის ძირითადი წყარო საკვებია. უმეტესობას ალბათ ვაშლი წარმოგიდგათ თვალწინ. სინამდვილეში ეს მეტად სასარგებლო ხილი სულაც არ არის რკინის მთავარი წყარო. არა, ეს ელემენტი ვაშლშიც ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტს მაინც წითელი ხორციდან მიიღებთ.
რკინის შემცველობის ცხრილში თუ ჩაიხედავთ, შესაძლოა თვალებს არ დაუჯეროთ – ყველაზე მეტ რკინას, არც მეტი, არც ნაკლები, ჰალვა შეიცავს! მაგრამ ჰალვის მოხმარებისკენ მოწოდებას ვერც ერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ. საქმე ის არის, რომ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რკინის შემცველობას, არამედ იმასაც, რა ფორმით შეიცავს ესა თუ ის საკვები რკინას, ადვილად აითვისებს თუ არა ამ მიკროელემენტს ორგანიზმი. ამ თვალსაზრისით კი ყველაზე სასარგებლო წითელი ხორცია.
რკინით მდიდარი პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია: წითელი ხორცი, ფრინველის მუქი ხორცი, თევზი, მოლუსკები, ხამანწკები, კვერცხის ცილა, ნიგოზი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, წითელი წიწაკა, კარტოფილი, ნიორი, კობოსტო, ჭარხალი, პარკოსნები (ბარდა და ლობიო), ხილი (გარგარი, ანანასი, ყურძენი, ვაშლი, ქიშმიში).
ცხოველური საკვებიდან რკინას ორგანიზმი უფრო უკეთ ითვისებს, ვიდრე მცენარეულიდან. რკინის ათვისება საკვებში სხვა ნივთიერებათა შემცველობაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ჩ ვიტამინი მის შეწოვას აუმჯობესებს, რძე კი, პირიქით, აქვეითებს.
რძე ვს რკინა
გაგიკვირდებათ, მაგრამ ძროხის რძის სიჭარბეც შეიძლება რკინის დეფიციტის მიზეზად იქცეს და, აი, რატომ: ჯერ ერთი, თავად რძეში რკინა ცოტაა; მეორე – ბავშვებს, რომლებიც ბევრ რძეს სვამენ, არ შივდებათ (რძე საკმაოდ ნოყიერია), რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს რკინით მდიდარი საკვების მიღებას. მესამე და მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რძე ამცირებს რკინის შეწოვას და აღიზიანებს ნაწლავების ლორწოვანს, რასაც სუსტი სისხლდენა და შედეგად რკინის დაკარგვა მოსდევს. ასე რომ, თუ თქვენი შვილი დღეში 600-700 გრამზე მეტ რძეს სვამს და, ამასთანავე, იშვიათად მიირთმევს რკინით მდიდარ საკვებს, რკინის დეფიციტი ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
რკინის შეწოვას ხელს უშლის კოფეინიანი სასმელებიც – ჩაი და ყავა. აი, ჩ ვიტამინის შემცველი საკვები კი რკინის შეწოვას ერთიორად ზრდის, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, ამ ელემენტით მდიდარ პროდუქტებს ბროკოლი, პომიდორი, მარწყვი, ფორთოხალი ან მათი წვენები დავაყოლოთ.
რამდენი?
ასაკის მიხედვით იცვლება რკინის დღიური ნორმა.
4-6 თვემდე ასაკის ჩვილს დედის რძე რკინით სათანადოდ უზრუნველყოფს. რკინის დეფიციტი არც მათ ემუქრებათ, ვინც ხელოვნურ კვებაზეა, მაგრამ რკინით გამდიდრებულ საკვებს იღებს.
დედის რძე რკინითა და სხვა ნივთიერებებით 6 თვემდე ამარაგებს ბავშვს. ამ ხნის განმავლობაში პატარს დამატებითი საკვები არ სჭირდება. 7 თვიდან კი მის რაციონში ნელ-ნელა უნდა ჩავრთოთ ფაფები, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ხორცი და ხილი. 7-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვისთვის რკინის დღიური ნორმა 11 მილიგრამია. თუ პატარა სრულფასოვნად იკვებება, ამდენ რკინას ადვილად მიიღებს.
1-დან 4 წლამდე რკინის დღიური ნორმა 7 მგ-მდე იზრდება, 4-დან 8 წლამდე კი 10 მგ-ს აღწევს.
ნორმა ოდნავ (8 მგ-მდე) იკლებს 9-დან 13 წლამდე, ტინეიჯერობის ასაკში კი მასზე მოთხოვნა ისევ იმატებს – ვაჟებისთვის 11 მგ-ს უტოლდება, გოგონებისთვის კი 15 მგ-ს. ეს გაძლიერებული ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შედეგია. პრობლემები უფრო გოგონებს ემუქრებათ, რადგან ისინი რკინას მენსტრუაციის შედეგადაც უხვად კარგავენ. ამიტომ მათ რკინით მდიდარი უფრო მეტი საკვების მიღება მართებთ.
საფრთხე მაშინაც დიდია, როცა ბავშვი სპორტს მისდევს ან ვეგეტარიანელია. უკანასკნელ შემთხვევაში მაქსიმალური დატვირთვა რკინით მდიდარ ბოსტნეულზე უნდა გადავიტანოთ, თუმცა შესაძლოა, ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი და ბავშვს დანამატების მიღება დასჭირდეს.
დეფიციტი
რკინის დეფიციტი ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში მისი მარაგი იწურება.
დეფიციტი შესაძლოა მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს.
ეს მიზეზები ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
1. რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნის ზრდა (ზრდის ტემპის მომატება, რკინის ჭარბი კარგვა სისხლდენისა თუ მენსტრუაციის შედეგად და სხვა);
2. საკმარისი რაოდენობის რკინის მიუღებლობა ან მისი შეწოვის დაქვეითება (კვებითი დარღვევები, კუჭნაწლავის პრობლემები და სხვა).
რა მოსდევს რკინის დეფიციტს?
- ფერხდება მოტორული ან მენტალური ფუნქციების განვითარება;
- სუსტდება ყურადღების კონცენტრირების, დამახსოვრების, შემეცნების, სწავლის უნარი;
- თავს იჩენს ქცევითი დარღვევები;
- სუსტდება იმუნიტეტი, რაც ხელს უწყობს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განვითარებას;
- დღენაკლულ ახალშობილებთან ხშირდება ჯანმრთელობის პრობლემები და იმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი სიცოცხლის პირველ წელს.
რკინის დეფიციტი თუ რკინადეფიციტური ანემია
რკინის დეფიციტი და რკინადეფიციტური ანემია სხვადასხვა ცნებებია. რკინადეფიციტური ანემია თანდათან ვითარდება. თავდაპირველად ორგანიზმში მცირდება რკინის რაოდენობა და რამდენადმე ფერხდება კუნთებისა თუ ტვინის ფუნქციობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ანემია – ორგანიზმი რკინის საკუთარი მარაგის გამოყენებას და ჰემოგლობინის სინთეზს ცდილობს. ამ პერიოდში სისხლის საერთო ანალიზი ანემიას არ აჩვენებს, თუმცა კი ორგანიზმში რკინის დეფიციტია. დროთა განმავლობაში მისი რესურსები იფიტება და რკინის ნაკლებობა ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობაზეც აისახება. ამ დროს თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა და სისუსტე;
- სიფითრე, განსაკუთრებით – ხელებზე, თითების ირგვლივ;
- გულისცემის აჩქარება;
- აგზნებულობა;
- უმადობა;
- თავბრუხვევა.
რკინა და არა ცარცი
რკინის დეფიციტი ზოგჯერ მეტად უცნაურ გასტრონომიულ მიდრეკილებებს – საღებავების, ცარცის, მიწის ჭამის სურვილს იწვევს. შესაძლოა, ბავშვს იზიდავდეს უჩვეულო სუნებიც – აცეტონისა, ბენზინისა და სხვა. საკმარისია, რკინის დეფიციტი აღმოვფხვრათ, რომ ბავშვის მენიუში საპატიო ადგილს კვლავ საყვარელი პროდუქტები დაიკავებს.
დიაგნოზი
დაავადებას ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას ეჭვობენ. ექიმი შეისწავლის ბავშვის რაციონს და ფიზიკურ მონაცემებს, მათ შორის – ზრდის ტემპს. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია სისხლის საერთო ანალზი, რომელიც ერთროციტების, ჰემოგლობინის ან ორივე მათგანის დაქვეითებას ავლენს. ხშირად დიაგნოზს შემთხვევით, სხვა მიზნით ჩატარებული გამოკვლევისას სვამენ. დაავადების გამოსარიცხავად აუცილებელია, ჩვილს ერთი წლის ასაკში სისხლის საერთო ანალიზი ჩავუტაროთ. დღენაკლულ ბავშვებთან ანემიის გამორიცხვა უფრო ადრეც ხდება. შესაძლოა, დაგჭირდეთ განავლის ანალიზიც, ვინაიდან არცთუ იშვიათად რკინის დეფიციტის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენაა.
სასწრაფოდ, რკინა?
რიოდესაც რკინადეფიციტური ანემია რკინის ალიმენტური დეფიციტით ან მისი გაძლიერებული ხარჯვითაა გამოწვეული, მკურნალობის მთავარი პრინციპი უკმარისობის შევსება გახლავთ, რაც უმთავრესად რკინის პრეპარატების მიღებას გულისხმობს. ცხადია, აუცილებელია კვების რაციონის მოწესრიგებაც. მაგრამ გახსოვდეთ: ანემია ერთმნიშვნელოვნად რკინის დეფიციტზე არ მიუთითებს, მის უკან შესაძლოა არაერთი დაავადება იდგეს, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და გამოიკვლიოთ სისხლში რკინის შემცველობა. საქმე ის არის, რომ თუ ანემია რკინის დეფიციტს არ გამოუწვევია, რკინის მიღებამ შესაძლოა უფრო მეტად დაამძიმოს პროცესი. რკინის სიჭარბე იწვევს ჰემოსიდეროზს, რომელსაც არცთუ სახარბიელო მიმდინარეობა ახასიათებს. ანემია შესაძლოა თალასემიის შედეგიც იყოს, ამ დროს კი რკინის მიღება ნამდვილი დანაშაულია. ასე რომ, ანემიის მკურნალობის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
რკინის პრეპარატები უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე ან მცირე რაოდენობის საკვებთან ერთად. არ შეიძლება მათი რძესთან ან კოფეინიან სითხესთან ერთად მიღება. C ვიტამინის შემცველი საკვები და სასმელი კი რკინის შეწოვას, პირიქით, ზრდის.
მკურნალობის შედეგი რამდენიმე დღეში აშკარა გახდება: ბავშვს მადა დაუბრუნდება, თავს უკეთ იგრძნობს. ერთ თვეში ჰემოგლობინის მაჩვენელი აიწევს. რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, წესისამებრ, რკინის დანამატების 3-6-თვიანი მიღებაა საჭირო, თუმცა ზოგჯერ ბავშვები უფრო მეტხანსაც მკურნალობენ.
გვანცა გოგოლაძე