ფიზიოლოგიური მშობიარობა

გააზიარე:

გზას ჯერარდაბადებულთა სამყაროდან დედამიწამდე თითოეული ჩვენგანი გადის. ეს ალბათ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობაა. მისი დამაგვირგვინებელი აკორდია დაბადება, რომლითაც ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება იწყება, გარშემო მყოფი ადამიანებისა კი სამუდამოდ იცვლება.

ამ გზას მარტო არავინ გაივლის – ფეხდაფეხ მოგვყვებიან და ჩვენი მგზავრობის უსაფრთხო დასასრულზე ზრუნავენ დედა, მამა, ნათესავები, ექიმები... და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ერთ მშვენიერ დღეს დედის წიაღიდან ვიწრო კარიბჭის გავლით ახალ სამყაროს მოვევლინებით.

დღეს სწორედ ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე გესაუბრებით. ჩვენი სტუმარია დავით გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი დავით გაგუა.

 

– რა არის ფიზიოლოგიური მშობიარობა?

–              ფიზიოლოგიური ეწოდება მშობიარობას, რომლის დროსაც ნაყოფი დროულად, ბუნებრივი სამშობიარო გზებით, გართულებისა და დამატებითი ჩარევის გარეშე იბადება. გამოყოფენ ფიზიოლოგიური მშობიარობის სამ ეტაპს. პირველი მოიცავს პერიოდს სამშობიარო მოქმედების დაწყებიდან ყელის სრულ გახსნამდე, მეორე – პერიოდს სრული გახსნიდან ნაყოფის დაბადებამდე, მესამე ეტაპი კი მომყოლის დაბადებაა.

– რა მიანიშნებს სამშობიარო მოქმედების დაწყებაზე და როდის უნდა მიმართოს ქალმა სამშობიარო სახლს?

– სამშობიარო მოქმედების დაწყებას მოასწავებს რეგულარული, განსაზღვრული პერიოდულობით თავჩენილი ტკივილი. ტკივილის მიზეზი საშვილოსნოს ყელის გახსნაა. თავდაპირველად საშვილოსნოს ყელი მოკლდება, რბილდება, გადასწორდება, მერე კი იწყება მისი გახსნა. სამშობიარო მოქმედების დაწყება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. განასხვავებენ ნაყოფისმხრივ და დედისმხრივ ფაქტორებს. ჰიპოფიზის ჰორმონ ოქსიტოცინის გავლენით იკუმშება საშვილოსნოს კუნთოვანი აპარატი და იწყება სამშობიარო შეტევები. ყელის სრული გახსნა 10 სმ-მდე გახსნას ნიშნავს. ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ და განმეორებით მშობიარეებთან საშვილოსნოს ყელი სხვადასხვანაირად იხსნება – შესაბამისად, 1.2 სმ`სთ და 1.5 სმ`სთ. ამრიგად, მშობიარობის პირველი ეტაპი შესაძლოა 8, 10, 12 საათსაც კი გაგრძელდეს. ეს არის მშობიარობის ყველაზე ხანგრძლივი ფაზა.

– სანაყოფე წყლების დაღვრაც ამავე ეტაპზე ხდება?

– ნორმის შემთხვევაში სანაყოფე წყლები ყელის სრული გახსნისას იღვრება. სანაყოფე ბუშტი სოლისებრ ფორმას იღებს და სამშობიარო გზებში ნაყოფს წინ მიუძღვის. ამის შედეგად მშობიარობა უფრო უმტკივნეულოდ და სწრაფად მიმდინარეობს. თუ წყლები დაიღვარა, ამ ფუნქციას ნაყოფის თავი ასრულებს, რომელსაც შეკუმშვის უნარი აქვს. სწორედ მისი დახმარებით იხსნება საშვილოსნოს ყელი. სანაყოფე წყლები ზოგჯერ ნაადრევად იღვრება. ამან შესაძლოა გაახანგრძლივოს და უფრო მტკივნეული გახადოს სამშობიარო მოქმედება. თუმცა ხდება ისეც, რომ სანაყოფე ბუშტის მთლიანობა პირველი ფაზის დასასრულსაც კი არ ირღვევა. ამ დროს მეანი მიმართავს ამნიოტომიას – სანაყოფე გარსის ხელოვნურ დარღვევას.

– ყველამ ვიცით, რომ სამშობიარო მოქმედება მტკივნეულია. რა გზით შეიძლება მისი შემსუბუქება?

–  არსებობს გაუტკივარების სხვადასხვა მეთოდი – ფარმაკოლოგიურიც და არაფარმაკოლოგიურიც. ფარმაკოლოგიური საშუალებებიდან დღეს ყველაზე ეფექტურად ეპიდურული ანესთეზია მიიჩნევა. გარდა ამისა, დადგენილია პოზები, რომლებიც სამშობიარო ტკივილს ამსუბუქებს. მაგალითად, შვების მომგვრელია ფეხზე დგომა, სიარული, წინ გადახრა და მყარ ზედაპირზე დაყრდნობა, მუხლებზე დგომა. უკანასკნელი პოზა განსაკუთრებით ამცირებს ტკივილს წელის არეში და, ამასთანავე, ხელს უწყობს ნაყოფის თავის სწორ ჩადგომას. ჩაჯდომა აფართოებს მენჯს და აადვილებს ნაყოფის თავის დაბადებას. დაბადებას ასევე უწყობს ხელს ჯდომა და რწევა. ეს პოზიცია შეტევებს შორის დასვენების საშუალებასაც იძლევა. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად იაქტიურებთ ამ პერიოდში, მით უფრო გაგიადვილდებათ მისი გავლა. უძრავად წოლა ტკივილს აძლიერებს, ამიტომ პოზა რაც შეიძლება ხშირად უნდა იცვალოთ. შვებას მოგგვრით სავარჯიშო ბურთები, მასაჟი, ცხელი წყალი.

– რა ხდება მშობიარობის მეორე ეტაპზე?

– ეს ეტაპი იწყება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის შემდეგ. ნაყოფი ამ დროს გაივლის მენჯის ღრუს. როდესაც ის ვიწრო ნაწილიდან მენჯის ფსკერზე გადადის, აწვება სწორ ნაწლავს და ქალი ინსტინქტურად იწყებს ჭინთვას. ადრეული გაჭინთვა არ არის რეკომენდებული. მშობიარე მაშინ უნდა გაიჭინთოს, როდესაც ჭინთვის შეგრძნება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიღლება, მშობიარობა გაუხანგრძლივდება. შესაძლოა, ნაყოფის გულისცემაც შეიცვალოს.

– როგორ მოძრაობს ნაყოფი მშობიარობის დროს?

– იხრება, იშლება, ბრუნავს. გააჩნია, როგორი იყო მისი მდებარეობა სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე. ყველაზე სასურველი და, ამავე დროს, ყველაზე გავრცელებული მდებარეობა კეფით წინამდებარეობის წინასახეა. ამ დროს ნაყოფს სახე ქვემოთ აქვს მიქცეული. დაბადების შემდეგ თავი აკეთებს გარეგან ბრუნს და თუ ზურგი მარცხენა მხარეს ექნა, სახით დედის მარჯვენა ბარძაყისკენ მიბრუნდება.

კეფით წინამდებარეობის წინასახე ყველაზე ოპტიმალური მდგომარეობაა, მაგრამ ფიზიოლოგიურად მიიჩნევა კეფით წინამდებარეობის უკანასახეც, როცა ნაყოფის სახე ზემოთ იყურება. ამ დროს დაბადება ოდნავ ხანგრძლივდება.

– ნაყოფის მდებარეობას ექოსკოპიურად აკონტროლებენ. შესაძლებელია თუ არა, ის უშუალოდ მშობიარობის დროს შეიცვალოს?

– სავსებით შესაძლებელია, ამიტომ ულტრაბგერითი კვლევა სრულ გარანტიას არ იძლევა. შესაძლოა, ნაყოფმა ისე შეიცვალოს მდებარეობა, რომ საკეისრო კვეთაც კი გახდეს საჭირო. შესაძლოა, ექოსკოპიამ, მაგალითად, გამოავლინოს თავით წინამდებარეობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – თავს არაერთი ნაწილი აქვს, ამიტომ “თავით წინამდებარეობა” შესაძლოა გულისხმობდეს კეფით წინამდებარეობის წინასახეს ან უკანასახეს, შუბლით წინამდებარეობას, პირისახით წინამდებარეობას (ამ პოზიციის უკანასახის დროს ნაყოფი თავისით პრაქტიკულად ვერ იბადება – ყოველთვის ტარდება საკეისრო კვეთა).

– რა უწყობს ხელს ნაყოფის პოზიციის ცვლილებას?

– მრვაალწყლიანობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა, საშვილოსნოს დეფორმაცია, ორრქიანი და უნაგირა საშვილოსნო, საშვილოსნოს განვითარების ანომალია. ასევე ხშირად იცვლის მდებარეობას ნაყოფი საშვილოსნოს მიომის დროს.

– როგორ უნდა სუნთქავდეს ქალი მშობიარობის დროს?

– ღრმად და თანაბრად. შეტევის დროსაც ღრმა და სწორი სუნთქვა ტკივილის ამსუბუქებს. არასწორმა სუნთქვამ შესაძლოა დაღალოს მშობიარე და ნაყოფის ჰიპოქსია გამოიწვიოს. ქალი მაქსიმალურად უნდა ერიდოს სახისა და ყელის კუნთების დაჭიმვას. პირველად უმეტესად თავი იბადება. ყველაზე რთული და მტკივნეული სწორედ ნაყოფის თავის დაბადებაა. დაბადების შემდეგ თავი აკეთებს გარეგან ბრუნს, ამის კვალობაზე, შინაგან ბრუნს აკეთებს მხრები, შემდგომ მხრის სახსარი ბოქვენის ძვალს მიებჯინება და მეორე მხარი გამოდის შორისის მხრიდან. ასე იბადება ტანი.

მშობიარობის მეორე ეტაპი ანუ უშუალოდ ნაყოფის დაბადება შესაძლოა 30 წუთიდან 3 საათამდე გაგრძელდეს.

– რომელი პოზა მიიჩნევა მშობიარობისთვის ყველაზე ოპტიმალურად?

– ყველაზე ოპტიმალურ მიიჩნევა გვერდითი პოზა. ის გაცილებით მოხერხებულია, ვიდრე ზურგზე წოლა. არსებობს მუხლ-იდაყვის, ჩამჯდარი და სხვა პოზიციებიც. მშობიარობის პროცესი ფსიქოსოციალურ ფაქტორებსაც უკავშირდება. ბევრი რამ ქვეყნის ტრადიციებზეცაა დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, ქალმა იმ პოზაში უნდა იმშობიარობს, რომელიც მისთვის ყველაზე მოხერხებულია.

– რა ხდება ნაყოფის დაბადების შემდეგ?

– იჭრება ჭიპლარი, საიდანაც მუცლად ყოფნისას ნაყოფს საკვები ნივთიერებები მიეწოდებოდა. ამრიგად, დედა-შვილს შორის ფიზიოლოგიური კავშირი წყდება. ამის კომპენსაციისთვის მივმართავთ კანით კანთან კონტაქტს – ნაყოფს დაბადებისთანავე ვაწვენთ დედის მკერდზე და ის მაშინვე იწყებს ძუძუს ძებნას.

– რამდენი ხნის შემდეგ იბადება მომყოლი?

– ამჟამას მიღებულია მშობიარობის მესამე ეტაპის აქტიური მართვა, რაც ნაყოფის დაბადების შემდეგ ოქსიტოცინის შეყვანას გულისხმობს. ეს ჰორმონი საშვილონოს შეკუმშვას და მომყოლის დაბადებას უწყობს ხელს. სპეციალური მანევრის გამოყენებით ვქაჩავთ ჭიპლარს მომყოლის გამოსაძევებლად. ამავე დროს საპირისპირო მიმართულებით, ზემოთ, ვექაჩებით საშვილოსნოს. ასე ერთ-ორ წუთში იბადება პლაცენტა. მას ვათვალიერებთ, რათა არ გამოგვეპაროს დეფექტები, თრომბები, სისხლჩაქცევები ან პლაცენტის ნაწილი საშვილოსნოს ღრუში არ ჩაგვრჩეს.

– მშობიარობის დროს ზოგჯერ ჩახევა ხდება, ზოგჯერ კი ექიმი თავად მიმართავს ეპისიოტომიას...

– აღმოჩნდა, რომ ჩახევა, იქაც კი, სადაც მოსალოდნელი გვეგონა, სულაც არ ყოფილა გარდაუვალი, ამიტომ დღეს ეპისიოსტომიას იშვიათად მიმართავენ. სამშობიარო სახლის მუშაობის შეფასების ერთ-ერთ კრუტერიუმად სწორედ ეპისიოტომიების რაოდენობა მიიჩნევა. მას მხოლოდ მაშინ ვაკეთებთ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ნაყოფის უფრო სწრაფად დაბადებაა საჭირო.

– რამდენი ხნის შემდეგ გადაჰყავთ ქალი პალატაში?

– ორი საათის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში მკაცრად კონტროლდება მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები. ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ ქალის სამშობიაროში დაყოვნების ვადა 2-3 დღეა.

– რა როლი აკისრია მეანს მშობიარობის პროცესში?

– თუ მშობიარობა გაურთულებლად მიმდინარეობს, მეანი ამ პროცესში ფაქტობრივად არ ერევა. მისი უპირველესი მოვალეობა მდგომარეობის კონტროლი და პათოლოგიის აღმოცენების შემთხვევაში ვითარების დროული შეფასებაა. სწორედ მეანმა უნდა განსაზღვროს, სცდება თუ არა მშობიარობა ფიზიოლოგიურად დასაშვებ საზღვრებს და საჭიროა თუ არა დამატებითი ჩარევა.

– რას გვეტყვით მშობიარობის პროცესში მამის როლზე?

– მამის როლი უდიდესია. ის ბავშვის მშობელია, ამიტომ დაბადების პროცესში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. დადგენილია, რომ ქალის ფსიქოემოციურ განწყობაზე ძალზე დადებითად მოქმედებს საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა. მშობიარობის პირველი პერიოდი მაინც ცოლ-ქმარმა ერთად უნდა გაატაროს. სასურველია, ქმარი დაეხმაროს ცოლს ოპტიმალური პოზის შერჩევაში. თუ საკეისრო კვეთის შემდეგ დედასთან შვილის კანით კანთან კონტაქტი შეუძლებელია, ამას მამასთან ვაკეთებთ. ასე რომ, მამა მშობიარობის პროცესის სრულყოფილი თანამონაწილე უნდა იყოს.

 

სამახსოვრო:

მიმართეთ სამშობიარო სახლს:

* თუ დაგეწყოთ რეგულარული ტკივილები (10-12 წუთში ერთხელ);

* გაგიჩნდათ სისხლიანი გამონადენი;

* დაღვარეთ სანაყოფე წყლები;

* გიჭირთ სიტუაციაში გარკვევა.

 

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: