მუსიკა, რომელიც დროსა და თაობებს უძლებს
გააზიარე:
ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ “გემოვნებიან მუსიკაზე”. გემოვნება საკამათო თემაა, თუმცა ხარისხი, ვფიქრობ, გამძლეობით, სხვადასხვა ეპოქაში აქტუალობის შენარჩუნებით განისაზღვრება. ჩვენი ქვეყნის ფოლკლორმა საუკუნეები გამოიარა, გაუძლო დროსა და თაობებს, დაიხვეწა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, ჩვენი კულტურის სახედ იქცა და თუ დღეს ჩვენს ქვეყანას რამე აქვს საამაყო, ერთ-ერთი სწორედ ფოლკლორია, რომელიც სხვა ერების წინაშე ჩვენს უნიკალურობას, თვითმყოფადობას და უძველეს კულტურას წარმოაჩენს.
საქართველოს სარეზერვო ფონდმა საინტერესო პროექტი დააფინანსა, რომელსაც ფოლკლორისტმა და მუსიკოსმა გიორგი უშიკიშვილმა შეასხა ხორცი. სამუშაო ჯგუფმა საქართველოს მასშტაბით 60 ანსამბლის შესახებ მოიძია ინფორმაცია, მათი რეპერტუარი ვიდეოფორმატში ჩაწერა, ფოტომატიანე შექმნა და გამოსცა ერთგვარი ენციკლოპედია ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლების შესახებ, რომლებიც დღემდე ტრადიციული შემსრულებლობით გამოირჩევიან და ძველ რეპერტუარს აღადგენენ.
წიგნად გამოცემული ეს უნიკალური მასალა საინტერესო უნდა იყოს მომავალი თაობებისთვისაც და უცხოელებისთვისაც, რომლებიც ქართული ფოლკლორითა და კულტურით არიან დაინტერესებულნი.
გიორგი უშიკიშვილს ხალხური მუსიკის პოპულარიზაციასა და მის მნიშვნელობაზე, ახალ პროექტებსა და შემოქმედებით გეგმებზე ვესაუბრეთ:
– საქართველოს ტელეეთერში, შოუებსა და კონცერტებზე უმეტესად უცხოური სიმღერები ჟღერს. ვფიქრობ, მხოლოდ ჩემს აზრს არ გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ ხალხურ მუსიკას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების, ახალგაზრდების მხრივ ინტერესი დიდია...
– მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ ხალხურ მუსიკას. მწყინს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ვალდებულია და, ალბათ, წესდებაშიც აქვს მითითებული, რომ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასა და ფოლკლორს პოპულარიზაციას უწევდეს, ამისთვის არაფერს აკეთებს. საზღვარგარეთის მედია უფროა დაინტერესებული ჩვენი ფოლკლორით, ვიდრე ქართული. ცოტა ხნის წინ ჩNN-მა გადაგვიღო ენტონი ბორდეინის შოუსთვის, კიდევ რამდენიმე ტელეგადაცემა ჩაიწერა უცხოელი მაყურებლისთვის...
მიხარია, რომ “რუსთავი 2”-ის პროექტებში – “ნიჭიერსა” და “X ფაქტორში” ვარ ჩართული და მათში მეტ-ნაკლებად ხალხური მუსიკაც შევიტანეთ. ის დღეები, როცა კონკურსანტები ხალხურ მუსიკას ასრულებენ, ძალიან რეიტინგულია. ბევრი ახალგაზრდა მწერს სოციალურ ქსელშიც, მეკითხებიან, სად შეიძლება ამ მუსიკის მოსმენა, შესწავლა... 14-15 წლის მოზარდები გვეხმიანებიან... სამწუხაროდ, უმეტესობას ხალხური მუსიკის ეს შედევრები არც კი მოუსმენია... და მაინც, ინტერესი დიდია, რადგან წინაპრების მიერ დატოვებული ეს უნიკალური მემკვიდრეობა ჩვენს გენეტიკურ კოდშია და როცა მას ვისმენთ, სულში რაღაც იღვიძებს.
– ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის მედიის აქტიურობა საკმარისია?
– სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა. სწორედ მან უნდა გაუწიოს დახმარება რეგიონულ ფოლკლორულ ჯგუფებს, რომლებიც ქართული ხალხური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანები არიან. ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში არის ფოლკლორული ანსამბლი “ხელხვავი”, რომელიც ამ რაიონში გურული სიმღერის უნიკალური, ტრადიციული შემსრულებელია. მომღერლების ხელფასი 80 ლარია და უმეტესობას რეპეტიციაზე მისასვლელად 4-5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს... მიმაჩნია, რომ ასეთი რამ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას.
– სახელმწიფოს მხრივ ფოლკლორის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებასაც მისცემს სტიმულს...
– ტურისტს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, აინტერესებს ჩვენი კულტურული ძეგლები, სამზარეულო, ბუნება და, ცხადია, ფოლკლორიც... სამწუხაროდ, ბევრი ვერ ხვდება, რომ ჩვენი ფოლკლორი ტურიზმის განუყოფელი ნაწილია. სვანეთში რომ ჩადის ადამიანი, ეცნობა იქაურ არქიტექტურას, ბუნებას, მიირთმევს კერძებს და ამ დროს ფონად რუსული საესტრადო სიმღერებია ჩართული... ეს ხომ სრული შეუსაბამობაა... ეთნოგრაფიული ნიმუშების გაცნობისას იქ სვანური ხალხური მუსიკა უნდა ჟღერდეს. ფოლკლორი და ეთნოგრაფია განუყოფელია ერთმანეთისგან და მათ გარეშე ტურიზმის განვითარება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. არა მგონია, რომელიმე ვარსკვლავში გადახდილმა რამდენიმე მილიონმა დოლარმა ხანგრძლივ პერსპექტივაში ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი, ფოლკლორის, ეთნოგრაფიისა და, საზოგადად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია კი სწორედ რომ ხანგრძლივ პერსპექტივაშია მოგებიანი.
ვისურვებდი, სახელმწიფოს შეემუშავებინა გარკვეული კონცეფცია იმის შესახებაც, რისი წარმოჩენა უნდა ხდებოდეს საზღვარგარეთ... კულტურის სამინისტროს ყველა ხელოვანთან უნდა ჰქონდეს კავშირი, რათა ნებისმიერ მათგანს შეეძლოს სახელმწიფოსგან დახმარების მიღება. მთავრობა მხარში უნდა ამოუდგეს მათ, ვისაც სურს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოს. სახელმწიფოს ამაში დიდი როლის შესრულება შეუძლია, მისი დაინტერესება კერძო სექტორის ჩართვასაც გამოიწვევს.
ამ სფეროს იგნორირება ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას. უნდა ვიზრუნოთ, რომ არა მხოლოდ უცხოელები, არამედ ჩვენი შვილებიც დაინტერესდნენ ფოლკლორით – ეს უბრალო სიმღერები არ არის, ეს ჩვენი უდიდესი კულტურული საგანძურია.
გიორგი უშიკიშვილი ფოლკლორის ეროვნულ სკოლას ხელმძღვანელობს, სადაც დაახლოებით 250 ბავშვი სწავლობს სიმღერას. აუცილებელი არ არის, ყველა მომღერალი გამოვიდეს, ჩვენ აქ კარგ მსმენელს ვზრდითო, ამბობს.
– ვერც კი გეტყვით, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – კარგი შემსრულებელი თუ კარგი მსმენელი. ხალხური სიმღერა მხოლოდ მელოდია ხომ არ არის; ის გვასწავლის ყველაფერს – ქვეყნის სიყვარულს, ქალის, მშობლების, მოხუცების პატივისცემას... ეს ისეთი ტექსტუალური მასალაა, რომ ბავშვები ნამდვილ პიროვნებებად ყალიბდებიან.
ჩვენს ქვეყანაში განათლების დეფიციტია. განათლებული თაობა გვჭირდება. თაობა, რომელიც პატივს სცემს თავის წარსულს და კულტურულ მემკვიდრეობას.
ჯანმრთელობა
– დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ ჯანსაღი წესით იცხოვრო და ზომიერება დაიცვა... ყველას ჰგონია, რაკი ხალხურ სიმღერებს ვმღერი, მსმელი და მოქეიფე ვარ. სინამდვილეში სასმელს ფაქტობრივად არ ვეკარები... ბევრ კუთხეში მიწევს მოგზაურობა, ყველგან სუფრა იშლება, დიდ პატივს ვცემ ყველა კუთხის სამზარეულოს, თუმცა ჯანსაღ კვებასაც უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. არ ვჭამ სწრაფი კვების პროდუქტებს, არ ვსვამ ტკბილ, გაზიან სასმელებს, შეძლებისდაგვარად ვერიდები შაქარსა და მარილს, შემწვარ ხორცს, განსაკუთრებით – ღორისას... ფიზიკური აქტიურობა კი, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, არ გამომდის... მიხარია, რომ “ავერსი” ყოველთვის ახერხებს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. უდიდეს პატივს ვცემ ამ კომპანიას და მის დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს – ქველმოქმედსა და ქვეყნის მოამაგეს. ბიზნესი, რომელიც დაინტერესებულია, საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეს მეტი სოციალური აქტივობა, დააფინანსოს ეროვნული პროექტები – ის არის, რაც დღეს ძალიან გვჭირდება.
ოჯახი
– ახმეტაში გავიზარდე. დედა სიმღერაზე შვიდი წელი მატარებდა თბილისში. მაშინ ასეთი გამართული ტრანსპორტი არ იყო. კვირაში სამჯერ, დილის შვიდ საათზე, მოვდიოდით ავტობუსით და საღამოს ისევ შინ ვბრუნდებოდით. მერე თბილისში გადმოვედით... ჩემი და ამერიკაში წავიდა, კონსერვატორია დაამთავრა, პიანისტია. დედასაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ოჯახში ყველა მღერის.
ახმეტაში დუეტში მღეროდნენ დოდო უშიკიშვილი – მამაჩემის მამიდა – და ვახტანგ რჩეულიშვილი – დედაჩემის ბიძა. ფანტასტიკური შემსრულებლები იყვნენ. სწორედ მათი წყალობით გაიცნეს ერთმანეთი ჩემმა მშობლებმა.
ჯანმრთელობის რეცეპტი
– ფიზიკური დატვირთვა, სულიერი განვითარება – კონცერტი, თეატრი, ოპერა, მეტი შემოქმედებითი აქტივობა – ადამიანი ყოველდღიური რუტინული ცხოვრებიდან ხშირად უნდა გადაერთოს. მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვებაც – უნდა დავაკვირდეთ, რას ვჭამთ. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, ხორცი ან თევზი მიირთვას, ის მაინც ხომ შეუძლია, ნაკლებად მავნე პროდუქტი შეიძინოს, მაგალითად, უარი თქვას გაურკვეველი წარმოშობის ძეხვზე და იყიდოს ბოსტნეული...
ყველგან სიგარეტის საწინააღმდეგო აგიტაციას ვეწევი. სხვა თუ არაფერი, სიგარეტიც ძალიან უხარისხო იყიდება. თამბაქოს სუნიც კი არ აქვს... ვფიქრობ, ადამიანებმა მეტი უნდა იფიქრონ ამ ყველაფერზე.
ამჟამად გიორგი უშიკიშვილი საკუთარ ანსამბლთან ერთად ახალ კომპაქტდისკზე მუშაობს. სულ მალე მისი სიმღერების კრებულიც გამოვა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას.
თამარ ციბალაშვილი