რა ჩავიცვათ გარდამავალ სეზონზე
გააზიარე:
ბავშვობაში მოუთმენლად ველოდი გაზაფხულს. ველოდი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნების გამოღვიძების, ჩიტების ჭიკჭიკისა და მწვანედ შეფოთლილი ხეების მონატრება მკლავდა. არა, ჩემი მოლოდინი სხვა სიხარულს უკავშირდებოდა – თბილი წელწინდის (რეიტუზს რომ ვეძახდით) გახდისა და გეტრებით სკოლაში წასვლის სიხარულს. ახლაც, როცა დიდი ხანია გადავაბიჯე სასკოლო ასაკს, გაზაფხულის მოსვლა ჩემთვის კვლავ თბილი ტანსაცმლის გახდასა და შედარებით შილიფად ჩაცმის სიამოვნებას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, ეს შეგრძნება ბევრი ქალისთვის იქნება ნაცნობი. შეგრძნება, რომელიც თებერვლის დადგომისთანავე იწყებს გულში ღიტინს და რომელიც ზოგჯერ ისე აგვიყოლიებს ხოლმე, რომ გიჟმაჟი მარტის ქარიან დღეებშიც კი თხლად ჩაცმულები გავდივართ ქუჩაში, რაც, რა თქმა უნდა, სურდოთი, ყელის ტკივილით და ხშირად მაღალი ტემპერატურითაც მთავრდება. ახლა, როცა მარტი უკვე კარს მოგვადგა, გადავწყვიტეთ, მოგაწოდოთ რჩევები იმის შესახებ, როგორ ჩავიცვათ გარდამავალ სეზონზე, რომ ჩვენი სამოსი პრაქტიკული, ლამაზი, მოდური და თანაც სეზონისთვის შესაფერისი იყოს.
ქურქი, ქურთუკი თუ...
თუ გარეთ მზიანი ამინდია, ქურქისა და დათბილული ქურთუკის ჩაცმას არ გირჩევთ. თუ შილიფად ჩაცმა გიყვართ, ამ სეზონზე საუკეთესო გამოსავალია ლაბადა, განსაკუთრებით კი ისეთი, რომელსაც თბილი გამოსაკრავი სარჩული აქვს. გაითვალისწინეთ, თებერვლის ბოლოს და მარტის დასწყისში ამინდი საკმაოდ ხშირად იცლება, ზოგჯერ – დღეში რამდენჯერმეც. თუ დილით მზე ანათებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი ამინდი დღის ბოლომდე გაგრძელდება. ასე რომ, თბილი გამოსაკრავი, აუცილებლად გქონდეთ ხელთ.
გარდამავალ სეზონზე პრაქტიკული და მოხდენილია ჟილეტიც. თუ გარეთ ცივა, შეგიძლიათ, დაბალბეწვიანი ჟილეტი ტყავის, ჯინსის ან ნებისმიერი სხვა ქსოვილის ქურთუკსა თუ პიჯაკზე შემოიცვათ. უეცარი დათბობის შემთხვევაში ჟილეტს თვალის დახამხამებაში გაიხდით და ამინდის შესაბამისად ჩაცმული აღმოჩნდებით.
გარდამავალ სეზონზე აქტუალური, პრაქტიკული და მოდურია დიდი, პლედის ტიპის შალის კაშნეც. თუ გარეთ მზე ანათებს და თქვენც თხელი ქურთუკით თამამად გადიხართ შინიდან, აუცილებლად წაიყოლეთ ამგვარი შალი – თუ აცივდა, მასში გაეხვევით და აღარ შეგცივდებათ.
სუსტი წერტილი – ფეხსაცმელი
დათბება თუ არა, ბევრი ქალი დათბილულ და მაღალყელიან ჩექმებს კარადაში ინახავს. არ დაგავიწყდეთ, მარტის ამინდი მატყუარაა, თანაც ადრეულ გაზაფხულზე ხშირად წვიმს. ასე რომ, თუ მაინცდამაინც არ გსურთ თბილი ჩექმის ჩაცმა და საგაზაფხულო, მოხდენილი და კოხტა ფეხსაცმლით გადიხართ შინიდან, ყოველი შემთხვევისთვის გაიყოლეთ რეზინის თუნდაც დაბალყელიანი ბოტები. მით უმეტეს, დღეს მაღაზიებში მათი ფართო არჩევანია და იოლად შეარჩევთ მოდელს, რომელიც თქვენც მოგეწონებათ და გაზაფხულსაც მოუხდება.
ყველაზე საჭირო ატრიბუტი – შარფი
შარფი მართლაც რომ ყველაზე აუცილებელი ატრიბუტია გარდამავალ სეზონზე. საჭიროების შემთხვევაში ის თავსაბურავის მაგივრობასაც გაგწევთ და მხრებზეც თბილად შემოგეხვევათ, ხოლო თუ ფერსა და პრინტს გემოვნებით შეარჩევთ, თებერვლის პირქუშ დღეებსაც გაგილამაზებთ და საგაზაფხულო განწყობასაც შეგიქმნით. თუ გნებავთ, საზამთრო განწყობას თავი დააღწიოთ, სქელ და უხეშად ნაქსოვ კაშნეებზე უარი თქვით და უპირატესობა შედარებით ჰაეროვან, თხელ შარფებს მიანიჭეთ. თებერვალ-მარტის სეზონისთვის იდეალურია აპლიკაციით მორთული თექის შარფი – ლამაზიცაა, ჰაეროვანიც და თბილიც.
დაბოლოს, თუ გარდამავალ სეზონზე საგაზაფხულო განწყობის შექმნა გსურთ, ყურადღება მიაქციეთ ფერთა გამასა და აქსესუარებს. შეცვალეთ მუქი ტყავის ჩანთა ბაცით, მუქი ნაქსოვი ხელთათმანი – ღია ფერის ტყავის ხელთათმანით, მუქი ფერის პალტო – ღია ფერის ლაბადით და ა.შ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ გარდამავალი სეზონის მთავარი საიდუმლო თხელი, მაგრამ მრავალფენიანი სამოსია. ჩაიცვით თხელი პერანგი და თან წაიყოლეთ შემოსაცმელი, სვიტერი, ღია ფერის ჟაკეტი ან პიჯაკი.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თანაც ჩაცმულობას დიდი, ფერადი ნატურალური ქვების სამკაულით გაილამაზებთ, არც საგაზაფხულო განწყობა დაგივიწყებთ თქვენ.