როგორ შევარჩიოთ ბლენდერი

გააზიარე:

ბლენდერს შეუძლია, უმოკლეს დროში დააქუცმაცოს ნიგოზი, ერთმანეთში აურიოს კოქტეილის ინგრედიენტები, ფარშად აქციოს ხორცი... ყოველივე ამის გათვალისწინებით, რომელი დიასახლისი იტყვის მასზე უარს?

ის კომპაქტურია და ადვილად ირეცხება, ამიტომ ერთიორად აიოლებს შრომას.

არსებობს ორი ტიპის ბლენდერი: სტაციონარული და ჩასატვირთი.

თუ ხშირად გიწევთ თხილის, კაკლის, ნუშის დაქუცმაცება, ხახვის, ნივრის დაკეპვა, ყველის, ხორცის წვრილად დაჭრა, უმჯობესია, არჩევანი ჩასატვირთ ბლენდერზე შეაჩეროთ. თუ კოქტეილების მოყვარული ბრძანდებით ან ჩვილი ჩვეულებრივ საკვებზე გადაგყავთ და ხშირად უმზადებთ ათქვეფილ წვნიანს, სტაციონარული ტიპისას გირჩევთ.

არსებობს კომბინირებული ბლენდერიც, რომლებიც ორივე ტიპის ფუნქციებს ითავსებს, თუმცა მას უფრო მინიკომბაინის სახელით იცნობენ. ამ მრავალფუნქციურ მოწყობილობას მულტიბლენდერს ან ბლენდერ-მიქსერსაც უწოდებენ.

გაგაცნობთ თითოეული სახეობის პლუს-მინუსებს.

სტაციონარულ ბლენდერს ევროპაში შეიკერს უწოდებენ, რადგან ხშირად იყენებენ კოქტეილების მოსამზადებლად, ასევე – ყინულის დასამტვრევად და ნაღების ასადღვებად. მას მარტივი მექანიზმი აქვს, ღილაკზე თითს დააჭერთ და ბლენდერი თავად შეასრულებს მთელ სამუშაოს. ჩასატვირთისგან განსხვავებით, მას არც ხელში დაჭერა სჭირდება.

ბლენდერის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიმძლავრეს. ის 220-დან 1300 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ხელსაწყო. 500 ვატზე დაბალი სიმძლავრის ბლენდერს მხოლოდ მოხარშული ბოსტნეულის, რბილი ხილის დამუშავება, კვერცხისა და კოქტეილების ათქვეფა შეუძლია. საშუალო სიმძლავრის აპარატი, რომლის მაჩვენებელი 500-700 ვატია, ადვილად უმკლავდება უმ ბოსტნეულსა და ყინულს, აქუცმაცებს თხილსა და კაკალს, თუმცა ხორცს არც ისე ხარისხიანად კეპავს – ამისთვის უფრო მძლავრი მოწყობილობა დაგჭირდებათ.

მოდელები, რომლებსაც მხოლოდ ერთი სიჩქარე აქვს, უკვე ანტიკვარიატად ითვლება. თანამედროვე მოდელები საშუალოდ 2-დან 5-მდე სიჩქარის რეჟიმითა აღჭურვილი. არსებობს ისეთებიც, რომლებსაც ათზე მეტ რეჟიმში შეუძლია მუშაობა. მათ რბილი ხილის, მოხარშული ბოსტნეულის, უმი ბოსტნეულის, ნაღების, კვერცხის, ნიგვზისა და სხვა პროდუქტების ასათქვეფად სხვადასხვა რეჟიმი აქვს. ზოგი მოდელი აღჭურვილია ტურბორეჟიმით, რომელიც განსაზღვრული ხნით ზრდის მუშაობის სიჩქარეს.

ბლენდერის შეძენისას ყურადღება მასალასაც მიაქციეთ. ბლენდერის კორპუსი უმეტესად პლასტმასისგან მზადდება, თუმცა უჟანგავი მეტალის კორპუსიც გვხვდება. ისიც მნიშვნელოვანია, რისგანაა დამზადებული სტაციონარული ბლენდერის ჯამი. მას უმეტესად პლასტმასის და მინისგან ამზადებენ. პლასტმასის ჯამი იოლად იკაწრება, სუნს იკიდებს, ხუნდება, არც მისი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაა მოხერხებული, თუმცა ერთი პლუსი აქვს – იოლად არ ტყდება, ამასთან მსუბუქიც გახლავთ. მინისა კი იოლად იმტვრევა, სამაგიეროდ, ეკოლოგიურადაც უფრო სუფთაა, მასში ცხელი კერძის ჩასხმაც შეიძლება და არც იბურება.

ზოგ თანამედროვე მოდელს მოჰყვება სპეციალური პლასტიკისგან დამზადებული ჯამი, რომელიც უძლებს დარტყმას, არ იბურება, არ იკაწრება და არ იღებს სუნს.

ბლენდერის შეძენისას გასათვალისწინებელია ჯამის ზომაც. ის საშუალოდ 0,4-დან 2 ლიტრამდე ტევადობისაა.

გაითვალისწინეთ: თუ გსურთ, ზუსტად გაიგოთ, რა მოცულობის მასის მოთავსება შეიძლება ჯამში, ბლენდერზე მითითებულ საერთო მოცულობას დაახლოებით 200 მილილიტრი უნდა გამოაკლოთ. მაგალითად, თუ საერთო მოცულობა 2 ლიტრია, სასარგებლო მოცულობა 1,8 ლიტრი იქნება.

 

სტაციონარული ბლენდერი შესაძლოა ავტომატური თვითწმენდის ფუნქციით იყოს აღჭურვილი.

მისი გარეცხვა ძნელი არ არის, მაგრამ თვითწმენდის რეჟიმი მაინც ძალიან მოხერხებულია, რადგან არსებობს რისკი, რეცხვის დროს ხელი ხელსაწყოს ბასრ დანაზე გაიჭრათ. ტრავმის თავიდან ასაცილებლად შეძინეთ ბლენდერი ავტომატური თვითგაწმენდის ფუნქციით.

საქმიანობას რომ დაასრულებთ, ჯამში თბილი წყალი ჩაასხით, თვითგაწმენდის ღილაკს თითი დააჭირეთ და ბლენდერი თავად შეასრულებს მოსაწყენ სამუშაოს – საცმი იბრუნებს, ხოლო წყალი გარეცხავს ჯამის შიგთავსსა და დანებს. ბლენდერის ინსტრუქციაში მითითებული უნდა იყოს ჭურჭლის სარეცხი საშუალებების რეკომენდებული დოზებიც.

 

ჩასატვირთი ბლენდერი ოპტიმალურია სოუსისა და პიურეს მოსამზადებლად. შესანიშნავად ამუშავებს თხილსა და კაკალს ბაჟესა თუ საცივის მოსამზადებლად, კეპავს მწვანილს და ხახვს, აქუცმაცებს ბოსტნეულს... მისი მეშვეობით ფაფას სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ.

ამ ტიპის ბლენდერს პლასტმასის ან მეტალის ღერძი (ფეხი) აქვს, რომლის ბოლოზე ორფრთიანი დანაა წამოცმული. ხელსაწყო საკმაოდ კომპაქტურია და სამზარეულოში მცირე ადგილს იკავებს. შესაძლოა, ჯამიც მოჰყვეს, მაგრამ ამ ბლენდერის საუკეთესო თვისება ის გახლავთ, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა ჭურჭელშია შესაძლებელი – ქვაბში, რომელშიც კერძს ამზადებთ, ქილაში, თასში ან სულაც დიდ ჭიქაში.

ასეთ ბლენდერს დანასთან ერთად მოჰყვება ყინულის დასამსხვრევი საცმი, კვერცხისა და ბეზეს სადღვები, ყავის ასათქვეფი.

გაითვალისწინეთ: მყიდველის მისაზიდად მწარმოებლები საცმების რაოდენობას მაქსიმალურად ზრდიან, თუმცა პრაქტიკაში მხოლოდ რამდენიმე მათგანის შეიძლება გამოყენებაა შესაძლებელი, დანარჩენი კი უბრალოდ ზედმეტ ადგილს დაიკავებს თქვენს სამზარეულოში და თუ ექსპერიმენტს ჩაატარებთ, დარწმუნდებით, რომ უმრავლესობა, განსხვავებული ფორმის მიუხედავად, იდენტურ სამუშაოს შეასრულებს.

ჩასატვირთ ბლენდერს, სტაციონარულისგან განსხვავებით, ერთი მინუსი აქვს – ის ხელში უნდა გეჭიროთ. ასე რომ, თუ დიდი მოცულობის სამუშაო გაქვთ შესასრულებელი, შესაძლოა ხელი დაგეღალოთ. არსებობს ჩასატვირთი ბლენდერები, რომლებსაც “ფეხი” ანუ სადგამი მოჰყვება. ამ შემთხვევაში მას ჯამიც ახლავს, რადგან სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭლისთვის უკვე გამოუსადეგარი ხდება.

ბლენდერის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მასალას. ის შესაძლოა ლითონისაც იყოს და პლასტმასისაც. ღერძი თუ პლასტმასისაა, გაითვალისწინეთ, რომ ცხელ კერძებში მისი მოთავსება არ არის რეკომენდებული, თუმცა უფრო ადვილი და კომფორტული მოსავლელია. ლითონის ღერძი არ იკრავს სუნს, არ იცვლის ფერს, არც იკაწრება და არც იოლად ტყდება.

ბლენდერის შერჩევისას არც სიმძლავრე გამოგრჩეთ. ის საშუალოდ 200-დან 800 ვატამდე მერყეობს. რა თქმა უნდა, რაც უფრო მძლავრია ბლენდერი, მით უფრო მალე უმკლავდება სამუშაოს და არც თქვენ დაიღლებით მისი ხელში ჭერით.

ჩასატვირთვი ბლენდერისთვისაც მნიშვნელოვანი პარამეტრია სიჩქარეთა რაოდენობა. მას შეიძლება 15-მდე სხვადასხვა სიჩქარე ჰქონდეს. რაც უფრო მეტი სიჩქარე აქვს ბლენდერს, მით უფრო მოხერხებულია სხვადასხვა პროდუქტისთვის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევა.

ყავის სათქვეფი ბლენდერი ჩასატვირთ მოდელს ჰგავს, თუმცა უფრო მომცროა, მცირესიმძლავრიანი და არც საცმების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. ის იოლი სამართავია, რეჟიმიც მხოლოდ ერთი ან ორი შეიძლება ჰქონდეს. პირველი ცივი ყავის ასათქვეფად გამოგადგებათ, მეორე კი კვერცხის ასათქვეფადაც შეიძლება გამოიყენოთ, ოღონდ ის მხოლოდ ერთი ან ორი ულუფის მოსამზადებლად გამოგადგებათ.  

გააზიარე: