ყველაზე ქალური დიეტა

გააზიარე:

წმს – ამ აბრევიატურას ქალების უმრავლესობა წარმატებით შიფრავს. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა, ვინაიდან, 
სტატისტიკის მიხედვით, 19-დან 45 წლამდე ასაკის ქალთა 40%-ს ამ უცნაური სახელწოდების მქონე სენი აწუხებს. მეტიც, ეს რთულად წარმოსათქმელი სიტყვათ შეთანხმება, წინარემენსტრუაციული სინდრომი, დღევანდელი ქალბატონების ხშირი სტუმარი და ლამის განუყრელი თანამგზავრია.

    რა შუაშია ჰორმონები
   თანამედროვე მედიცინა ლამის ყველა სნეულების მიზეზად ჰორმონთა დისბალანსს მიიჩნევს. სხვა დაავადებების რა მოგახსენოთ, მაგრამ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლური ცვლილებები რომ ჰორმონების ბრალია, ამაზე კამათი არც კი ღირს. 
   თუკი წმს ძლიერად არის გამოხატული და არა მარტო ქალის ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე, არამედ მისი ოჯახის წევრთა განწყობაზეც აისახება (როგორ გინდა, რამდენიმე დღე გაუძლო ჭირვეულ ალქაჯს?!), ჰორმონული თერაპიის გარეშე პრობლემას ვერაფრით გავუმკლავდებით, ხოლო როდესაც წინარემენსტრუაციული სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები სუსტია, საკმარისია, რაციონალურად ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ ან, მარტივად რომ ვთქვათ, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. როგორც ჩანს, “ჯანსაღი” ქცევა მწყობრში აყენებს ჰორმონების დისბალანსით აფორიაქებულ ორგანიზმს.
ორი კურდღლის დასაჭერად
   გარდა იმისა, რომ სწორად შერჩეული კვების რეჟიმი ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, მისი წყალობით ზედმეტ კილოგრამებსაც გადაურჩებით (რომელთა შეძენის ალბათობა წმს-ის დროს ერთიორად იზრდება). ასე რომ, შევთანხმდით: წინარემენსტრუაციულ პერიოდში დიეტურად უნდა იკვებოთ. ამისთვის შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
. გაიმდიდრეთ მენიუ საკვებით, რომელშიც უხვად არის B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი და მაგნიუმი. B6 ვიტამინს შეიცავს ხორცი, ღვიძლი, თირკმელები, წიწიბურა, ქერი, კალციუმით მდიდარია რძე და რძის ნაწარმი, მაგნიუმი კი მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში, პარკოსნებში, თხილსა და ნიგოზში მოიპოვება (მისი მარაგს პრეპარატი მაგიტრონიც შეგივსებთ).
. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. ამ პერიოდში განსაკუთრებით გარგებთ სალათა, კამა, პომიდორი, ციტრუსი, ნესვი, საზამთრო. სითხით გაჯერებული ხილისა და ბოსტნეულის ჭარბ მიღებას მხოლოდ მაშინ ერიდეთ, თუ წმს-ის დროს შეშუპება გაწუხებთ.
. მენსტრუაციის წინა პერიოდში სხეულის მასის მატება უპირატესად ორგანიზმში სითხის შეკავების ბრალია. როგორც გითხარით, ასეთ დროს სითხით დატვირთვას უნდა ერიდოთ, შეშუპების მოხსნაში კი ბუნებრივი საშუალებები: ჭინჭრის, ანისულის, კამის, არყის ხის ფოთლის ნაყენი – დაიხმარეთ.
გაითვალისწინეთ: როცა ორგანიზმი სითხეს გაძლიერებულად კარგავს (სწორედ ეს არის შარდმდენების დანიშნულება), აუცილებელია კალიუმის მარაგის შევსება. ამ ელემენტს უხვად შეიცავს ბანანი, ლეღვი, ქიშმიში და გარგარის ჩირი.


. მართალია, ბევრი წყლის სმა წმს-ის დროს რეკომენდებული არ არის, მაგრამ არც ორგანიზმის გამოფიტვაა სასურველი. უმჯობესია, დამამშვიდებელი (კატაბალახას, პიტნის, მოცვისა და მარწყვის) ნაყენები სვათ. მარგებელია ხილის ახალგამოწურული წვენიც. რაც შეეხება გაზიან სასმელებს, მათგან თავის შეკავება მოგიწევთ.
. არსებობს სურსათი, რომელიც გუნების გამოკეთებაში დაგვეხმარება. მაგალითად, შოკოლადი, ნაყინი, საზოგადოდ, ტკბილეული. სწორედ ამგვარ საკვებს ითხოვს ორგანიზმი კრიტიკული დღეების დადგომამდე მცირე ხნით ადრე. ალბათ თავადაც ხვდებით, რომ კუჭის ტკბილეულით განებივრება კარგს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ არც ცხვირჩამოშვებული ჯდომაა მაინცდამაინც სასიამოვნო. ისღა დაგრჩენიათ, ოქროს შუალედი იპოვოთ და ნუგბარით ერთობ ზომიერად ჩაიტკბარუნოთ პირი. მაგალითად, შეგიძლიათ, ჭამის შემდეგ  შოკოლადის პატარა ნატეხი მიირთვათ. ვიმეორებთ: ნატეხი და არა მთელი ფილა, თანაც ჭამის შემდეგ და არა სადილის ნაცვლად. ერიდეთ იოლად ასათვისებელ ნახშირწყლებს (შაქარს, ნამცხვრებს, ნაყინს).
. ნახშირწყლებზე სულმთლად უარის თქმაც არ ივარგებს – ამით ორგანიზმს მხოლოდ ზიანს თუ მიაყენებთ. ნახშირწყლების ძირითადი წყარო ხილია, თუმცა ბრინჯში, კარტოფილსა და უხეშად ნაფქვი ხორბლის პურშიც მოიპოვება. გაითვალისწინეთ: ცილოვან საკვებთან ერთად მათი მიღება სასურველი არ არის. იმ დროს, როდესაც ნახშირწყლები სეროტონინის (ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ამაღლებულ განწყობას გვიქმნის) გამომუშავებას უწყობს ხელს, ცილები, პირიქით, აფერხებს მის სინთეზს. ასე რომ, კარტოფილი კეტჩუპით ნებადართულია, ხორციან კარტოფილს კი უმჯობესია ვერიდოთ.
. განწყობას აგიმაღლებთ თევზიც. მასში უხვად არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მხოლოდ დადებით ემოციას კი არ მოგანიჭებთ, ამავე დროს დისკომფორტსაც (თავის ტკივილი, ტკივილისა და ქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში და ა.შ.) მოგიხსნით და  გულის რიტმის აღდგენაშიც დაგეხმარებათ. განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, რომელიც ორაგულში, კალმახში, თინუსში, სარდინსა და ქაშაყში მოიპოვება.
   თუ წინარემენსტრუაციული სინდრომის დროს შეშუპებას უჩივით, გირჩევთ, მოერიდოთ მარილიან საკვებს და ჭარბ ტკბილეულს – ეს სურსათი ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობს ხელს
გააზიარე: