ზაფხული და ინფექციები
გააზიარე:
პრობლემა, კოღოს ფრთებით რომ დაფრინავს
რა საფრთხეს გვიქადიან ცხოველები
ზაფხულში უამრავი დაავადება აქტიურდება, უმთავრესად – ინფექციური. ზოგი მათგანის გახშირება გარემოს ტემპერატურის მომატებას უკავშირდება, – მაგალითად, ზაფხულის სიცხეში საკვებში ადვილად მრავლდებიან ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები, – ზოგისას კი ბუნებასთან ადამიანის უფრო მჭიდრო კონტაქტი უწყობს ხელს: ზაფხულში მეტ დროს ვატარებთ გარეთ, შილიფად ჩაცმულები დავდივართ ტყეში თუ ველად, ღია წყალსატევებში ვბანაობთ... ყველაფერ ამას დაავადების გადამტანი მწერების აქტიურობაც ემატება.
დასასვენებლად წასულთა მთავარი პრობლემა ნაწლავთა ინფექციაა, რომელიც დიარეით ვლინდება.
მოარული აზრის საპირისპიროდ, ენტეროვირუსი დიარეას იშვიათად იწვევს. ვირუსულ დიარეას, მეტადრე – ზაფხულში, საგრძნობლად სჭარბობს ბაქტერიული.
როგორ გადავურჩეთ დიარეას ან როგორ მოვიქცეთ “კუჭის აშლილობის” დროს? ამ და სხვა კითხვებზე სეფსისისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის კლინიკური დირექტორის მოადგილე, თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე გვიპასუხებს.
– ნაწლავური ინფექცია ნაწლავთა დისფუნქციაა, რომლის დროსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ეს მდგომარეობა დიარეის სახელითაა ცნობილი, თუმცა დიარეა ყოველთვის ნაწლავთა ინფექციაზე არ მიუთითებს – ის შესაძლოა არაინფექციური პროცესებითაც იყოს განპირობებული.
ინფექციურ დიარეას იწვევს ბაქტერიები, ვირუსები, უმარტივესები და ჭიები. ბაქტერიებიდან ყველაზე ხშირად – სალმონელა, შიგელა, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ეშერიხია, კამპილობაქტერია, უმარტივესებიდან – კრიპტოსპორიდია, ამება, ლამბლია, ვირუსებიდან – როტავირუსი, ნოროვირუსი, ასტროვირუსი და ადენოვირუსი. ამ ჩამონათვალში არამც და არამც არ შედის ენტეროვირუსი. ის ვირუსული დიარეის გამომწვევად არ მიიჩნევა. ენტეროვირუსი ბევრ სხვა ჩივილს და პათოლოგიას იწვევს, მაგრამ დიარეას – ძალიან იშვიათად.
საბედნიეროდ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებიდანაც ჩანს, ბოლო ხანს საქართველოში ბაქტერიული ინფექციები მკვეთრად გაიშვიათდა, მაგრამ გახშირდა ვირუსული დიარეა. ბაქტერიულ ინფექციებს განვითარებადი ქვეყნების პრობლემად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ვირუსული განვითარებული ქვეყნების პრობლემაა, რადგან მასზე გავლენას ახდენს არა ქვეყნის ეკონომიკის დონე, არამედ ოჯახი.
– როგორ ვრცელდება ვირუსები და ბაქტერიები?
– ჰაერწვეთოვანი, ფეკალურ-ორალური, საკვებისმიერი და კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით. ამასთან, სეზონურობაც ახასიათებს. წელიწადის ცივ პერიოდში, ნოემბრიდან აპრილამდე, გასტროენტერიტს უმთავრესად ვირუსები იწვევს, – მაგალითად, როტავირუსული ინფექციები იანვარ-თებერვალში აღწევს პიკს, – ხოლო მაისიდან ბაქტერიული ინფექციები ხშირდება და ასე გრძელდება ოქტომბრამდე, პიკი კი ზაფხულის თვეებზე მოდის. მთელი წლის განმავლობაში გვხვდება ადენოვირუსული ინფექცია.
როტავირუსი ადამიანს ყველა ასაკში შეიძლება შეხვდეს, მაგრამ მოზრდილებთან ეს ინფექცია მსუბუქად, ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს; შესაძლოა, თავად არაფერი აწუხებდეთ, მაგრამ ვირუსი ბავშვებს გადასდონ. როტავირუსული ინფექცია ხშირია ხუთ წლამდე და კიდევ უფრო ხშირი – წლამდე, თუმცა ბოლო ხანს ამ ინფექციით ავადობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც, გაიშვიათდა. ეს როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგია. ვინაიდან იმუნიზაცია ევროპასა და ამერიკაში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენთან, იქ გამომწვევებს შორის პირველ ადგილზე ნოროვირუსმა გადაინაცვლა, საქართველოში კი ჯერჯერობით ისევ როტავირუსი ლიდერობს. ვაქცინაცია უმთავრესად 3-4 წლამდე ბავშვებს უტარდებათ და ისინი ყველაზე უკეთ არიან დაზღვეულნი.
ნოროვირუსი ხშირად საკვების – სალათების, ხორციანი კერძების – მეშვეობით გადაეცემა. შესაძლოა ცხოველთან კონტაქტის შედეგად გადაცემაც, მაგალითად, ზოოპარკში. ინფიცირების კიდევ ერთი გავრცელებული გზაა საყოფაცხოვრებო ნივთებთან, ფულთან, გასაღებთან, სახელურთან, სხვა ადამიანის კანთან კონტაქტი. საზოგადოდ, ნოროვირუსი გამძლეა გარემო პირობების მიმართ, ამიტომ მისი გადაცემა პრაქტიკულად ყოველგვარი გზითაა შესაძლებელი. ნოროვირუსული ინფექცია შესაძლოა ზაფხულშიც შეგვხვდეს.
ადენოვირუსული ინფექცია უმეტესად სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევს, მაგრამ მისი ორი შტამი – 40 და 41 – დიარეასაც განაპირობებს. ამ დროს რესპირატორულ მოვლენებთან ერთად დიარეაც ვითარდება.
ბაქტერიული ინფექციები (მაგალითად, შიგელოზი, სალმონელოზი) ადვილად ვრცელდება დაუბანელი ხელებითა და წყლით.
ცალკე თემაა კვებითი ტოქსიკოინფექცია, რომელსაც, ჩამოთვლილებთან ერთად, სხვა ბაქტერიებიც იწვევს. მაგალითად, კამპილობაქტერია, რომელიც, მართალია, მწვავე ნაწლავური ინფექციის გამომწვევად არ მიჩნევა, მაგრამ პირობითპათოგენურია და ხელსაყრელ პირობებში აქტიურდება; ასევე – კლოსტრიდია, პროტეუსი, ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და სხვები, რომლებიც საკვებში მრავლდებიან და გვწამლავენ. ტოქსიკოინფექცია უკავშირდება საკვების ან წყლის მიღებას და შედარებით მსუბუქი კლინიკური გამოხატულება ახასიათებს. შესაძლოა, ტემპერატურამ არც კი მოიმატოს, მხოლოდ ღებინება და დიარეა განვითარდეს და მალევე ალაგდეს, თუ ინფიცირებული საკვების ან წყლის მიღება შეწყდა.
– რით განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა მიკრობით გამოწვეული ნაწლავური აშლილობის ნიშნები?
– ყველა ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეა დაახლოებით ერთნაირად ვლინდება: 24 საათის განმავლობაში ნაწლავთა მოქმედება აღინიშნება სამჯერ და მეტად; შეცვლილია განავლოვანი მასის კონსისტენცია – ის ჩვეულებრივზე თხელია; ფაღარათს თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მატება. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 14 დღეს არ აღემატება.
ინფექციის მიმღებლობა ასაკზეა დამოკიდებული. მცირეწლოვან ბავშვებსა და ასაკოვან პირებთან ის უფრო ადვილად ვითარდება და უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
თუმცა ვირუსული დიარეა რამდენადმე განსხვავდება ბაქტერიულისგან. ამ განსხვავებას ექიმები კარგად იცნობენ.
ვირუსული ინფექცია იწყება ღებინებით, ტემპერატურის მომატებით. დიარეა ბოლოს ვითარდება. განავალი შეიცავს სითხეს, ნაკლებად – პათოლოგიურ მინარევებს (ლორწოსა და სისხლს), აქვს მუქი ან ბაცი ყვითელი ფერი.
ბაქტერიულ ინფექციას ავადმყოფობის სხვაგვარი დასაწყისი ახასიათებს: თავდაპირველად თავს იჩენს მუცლის შეტევითი ტკივილი; ტკივილს მოჰყვება დიარეა, ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველთვის, ღებინება და გულისრევაც. განავალი მომწვანო ფერისაა, გამომწვევის კვალობაზე, ზოგჯერ შეიცავს ლორწოს, სისხლს. ბაქტერიები გამოყოფენ ტოქსინს, რომელიც სისხლში შეიწოვება და ინტოქსიკაციას იწვევს. ეს უკანასკნელი გამოიხატება ძლიერი საერთო სისუსტით, თავის, კუნთების, მუცლის ტკივილით. ზოგჯერ ასეთი პაციენტი აპენდიციტზე ეჭვის გამო მიჰყავთ კლინიკაში.
ვირუსული დიარეის დროს კუჭის მოქმედება შესაძლოა უფრო ხშირი იყოს, მაგრამ ბაქტერიულის შემთხვევაში საერთო მდგომარეობა უფრო მძიმეა.
– როგორ მოვიქცეთ დიარეის დაწყებისთანავე?
– განურჩევლად იმისა, დიარეა ბაქტერიულია თუ ვირუსული, პარაზიტული თუ სხვა წარმოშობისა, უპირველეს ყოვლისა, ელექტროლიტების შემცველი ხსნარი უნდა მიიღოთ – აისოლი, რეჰიდრონი ან რომელიმე სხვა. ის ძალიან ადვილად მზადდება – მზა ფხვნილი იხსნება გადადუღებულ წყალში. საქართველოში წარმოებული აისოლის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი და დექსტროზა, რომლებიც აუცილებელია დიარეის დროს დაკარგული ელექტროლიტების მარაგის შესავსებად. სითხის მიღება საჭიროა მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში.
ტკივილის დასაამებლად შეიძლება ანტისპაზმური საშუალებების, მაგალითად, ნო-შპას ან პიტნის ნაყენის, გამოყენება, თავისა და კუნთების ტკივილის მოსახსნელად – გამაყუჩებლის მიღება. საჭიროა ბევრი სითხის სმაც – ის, გარდა იმისა, რომ აღადგანს დაკარგულ მარაგს, ინტოქსიკაციასაც ამცირებს. ნაწლავური ფლორის მოსაწესრიგებელად სასურველია მიიღოთ პრობიოტიკების: ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაქტერიების, – კომპლექსი – ენტენორმი ან რომელიმე სხვა. გააქტიურებული ნახშირი იწვევს ვირუსების, ბაქტერიებისა და მათი ტოქსინების ადსორბციას, ხსნის მეტეორიზმს და ამით გამოწვეულ დისკომფორტს.
ჩამოთვლილი საშუალებები სააფთიაქო ჩანთაში უნდა ეწყოს ყველას, ვინც ქალაქიდან გადის.
დაიმახსოვრეთ: ნაწლავური ინფექციების დროს არაფრით არ შეიძლება შემკვრელი საშუალებების გამოყენება.
ყველა ამ ღონისძიების ჩატარების შემდეგ პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც დაადგენს, საჭიროა თუ არა ნაწლავური ანტისეპტიკებით – ანტიბიოტიკებით – მკურნალობა, რადგან სალმონელოზი და სხვა ბაქტერიული ინფექციები თავისით არ რჩება.
სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ განავალში შეამჩნიეთ სისხლი ან ლორწო, რადგან პროცესი თანდათან დამძიმდება, დაზიანება მოიმატებს და აღდგენის ალბათობა შემცირდება.
ნებისმიერი ვირუსით გამოწვეული დიარეის დროს მკურნალობის ტაქტიკა ერთნაირია. ბაქტერიული დიარეის დროსაც ექიმი შესაბამის მკურნალობას ემპირიულად იწყებს, რადგან ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხი ერთი კვირის შემდეგ მოდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწვავე პროცესების დროს მიკრობის მგრძნობელობის დადგენას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, ეს ინფექციები სულ 5-7 დღეს გრძელდება. კლინიკური ნიშნების მიხედვით ექიმი დაადგენს, გამომწვევი ბაქტერიაა თუ ვირუსი და ისე დაიწყებს მკურნალობას. ანტიბიოტიკის თვითნებური მიღება არ შეიძლება.
– რატომ, რა შეიძლება გვავნოს ამან?
– ადამიანის ორგანიზმში ურიცხვი მიკროორგანიზმი ცხოვრობს, იმდენად ბევრი, რომ მათი საერთო წონა 2-3 კილოგრამს აღწევს. ისინი განაწილებულნი არიან პირის ღრუში, სასუნთქ სისტემაში, ნაწლავებში. ამ ფლორის სიჯანსაღეზე, მის რაოდენობასა და ხარისხზე დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ანტიბაქტერიული მკურნალობით ნორმალურ ფლორას ვანადგურებთ. ამ დროს პირობითპათოგენური მიკრობები, რომლებიც მანამდე არაფერს გვიშავებდნენ, პათოგენურები ხდებიან და სერიოზულ ინფექციებს იწვევენ. სწორედ ასეთი მიკრობები არიან ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, კლოსტრიდია, სოკო.
საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ სწორედ ანტიბიოტიკების არამიზანმიმართულმა და ხშირმა გამოყენებამ შეუწყო ხელი არსებულ მიკრობებს შორის კლოსტრიდიას დომინირებას. წინათ ის ჰოსპიტალიზაციასთან ასოცირებულ გამომწვევად მიიჩნეოდა, დღეს კი უკვე ყოველგვარ გარემოში (მათ შორის – საკვებშიც) აღმოაჩენთ. კლოსტრიდიას მკურნალობის ტაქტიკა თავისებურია. ანტიბიოტიკი, რომელიც მის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მკვეთრად განსხვავდება ნაწლავური ინფექციების დროს გამოყენებული სხვა ანტიბიოტიკებისგან.
კიდევ ერთი პრობლემაა ლევომიცეტინის არამიზანმიმართული გამოყენება, რომელიც პაციენტსაც ვნებს და ლევომიცეტინსაც, რადგან იქ, სადაც საჭიროა, პრეპარატი უკვე ვეღარ მოქმედებს. მისი უკონტროლო მიღების ჩვევა იმ პერიოდის გადმონაშთია, როცა საქართველოში ხშირი იყო მუცლის ტიფი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო რვა წელია, მუცლის ტიფის შემთხვევა საქართველოში აღარ აღრიცხულა.
ბაქტერიების რეზისტენტობასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ წამალი გამომწვევზე აღარ მოქმედებს, ანტიბიოტიკების არარაციონლური გამოყენება კიდევ ერთ პრობლემას წარმოშობს:
ზოგი ბაქტერიის, მათ შორის – შიგელას, ნაწლავის ჩხირის, განსაზღვრული შტამები ტოქსინს გამოიმუშავებს. ეს შტამები ხშირად სისხლიან დიარეას იწვევს. მათი ტოქსინები სასიცოცხლო ორგანოებზე, მაგალითად, თირკმელებზე მოქმედებს, შესაძლოა, მათ უკმარისობამდეც მივიდეს საქმე და პაციენტს ჩანაცვლებითი თერაპია – დიალიზი დასჭირდეს.
სისხლიანი განავალი ძალიან საყურადღებო ნიშანია, მაგრამ არამც და არამც არ იძლევა ანტიბიოტიკის თვითნებური მიღების საფუძველს, რასაც სისხლის დანახვისას ბევრი აკეთებს. ტოქსინს ბაქტერია სიკვდილის შემდეგ გამოყოფს; ანტიბიოტიკის მიღებისას უფრო მეტი ბაქტერია იხოცება და უფრო მეტი ტოქსინი გამოიყოფა. ექიმი დანიშნავს არა ბაქტერიოციდულ ანტიბიოტიკს, რომელიც მიკრობებს სპობს, არამედ ბაქტერიოსტატიკურს, რომელიც ხელს უშლის მათ გამრავლებას.
მავნე ტოქსინის გამომყოფი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არც ისე ხშირია.
– ექიმის მეთვალყურეობა მაშინაც საჭიროა, როცა დიარეა თავისთავად გაივლის?
– ხშირად, როდესაც დიარეის პირველი ეპიზოდი თვითგამოჯანმრთელებით სრულდება და ავადმყოფი ვერ იღებს სრულფასოვან აკადემიურ დახმარებას (შესაბამისად, არც ნაწლავური ფლორა აღდგება სრულად), ხელახალი ინფიცირებისას (ერთ კვირაში მოხდება ეს თუ რამდენიმე წლის შემდეგ) დიარეა ძალიან ადვილად იჩენს თავს, პირველივე ეპიზოდის სწორი მკურნალობის შემდეგ კი დიარეია აღარ ქრონიკულდება, აღარ ხანგრძლივდება, რადგან ნაწლავის სრულყოფილი ფლორა პათოლოგიური მიკრობისთვის ხელსაყრელი გარემო არ არის.
ხშირად ავადმყოფობაზე გავლენას ახდენს კუჭის მჟავიანობა, გენეტიკური განწყობა. თუ კუჭის PH ნორმალურია, პათოლოგიური მიკრობები ამ ბარიერს ვერ გადალახავენ.
ამრიგად, ორგანიზმში საკვების, წყლის ან სხვა გზით მოხვედრილი მიკრობების მინიმალური რაოდენობა დაავადების განვითარებისთვის არ არის საკმარისი. ავადმყოფობის გამოსაწვევად საჭირო რაოდენობას ისინი გამრავლების შედეგად აღწევენ. ასე რომ, თუ მიკრობს ორგანიზმში ხელსაყრელი გარემო არ დახვდა, ვეღარ გამრავლდება და ნაწლავური ინფექცია ვეღარ განვითარდება.
– როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ინფექციები?
– უპირველეს ყოვლისა – ხელების საპნით ხშირი და საგულდაგულო ბანით (განსაკუთრებით – ჭამისა და საკვების მომზადების წინ) და საკვების უვნებლობის წესების დაცვით. ბაქტერიული ინფექციებით, განსაკუთრებით – სალმონელოზით, ავადობაში დიდი წვლილი შეაქვს ქათმის ხორცს, კვერცხს, რძეს და სხვა ცხოველურ პროდუქტებს. ბევრს ჰგონია, რომ შინაური ქათამი არ არის საშიში. სინამდვილეში ისიც იწვევს სალმონელოზს. ამიტომ ყველა ეს პროდუქტი ზედმიწევნით უნდა დამუშავდეს თერმულად. მათი ნაწილობრივი დამუშავებისას ბაქტერიები გადარჩებიან და ინფექციას იწვევენ. მაგალითად, კვერცხი მაგრად მოხარშული უნდა მიირთვათ და არა თოხლო, ერიდოთ გოგლი-მოგლს...
თუ კურორტზე არ არის ცენტრალური გაყვანილობა, იყენებენ ჭის ან წყაროს წყალს, მას ნურც დალევთ და ნურც ამ წყლით გარეცხილ ხილს შეჭამთ. ჭურჭელს ანადუღარი წყალი გადაავლეთ. საკვების მოსამზადებლადაც წყალი ჯერ აადუღეთ და მერე გამოიყენეთ.
სხვათა შორის, თავად ზღვის წყალი მარილიანობის, მოძრაობის, თვითგაწმენდის უნარის წყალობით იშვიათად იწვევს ინფექციას. გაცილებით საშიშია ქვიშა, რადგან მასზე მიკრობები გროვდება. ქვიშის ტუალეტად გამოყენებისას იქ, სადაც სანაპირო ზღვის წყლით არ ირეცხება, მასზე გამომწვევები რჩება და სხვასაც ასნებოვნებს.
ბაქტერიული ინფექციის წყაროდ ხშირად გვევლინება ორმოს ტიპის საპირფარეშო, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ის არ იყოს დასაბანი თუ სასმელი წყლისა და საცხოვრებელი გარემოს ახლოს.
თუ პრევენციის წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, ნაწლავთა აშლილობა აღარ დაგემუქრებათ.
პრობლემა, კოღოს ფრთებით რომ დაფრინავს
დადგა ზაფხული და კოღოებმაც შეგვახსენეს თავი, თუმცა ჩვეულებრივ სისხლისმწოველებს ვინ ჩივის, როცა არსებობს ფლებოტომუსი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ლეიშმანიოზით დაავადებას გვიქადის.
ლეიშმანიოზს იწვევს პატარა პარაზიტი ლეიშმანია, რომელსაც ფლებოტომუსის გვარის მდედრი კოღო ავრცელებს. არსებობს ლეიშმანიოზის რამდენიმე სახეობა. ყველაზე გავრცელებულია კანისა და ვისცერული ფორმები. კანის ფორმის დროს წყლულები ჩნდება, ვისცერულის დროს კი შინაგანი ორგანოები ზიანდება. მთელ მსოფლიოში წელიწადში 0,7-დან 1,2 მილიონამდე კანის და 0,2-დან 0,4 მილიონამდე ვისცერული ლეიშმანიოზის ახალი შემთხვევა აღირიცხება. ის გვხვდება აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. საერთო ჯამში, ლეიშმანიოზი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
როგორ ვლინდება კანის ლეიშმანიოზი
ზოგს ინფექციის ფარული ფორმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმპტომები ან სრულიად არ იჩენს თავს, ან თითქმის შეუმჩნეველია. უმეტესად კი კანის ლეიშმანიოზს კანზე ერთი ან რამდენიმე წყლულის გაჩენა ახასიათებს. წყლულების ზომა და შესახედაობა თანდათან იცვლება. თავდაპირველად ისინი შესაძლოა პაპულებს ან კვანძებს ჰგავდნენ, საბოლოოდ კი წყლულებად იქცევიან. წყლულები შესაძლოა დაიფაროს ქერქით ან ნაწიბურით, თუმცა მათ საბოლოო შეხორცებას არცთუ ისე ცოტა დრო სჭირდება. წყლულების უმეტესობა უმტკივნეულოა, თუმცა არც მტკივნეული წყლულის არსებობაა გამორიცხული. ზოგს წყლულის სიახლოვეს მდებარე ლიმფური კვანძები უსივდება. მაგალითად, თუ წყლული ხელზეა, ლიმფური კვანძები იღლიაში დიდდება.
როგორ ამოვიცნოთ ვისცერული ფორმა
ვისცერული ლეიშმანიოზი, კანის ფორმის მსგავსად, შესაძლოა თვალში საცემი ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს. მისი მთავარი კლინიკური სიმპტომებია ცხელება, წონის კლება, ელენთისა და ღვიძლის გადიდება და ცვლილებები სისხლში. ლეიშმანიოზის დროს, წესისამებრ, მცირდება სისხლის უჯრედების რაოდენობა, ვითარდება ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.
განასხვავებენ დაავადების სამ პეროდს:
* საწყისს, როცა ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, უგუნებობას, უმადობას. კანი ფერმკრთალია, ელენთა თანდათან დიდდება. შეინიშნება უმნიშვნელო ლეიკოციტოზი, მომატებულია ედსი. ამ სიმპტომების პარალელურად ან რამდენიმე დღის შემდეგ ვითარდება ცხელება, რომელიც თავდაპირველად სუბფებრილურია და მაღალ რიცხვებს იშვიათად აღწევს.
* სრული განვითარების პერიოდი. ამ პერიოდში ხშირია ბრონქიტი და პნევმონია. პაციენტის საერთო მდგომარეობა თანდათან მძიმდება. ვითარდება უსწორო ცხელება – ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ იწევს. ცხელებამ შესაძლოა ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს, შორს წასულ შემთხვევაში კი ჰექტიურ ხასიათს იღებს. სიფითრე ძლიერდება. ამას ემატება პნევმონია, ფაღარათი. უფრო მეტად დიდდება ელენთა და ღვიძლი, რომელმაც შესაძლოა მუცლის ღრუს 2„3-იც კი დაიკავოს. ზოგჯერ დიდდება პერიფერიული ლიმფური კვანძებიც. ანემია მკვეთრად არის გამოხატული. შეინიშნება ლეიკოპენია, მცირდება თრომბოციტების რაოდენობა.
* კახექსიის სტადიაში მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება. ავადმყოფი მკვეთრად იკლებს წონას, უჩივის უმადობასა და ფაღარათს. სისხლში მიმდინარე ცვლილებები პროგრესირებს – ვითარდება ანემიის მძიმე ფორმა. ცვლილებებია ძვლის ტვინშიც. შესაძლოა, განვითარდეს ნუშურების, პირის ღრუს ლორწოვანის, ღრძილების ნეკროზი. ხშირია ჰემორაგიული სინდრომი (სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანში, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა). ავადმყოფს აქვს დამახასიათებელი შესახედაობა: კანი – ანემიური, ცვილისფერი, ზოგჯერ მიწისფერი, ხილული ლორწოვანები – ძლიერ ფერმკრთალი; კანქვეშა ცხიმი კიდურებზე განლეულია, სახეზე კი შენარჩუნებული; ელენთისა და ღვიძლის გადიდების გამო მუცელი დიდდება.
როგორ ხდება ინფიცირება
ლეიშმანიოზი ყველა ასაკის პირებთან გვხვდება. ინფიცირების რისკი იმატებს, როცა ადამიანი დაავადების გავრცელების რეგიონში მოგზაურობს. ცნობილია ისიც, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში დასნებოვნების რისკი მეტია, ვიდრე ურბანულში. ინფიცირების ძირითადი გზაა ლეიშმანიის მატარებელი კოღოს ნაკბენი. კოღოს, თავის მხრივ, ინფექცია ლეიშმანიოზით დაავადებული ცხოველის ან ადამიანის კბენისას გადაეცემა. ფლებოტომუსი ძნელი შესამჩნევია, ვინაიდან ჩვეულებრივ კოღოზე სამჯერ პატარაა, თანაც ფრენისას არ გამოსცემს ხმას.
ლეიშმანიის გადამტანი კოღო უმეტესად ცხოველთა ბუნაგების, გამოქვაბულების, მღრღნელების სოროებისა და ნაგვის გროვების სიახლოვეს ბინადრობს და შებინდებისას აქტიურდება.
ლეიშმანიოზის ძირითადი რეზერვუარები ძაღლები არიან, თანაც არა მხოლოდ მაწანწალები, არამედ შინაურებიც. ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს თავსა და ტანზე წყლულები უჩნდება, კანი ექერცლება და კერატიტი ან კონიუქტივიტი უვითარდება.
კანის ფორმა კბენიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იჩენს თავს, ვისცერულის გამომჟღავნებამდე კი შესაძლოა წელიწადიც გავიდეს.
დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია
ლეიშმანიოზზე ეჭვის მიტანა ძნელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეჭვი გაჩნდება, დიაგნოზს იოლად სვამენ. ამისთვის რამდენიმე ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებაა საჭირო. სისხლში ეძებენ პარაზიტის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, დაზიანებულ კანსა და ძვლის ტვინში კი – თავად პარაზიტს.
კანის ლეიშმანიოზის დროს გაჩენილი წყლულები, წესისამებრ, თავისთავად ხორცდება, თუმცა ამას შესაძლოა თვები და წლებიც კი დასჭირდეს, თანაც უხეშ ნაწიბურებს ტოვებს, ვისცერული ლეიშმანიოზის მკურნალობის დაგვიანებას კი ხშირად ფატალურ შედეგამდე მივყავართ. სამწუხაროდ, დაავადების საწინააღმდეგო აცრა არ არსებობს. პროფილაქტიკის ერთადერთი გზაა, არ ეწვიოთ იმ რეგიონებს, სადაც ლეიშმანიოზია გავრცელებული. თუ ასეთ რეგიონში ცხოვრობთ, ნუ გახვალთ გარეთ შებინდებისას, შეძლებისდაგვარად დაიფარეთ კანი და გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები – რეპელენტები, სახლის დასაცავად კი ფანჯარას ბადე ააფარეთ.
თუ ტკიპა ჩვეულებრივი მკბენარი გგონიათ, ცდებით – მას პატარა ნაკბენზე გაცილებით დიდი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. რა საფრთხეს გვიქადის ეს ნამცეცა არსება? ვფიქრობ, ზაფხულის დამდეგს ამის ცოდნა აუცილებელია. საქმე ის არის, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში გახშირდა საშიში დაავადების, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, შემთხვევები.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ბუნებრივ-კეროვანი ინფექციაა. მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. ბუნებაში მრავლადაა ვირუსის რეზერვუარი: მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები. ალბათ იკითხავთ, ტკიპა რაღა შუაშიაო. სწორედ ტკიპაა ამ საშიში დაავადების გადამტანი. თავად ვირუსს ინფიცირებული ცხოველისგან ან ავადმყოფი ადამიანისგან იღებს, სამუდამოდ ვირუსმატარებელი რჩება და მას შთამომავლობას გადასცემს. ვირუსის გავრცელება 20-ზე მეტი სახეობის ტკიპას შეუძლია.
გარეული ძუძუმწოვრებისგან ვირუსი ტკიპას მეშვეობით შინაურ ცხოველებს გადაედება, მათგან კი, ისევ ტკიპას კბენის შედეგად, შესაძლოა ადამიანიც დასნებოვნდეს, ამიტომ ადამიანისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მათი ტკიპები წარმოადგენენ.
ყირიმ-კონგოს ცხელება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული: აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და ბულგარეთში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, პაკისტანში, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში, დაღესტანში. საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების ყველაზე მეტი შემთხვევა შუა ქართლში, ბორჯომისა და ხაშურის რაიონებში აღირიცხება.
რამ გამოიწვია დაავადების გავრცელების არეალის გაფართოება და საქართველოში მისი გამოჩენა, უცნობია. ეპიდემიოლოგები ამას გლობალურ დათბობას და ტკიპების მიგრაციის გაძლიერებას უკავშირებენ. ყირიმ-კონგოს ცხელების გახშირება ტკიპების გააქტიურების პერიოდს ემთხვევა, შესაბამისად, დაავადება ყველაზე მეტად მაისიდან სექტემბრამდეა მოსალოდნელი.
ვის ემუქრება
მაღალი რისკის პირისპირ დგანან სოფლად მცხოვრები ზრდასრული პირები, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან. დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა იშვიათია – მთავარი გზა ტკიპას ნაკბენია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ნუსხაში შედის, ის არის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა და განსაკუთრებით გადამდებია დაავადების შორს წასულ შემთხვევებში.
რას ველოდეთ
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მწვავე ორფაზიანი დაავადებაა. საინკუბაციო პერიოდი მოკლე აქვს – კლინიკური ნიშნების მანიფესტაცია კბენიდან უმეტესად 1-3, მაქსიმუმ 9 დღის შემდეგ იწყება. სიმპტომები ერთბაშად იჩენს თავს. პირველ ფაზაში ეს ინფექციური დაავადებისა და მძიმე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგჯერ – გულისრევა, პირღებინება, სახის წამოწითლება, თვალების ტკივილი და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მუცლის ან ყელის ტკივილი. 2-6 დღის შემდეგ დგება მეორე ფაზა. ამ დროს ვითარდება ყირიმ-კონგოს ცხელებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებით საშიში პროცესები. შეინიშნება მომატებული ძილიანობა, მუცლის ტკივილი, პულსის აჩქარება, ლიმფური კვანძების გადიდება. სისხლში იწყება სერიოზული კოაგულოლოგიური ცვლილებები, ირღვევა შედედების ფუნქცია, რასაც მძიმე ჰემორაგიული სინდრომი მოჰყვება – ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, იწყება სისხლდენა ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშარდე გზებიდან, საშვილოსნოდან. რთულ შემთხვევებში ვითარდება პოლიორგანული უკმარისობა. პრაქტიკულად ყველა ორგანო წყვეტს ნორმალურ ფუნქცობას. ვითარდება ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა. შორს წასულ შემთხვევებში პირველი სიმპტომების გაჩენიდან მე-6-10 დღეს დაავადება ხშირად ლეტალურად მთავრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ლეტალობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 10-40%-ს აღწევს.
ცხადია, დაავადება ყოველთვის ასეთი მძიმე სცენარით არ მიმდინარეობს. არსებობს მისი შედარებით მსუბუქი ფორმებიც, რომლებიც გამოხატული კლინიკური სურათის არარსებობის გამო, წესისამებრ, არ დიაგნოსტირდება.
როგორ აღმოვაჩინოთ
მთავარი პრობლემა დაავადების დროული დიაგნოსტიკაა. რის საფუძველზე ვიეჭვოთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება? თუ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს უჩივით და არც ტკიპაა უცხო ხილი თქვენი გარემოსთვის, ექიმს უნდა მიმართოთ. თუ მან მიიჩნია, რომ კლინიკური სურათი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას ჰგავს, სპეციალიზებულ განყოფილებაში მოგათავსებენ და დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებით კვლევებს ჩაგიტარებენ. დღეს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოსტირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ამისთვის უამრავი ლაბორატორიული ანალიზი არსებობს: გამოიყენება როგორც სეროლოგიური მეთოდები, ისე პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია სისხლში ვირუსის გენეტიკური მასალის გამოსავლენად. ეს მეთოდი სწრაფია და 100%-ით სანდო პასუხს იძლევა.
ყირიმ-კონგოს ცხელების მკურნალობა კომპლექსური, საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. მკურნალობის წამყვანი კომპონენტია ანტივირუსული პრეპარატები, რომელთა მიღების დროულ დაწყებაზე ხშირადაა დამოკიდებული დაავადების კეთილსაიმედო გამოსავალი. მკურნალობას რეაბილიტაციის პერიოდი მოჰყვება, რომლის შემდეგაც პაციენტი სრულფასოვნად უბრუნდება ცხოვრების ადრინდელ რიტმს.
როგორ ავიცილოთ თავიდან
რა ვიღონოთ ამ საშიში დაავადების თავიდან ასაცილებლად? ექიმებმა და მოსახლეობამ უნდა იცოდნენ, რომ ზაფხულში საქართველოში, განსაკუთრებით – შიდა ქართლის რეგიონში, არსებობს ყირიმ-კონგოს ცხელებით დასნებოვნების საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად შინაურ ცხოველებთან ახლო კონტაქტში მყოფებს ემუქრება, ამიტომ საეჭვო სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ არის საკმარისი – დროულად დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, ფატალური შედეგი ზოგჯერ გარდაუვალია, ამიტომ დროულ დიაგნოსტიკასთან ერთად აუცილებელია პროფილაქტიკაც:
* ბრძოლა გამოვუცხადოთ ვირუსის გადამტან ტკიპებს. აქ გამოგვადგება აკარიციდები – ტკიპას საწინააღმდეგო საშუალებები.
* ტკიპებისგან თავის დასაცავად კანსა და ტანისამოსზე სპეციალური რეპელენტები ვისხუროთ ან წავისვათ.
* ჩავიცვათ ფერადი სამოსი – მასზე იოლად შევამჩნევთ ტკიპებს.
* სისტემატურად უნდა ჩატარდეს ცხოველთა სადგომების დეზინსექცია.
* ცხოველებთან კონტაქტის მქონე პირებმა უნდა გამოიყენონ სპეციალური დამცავი ტანსაცმელი.
* ვერიდოთ იმ რეგიონების სტუმრობას, სადაც დაავადებაა გავრცელებული.
* თუ ტკიპამ გვიკბინა, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.
ზიკას ვირუსი 1947 წელს უგანდაში, ზიკას ტყეში აღმოაჩინეს და მისივე სახელი უწოდეს. 1952 წელს ამ ვირუსით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა აღირიცხა. მას შემდეგ ტროპიკულ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე დაავადებამ რამდენჯერმე იფეთქა. 2015 წლის მაისში ჯანდაცვის პანამერიკულმა ორგანიზაციამ (PAHO) პირველად დაადასტურა ბრაზილიაში ამ ვირუსით ინფიცირების ფაქტი.
საშიში ქვეყნები
თავდაპირველად ზიკას ვირუსი მხოლოდ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე იყო გავრცელებული. მისი გავრცელების არეალი თანდათან გაფართოვდა და დღეს მას სამხრეთ ამერიკაშიც (ბრაზილიაში, კოლუმბიაში, არგენტინაში, ეკვადორში, პარაგვაიში, პერუში, ვენესუელაში) შეხვდებით. ზიკას ვირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში (კოსტა-რიკაში, სალვადორში, გვატემალაში, ჰონდურასში, ნიკარაგუაში, პანამაში), მექსიკაში, კარიბის აუზის ქვეყნებში (დომინიკის რესპუბლიკაში, კუბაში, ჰაიტის რესპუბლიკაში, იამაიკაში, გრენადაში, პუერტო რიკოში, ტრინიდადსა და ტობაგოში). რამდენიმე ინფიცირებული აშშ-ის ტერიტორიაზეც აღმოაჩინეს, თუმცა ყველა მათგანი სხვა ქვეყნიდან დაბრუნებული მოგზაური იყო. ქვეყნის შიგნით ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა.
ასეა თუ ისე, ფაქტია – ზიკას ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. მეცნიერებს უჭირთ პროგნოზირება, რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) სპეციალური მითითებები გასცა მათთვის, ვინც ზიკას ვირუსის გავრცელების რეგიონში მოგზაურობას გეგმავს.
გავრცელების გზები
ზიკას ვირუსი რნმ-ს შემცველი ფლავავირუსია. ადამიანისგან ადამიანს ის მწერის ნაკბენით გადაეცემა. გადამტანი მწერები, წესისამებრ, წყლის შემცველი კონტეინერების სიახლოვეს ბინადრობენ, აგრესიულები არიან დღისით და დაფრინავენ როგორც საცხოვრებლის შიგნით, ისე მის გარეთაც. აღრიცხულია ზიკას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები პერინატალურ პერიოდში ანუ დაბადებისა და მუცლად ყოფნის დროს. უკანასკნელი მონაცემებით, ზიკას ვირუსი სქესობრივი გზითაც შეიძლება გადაეცეს ინფიცირებული მამაკაცისგან.
საგანგაშო ნიშნები
ზიკას ვირუსს სპეციფიკური სიმპტომები არ ახასიათებს. მეტიც: ინფიცირებულთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ინფექციას ატარებს, ვინაიდან მისი კლინიკური ნიშნები უმეტესად შეუმჩნეველია. გამოხატული ინფექცია მჟღავნდება ცხელებით, გამონაყარით, სახსრების ტკივილითა და კონიუნქტივიტით – “წითელი თვალებით”. საკმაოდ გავრცელებული სიმპტომებია თავისა და კუნთების ტკივილიც. საინკუბაციო პერიოდი – დრო, რომელიც დაავადების სიმპტომების გამოვლენას სჭირდება – უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გასტანს.
ავადმყოფობა უმეტესად ზომიერად მძიმეა და რამდენიმე დღე, ზოგჯერ ერთი კვირაც გრძელდება. არის შემთხვევები, როცა ვირუსს ავადმყოფის სისხლში უფრო მეტი ხნის შემდეგაც აღმოაჩენენ. დაავადების მძიმე ფორმა ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, თუმცა ლეტალური დასასრული იშვიათია.
ორსულის ინფიცირებისას შესაძლოა ნაყოფიც დაინფიცირდეს. უკვე დადგენილია, რომ ამ შემთხვევაში ზიკას ვირუსს ახალშობილთა მიკროცეფალიისა და ზოგიერთი სხვა ანომალიის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ თუ ორსულს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა, აუცილებელია ნაყოფის გამოკვლევა ინფიცირებისა და მოსალოდნელი ნევროლოგიური დარღვევების გამოსავლენად.
თუ ზემოთ აღწერილ სიმპტომებს უჩივით და ზიკას ვირუსის გავრცელების არეალში იმყოფებით ან ახლახან იმოგზაურეთ ასეთ ადგილას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ანალიზი. სისხლში შესაძლებელია როგორც თავად ვირუსის, ისე მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა.
მკურნალობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, თუ ადამიანმა ერთხელ გადაიტანა ზიკას ვირუსი, ხელმეორე ინფიცირებისგან დაზღვეულია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კი ჯერ, სამწუხაროდ, არ არსებობს. არც მისი სამკურნალო მედიკამენტი. დაავადებას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ. პაციენტმა უნდა სვას ბევრი წყალი, რათა თავიდან აიცილოს დეჰიდრატაცია – გაუწყლოება, იწვეს და, საზოგადოდ, ერიდოს გადაღლას, ტკივილისა და ცხელების ჩასაცხრობად კი მიიღოს აცეტამინოფენი ან პარაცეტამოლი. ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების, მაგალითად, იბუპროფენის ან ნაპროქსენის, მიღება სარისკოა, სანამ ექიმი დენგეს დაავადებას არ გამორიცხავს, ვინაიდან ამ დაავადების დროს ჩამოთვლილი პრეპარატები ზრდის სისხლდენის რისკს. თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო რომელიმე მედიკამენტს იღებთ, ექიმს აუცილებლად აცნობეთ.
პრევენცია
ვინაიდან ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, თავდაცვის ერთადერთი საშუალება მწერებისთვის თავის არიდებაა. მისი გადამტანი მწერების უმეტესობა დღისით იკბინება, ამიტომ, თუ ამ ვირუსის გავრცელების არეალში იმყოფებით, გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები – რეპელენტები, რომლებიც, თუ გამოყენების წესებს დაიცავთ, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვისაც კი უვნებელია. რეპელენტების დიდი ნაწილის გამოყენება ორი თვიდან ბავშვებთანაც შეიძლება.
ნუ ისხურებთ დამცავ სპრეის ტანსაცმლის ქვეშ. ტანსაცმელი დაამუშავეთ პერმეთრინით. ჩაიცვით გრძელსახელოებიანი პერანგი და გრძელი შარვალი. გასაგრილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. თუ ფანჯრის ღიად დატოვებას აპირებთ, ააფარეთ დამცავი ბადე. უკიდურეს შემთხვევაში, ბადე საწოლს გადააფარეთ.
თუ ზიკას ვირუსით დაინფიცირდით, იზრუნეთ სხვებზე. ინფიცირების პირველ კვირას ვირუსი სისხლში მიმოიქცევა და ადამიანისგან ადამიანს მწერის ნაკბენითაც გადაეცემა, ამიტომ, ინფიცირებულიც კი, ერიდეთ მწერებს. საშიშ რეგიონში მოგზაურობის შემდეგ მამაკაცმა რვა კვირის განმავლობაში უნდა ისარგებლოს პრეზერვატივით, ხოლო თუ ინფექცია გადაიტანა – ექვსი თვის განმავლობაში მაინც. ქალმა მოგზაურობის შემდეგ რვა კვირა დაორსულებას თავი უნდა არიდოს.
თუ ზაფხულის რომელიმე “საშიშ” ქვეყანაში გატარებას აპირებთ, გამგზავრებამდე აუცილებლად ეწვიეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ვებგვერდს და პროფესიონალთა რჩევები გაითვალისწინეთ.
რა საფრთხეს გვიქადიან ცხოველები
ლეპტოსპიროზი
ზაფხულის სიცხეში გაგრილება ვის არ მოგვსურვებია! ხელოვნურ თუ ბუნებრივ წყალსატევებში განსაკუთრებული სიამოვნებით ბავშვები ბანაობენ. მხიარულად მოჭყუმპალავე პატარების შემხედვარე, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენთ საფრთხეს, რომელიც ამ გართობას ახლავს თან...
ზაფხულის ცხელმა დღეებმა ცხელ-ცხელი პრობლემები რომ არ შეგიქმნათ, წყალსატევში ბანაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან სწორედ იქ შეიძლება დაავადდეთ ლეპტოსპიროზით.
დაავადების სახელი, შესაძლოა, გეცნოთ კიდეც, მაგრამ მის შესახებ მეტის გაგება მაინც არ გვაწყენს. მით უმეტეს, ლეპტოსპიროზი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება.
ლეპტოსპიროზი მწვავე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ლეპტოსპირა-ს პათოგენური სახეობა L. Interrogans-ი იწვევს. XX საუკუნის ბოლომდე ლეპტოსპიროზს სიყვითლით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ. 1886 წელს ვეილმა და ვასილევმა თითქმის ერთდროულად პირველად აღწერეს ლეპტოსპიტოზის კლინიკა, ამიტომ გამომწვევის აღმოჩენამდე 20-25 წლით ადრე მას ვეილ-ვასილევის დაავადება უწოდეს. სახელწოდება “ლეპტოსპიროზი” კი გამომწვევის მორფოლოგიას უკავშირდება: ლეპტოს წვრილს ნიშნავს, Spira კი ხვეულს – ბაქტერიას სპირალისებრი აღნაგობა აქვს.
ეპიდემიოლოგია
ლეპტოსპიროზს ვერსად გაექცევით – ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული: როგორც ზომიერი, ისე ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში, სოფლად თუ ქალაქად. ენდემურ რაიონებში დაავადების შემთხვევები წვიმების სეზონზე აღწევს პიკს, წყალდიდობების დროს კი ეპიდემიის მასშტაბსაც იღებს. მსოფლიოში ყოველწლიურად ლეპტოსპიროზის 500 000-მდე შემთხვევას აღრიცხავენ. ზოგიერთ ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე 100-ს უახლოვდება. ასაკი დაავადებისგან ვერ დაგიცავთ – ლეპტოსპიროზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგხვდეთ.
ზაფხული, ზაფხული და კიდევ ერთხელ ზაფხული
ინფიცირება წელიწადის ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი, მაგრამ მისი განსაკუთრებული მატება, როგორც უკვე ვთქვით, ზაფხულობით შეინიშნება. ამის მიზეზი ინფექციის გადაცემის თავისებურებაა: ლეპტოსპიროზის წყაროა გარეული და შინაური ცხოველები – ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ძაღლი, ძროხა, ღორი, რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს, საგნებს. ადამიანი სწორედ დაბინძურებულ ნიადაგთან ან წყალთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება. ამიტომაა, რომ დაავადების ეპიდემიური აფეთქება უმეტესად ბუნებრივ თუ ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობას უკავშირდება. ადამიანი შესაძლოა დასნებოვნდეს ცხოველის შარდსა და ბიოლოგიურ სითხეებთან (ნერწყვის ჩათვლით) უშუალო კონტაქტის დროსაც.
მაშასადამე, მთავარ საფრთხეს ცხოველები წარმოადგენენ. დაავადების გავრცელებას ისიც უწყობს ხელს, რომ ცხოველებთან ლეპტოსპიროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებულმა ცხოველმა შესაძლოა თვეობით, წლობით გამოყოს შარდთან ერთად ლეპტოსპირა, ჩვენ კი ამაზე წარმოდგენაც არ გვქონდეს. კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ დაავადება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება.
წყლიდან შინაგან ორგანოებამდე
ლეპტოსპირა ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსიდან და დაზიანებული კანიდან იჭრება. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს საკვების მეშვეობითაც. განასხვავებენ ლეპტოსპიროზის ორ კლინიკურ ფორმას: სიყვითლით მიმდინარეს და უსიყვითლოს. დაავადების მიმდინარეობაშიც ორ ფაზას გამოყოფენ. პირველ ფაზაში თავს იჩენს ცხელება, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, პირღებინება, დიარეა. მეორე ინფექციის გენერალიზაციის, მთელ ორგანიზმში გავრცელების ფაზაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, პარენქიმული ორგანოების (ღვიძლის, თირკმლის), ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემების დაზიანება – ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა სხვდასხვა ორგანოში), სისხლჩაქცევები, პირღებინება, სიყვითლე, გამონაყარი მთელ ტანზე. მძიმე შემთხვევებში თითქმის ყოველთვის შეინიშნება თირკმლის ფუნქციის მოშლა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თრომბოჰემორაგუილი სინდრომი (სისხლჩაქცევები, სისხლდენა და თრომბოზები ერთდროულად), სამი-ოთხი ტემპერატურული ტალღით მიმდინარე რეციდივები. ხშირად ამ სიმპტომებს თან ახლავს მენინგეალური მოვლენებიც: კეფის კუნთების დაჭიმულობა, ღებინება. სხვათა შორის, რეციდივები (3-4 ტალღა), წესიამებრ, არაადეკვატური მკურნალობის შედეგია.
რას აკეთებდით გასულ ზაფხულს?
ვინაიდან სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია, დიაგნოსტიკაში უდიდესი როლი ეკისრება ეპიდანამნეზს. ლეპტოსპიროზს ეჭვობენ მაშინ, როდესაც სიმპტომები ბანაობის, თევზაობის, ნადირობის, წყლის სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ იჩენს თავს. ამის კვალობაზე, რისკჯგუფებს მიაკუთვნებენ ფერმერებს, ვეტერინარებს, სანტექნიკოსებს, სასაკლაოს, თევზსაშენი მეურნეობის მუშაკებს...
დიაგნოზის დასასმელად უნდა გამოირიცხოს ჰეპატიტი, გრიპი, სეფსისი და სხვა ჰემორაგიული ცხელებები, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ლაბორატორიულ მონაცემებს ენიჭება.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
აქტიური მოძრაობის უნარის წყალობით ლეპტოსპირები შეუზღუდავად ვრცელდებიან ორგანიზმში. მათი აღმოჩენა შესაძლებელია სისხლში, პარენქიმულ ორგანოებში, თავზურგტვინის სითხეში, შარდში, დედის რძეში. ამრიგად, საკვლევი მასალა შესაძლოა იყოს:
* სისხლი – გამოკვლევის ოპტიმალური ვადაა პირველი 5 დღე, როცა შეინიშნება ბაქტრიემია – სისხლში ბაქტერიების გადასვლა;
* შარდი – მე-10 დღიდან პერიოდულად, ამიტომ სინჯი რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს;
* თავზურგტვინის სითხე – მენინგეალური სიმპტომების არსებობისას.
დაავადების პირველივე კვირას ორგანიზმში გამომუშავდება სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე წელი შენარჩუნდეს. ეს ზოგჯერ დიაგნოზის რეტროსპექტულად დასმის საშუალებას იძლევა. ლაბორატორიული მეთოდებიდან, ზემოხსენებულ სეროლოგიურ ტესტებთან ერთად, ბაქტერიოსკოპიულ და ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებსაც იყენებენ. პირველი მათგანი ბნელ არეში ცოცხალი ლეპტოსპირების მიკროსკოპით ვიზუალიზაციას გულისხმობს (თუმცა უარყოფითი პასუხი ერთმნიშვნელოვნად დაავადების არარსებობაზე არ მიუთითებს), მეორე შემთხვევაში კი გამდიდრებულ ხელოვნურ საკვებ არეებზე ლეპტოსპირების იზოლირება ხდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამჟამად ლეპტოსპიროზის დიაგნოსტიკა იმუნოფერმენტული მეთოდითა და ეტალონურ შტამებთან მიკროაგლუტინაციისა და ლიზისის რეაქციით ტარდება.
როგორ მოვიქცეთ?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვაფრთხილებს, ლეპტოსპიროზის ნიშნების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს. მკურნალობა, რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიას და სიმპტომურ თერაპიას მოიცავს, აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩატარდეს. დაავადებით გამოწვეული ლეტალობა 10%-ს უახლოვდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომაც აქვს ამხელა მნიშვნელობა ლეპტოსპიროზის ადრეულ გამოვლენას. უფრო მნიშვნელოვანი კი მისი პრევენციაა. ის, უპირველეს ყოვლისა, წყლისა და საკვების დაბინძურებისგან დაცვას გულისხმობს. აუცილებელია შინაური ცხოველების ვეტერინარიული ზედამხედველობა, ავადმყოფი ცხოველების იზოლაცია და მკურნალობა, პირადი პროფილაქტიკა – თავის დაცვა სპეცტანსაცმელით, რეზინის ფეხსაცმლით, ხელთათმანებით, დროული დერატიზაცია. დაბოლოს, მთავარი წესი: ნუ დალევთ ღია წყალსატევიდან აღებულ წყალს!
* * *
ჯილეხიც ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველებსაც ემართებათ და ადამიანებსაც. მას ციმბირის წყლულის სახელითაც იცნობენ. “ნათლიამ”, ექიმმა ანდრეევსკიმ, ეს სახელი ინფექციას ციმბირში ფართო გავრცელების გამო დაარქვა (თუმცა ეს დაავადება ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, რომსა და სპარსეთშიც კი იყო გავრცელებული), მერე კი თავი დაისნებოვნა დააავადებული ცხოველის სისხლით, რითაც ადამიანისა და ცხოველის ჯილეხის იდენტურობა დაადასტურა. თავად დაავადების გამომწვევი მოგვიანებით, 1849 წელს აღმოაჩინეს ჰოლენდერმა და დავენმა, მისი სუფთა კულტურა კი კოხმა მიიღო.
ციმბირის წყლულის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 1881 წელი, როცა პასტერმა ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა.
ზეგამძლე სპორები
ჯილეხის გამომწვევია Bacillus antracis-ის უმოძრაო გრამდადებითი ჩხირი. დაავადების სიმპტომებს სწორედ მის მიერ გამოყოფილი ეგზოტოქსინი განაპირობებს. ვეგეტატიური ფორმა გამძლე არ არის – 55 გრადუსზე 40 წუთში კვდება, 75-ზე კი 1 წუთში. მზის სხივები და ჩვეულებრივი სადეზინფექციო ხსნარებიც ადვილად კლავს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი გამძლეობით გამოირჩევა სპოროვანი ფორმა: 120-140 გრადუს მშრალ ტემპერატურას 2-3 საათს უძლებს, ავტოკლავირებას – 5-10 წუთს, დუღილს – 60 წუთს, წყალსა და ნიადაგში კი ათეულობით წელს ცოცხლობს. სპორები ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარ გარემოში წარმოიქმნებიან.
როგორ ხდება ინფიცირება
ინფექციის ძირითადი წყარო დაავადებული შინაური ცხოველები არიან, უმთავრესად – ბალახისმჭამელები: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა ცხვარი, ასევე – ღორიც. დაავადების გავრცელებაში წვლილი გარეულ ცხოველებსაც მიუძღვით, მათ შორის – მტაცებლებსაც. ცხოველებთან ჯილეხი გენერალიზებული ფორმით მიმდინარეობს. ავადმყოფი ცხოველი მიკრობებს მასიურად გამოყოფს და 1-2 დღეში კვდება. წვრილფეხა რქოსან პირუტყვთან ხშირია ავადმყოფობის ელვისებური მიმდინარეობა და უეცარი სიკვდილი. ცხოველი გადამდებია ავადმყოფობის მთელ პერიოდში. ეპიდემიოლოგიურად საშიშია ინფიცირებული ნიადაგიც.
ინფექცია შემდეგნაირად გადაეცემა:
* კონტაქტური გზით – ავადმყოფი ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის, ტყავის, მატყლისა და ძვლების დამუშავების დროს, აგრეთვე – მიწის დამუშავებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა);
* ალიმენტური გზით – თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასათანადოდ შემწვარი ან მოხარშული) ინფიცირებული ხორცის ჭამის შედეგად (გახსოვდეთ, ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს) (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტროინტესტინური ფორმები);
* ასპირაციული გზით – ჯილეხის სპორით დაბინძურებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად – ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა).
იმის სარწმუნო მტკიცებულება, რომ ციმბირის წყლული ადამიანისგან ადამიანს გადაედება, არ არსებობს.
დაავადების შემთხვევათა 70% ზაფხულისა და შემოდგომის წილად მოდის.
არსებობს ციმბირის წყლულის რამდენიმე ფორმა, რომლებსაც სხვადასხვა სიმპტომები და სხვადასხვანაირი მიმდინარეობა ახასიათებს. ავადმყოფობის ნიშნები უმეტესად ბაქტერიასთან კონტაქტიდან 7 დღის განმავლობაში იჩენს თავს. გამონაკლისია ინჰალაციური ფორმა რომელიც შესაძლოა ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამომჟღავნდეს.
* კანის ფორმა – ჯილეხის გამომწვევი ორგანიზმში დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანიდან იჭრება. შეჭრილი სპორებისგან წარმოიქმნება ვეგეტაციური ფორმა, რომელიც ეგზოტოქსინს გამოყოფს. მიკრობის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება ანთება და წარმოიქმნება კარბუნკული – მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც მწერის ნაკბენს წააგავს და ხშირად მქავანაა. მოქავებისას, ზოგჯერ – თავისთავადაც, ბუშტუკი სკდება და მის ადგილას ჩნდება წყლული, საიდანაც დის სითხე. შემდეგ წყლული იფარება შავი ნეკროზული ქერქით, რომელიც ნახშირს მოგვაგონებს. წყლულის ირგვლივ შვილეული ბუშტუკები წარმოიქმნება, რომლებიც დედისეული ბუშტუკის ბედს იზიარებენ. ეს წყლულის იმგვარ გაფართოებას იწვევს, რომ მისმა დიამეტრმა შესაძლოა 8-15 სმ-საც მიაღწიოს. პირველივე დღიდან იჩენს თავს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია; მეხუთე-მეშვიდე დღეს ტემპერატურა კრიტიკულად ეცემა. როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი მოვლენები თანდათანობით უკუვითარდება. ქერქი შორდება 2-4 კვირის შემდეგ. საქართველოში უმეტესად სწორედ კანის ფორმა გვხვდება.
* გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი და ღებინება. მუცლის ღრუში დგება სითხე (ასციტი).
* ოროფარინგული (ხახის) ფორმა – ამ დროს წყლული პირის ღრუში, ენაზე ან ხახაში წარმოიქმნება. დაავადებას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ყელის ძლიერი ტკივილი, შეშუპება კისრის არეში. მოსალოდნელია სასუნთქი გზების სრული ან ნაწილობრივი დახშობა.
* ინჰალაციური (ფილტვის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მშრალი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება.
დაავადების დიაგნოსტიკისთვის მასალას განსაკუთრებით საშიში ინფექციის კვლევის წესების დაცვით იღებენ. ყველა ფორმას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. მკურნალობის კიდევ ერთი საშუალება ანტიტოქსინია. საჭიროებისამებრ ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია (დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა). გახსოვდეთ, დიაგნოსტიკის დაგვიანების შემთხვევაში დაავადება შესაძლოა გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს, ამიტომ სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
დაავადების მართვის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაავადებულ ცხოველის ამოცნობას. ცხოველებთან ჯილეხის ნიშნებია: უმადობა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვაფრთხილებს, თუ ცხოველს საეჭვო ნიშნები შევატყვეთ, სასწრაფოდ მივმართოთ ვეტერინარს და გვაძლევს რამდენიმე რეკომენდაციას დაავადების თავიდან ასაცილებლად:
* დროულად ჩაუტარეთ ცხოველებს ვაქცინაცია! როცა შინაური პირუტყვი აცრილია, ჯილეხის საშიშროება პრაქტიკულად აღარ არსებობს.
* ავადმყოფი ცხოველი დაუყოვნებლივ განაცალკევეთ ჯანმრთელისგან და მიმართეთ ვეტერინარს.
* ინფიცირებული ცხოველის ლეში გაანადგურეთ სათანადო წესით. პროცედურა ვეტერინარიულმა სამსახურმა უნდა ჩაატაროს. ლეშს ღია ცის ქვეშ ნუ დააგდებთ – ეს ჯილეხის ახალ კერას გააჩენს.
* გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი) ცხოველების მოვლის, დაკვლა-დამუშავების, ლეშთან შეხების, სადგომის დასუფთავების, მატყლის დამზადების დროს.
ჯილეხით ინფიცირებული ცხოველის დაკვლა, ხორცის საკვებად გამოყენება და გაყიდვა არ შეიძლება – ეს საფრთხეში აგდებს მრავალი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
მარი აშუღაშვილი
თამარ არქანია
გვანცა გოგოლაძე