როგორ გავატაროთ დრო სასარგებლოდ და საინტერესოდ?

გააზიარე:

 როცა ბავშვი ბევრ დროს ატარებს შინ, დღის წესრიგში დგება მეტად მნიშვნელოვანი საკითხი – როგორ გავატარებინოთ დრო ხალისიანად, საინტერესოდ და სასარგებლოდ. კომპიუტერი, პლანშეტი, ტელევიზორი გამოსავალი არ არის. ვირტუალურ რეალობაში ბავშვი მოკლებულია ზრდისა და განვითარების ბუნებრივ პირობებს. ექვს წლამდე ასაკის პატარასთვის კომპიუტერისა და პლანშეტის მიცემა საერთოდ არ არის რეკომენდებული. თუ მაინც მივეცით, სიფრთხილე და დროის შეზღუდვაა საჭირო. სხვაგვარად ადრე თუ გვიან თავს იჩენს ჯანმრთელობის პრობლემები. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა არათუ ბავშვს, უფროსსაც ვნებს – ასეთ ცხოვრების წესს უცილობლად მოჰყვება ტკივილი და დაძაბულობის შეგრძნება კისრისა და ბეჭების არეში, ხერხემლის გამრუდება, თვალების სიმშრალე, მხედველობის დაქვეითება, გამოფიტვა, სიმსუქნე, მტევნის პათოლოგიები... კიდევ უფრო სახიფათოა უძრაობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, ბავშვებთან, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან, ხშირია გადაღლა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, აგრესია გარშემო მყოფების მიმართ, უმადობა ან, პირიქით, გაცხოველებული მადა, უძილობა.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და სახალისო მოძრავ თამაშს. ამ თამაშებში ბავშვებიც სიამოვნებით ჩაერთვებიან და მშობლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, საინტერესოდ გაატარონ დრო შვილებთან ერთად.

 

“საკუთარი” წიგნი

საკუთარი ხელით დამზადებული წიგნი განსაკუთრებით ძვირფასია ბავშვისთვის. კვლევები მოწმობს, რომ წიგნიერების მაღალ დონეს ის ბავშვები აჩვენებენ, რომლებიც წიგნიერ გარემოში იზრდებიან. როდესაც ბავშვი ხედავს, როგორ კითხულობენ მშობლები წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს, ერთად დადიან წიგნის მაღაზიებში და არჩევისას შვილის სურვილებსაც ითვალისწინებენ, კითხვის სიყვარულიც ბუნებრივად უყალიბდება.

ხელნაკეთი წიგნის დასამზადებლად დაგჭირდებათ A4 ფორმატის ქაღალდის ფურცლები, სტეპლერი ან ფერადი ლენტი, სქელი ძაფი, რბილი მავთული ან ფეხსაცმლის თასმა.

ფურცლები ორად გაკეცეთ (ამაში ბავშვმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა), სამ ან 4 ადგილას სტეპლერით დაამაგრეთ ან გახვრიტეთ და ლენტით შეკარით. პირველი და ბოლო გვერდები მოხატეთ ან აპლიკაციით მორთეთ. დააწერეთ სათაური და ხელნაკეთი წიგნიც მზადაა.

ყდის მოხატვა პლასტილინითაც შეიძლება. ფერადი პლასტილინის პატარა ნაჭრები ხელში დაარბილეთ, ფურცელზე წინასწარ მოხაზეთ კონტურები და პლასტილინის ფენით შეავსეთ. ყდა უფრო მყარიც გამოვა და ორიგინალურიც.

მომდევნო საფეხური შინაარსის მოფიქრებაა. ბავშვებს მართლაც ამოუწურავი ფანტაზია აქვთ. საქმე რომ გაუადვილოთ, დაუსვით შემდეგი კითხვები:

  • რამდენი გმირი ეყოლება მოთხრობას? განიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი.
  • რა ერქმევა გმირს?
  • როგორი გარეგნობა ექნება?
  • ექნება თუ არა რამე განსაკუთრებული შესაძლებლობა?
  • სად მოხდება მოქმედება?
  • რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს გმირს?
  • როგორ გადალახავს?
  • ვინ დაეხმარება?
  • როგორ დასრულდება ამბავი?
  • მოიფიქრე, სად იქნება გმირი ათი წლის შემდეგ.

ჯერ მოკლედ ჩამოწერეთ პასუხები ამ კითხვებზე, მერე კი ნელ-ნელა ნამდვილ მოთხრობად აქციეთ. საბოლოო “რედაქცია” ხელნაკეთ წიგნში გადაიტანეთ.

 

საგამოფენო სივრცე საკუთარ ჭერქვეშ

წიგნთან სწორი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და კითხვის შესაყვარებლად აუცილებელია შესაფერისი გარემო. სახლში უთუოდ გამოიძებნება ადგილი, რომელიც შეიძლება ნამდვილ ოაზისად იქცეს. მოაწყვეთ კუთხე, სადაც ბავშვს შეეძლება წიგნების თვალიერება, კითხვა, ხატვა, წერა. ამისთვის დაგჭირდებათ პატარა მაგიდა, სავარძელი, მომცრო ხალიჩა, დიდი ყუთი ან პატარა კარადა, რომელსაც ბავშვი წიგნების, რვეულების, ფანქრების და სხვა საჭირო ნივთების შესანახად გამოიყენებს. ეცადეთ,  ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი და უხვად ილუსტრირებული იყოს. ნუ მისცემთ ბავშვს შენიშვნას, თუ რამდენიმე წიგნი ერთად გადმოიღო. დაეხმარეთ ინტერესების მიხედვით საკითხავის შერჩევაში. შესთავაზეთ ერთად კითხვა: ერთ აბზაცს ბავშვი კითხულობს, ერთს – თქვენ. აუცილებლად ესაუბრეთ წაკითხულის შესახებ. მოიფიქრეთ კითხვები, რომლებიც აზრის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ნუ დასჯერდებით მოკლე პასუხებს – “კის”და “არას”, სთხოვეთ, აღწეროს ესა თუ ის საგანი ან პერსონაჟი, დაუკავშიროს მოსმენილი ან წაკითხული თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ესაუბრეთ წიგნის ილუსტრაციებზე. ძალიან სასარგებლოა ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნაც. ბავშვმა თავად უნდა შეარჩიოს ეპიზოდი, რომლის გამოსახვაც სურს ნახატზე. ჯერ სიტყვიერად აღაწერინეთ მომავალი ილუსტრაცია, მერე კი ჩანაფიქრის ფურცელზე გადატანა სთხოვეთ. ნახატები კედელზე გამოაკარით. როდესაც საკმაო რაოდენობისა დაგროვდება, მოაწყვეთ გამოფენა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის. ასეთი ღონისძიებები წაახალისებს ბავშვს. ის შეიყვარებს წიგნს, კითხვას, გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და შეძლებს საკუთარი ნააზრევის წერილობით თუ ზეპირად მწყობრად გადმოცემას.

 

მოძრავი თამაში “მხიარული კუნძულები”

აიღეთ ათი-თორმეტი თაბახის ფურცელი, რომლებსაც ბავშვები სხვადასხვა ფერად გააფერადებენ. ყოველ მათგანზე რამე დავალება უნდა ეწეროს. მაგალითად, “სიმღერის კუნძული” – “იმღერე”, “ლექსის კუნძული” – “წაიკითხე ლექსი”, “ცეკვის კუნძული” – “იცეკვე”, “სასაცილო კუნძული” – “მოიფხანე ცხვირი”, “დაითვალე უკუღმა”, “დაიყეფე ძაღლივით”, “სპორტული კუნძული” – “ახტი ათჯერ”, “ჩაბუქნე შვიდჯერ”, “იხტუნავე ცალ ფეხზე”  და ა.შ. მოიფიქრეთ დავალებები ბავშვების ინტერესებისა და საყვარელი თამაშების გათვალისწინებით. მიეცით ფურცლებს სხვადასხვა ფორმა: გულისა, სამკუთხედისა, მართკუთხედისა.... ერთი ფურცელი “სტარტი” იქნება, ერთიც – “ფინიში”. ფურცლები უწესრიგოდ დააწყვეთ იატაკზე, ოღონდ ისე, რომ ბავშვს ერთიდან მეორეზე გადახტომა შეეძლოს. შეგიძლიათ, გამჭვირვალე სკოჩის მეშვეობით დაამაგროთ.

ფურცლებთან ერთად დაგჭირდებათ ორი მომცრო ქაღალდის კუბიც. დახატეთ ზედ წერტილები ერთიდან ექვსამდე და ხელნაკეთი კამათლებიც მზადაა. შეგიძლიათ, ჩვეულებრივი კამათლებიც გამოიყენოთ. თამაშს პირველი მოთამაშე იწყებს – კამათლებს აყრის და პირველ მისიას ასრულებს. მერე მეორე მისიის ჯერი დგება. თუ მოთამაშემ მისია ვერ შეასრულა, სვლა მომდევნო მოთამაშეზე გადადის.

 

ტაქტილური თამაში “დავინახოთ ხელებით”

ეს თამაში ტაქტილურ შეგრძნებებს ავითარებს. მოიძიეთ სახლში (ან შეკერეთ ფერადი ნაჭრისგან) ტომარა, ჩაყარეთ შიგ სხვადასხვა ფორმისა და ფაქტურის, ზომისა და წონის ნივთები: გასაღები, კოვზი, კენჭი, საცობი, – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდებათ, მაგრამ მანამდე ისინი ბავშვს გააცანით. სათითაოდ დაასახელეთ, აღწერეთ, შესთავაზეთ პატარას, მოჰკიდოს ხელი, შეიგრძნოს ფაქტურა... დასასრულ, ტომარას ისე მოუკარით პირი, რომ ბავშვმა მხოლოდ ხელის ჩაყოფა შეძლოს და ნივთების სათითაოდ ამოცნობა დაიწყეთ. დაუსვით პატარა მკვლევარს დამხმარე კითხვები: როგორი ზედაპირი აქვს – გლუვი, სწორი, ხორკლიანი? როგორი ფორმა აქვს – მრგვალი, წაწვეტებული, წახნაგოვანი? რას “ხედავენ” თითები?

ასეთი თამაშების მოფიქრება თავადაც შეგიძლიათ. თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა აინტერესებს და ახალისებს თქვენს შვილს. არსებობს არაერთი ინტერნეტსაიტიც, რომლებზეც დეტალურადაა აღწერილი საბავშვო თამაშები შინ, გარეთ, სკვერში თუ მოედანზე. გაერთეთ ბავშვებთან ერთად და გაატარეთ დრო საინტერესოდ, სასარგებლოდ და ხალისიანად.

ნინო ლომიძე

გააზიარე: