კაცი, რომელიც ექიმად იყო დაბადებული

გააზიარე:

 “თავისებური და განუმეორებელი იყო ოთარი ოპერაციის დროს: მოხდენილი, უსიტყვო, მიზანდასახული, უშიშარი, შემოქმედი. მის ხელსაქმიანობას გასაოცარი პლასტიკურობა და არტისტიზმი ახასიათებდა. საოცარი იყო მისი იმპროვიზაციის უნარი, ურთულეს მანიპულაციას ოლიმპიური სიმშვიდით დროში ნაჯერობით უზუსტესად ატარებდა... ”

პროფესორი ალექსანდრე ბეთანელი

 

პროფესორ ოთარ ბურჯანაძის ცხოვრება საუკეთესო ილუსტრაციაა ჰომეროსის სიტყვებისა: “გამოცდილი ექიმი თავისი ქვეყნისთვის ნამდვილი განძია”. ოთარ ბურჯანაძე მართლაც განძი იყო. მასთან ერთად მომუშავე რუსმა სანიტარმა ქალმა ერთხელ თქვა: “такого никогда не было и никогда не будет”. ასეთ შეფასებას ალბათ ბევრი ინატრებდა.

ბატონი ოთარის მეუღლე, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, გვიამბობს:

– ოთარი, როგორც ჭეშმარიტი დასტაქარი, ხალხს ეკუთვნოდა. მისი ცხოვრების მიზანი სხვის გადასარჩენად თავგანწირული ბრძოლა იყო. მომავალმა ექიმებმა უნდა იცოდნენ, როგორი წინამორბედები ჰყავდათ. დაე, მისი ცხოვრება და საქმიანობა მათთვის უანგარო მსახურების მაგალითად იქცეს.

ექიმად იყო დაბადებული. აკი ამბობენ, რთულ პროფესიებს შორის ერთ-ერთი ურთულესი დასტაქრის პროფესიააო. ქირურგები იმ იშვიათთაგანი არიან, ვისთვისაც გმირობა სამუშაო ყოველდღიურობაა. როცა ოთარმა ქირურგია აირჩია, ჯერ მხოლოდ ექვსი წლის იყო. მიზეზი ოცდაცამეტი წლის მამის გარდაცვალება გახდა. ოთარის საწერი მაგიდის უჯრაში დღემდე ინახება მამამისის ავადმყოფობის ისტორია. უკვე გამოჩენილმა ქირურგმა, ის საგანგებოდ მოიძია არქივში და აღმოაჩინა, რომ მამა ქირურგის საბედისწერო შეცდომას შეეწირა. ალბათ უნებური შეცდომა იყოო, გაიფიქრა, მაგრამ გულისტკივილი სამუდამოდ გაჰყვა. ამიტომ იყო, მთელი სიცოცხლე თავდაუზოგავად რომ იბრძოდა სხვის გადასარჩენად. უსაზღვროდ უყვარდა თავისი საქმე.

საყოველთაო აღიარება ძალიან სწრაფად მოიპოვა, თუმცა ის ერთი შეხედვით იოლი წარმატება თავდაუზოგავი შრომისა და განუზომელი შინაგანი ენერგიის ხარჯვის შედეგი იყო. ოთარს არასოდეს ღალატობდა ღრმა მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებული ქირურგიული ალღო და უზადო ტექნიკა. მის მიერ დასმული დიაგნოზი ოპერაციის მსვლელობის დროს ყოველთვის დასტურდებოდა.

ქირურგის დაოსტატების გზა რთული და ხანგრძლივია. ნიჭთან ერთად ის მედიცინის სხვადასხვა დარგის ცოდნას და შრომისმოყვარეობასაც მოითხოვს. ოთარ ბურჯანაძეს ეს ყველაფერი უხვად ჰქონდა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, ბევრის გაკეთება მოასწრო ისეთი მრავალფეროვანი თემატიკის სფეროში, როგორიცაა მუცლის ღრუს, სისხლძარღვთა, გულისა და ფილტვის ქირურგია, გაუტკივარება, ჰიპოთერმია, ექსპერიმენტული ქირურგია და მრავალი სხვა. დატოვა არაერთი გამოგონება და განსაცდელისგან დახსნილი, გადარჩენილი, გამოჯანმრთელებული უამრავი პაციენტი...

ჭირში გვერდით დგომაც განსაკუთრებული იცოდა, სხვა რომ ვერავინ ახერხებდა, ისეთი, ლხინსა და სიხარულში კი ლაღი და მოსიყვარულე იყო, საუბარს საოცრად დახვეწილი, მხოლოდ მისთვის ჩვეული თბილი იუმორით აფერადებდა.

 

ყველაფერი ასე დაიწყო...

ოთარი იროდიონ ბურჯანაძისა და ნატალია ბუაჩიძის ოჯახში დაიბადა. მამამ, ჭიათურის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა კურორტ ნუნისის დაარსებაში. ოთხი წლის იყო ოთარი, როცა მამამისი სამეურნეო სამმართველოში წამყვან თანამდებობაზე დანიშნეს და ოჯახი თბილისში გადასახლდა. ერთი წელიც არ გასულიყო, რომ იროდიონი დაგვიანებულ ოპერაციას ემსხვერპლა. სამი მცირეწლოვანი შვილითურთ მარტო დარჩენილმა ქვრივმა, მკაცრმა, შრომისმოყვარემ, ცხოვრება ჯაფაში გაატარა და შვილები სანიმუშოდ აღზარდა – სამივემ მიიღო უმაღლესი განათლება და ქვეყნისთვის სასახელო ადამიანი დადგა.

ოთარი მე-14 საშუალო სკოლაში შეიყვანეს. მალე სოლოლაკი მის მშობლიურ ადგილად იქცა. თანაკლასელები ისეთი შეხვდა, ყველა რომ ინატრებდა – გიორგი ჩიტორელიძე, შოთა კაციტაძე, მელბარ გაგუა, ნოდარ კაკაბაძე. ბიჭები ისე დამეგობრდნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. ტელევიზია ჯერ კიდევ არ არსებობდა, ახალგაზრდების მთავარი გასართობი წიგნი იყო. ხშირად იყრიდნენ თავს საჯარო ბიბლიოთეკაში და რაზე აღარ კამათობდნენ. უნახავს არ ტოვებდნენ არც ერთ ოპერასა და სპექტაკლს. უყვარდათ პოეზია, განსაკუთრებით – გალაკტიონი.

 

შეხვედრა გალაკტიონთან

ერთ საღამოს ოთხი სოლოლაკელი ბიჭი რუსთაველის გამზირზე ბოლთას სცემდა და, როგორც ყოველთვის, გალაკტიონზე საუბრობდა. მისი ლექსების უმეტესობა ხომ ყველამ ზეპირად იცოდა. უცებ ოთარს უთქვამს, მოდი, გალაკტიონს შინ ვესტუმროთ, ვნახოთ, გავიცნოთ, ვუთხრათ, როგორ გვიყვარს, ხომ არ გამოგვყრის – ჩვენთან ცხოვრობს, ჩვენ შორის დადის, წამო, მოვინახულოთო.

გეზი ელბაქიძის აღმართისკენ აიღეს, აუყვნენ კიბეს და პოეტის კარზე ზარი დარეკეს. შინ არავინ დახვდათ. ის-ის იყო, გულდაწყვეტილებმა უკან გამობრუნება დააპირეს, რომ სადარბაზოს წინ პოეტი დაინახეს. ნასვამი ჩანდა, ბიჭების დანახვა არ ესიამოვნა. თქვენთან ვიყავით და შინ არ დაგვხვდითო, – შეჰბედეს. გალაკტიონს ქურდები ჰგონებია. უცებ ირაკლი ნანეიშვილს პოლ ვერლენის ფრანგულად დეკლამირება დაუწყია. გალაკტიონი თითქოს ერთბაშად გარდაისახა... გაიბა გულთბილი საუბარი. პოეტი ბიჭებს მოეფერა, დაუყვავა და უთხრა: “წადით ახლა, ძამიკოებო, სახლებში, ალბათ გელოდებიან”. არ უკითხავს, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, მიხვდა, რომ მისი თავგადაკლული თაყვანისმცემლები იყვნენ და სხვა წვრილმანები აღარ აინტერესებდა.

 

“ხუთობა”

ხუთ განუყრელ მეგობარს, განსხვავებული ინტერესებისა და პიროვნული თვისებების მიუხედავად, ერთი რამ აერთიანებდა – ტოტალიტარული რეჟიმის სიძულვილი. ერთად კითხულობდნენ მოხსენებებს, კამათობდნენ, საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ.

შოთა კაციტაძე მეტალურგი იყო, კუკური ჩიტორელიძე – ბიოლოგი, მელბარ გაგუა – მათემატიკოსი, ნოდარ კაკაბაძე – გერმანისტი.

ბიჭები არც ვაჟკაცობით ჩამოუვარდებოდნენ ვინმეს. სოლოლაკელების წიგნიერება ხომ მთელ ქალაქში იყო განთქმული. ეს ის ხალხი გახლდათ, რომელიც ქმნიდა და ამკვიდრებდა ზნეობრივ ნორმებს, აყალიბებდა ცხოვრების იმ რაინდულ წესებს, თბილისური რომ ერქვა.

შიშში, შიმშილში, სიცივეში აღზრდილებს, ერთადერთი, რაც არ აკლდათ, მეგობრული სითბო და სიყვარული იყო. ხუთივეს ამან გადაატანინა გაჭირვება და განსაცდელი, ამან შეუნარჩუნა მართლაც საამაყო ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ყოველი თვის ხუთ რიცხვში, ხუთ საათზე, ხუთ-ხუთი მანეთის შეკრება და საღამოს გატარება რესტორან “თბილისში”, ერთსა და იმავე მაგიდასთან, ერთი ბოთლი ღვინით ბავშვობიდან ერთად მომავალი ხუთი თანაკლასელის ტრადიციად იქცა.

“ასე ჩაეყარა საფუძველი ჩვენი მეგობრობის დღესასწაულს, რომელსაც თანდათანობით “ხუთობა” შეერქვა. ღრეობას არ ვაწყობდით – ეს იყო ძალდაუტანებელი, ხმადაბალი საუბარი ჭიქა ღვინოსთან, თავისებური სიმპოზიუმი ჩვენი მეგობრული ურთიერთობის, ჩვენი სიხარულისა და დარდის თაობაზე”, – იგონებს ოთარ (რიჩა) გაგუა.

“ჩვენს მცირე წრეში, ჩვენს სათვისტომოში, ოთარი იყო თავკაცი, ყოველი ახალი წამოწყების ინიციატორი, სამეგობროს სული და გული. ოთარის გარდაცვალების შემდეგ “ხუთობა” ჩაგვეშალა”, – სინანულით ჰყვება ნოდარ კაკაბაძე.

 

ახალგაზრდა ქირურგი

სტუდენტობისას ოთარ ბურჯანაძე ყველაზე პრესტიჟული სტუდენტური ჯილდოს მფლობელი – სტალინის სახელობის სტიპენდიანტი გახდა. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარეც იყო. სათქმელად იოლია, მაგრამ ამ ყველაფერს უდიდესი ძალისხმევა ედო საფუძვლად. ორდინატურაში სწავლის დროსაც უამრავ დროს ატარებდა კლინიკაში, ყველაზე ადრე მიდიოდა და ყველაზე გვიან მოდიოდა.

ცოდნის წყურვილი, ახალგაზრდული შემართება და პროფესიის სიყვარული მატებდა ძალას, დიდი ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად, სამედიცინო ლიტერატურის სიახლეებსაც დაუყოვნებლივ გასცნობოდა. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ახალი მიღწევების მაცნე და ამ საკითხებთან დაკავშირებით მოკამათე და კრიტიკოსიც გახლდათ.

თავდაუზოგავი შრომის წყალობით მიაღწია იმას, რომ, ჯერ კიდევ ორდინატორი, აკადემიკოსმა კონსტანტინე ერისთავმა ბორჯომ-ლიკანის პროფკავშირების საკავშირო ცენტრალური საბჭოს სანატორიუმის ქირურგიულ განყოფილებაში, პროფესორ არჩილ ერისთავთან, მერე კი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს ქირურგიულ განყოფილებაში განაწესა.

სანატორიუმში პაციენტები საბჭოთა კავშირის ყოველი კუთხიდან ჩამოდიოდნენ კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებათა სამკურნალოდ. ოთარ ბურჯანაძე ძალიან ემადლიერებოდა არჩილ ერისთავს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაეუფლა სრულყოფილად მუცლის ღრუს ურთულეს ოპერაციებს. ბატონი არჩილი ნიჭიერ ორდინატორს გვერდიდან არ იშორებდა და მისხალ-მისხალ აცნობდა ქირურგიის საიდუმლოს.

მოგვიანებით, ქირურგიის ინსტიტუტში დაბრუნების შემდეგ, საყოველთაო აღფრთოვანების საგანი გახდა ოთარის მიერ რეკორდულად მოკლე ხანში უმაღლეს დონეზე ჩატარებული კუჭის რეზექცია.

ოთარ ბურჯანაძე დიდ ინტერესს იჩენდა ქირურგიის ყველა დარგის მიმართ, თუმცა ყველაზე მეტად მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიების დიაგნოსტიკა-მკურნალობა აინტერესებდა.

“ოთარმა თავისი პროფესიის ყველა საიდუმლო იცოდა, მეტისმეტად დიდსულოვანი, განსაკუთრებული სიყვარულითა და გულისხმიერებით მკურნალობდა ყველა უსახსრო და უპატრონო პაციენტს, – იხსენებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ბატონი ალიოშა ქურციკიძე, – ერთხელ ჩელიაბინსკის ერთ-ერთი დიდი ქარხნის ინჟინერი, სამამულო ომში ხელდაკარგული, ლიკანში გამოგზავნეს კუჭის კიბოს საოპერაციოდ. ოთარმა მკითხა: “რა ვუყოთ? ხომ არ ვურჩიოთ, შინ დაბრუნდეს და ოპერაცია იქ გაიკეთოს? აქ რომ რამე შეემთხვეს, ვინ იქნება მისი პატრონი?” ბედი ჰქონია იმ კაცს – ოთარმა ოპერაცია გაუკეთა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნაოპერაციებს, შვილივით უვლიდა, შინიდან მიჰქონდა მისთვის ბულიონი, მაწონი, ხილის წვენი... მომჯობინებული ჩელიაბინსკელი ინჟინერი დიდხანს სწერდა მადლობის წერილებს გადამრჩენელ ქართველ ექიმს.

 

ბედნიერი ოჯახი

ოთარი ოჯახის შექმნას არ ჩქარობდა, თუმცა უამრავი ქალიშვილი ოცნებობდა მის სიყვარულზე. თავად თვალი მარიკა ლორთქიფანიძეს დაადგა, რომელიც იმ დროს სამედიცინო ისნტიტუტის ბოლო კურსზე იყო და ქირურგიას გადიოდა. შეუღლება რომ გადაწყვიტეს, მარიკამ ოთარს ჯვრისწერა შესთავაზა. ის სიხარულით დაეთანხმა. ახალშეუღლებულებს ჯვარი ილია მეორემ დასწერა, რომელიც იმხანად ეპისკოპოსი  იყო. თითით საჩვენებელი ოჯახი უნდა გვქონდესო, ეუბნებოდა ოთარი მარიკას. მართლაც, სანაქებო და მისაბაძი ოჯახი შექმნეს.

“მოვიდოდა ხოლმე გადაღლილი. მიკვირდა, რატომ იყო ასეთი. ჩემს ბიჭებს ვეხმარებოდი, ოპერაციებს ვასწავლიდი და ვავარჯიშებდიო, – მეტყოდა. არაფერს იშურებდა, რომ მათთვის თავისი ცოდნა და გამოცდილება გადაეცა. ვისაც არ უნდა დაერეკა, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, უფლება არ მქონდა, მისთვის არ მეთქვა. დაურეკავდნენ შუაღამისას სამსახურიდან, მძიმე პაციენტიაო და მისვლას სთხოვდნენ. შესთავაზებდნენ, მანქანას გამოგიგზავნითო, მაგრამ უარობდა – როდის მოვა, მე თვითონ დავიჭერ რამეს, რომ დრო მოვიგოო”, – იხსენებს ქალბატონი მარიკა.

მამაც სანაქებო იყო. მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, მაინც ახერხებდა ქალ-ვაჟთან თამაშს. ოცნებობდა, გიორგი მის კვალს გაჰყოლოდა. გიორგიმ ცოდნის შესაძენად უცხოეთს მიაშურა, დასავლეთ გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან კლინიკებში მუშაობის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა.  სოფიკომაც სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, თუმცა სამოდელო სფეროში ამჯობინა საქმიანობა.

 

ნამდვილი მასწავლებელი

“სტუდენტები აღფრთოვანებული ვიყავით ასისტენტით, რომელიც, მიუხედავად ახალგაზრდობისა, უკვე გამოცდილი ქირურგი იყო. მოხდენილს, ახოვანს, განუმეორებელი ხიბლი ჰქონდა. მისი მეტყველი თვალები სითბოსა და გულწრფელობას აფრქვევდა”, – ასე იგონებს დღეს უკვე თავადაც სახელმოხვეჭილი ქირურგი, პროფესორი გივი წიწუაშვილი, ბატონ ოთარს.

ცოდნა წონას მატებს ადამიანს, აღზრდა კი ბრწყინვალებას ანიჭებს. ექიმთან სხვადასხვა ასაკის, განათლების, აღზრდისა და პროფესიის ადამიანები მიდიან. ექიმი ყველას თავისებურად უნდა მიუდგეს. ის ვალდებულია, არა მარტო შიში გაუფანტოს ადამიანს, არამედ რწმენაც ჩაუნერგოს და სიმშვიდე შეუნარჩუნოსო, – ასწავლიდა ბატონი ოთარი სტუდენტებს.

“ოთარის განყოფილებაში შემოსვლა მზის ამოსვლას ჰგავდა, – იგონებენ მისი ყოფილი თანამშრომლები, – რა მძიმე ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო, ისეთი რწმენა და ნუგეში შემოჰქონდა, ექიმებიც და ავადმყოფებიც იმედით იმსჭვალებოდნენ. მისი გამოჩენაც კი სიხარულის მომტანი იყო”.

“მომხიბვლელი იყო გარეგნობითაც – მაღალი ნათელი შუბლით, არისტოკრატული გარეგნობით. პალატაში შესვლისას გარემოს გაასხივოსნებდა და სასოწარკვეთილ ადამიანებს იმედს ჩაუსახავდა, – ჰყვება ქირურგიული საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ზაზა კახიანი – იოლად ახერხებდა ყველას გულის მონადირებას. ისეთი ღირსებითა და ზრდილობით გამოირჩეოდა, როგორიც ყველა კეთილშობილ ადამიანს უნდა ამშვენებდეს”.

 

ქირურგიული ინტუიცია

თბილისის მეტროს მშენებლობისას მაღალი ხარაჩოდან ხელოსანი ჩამოვარდა და ქვის იატაკს დაენარცხა. დაშავებული სასწრაფომ უიმედო მდგომარეობაში მიიყვანა კლინიკაში. გარდაცვლილი ეგონათ, ბევრმა ქირურგმა ხელი ჩაიქნია, მაგრამ ოთარს იმედი არ დაუკარგავს. ახალგაზრდაა, ორგანიზმი ასე ადვილად არ დანებდება, მიმღებში დროს ნუ დაკარგავთ, პირდაპირ საოპერაციოში გააქანეთო, – უთქვამს სანიტრებისთვის. ავადმყოფს ჯერ გაგლეჯილი თირკმელი გაუკერა, მერე – გახეთქილი შარდის ბუშტი. ახალგაზრდა გადარჩა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

აღნიშვნის ღირსია ოთარ ბურჯანაძის მიერ ჩატარებული გულის გიგანტური კისტის ოპერაცია. მისი მოთხოვნით, ამოღებული კისტა დაამუშავეს და შესანახად ფორმალინიან ჭურჭელში მოათავსეს – ოთარს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში საინტერესო ექსპონატების მუზეუმის მოწყობა ჰქონდა განზრახული. მისი გარდაცვალების შემდეგ ექსპონატებიანი კარადა დაიმტვრა და მისი შრომა წყალში ჩაიყარა...

თანამედროვენი იგონებენ, რომ ბატონი ოთარი სიტყვითაც კურნავდა. პაციენტებს მუდამ მის ახლოს სურდათ ყოფნა. ერთი გაგრელი პაციენტი, დაბრუნდებოდა თუ არა შინ, თურმე ცუდად ხდებოდა, ჩამოვიდოდა თბილისში და ოთარის გვერდით აღარაფერი აწუხებდა...

ქირურგიის ინსტიტუტის გულმკერდის განყოფილებაში ოცდაათი წლის ბათუმელი მიიყვანეს ფილტვის რთული პათოლოგიით. ოპერაციისთვის ამზადებდნენ. შეხვევის დროს პაციენტს ინფიცირებული ფილტვის ქსოვილიდან სისხლდენა დაეწყო. ოთარმა სისხლდენის ადგილს ტამპონი დააჭირა, სისხლდენა დროებით შეაჩერა და დაიყვირა: “სასწრაფოდ საოპერაციოში!”

ოთარი ყოველთვის ტაქტიანი იყო თანაშემწე ქირურგებისა თუ საოპერაციო ექთნების მიმართ, რამე თუ არ მოეწონებოდა, მშვიდად მიუთითებდა, ისე, რომ კოლეგას არ სწყენოდა ან არ დაბნეულიყო, მაგრამ ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წამები წყვეტდა, ამიტომ მან ასისტენტებს მოკლედ და მკაცრად მიმართა: “ვიმოძრაოთ შეთანხმებით, ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ”. ოპერაციის დროს ერთი ზედმეტი, თვითნებური მოძრაობაც არ ყოფილა. ახალგაზრდის სიცოცხლისთვის ბრძოლა ქირურგების გამარჯვებით დამთავრდა.

უშუალო ურთიერთობა ჰქონდა უმცროს მედპერსონალთან – ექთნებთან, სანიტრებთან. მათ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა, პირველებს მათ მიესალმებოდა, გამოელაპარაკებოდა ან გაეხუმრებოდა – არ მინდა იფიქრონ, პროფესორია და არ გვკადრულობსო.

 

ოთარის ბიჭები

ახალბედა ქირურგების აღზრდას და მათ პრაქტიკოსებად ქცევას უამრავ დროსა და ენერგიას ახმარდა. უკვე საქვეყნოდ ცნობილ ექიმებს დღესაც “ოთარის ბიჭებად” იხსენიებენ. ახალგაზრდა კოლეგების მიმართ კეთილმოსურნე და უბრალო იყო და ამ თვისებების წყალობით ადვილად გადალახავდა ხოლმე ყოველგვარ ასაკობრივ ზღვარს.

პროფესორი გივი წიწუაშვილი იხსენებს: “ბატონი ოთარი ახალგაზრდებს არჩეული სპეციალობის სიყვარულთან ერთად საექიმო ეთიკასაც უნერგავდა. იშვიათია ისეთი ურთიერთობა, როგორიც ბატონ ოთარს და მის თანამშრომლებს ჰქონდათ. ისინი მას აღმერთებდნენ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით”.

“ბატონი ოთარი ჩემი უფროსი მეგობარი და ძალიან დიდი მასწავლებელი იყო. დღეს კაცი თუ მქვია, ბატონი ოთარის დამსახურებაა. სამუშაო ოთახში მისი სურათი მაქვს, რომლის შეხედვაც დღემდე ძალას მმატებს და მეხმარება”, – გვეხმიანება ისრაელიდან პროფესორი რამაზ იაკობაშვილი.

ოთარ ბურჯანაძემ, საქართველოში კლასიკური გაგებით გულმკერდის ქირურგიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, პირველმა ჩამოაყალიბა დარგის განვითარების პრინციპები და მიმართულებები, რომლებითაც დღესაც ხელმძღვანელობდნენ მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ოთარ ბურჯანაძის შექმნილ სკოლას აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს.

კოლეგებს და მოწაფეებს ყოველთვის ჰქონდათ ოთარის იმედი. დახმარებაზე უარს არავის ეტყოდა, თანაც ამას დაუმადლებლად, გულიანად აკეთებდა. ამის გამო მას “იმედიან კაცს” ეძახდნენ.

 

ნოვატორი და გამომგონებელი

“ოთარ ბურჯანაძის ქირურგიული აზროვნება წინ უსწრებდა მედიცინაში იმ დროის მოვლენებს”, – იგონებს პროფესორი გურამ რცხილაძე.

XX საუკუნის 60-იან წლებში კონსტანტინე ერისთავის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. კონსტანტინე ერისთავმა იმ დროის საუკეთესო სპეციალისტები შემოიკრიბა გარს. მათ შორის იყო ოთარ ბურჯანაძეც. ბატონი კონსტანტინეს ხელმძღვანელობით ქირურგიის ინსტიტუტში მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა.

1960 წელს ქირურგიის ინსტიტუტს კონსტანტინე ერისთავის მოწვევით მსოფლიო მნიშვნელობის პიონერი კარდიოქირურგიაში კოროლ შიშკა ესტუმრა. მის მიერ ჩამოტანილი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებით მან ორ პაციენტს გაუკეთა ოპერაცია გულზე. ამ ოპერაციებში ოთარ ბურჯანაძე მონაწილეობდა. ამის შემდეგ შიშკამ ბატონი ოთარი ჩეხოსლოვაკიაში მიიწვი “მშრალ გულზე” ოპერაციების სრულყოფილად ასათვისებლად. ოთარმა სლოვაკ კოლეგებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. “იქიდან მასზე ლეგენდები ჩამოდიოდა”, – იხსენებს აკადემიკოსი გურამ თევზაძე. საქართველოში გამომგზავრების წინ კი აკადემიკოსმა შიშკამ ოთარს გულზე ორი ოპერაცია მიანდო, რომლებიც მან დამოუკიდებლად, წარმატებით ჩაატარა.

1962 წელს ოთარ ბურჯანაძემ, პირველად საქართველოში, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებით ჯერ ექსპერიმენტულად, შემდგომ კი კლინიკის პირობებშ “მშრალ გულზე” გააკეთა ოპერაცია.

პროფ. მ. მაჩაბლის მიერ ახსნილი და მოწოდებული თრომბოჰემორაგიული თეორია ოთარ ბურჯანაძემ გულმკერდის ქირურგიასა და კლინიკაში დანერგა. 1961-1970 წლებში მან დიდი, მასშტაბური, სისხლმდენი ოპერაციების დროს თრომბოჰემორაგიული გართულებების თავიდან ასაცილებლად მსოფლიოში პირველმა გამოიყენა პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი ჰეპარინი უშუალოდ ოპერაციის წინა პერიოდში და დაადგინა მისი დოზები ფილტვის ოპერაციების წარმოებისას.

აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში ოთარმა თანაავტორებთან ერთად 1957 წელს საკუთარი კონსტრუქციის ჰიპოთერმიის აპარატი შექმნა, 1960 წელს კი გულის სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატი.

გულმკერდის ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო პროფესორ ოთარ ბურჯანაძის სახელი 1981 წელს ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში შეიტანეს, 1990 წელს კი მას განსაკუთრებული მიღწევებისთვის ქართული მედიცინისა და მეცნიერების დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

 

თავგანწირვისათვის, თვითსრულყოფისა და ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობისაკენ სწრაფვისთვის პროფესორმა დავით ხაზარაძემ ოთარ ბურჯანაძე იკაროსს შეადარა, ჩვენ კი მისი ცხოვრება ცნობილი ჰოლანდიელი ექიმის ნიკოლას ტულპის გამონათქვამს გვაგონებს, რომელიც ექიმების დევიზად იქცა: “ვიწვი, რათა ვუნათო სხვებს”. ოთარ ბურჯანაძე სწორედ ასე მისხალ-მისხალ დაიხარჯა და დაიწვა ადამიანთა სასიკეთოდ.

თამარ არქანია

 

გააზიარე: