დავით მამამთავრიშვილი – გამოჩენილი ქირურგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი
გააზიარე:
ადამიანი შესაძლოა იყოს გამოჩენილი მეცნიერი, მაგრამ ცუდი მასწავლებელი; ბრწყინვალე პედაგოგი, მაგრამ რიგითი ექიმი. ამ ორი ბუნებრივი ნიჭის შერწყმა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. პროფესორ დავით მამამთავრიშვილის პიროვნებაში თავმოყრილი იყო ნიჭიერი ადამიანის ყველა ეს თვისება. იგი იყო სწავლული, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. გამოჩენილი ქართველი ქირურგი გრიგოლ მუხაძე მას “ყოვლისმცოდნეს” ეძახდა. მართლაც, არ არსებობს მედიცინის დარგი, სადაც დავით მამამთავრიშვილს თავისი სიტყვა არ ეთქვას.
დაიბადა თბილისში, ცნობილი ექიმი ვეტერინარის, გრიგოლ მამამთავრიშვილის ოჯახში. ბავშვობის რამდენიმე წელი აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ ბლაგოვესჩინსკში გაატარა, სადაც მისი ოჯახი იყო გადასახლებული. რევოლუციის შემდეგ მამამთავრიშვილები სამშობლოში დაბრუნდნენ. 1923 წელს დავითი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სტუდენტობის დროს დაინტერესდა პათოლოგიური ანატომიით და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა კათედრის ლაბორანტად, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ასისტენტი გახდა და მონდომებით ჩაება კათედრის პედაგოგიურ საქმიანობაში. მოკლე ხანში მან სიღრმისეულად შეიწავლა მედიცინის საფუძვლები – ადამიანის ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია, პათოლოგიური ანატომია, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო მისი როგორც ქირურგის წინსვლას.
1932 წელს დავით მამამთავრიშვილი გადავიდა ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე, რომელსაც საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებელი, პროფესორი გრიგოლ მუხაძე ხელმძღვანელობდა. მონდომებით, ნიჭითა და მეცნიერული კვლევის უნარით მან მალე მიიპყრო კათედრის გამგის ყურადღება. 1935 წელს დავითი მოსკოვში მიავლინეს სამკურნალო ფიზკულტურის გამოყენების შესასწავლად. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ის ამიერკავკასიის ქირურგთა მეორე ყრილობაზე წარდგა მოხსენებით ოპერაციის შემდგომ პერიოდში სამკურნალო ფიზკულტურის გამოყენების შესახებ და ამ საკითხზე რამდენიმე ნაშრომიც გამოაქვეყნა.
1936 წელს დავით მამამთავრიშვილი დაინიშნა ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკასთან არსებული ექსპერიმენტული ლაბორატორიის გამგედ, სადაც ახალბედა ქირურგების მიერ ქირურგიული ტექნიკის ათვისებას ხელმძღვანელობდა. იმავე პერიოდში პროფესორ მუხაძის დავალებით მან მუშაობა დაიწყო ქვედა კიდურების ვარიკოზის მკურნალობის საკითხზე, ხოლო 1937 წელს ამავე თემაზე საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა.
ცნობილია, რომ გრიგოლ მუხაძე თანამშრომლებს საბჭოთა კავშირის წამყვან კლინიკებში გზავნიდა დასახელოვნებლად და ქირურგიის სიახლეთა ასათვისებლად. დავით მამამთავრიშვილის დახელოვნებას ხელი შეუწყო ლენინგრადში პროფესორ იუსტინე ჯანელიძის, ნ. პეტროვისა და ვ. შევკუნენკოს კლინიკებში მუშაობამ. 1938-1941 წლებში მან იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაციაც თემაზე “თვალბუდის რეტრობულბალური სიმსივნეები”.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დავით მამამთავრიშვილი, უკვე ჩამოყალიბებული ქირურგი-კლინიცისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მოხალისედ ჩაირიცხა არმიის რიგებში და ერთი წლის შემდეგ ამიერკავკასიის ფრონტის მთავარ ქირურგად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან დიდი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა. ის არა მარტო ხელმძღვანელობდა ევაკუაციური ჰოსპიტლების ქირურგიულ საქმიანობას, არამედ მუშაობდა კიდეც როგორც პრაქტიკოსი ქირურგი, ასრულებდა საჩვენებელ ოპერაციებს, მართავდა კონფერენციებს დაჭრილთა მკურნალობის გასაუმჯობესებლად. თავის გამოსვლებში ის განიხილავდა ჭრილობისმიერი სეფსისის პათოგენეზს და მკურნალობას. მისმა ბროშურამ “მითითებანი ქირურგიული მუშაობის შესახებ” დიდი როლი შეასრულა დაჭრილთა მკურნალობის უნიფიცირებაში. ომის შემდგომ, 1945–1950 წლებში იგი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი ქირურგია.
მოგვიანებით დავით მამამთავრიშვილი კვლავ ჩაერთო კლინიკურ საქმიანობაში, 1948 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა.
დემობილიზაციის შემდეგ, 1950 წელს დავით მამამთავრიშვილი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო ნაწილში, 1953 წელს – ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორად, ხოლო 1954–1959 წლებში გახლდათ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი და ამავე დროს – ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე.
მინისტრად მისი მუშაობის პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა სამედიცინო დახმარება, განსაკუთრებით – რაიონებში. მისი თაოსნობითა და ხელშეწყობით შეიქმნა ოთხი ახალი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება: სამედიცინო რადიოლოგიის, პოპულაციის (ამჟამად – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), ონკოლოგიისა და სამკურნალო კვების ლაბორატორიები, ასევე – უროლოგიური დისპანსერი; ნევროლოგიის ინსტიტუტისთვის ქალაქის პირველ საავადმყოფოში გამოიყო კლინიკური ბაზა; გაიმართა ამიერკავკასიის პირველი კონფერენცია, უროლოგთა მესამე საკავშირო ყრილობა, საქართველოს ექიმთა პირველი ყრილობა, ხოლო 1972 წელს – ამიერკავკასიის რესპუბლიკების ქირურგთა მერვე ყრილობა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა; რამდენიმე საავადმყოფოში გაიხსნა გულმკერდის ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებები. აღნიშვნის ღირსია მისი წვლილი ქართული სამედიცინო ჟურნალის, “საბჭოთა მედიცინის”, აღდგენაში, რომლის გამოცემაც ომის დროს შეწყდა.
1959 წლიდან დავით მამამთავრიშვილი მთლიანად კლინიკურ საქმიანობაზე გადაერთო და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიულ კლინიკას. ამ კათედრაზე ფართოდ გაიშალა პრაქტიკული და მეცნიერული მუშაობა, დახელოვნებას გადიოდნენ როგორც საქართველოს რაიონებიდან, ისე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მოვლინებული ქირურგები.
1961 წელს დავით მამამთავრიშვილი არჩეულ იქნა ქირურგთა მსოფლიო ასოციაციის ნამდვილ წევრად. მან ახალგაზრდობიდანვე გამოამჟღავნა ინტერესი სამეცნიერო კვლევის მიმართ, რაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის დროსაც კი არ შეუწყვეტია. ამაზე მეტყველებს მის მიერ გამოქვეყნებული 380-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 22 მონოგრაფია.
დავით მამამთავრიშვილის მეცნიერული ინტერესის სფერო მოიცავდა ონკოლოგიის, ქირურგიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიის, პროქტოლოგიის, ქირურგიული ენდოკრინოლოგიის, სამხედრო-საველე ქირურგიისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციულ საკითხებს. ყოველ ამ დარგს მან მიუძღვნა საფუძვლიანი ნაშრომები, რომლებიც ემყარებოდა მისივე მდიდარ კლინიკურ გამოცდილებას, ექსპერიმენტულ კვლევას, ასახავდა საკითხისადმი ახლებურ, ხშირად ორიგინალურ მიდგომას, იძლეოდა ფასეულ მონაცემებსა და დასკვნებს.
დავით მამამთავრიშვილის მიერ გამოქვეყნებული მონოგრაფიები და სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება შუასაყრის, ფილტვების, სანაღვლე გზების, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, ძვლის სიმსივნეების კლინიკური მიმდინარეობისა და მკურნალობის პრობლემებს. წამოაყენა ვარიკოზული დაავადების პათოგენეზის ორიგინალური თეორია. ამავე თემაზე მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა მონოგრაფია “ვენების დაავადებები”, რომელიც კლასიკურ ნაშრომად იყო აღიარებული, ხოლო ავტორმა სამართლიანად დაიმკვიდრა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ფლებოლოგის სახელი. ომის დროს მიღებული გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შეისწავლა ყალბი სახსრის პათოგენეზი და მკურნალობა. მას ეკუთვნის საქართველოში პირველი ნაშრომი, რომელიც აჯამებს თანამედროვე ინტუბაციური ნარკოზის გამოყენების შედეგებს. პირველმა მანვე აღწერა საბჭოთა კავშირში სანაღვლე გზების იშვიათი პათოლოგია – მასკლეროზებელი ქოლანგიტი.
დავით მამამთავრიშვილი აქტიურად მონაწილეობდა გრიგოლ მუხაძის რედაქტორობით ქართულ ენაზე კერძო ქირურგიის პირველი სახელმძღვანელოს შედგენაში. იგი გახლდათ დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის “ქირურგიის” განაკვეთის თანარედაქტორი. მასვე ეკუთვნის ოპერაციის არაერთი ახალი ხერხი. დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.
დავით მამამთავრიშვილი აქტიურად მონაწილეობდა გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების მუშაობაში როგორც მდივანი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. 1979 წელს, ეგნატე ფიფიას გარდაცვალების შემდეგ, თბილისის ქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარედ სწორედ დავით მამამთავრიშვილი აირჩიეს. სამწუხაროდ, ამ თანამდებობაზე მისი მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ, დროის სიმცირის მიუხედავად, მისი ხელი მაინც დაეტყო საზოგადოების საქმიანობას.
თანამედროვენი იხსენებენ, რომ დავით მამამთავრიშვილი უბადლო პედაგოგი იყო – მჭევრმეტყველება, ტრიბუნაზე თავის დაჭერის თავისებური მანერა, მომხიბვლელი მიმიკა, ფართო ერუდიცია, საქმის ღრმა ცოდნა, შესანიშნავი დიქცია, ჭეშმარიტი არტისტიზმი...
დავით მამამთავრიშვილი გარდაიცვალა 1980 წლის 9 ივნისს, 75 წლისა.
ბატონი დავითის სამი შვილი დღეს ღირსეულად მოღვაწეობს მედიცინის სარბიელზე: უფროსი ვაჟი, ირაკლი, გინეკოლოგია, პროფესორი; ქალიშვილი, ნინო, კარდიოლოგი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი, გია – ამავე უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი.
საქართველოს აკად. გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარემ პროფესორმა გურამ ტატიშვილმა გვიამბო:
– ბატონი დავითი სტუდენტობის წლებიდან მახსოვს. 1950-1953 წლებში ის გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში. სტუდენტებს გვხიბლავდა მისი პიროვნული ღირსებები. სტუდენტებისგან თავი შორს არ სჭერია; მუდამ გულთან ახლოს მიჰქონდა თითოეული ჩვენგანის პრობლემები.
ბატონმა დავითმა, გარდა იმისა, რომ იყო ბრწყინვალე ქირურგი, მეცნიერი და პედაგოგი, დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ჯანმრთელობის დაცვისა და ექიმთა დახელოვნების სისტემის დახვეწას ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის დროს.
წილად მხვდა ბედნიერება, 1972 წელს მემუშავა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ქირურგთა ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ ბატონი დავითი. სრულიად ახალგაზრდა პროფესორი, მან თავის მოადგილედ დამნიშნა და რამდენიმე თვე ყოველდღე ვხვდებოდი. აქ უკვე სხვა კუთხით გავიცანი და დავუახლოვდი ამ დიდებულ ადამიანს, ბრწყინვალე მედიკოსს და ჯანდაცვის ორგანიზატორს. მასთან ერთად მუშაობა ძალიან ადვილი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
ყრილობამ უმაღლეს დონეზე ჩაიარა და მალევე, ბატონი დავითის წარდგინებით, ამირჩიეს საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის წევრად, რაც მაშინ დიდი პატივი გახლდათ ჩემთვის.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დავით მამამთავრიშვილივით ნათელი გონების, მრავალმხრივ ნიჭიერ და განათელებულ ადამიანს არ შევხვედრივარ – არა მარტო მედიკოსებს შორის, არამედ საზოგადოდაც. ის გასული საუკუნის ქართული ქირურგიის ოქროს ხანის ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო. დარწმუნებული ვარ, მის ხსოვნას სათუთად შეინახავს ქირურგების მრავალი თაობა.
ფოტოს ტექსტი
სხედან: ზურაბ ცხაკაია, საშა ბეთანელი, დავით მამამთავრიშვილი, ალეკო ქადაგიძე, ბიძინა იმნაიშვილი.
დავით მამამთავრიშვილი, გიორგი ხუნდაძე, ელიზბარ ქურდიანი.
თამარ არქანია