ექიმი, რომლითაც ფოთი ამაყობს
გააზიარე:
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ სახალხო მკურნალს თენგიზ (თეზო) ბარამიძეს დღემდე იხსენებენ ფოთელები. გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, თეზიკო ექიმს რომ არ ემადლიერებოდეს. თენგიზ ბარამიძის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ერთფეროვანი. როგორი საინტერესო პიროვნებაც იყო, ისეთივე საინტერესო გზა განვლო. ცნობილი ექიმი, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, თენგიზ ბარამიძეს სამაგალითო ექიმად მიიჩნევს. ბატონი ხუტა ჩვენს მკითხველსაც სიამოვნებით მოუთხრობს უფროსი კოლეგისა და თანამედროვის მრავალფეროვანი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ:
– თენგიზ ნესტორის ძე ბარამიძე 1934 წლის 8 აგვისტოს დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მამულიშვილის ნესტორ ბარამიძის ოჯახში. ბატონი ნესტორი კონსტანტინე გამსახურდიას ახლო მეგობარი და ერთგული თანამებრძოლი გახლდათ. ისინი ოჯახებითურთ მეგობრობდნენ. სხვათა შორის, ნესტორის ქალიშვილისთვის თავად კონსტანტინეს დაურქმევია საყვარელი მეუღლის, მირანდა ფალავანდიშვილის სახელი, მონათვლით კი გოგონა მის ვაჟს, ზვიადს მოუნათლავს.
ბარამიძეების კერა იყო ფოთელი ინტელიგენტებისა და გულმხურვალე მამულიშვილების თავშეყრის ადგილი, სადაც ისინი იმპერიის ბორკილებიდან სამშობლოს გამოხსნის გზებზე მსჯელობდნენ.
ბატონი ნესტორის შვილები, თეზო, თამაზ, ემზარ და მირანდა ბარამიძეები, ბავშვობიდანვე ეზიარნენ კონსტანტინესა და მისი ღირსეული ვაჟის იდეებს და იმპერიასთან შეურიგებელ მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ. ზვიადი და ნესტორის უფროსი ვაჟი თენგიზი მეგობრობდნენ.
სტუდენტობისას თეზო ბარამიძე კოლხური კოშკის სასურველი სტუმარი იყო. მისთვის ნამდვილ აკადემიად იქცა საუბრები კონსტანტინესთან, ზვიადთან, მერაბ კოსტავასთან. 1959 წელს თეზო ბარამიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და ფოთის საქალაქო პოლიკლინიკაში ექიმ-თერაპევტად დაიწყო მუშაობა. 1960 წელს თბილისის ცენტრალურო რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა ორდინატორად, 1963 წელს კი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა თერაპიის განხრით. 1966 წელს ახალგაზრდა ექიმი რუსთავის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი გახდა, ხოლო 1967 წელს ამავე საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების გამგედ დანიშნეს. 1972 წელს მისი თაოსნობით ფოთის პირველ პოლიკლინიკაში გაიხსნა დასავლეთ საქართველოში პირველი გასტროენტეროლოგიური კაბინეტი, რომლის უცვლელი გამგეც თავად გახლდათ გარდაცვალებამდე, 2010 წლამდე. ასეთი სახელოვანი ექიმი-თერაპევტი და გასტროენტეროლოგი ფოთელებს არ ახსოვთ. მის კაბინეტთან ყოველთვის გრძელი რიგი იდგა – არა მხოლოდ ფოთელებისა, არამედ დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოსული პაციეტებისაც.
ავადმყოფებსა და მათ თანმხლებ პირებს ხიბლავდათ თეზო ექიმის სწორუპოვარი პროფესიონალიზმი და პიროვნული თვისებები. ცნობილია, რომ მას პაციენტებთან ურთიერთობის დიდი ნიჭი ჰქონდა. სანამ რეცეპტს გამოწერდა, ავადმყოფს დიდხანს ესაუბრებოდა, სანამ ამა თუ იმ წამლისა თუ დიეტის სარგებლიანობაში არ დაარწმუნებდა. პაციენტები მას “ენით მკურნალს” ეძახდნენ. მასზე იყო ზედგამოჭრილი გენიალური ექიმის, ფსიქონევროლოგ ვლადიმირ ბეხტერევის სიტყვები: თუ ავადმყოფმა ექიმთან ვიზიტის შემდეგ შვება ვერ იგრძნო, ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა უშედეგო იქნებაო. თეზო ექიმი ყველა ფოთელისთვის სასურველი და იმედის მომტანი სტუმარი იყო.
თენგიზ ბარამიძის პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ოჯახმა, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებთან, მერაბ კოსტავასთან მეგობრობამ. ბატონ თეზოს განსაკუთრებით დაამახსოვრდა კონსტანტინეს შეგონებები. დიდი მწერალი მას ქართველი და გერმანელი ხალხების ეთნოფსიქოლოგიურ თვისებებზე მოუთხრობდა. ქართველების მრავალ ღირსებასთან ერთად დიდოსტატს არც მათი ზოგიერთი ნაკლოვანება გამოჰპარვია – არხეინობა, დღემეხვალიეობა, სხვის იმედად ყოფნა, დაუდევრობა და, რაც მთავარია, დროის ყადრის არცოდნა. ბატონი თენგიზი იგონებდა, რომ დიდ მწერალს არაერთგზის უთქვამს, რა უხერხულად უგრძნია თავი ამის გამო გერმანიაში: თომას მანთან მიწვეულმა, თურმე ხუთი წუთით დაიგვიანა და მსახურმა კარი აღარ გაუღო. ახალგაზრდა კონსტანტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია გერმანელების შრომისმოყვარეობას, წესრიგს, პატრიოტიზმს.
თეზო ბარამიძე მთელი სიცოცხლე ცდილობდა, თავისი მენტორის – კონსტანტინეს რჩევა-დარიგებების მიხედვით ეცხოვრა და ემუშავა. მას არ სჩვეოდა აღტკინება და ჩაქრობა; იყო თანმიმდევრული, დინჯი, მეთოდური, აუჩქარებელი, გაწონასწორებული, თვითდისციპლინირებული... ერთი ახალგაზრდა ფოთელი თერაპევტი თურმე ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით დაავადებული მძიმე ავადმყოფის ბინაზე გამოიძახეს, მან კი გამოცდილ გასტროენტეროლოგ თენგიზ ბარამიძეს სთხოვა წაყოლა. ავადმყოფი თურმე იმ საღამოსვე გარდაიცვალა. უბნის თერაპევტს აცნობეს ეს ამბავი, მას კი თეზო ბარამიძის გაფრთხილება დაავიწყდა. ბატონი თენგიზი თურმე მთელი ღამე ჩაცმული ელოდა ახალგაზრდა კოლეგის ზარს...
ფოთელებმა იცოდნენ, რომ თეზიკო ექიმი უღალატო, სიტყვის პატრონი მკურნალი იყო. არ სჩვეოდა კომპრომისი, მლიქვნელობა, არავის აპატიებდა სიცრუეს, ორპირობას, თაღლითობას და სიყალბეს. თუმცა მიმტევებელიც გახლდათ. თანამედროვეებს ბატონი თენგიზი დაამახსოვრდათ როგორც მტკიცე, გულღია პიროვნება, სტუმართმოყვარე, გულუხვი მასპინძელი, უბადლო მჭევრმეტყველი და ბრწყინვალე თამადა. წერდა შესანიშნავ ლექსებს, რის გამოც ფოთელებმა მას სიყვარულით მეტსახელად “პუშკინიც” კი შეარქვეს. იყო მორწმუნე და ეკლესიურად ცხოვრობდა.
ბატონი თეზოს დინჯი, გაწონასწორებული, თანმიმდევრული ხასიათისა და დიდი ნებისყოფის დასტურია მისი მიღწევები სპორტში, კერძოდ, საერთაშორისო (ასუჯრედიან) შაშში. ის იყო პირველი ქართველი გროსმაისტერი სპორტის ამ სახეობაში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მიმოწერით თამაშში. მასა და მის ძმაზე, თამაზ ბარამიძეზე, რომელიც რუსული ანუ 64-უჯრედიანი შაშის მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო დიდოსტატი გახლდათ, რუსულ პრესაში ბევრი იწერებოდა. ძმები ბარამიძეების კომპოზიციები შეტანილია საერთაშორისო შაშის ისტორიის ოქროს ფონდში.
როგორც არაერთგზის აღვნიშნე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ხანგრძლივმა მეგობრობამ თეზო ბარამიძე თავისთავად ჩააყენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოწინავე რიგებში. მან ბოლომდე უერთგულა ზვიადსა და მერაბთან ერთად ბავშვობაში დადებულ ერთგულების ფიცს. უკვე ცნობილი ექიმი, უზარმაზარი ავტორიტეტის წყალობით აირჩიეს საქართველოს უზენესი საბჭოს დეპუტატად და ფოთის პრეფექტად. სხვებთან ერთად მანაც მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ფოთელების საყვარელი ექიმი და ახლა უკვე პრეფექტიც უწინდებურად განაგრძობდა ავადმყოფების მიღებას, ამჯერად – ადმინისტრაციულ შენობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მას არ ჰქონია სიძულვილი საქართველოს დამოუკიდებლობის მტრების მიმართ. თანაბარი გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით სინჯავდა როგორც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდამჭერებს, ისე მოწინააღმდეგეებს, სწორედ ისე, როგორც ჰიპოკრატეს ფიცი ავალდებულებდა. როგორც ზედმიწევნით ჰუმანური პრეფექტი, ახერხებდა ძველი და ახალი კადრების მშვიდობიან შერწყმას. მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, ყოველთვის დროულად და შეუფერხებლად გასცემდა ხელფასებსა და სოციალურ დახმარებას.
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თენგიზ ბარამიძე მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა პოლიტიკურ დევნილობაში ჩეჩნეთში, აზერბაიჯანში, ესტონეთსა და გერმანიაში.
ფოთელები დიდი გულისტკივილით შეხვდნენ ბატონი თენგიზის წასვლას. ფოთის პირველი პოლიკლინიკის გასტროენტეროლოგიური კაბინეტი ხელუხლებელი დარჩა, იქ არავინ შესულა, რადგან ფოთის მოსახლეობა იმედს არ კარგავდა, რომ მათი საყვარელი ექიმი აუცილებლად დაბრუნდებოდა ემიგრაციიდან. საბედნიეროდ, ასეც მოხდა 2004 წელს, როცა შევარდნაძის რეჟიმი ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა.
თეზიკო ბარამიძის დაბრუნება დიდი ზეიმი იყო ფოთელებისთვის. მან ჩვეული სიდინჯით შეაღო პოლიკლინიკის გასტროენტეროლოგიური კაბინეტის კარი. კაბინეტისა, რომელიც თორმეტი წელი ელოდა... ისევ დაიძრნენ მრავალრიცხოვანი პაციენტები მიღებაზე. თავად ნივთიერად შეჭირვებული, კვლავაც უანგაროდ მკურნალობდა და უკანასკნელ გროშებს უყოფდა ღარიბ-ღატაკ ფოთელებს და აფხაზეთიდან დევნილ ავადმყოფებს. განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს ბინაზე აკითხავდა, აძლევდა წამლებისა და საკვების ფულს. მამისეულ სახლშიც შეიფარა აფხაზეთიდან დევნილი მრავალრიცხოვანი ოჯახი...
თენგიზ ბარამიძე მონაწილეობდა რესპუბლიკის და საკავშირო გასტროენტეროლოგიურ კონფერენციებში, სადაც საინტერესო მოხსენებებს კითხულობდა გასტროენტეროლოგიის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. მას იცნობდნენ და აფასებდნენ გამოჩენილი გასტროენტეროლოგები – აკადემიკოსი ვლ. ვასილენკო მოსკოვიდან, აკადემიკოსი ჰამიდ მანსკროვი დუშანბედან. მჭიდრო პროფესიული კავშირები ჰქონდა უკრაინელ და, ცხადია, ქართველ კოლეგებთანაც – კ. ვირსალაძესთან, ბ. რაჭველიშვილთან, ო. გოგიბერიძესთან, ბ. კანდელაკთან.
2008 წელს, როცა მათ საყვარელ ექიმს მიოკარდიუმის ინფარქტი დაემართა, მთელი ფოთი ფეხზე დადგა. მადლიერი პაციენტები ლოცულობდნენ მის გადასარჩენად. სამწუხაროდ, 2010 წლის 8 აგვისტოს განმეორებით ინფარქტს მისმა დასუსტებულმა, დაღლილმა გულმა ვეღარ გაუძლო...
ფოთელები დღესაც სიყვარულით იხსენებენ და სანთელს უნთებენ ხალხისთვის თავდადებულ თეზიკო ექიმს, ათასობით მადლიერი პაციენტი კი დღემდე მისი ძველი, გაცრეცილი რეცეპტებით სარგებლობს.
თამარ არქანია