შოთაძეების სამედიცინო დინასტია გრძელდება

გააზიარე:

“იყავი ნამდვილი ადამიანი, არ დაგავიწყდეს, რომ ექიმი ადამიანების მეგობარი უნდა იყოს”, – პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანის ეს სიტყვები დავით შოთაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დევიზად იქცა. როდესაც ქალბატონი მარინა ოჩიგავა შოთაძეების რძალი გახდა, ბატონი დავითი უკვე აღარ იყო ამქვეყნად, მაგრამ მამამთილის, ცნობილი ქირურგის, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ ღირსებებზე დღემდე ისმენს ლეგენდების მსგავს ისტორიებს.

დავით პეტრეს ძე შოთაძე 1908 წლის 5 დეკემბერს ზემო იმერეთის სოფელ ჩხარში დაიბადა. მის ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მედიცინის ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ნიკოლოზ კახიანი და ალექსანდრე მაჭავარიანი. ახალგაზრდა დავითისთვის სამაგალითო და მისაბაძი ყოფილა მათი საექიმო მოღვაწეობა, ის, რომ მათ მკურნალობა ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახადეს, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როდესაც მომავალი თავადაც მედიცინას დაუკავშირა.

ნაყოფიერი გამოდგა დავით შოთაძისთვის სტუდენტობის წლები. ლექციებს მას ქართული მედიცინის კორიფეები უკითხავდნენ, რამაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებაზე, არამედ მსოფლმხედველობის, ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბებაზეც. ახალგაზრდა დავითმა სტუდენტობის წლებშივე გამოიჩინა ინტერესი ქირურგიის მიმართ. იგი გატაცებით კითხულობდა ცნობილი ექიმების მეცნიერულ ნაშრომებს, რამაც, როგორც თავად აღიშნავდა, ქირურგიის “წმინდა ლამპარი” აუნთო გულში.

მომავალში, უკვე ცნობილ ქირურგს, უყვარდა თავისი მასწავლებლების ღვაწლისა და ამაგის გახსენება: “ისინი მომავალ სპეციალისტებს უნერგავდნენ მეცნიერების პატივისცემას, საქმის სიყვარულს, ასწავლიდნენ, არ გამოჰკიდებოდნენ პირად დიდებას, კარიერას, პატივმოყვარეობას, უანგაროდ მომსახურებოდნენ ხალხს, არ ყოფილიყვნენ ზედმეტად გულდაჯერებულნი, არასოდეს ეფიქრათ, რომ ყველაფერი იციან, არ ეთაკილათ საკუთარ შეცდომათა აღიარება, მუდამ ხსომებოდათ, რომ მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს ხალხს”.

დავით შოთაძე ქირურგიულ მოღვაწეობას 1931 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე შეუდგა. მან წარმატებით შეუთავსა ერთმანეთს მეცნიერულ-თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა. ახალგაზრდა ექიმს ბუნებისგან მომადლებული ჰქონდა ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია ჭეშმარიტი ექიმისთვის. იგი იყო უაღრესად გულისხმიერი, გულთბილი, უშუალო პიროვნება. მისი შთამაგონებელი სიტყვა და ოპტიმისტური განწყობილება მხნეობას და განკურნების რწმენას უნერგავდა პაციენტებს.

ახალგზრდა დავითი ზესტაფონში, ქირურგიული განყოფილების გამგის თანამდებობაზე დანიშნეს, სადაც მან უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. ხშირად მძიმე სიტუაციებში მარტოს უწევდა ურთულესი ოპერაციების ჩატარება. 1934 წელს, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის გადაწყვეტილებით, დავით შოთაძე გაგზავნეს მოსკოვში, საბჭოთა ონკოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელთან, აკადემიკოს პ. ა. გერნეცთან სამუშაოდ, სადაც მან დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი “ანთებისა და სიმსივნური ზრდის ურთიერთდამოკიდებულება” და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიიღო. იმავდროულად აქტიურად აქვეყნებდა ნაშრომებს საბჭოთა კავშირის წამყვან ქირურგიულ ჟურნალებში.

1940 წელს დავით შოთაძე თბილისში ბრუნდება და მუშაობას იწყებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრაზე, სადაც მის სამეცნიერო, საექიმო და პედაგოგიურ მოღვაწეობას კიდევ უფრო ფართო ასპარეზი ეძლევა. მეორე მსოფლიო ომის დროს მან უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო როგორც საევაკუაციო ჰოსპიტალის წამყვანმა ქირურგმა.

პრაქტიკულ საქმიანობას დავით შოთაძე აქტიურად უთავსებდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მის მიერ წაკითხული მოხსენებები კონფერენციებზე მსმენელთა დიდ ინტერესს იწვევდა. ზოგადი ქირურგიის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ის ონკოლოგიას შეეჭიდა. კარგად ესმოდა, რასთან ჰქონდა საქმე. პრაქტიკულთან ერთად არც მეცნიერული საქმიანობა შეუწყვეტია – დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტუჩის კიბოს მკურნალობის შესახებ. მან საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა ფილტვის ამოკვეთა და საკუთარი გამოცდილება ნაშრომში “ფილტვის კიბოს ქირურგიული მკურნალობა” განაზოგადა. მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები გულმკერდის ქირურგიის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების შესახებ. მოგვიანებით დავით შოთაძე სათავეში ჩაუდგა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კლინიკას.

განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მშობლიური რაიონისადმი, რომელსაც არასოდეს აკლებდა მზრუნველობასა და ყურადღებას. ძალიან უყვარდა ჩხარელები. თანასოფლელებიც მოწიწებით იხსენებენ ბატონ დავითს, მის ამაგს. მან ასეულობით წიგნით გაამდიდრა ჩხარის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი, ლამის ყოველ შაბათ-კვირას ჩადიოდა და ჩაჰყავდა ექიმები. მამის საქმე ასეთივე ეთუზიაზმით გააგრძელა ასევე გამოჩენილმა ექიმმა პეტრე შოთაძემ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბატონი პეტრეს მეუღლე, მარინა ოჩიგავა არ იშურებს ენერგიას ოჯახური ტრადიციის გასაგრძელებლად.

ქალბატონი მარინა იხსენებს:

– ვიდრე ცოლად გავყვებოდი, გამუდმებით იმეორებდა: ჩხარი ულამაზესია, ჩხარში ასეა, ჩხარში ისეაო... მარტო მე კი არა, მთელი თბილისი დაარწმუნა ჩხარის განუმეორებლობაში. სულ მაინტერესებდა, რა იყო ასეთი. როცა იქ პირველად დავდგი ფეხი, გავოგნდი, ისეთი მშვენიერება გადამეშალა თვალწინ. მას შემდეგ უარი ვთქვი სხვა ადგილებზე და დასასვენებლად ყოველთვის ჩხარში ჩავდიოდი. პეტრეც და მანამდე – დათიკოც, რაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ მშობლიური მხარისთვის. ჯერ გზა გაიყვანეს, შემდეგ – წყალი, არაჩვეულებრივი კარმიდამო ჰქონდათ, ყოველ შაბათ-კვირას ჩადიოდნენ და მეგობრები – ლევან ანჯაფარიძე, დავით და ოთარ მამამთავრიშვილები, გიორგი ხუნდაძე და სხვა ცნობილი ექიმები ჩაჰყავდათ, ხალხს მკურნალობდნენ, მერე სანადიროდ მიდიოდნენ და ბოლოს, ცხადია, ყველაფერი ქართული სუფრით სრულდებოდა.

 

პეტრე შოთაძე სახელოვანი მამის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი იყო. ის 1948 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა. “პეტრეს დედა გახლდათ ულამაზესი ქალბატონი – თინათინ ჯიქია, რომლის სილამაზით აღფრთოვანებულმა კონსტანტინე გამსახურდიამ მას მიუძღვნა “ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას...” ბავშვობიდან საინტერესო გარემოში იზრდებოდა. მარტო ის რად ღირს, რომ მისი ნათლიები და ოჯახის უახლოესი მეგობრები იყვნენ ელენე ახვლედიანი და კონსტანტინე გამსახურდია, ნათლობა კი პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ჩაატარა”, – გვიამბობს ქალბატონი მარინა.

პეტრე შოთაძე წლების განმავლობაში მუშაობდა რიგით ქირურგად. თანდათან ჩამოყალიბდა როგორც მკვლევარი და პედაგოგი. თავისი ნიჭიერებით, კომუნიკაბელურობით და ორგანიზატორული უნარით მან პროფესიული საქმიანობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია – სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა ექიმთა დახელოვნების დიდ სასწავლო-სამეცნიერო გაერთიანებას, არჩეული იყო უცხოეთის სამედიცინო მეცნიერებათა საზოგადოების წევრად, იყო მრავალი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

“უამრავი მეგობარი ჰყავდა: პატარა, დიდი, სტუდენტი, საკუთარი მასწავლებლები. პეტრე და ზაზა კახიანი თერთმეტი წელი ერთად მართავდნენ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტს. პეტრე ძალიან მადლიერი იყო და დიდ პატივად მიაჩნდა ისეთ გამოჩენილ ექიმებთან მეგობრობა და თანამშრომლობა, როგორებიც იყვნენ ლეო ავალიანი, ვახტანგ ფიფია, რეზო იაშვილი, მურმან იაშვილი, გივი ჟვანია. გარდა ამისა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ რუს ქირურგებთან – გერასკინსა და როშალისთან. მისი დევიზი იყო “იჩქარე, გააკეთო სიკეთე”. ისევე როგორც მამა, ყველას დამხმარე, ხელის შემშველებელი, სწორ გზაზე დამყენებელი გახლდათ. საოცარია – პეტრე თხუთმეტი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ჩემთვის დღემდე ცოცხალია, რადგან, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველ ნაბიჯზე მხვდებიან და მადლობას მეუბნებიან მისი ყოფილი სტუდენტები, მიყვებიან, როგორ დაეხმარა მათ მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირდათ. მრავალი მათგანი დღეს უკვე ცნობილი ექიმია... ბევრ სრულიად უცნობ ახალგაზრდასაც დახმარებია ცხოვრების რთული გზის გაკვალვაში. პეტრეს გარდაცვალების შემდეგ მისი ყოფილი სტუდენტი შემხვდა და მითხრა: სულ მეგონა, თხილამურების გარდა არაფერი მაინტერესებდა, ახლა კი ბატონი პეტრეს ჩაგონებით უნდა ვისწავლო და კარგი სპეციალისტი დავდგეო...

პეტრემ მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ამერიკის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და ახალგაზრდა ქართველ ექიმებს ამერიკაში გზავნიდა ცოდნის გასამდიდრებლად. ზოგჯერ თავადაც ჩაჰყვებოდა უცხო ქვეყანაში, დააბინავებდა, ყველას გააცნობდა და გულდამშვიდებული დაბრუნდებოდა შინ. გარდა ამისა, დახელოვნების ინსტიტუტში ჩამოდიოდნენ სხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები.

პეტრეს ჰობი კალათბურთი იყო. ბავშვობიდან თამაშობდა კიდეც. როგორც კი სამედიცინო აკადემია დააარსა, კალათბურთის გუნდიც ჩამოაყალიბა. ვინ არ შეაწუხა, რომ ბიჭებისთვის ფორმები ეშოვნა, პირობები შეექმნა. ბავშვივით უხაროდა მათი წარმატება. მახსოვს, როცა მოიგებდნენ, გახარებული, პიჯაკს გაიხდიდა და თავს ზემოთ აქნევდა ხოლმე... მოგზაურობაც უყვარდა, მანქანით ჰქონდა შემოვლილი მრავალი ქვეყანა. დადიოდა კონფერენციებზე. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჯიბეში რამდენი ედო; მისთვის მთავარი იყო, მეტი საინტერესო ადგილი ენახა და საქართველოს სახელი გაეტანა საზღვრებს გარეთ.

პეტრე საოცრად უბრალო და უშუალო ადამიანი იყო. ალბათ ამიტომაც გააცილა უკანასკნელ გზაზე ზღვა ხალხმა. საოცრად თავმდაბალი გახლდათ და ამიტომ დიდხანს ვიფიქრეთ, დაგვერქმია თუ არა ინსტიტუტისთვის მისი სახელი, მაგრამ საზოგადოებამ ეს ისე ბუნებრივად მიიღო, რომ, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით. გაიძახოდა, სარდაფებში გახნილ ინსტიტუტებს სჯობია, ნამდვილი სამედიცინო სკოლა ჩამოვაყალიბოო და მიხარია, რომ მის მიერ დაარსებულ სამედიცინო აკადემიას დღეს მისი ქალიშვილი ხელმძღვანელობს. ასე მგონია, მისი სული ხარობს ამით.

პეტრე შოთაძის უმცროსი ძმაც, გიორგი შოთაძეც, მედიკოსი იყო, ცნობილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი შვილი თამარიც ექიმია, წარმატებული რეანიმატოლოგი”.

 

საინტერესო გამოდგა ჩვენი შეხვედრა საქართველოს გრ. მუხაძის სახ. ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარესთან, პროფესორ გურამ ტატიშვილთან, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა პროფ. დავით შოთაძესთან:

– დავით პეტრეს ძე შოთაძე XX საუკუნის ქართველ ქირურგთა ბრწყინვალე თანავარსკვლავედის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო.

გასული საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობისას, მერე კი კლინიკურ ორდინატურაში სწავლის დროს, ჩემი მასწავლებლები ხშირად ახსენიებდნენ ბატონ დავითს როგორც წარმატებულ ქირურგ-ონკოლოგს, ხოლო მისი გამოსვლები ქირურგთა საზოგადოების სხდომებზე თუ ქირურგთა სხვა თავშეყრისას ყოველთვის დახვეწილი და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული იყო.

ბატონი დავითი გახლდათ ათლეტური აღნაგობის, ლამაზი, ვაჟკაცური იერის, კეთილშობილი ადამიანი, ცნობილი თავისი პიროვნული ღირსებებით და გარშემო მყოფთა მიმართ ყურადღებით, ამიტომ მუდამ სარგებლობდა საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით. რასაკვირველია, მათ რიცხვში ვიყავი მეც, მაგრამ მაშინ მის სიახლოვეზე მხოლოდ ოცნება შემეძლო.

ბატონ დავითს დავუახლოვდი 1960 წელს, როდესაც თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად დამნიშნეს. იმ დროს ის განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრას, ხოლო მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ჩვენთან უტარებდა ექიმ მსმენელებს პრაქტიკულ მეცადინეობას. მახსოვს, რა ემოციური განცდით შევხვდი ინსტიტუტში ბატონი დავითის სტუმრობას. მან გულდასმით დაათვალიერა იერშეცვლილი ინსტიტუტი, შეამოწმა მსმენელთა ჩართულობა პრაქტიკულ საქმიანობაში, დარწმუნდა, რომ მისი კათედრის ექიმებს მუშაობის კარგი პირობები ჰქონდათ და იქვე შემომთავაზა შეთავსებით კათედრაზე, დოცენტის ნახევარ განაკვეთზე მუშაობა.

აი, აქედან დაიწყო ჩვენი მჭიდრო საქმიანი კავშირი, რომელიც, მიუხედავად ასაკში საგრძნობი განსხვავებისა, მალე ახლო მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდა.

ბატონი დავითი იმითაც გამოირჩეოდა, რომ შესანიშნავი მეგობრები ჰყავდა. გავიხსენებ ზოგიერთ მათგანს: პროფესორები ლევან ანჯაფარიძე, დავით მამამთავრიშვილი, ოთარ ჭუმბურიძე, გიორგი ხუნდაძე, ზაზა კახიანი – არა მარტო ბუმბერაზი მედიკოსები, არამედ ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ქართული ნიჭიერების ჭეშმარიტი სიმბოლოები. და რა განუზომელი სიხარული იყო ჩემთვის, როცა ბატონმა დავითმა ამ დიდებულ ადამიანებთან ერთად რამდენიმე დღით დამპატიჟა ჩხარში, მამაპაპისეულ სახლში, და ქართული ტრადიციების დაუვიწყარი ზეიმი მაჩუქა.

დავით შოთაძე მშობლიური კუთხის დიდი ტრფიალი იყო. გამუდმებით ზრუნავდა იქაურებზე, ხშირად ჩაჰყავდა სხვადასხვა სპეციალობის ექიმები უფასოკონსულტაციების ჩასატარებლად. ერთხელ მეც ვახლდი და თვალნათლივ დავინახე, რა დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა მშობლიურ ჩხარში.

ასევე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სამედიცინო და სამეცნიერო წრეებში. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ერთად გამგზავრება 1961 წელს მოსკოვში, ქირურგთა საკავშირო ყრილობაზე. დელეგაციაში ყველაზე უმცროსი ვიყავი, მაგრამ ბატონმა დავითმა თავისი უშუალობით პირველივე დღეს მომიხსნა ეს კომპლექსი. სასტუმროში ერთ სართულზე მოვხვდით, ერთკვირიანმა ყოველდღიურმა შეხვედრებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა და მთელი სისრულით შევიცანი ამ დიდებული პიროვნების შინაგანი სამყარო.

სამწუხაროდ, სამოცი წლისაც არ იყო, როცა გარდაიცვალა. უამრავი განუხორციელებელი იდეა დარჩა, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო ქართული კლინიკური მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერებისთვის. მაგრამ მას დარჩა შვილი – პეტრე შოთაძე, რომელიც მამის გარდაცვალების დროს სულ 19 წლისა გახლდათ. მან ღირსეულად გააგრძელა დიდი დავით შოთაძის ტრადიციები და ქართული მედიცინის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწედ იქცა.

პეტრე შოთაძემ შედარებით მოკლე ხანში, თუმცა თანმიმდევრულად გაიარა პრაქტიკოსი ქირურგის, პედაგოგის, მეცნიერის და, რაც ღირსშესანიშნავია, სამედიცინო დარგის ორგანიზატორის ყველა საფეხური და მედიცინის სამყაროს მოევლინა როგორც წარმატებული მოღვაწე, ერთნაირად კარგი მკურნალი, ქირურგი, პედაგოგი, მეცნიერი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. ყველაფერთან ერთად, მან დააარსა დამოუკიდებელი სასწავლო-სამეცნიერო სამედიცინო აკადემია, რომელიც იმ დროს სოკოებივით მომრავლებული კერძო სამედიცინო ინსტიტუტებისგან მაღალი სასწავლო დონით გამოირჩეოდა.

ჩემი და ბატონ დავით შოთაძის ურთიერთობიდან გამომდინარე, გამუდმებით ვადევნებდი თვალს პეტრეს კარიერულ წინსვლას, მით უმეტეს, რომ ასაკობრივი სხვაობა ჩემსა და მას შორის ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც თავის დროზე – მამამისსა და ჩემ შორის.

ერთხელ ვუთხარი, რომ მასთან სერიოზული საქმე მქონდა და შეხვედრა შევთავაზე. მაშინვე გამომიარა მანქანით და კუს ტბაზე წავედით. ჩვენი საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ვუამბე, რაც ვიცოდი ბატონ დავითზე, მის ამაგზე ახალგაზრდების და კერძოდ ჩემ მიმართ, იმაზე, რა არაორდინარული და მასშტაბური პიროვნება იყო მამამისი, მოვუყევი ბატონი დავითის ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდს, რომლებსაც შევესწარი, რომლებზეც ვერსად წაიკითხავდა და რომლებიც იმაზე მეტყველებდა, რა დიდი მამა ჰყავდა. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ შორის უფრო თბილი და გულითადი ურთიერთობა დამყარდა.

სამწუხაროდ, პეტრე შოთაძემ ბევრი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოასწრო. ის მოულოდნელად გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა, დაახლოებით 50 წლისა, როცა ჯერ კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო 2014 წლის 21 ნოემბერი, როდესაც პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საუნივერსიტეტო საბჭომ მომანიჭა აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება და საზეიმოდ გადმომცა დიპლომი.

სასიხარულოა, რომ დავით და პეტრე შოთაძეების სახელოვან სამედიცინო დინასტიას ღირსეულად აგრძელებენ პეტრეს ქალიშვილი ირინა შოთაძე, რომელიც დღეს აკადემიის რექტორია, და პეტრეს მეუღლე, ქალბატონი მარინა ოჩიგავა-შოთაძე.

დავით და პეტრე შოთაძეებმა ღრმა კვალი დატოვეს ქართული კლინიკური და მეცნიერული მედიცინის ისტორიაში და მადლიერი ქართული სამედიცინო საზოგადოება სათუთად ინახავს მათ ნათელ ხსოვნას.

 

 თამარ არქანია

 

 

 

გააზიარე: