ქართული უროლოგიის ამაგდარი
გააზიარე:
სახელოვან მასწავლებელზე სასაუბროდ მისი საქმის გამგრძელებელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ქოჩიაშვილს ვესტუმრეთ.
– ვასილ ბაბუხადია 1913 წელს დაიბადა. შარშანწინ მისი დაბადების მე-100 წლისთავი შესრულდა, რომელიც მოკრძალებულად, ვიწრო წრეში აღნიშნა უროლოგიურმა საზოგადოებამ.
ვასო ბაბუხადია უნიკალურად განსწავლული პიროვნება გახლდათ. ის მთელი ოცი წელი – 1973-დან მოყოლებული ვიდრე 1994 წლამდე – ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრას. კათედრა ჩამოყალიბდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, რომელსაც ორი უროლოგიური განყოფილება ჰქონდა და 120 საწოლს მოიცავდა. მე მაშინ კათედრის ასპირანტი ვიყავი, მერე ასისტენტი გავხდი, ამჟამად კი თავად გახლავართ კათედრის გამგე, რისკენაც ყოველთვის მიბიძგებდა ბატონი ვასო.
მახსოვს, ბატონი ვასოს გამგეობის დროს კლინიკაში პაციენტთა სიმრავლე იყო, ამიტომ თუ არასაოპერაციო, მაგალითად, პიელონეფრიტის, პროსტატიტის ან სხვა არაქირურგიული დაავადების მქონე პაციენტს დავაწვენდით, გვსაყვედურობდა. ჩვენც ასეთ პაციენტებს შემოვლის დროს საგანგებოდ ვმალავდით...
1994 წელს ბატონმა ვასომ ასაკის გამო დატოვა კათედრის გამგის პოსტი და კონსულტანტად დარჩა. იგი 1996 წელს, 83 წლისა გარდაიცვალა.
მაშინდელი უროლოგია, ცხადია, ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუმცა იმ დროის კვალობაზე საქართველოს ნამდვილად ვერ დასწამებდით დაბალ დონეს. ოპერაციებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის წამყვან უროლოგიურ ცენტრებში – პიტელისა და ლაპატკინის კლინიკებში ტარდებოდა, ჩვენც ვაკეთებდით. ევროპაში რა ხდებოდა, იმხანად, მოგეხსენებათ, არვიცოდით, ამიტომ სწორება რუსეთზე გვქონდა აღებული.
ბატონი ვასოს უდიდესი დამსახურებაა საქართველოში წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთის ახალი მეთოდის დანერგვა. თავდაპირველად ადენექტომია, პროსტატის ამოკვეთა, ორ ეტაპად ტარდებოდა: ჯერ ვხსნიდით შარდის ბუშტს და მხოლოდ ორი-სამი თვის შემდეგ ვიღებდით ჯირკვალს, რაც საკმაოდ რთული, უსიამოვნო და გაჭიანურებული პროცესი იყო. საქართველოში პირველად სწორედ ბატონი ვასოს დროს დაინერგა ერთმომენტიანი ადენექტომიები, რაც ძალზე პროგრესული ნაბიჯი გახლდათ. ალბათ გაგიგონიათ იმ ექიმების შესახებ, თავიანთ გამოგონებებს საკუთარ თავზე რომ სცდიან. ჩვენთანაც დახლოებით ასეთი რამ მოხდა – ბატონ ვასოს თავად დასჭირდა ამ ოპერაციის ჩატარება, თქვა, სხვაგან როგორ წავიდეო და თავის აღზრდილებს გვანდო საკუთარი ჯანმრთელობა. მახსოვს, ოპერაციას იმდენი ხალხი ვესწრებოდით, ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ იყო. ერთ-ერთი ასისტენტი მეც გახლდით. ბატონ ვასოს თავისივე შემუშავებული მეთოდით გავუკეთეთ ოპერაცია.
ვასო ბაბუხადია ძალიან კარგი ხელმძღვანელი და პედაგოგი იყო. ჰქონდა ძალზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ლექციები. უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა სამედიცინო წრეებში. ისეთი მკაცრი და შეუვალი ჩანდა, გამოლაპარაკებასაც ვერ გაუბედავდი, მაგრამ შინაგანად ძალიან თბილი ბუნებისა იყო. ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვიცოდით ამის შესახებ. იყო შესანიშნავი იუმორის პატრონი, უყვარდა ახალგაზრდობა, თუმცა იმავდროულად ძალიან მომთხოვნიც გახლდათ თითოეული ჩვენგანის მიმართ. შეიძლებოდა, ერთად წავსულიყავით სადმე, მოგველხინა, მაგრამ ღამის 2-3 საათამდეც რომ გაგრძელებულიყო ლხინი, მეორე დილით კონფერენციაზე ხუთი წუთით დაგვიანებასაც არ გვაპატიებდა. თავად ძალზე პუნქტუალური იყო.
მომთხოვნი გახლდათ არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ კათედრის თანამშრომლების მიმართაც. მე მაშინ ასპირანტი ვიყავი და თუ კათედრის რომელიმე ასისტენტი ვერ მოახერხებდა ლექციის ჩატარებას, მის ჯგუფს მე მაძლევდნენ. არ არსებობდა, ხუთი წუთით ადრე გაგვეშვა სტუდენტები ან გვიან დაგვეწყო ლექცია... გარდა ამისა, სურდა, რაც შეიძლება მეტი გვესწავლებინა მათთვის, განზრახ არ გვაძლევდა ოთახებს სტუდენტებთან სამუშაოდ – გვაიძულებდა, ისინი პალატებში შეგვეყვანა, რათა პრაქტიკულად ენახათ ყველა ის დაავადება, რომლებსაც ვასწავლიდით.
ვასო ბაბუხადიამ დაწერა სახელმძღვანელოები უროლოგიაში, რომლებიც რამდენიმეჯერ გამოიცა. მას შემდეგ, ცხადია, მედიცინაში ბევრი რამ შეიცვალა და დღეს ამ სახელმძღვანელოებს პრაქტიკულად აღარ ვიყენებთ, თუმცა თავის დროზე ამ წიგნებმა დიდი საქმე გააკეთა, უამრავ თაობას დაეხმარა უროლოგიიის შესწავლაში. დღეს მათ ბიბლიოგრაფიული მნიშვნელობა აქვთ.
ვასო ბაბუხადიას სამი შვილი ჰყავდა. ერთი მათგანი, მისი სეხნია, ასევე უროლოგიის პროფესორი იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ახლოს ემეგობრებოდა აკადემიკოს თამარ დეკანოსიძეს. გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, ძმაკაცები იყვნენ. უროლოგიაში ჩემი მოსვლაც ამ მეგობრობის დამსახურებაა. თავდაპირველად მორფოლოგიით ვიყავი დაინტერესებული და ამ განხრით ვაპირებდი მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ მათი რჩევით თავი უროლოგიაში ამოვყავი.
უროლოგიური პაციენტები, მოგეხსენებათ, ძალზე სპეციფიკური კონტინგენტია, ხშირია კურიოზული შემთხვევებიც, მაგრამ ბატონი ვასო პაციენტებთან დელიკატური ურთიერთობით გამოირჩეოდა და ჩვენც ამას გვასწავლიდა. საზოგადოდ, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას. პირველი წიგნიც სწორედ სამედიცინო დეონტოლოგიის საკითხებზე დაწერა და ის დღესაც ბევრი ექიმის სამაგიდო წიგნია. ეს საკითხები მაშინაც აქტუალური იყო და არც დღეს კარგავს აქტუალობას: რა უნდა იცოდეს პაციენტმა, როგორ ვაცნობოთ მას მძიმე დიაგნოზი და სხვა.
მუდამ პაციენტის უფლებს იცავდა. არ მახსოვს შემთხვევა, საპირისპირო მხარეს დამდგარიყო. ხშირად იმეორებდა: “პაციენტი ყოველთვის მართალია”. ვიცოდით, რომ მცირედი კონფლიქტის შემთხვევაშიც კი არ უნდა გვქონოდა მისი გამოსარჩლების მოლოდინი, ამიტომ მოთმინებით და სიყვარულით ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. მას შემდეგ, ცხადია, ბევრი რამ გადაფასდა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობათა კოდექსში, მაგრამ ბატონი ვასოს ყველა რჩევა დღემდე მახსოვს და ძალიან მეხმარება როგორც პროფესიულ, ისე პედაგოგიურ საქმიანობაში. ამის გამო ძალზე ვემადლიერები და მიხარია, რომ მისი გზის გამგრძელებელი ვარ.
სიყვარულითა და პატივისცემით იგონებს პროფესორ ვასილ ბაბუხადიასთან გატარებულ საქმიან და მეგობრულ წლებს საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი გურამ ტატიშვილი:
– ვასო ბაბუხადიასთან ხანგრძლივი თბილი და გულითადი ურთიერთობა მაკავშირებდა. ეს მის გამორჩეულ პიროვნულ ღირსებათა დამსახურება გახლდათ. თავისი კეთილშობილებით იგი ანდამატივით იზიდავდა ადამიანებს.
ბატონი ვასო იყო ბრწყინვალე კლინიცისტი ქირურგი, იმ დროის ერთ-ერთი აუკეთესო უროლოგი და, ამასთან, გამორჩეული პედაგოგი. მახსოვს, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა იგი სტუდენტებთან მუშაობას, რა დაუღალავად ზრუნავდა მათთვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის მაღალი დონის სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შექმნაზე, რომლებიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
ერთხანს ერთდროულად ვიყავით კათედრის გამგეები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ჩემთვის, ასაკით მასზე ახალგაზრდისთვის, მუდამ ჭკუის სასწავლი და მისაბაძი იყო ბატონი ვასოს მოზომილი, ტაქტიანი გამოსვლები საბჭოს სხდომებსა თუ სხვა სამეცნიერო თავყრილობებზე.
ვასო ბაბუხადიას უბრალოება და დიდბუნებოვნება, ასე ლამაზად შერწყმული მის უზადო პროფესიონალიზმთან, გახდა იმის საწინდარი, რომ ჩვენ შორის დამყარდა ახლო მეგობრული ურთიერთობა, რაც მე ძალიან მეამაყებოდა და დღესაც სასიამოვნო მოსაგონარია ჩემთვის.
პროფესორი ვასილ ბაბუხადია უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ქვეყნის სამეცნიერო წრეებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში. ის დღენიადაგ იღვწოდა, თავისი მდიდარი კლინიკური გამოცდილება გადაეცა მოწაფეებისთვის, რომლებიც მრავლად იყვნენ მის ირგვლივ. ამიტომაც შექმნა თავისი წარმატებული უროლოგიური სკოლა და მიხარია, რომ მისი მოწაფეები ღირსეულად აგრძელებენ მასწავლებლის გზას, ავითარებენ მის დანატოვარს, რაც უმთავრესია მასწავლებლის ანდერძის აღსასრულებლად და მისი სახელის უკვდავსაყოფად.
თამარ არქანია