უვერცხლო მკურნალი
გააზიარე:
– კაცთა შორის აღმატებულნი არ იხოცებიან; ისინი, ვალმოხდილნი, წუთისოფლიდან საუკუნო სასუფეველში გადაინაცვლებენ, რათა სამარადისოდ კაცობრიობის სამსახურში დარჩნენ. ადამიანის უკვდავების აზრიც ის არის, რომ მილიონებს შორის იბადებიან გამორჩეულნი, ვისი ღვაწლითაც კაცობრიობა წინ მიიწევს. მწამს, რომ ბატონი იოსებ კვაჭაძე სწორედ ასეთი პიროვნება იყო, – ასეთი მადლიერებითა და მოწიწებით იხსენებს საყვარელ მასწავლებელს, ცნობილ ქართველ პედიატრ იოსებ კვაჭაძეს, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი ნელი ბადრიაშვილი. ღვაწლმოსილი ექიმის გასახსენებლად მის მოსწავლეებს მრგვალი თარიღები არ სჭირდებათ – ისინი ამას მუდამ დიდი სიყვარულით აკეთებენ.
ქალბატონი ნელი გვეუბნება, რომ ფასდაუდებელია ცოდნა, რომელიც მან ცნობილი ექიმისგან მიიღო. დღესაც, თითქმის ხუთი ათეული წლის შემდეგ, კარგად ახსოვს მასთან პირველი შეხვედრა. ის და მისი მეგობრები იოსებ კვაჭაძის პირველი მსმენელები იყვნენ:
– იმ დღეს ბაქოს ქუჩაზე, იმ პატარა დარბაზში, ჩვენს გულებში აგიზგიზდა ცეცხლი, რომელიც დღესაც გვათბობს ჩვენი პროფესიის სიყვარულით. მას შემდეგ, როცა კი ერთად შევიკრიბებით, მღელვარებით ვიხსენებთ, როგორ შემოიჭრა მაშინ მეტეორივით კაშკაშა სხივი ჩვენს ახალგაზრდულ აზროვნებაში. ეს იყო საუკეთესო ლექცია, რომელიც კორიფეებისგან განებივრებულებს მოგვისმენია. ქალბატონი მერი წულაია ხშირად იხსენებს: სტუდენტები ამბობდნენ, ბატონი იოსები მოსკოვიდან ჩამობრძანდა და იქაური სკოლის წყალობით იყო მისი ლექცია ასეთი ბრწყინვალეო, – ქართველები ხომ ყოველივე საუკეთესოს “უცხოსა” და “საუცხოოს” უწოდებენ. სინამდვილეში კი ის ლექციაც და მთელი შემდგომი მოღვაწეობაც ჩემი დიდი მასწავლებლისა ქართული თვითმყოფადი სულის ტრიუმფი გახლდათ.
ბატონი იოსებ კვაჭაძე გვაცვიფრებდა თავისი მოღვაწეობის უნივერსალური მრავალფეროვნებით. როდესაც მის რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე ვფიქრობ, უნებურად მახსენდება გურამ რჩულიშვილის უკვდავი სიტყვები: “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ამიტომაც იყო იგი დაუცხრომელი ნოვატორი. შრომა და შემართება, სირთულეებთან დაუღალავი ჭიდილი – აი, მისი პიროვნების სავიზიტო ბარათი. იოსებ კვაჭაძე გახლდათ თავგანწირული შემოქმედი, მაღალი რანგის მოაზროვნე. მისი გამოჩენა ბანალურ საქმესაც კი ზეიმად აქცევდა. მისი თვალსაწიერის მიღმა არ დარჩენილა იმ დროის პედიატრიის არც ერთი აქტუალური პრობლემა, – იხსენებს ქალბატონი ნელი.
იოსებ კვაჭაძე 1925 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში დაიბადა. 1946 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინტიტუტი, 1955 წელს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო, 1970 წელს – დოქტორისა. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი იყო. იმავე წელს პროფესორის წოდება მიანიჭეს, ხოლო 1984 წელს – მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა. 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იოსებ კვაჭაძე ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას ხელმძღვანელობდა.
– დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას იტყოდა, არა მარტო პედიატრიაში და, საზოგადოდ, მედიცინაში, არამედ პედაგოგიკასა თუ ადამიანთა ურთიერთობებშიც, – ამბობს მისი კიდევ ერთი აღზრდილი გიორგი ჩახუნაშვილი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორსა და აკადემიკოსს, მასწავლებლის მიერ გაკვალული გზიდან არასოდეს გადაუხვევია. ამბობს, რომ იოსებ კვაჭაძისგან მიღებული ცოდნა ფასდაუდებელია და ამაში თავისი ყოველდღიური გამოცდილება არწმუნებს:
– პროფესორ იოსებ კვაჭაძეს მე ვუწოდებდი ბუმბერაზ პიროვნებას, პედიატრსა და კლინიცისტს. ერთია, იყო კარგი კლინიცისტი და სულ სხვა – იყო მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი. სწორედ ასეთი გახლდათ ბატონი იოსები. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის – ამაზე მეტყველებს მისი უამრავი ნაშრომი და გამოკვლევა. პროფესორ იოსებ კვაჭაძის ხელმძღვანელობით შესრულდა 18 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია; იყო ავტორი 300 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც: ბუენოს-აირესში, მეხიკოში, პარიზში, ლონდონში, მონტე-კარლოში, პრაღაში, დუბროვნიკში, ჟენევაში, ბუდაპეშტში, ჯაკარტაში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში... მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ეხებოდა იმუნოლოგიის, იმუნოგენეტიკის, სხვადასხვა დაავადების კლინიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. პირველმა მოჰკიდა ხელი უამრავი, დღეს უკვე ძალზე აქტუალურ საკითხის კვლევას. მოგეხსენებათ, დღეს გენეტიკური დაავადებებისა და ფერმენტოპათიების როგორი ბუმია. იოსებ კვაჭაძემ ჯერ კიდევ 80-იან წლებში გამოსცა უნიკალური ნაშრომი, სადაც საკუთარ მასალებზე დაყრდნობით შეიწავლა და აღწერა ტოქსოპლაზმოზი, თანდაყოლილი ინფექციები, ნაწლავთა შეწოვის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები: მუკოვისციდოზი, ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია, დისაქარიდული უკმარისობა, იმუნოდეფიციტის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები, დაუნის სინდრომი. მუშაობდა სხვა თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებების შესასწავლადაც. მაშინ ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ამ პრობლემების აქტუალობას... მან ახალი სიტყვა თქვა ქართულ მეცნიერებაში, თითქმის 30-40 წლით გაუსწრო დროს. ძალზე ფასეულია მისი კვლევები სიყვითლეების დიფერენციალური დიაგნოსტიკის, სისხლის შეუთავსებლობისა და ღვიძლის პათოლოგიების კუთხით.
პროფესორ იოსებ კვაჭაძეს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის რევმატიზმისა და შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებით მიმდინარე დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, კლინიკის, იმუნური ასპექტებისა და მკურნალობის საკითხების შესწავლაში. არის ავტორი ათი მონოგრაფიისა. მისი ხელმძღვანელობით შექმნილი “ბავშვთა დაავადებანი” ექიმებისა და სტუდენტების სამაგიდო წიგნია. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს პედიატრთა პირველი ყრილობა. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონგრესში, იყო მსოფლიოს ბავშვთა საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საკავშირო სამედიცინო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი.
ამ შესანიშნავ მეცნიერსა და კლინიცისტს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სტუდენტების მიმართ. მე მას სრულიად ახალგაზრდა შევხვდი და 25 წლისა უკვე ასისტენტი გახლდით კლინიკურ დარგში. ვიყავი ერთი პირველთაგანი, ვინც დიდ კარდიოლოგიაში მისი ხელმძღვანელობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. იოსებ კვაჭაძემ 36 სხვადასხვა პროფილის ექიმი აღზარდა თავის კათედრაზე. თავისი პედაგოგიური მიდგომით ისე ჩაგითრევდა, ისე დაგაინტერესებდა, რომ ვერც კი შეამჩნევდი, როგორ გაგახვევდა “ცოდნის ბადეში” და მეცნიერებით მოგწამლავდა.
ბატონი იოსები ხშირად სტუმრობდა სამეცნიერო მიზნით ევროპასა თუ ამერიკას. მოგეხსენებათ, იმხანად საზღვარგარეთ წასვლას ერთეულები ახერხებდნენ. ჩაგვკიდებდა ხელს ახალგაზრდებს და დავყავდით რევმატოლოგთა, კარდიოლოგთა, იმუნოლოგთა, ალერგოლოგთა თუ გენეტიკოსთა კონგრესებზე. გვეუბნებოდა, მომავალში გამოგადგებათო... მან გარდაცვალების შემდეგაც კი შეძლო, ჩვენთვის გზა გაეკვალა და დიდ ასპარეზზე გავეყვანეთ; ჩვენ მიერ შემუშავებულმა პრეპარატმა, ანტისიმსივნურმა იმუნოკორექტორმა, მზის შუქი რომ იხილა, სწორედ მისი დამსახურებაა, – ამბობს ბატონი გიორგი.
ქალბატონ ნელისაც ბევრი რამ აღმოაჩნდა მოსაგონარი:
– მოსკოვში, სადაც სადისერტაციო ნაშრომზე ვმუშაობდი, ხშირად შევსწრებივარ, როგორი პატივისცემით საუბრობდნენ ბატონ იოსებზე მისი რუსი კოლეგები: სერგეი რაჩინსკი, ვლადიმერ ტატოჩენკო, ველტიშევი, სტუდენიკინი, ანანენკო, იგორ ვორონცოვი და სხვები. ჩვენთვის, მისი მოწაფეებისთვის, ბატონი იოსები მხოლოდ პედიატრიის მასწავლებელი კი არა, ცხოვრების მასწავლებელიც იყო. ის ჩვენთან ერთად შეჰხაროდა ჩვენს გამარჯვებას და გვამხნევებდა მარცხისა თუ მწუხარების ჟამს. იგი გვასწავლიდა სიკეთეს, გვიზიარებდა ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას, გვასწავლიდა მწვერვალების დაპყრობას. მისთვის სამეცნიერო დილემა არ არსებობდა. მიუხედავად საბჭოთა კლინიკის მწირი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობებისა, მოითხოვდა, ჩვენი ნაშრომები დამყარებული ყოფილიყო კვლევის ულტრათანამედროვე მეთოდებზე, მსოფლიოს ელიტურ სამედიცინო ცენტრებში რომ იყენებდნენ. მისი ენთუზიაზმი ჩვენც გვაძლევდა სტიმულს და დავქროდით სინჯარებითა და ჰისტოლოგიური პრეპარატებით ხელში თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადისა თუ სხვა წამყვან კლინიკებში. მახსოვს, მუკოვისციდოზის პრობლემაზე მაშინ დავიწყეთ მუშაობა, როდესაც საბჭოთა კავშირში პირველად გაიჟღერა ამ ტერმინმა. სამედიცინო საზოგადოება სკეპტიკურად მოეკიდა ამ ამბავს – მიაჩნდათ, რომ ფუჭი ძიება იყო. ვაღიარებ, თავადაც მემძიმებოდა ეს ტვირთი. რამდენჯერმე მითხოვია თემის შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ. მას არ სჩვეოდა უკან დახევა და ჩვენგანაც ამას მოითხოვდა. რომ იცოდეთ, როგორ გამომადგა ცხოვრებაში ეს თვისება...
ჩვენმა რესპონდენტმა ერთი საინტერესო ამბავიც მოგვითხრო:
– ბატონი იოსების განუყრელი მეგობარი, ღვაწლმოსილი პრიოვნება, აწ გარდაცვლილი თამაზ მარინაშვილი, იგონებდა: ხევსურეთში მიდიოდნენ მძიმე ავადმყოფების დასახმარებლად. გზა, რომელიც კლდეებს შორის მიიკლაკნებოდა, ნისლში იყო ჩაკარგული. თავზე ხელის აღებას ჰგავდა ეს მგზავრობა. მაინც წავიდნენ. მოულოდნელად მანქანა რაღაც ძალამ შეაჩერა. დაბნეული მგზავრები მანქანიდან გადმოვიდნენ მიზეზის გასარკვევად. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – მანქანა ქარაფის პირას იდგა! იოსებ კვაჭაძეს განზრახვაზე ვერც ამან ააღებინა ხელი. ბარისახოში სხვა გზით ავიდნენ. ჩვენ ეს ამბავი მხოლოდ წლების შემდეგ გავიგეთ...
იოსებ კვაჭაძე უვერცხლო მკურნალი იყო. ღია კარის დღეზე მას 10 000-ზე მეტი პაციენტი ჰყავდა გამოკვლეული. ჩემი დიდი მასწავლებელი მუდამ სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, ერთმანეთს უთავსებდა მეცნიერებასა და საექიმო პრაქტიკას, სპორტისა და ხელოვნების სიყვარულს, ქართული სუფრის თავკაცობას და პოეზიის საღამოს ლიდერობას. ყველგან წინა ხაზზე იდგა და დიდი ლხინისა და ჭირის უფალი იყო. საკუთარი თავისადმი დაუნდობელი და მომთხოვნი, სხვისი სისუსტეების შემწყნარებელი და მიმტევებელი. ჩვენ გვერდით დადიოდა ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ჭირ-ვარამი მსუბუქად დაჰქონდა საკუთარი მხრებით. ვაღიარებ ჩემს სისუსტეს – ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა ბუმბერაზის არსებობა. ახლა კი სინანული მიპყრობს, რატომ არ ჩავიწერე მისი ყველა ლექცია, ყველა გამოსვლა...
ბატონმა იოსებ კვაჭაძემ დატოვა ექიმთა თაობები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ მის მიერ დაწყებულ საქმეს. მამის ნაკვალევს მიჰყვებიან შვილებიც – ქეთევანი და ლელა, შვილიშვილი ია, სიძეები – პროფესორი დავით თელია, ქირურგი ვაჟა კვიციანი.
ია, ფაქტობრივად, ბაბუის გაზრდილია. სანამ პატარა იყო, უზარმაზარ კაბინეტში იჯდა და ბაბუის მუშაობას შორიდან ადევნებდა თვალს; რომ წამოიზარდა, თავადაც ექიმობა მოინდომა და უკვე მასთან ერთად მსჯელობდა სამედიცინო საკითხებზე. მერე და მერე ბაბუას თურმე კლინიკაშიც დაჰყავდა:
– ვესწრებოდი გასინჯვებს, ბავშვების გართობაში ვეხმარებოდი. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ბავშვების მიმართ. სინჯავდა დეტალურად, მანამდე არ დაანებებდა თავს, სანამ ყველაფრს არ შეუმოწმებდა. ხელმოკლე პაციენტებთან შინ დადიოდა, ზოგიერთს სოფლებშიც კი აკითხავდა. დაურეკავდა, მოიკითხავდა... ყველა ვხვდებოდით, როცა მძიმე შემთხვევას ეჯახებოდა – კაბინეტში შეიკეტებოდა, წიგნებსა და ჟურნალებში ჩაეფლობოდა... ვიცოდით, ჯობდა, იმ დღეს არ შეგვეწუხებინა. დიაგნოზს, ფაქტობრივად ყოველთვის, პირველი გასინჯვისთანავე სვამდა, მაგრამ მაინც ათასგზის გადაამოწმებდა...
ერთი შემთხვევა მახსოვს: მუკოვისციდოზის დიაგნოზი დაუსვა ერთ ქალბატონს და თერაპევტთან გაგზავნა. როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, ის პაციენტიც მოვიდა მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად; თან ტიროდა და თან გამსოათხოვარ სიტყვას კითხულობდა. საოცრად ამაღელვებელი წუთები იყო...
უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, მეუბნებოდა, შენ უნდა დაგიტოვო, შენ უნდა უპატრონოო.
საოცრად ხალისიანი პიროვნება გახლდათ. უყვარდა იუმორისტული ლექსების წერა ნათესავებსა და მეგობრებზე. მუდამ საქმეზე ფიქრობდა, მუდამ სიახლეს ეძიებდა. ინფარქტის შემდეგ, საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, სუსტად იყო; მაინც წავიდა სამსახურში და ვინაიდან ლიფტი არ მუშაობდა, სართულებს შორის, კიბის მოსაბრუნზე, სკამს უდგამდნენ, რომ გზადაგზა დაესვენა. თავისი პროფესიით ცხოვრობდა...
იოსებ კვაჭაძის გზა სამაგალითოა მისი მოწაფეებისთვის, ახალგაზრდა თაობებისთვის, ხოლო მისი ღვაწლი ქართული მედიცინის წინაშე – ფასდაუდებელი. დიდ ქართველ ექიმს წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.
თამარ არქანია