ექიმი, რომელმაც ეპოქა შექმნა

გააზიარე:

“ბევრჯერ მიჭირდა, მაგრამ ჩემი პრინციპისთვის არასდროს მიღალატია... ფულს მხოლოდ კულტად ნუ გაიხდიან. ექიმმა მომაკვდავ ადამიანთან გასამრჯელო უნდა დაივიწყოს. მერწმუნეთ, ფულს ასე ვერ დააგროვებს, მაგრამ ქვეყნის სიყვარულს და პატივისცემას კი შეიძენს”.

ეს სიტყვები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დაბადებულ, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, პირველ მსოფლიო ომში, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მომუშავე ექიმ ოპერატორს, მერე კი უკვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოსს და დიდ დასტაქარს კონსტანტინე (კოწია) ერისთავს ეკუთვნის. 15 სექტემბერს გამოჩენილ ქართველ ქირურგს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს 125 წელი შეუსრულდებოდა.

კონსტანტინე (კოწია) ერისთავი ვანის რაიონის სოფელ სალომინაოში დაიბადა 1889 წელს. “როგორც დედაჩემისგან და სხვა ნათესავებისგან მსმენია, მამას მემკვიდრეობით კარგი ადგილ-მამულები რგებია, მაგრამ მალე გაუნიავებია ცხენ-უნაგირსა და საერთოდ ისეთ ხელგაშლილ ცხოვრებაში, რაც არ შეეფერებოდა მის შემოსავალს”, – წერდა კოწია ერისთავი მოგონებებში. ცხრაშვილიანი ოჯახისთვის არ იქნებოდა იოლი სასწავლებლად ვაჟის ქუთაისში გაგზავნა... წარუშლელი კვალი დატოვა მოზარდზე ქუთაისის მაშინდელმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით – ქართულ გიმნაზიაში გატარებულმა წლებმა: “ქალაქში წასვლამ და უცხო ბავშვებში გარევამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სკოლაში გატარებული წლები სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში. ჩვენი მასწავლებლები კარგი პედაგოგები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ აემაღლებინათ ჩვენი საერთო განათლების დონე, ჩაენერგათ ერისა და სამშობლოს სიყვარული”, – წერდა მოგვიანებით კონსტანტინე ერისთავი. “სწორედ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს გაიცნო ბაბუამ იოსებ ოცხელი. იგი იმ წლებს ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა”, – გვიამბობს მეცნიერის შვილიშვილი, ქალბატონი დალი გორდეზიანი. ქუთაისის გიმნაზიაში მონდომებულმა მოზარდმა, სწავლა-განათლებასთან ერთად, XX საუკუნის შფოთიანი ცხოვრებისა და პოლიტიკური კატაკლიზმების პრიზმაშიც გაიარა. “რამდენიც არ უნდა ვწერო რევოლუციურ ქუთაისზე, მთლიანად მაინც ვერ ამოვწურავ იმ ღრმა დადებით შთაბეჭდილებას, რაც დარჩა ჩემს მეხსიერებაში”, – იგონებდა უკვე ღვაწლმოსილი მეცნიერი.

შემდეგ იყო იურევის (ტარტუს) უნივერსიტეტი. “იურევი იყო ტიპური სტუდენტური ქალაქი, რომელიც რუსეთის იმპერიაში შედიოდა. გარდა მკვიდრი მოსახლეობისა – ესტონელებისა, აქ ძლიერ ბევრნი იყვნენ გერმანელები და როგორც უნივერსიტეტი, ისე მთელი რიგი დაწესებულებები გერმანელების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ზოგიერთ კათედრაზე სწავლება გერმანულ ენაზე მიდიოდა, მაგალითად, ანატომიას კითხულობდა ცნობილი ანატომი რაუბერი მხოლოდ გერმანულ ენაზე, ზოოლოგიას – გერმანულ და რუსულ ენებზე ფონკენელი და სენტილერი და ა.შ. ასე იყო სხვა ფაკულტეტებზეც. გერმანელების გავლენა იურევში ძლიერ იგრძნობოდა” (კ. ერისთავის მოგონებებიდან). აქ მომავალი დიდი მეცნიერი, ჯერ კიდევ III კურსის სტუდენტი, ბურდენკოსთან მუშაობდა ოპერაციულ ქირურგიასა და ტოპოგრაფიულ ანატომიაში. მოგვიანებით ის ასე გაიხსენებს უნივერსიტეტის დასრულებას: “პირველად ვიგრძენი ჩემს სიცოცხლეში, რომ უკვე დამოუკიდებელი მოქალაქე, დიპლომიანი ექიმი ვარ და შემიძლია არა მარტო დამოუკიდებელი ცხოვრება, არამედ საშუალება მაქვს, დავეხმარო ჩემს ოჯახს”. ამას მოჰყვა პირველი მსოფლიო ომი და ქვემეხების გრუხუნის ფონზე ფასდაუდებელი ქირურგიული პრაქტიკა ფინეთში. აი, რას წერს იმ პერიოდზე კოწია ერისთავი: “ჩვენი ჰოსპიტალი მიწერილი იყო დვინსკის რ-ნის ევაკოპუნქტზე. იქვე ჰქონდა დამხარისხებელი ლაზარეთი, რომლის მთავარ ქირურგად პროფესორი ლეჟნევი ითვლებოდა, ცნობილი ფეოდოროვის ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე, რომლისგანაც მე ბევრი რამ შევიძინე... ჩვენს ჰოსპიტალში ძალზე ბევრი სამუშაო აღმოჩნდა, ყოველი მხრიდან მოჰყავდათ დაჭრილები. აქ ხდებოდა ჭრილობების დამუშავება, კეთდებოდა ყოველგვარი ოპერაცია. გამოჯანმრთელებული ჯარისკაცები კვლავ წინა ხაზზე ბრუნდებოდნენ”.

დემობილიზაციის შემდეგ კი იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფო და 1919 წელს, შუაღამისას, გარეუბნის დაბალჭერიან მიწურში, მბჟუტავ შუქზე, უცნობი პაციენტისთვის საიდუმლოდ გაკეთებული ფართო რეამპუტაცია, რის შემდეგაც არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი რევოლუციონერი საშა გეგეჭკორი სავსებით გამოჯანმრთელდა.

პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა, ზნემაღალმა დასტაქარმა განვლო ყველა ის სირთულე და სიხარული, რაც მისი მშობლიური ქვეყნის ისტორიასა და ყოფით ცხოვრებას უკავშირდებოდა. პროფესიონალთა აღზრდისას ის განსაკუთრებით პაციენტების მიმართ მათი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ზრუნავდა. “მუნდირის ღირსება” მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ გახლდათ, მისი საქმიანობის ქვაკუთხედი... და ასე – სიცოცხლის ბოლომდე. მანამდე კი იყო სამეცნიერო მიგნებებითა და პროფესიული წარმატებებით მიღებული სიხარულით სავსე გზა, 1926 წლიდან – წარმატებული სადოქტორო დისერტაცია და გამოჩენილი ქართველი ქირურგის ნ. კახიანის პროპედევტიკული ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელობა. დღევანდელი გადასახედიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი გამოდგა როგორც თავად მეცნიერისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. დღეს, როცა მაღალპროფესიული კადრების საერთაშორისო სტანდარტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართულ მედიცინაში, სწორედ კონსტანტინე ერისთავის დაწესებული სტანდარტებისა და მაღალი თამასის დამკვიდრებას ცდილობენ მისი ნამოწაფარი მედიკოსები. აი, როგორ აფასებს მის საქმიანობას პროფესორი გურამ ტატიშვილი: “ის მრავალმხრივ საინტერესო და არაორდინარული პიროვნება იყო, ახალგაზრდების რამდენიმე თაობის აღმზრდელი, ბრწყინვალე კლინიცისტი-ქირურგი, ამასთან ერთად – სამედიცინო საქმის დიდი ორგანიზატორი და დიდბუნებოვანი პიროვნება. ახლო საქმიანი ურთიერთობა აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავთან მის მიერ დაარსებულ კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტში სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელობის დროს მქონდა. ბატონი კონსტანტინე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში. მაგონდება შემთხვევა, როცა მე და პროფესორ გაიოზ ვასაძეს საინტერესო იდეის განსახორციელებლად დიდი ოდენობის თანხა დაგვჭირდა. ბატონმა კოსტანტინემ საკავშირო ჯანდაცვის მინისტრს დაურეკა და ჩვენი მიღება სთხოვა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ჩემი ლაბორატორიისთვის იმხანად დიდი თანხა – 200 ათასი მანეთი გამოგიყო. ბევრი სხვა სიკეთეც მახსოვს ამ დიდი ადამიანისგან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის ხელმძღვანელობით მუშაობა ჩემი საექიმო და სამეცნიერო მოღვაწეობის ოქროს ხანა იყო. ეს სამეცნიერო კოლექტივი გახდა ბაზა ჩემი მოწაფეების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის და აქვე სამი მედიცინის მენიერებათა დოქტორი და ათამდე მეცნიერების კანდიდატი მომზადდა”.

იშვიათია ერთ პიროვნებაში თავმოყრილი მაღალი სტანდარტის პრაქტიკოსი ექიმის, მეცნიერ-პედაგოგისა და წარმატებული მენეჯერის თვისებები, რომლებითაც ასე უხვად იყო დაჯილდოებული კონსტანტინე ერისთავი. ასეთი მრავალმხრივი პროფესიონალი თავის მემკვიდრედ, თავისი საქმის გამგრძელებლად ხედავდა ძმისწულს, არჩილ (აჩიკო) ერისთავს, რომელიც მართლაც დიდ იმედებს იძლეოდა იმ წარმატებებით, მის მიერ ვირტუოზულად ჩატარებულ ოპერაციებს რომ მოჰყვა. მისმა ნაადრევმა გარდაცვალებამ დიდ მწუხარებასთან ერთად მოლოდინიც გაუცრუა გამოცდილ ქირურგს.

1938-დან 1941 წლამდე კონსტანტინე ერისთავი თბილისის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორია. 1941-1950 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს უდგას სათავეში. II მსოფლიო ომის დროს იგი ფრონტისა და ზურგის საჭიროებისთვის საქართველოში მოქმედი ევაკოჰოსპიტლების კონსულტანტად და ერთ-ერთ მთავარ დამხმარე ძალად გვევლინება. ამ პერიოდში მან ფრონტისა და ზურგის ხაზებისთვის ახალგაზრდა ექიმთა მობილური ჯგუფები შექმნა და პარალელურ რეჟიმში წარმატებით აღზარდა ახალგაზრდა ექიმთა არმია. “სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად დანიშვნიდან სულ რაღაც 3-4 დღეში სამამულო ომი დაიწყო. კონსტანტინე ერისთავს დაავალეს, ოთხკურსგავლილი ყველა სტუდენტი ვაჟი ფრონტზე რიგითი მებრძოლის სტატუსით გასაწვევად მოემზადებინა. ამ ამბავმა ინსტიტუტის დირექტორი საგონებელში ჩააგდო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამოცდილება მოიშველია: მან იცოდა, რომ ოთხწლიან სასწავლოკურსგავლილ სტუდენტებს შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში უფლება მიეცემოდათ, არა ჯარისკაცებად, არამედ ფრონტზე და ზურგის ჰოსპიტლებში ექიმებად ემუშავათ, ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მისცემდა ახალგაზრდა მედიკოსებს, ფასდაუდებელი წრთობა მიეღოთ პროფესიაში და გაცილებით მეტი სიკეთე მოეტანათ ქვეყნისთვის, ვიდრე რიგით ჯარისკაცებად სამსახურით. კოწია ერისთავმა მობილიზება გაუწია ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს შესაბამისი ცნობების სასწრაფოდ დასაბეჭდად. სამ დღეში გმირთა მოედანზე სტუდენტების წასაყვანად ეშელონი ჩამოდგა. ინსტიტუტის დირექტორმა მოასწრო და დანიშნულების ადგილას მიიტანა იმ დროისთვის დაბეჭდილი ცნობები. რაც ვერ მოესწრო, გზადაგზა იღებდა და აწვდიდა კომისარიატებს. სწორედ ამის წყალობით იყო, რომ იმ წელიწადს ყველა ოთხკურსგავლილი სტუდენტი ჯარისკაცის სტატუსის ნაცვლად ფრონტზე ექიმის სტატუსით გაიწვიეს”, – იგონებს დალი გორდეზიანი.

ამას მოჰყვა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობა და 1956 წელს მის მიერვე დაარსებული კლინიკური და ექსპერიმენტული ჰემატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორობა. კონსტანტინე ერისთავი განსაკუთრებით ამაყობდა თავისი დაარსებული ქირურგიის ინსტიტუტით. აი, რას წერს იგი მოგვიანებით მემუარებში: “ჩემს ყველა განყოფილებაში კარგად მიდის მუშაობა. რაც მთავარია – შეგიძლია ენდო სპეციალისტის უანგარობას, არც ერთი არ იკადრებს ამ საავადმყოფოს შეურაცხყოფას, ფულის აღებას. სანამ ცოცხალი ვარ, ეს ასე იქნება და როცა არ ვიქნები, თხოვნით ვიბარებ – დანიშნონ ჩემს ადგილას ისეთი კაცი, ამ ინსტიტუტში უანგარობასა და კეთილსინდისიერებას რომ დაიცავს... ჩემი მოგონება ჩემი აღსარებაა, რაც მე განმიცდია და მინახავს. ჩემს ნათქვამში რაც კარგია, მინდა, ახალგაზრდებმა მაგალითად გამოიყენონ და რაც ცუდია – გააანალიზონ და არ გაიმეორონ. ჩემი აზრით, ასე მოიქცევა ყველა, ვისაც ის ხალხი უყვარს, რომელსაც ემსახურება”.

იმხანად საქართველოში, მედიცინის სფეროში, არ დაწყებულა ახალი საქმე, რომლის ინიციატორი, ორგანიზატორი ან აქტიური მონაწილე კონსტანტინე ერისთავი არ ყოფილიყოს. განსაკუთრებით ბევრ დროსა და ყურადღებას უთმობდა უბნის ექიმის ინსტიტუტს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა უბნის ექიმისა და პაციენტის დამოკიდებულების ნიუანსებს, წუხდა და ზრუნავდა მოსახლეობის სამედიცინო ცოდნის ამაღლებაზე და გამოსავალს საგანმანათლებლო მოღვაწეობაში ხედავდა. უკვე მხცოვანი აკადემიკოსი, დაუზარლად კითხულობდა პრაქტიკული და თეორიული ხასიათის ლექციებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში.

“70 წლის მეცნიერი ისევ ახალგაზრდული შემართებით ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ვერავინ იტყოდა მის ხანშიშესულობას, რადგან სადაც კი გამოჩნდებოდა: კლინიკაში, ინსტიტუტში, სამეცნიერო კონფერენციებსა თუ კონსულტაციებზე, – ყველგან სიცოცხლე და ხალისი შეჰქონდა”, – გვიყვება ქალბატონი დალი.

დღეს გაუზვიადებლად, პათეტიკის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დიდმა ქართველმა დასტაქარმა, მეცნიერმა, პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ, აკადემიკოსმა კონსტანტინე (კოწია) ერისთავმა, ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო თავის სამშობლოსა და იმ ხალხს, რომელსაც დიდი სიყვარულით, გულისხმიერებითა და უანგაროდ ემსახურა. არასრული მონაცემებით, მას წარმატებით აქვს ჩატარებული30 ათასზე მეტი ოპერაცია; ასეთივე ფასდაუდებელია ის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რაც მან ქართულ სამედიცინო, კერძოდ კი ქირურგიულ სკოლას დაუტოვა: მის კალამს ეკუთვნის 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი ქირურგიის, მორფოლოგიის, ონკოლოგიისა და მედიცინის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე; იყო კლინიკური ქირურგიის პირველი სახელმძღვანელოს თანაავტორი და რედაქტორი; მან დანერგა მძიმე დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის მრავალი ახალი მეთოდი, აგრეთვე – ქირურგიული ოპერაციების მთელი წყება; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 200-დე საკანდიდატო და 50-ზე მეტი სადოქტორო ნაშრომი. განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება საქართველოში გულისა და გულმკერდის ქირურგიის განვითარებაში. კონსტანტინე ერისთავი ისე იყო მსოფლიოში აღიარებული, რომ 1956 წელს სტოკჰოლმში დაუსწრებლად აირჩიეს ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრად. 1958 წელს ამავე ასოციაციის მიუნხენში გამართულ მე-18 კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა სისხლძარღვთა და ორგანოთა გადანერგვის საკითხებზე. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება ჯერ კიდევ 1941 წელს მიენიჭა, ხოლო 1950 წელს ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. 1957 წელს კონსტანტინე ერისთავი არჩეულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც ჩვეული პასუხისმგებლობითა და შეუვალი დამოკიდებულებით უძღვებოდა საქმეს. 1960 წელს ქირურგთა საკავშირო 27-ე ყრილობამ ის ერთსულოვნად აირჩია ქირურგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად.

საგულისხმოა სტრიქონები კონსტანტინე ერისთავის მოგონებებიდან, სადაც ის დიდი მეცნიერებისა და მეგობრების თვისებებს აღწერს: “ნ. კახიანს ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ ახალგაზრდობის და ხალხის ყურადღება მიეპყრო. გარეგნულად ის ძალზე ლამაზი იყო. მოპყრობა კულტურული და რბილი ჰქონდა. ანატომიის კარგი ცოდნა ხელს უწყობდა მას ზედმიწევნით რთული ოპერაციების გაკეთებაში. ჩვენ ძალზედ შეხმატკბილებულად ვმუშაობდით ერთად მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე... ცნობილი ქირურგი გ. მუხაძე ქართველ ქირურგება შორის პირველი გახდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მის სახელთან არის დაკავშირებული ქირურგიის დიდი სკოლის დასაწყისი საქართველოში. იგი იყო პრინციპული და პატიოსანი კაცი, რაზედაც მე არაერთხელ აღვნიშნავ... ალ. მაჭავარიანი ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც აუცილებლად მიაჩნია ყველას დახმარება. მან ადრე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ცნობილ პროფესორ ველიამინოვთან პეტერგბურგში. იგი ძლიერ დაკვირვებული ქირურგი იყო, თავდაჭერილი და ფრთხილი...” ასეთი კოლეგიალური და გულწრფელი დახასიათების შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა კავშირის გამოჩენილმა მეცნიერმა და ქირურგმა, აკადემიკოსმა იუდინმა, კონსტანტინე ერისთავს “საქართველოს ქირურგთა ლიდერი” უწოდა და რომ იგი ქართველ ქირურგებთან გრიგოლ მუხაძესთან, ნიკოლოზ კახიანსა და ალექსანდრე მაჭავარიანთან ერთად ქართული კლინიკური მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებლად არის აღიარებული.

თამარ არქანია

ნინია მაჭარაშვილი

გააზიარე: