პატარების უბადლო მკურნალი

გააზიარე:

XX საუკუნე, განსაკუთრებით – მისი მეორე ნახევარი, ქართული მედიცინის აღმავლობის ხანა იყო. მეტწილად – მედიცინის თითქმის ყველა დარგის გამოჩენილ მოღვაწეთა იმ ბრწყინვალე კოჰორტის დამსახურებით, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ბავშვთა ექიმი, პროფესორი ირაკლი ფაღავა გახლდათ. ქართული მედიცინის ისტორიის შესახებ კვლავაც ჩვენს ერთგულ რესპონდენტთან, პროფესორ გურამ ტატიშვილთან ვაგრძელებთ საუბარს.

 

– ბატონ ირაკლი ფაღავას გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან ვიცნობდი. მაშინ ის უკვე იმედის მომცემი ახალგაზრდა ექიმი, პროფესორ მარიამ უგრელიძის მოწაფე იყო. იმხანად მარიამ უგრელიძის უახლოესი თანაშემწე გახლდათ ჩემი მამიდა, დოცენტი თამარ ტატიშვილი, რომელიც ოჯახში ხშირად ახსენებდა ირაკლი ფაღავას, როგორც ნიჭიერ, ზრდილ და ძალზე პერსპექტიულ ახალგაზრდას. სტუდენტობისას, როდესაც პედიატრიის კათედრაზე მივედი, იქ ბატონი ირაკლი დამიხვდა, რომელიც უკვე კათედრის პროფესორი და ცნობილი პედიატრი იყო. ეს გახლდათ უაღრესად კეთილშობილი, ყოველგვარი სიკეთით შემკული პიროვნება, ღირსეული ოჯახიშვილი, ადამიანთა მოყვარული, მზრუნველი და მოამაგე. განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იჩენდა თავისი მასწავლებლების მიმართ. ჩემი მამიდა უკვე ღრმად იყო მოხუცებული, აღარ მუშაობდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არ მოჰკლებია ბატონი ირაკლის მზრუნველობა და ყურადღება. სანამ ცოცხალი იყო, არ მახსოვს არც ერთი პირველი მაისი, თამარის სახელობის დღე, ბატონი ირაკლი საჩუქრებით დახუნძლული რომ არ მისულიყო მასთან მისალოცად.

ირაკლი ფაღავა არაორდინარული და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი გახლდათ: შესანიშნავი ორატორი, დიდი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე; ჭეშმარიტი მამულიშვილი, ქვეყნის მომავალზე მზრუნველი და მოფიქრალი, ამასთანავე, ტრადიციული ქართული სუფრის ტრფიალი, მისი სული და გული. ყოველდღიური დამქანცველი სამუშაო განრიგის (კლინიკის შემოვლა, ლექციები, კონსულტაციები სხვადასხვა კლინიკაში, მრავალრიცხოვანი საბჭოს სხდომები და სხვ.) შემდეგ ხშირად უწევდა სუფრის გაძღოლა, იყო უბადლო თამადა, შესანიშნავად მღეროდა.

ხაზგასასმელია ბატონი ირაკლი ფაღავას საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ის სხვადასხვა დროს იყო თბილისის, თბილისის ოლქისა და რესპუბლიკის მთავარი პედიატრი, ქალაქის საბჭოს დეპუტატი, რესპუბლიკის პედიატრთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (დღეს ეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს); არ დარჩენილა არც ერთი აქტუალური საკითხი ბავშვთა სნეულებების სფეროში, მას რომ არ ეთქვა თავისი წონადი სიტყვა. განსაკუთრებით ზრუნავდა ადრეული ასაკიდან ბავშვთა სწორ აღზრდაზე, რადგან ქვეყნის მომავალს ჯანსაღი თაობის აღზრდაში ხედავდა. სახელმძღვანელო მნიშვნელობის მქონე და დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია მისი ნაშრომები და გამოსვლები, რომლებიც საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას ეხება.

ირაკლი ფაღავა იყო ჭეშმარიტი ბავშვთა ექიმი, ახალგაზრდა თაობის დიდი მეგობარი და სტუდენტების საყვარელი პროფესორი. ახალგაზრდებთან მის დამოკიდებულებას კარგად ახასიათებს ერთი ეპიზოდი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება: დამამთავრებელ, მეექვსე კურსზე სამხედრო-მოსამზადებელი შეკრება გვქონდა ქობულეთის გარეუბანში. მე და ჩემი სამი მეგობარი, ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილნი, ქობულეთში დასასვენებლად მყოფ ბატონ ირაკლის ქუჩაში შევხვდით. მოგვიკითხა, გაგვესაუბრა და ახლომდებარე რესტორანში წაგვიყვანა. მისთვის ჩვეული სილაღით გაგვიმასპინძლდა, მოგვეფერა და ჩვენი დისლოკაციის ადგილზე მანქანით გაგვისტუმრა. დიდ მეცნიერულ ერუდიციასთან ერთად, სწორედ მისი პიროვნული ღირსებები გახლდათ იმის საწინდარი, რომ ირაკლი ფაღავას ნათელი ხსოვნა გაუხუნრად დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში.

ირაკლი ფაღავა დაიბადა 1918 წლის 28 მარტს ქუთაისში, ცნობილი პედიატრის ყარამან ფაღავასა და ელენე ჩხეიძის ოჯახში. 1933 წელს მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სპეციალური სასწავლებელი – ჭიათურის პედაგოგიური ტექნიკუმი, ერთი წლის მუშაობის შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავე წელს შევიდა სამუსიკო ტექნიკუმში. თვრამეტი წლისა იყო, როდესაც დაობლდა, მამა გარდაეცვალა. ამის შემდეგ მასზე მეურვეობა სახელოვანმა ბიძამ – ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ქართული თეატრის მოამაგემ, საქართველოში უმაღლესი თეატრალური განათლების მესაძირკვლემ, პროფესორმა აკაკი ფაღავამ იკისრა.

1938 წელს, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, ირაკლი ფაღავამ კონსერვატორიაში ჩააბარა, საკომპოზიციო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, სადაც მან სამი წელი ისწავლა, თუმცა მისთვის უპირველესი ყოველთვის მედიცინა იყო. სტუდენტობის პირველივე წლებიდან მან განსაკუთრებული ინტერესი გამოამჟღავნა მეცნიერებისადმი; აწარმოებდა კვლევებს პროფესორ მარიამ უგრელიძის ხელმძღვანელობით. 1939 წელს, ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწორედ მარიამ უგრელიძის წარდგინებით განაგრძო ირაკლი ფაღავამ სწავლა ასპირანტურაში, პედიატრიის განხრით. 24 წლისამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სუნთქვის სიხშირე, პნევმოგრაფია და სისხლში აირების რაოდენობა ბავშვთა პნევმონიების დროს ღია და დახურულ სივრცეში”, ხოლო მოგვიანებით, 1954 წელს, სადოქტორო დისერტაცია – “ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებები დისტროფიული მდგომარეობების დროს ბავშვებში“. მან თანმიმდევრობით გაიარა აკადემიური იერარქიის ყველა საფეხური – ასისტენტიდან პროფესორამდე. 1960 წელს ირაკლი ფაღავა თავისი მშობლიური – სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებების – კათედრის გამგედ აირჩიეს, რომელსაც იგი 28 წლის განმავლობაში, სიკვდილამდე განაგებდა.

უშუალოდ ირაკლი ფაღავას მიერ, მისი მონაწილეობითა თუ ხელმძღვანელობით შესრულებული ნაშრომების თემატიკა პირობითად შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს: ასაკობრივი ფიზიოლოგია, ექსპერიმენტული მედიცინა, სამედიცინო გეოგრაფია, მედიცინისა და ფსიქოლოგიის მოსაზღვრე პრობლემატიკა, პრემორბიდული ანუ დაავადებისწინარე მდგომარეობების პრობლემატიკა, მედიცინის ისტორია, ბავშვებსა და მოზარდებში სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სამეცნიერო საფუძვლები.

ირაკლი ფაღავაზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელიც ჯერ კიდევ კათედრის ასისტენტმა დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. ახალგაზრდობასთან მუშაობა, მათთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ირაკლი ფაღავას თავისი მოღვაწეობის დედააზრად მიაჩნდა. მისი ლექცია-სემინარები, პრაქტიკული მეცადინეობები, ავდმყოფობის ისტორიათა დეტალური გარჩევები, შემოვლები ყურადღებას იპყრობდა არა მარტო მაღალი პროფესიონალიზმით, საკითხის ამომწურავად გაშუქებით, ახლებური და ორიგინალური ხედვით, არამედ გამორჩეული ფორმით, საქმისადმი ლამის შემოქმედებითი მიდგომითაც. ორატორული ნიჭითა და შინაგანი არტისტიზმით დაჯილდოებული, იგი თითქოსდა შეუმჩნევლად ამკვიდრებდა სამედიცინო დეონტოლოგიის კეთილშობილურ პრინციპებს. მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტაციით ორმოცამდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია შესრულდა; იყო პირუთვნელი ოპონენტი და რეცენზენტი. მისი “პედიატრიის ცნობარი” და “ბავშვთა დაავადებები” (ორ ტომად) ქართველ ექიმთა და სტუდენტთა მრავალი თაობის სამაგიდო წიგნებად იქცა.

ირაკლი ფაღავა იყო შესანიშნავი პრაქტიკოსი ექიმიც. საქართველოს რაიონებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან მას აკითხავდნენ ავადმყოფები რთული და იშვიათი პათოლოგიებით, მკურნალობისადმი რეზისტენტული კლინიკური მიმდინარეობით. ერუდიცია, მდიდარი კლინიკური გამოცდილება, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტების აღნუსხვისა და ინტერპრეტაციის უნარი, ინტუიცია, მკურნალობის უახლესი მეთოდების ცოდნა და, ამავე დროს, მათ მიმართ ფრთხილი, თავშეკავებული, ზოგჯერ სკეპტიკური დამოკიდებულება, ავადმყოფ ბავშვებსა და მათ მშობლებთან უშუალო და სწრაფი კონტაქტის დამყარების უნარი, ზუსტი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის ტაქტიკის უნაკლოდ ჩამოყალიბების მისთვის დამახასიათებელი, ერთობ იშვიათი ტალანტი განაპირობებდა მისი როგორც დიაგნოსტისა და მკურნალის წარმატებას და, შესაბამისად, პოპულარობას.

ირაკლი ფაღავა ბუნებრივი კვების აქტიური პროპაგანდისტი და მისი შენარჩუნების მომხრე იყო. იმავდროულად, თანამშრომლებთან ერთად მან გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ბავშვთა კვებაში ზოგიერთი ეროვნული კერძის (მაწონი, ნადუღი) ტექნოლოგიის მოდიფიკაციასა და ჩვენებებზე.

თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში (1950-80-იან წლებში) საქართველოში არ ჩატარებულა არც ერთი ღონისძიება პედიატრიაში, არ გადაწყვეტილა ბავშვთა ჯანმრთელობასთან, განვითარებასა და დაცვასთან დაკავშირებული არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის ინიციატორი და განმახორციელებელი თუ არა, მრჩეველი მაინც ირაკლი ფაღავა არ ყოფილიყოს. პედიატრიის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, პედიატრთა ყრილობები, კონფერენციები, გასვლითი სესიები, ბათუმსა და სოხუმში პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოებების ორგანიზაცია, ბავშვთა საავადმყოფოებისა და განყოფილებების გახსნა თუ მოდერნიზაცია, პუბერტოლოგიის საპრობლემო ლაბორატორიის, პედიატრიული ფსიქოლოგიური ცენტრისა და პედიატრიული აკუპუნქტურული და ლაზეროთერაპიის ცენტრის გახსნა – ყველა ამ საშვილიშვილო საქმესა თუ ღონისძიებაში ირაკლი ფაღავას არცთუ მცირე წვლილი აქვს შეტანილი.

ქვეყნისა და ერის სამსახურში ირაკლი ფაღავა არ იზღუდებოდა მხოლოდ პედიატრიის ან თუნდაც მედიცინის ფარგლებით; იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული ლიტერატურული ენის სანორმატივო კომისიის მუშაობაში, მთავრობის დადგენილებით რომ შეიქმნა; გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული დემოგრაფიული კომისიის ერთ-ერთი თავკაცი. ჩვენი ერისთვის ამ მეტად მტკივნეულ საკითხს უძღვნა მან ნაშრომი “მრავალი შვილი ერის უკვდავებაა”.

ნიშანდობლივია და გარკვეულწილად სიმბოლურიც, რომ 1987 წლის მიწურულს საქართველოს პედიატრთა ყრილობაზე ირაკლი ფაღავა წარდგა მოხსენებით “ილია ჭავჭავაძე ბავშვთა აღზრდისა და ჯანმრთელობის საკითხების შესახებ“, ხოლო 2007 წლის თებერვალში, გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა მისი ბოლო ინტერვიუ, ანდერძად რომ შეიძლება ჩაითვალოს – “აღვზარდოთ სრულფასოვანი პიროვნება”.

ირაკლი ფაღავამ მთელი თავისი ცხოვრება თავდაუზოგავად იშრომა ქართული მეცნიერების, მედიცინის განვითარებისთვის, ნორჩი თაობის საკეთილდღეოდ. მის მიერ მიღებული სამეცნიერო შედეგები ანგარიშგასაწევია, ხოლო მათი აბსოლუტური უმრავლესობა – პრიორიტეტული.

                                                                                                                                                                                            ნინია მაჭარაშვილი

                                                                                                                                                                                            თამარ არქანია

გააზიარე: