პატარები წითელი თვალებით

გააზიარე:

 

როცა ბავშვი თვალებჩაწითლებული იღვიძებს, ნებისმიერ მშობელს დაეკარგება მოსვენება. საბედნიეროდ, კონიუნქტივიტი დიდხანს არ გრძელდება და მხედველობას არ ვნებს. და მაინც, თუ თქვენს პატარას ამ დაავადების ნიშნები აქვს, გირჩევთ, ექიმს მიმართოთ.

კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას წითელ თვალსაც უწოდებენ. კონიუნქტივიტის ზოგიერთი ფორმა თავისთავად გაივლის, უმეტესად კი მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელია.

 

  • რას დავაბრალოთ?

თვალების ჩაწითლებაში შესაძლოა ბრალი მიუძღვოდეს ნებისმიერ ბაქტერიას ან ვირუსს, რომელსაც რესპირაციული ინფექციის, დანამატი წიაღების ანთების, ყურის ან ყელის ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ბაქტერიებიდან ამ დაავადებას ყველაზე ხშირად ქლამიდია და გონორეა იწვევს.

თვალების სიწითლე შესაძლოა ალერგიამაც გამოიწვიოს. ასეთ ბავშვებს, წესისამებრ, სხვა სახის ალერგიაც აქვთ. ალერგიული კონიუნქტივიტის მაპროვოცირებელი ფაქტორებია ყვავილის მტვერი, ცხოველის ქერტლი და მტვრის ტკიპა.

თვალის ლორწოვან გარსს გარემოში არსებული ქიმიური ნივთიერებებიც აღიზიანებს, მათ  შორის — ქლორი, საპონი, ნამწვი, კვამლი...

ძალზე იშვიათად თვალების სიწითლის მიზეზია აუტოიმუნური სისტემური დაავადება, მაგალითად, კავასაკის დაავადება.

 

  • ახალშობილთა წითელი თვალები

ახალშობილებთან განსაკუთრებით მაღალია კონიუნქტივიტის განვითარების რისკი, ხოლო თუ მკურნალობა დაგვიანდა, სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი. თუ დედას სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე დაავადება აქვს, მისი გამომწვევი ბაქტერია ან ვირუსი სამშობიარო გზებიდან შესაძლოა ბავშვის თვალში მოხვდეს და ანთება გამოიწვიოს. გართულების თავიდან ასაცილებლად ექიმი დედას ახალშობილისთვის ანტიბიოტიკის შემცველ სპეციალურ მალამოს ან თვალის წვეთებს აძლევს. იშვიათად ასეთი მკურნალობა თავად იწვევს მსუბუქ ქიმიურ კონიუნქტივიტს, რომელიც მალე, წესისამებრ, თავისთავად გაივლის. გართულების პრევენციის ერთ-ერთი გზაა ორსულობის დროს დედის შემოწმება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და დადებითი პასუხის შემთხვევაში — სათანადო მკურნალობა.

 

  • კიდევ რას ველოდოთ?

კონიუნქტივიტის უამრავი ფორმა არსებობს. მისი სიმპტომები ყოველ ბავშვთან სხვადასხვანაირად ვლინდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია თვალებში დისკომფორტის შეგრძნება, რომელსაც ბავშვები სხვადასხვანაირად აღწერენ. უმეტესობა მას თვალში ქვიშის ჩაცვენას ადარებს. ზოგს თვალი და შიდა ქუთუთო უწითლდება, ზოგს ქუთუთოები უშუპდება და სინათლის მიმართ მგრძნობიარე ხდება. არ არის გამორიცხული გამონადენის გაჩენა, რომელმაც შესაძლოა ძილის დროს ქუთუთოების შეწებება გამოიწვიოს. ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ქავილი და ცრემლდენაა მოსალოდნელი.

 

  • გადამდებია?

ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის კონიუნქტივიტი, ცხადია, გადამდებია, ალერგიული წარმოშობის ან გარემო გამღიზიანებლებით გამოწვეული ფორმების დროს კი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.

ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ ინფიცირდება მისი შვილი. თქვენი პატარა ხელს ჰკიდებს დაავადებულ ადამიანს ან ნივთს, რომელსაც დაავადებული შეეხო, მერე ამ ხელს თვალში ამოისვამს და აი, შედეგიც — წითელი თვალი. ინფექციის წყაროებია დაბინძურებული საცურაო აუზი და სხვისი პირსახოციც. გაგიკვირდებათ, მაგრამ კონიუნქტივიტის გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები ზოგჯერ ხველითა და ცემინებითაც ვრცელდება.

ზოგჯერ მხოლოდ ერთი თვალია წითელი. ამ დროს დიდი შანსია, თვალების სრესითა და ხშირი შეხებით ინფექცია მეორეზეც გადავიტანოთ.

ექიმები მოგვიწოდებენ, თუ ბავშვს ინფექციური კონიუნქტივიტი აქვს, ერთხანს სკოლაში ან ბაღში არ გავუშვათ, რათა ინფექცია თანაკლასელებსაც არ გადასდოს.

 

  • პრევენციული ღონისძიებები

ინფექციური წარმოშობის კონიუნქტივიტის პრევენციის საუკეთესო გზაა, ვასწავლოთ ბავშვებს ხელების კარგად და ხშირად ბანა თბილი წყლითა და საპნით. მათ უნდა იცოდნენ ჰიგიენის ელემენტარული წესები, ერიდონ სხვის პირსახოცს, სხვის ბალიშს და, საზოგადოდ, ყველა იმ ნივთს, რომლებიც უშუალოდ ეხება თვალებს.

ინფიცირებული ბავშვის მოვლის შემდეგ მშობელმაც კარგად უნდა დაიბანოს ხელები, მანამდე კი გადაყაროს ბამბისა თუ დოლბანდის ტამპონები, რომლებიც თვალების დასამუშავებლად გამოიყენა. ავადმყოფის პირსახოცი და ბალიშისპირი უნდა გაირეცხოს ცხელ წყალში, ოჯახის სხვა წევრების ტანსაცმლისგან განცალკევებით.

თუ იცით, რომ თქვენი შვილი ალერგიული კონიუნქტივიტისკენაა მიდრეკილი, ნუ დატოვებთ ფანჯრებს ღიას იმ დღეებში, როცა ჰაერში განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციითაა ყვავილის მტვერი. ხშირად დაასუფთავეთ სახლი მტვერსასრუტით, უმჯობესია, სველი რეჟიმით.

ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული კონიუნქტივიტის თავიდან აცილება ყველაზე იოლია – ნუ გამოიყენებთ იმ ნივთიერებებს, რომლებიც თვალებს აღიზიანებს.

 

  • თუ კონიუნქტივიტს ვერ გადაურჩით

თუ თქვენმა პატარამ ჩაწითლებული თვალებით გაიღვიძა, საუკეთესო გამოსავალი დროული მკურნალობაა, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ კონიუნქტივიტის ყველა შემთხვევას არ სჭირდება მკურნალობა. მაგალითად, ვირუსული ფორმა რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის.

იმის გასარკვევად, რა სახის კონიუნქტივიტთან გვაქვს საქმე, ექიმს უნდა მივმართოთ. თუ ექიმმა მიიჩნია, რომ თვალების ჩაწითლება რომელიმე ბაქტერიის ბრალია, შესაბამის ანტიბაქტერიულ მალამოს ან წვეთებს გამოგიწერთ.

მშობლებისთვის ნამდვილი გამოცდაა შვილისთვის დღეში რამდენჯერმე თვალის წვეთების ჩაწვეთება. თუ პატარა გაჯიუტდა და თვალებს არ ახელს, დახუჭული თვალის შიდა კუთხეში ჩააწვეთეთ წამალი — თვალს გაახელს თუ არა, წამალი ავტომატურად მოხვდება თვალში. თუ ამანაც არ გიშველათ, ექიმს სთხოვეთ, ანტიბიოტიკის შემცველი მალამო გამოგიწეროთ — ის უფრო იოლი გამოსაყენებელია, რადგან ბავშვს დახუჭულ თვალზეც შეგიძლიათ წაუსვათ. ქუთუთოების შეერთების ადგილას წასმული მალამო დადნება და თვალში შეაღწევს.

ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ექიმი გამოგიწერთ ანტიალერგიულ საშუალებებს, რომლებიც არსებობს როგორც ტაბლეტების, ისე სიროფისა და თვალის წვეთების სახით. შეგიძლიათ, ექიმთან ერთად შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი თქვენი პატარასთვის.

თვალის თბილმა ან ცივმა საფენებმა შესაძლოა ბავშვს შვება მოჰგვაროს. სიმპტომებს შეუმსუბუქებს აცეტამინოფენი და იბუპროფენიც. თუ გამონადენი აქვს, რომელიც ხმება და დილაობით ქუთუთოების შეწებებას იწვევს, მიმხმარი სითხე თბილი წყლითა და ბამბის ბურთულებით მოაშორეთ.

ექიმები გვირჩევენ, გამოჯანმრთელებამდე კონტაქტური ლინზების გამოყენებისგანაც შევიკავოთ თავი.

 

  • როდის გვჭირდება ექიმი?

მართალია, კონიუნქტივიტი არ არის საშიში დაავადება, მაგრამ თუ გართულდა, მერწმუნეთ, დიდ უსიამოვნებას მოუტანს თქვენს პატარას, ამიტომ, შეამჩნევთ თუ არა თვალების ჩაწითლებას, ეწვიეთ ექიმს. პროფესიონალი ერთი შეხედვით ამოიცნობს სიწითლის მიზეზს და მოგცემთ რჩევებს დაავადების მართვის შესახებ.

წითელი თვალი ზოგიერთი სხვა, უფრო მძიმე დაავადების სიმპტომიცაა. სპეციალური განათლების არმქონე ადამიანს მათი ამოცნობა გაუჭირდება, ამიტომაც ჯობს, მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს.

ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ ბავშვს აწუხებს თვალების ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, შეშუპება თვალების ირგვლივ და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ ყველაფერ ამას ტემპერატურული რეაქციაც დაერთო, სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი — შესაძლოა, ანთებითი პროცესი თვალის ლორწოვანს გასცდა და სხვა სახის მკურნალობაა დაგჭირდეთ.

თამარ არქანია

გააზიარე: