გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად

გააზიარე:

1882 წელს რობერტ კოხმა ტუბერკულოზის მიკობაქტერია აღმოაჩინა, 1944 წელს კი ვაქსმანმა პირველი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნა. ამ მოვლენებმა მართლაც გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში, გაჩნდა იმედი და რეალური შანსი, თეთრ ჭირად წოდებული დაავადება წარსულს ჩაბარებოდა. ჯანდაცვის ექსპერტებსა და მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ XXI საუკუნეში კაცობრიობა ტუბერკულოზის გარეშე შეაბიჯებდა, მაგრამ პროგნოზი, სამწუხაროდ, არ გამართლდა – ეს დაავადება კვლავ აქტუალურია და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად საშიშიც, ვინაიდან შევეჯახეთ მის სრულიად ახალ ფორმას – სამკურნალო პრეპარატების მიმართ მდგრად ტუბერკულოზს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ტუბერკულოზის ხელახალი გააქტიურების მიზეზი შიდსის პანდემია და მიგრაციული პროცესები იყო, ხოლო იმაში, რომ დაავადება კვლავ აქტუალურია, საზოგადოებასაც მიუძღვის ბრალი. ჩვენზე გაცილებით მეტი ყოფილა დამოკიდებული, ვიდრე წარმოგვედგინა...

ამ სავალალო მდგომარეობის ფონზე ტუბერკულოზთან ბრძოლაში იმედის მომცემი ძვრებიც შეინიშნება. აქამდე თუ ტუბერკულოზის დღეს სამედიცინო საზოგადოება დევიზით “შევაჩეროთ ტუბერკულოზი” ხვდებოდა, ახლა სიტყვა “შევაჩეროთ” სიტყვამ “დავამარცხოთ” შეცვალა. დიახ, ამ დაავადების დამარცხება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ჩვენც უნდა შევიცვალოთ მისდამი დამოკიდებულება.

სწორედ ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემების, გამოწვევების, მიღწევებისა და პროგნოზების შესახებ გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი:

 

– ვფიქრობ, შეიძლება, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ, ვინაიდან რაც კაცობრიობა არსებობს, არსებობს ტუბერკულოზიც. ათასწლეულების განმავლობაში მას მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, ასე გრძელდება დღესაც – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტუბერკულოზით მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული და მისი ამა თუ იმ გართულებით ყოველ ათ წუთში ერთი ავადმყოფი კვდება. სამწუხაროდ, ამ პრობლემას არც ჩვენი ქვეყნისთვის აუვლია გვერდი. მეტიც – საქართველო ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებსაც ტუბერკულოზის წამალმდგრადი ფორმებით ავადობის მძიმე ტვირთი აწევს. დღეს ტუბერკულოზთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის სწორედ რეზისტენტული ტუბერკულოზია.

რატომ და როგორ ვითარდება რეზისტენტული ტუბერკულოზი?

– შეგახსენებთ, რომ დაავადების გამომწვევია მიკობაქტერია, რომელიც XIX საუკუნეში გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა აღმოაჩინა. ამ ბაქტერიას საოცარი სახეცვლილების უნარი შესწევს. ის სწრაფად ადაპტირებს და იოლად ეგუება ახალ გარემო პირობებს, განსაკუთრებით კარგად კი მაშინ გრძნობს თავს, როდესაც მასზე ზემოქმედება სწორად არ არის ორგანიზებული. ამ შეცდომებს ის ძალზე ოსტატურად იყენებს და ეგუება კიდეც სამკურნალწამლო საშუალებებს.

იმ დღიდან, როდესაც 1944 წელს სინთეზირებულ იქნა პირველი ტუბსაწინააღმდეგო ანტიბიოტიკი სტრეპტომიცინი, ბევრი რამ შეიცვალა. თავის დროზე ამ მოვლენამ მართლაც რევოლუცია მოახდინა ტუბერკულოზის მკურნალობაში. იმხანად ავადმყოფი 1-2 დღეში იკურნებოდა, დღეს კი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია – დაავადების დასამარცხებლად 6-დან 36 თვემდეა საჭირო, ზოგ შემთხვევაში კი ესეც არ კმარა და ტუბერკულოზი განუკურნებელი რჩება.

რამ გამოიწვია ვითარების ამგვარი შემობრუნება?

– ამაში წამყვანი როლი ჩვენმა არასწორმა ქცევამ შეასრულა. როგორც მოგახსენეთ, კოხის ჩხირს ძალიან კარგი ადაპტაციის უნარი აქვს. მეორე მხრივ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალზე არარაციონალურად ხდებოდა ტუბერკულოზის მკურნალობა. ვგულისხმობ ანტიბიოტიკის მიღებას არასათანადო დროს, არასათანადო დოზითა და ხანგრძლივობით, მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტას და სხვა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მკურნალობაზე პაციენტის ცუდ დამყოლობას. მეორე ფაქტორი კი გახლდათ, საზოგადოდ, ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება გრიპისა თუ სხვა ტიპის ვირუსული ინფექციების დროს. ყოველივე ამის შედეგად დაავადების გამომწვევი გადარჩა, სამაგიეროდ, გაჩნდა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ფორმები. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს მსოფლიო პრობლემას, გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. ეს არის უდიდესი საშიშროება, რომელიც მთელ კაცობრიობას ემუქრება, ვინაიდან თუ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება გაგრძელდა, ხვალ უიარაღოდ დავრჩებით არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ ყველა სხვა ბაქტერიული ინფექციის პირისპირ. დღესდღეობით ეს ტენდენცია აშკარაა და არსებობს რეალური საფრთხე, ხვალ და ზეგ ამ ძალზე მნიშვნელოვანმა სამკურნალო საშუალებებმა ძალა დაკარგოს და თაროზე შემოსადებ რარიტეტებად იქცეს.

გარდა პაციენტის ცუდი დამყოლობისა, რას მიუძღვის ბრალი ტუბერკულოზის აქტუალობაში?

– პაციენტის ცუდი დამყოლობა მართლაც არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი – დიდი პრობლემაა დავადების დაგვიანებული დიაგნოსტიკა. არსებობს მონაცემები, რომ ექიმთან მიმართვის დიდი წილი სწორედ დაგვიანებულ შემთხვევებზე მოდის. თვეები, წლები გადის, ვიდრე პაციენტი შესაბამის დაწესებულებას მიმართავს – როდესაც ფილტვის სასუნთქი ზედაპირის 3/4 განადგურებულია, რეალობას ვერავითარი მკურნალობა ვერ შეცვლის. დაგვიანებული დიაგნოსტიკა, თავის მხრივ, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული: მოსახლეობის არასათანადო განათლებით, დაავადების სტიგმატიზებით, არასათანადო სამედიცინო მომსახურებით... ამ პრობლემას ჯანდაცვის ყველა დონეზე ვაწყდებით, მაგრამ განსაკუთრებით მწვავედ დგას პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სადაც დროულად ვერ ხერხდება პირველი ნიშნების გამოვლენა და პაციენტის შესაბამის დაწესებულებაში გადამისამართება. ჩვენი დაწესებულების მაგალითზე, ერთი კვარტალის ანალიზით, გეტყვით, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გავლით მოსულ პაციენტთა მხოლოდ 10%-ს დაუდასტურდა ტუბერკულოზი, თვითდინებით მოსულებთან კი მაჩვენებელი 47% იყო. დაგვიანებისა და არასწორად დაწყებული მკურნალობის ყოველი მეორე-მესამე შემთხვევა კი პაციენტის ნაცნობ-ნათესავების გავლენისა და სამედიცინო წრეების წარმომადგენელთა არასწორი მიდგომის დამსახურებაა. რეცეპტორული სისტემის ამოქმედებამ თვითმკურნალობის პრობლემა საგრძნობლად შეამცირა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში კიდევ ველოდებით სწორედ ამ ფონზე წამოსული დაგვიანებული შემთხვევების პიკს.

მოსახლეობის დაბალი განათლება და დაავადების სტიგმატიზაცია ახსენეთ. რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ ფაქტორთა აღმოფხვრამ დაავადების დამარცხებაში?

– უაღრესად დიდი, გადამწყვეტიც კი. როგორც აღვნიშნეთ, ტუბერკულოზი იკურნება, მაგრამ იკურნება მხოლოდ სწორი და დროული მკურნალობის პირობებში. იმას კი, რომ ავადმყოფმა დროულად მიმართოს ექიმს, ძალზე უშლის ხელს ტუბერკულოზის სტიგმატიზაცია. პაციენტებს რცხვენიათ ამ დაავადების, მიაჩნიათ, რომ თუ საზოგადოებამ მათი დიაგნოზი შეიტყო, გაირიყებიან, დაკარგავენ სამსახურს, ვეღარასოდეს შექმნიან ოჯახს... სინამდვილეში ტუბერკულოზით დაავადებული საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, მკურნალობის შემდგომ ის ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას.

საზოგადოების შიში ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ტუბერკულოზი გადამდებია...

– მართალი ბრძანდებით, სტატისტიკური მონაცემებით, ტუბერკულოზით დაავადებული ერთი ადამიანი წელიწადში 15-20 პირს აავადებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ინფექციას ავრცელებს მხოლოდ არადიაგნოსტირებული ავადმყოფი. ადამიანი, რომელმაც იცის თავისი დიაგნოზი და მკურნალობს, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადამდები აღარ არის. საშიშია ის, ვინც არ იცის თავისი ავადმყოფობის შესახებ ან მალავს მას და ამიტომ არ მკურნალობს. ამრიგად, რაც უფრო ძლიერი იქნება სტიგმა, რაც უფრო მეტ ადამიანს შერცხვება დიაგნოზის გამჟღავნებისა და მკურნალობისა, მით უფრო მოიმატებს ტუბერკულოზის გავრცელების ალბათობა და მეტი საფრთხის წინაშე დადგება თითოეული ჩვენგანი.

ვფიქრობ, აშკარაა, რომ ტუბერკულოზის გავრცელებას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მისი სტიგმატიზაცია უწყობს ხელს, ამიტომ აუცილებელია არა მარტო პაციენტების, არამედ მთელი საზოგადოების განათლება და არა მხოლოდ დესტიგმატიზაციის კუთხით, არამედ იმისთვისაც, რომ ყველამ იცოდეს, როდის იეჭვოს დაავადება და როდის მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ეს დიდად შეუწყობს ხელს ტუბერკულოზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.

რომლებია საეჭვო ნიშნები?

– მათი დამახსოვრება ადვილია: ხველა ნახველით ან ნახველის გარეშე ორ კვირაზე მეტხანს, დაბალი ტემპერატურა, განსაკუთრებით – საღამოობით, ოფლიანობა, წონის კლება, საერთო სისუსტე, უმადობა, ტკივილი გულმკერდის არეში ან სისხლიანი ხველა. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ ტუბერკულოზის გამოსარიცხად.

აქვე გეტყვით, რომ პაციენტის ცუდი დამყოლობის ერთ-ერთი მიზეზი მკურნალობის გვერდითი ეფექტებია. თერაპია ნამდვილად არ არის მარტივი და გარკვეული დისკომფორტი მართლაც ახლავს თან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როგორია ალტერნატივა: მკურნალობის შეწყვეტა საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. ტუბერკულოზს “ნელ მკვლელსაც” უწოდებენ – ის მყისიერად არ კლავს, მაგრამ განუწყვეტლივ პროგრესირებს და საბოლოოდ ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. მეორე მხრივ, მკურნალობის შეწყვეტა რეზისტენტული ფორმების წარმოშობის მთავარი მიზეზია და, რაც მთავარია, საზოგადოებას უქადის უდიდეს საფრთხეს, ვინაიდან პაციენტი ინფექციის უკონტროლო რეზერვუარად იქცევა. ამრიგად, მკურნალობის დასრულება აუცილებელია როგორც თავად პაციენტის, ისე მთელი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება ტუბერკულოზის დამარცხებაზე საუბრობს. რამდენად რეალურია ეს?

– მიზანს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ ყველა გავერთიანდებით ტუბერკულოზის წინააღმდეგ. ნუ მიიჩნევთ ამას უბრალო ლოზუნგად – ისეთ დაავადებასთან ბრძოლისას, როგორიცაა ტუბერკულოზი, ერთიანობას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, მსოფლიო მედიცინაში იმედის მომცემი სიახლეა – ორმოცწლიანი პაუზის შემდეგ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ორი ახალი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატი, გაუმჯობესებული ვერსიები იმ ანტიბიოტიკებისა, რომლებსაც აქამდე ვიყენებდით ტუბერკულოზის სამკურნალოდ, თუმცა მათ გამოყენებასაც აქვს განსაზღვრული ჩვენებები და მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა დაინიშნოს.

რამდენად ხელმისაწვდომია ეს პრეპარატები?

– ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოს მოსახლეობისთვის ისინი უფასოა – ამ ძალზე ძვირად ღირებულ წამლებს ჩვენთვის ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID) ყიდულობს. საგანგაშო ის გახლავთ, რომ აღირიცხა ახალი პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის შემთხვევებიც. თუ ისინიც უეფექტო გახდა, არცთუ სახარბიელო მომავალი გველის. საქმე ის არის, რომ ზემოხსენებული პრეპარატები ძალიან მალე იწვევს კლინიკურ გაუმჯობესებას. პაციენტი ამ დროს ჯერ კიდევ არ არის განკურნებული, მაგრამ, რაკი თავს კარგად გრძნობს, მკურნალობას წყვეტს, ეს კი რეზისტენტობისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.

ვფიქრობ, აღნიშვნას იმსახურებს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, რომელიც, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, მართლაც ძალზე წარმატებულია. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული ოფიციალური ანგარიში, რომელიც ტუბერკულოზთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკებს წარმოაჩენს – ამ დოკუმენტში ოთხჯერაა მოხსენიებული საქართველო. შედარებისთვის გეტყვით, რომ არც ერთი სხვა ქვეყანა მეტჯერ არ არის ნახსენები.

სახელდობრ, რა მოიწონა ჯანმომ?

– მაგალითად, ჩვენ დავნერგეთ მობილური კონსილიუმის იდეა – ჩვენი სპეციალისტები პერიოდულად ჩადიან საქართველოს რეგიონებში და ადგილზე ნახულობენ პაციენტებს, ეცნობიან მათ მდგომარეობას და უნიშნავენ მკურნალობას. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში სამედიცინო მომსახურება ისედაც პრობლემურია, ამ აქტივობამ მნიშვნელოვანი ძვრა გამოიწვია დაავადების გამოვლენასა და სწორად მართვაში. მოგვიწონეს ის ნოვაციაც, რომ გამოკვლევისთვის ნახველის ტრანსპორტირება საქართველოს ფოსტის მეშვეობით ხდება. ეს საშუალებას გვაძლევს, ზუსტი დიაგნოზი დავუსვათ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ პირებს. დიგანოსტიკის კუთხით სხვა დიდი მიღწევებიც გვაქვს, კერძოდ, საქართველოში შემოვიდა ახალი მანქანები – ერთგვარი მობილური ლაბორატორიები, რომლებიც ძალზე ოპერატიულად სვამს ტუბერკულოზის დიაგნოზს. 19 ასეთი მანქანა უკვე გვაქვს და კიდევ 22-ს ველოდებით, ასე რომ, დიაგოსტიკაზე ხელსმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება. ექიმებს პერიოდულად უცხოეთის წამყვან კლინიკებში ვგზავნით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. გავუზარდეთ ხელფასი მედპერსონალს – შრომის ანაზღაურება, რომელსაც აქამდე იღებდნენ, ნამდვილად არ იყო მათი საქმიანობის შესაფერისი. სპეციალური მექანიზმები დავნერგეთ პაციენტების წასახალისებლად, რათა მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ: თუ პაციენტი კვირის განმავლობაში ყველა დოზას მიიღებს, კვირის ბოლოს მას საჩუქრად გადაეცემა განსაზღვრული თანხა. ამასთან, გზისა და საკვების ხარჯსაც ვუნაზღაურებთ. პაციენტებს საშუალება აქვთ, მედიკამენტი მათთვის მოხერხებულ ადგილას მიიღონ, ოღონდ აუცილებლად სამედიცინო მეთვალყურეობით – DOT (Directly Observed Therapy) პრინციპი, მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობით, ტუბერკულოზის მკურნალობის ქვაკუთხედად ითვლება.

განსაკუთრებული სიხარულით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ოქტომბერში დასრულდება ბავშვთა ახალი ცენტრის მშენებლობა. პირდაპირ გეტყვით – ბავშვთა განყოფილება იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, მშობლები უარს ამბობდნენ შვილბის იქ დაწვენაზე. ჯანდაცვის მინისტრის უშუალო დავალებითა და მისი მოადგილის ვალერი კვარაცხელიას თაოსნობით, გამოიყო თანხა და მალე ბავშვებს ახალი ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი მოემსახურება. დასასრულს უახლოვდება ლაბორატორიის მშნებელობაც. ჩვენი ცენტრის აღჭურვილობაც თითქმის მთლიანად განახლდა – შევიძინეთ ახალი ბრონქოსკოპი, ექოსკოპი, ვიდეოთორაკოსკოპი, რენტგენის ახალი აპარატი და კომპიუტერული ტომოგრაფი. ყოველივე ამაში დიდად გვეხმარებიან გლობალური ფონდი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამ ყველაფრის შედეგია, რომ ვითარება გასულ წლებთან შედარებით მცირედ, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა, იკლო რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევებმა, ზოგადად, ავადობაც შემცირდა. თუმცა ეს საკმარისი არ არის, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ასე რომ, სახელმწიფო და სამედიცინო სტრუქტურები ტუბერკულოზის წინააღმდეგ აქტიურად ვიბრძვით. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. თუ ყველა პაციენტი დროულად მივა ექიმთან, ზედმიწევნით შეასრულებს მის მითითებებს და საზოგადოებაც უფრო გულისხმიერი გახდება ავადმყოფების მიმართ, ტუბერკულოზი ადვილად დამარცხდება – მივაღწევთ მიზანს, რომელსაც 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების გლობალური გეგმა ისახავს.

გააზიარე: