რა საფრთხეს გვიქადის მარილი
გააზიარე:
XX საუკუნე გარდატეხის ეპოქაა მედიცინის ისტორიაში. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების დახვეწამ მრავალი დაავადების დროული გამოვლენა და დამარცხება გახადა შესაძლებელი. ამაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ფარმაკოლოგიის განვითარებამ – ახალმა, ეფექტურმა მედიკამენტებმა სასწაული მოახდინა და უკურნებლად მიჩნეული ზოგიერთი სნეულება რიგით დიაგნოზად აქცია. მაგრამ, ვარდისა და ეკლისა არ იყოს, ამ მიღწევებმა თან მოიყოლა პრობლემებიც: მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, რეზისტენტობა და წამლისმიერი დაავადებები, – რომელთა მოგვარება უკვე თანამედროვე მედიცინას ექცა უდიდეს გამოწვევად.
ცხადია, წამლებზე უარის თქმას არავინ აპირებს, მაგრამ ისინი მხოლოდ საჭირო დროს და საჭირო რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ, მაშინ კი, როცა მათ გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა, ვერიდოთ.
ყოველივე ამის ფონზე ერთიორად მეტი მნიშვნელობა შეიძინა ცხოვრების ჯანსაღმა წესმა. შრომისა და დასვენების რეჟიმი, სწორი და დაბალანსებული კვება, საჭირო ხანგრძლივობის ძილი ზოგჯერ უწამლოდაც კურნავს, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია დაავადებათა პროფილაქტიკის კუთხით, ჯანსაღი ცხოვრება კი ჯანსაღი საკვების გარეშე წარმოუდგენელია...
ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოება აქტიურად განიხილავს მარილის გამოყენების საკითხს. სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები: “ერიდეთ ფარულ მარილს”, “მიიღეთ ნაკლები მარილი”, “მარილის ჭარბი მოხმარება საშიშია”... სულ რამდენიმე წლის წინ მარილისგან მომდინარე საფრთხე ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი იყო, დღეს კი, ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევით, ჯანმრთელობაზე მარილის გავლენა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. 2005 წელს დაარსდა ორგანიზაცია “მსოფლიო აქტივობა – მარილი და ჯანმრთელობა”, – რომელიც მარილის მოხმარების თანდათანობითი შემცირების გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აქტივობას 2008 წელს საქართველოც შეუერთდა. ურიგო არ იქნება, ჩვენც უფრო მეტი შევიტყოთ რამ მარილის შესახებ, გავიგოთ, რა საფრთხეს გვიქადის ეს ერთი შეხედვით უწყინარი და ესოდენ პოპულარული საკვები დანამატი.
გავიხსენოთ ქიმია
მარილის ქიმიური სახელწოდება ნატრიუმის ქლორიდია. მის შემადგენლობაში ნატრიუმის წილად 40% მოდის, ქლორის წილად კი 60%. მარილის მოხმარებით გამოწვეული ყველა ეფექტიც სწორედ ნატრიუმისა და ქლორის მოქმედებას უკავშირდება. ორგანიზმისთვის ნატრიუმის მთავარი წყარო სუფრის მარილია. 1 გრამი მარილი 400 მგ ნატრიუმს შეიცავს, 1 გრამი ნატრიუმი კი 2.5 გრამი მარილის ეკვივალენტურია.
რისკი თუ სარგებელი
ალბათ გაგიგონიათ, რომ მარილი სასარგებლოა. ის მართლაც აუცილებელია ორგანიზმში ცვლის პროცესების ნორმალური წარმართვისთვის. ნატრიუმი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც წყალმარილოვან ცვლაში, იმპულსების გადაცემასა და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციობაში მონაწილეობს. მარილი მხოლოდ მაშინაა მავნებელი, როცა ჭარბად ვიყენებთ. მაგრამ სწორედ ამ სიჭარბის დადგენაა რთული.
რამდენი?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე გვირჩევს, არ გადავაჭარბოთ დღე-ღამეში 6 გრამს. ეს ერთ გადასწორებულ ჩაის კოვზს შეესაბამება. მაგრამ ამ რეკომენდაციის შესრულება ძნელია, ვინაიდან სასურსათო ნაწარმი, რომელსაც ყოველდღე მივირთმევთ, უკვე შეიცავს განსაზღვრული რაოდენობის მარილს. მაღაზიაში შეძენილ სურსათს მარილის შემცველობა ზოგჯერ ეტიკეტზე აწერია – ამ შემთხვევაში საქმე შედარებით მარტივადაა, მაგრამ სწრაფი კვების ობიექტებში, ბარებსა თუ რესტორნებში მორთმეულ კერძებში მარილის შემცველობას ხომ ვერ ვაკონტროლებთ? ამას დაუმატეთ შებოლილი ძეხვეული და თევზეული, კონსერვები, მარინადები... დღეს მთავარი პრობლემა სწორედ ფარული მარილია. ამის ბრალია, რომ ადამიანთა უმეტესობა გაუცნობიერებლად იღებს ნატრიუმის ქლორიდის ჭარბ დოზას.
ჭარბი ნატრიუმი – ჭარბი წყალი
მაინც რა საფრთხეს გვიქადის მარილი?
ნატრიუმს ქოვილებში წყლის შეკავების უნარი შესწევს. ჭარბი ნატრიუმი ნიშნავს ჭარბ წყალს. ზედმეტი სითხე, უპირველეს ყოვლისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემას აწვება ტვირთად, რაც ხელს უწყობს ახალ დაავადებათა წარმოშობას და უკვე არსებული ქრონიკული სნეულებების გამწვავებას. ამ სნეულებათაგან, უწინარეს ყოვლისა, არტერიული ჰიპერტენზია უნდა ვახსენოთ. მაღალ არტერიულ წნევას მოსახლეობის ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი უკავია. ის ყოველ მესამე ადამიანს აქვს. მარილის სიჭარბე არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორია და განსაკუთრებით საშიშია, როცა რისკის სხვა ფაქტორებიც: ჭარბი წონა, პასიური ცხოვრების წესი, შაქრიანი დიაბეტი, გენეტიკური განწყობა, ასაკი (მამაკაცებთან – 40 წლიდან, ქალებთან – მენოპაუზის შემდეგ), მავნე ჩვევები, – ახლავს თან. რამდენიმე რისკფაქტორის თანხვედრისას კი ჰიპერტენზიის განვითარება, ფაქტობრივად, გარდაუვალია. არტერიული ჰიპერტენზია, თავისთავად, საკმაოდ მძიმე და ძნელად სამართავი დაავადებაა, მაგრამ ამაზე უარესი ის არის, რომ, თავის მხრივ, არაერთი კიდევ უფრო მძიმე დაავადების წარმოშობას უწყობს ხელს. მაგალითად, მომატებულ სისტოლურ წნევას უკავშირდება ინსულტის, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, შემთხვევათა თითქმის 60%. მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა ნახევარიც სწორედ არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე ვითარდება. ორივე ეს დაავადება ხშირად იწვევს სიკვდილს. ასე რომ, ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა, მარილიანი საკვების სიყვარული, ადამიანისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
კვლავ სტატისტიკა მოვიშველიოთ – მსოფლიოში სიკვდილის ყოველწლიურად 2,3 მილიონი შემთხვევა მარილის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. აქედან 1 მილიონი 69 წლამდე ასაკის პირთა შორისაა აღრიცხული. ამერიკის გულის ასოციაციის 2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ათიდან ერთი ადამიანი სწორედ რაციონში მარილის სიჭარბის გამო კვდება. ჯანმოს მონაცემებით, მარილის ჭარბ მოხმარებასთან ასოცირდება გულის კორონარული დაავადებისა და სხვა კარდიოვასკულური პათოლოგიების 15%.
მარილის ჭარბი მოხმარება მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემას როდი ვნებს – ჯანდაცვის ორგანიზაციების ინფორმაციით, ის ხელს უწყობს თირკმლის ქრონიკული დაავადებების (მათ შორის – კენჭოვანის), ზოგადი სიმსუქნის, ოსტეოპოროზის, კუჭის კიბოს განვითარებას, ამძიმებს მენიერის დაავადებისა და დიაბეტის სიმპტომებს. აქვე შეგახსენებთ, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობს ორგანო თუ სისტემა, დამოუკიდებლად რომ მუშაობდეს, ამიტომ პათოლოგიურ პროცესში ადრე თუ გვიან ნებისმიერი მათგანი შეიძლება ჩაერთოს. ამრიგად, მარილის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა მთელ ორგანიზმს ავნოს.
მარილი და საქართველო
მარილის გამო ძველად ომებიც კი იმართებოდა. ადამიანები ამ მძლავრი იარაღის ხელში ჩასაგდებად სისხლისღვრასაც არ ერიდებოდნენ. ჩვენმა წინაპრებმა, განსაკუთრებით კი სასმლით მოვაჭრეებმა, მარტივი კანონზომიერება აღმოაჩინეს – მარილი წყურვილს ჰგვრიდა, ამიტომ დუქნებისა და ტრაქტირების მეპატრონეებმა საკვების მარილით ჭარბად შეზავება დაიწყეს, რომ სასმელების რეალიზაცია გაეზარდათ. მეორე მხრივ, სანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, სურსათის შენახვის საუკეთესო გზა მისი დამარილება იყო. ამიტომ მარილის “სიყვარული”, შეიძლება ითქვას, ისტორიულად მოგვდგამს. მაგრამ ზოგ ერს მარილისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მათ შორის არცთუ უკანასკნელ ადგილზეა საქართველო. ჩვენს სამზარეულოში უმარილო თუ ნაკლებმარილიანი კერძი, ფაქტობრივად, არ მოიპოვება. ყველი და მწნილი ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია... ამგვარი დამოკიდებულების გამო მარილმა ჩვენს ლექსიკონში გადატანითი მნიშვნელობაც შეიძინა და სიტყვა “უმარილო” ნაკლოვანების გამომხატველად იქცა, ნადიმს კი ქართველმა კაცმა პურმარილი უწოდა.
მოკლედ, მარილი ქართველებს ძალიან გვიყვარს. მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყანა არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში, ამიტომ არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორების მოდიფიკაცია ჩვენთვის ერთიორად მნიშვნელოვანია.
პრობლემის მასშტაბი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა. მსოფლიოს მოსახლეობის 75% რეკომენდებულზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს მოიხმარს, საქართველოში კი მზა ულუფას მარილს მოსახლეობის 56-60% ამატებს. საყურადღებოა, რომ მათი ნახევარი ამას კერძის გაუსინჯავად აკეთებს. საკვებში მარილის დამატებით მარილის მოხმარების ხარისხობრივი მაჩვენებელი იზომება, რაოდენობრივი კი შარდში ნატრიუმის ექსკრეციით ფასდება. ასეთი კვლევის ჩატარება საქართველოში მიმდინარე წელს იგეგმება და, იმედია, კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დაგვანახებს მარილის მოხმარების მასშტაბს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ კვლევის შემდეგ მარილისადმი დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას უფრო მძაფრად ვიგრძნობთ.
ბავშვები და მარილი
ბავშვებთან, მოზრდილებისგან განსხვავებით, მარილის ჭარბ მოხმარებასა და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას შორის კავშირი დადგენილი არ არის. ეს სასიხარულოა, მაგრამ არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებისთვის მარილის ჭარბი მოხმარება ნებადართულია. აქ აქცენტი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაზე უნდა დაისვას. ცნობილია, რომ კვებით ქცევაზე განსაკუთრებულ გავლენას სწორედ ბავშვობაში შეძენილი ჩვევები ახდენს. თუ პატარას თავიდანვე შევაჩვევთ ნაკლებმარილიან საკვებს, ის მომავალშიც დაზღვეული იქნება მარილის ჭარბი მოხმარებისგან და, შესაბამისად, ნაკლები ექნება მრავალი დაავადების განვითარების რისკი. ბავშვებში განსაკუთრებით პოპულარული სწრაფი კვების ობიექტები კი ჯანსაღი და, მეტადრე, ნაკლებმარილიანი საკვების წყაროდ ვერ გამოდგება. ყველა ექიმი ერთხმად გვირჩევს, ბავშვები ასეთ ადგილებს ვარიდოთ. ჯანსაღი ცხოვრება და სწრაფი კვება შეუთავსებელი ცნებებია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მშობლებს ურჩევს, არ დაამატონ მარილი ბავშვისთვის შინ მომზადებულ კერძს. მშობლების უმეტესობა ბავშვის საჭმელს საკუთარი გემოვნებისამებრ ამატებს მარილს. ეს არ არის სწორი. მარილის და, საზოგადოდ, გემოვნებითი აღქმა ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს და რაც ჩვენ გემრიელი გვეჩვენება, ბავშვს შესაძლოა არ მოეწონოს. მთავარი კი ის გახლავთ, რომ სწორედ ამ ასაკში ყალიბდება გემოვნება და თუ ბავშვს უმარილო საკვებს მივაჩვევთ, მომავალში ის უგემური აღარ მოეჩვენება.
“მსოფლიო აქტივობა – მარილი და ჯანმრთელობას” მონაცემებით, ბავშვებისთვის რეკომენდებული მარილის დოზები ასეთია:
0-6 თვე < 1 გრამი ???
6-დან 12 თვემდე – დღეში 1 გრამი
1-დან 3 წლის ჩათვლით – დღეში 2 გრამამდე
4-დან 6 წლის ჩათვლით – დღეში 3 გრამამდე
7-დან 10 წლის ჩათვლით – დღეში 5 გრამამდე
11 წლიდან – დღეში 6 გრამი
როგორ ვაკონტროლოთ
ჯანმრთელი მოსახლეობისთვის მარილის დღიური ნორმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 6 გრამია, ავადმყოფობის დროს კი ის შესაძლოა შეიცვალოს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის დღე-ღამეში მხოლოდ 2-3 გრამი მარილის მიღებაა ნებადართული. მეორე პრობლემა დოზის კონტროლია – მარილის დიდ წილს ხომ მზა პროდუქტებიდან ვიღებთ. რისკის მინიმუმამდე დასაყვანად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
- ერიდეთ სურსათს, რომელშიც მარილის შემცველობა უცნობია.
- თუ საკვებს შინ ამზადებთ, მზა ულუფას ნუ დაუმატებთ მარილს (ამით მარილის მოხმარებას დაახლოებით 20%-ით შეამცირებთ)
- ერიდეთ მარილიან საწებლებსა და სანელებლებს. თავად მოამზადეთ მათი ნაკლებმარილიანი ანალოგები.
- გამოიყენეთ მარილის შემცვლელები – მათი ძირითადი ინგრედიენტი კალიუმია, რომელსაც წნევის დამწევი ეფექტიც აქვს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნატრიუმჩანაცვლებითი მარილის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება.
- მიირთვით ხილი და ბოსტნეული ჩიფსებისა და ბურგერების ნაცვლად.
ჯანდაცვის ორგანიზატორები ერთხმად აღიარებენ, რომ მარილის ჭარბი მოხმარების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა მზა პროდუქტებში მისი ოდენობის შემცირებაა, ამიტომ ჯანმო საკვების მწარმოებლებს რეკომენდაციას აძლევს, შეიცვალონ პოლიტიკა მარილთან მიმართებით. ეს, ყველაფერთან ერთად, დაავდებებთან ბრძოლის ყველაზე ხარჯეფექტური გზაცაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროდუქტების უმრავლესობაში მარილის შემცველობა 20-30%-მდე შეამცირეს. ამის შედეგად წელიწადში 6000-ზე მეტი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, ხოლო ჯანდაცვის ხარჯებმა წელიწადში 1.5 მილიარდი ევროთი იკლო. მარილის შემცირების სტრატეგიის სარგებელი ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე, განურჩევლად ასაკისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა.
რა სარგებლობა მოაქვს მარილის შემცირებას
ექსპერტთა აზრით, მარილის დღიური ულუფის 6 გრამამდე შემცირებისას არტერიული წნევა იმ დონემდე იწევს დაბლა, როდესაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილობა 24%-ით იკლებს, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილობა – 18%-ით. არტერიული ჰიპერტენზიის კორექციისთვის ზოგჯერ ესეც კმარა, განსაკუთრებით – იმ სტადიაში, როდესაც პროცესი ჯერ კიდევ არ არის წასული შორს. შედარებით რთულ შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტური თერაპია გარდაუვალია, მარილის მოხმარების შეუზღუდავად და, საზოგადოდ, ჯანსაღი კვების გარეშე დაავადების დამარცხება მაინც ვერ ხერხდება. ასე რომ, მარილის სადღეღამისო ოდენობის შემცირება პრევენციის საუკეთესო და მკურნალობის აუცილებელი პირობაა.
უმარილო = უგემურს
მითია, რომ უმარილო საკვები უგემურია. უმარილო კერძი თავდაპირველად მართლაც უგემური გვეჩვენება, მაგრამ დროთა განმავლობაში გემოვნების რეცეპტორები ახალ პირობებთან ადაპტირდება და ზუსტად სამ კვირაში საკვები ისეთივე გემრიელი გვეჩვენება, როგორიც მარილის შეზღუდვამდე. მითია ისიც, რომ ზღვის მარილი ნაკლებსაზიანოა. ზღვისა და სუფრის მარილი ჭარბი მოხმარების შემთხვევაში თანაბარ ზიანს აყენებს ადამიანს. მცდარია ის წარმოდგენაც, თითქოს ფიზიკური დატვირთვისას მარილის დიდი რაოდენნობით მიღება იყოს საჭირო, რადგან ის ოფლთან ერთად გამოიყოფა. სინამდვილეში ოფლს ორგანიზმიდან უმნიშვნელო რაოდენობის მარილი გამოაქვს, “მარაგის აღსადგენად” მისი მიღება ზედმეტია.
ვისწავლოთ ეტიკეტის წაკითხვა
ნუ შეიძენთ (STOP) წითელეტიკეტიან ნაწარმს (>1.5 გ/100გ ან 1.8 გ ულუფაზე).
ერიდეთ (LOOK) ყვითელეტიკეტიან ნაწარმს (0.3-1,5 გ/100გ).
აირჩიეთ (CHOOSE) მწვანეეტიკეტიანი ნაწარმი (<0.3 გ/100გ).
თუ ეტიკეტზე მხოლოდ ნატრიუმის შემცველობაა მითითებული, მარილის შესაბამისი ოდენობის დასადგენად ეს მაჩვენებელი 2,5-ზე უნდა გაამრავლოთ.
ალბათ გაინტერესებთ, მარილის დეფიციტს ხომ არ გამოიწვევს ნატრიუმის ქლორიდზე უარის თქმა. საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციის დაცვით მოხმარებული მარილის დაახლოებით 20%-ზე მოახდენთ გავლენას (დანარჩენს, როგორც გითხარით, მზა პროდუქტებიდან ვიღებთ). პური, ყველი და სხვა სურსათი საკმაო მარილს შეიცავს, ამიტომ მისი დეფიციტი არ გემუქრებათ.
როგორ შევამციროთ მარილის მოხმარება
- მარილიანი სოუსებისა და სანელებლების ნაცვლად კერძები ახალი მწვანილით, ლიმონის წვენით, ხახვით, ნივრით, კოჭათი შეაზავეთ.
- ერიდეთ სუფრასთან მარილის დამატებას.
- ეტიკეტის მიხედვით შეარჩიეთ ნაკლებმარილიანი პროდუქტი.
- მოითხოვეთ ნაკლებმარილიანი კერძი რესტორანსა თუ საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში.
- მიირთვით დღეში, სულ მცირე, ხუთი ულუფა ხილი და ბოსტნეული.
- საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ იოდიანი მარილი.
გვანცა გოგოლაძე