ეპილეფსია და ორსულობა

გააზიარე:

ძნელად თუ იპოვით სხვა ავადმყოფობას, რომლის შესახებაც იმდენი ცრურწმენა იყოს გავრცელებული, რამდენიც ეპილეფსიის შესახებ. სნეულება, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის, რატომღაც მუდამ სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რის გამოც ეპილეფსიის დიაგნოზი შემზარავ სტიგმად იქცა, დამღად, რომელიც ავადმყოფის მთელ შთამომავლობას მიჰყვებოდა შავ ლაქად...

კაცობრიობის ცნობიერებაში დალექილი ოთხიათასწლოვანი მითოლოგიზაციის შემდეგ ეპილეფსიის სტიგმის საფუძვლების შესწავლა მეცნიერებმა მხოლოდ XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყეს, რის შემდეგაც არაერთი მითი დაინგრა და გაბათილდა. აღმოჩნდა, რომ ეპილეფსია სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად გენეტიკური დაავადება, რომ შესაძლოა, ეპილეფსიით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი შვილი გააჩინოს, ხოლო ჯანმრთელს ეპილეფსიით დაავადებული ეყოლოს.

მაშ, რა ახდენს გავლენას ორსულობასა და ნაყოფის განვითარებაზე და როგორ შეიძლება ამ გავლენის გაბათილება? ამ საკითხებზე გვესაუბრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი, ორსულობისა და ანტიეპილეფსიური პრეპარატების საერთაშორისო რეგისტრის (EURAP) რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი სოფიო კასრაძე.

 

– რამდენად ინარჩუნებენ ეპილეფსიით დაავადებული ქალები რეპროდუქციულ ფუნქციას?

– რეპროდუქციულ-ენდოკრინული დარღვევები, ინფერტილობა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევები ეპილეფსიით დაავადებულ ქალებთან უფრო ხშირია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში, რასაც სხვადასხვანაირად ხსნიან. ეპილეფსიური გულყრა უმეტესად ლიმბური სტრუქტურებიდან აღმოცენდება და შემოიფარგლება ამავე არით ან ტვინის სხვა სტრუქტურებზეც ვრცელდება. ლიმბური სტრუქტურები, კერძოდ, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი, არეგულირებს  სასქესო და გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის პროცესს, აქ აღმოცენებულმა ნებისმიერმა დარღვევამ შესაძლოა შეცვალოს ჰორმონული სეკრეციის ფიზიოლოგიური რიტმი, გაააქტიუროს ან  დააქვეითოს ის. ამავე მექანიზმებით რეპროდუქციულ-ენდოკრინულმა დარღვევებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ეპილეფსიური განტვირთვების აღმოცენებას თავის ტვინის ლპიმბურ სტრუქტურებში და ეპილეფსიური გულყრების მიზეზად იქცეს. ასეთ ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება საკვერცხეების პოლიკისტოზი (ფუნქციის მომატების შედეგად) და ჰიპოთალამური ჰიპოგონადიზმი (ფუნქციის დაქვეითების შედეგად). გარდა ამისა, თავად ანტიკონვულსანტებიც, გულყრის საწინააღმდეგო  პრეპარატები, ახდენს უარყოფით გავლენას. ზოგი მათგანი: ფენობარბიტალიი, კარბამაზეპინი, – ღვიძლში იმავე ფერმენტებით მეტაბოლიზდება (ციტოქრომ-P450), რომლითაც სასქესო ჰორმონები და ორგანიზმში მათი დეფიციტის პირობები იქმნება, ზოგი კი, მაგალითად, ვალპროატი, პირიქით, ააქტიურებს ტესტოსტერონის პროდუქციას და ამით რეპროდუქციულ დისფუნქციას იწვევს. მეცნიერთა ნაწილი იმასაც ვარაუდობს, რომ ეპილეფსიასა და რეპროდუქციულ-ენდოკრინულ პათოლოგიებს საერთო ეტიოლოგია აქვთ. რამდენიმე კვლევამ ეს დაადასტურა კიდეც. მართალია, ამ მონაცემებს ჯერ სარწმუნოდ ვერ მივიჩნევთ, მაგრამ კავშირი რომ არსებობს, აშკარაა. ეპილეფსიური გულყრა ხშირად მენსტრუაციული ციკლის განსაზღვრულ დღეებში ან დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთში აღმოცენდება. ამაშიც სასქესო და გონადოტროპული ჰორმონების ნორმული ან აბნორმული ცვლილებები ასრულებს მნიშვნელოვან როლს. დადგენილია, რომ ესტროგენები პროვოცირებას უწევს გულყრას, პროგესტერონს კი, პირიქით, ხანმოკლე შემაკავებელი თვისება ახასიათებს. პროგესტერონის ეს თვისება დღეს ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიური გულყრის შეწყვეტის მიზნითაც კი გამოიყენება. ყოველივე ამიდან გამომდინარე, ეპილეფსიით დაავადებული ქალებისთვის ანტიკონვულსიური პრეპარატები მათი რეპროდუქციული სტატუსის მიხედვით უნდა შეირჩეს, სხვაგვარად მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს. მეორე მხრივ, რეპროდუქციულ-ენდოკრინული დარღვევების მკურნალობის პროცესში ზოგჯერ აქტიურად განიხილავენ სამკურნალო სქემაში ზოგიერთი ანტიკონვულსანტის ჩართვის შესაძლებლობას (მაგალითად, თოპირამატისას საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს), თუმცა ჩვენება, ანტიკონვულსანტის დოზა, ხანგრძლივობა და სხვა პარამეტრები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

მიუხედავად ამისა, ეპილეფსიით დაავადებული ქალების დიდ უმრავლესობას ჩვეულებრივი რეპროდუქციული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმის გამო ოჯახის შექმნა უჭირთ – ბევრს ჰგონია, ეს დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა და, ამის კვალობაზე, ეპილეფსიით დაავადებული ქალის შვილიც აუცილებლად ავადმყოფი დაიბადება. ასე არ არის. დაავადებისა და ორსულობის სწორი, ადეკვატური მეთვალყურეობის პირობებში ეპილეფსიით დაავადებულ ქალსაც შეუძლია სავსებით ჯანმრთელი შვილების ყოლა.

– რას გულისხმობს ადეკვატური მეთვალყურეობა?

– უპირველეს ყოვლისა, ადეკვატურ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას და პაციენტის განათლებას. სწორედ ამაზე იხარჯება ეპილეპტოლოგის დროისა და ინტელექტუალური რესურსის უმეტესი ნაწილი. როცა ეს მიზანი მიღწეულია, დაავადების მართვა ერთიორად ადვილდება და შედეგიც უკეთესია. ეპილეფსიით დაავადებულ გოგონას რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია 13-14 წლიდანვე უნდა მივაწოდოთ, რათა, როდესაც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, კარგად იცოდეს, როგორ მოიქცეს და როგორ აუხსნას ყველაფერი მომავალ მეუღლეს. ქმარმა აუცილებლად უნდა იცოდეს ცოლის დიაგნოზი. თუ ქალს უჭირს ამაზე ლაპარაკი, შეიძლება, პროცესში ჩაერთოს ეპილეპტოლოგი (უმჯობესია, ეს მისივე მკურნალი ექიმი იყოს), რომელიც მათთვის საჭირბოროტო ყველა კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს გასცემს წყვილს. ეპილეფსიით დაავადებულ ყველა ქალს ვთხოვთ, ასე მოიქცნენ – ამ შემთხვევაში ოჯახი მტკიცე და ჰარმონიული იქნება, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზეც. როდესაც ქალი დიაგნოზს მალავს, იძულებულია, მალულად მიიღოს წამლები, რასაც ყოველთვის ვერ ახერხებს და მკურნალობის რეჟიმი ერღვევა. რეჟიმის დარღვევას თან ახლავს ეპილეფსიური გულყრების პროვოცირების რისკი, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც დედას (ვინაიდან არსებობს გულყრის დროს უეცარი სიკვდილის ალბათობა), ისე ნაყოფსაც (მოსალოდნელია მისი ტრავმული დაზიანება გულყრის დროს).

მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ზოგიერთი ანტიკონვულსანტი გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე, რაც ზრდის  მუცლად ყოფნის პერიოდში სხვადასხვა სახის მალფორმაციის ჩამოყალიბების რისკს. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ზოგად პოპულაციაში მალფორმაციების განვითარების რისკი 1-დან 3 პროცენტამდეა, ეპილეფსიით დაავადებულებთან ის 4-6 პროცენტს აღწევს. ორსულობის ადეკვატური მართვის არსი სწორედ ისაა, შეირჩეს ეფექტური და, ამავე დროს, ნაკლები გვერდითი ეფექტის მქონე პრეპარატი ისეთი დოზით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ანტიკონვულსიური მკურნალობის ძირითადი პრინციპი – გულყრების სრული კონტროლი არასასურველი თანმხლები მოვლენების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ანტიკონვულსანტების გვერდით ეფექტებს საგრძნობლად ამცირებს ფოლიუმის მჟავა, ამიტომ ეპილეფსიით დაავადებულმა ქალმა მისი მიღება დაგეგმილ ორსულობამდე ორი თვით ადრე მაინც უნდა დაიწყოს. თუ ორი თვის თავზე არ დაორსულდა – შეწყვიტოს, განაახლოს ორსულობის დადგენის დღიდანვე და მშობიარობამდე გააგრძელოს.

– ორსულობის დადგენისას ეპილეპტოლოგთან ვიზიტი აუცილებელია?

– ერთმნიშვნელოვნად. ეპილეფსიით დაავადებულმა ქალმა ორსულობის დადგენისთანავე უნდა მიმართოს ჯერ ეპილეპტოლოგს,  მერე კი გინეკოლოგს. ვიზიტის მთავარი მიზანი ანტიკონვულსიური თერაპიის კორექციაა. ეპილეფსიის მიმდინარეობისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ ეპილეპტოლოგი ორსულს შეუდგენს კვლევების ინდივიდუალურ გრაფიკს ეპილეპტოლოგიური პროფილით და ამ ინფორმაციას მიაწვდის გინეკოლოგს.

ეპილეფსიით დაავადებული ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვის საკითხი. თუ პაციენტი იღებს მაღალი რისკის პრეპარატს, ის ჯერ კიდევ დაორსულებამდე უნდა შეეცვალოს ნაკლებსარისკოთი. ორსულობის სამივე ტრიმესტრში აუცილებელია სისხლში ანტიკონვულსანტის (ან ანტიკონვულსანტების) კონცენტრაციის განსაზღვრა, რადგან ზოგიერთი მათგანის კონცენტრაცია ორსულობის სხვადასხვა ვადაზე იზრდება ან მცირდება. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ექიმისთვის, რადგან როდესაც სისხლში წამლის შემცველობა მაღალია, იზრდება მისი ტერატოგენული ეფექტის გამომჟღავნების ალბათობა, ხოლო დაბალი შემცველობა ზრდის გულყრების განვითარების რისკს.

– მაგრამ თუ პრეპარატის შეცვლა შეუძლებელია?

– ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო წამალი გულყრის ტიპისა და ეპილეფსიური სინდრომის მიხედვით ინიშნება. გოგონებთან, რომლებსაც ეპილეფსიური გულყრები პუბერტატულ ასაკში დაეწყოთ, მდგომარეობა უმეტესად ადვილად ემორჩილება ვალპროატით მკურნალობას, გულყრების სრულ კუპირებამდეც კი, მაგრამ ვალპროატი მალფორმაციებისა და კოგნიტური დარღვევების პროვოცირების კუთხით საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი პრეპარატია, ამიტომ ვცდილობთ, რეპროდუქციული ასაკის გოგონებს მის ნაცვლად სხვა, უფრო ნაკლებსარისკო მედიკამენტები დავუნიშნოთ. გულყრების სრულ კუპირებას ზოგჯერ მხოლოდ ვალპროატით ვაღწევთ და მისი მოხსნა ყოველთვის იწვევს შეტევების აღმოცენებას, ამიტომ იძულებული ვართ, მკურნალობა ვალპროატით დავიწყოთ. ამ შემთხვევაში პაციენტს ვაფრთხილებთ საშიშროების შესახებ, ვარიგებთ, თუ დაორსულება გადაწყვიტა, აუცილებლად მოვიდეს ჩვენთან, რათა, შეძლებისდაგავარად, ნაკლებსახიფათო პრეპარატი ან დოზა შევურჩიოთ ან, თუ მოხერხდა, წამალი საერთოდ მოვუხსნათ. ამის პარალელურად ორსულობის სამივე ტრიმესტრში უნდა გადამოწმდეს  მედიკამენტის კონცენტრაცია სისხლში. თუ ის საშუალოზე დაბალია, მალფორმაციის ალბათობაც იკლებს, მაგრამ ამ დროს აუცილებელია ენცეფალოგრამის კონტროლიც, რათა არ გამოგვეპაროს გულყრის განვითარების რისკი. საჭიროა კოაგულოგრამის პერიოდული გადამოწმებაც, ვინაიდან ზოგიერთი ანტიეპილეფსიური პრეპარატი კოაგულაციურ სისტემაზეც მოქმედებს. მე-12 კვირას აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნაყოფის ექოსკანირება. ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია გენეტიკური ანალიზის ჩატარებაც და ა.შ.

– ორსულობის დროს კრუნჩხვა თუ განვითარდა, ნაყოფზე თუ მოახდენს გავლენას?

– ნაყოფზე ერთჯერადი კრუნჩხვის უარყოფითი  გავლენის შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ საკმაოდ მწირია. უფრო თვალსაჩინოა ამ დროს მისი ფიზიკური დაზიანებისა და ორსულის ეპილეფსიური სტატუსის განვითარების საფრთხე, რაც საშიშროებას უქადის როგორც თავად ორსულს, ისე ნაყოფსაც.

– როგორ მოვიქცეთ, თუ ორსულს გულყრა განუვითარდა?

– გულყრის დროს ორსულს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. საკმარისია, დავიცვათ ეპილეფსიური გულყრის დროს პირველადი დახმარების საზოგადო წესები. კერძოდ:

  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
  • არ მოსცილდეთ ავადმყოფს, სანამ კრუნჩხვა არ დასრულდება.
  • არ გადააფაროთ სახეზე შავი ნაჭერი (გულყრის დროს ადამიანს სუნთქვა ისედაც უჭირს, ნაჭრის გადაფარება კი ჰიპოქსიას გააძლიერებს).
  • არ დაუჭიროთ ენა – მისი გადაყლაპვის საფრთხე არ არსებობს, ეს მითია.
  • ძალით არ გაუღოთ პირი.
  • არ დაალევინოთ წყალი.
  • არ ასუნთქოთ ნიშადური.
  • არ გაუჭრათ თითი, არ უკბინოთ თითზე.
  • გადააბრუნეთ გვერდზე.
  • მოსწმინდეთ დუჟი.
  • თუ პირში საკვების ლუკმა უდევს, გამოუღეთ.
  • დაელოდეთ გულყრის დამთავრებას და სასწრაფო დახმარების მოსვლას.

დაიხსომეთ შეტევის თითოეული დეტალი. გულყრის მიმდინარეობის ზუსტი აღწერილობა ძალზე მნიშვნელოვანია – ის დიდად დაეხმარება ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში.

– როგორია მიდგომა, თუ გულყრა პირველად ორსულობის პერიოდში განვითარდა?

– სამედიცინო დახმარების პრინციპები იგივეა, მაგრამ აუცილებელია, ზედმიწევნით განისაზღვროს გულყრის მიზეზი. გენერალიზებულ კრუნჩხვით გულყრას ზოგჯერ თავად ორსულობა უწევს პროვოცირებას. არსებობს ეპილეფსიური გულყრის კრუნჩხვითი და არაკრუნჩხვითი ფორმები. ეს უკანასკნელი ზოგჯერ წლობით აქვს ადამიანს, მაგრამ ვერაფერს ამჩნევს, სანამ არ განუვითარდება დიდი გენერალიზებული კრუნჩხვითი გულყრა, რომელიც შესაძლოა ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით იყოს პროვოცირებული. თუ საქმე არა მხოლოდ ერთ იზოლირებულ გენერალიზებულ გულყრასთან, არამედ სხვა ტიპის მცირე გულყრებთანაც გვაქვს, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოსტიკა და დაიწყოს ანტიეპიელფსიური მკურნალობა, ვინაიდან მაღალია გულყრის განმეორების რისკი. აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული  კვლევების ჩატარება აუცილებელია ერთი გენერალიზებული გულყრის შემთხვევაშიც. ის შესაძლოა არაეპილეფსიური ფორმისა იყოს ან მის უკან იმალებოდეს მცირე ეპილეფსიური გულყრები, რომლებსაც პაციენტი შეტევებად ვერ აღიქვამს. მეტიც: თუ ორსულს აღენიშნება ეკლამფსიური გულყრა, მშობიარობის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ეპილეპტოლოგს, რათა ეპილეფსიური გულყრების არსებობა გამორიცხოს.

– მშობიარობის ფორმას აქვს რამე მნიშვნელობა?

– თუ გულყრები კუპირებულია, პაციენტი კარგად არის მართული და ეპილეპტოლოგიური კუთხით გართულებას არ ველოდებით, გავცემთ რეკომენდაციას ფიზიოლოგიური მშობიარობის შესახებ. თუ გულყრები გახშირებულია (თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ასეთი შემთხვევა არ მქონია), უმჯობესია ჩატარდეს საკეისრო კვეთა. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ეპილეპტოლოგთან შეთანხმებით იღებს მეან-გინეკოლოგი. სამშობიარო გართულების შემთხვევაში გინეკოლოგი მოქმედებს ვითარების შესაბამისად.

მოგვიანებით ვაფასებთ ბავშვების ნეიროგანვითარებას, მშობლებს ვაწვდით ინფორმაციას მათი განვითარების საკითხებზე ან, საჭიროების შემთხვევაში, ვუდგენთ ნეირორეაბილიტაციის ინდივიდუალურ პროგრამას და ვუტარებთ რეაბილიტაციის შესაბამის კურსს. ნეიროგანვითარების მსუბუქი და საშუალო დონის დარღვევების შემთხვევაში ასეთი კურსის შემდეგ ბავშვების 80-100% სავსებით ჯანმრთელია.

ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს მულტიცენტრული კვლევა ორსულობისა და ანტიეპილეფსიური პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულების შესასწავლად – ორსულობისა და ანტიეპილეფსიური პრეპარატების საერთაშორისო რეგისტრი (EURAP), რომლის ნაწილიც (საქართველოს განყოფილება)  2000 წლიდან ჩვენს ინსტიტუტში ხორციელდება. აქვე მიმდინარეობს ეპილეფსიის მქონე ორსულთა მეთვალყურეობა ეპილეფსიის პროფილით. ყოველ მათგანს საერთაშორისო მოთხოვნებისამებრ უტარდება აუცილებელი პროტოკოლირებული კვლევები და კონსულტაციები. შემდგომ ვაკვირდებით მათ შვილებსაც ნეიროგანვითარების პროცესების შესაფასებლად. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, საქართველოში ცხოვრობს აქტიური ეპილეფსიიის მქონე 40 000-მდე ადამიანი. მათგან დაახლოებით 15 000 რეპროდუქციული ასაკისაა. მათი ნახევარი ხომ მაინც ორსულობის კანდიდატია... ამიტომ ამ საკითხების თაობაზე საზოგადოებისა და თავად პაციენტების ინფორმირებულობა აუცილებელია. მიხარია, რომ ამ საკითხს მიაქციეთ ყურადღება – ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება ხომ პაციენტთა განათლების ძალზე ეფექტური საშუალებაა.

– რამდენი შვილის ყოლა შეუძლია ეპილეფსიით დაავადებულ ქალს?

– სხვათა შორის, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ეპილეფსიის მქონე ქალებთან მუცლად ყოფნის პერიოდში მალფორმაციების განვითარების რისკი პირველ შვილს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მომდევნოებს. ამის მიზეზი უცნობია.

– როცა მამაკაცს აქვს ეპილეფსია, მაშინ თუ ადგება ზიანი ნაყოფს?

– ამ შემთხვევაში რისკი ნაკლებია. საზოგადოდ, მამაკაცებთან უფრო დაბალია ეპილეფსიის გენეტიკური გადაცემის სიხშირეც.

– ქალებთან როგორია მემკვიდრეობითი გადაცემის მაჩვენებელი?

– ზოგიერთ ეპილეფსიურ სინდრომებს შთამომავლობაში გამომჟღავნების ალბათობა შედარებით დიდი აქვს და პირიქით. საზოგადოდ, დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობის დაახლოებით  6 პროცენტს. ჩვენთან ჩატარებული კვლევების თანახმად, ეპილეფსია დაეწყო ეპილეფსიის მქონე ქალების შვილების 4 პროცენტს და ყველას დედას გენეტიკური ეპილეფსიური სინდრომი ჰქონდა, თუმცა ესეც პირობითია, რადგან გენეტიკური ეპილეფსიური სინდრომის მქონე ქალების შვილებს ეპილეფსია ასიდან მხოლოდ 5-10 შემთხვევაში უვითარდებათ. სხვა ტიპის სინდრომების დროს  ეპილეფსიის გამოვლენის რისკი არ აღემატება ზოგად პოპულაციაში აღრიცხულ მაჩვენებელს და 1-4 პროცენტს უდრის.

– შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ძუძუს წოვება ანტიეპილეფსიური მკურნალობის დროს?

– არათუ შეიძლება, აუცილებელიცაა. ქალი მთელი ორსულობის განმავლობაში იღებს ანტიეპილეფსიურ პრეპარატს, ესე იგი ნაყოფისთვის ეს ჩვეულებრივი გარემოა. ეპილეფსიის არმქონე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თუნდაც 6 თვის განმავლობაში რეგულარულად მიიღებს ანტიკონვულსანტს და შემდეგ ერთბაშად შეწყვეტს მის მიღებას, ეპილეფსიური გულყრა დაემუქრება, ამიტომ ანტიკონვულსანტი ძალიან ნელა უნდა მოიხსნას. როდესაც ქალს ძუძუს წოვას ვუკრძალავთ, ამით ახალშობილს ერთბაშად ვუწყვეტთ წამალს და ეპილეფსიური გულყრის განვითარების რისკის ქვეშ ვაყენებთ. ბუნებრივი კვების პირობებში  კი ახალშობილი დედის რძესთან ერთად იღებს ანტიკონვულსანტის უმცირეს დოზას, რომელიც მას გულყრისგან იცავს. წონის მატებასთან ერთად წამლის დოზა ბუნებრივად მცირდება (საზოგადოდ, წამალი ინიშნება წონაზე გადაანგარიშებით) და, დასასრულ, მისი მიღება უმტკივნეულოდ წყდება. გინეკოლოგიური სტაციონარის პერსონალი ეპილეფსიით დაავადებულ ქალებს, სამწუხაროდ, ხშირად ურჩევს, არ აწოვონ ძუძუ შვილს, რითაც დიდ საფრთხეს უქმნიან ახალშობილს. მცირერიცხოვანი კვლევებით დადგენილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული ქალების შვილებს, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებოდნენ, იმ ბავშვებზე უკეთესი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, რომლებიც არ იღებდნენ დედის რძეს.

– დაბოლოს, რას ურჩევდით ეპილეფსიის მქონე ქალებს?

– მთავარია, სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ თავიანთი მდგომარეობის შესახებ და სწორად მართონ ორსულობის პერიოდი. ნუ შეუშინდებიან შვილის გაჩენას – ადეკვატური მართვის პირობებში ორსულობა კეთილსაიმედო შედეგით სრულდება. ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ეპილეფსიით დაავადებულთა მტკიცე და ჰარმონიული ოჯახებისა და ჯანმრთელი შთამომავლობის  სახით.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: