ესთეტიკური პროცედურების უსაფრთხოებისთვის

გააზიარე:

ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ზოგი მათგანი კი მართლაც ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. მაგრამ ისინი ხშირად ძალზე სახიფათო პირობებში მიმდინარეობს და შესაძლოა, არცთუ სახარბიელოდ დასრულდეს. თავად განსაჯეთ – გასალამაზებლად წასული, ადვილი შესაძლებელია, B ან C ჰეპატიტით “ხელდამშვენებული” დაბრუნდეთ შინ...

ამიტომაა, ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი დაწესებულებების ზედამხედველობა რომ გამკაცრდა. შეიქმნა კანონიც, რომელიც ასეთ ობიექტებში ინფექციების კონტროლს არეგულირებს. დამეთანხმებით, მომხმარებლებმაც უნდა იცოდნენ, რა საფრთხე ელით, როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება და როდის ენდონ ამა თუ იმ მომსახურების მიმწოდებელს.

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, მედიცინის დოქტორ დავით წერეთელს.

 

რომელ დაწესებულებებშია მაღალიინფექციათა გავრცელების რისკი?

– ინფექციათა გავრცელების რისკი მაღალია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში – იქ, სადაც ადამიანის კანზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება. ასეთ დაწესებულებებში ინფექცია შესაძლოა სხვადასხვა გზით გავრცელდეს – როგორც ინსტრუმენტებით, ისე უშუალო კონტაქტითაც. ინფიცირება შესაძლოა გამოიწვიოს სისხლით თუ რომელიმე ბიოლოგიური სითხით დაბინძურებული ბასრი საგნის ჩხვლეტამ, კანის მთლიანობადარღვეულ უბანსა თუ  ლორწოვან გარსზე (თვალში, ცხვირის ღრუში, პირის ღრუში) სისხლის ან რომელიმე ბიოლოგიური სითხის მოხვედრამ. შესაძლოა, მომხმარებლისგან გადაედოს მომსახურე პერსონალს და პირიქით.

რომელი პროცედურებია სახიფათო?

– ინფექციის გავრცელება შესაძლოა ნებისმიერი ინვაზიური მანიპულაციის დროს. ინვაზიურია მანიპულაცია, რომელიც კანის ზედაპირის დარღვევას იწვევს, მათ შორის:

* აკუპუნქტურა – გრძელი წვრილი ნემსების სამედიცინო მიზნით შერჭობა სხეულის ე.წ. ენერგეტიკულ ზონებში;

* პირსინგი – სხეულის ზედაპირის გახვრეტა და ამ ნახვრეტში სამკაულის ჩასმა;

* ელექტროლიზისი – სხეულიდან თმის მოცილება ნემსისმაგვარი ელექტროდით, თმის ღერის ბოლქვში ელექტრული დენის გატარებით;

* ტატუირება – სხეულზე დეკორატიული დიზაინის მქონე გამოსახულების გამოყვანა ნემსით, კანქვეშ საღებავის შეყვანის გზით;

* ვაქსინგი – ჭარბი თმის მოცილების ბიოეპილაციური მეთოდი, კანიდან თმის ფესვიანად ამოღება ნატურალური ფისით ან ცვილით;

* მანიკიური და პედიკიური;

* თმის პარსვა.

კანზე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისას ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ინფიცირების რისკის შესახებ და მისგან მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. ორსულებმა და სხვა პირებმა, რომლებსაც ალერგიული რეაქციის მაღალი რისკი აქვთ (ალერგია შესაძლოა გამოიწვიოს ტატუირებისას გამოყენებულმა საღებავმა), წინასწარ აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია. ამასთან, როგორც სამედიცინო მომსახურების დროს ივსება პაციენტის ისტორია, ოპერატორიც ასევეა ვალდებული, აწარმოოს ჩანაწერები ტატუირების, პირსინგისა თუ აკუპუნქტურის პროცედურების შესახებ. ამით თავიდან ავიცილებთ გაუგებრობას და მონიტორინგის მეტი საშუალება გვექნება. ჩანაწერებში მითითებული უნდა იყოს პროცედურის რიგითი ნომერი, დასახელება, ლოკალიზაცია, ჩატარების თარიღი და დრო, მომხმარებლის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და საკონტაქტო ინფორმაცია.

როგორ შეიძლება დაინფიცირდეს მომხმარებელი და უმეტესად რომელი დაავადებები ვრცელდება ამ გზით?

– ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების დროს ინფიცირების მთავარი მიზეზი ოპერატორის მიერ ჰიგიენის წესების დაუცველობაა. ინფიცირების მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს სხვადასხვა ოპერატორის მიერ პარალელურ რეჟიმში ერთი და იმავე ინსტრუმენტის გამოყენება, სტერილური ინსტრუმენტების მოთავსება არასტერილურ ზედაპირზე ან შეხება არასტერილურ ინსტრუმენტებთან, სამედიცინო ნარჩენების მართვის წესების დაუცველობა. ასეთ დროს იზრდება სისხლის გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის – B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია`შიდსის, გავრცელების ალბათობა. ახლო კონტაქტის გამო ასეთ დაწესებულებებში მაღალია გრიპისა თუ სხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების რისკიც. ამიტომ მომსახურე პერსონალი სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული ამ საფრთხეების შესახებ და იცავდეს ჰიგიენის წესებს. სხვაგვარად საფრთხე შესაძლოა მის ჯანმრთელობასაც შეექმნას.

სახელდობრ, რა წესებია ეს?

– ოპერატორმა ნებისმიერი ინვაზიური თუ არაინვაზიური პროცედურის დაწყებამდე და დასრულებისთანავე უნდა დაიბანოს ხელები. თუ მანიპულაცია რაიმე მიზეზით შეწყდა, მაგალითად, ოპერატორს ტელეფონზე დაურეკეს, რაიმე ნივთი დაუვარდა და ა.შ., პროცედურის გაგრძლებამდე ხელები კიდევ ერთხელ უნდა დაიბანოს და დაიმუშაოს ანტისეპტიკური ხსნარით. პროცედურის ჩატარებისას მას უნდა ეცვას სუფთა ტანსაცმელი (ხალათი, ხელთათმანები) და ეკეთოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე, ნიღაბი). მეტადრე – ისეთი პროცედურისა, რომლის დროსაც მოსალოდნელია კონტაქტი სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებთან. არ შეიძლება პროცედურის დროს ჭამა, თამბაქოს წევა. ბუნებრივია, აუცილებელია ასეპტიკის წესების დაცვაც – პროცედურების ჩატარება სათანანდოდ დამუშავებული სტერილური ინსტრუმენტებით. ამასთან, ყველა ოპერატორმა, რომელიც ადამიანის კანზე ესთეტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებს უშუალოდ ატარებს, პერიოდულად უნდა შეიმოწმოს ჯანმრთელობა და ჩაიტაროს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა.

ინსტრუმენტების სათანადო სტერილიზაცი არასგულისხმობს?

– ინსტრუმენტების დამუშავება ვრცელი პროცესია და, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ უშუალო სტერილიზაციას არ გულისხმობს. თავად მინახავს, მაგალითად, შვედეთის კლინიკებში, წინასასტერილიზაციო ოთახში როგორ იჯდა რამდენიმე ქალი და წინასასტერილიზაციო დამუშავების შემდეგ გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა იარაღებს, ცილოვანი ან ცხიმოვანი აპკი რომ არ გამოჰპარვოდათ, ვინაიდან, თუ ინსტრუმენტს ასეთი აპკი შერჩა, როგორც არ უნდა გავასტერილოთ, მიკროორგანიზმი მასზე მაინც დარჩება. ამრიგად, მხოლოდ სასტერილიზაციო აპარატში მოთავსება სამუშაო იარაღის უსაფრთხოების გარანტია არ არის. დეზინფიცირება, რეცხვა, დახარისხება, გაწმენდა – ეს წინასასტერილიზაციო პროცედურები ინსტრუმენტმა თუ სრულფასოვნად არ გაიარა, სტერილურად ვერ ჩაითვლება. ამასთან, უნდა არსებობდეს ჟურნალი, სადაც დეტალურად აღიწერება სტერილიზაციის ექსპოზიციის დრო, წნევისა და ტემპერატურის მაჩვენებლები.

სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ჩვენთან ხშირად მოდიან სხვადასხვა დაწესებულებიდან იმის საკითხავად, რომელი სასტერილიზაციო აპარატი შეიძინონ და სტერილიზაციის რომელი მეთოდი გამოიყენონ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: შეიძლება სტერილიზაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება, რომელიც ჯანმოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის აღიარებული. მეთოდი იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, რა მოთხოვნები და შესაძლებლობები აქვს დაწესებულებას. მაგალითად, სტერილიზაციის ზოგიერთ მეთოდს არათერმომედეგი საგნებისთვის ვერ გამოვიყენებთ. ზოგ აპარატს მონიტორინგის მეტი საშუალება აქვს და, შესაბამისად, უფრო საიმედოცაა, ზოგი უფრო ძვირად ღირებულია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის საჭირო და ა.შ. ასე რომ, სასტერილიზაციო აპარატიც და სტერილიზაციის მეთოდიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

რამდენადაა დამოკიდებული დაწესებულების ინფრასტრუქტურაზე პროცედურების უსაფრთხოება?

– სათავსების აღჭურვილობა, მოწყობა და სამუშაო რეჟიმი, ბუნებრივია, იმგვარი უნდა იყოს, რომ მომხმარებლებისა და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს. მაგალითად, დაბინძურებული ინსტრუმენტები არ უნდა ირეცხებოდეს იმ ნიჟარაში, რომელშიც მომსახურე პერსონალი ხელებს იბანს, კედლები და იატაკი გლუვი და სწორი, სანიტარიული დამუშავებისთვის მოხერხებული უნდა იყოს. სანიტარიული კვანძის კედლებს უნდა ჰქონდეს სველი წესით დამუშავებისა და დეზინფექციისადმი მედეგი საფარი. ასევე ადვილად უნდა ექვემდებარებოდეს წმენდა-დეზინფექციას აღჭურვილობა, ავეჯი და ინვენტარი. სამუშაო ადგილზე უნდა იყოს ხელსაბანი ნიჟარა, ონკანი, რომელიც ცივი და ცხელი წყლით მარაგდება, თხევადი საპონი და ერთჯერადი ხელსახოცები (ან საკმაო რაოდენობის ინდივიდუალური ხელსახოცი), სათანადო სარეცხი საშუალებები.

როგორ უნდა დასუფთავდეს სამანიპულაციო ოთახი?

– დასუფთავების პროცედურა ხელთათმანებით უნდა ჩატარდეს, რომელთა გახდის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა ან დამუშავება ხელის ანტისეპტიკური სითხით.

ყოველგვარი ზედაპირი, რომელსაც ეხება პროცედურის დროს ადამიანის კანი, ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ უნდა დასუფთავდეს წყლითა და სადეზინფექციო საშუალებით. იმ ზედაპირების დასუფთავება, რომლებსაც არ ეხებიან, შეიძლება უფრო იშვიათად, მაგრამ რეგულარულად, დღეში ერთხელ მაინც.

დიდი მნიშვნელობა აქვს ნარჩენების მართვას. ნარჩენები ორ ჯგუფად იყოფა – არასახიფათოდ (საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო, საკვები ნარჩენები) და სახიფათოდ (ადამიანის ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურებული მასალები, ინსტრუმენტები, ხელთათმანები, ხელსახოცები, ნემსები და სხვა). არასახიფათო ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის მოვალეობაა, სახიფათო კი სპეციალური ლიცენზიის მქონე ორგანიზაციამ უნდა გაიტანოს და სათანადოდ გააუვნებლოს.

გამოყენებული ერთჯერადი ინსტრუმენტები თავდაუხურავად უნდა მოთავსდეს სპეციალურ მუყაოს ყუთში, საიდანაც გადმოპირქვავების შემთხვევაშიც არ გადმოცვივდება. ასეთივე კონტეინერში უნდა მოთავსდეს მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები – ცხადია, ერთჯერადებისგან განცალკევებით.

– B და C ჰეპატიტებისა და შიდსის შემთხვევათა რა წილი მოდის ამ გზით ინფიცირებაზე?

– ამის ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია. ამ ინფექციების გადაცემა სხვადასხვა გზით ხდება, მათი საინკუბაციო პერიოდი კი საკმაოდ ხანგრძლივია, ამიტომ ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაავადების აღმოჩენისას ვერავინ იტყვის, სად და როდის დაინფიცირდა პირი, რომელსაც, მაგალითად, აქვს დაუცველი სქესობრივი კავშირები და იმავდროულად ინვაზიურ პროცედურებსაც იტარებს. როგორც არ უნდა იყოს, ზემოთ აღწერილი ღონისძიებების გარეშე ამ დაავადებების მართვა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. მოგეხსენებათ, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა მიმდინარეობს. ეს ძალისხმევა ამაოდ ჩაივლის, თუ არ გამკაცრდა ინფექციების პრევენცია და კონტროლი საზოგადოებრივ დაწესებულებებში. თუ ეს მოხერხდა, მოხერხდება ელიმინაციაც, ვინაიდან მინიმუმადე დავა ჰეპატიტის გავრცელების ალბათობა. ამასთან, ეს ღონისძიებები სისხლის გზით გადამდები ყველა სხვა ინფექციის გავრცელებასაც შეამცირებს.

– იცავენ თუ არა ამ წესებს საზოგადოებრივი დაწესებულებები და როგორ რეაგირებთ წესის დარღვევაზე?

– 2015 წლამდე საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ პირველი კანონი, რომელიც სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში ინფექციების კონტროლს არეგულირებს. ჩვენი წარმომადგენლები დადიან საზოგადოებრივ დაწესებულებებში და პერსონალს აწვდიან სათანადო ინფორმაციას, ასწავლიან, უტარებენ ტრენინგებს. სხვათა შორის, იმავე ღონისძიებებს აქტიურად მართავს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია. მინდა, აღვნიშნო ასოციაციის პრეზიდენტის, ქალბატონი ქეთევან გოგილაშვილის დამსახურება, რომელმაც ამ კუთხით მართლაც უდიდესი სამუშაო გასწია. მიმაჩნია, რომ ურიგო არ იქნება, თუ ასეთ ასოციაციებს დააარსებენ ესთეტიკური და კოსმეტიკური მომსახურების მიმწოდებლებიც. რაც შეეხება რეაგირებას, პირველი დარღვევისას სიტყვიერ გაფრთხილებას ვჯერდებით და დაწესებულებას ვაძლევთ შესაბამის ვადას პრობლემის აღმოსაფხვრელად, ვინაიდან ჩვენი მიზანი არა დაჯარიმება და ბიზნესის შევიწროება, არამედ ქვეყანაში ინფექციათა პრევენციისა და კონტროლისადმი თანამედროვე მიდგომების დანერგვაა.

 

 

 

 

 

გააზიარე: