კონტაგიოზური მოლუსკი

გააზიარე:

კონტაგიოზური მოლუსკი კანის გავრცელებული ინფექციური დაავადება და დიდსა თუ პატარასთან თანაბრად გვხვდება. მოლუსკები, რომლებიც აქამდე გვინახავს, მომხიბლავი და სასარგებლო არსებები არიან, მაგრამ ამ დაავადებას მათთან საერთო არაფერი აქვს – სახელწოდება კანის უჯრედებში არსებული ჩანართების მოლუსკისებრი ფორმის გამო შემორჩა. გამონაყარს ხშირად ადარებენ მეჭეჭებს. თავდაპირველად ელემენტები ერთეულია, დროთა განმავლობაში კი მრავლდება და უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება...

 

რა იწვევს მოლუსკს

კონტაგიოზურ მოლუსკს პოქსვირუსების ოჯახის წარმომადგენელი MCV ვირუსი იწვევს. ცნობილია ვირუსის ოთხი ფორმა: MCV-1, MCV-2, MCV-3, MCV-4. კონტაგიოზური მოლუსკის განვითარებაში ბრალი ყველაზე ხშირად პირველ ორს მიუძღვის. ვირუსი მხოლოდ ადამიანს ხვდება, ცხოველებთან მის გავრცელებას კავშირი არ აქვს.

კონტაგიოზური მოლუსკი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. აშშ-ის მონაცემებით, კანის დაავადებათა საერთო სტრუქტურის 1% სწორედ მის წილად მოდის. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება თბილ ქვეყნებში, სადაც ბავშვებს შილიფად აცვიათ და არ იცავენ ჰიგიენის წესებს. მაგალითად, პაპუა-ახალ გვინეაში 2-დან 10 წლამდე ასაკის ყოველი მეორე ბავშვს ერთხელ მაინც ემართება კონტაგიოზური მოლუსკი. სტატისტიკა იმასაც მოწმობს, რომ ბიჭები გოგონებზე ორჯერ ხშირად ავადმყოფობენ.

დაავადების გავრცელების მიხედვით გამოყოფენ პაციენტების 3 ჯგუფს:

* 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს (6 თვიდან 2 წლამდე დაავადება ფაქტობრივად არ გვხვდება, რადგან ბავშვს დედის იმუნიტეტი იცავს);

* იმუნოსუპრესიულ პირებს (აივინფიცირებულებს, ქიმიოთერაპიაზე მყოფებს, პაციენტებს, რომლებიც დიდი ხანია იღებენ სტეროიდებს). დაავადების სიხშირე მათთან 18-დან 33% -მდე მერყეობს;

* ზრდასრულებს. 50 წელს გადაცილებულებს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ.

 

როგორ ვლინდება

კონტაგიოზური მოლუსკი, როგორც აღვნიშნეთ, ვირუსული ინფექციური დაავადებაა, თუმცა, სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, ზოგადი ინტოქსიკაციური მოვლენები: ცხელება, ხველა, ღებინება, – არ ახასიათებს. ნაცვლად ამისა, მისთვის დამახასიათებელია პაპულური (კვანძოვანი) გამონაყარი სხეულის სხვადასხვა არეში. ბავშვებთან გამონაყარი უმეტესად ხელებზე, ფეხებსა და ტანზე ლოკალიზდება, ზრდასრულებთან კი სასქესო ორგანოებსა და მუცელზე.

გამონაყარი უმტკივნეულოა, ზოგჯერ – მქავანა.

გამონაყარი მოვარდისფროა, მომრგვალო, შუაში ნაჭდევით. დიამეტრი 2-5 მმ-ია. იშვიათად გვხვდება კონტაგიოზური მოლუსკის გიგანტური ფორმაც, როდესაც გამონაყრის დიამეტრი 1-2 სმ-ს აღწევს.

გამონაყრის ელემენტების რაოდენობა 1-დან 10-მდეა, თუმცა არც მათი მთელ სხეულზე გავრცელებაა გამორიცხული. ამ შემთხვევაში ელემენტების რაოდენობა რამდენიმე ათეულამდე იზრდება.

გამონაყარი შესაძლოა იყოს გაფანტულიც და ერთ ადგილას ჯგუფურად თავმოყრილიც.

გამონაყარის ელემენტები შეიცავს მოთეთრო, ხაჭოსებრ შიგთავსს.

საინკუბაციო (უსიმპტომო) პერიოდი ორი კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, ამიტომ დაავადების წყაროს პოვნა ხშირად შეუძლებელია.

 

როგორ ვრცელდება

ადამიანისგან ადამიანს ვირუსი კონტაქტური გზით გადაედება. ხშირია ინფიცირება სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების: პირსახოცის, ღრუბლის, – ასევე სათამაშოების მეშვეობითაც. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, დაავადების გავრცელებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საცურაო აუზი და საუნაც, ოღონდ ვირუსი ვრცელდება არა წყლის, არამედ აუზის ირგვლივ არსებული საგნების მეშვეობით. გამონაყარის თვითნებური გაღიზიანებისას, წვერის გაპარსვისას შესაძლოა ვირუსი სხეულის ერთი ადგილიდან მეორეზე მოხვდეს. გადაედება სქესობრივი კონტაქტის დროსაც. ამ შემთხვევაში გამონაყარი პირველად სასქესო ორგანოებზე ჩნდება.

ვირუსი კანის ზედაპირულ შრეში, ეპიდერმისში, რჩება, ორგანიზმში არ ცირკულირებს, ამიტომ შეუძლებელია, გადაედოს ხველისა და ცემინების დროს. ამასთან, არც ჰერპესვირუსივით "იძინებს" – თუ გამონაყარი გაქრა, ესე იგი გაქრა ვირუსიც და ადამიანი გადამდები აღარ არის.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების კლასიკური მიმდინარეობისას ექიმს დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა უბრალო დათვალიერებაც ეყოს. მეორეული ინფიცირების შემთხვევაში დიაგნოსტიკა ზოგჯერ ჭირს. დერმატოლოგმა შესაძლოა ჩაგიტაროთ კანის ბიოფსია – დაზიანებული მიდამოდან აიღოს კანის მცირე ნაწილი და მიკროსკოპით დაათვალიეროს. დათვალიერებისას ეპიდერმისის უჯრედებში მოლუსკის ფორმის ჩანართები ჩანს.

 

როგორ მკურნალობენ

წესისამებრ, დაავადება მკურნალობას არ მოითხოვს და კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს. უმეტესად ის 2-3 თვეში გაივლის, თუმცა ზოგჯერ 6-8 თვიდან წლამდეც კი ჭიანურდება. უნდა გვახსოვდეს, რომ იმუნურ სისტმას დრო სჭირდება ძალის მოსაკრებად.

მკურნალობა აუცილებელია იმუნიტეტდაქვეითებულთათვის და გამონაყარის სასქესო ორგანოებზე ლოკალიზებისას.

ჯანმრთელ ბავშვებს არ მკურნალობენ, რადგან:

* დავაადება თვითგანკურნებადია – რამდენიმე (12-18) თვეში თავისთავად გაივლის;

* მკურნალობის ზოგი მეთოდი (მაგალითად, თხევადი აზოტით მოწვა) მტკივნეულია;

* ზოგიერთმა ადგილობრივმა საშუალებამ შესაძლოა გამოიწვოს დამწვრობა გამონაყარის ირგვლივ;

* მკურნალობის ყოველგვარ მეთოდს ახლავს მცირედი რისკი, გამონაყარის ადგილას ნაწიბური დატოვოს. განსაკუთრებით ფაქიზია სახის კანი. როცა გამონაყარი თავისთავად ალაგდება, ნაწიბური ფაქტობრივად არ რჩება.

არსებობს დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, თუმცა უცნობია, რომელი უფრო ეფექტურია. არჩევანი პაციენტის ასაკსა და პირადი ექიმის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. თვითნებური მკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება – არათუ ვერ განიკურნებით, არამედ შესაძლოა, თავს სერიოზული ზიანიც მიაყენოთ.

 

ადგილობრივი მკურნალობა

კონტაგიოზური მოლუსკის ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ კრემებს და ხსნარებს, მათ შორის – რეტინოიდების შემცველს (ტრეტინოინის კრემი, ადაპალენი), თუმცა ორსულთათვის მათი გამოყენება აკრძალულია, ვინაიდან ტოქსიკური ეფექტს ახდენს ნაყოფზე.

კიდევ ერთი ადგილობრივი საშუალებაა კალიუმის ჰიდროქსიდის 10%-იანი წყალხსნარი. თითოეული ელემენტი ამ ხსნარით დღეში 2-ჯერ უნდა დამუშავდეს. კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად პროცედურა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებთანაც შეიძლება.

მეჭეჭების სამკურნალოდ ეფექტურად იყენებენ 17%-იან სალიცილის მჟავას. მისი მეშვეობით კონტაგიოზური მოლუსკის მკურნალობაც შეიძლება.

ქირურგიული ჩარევა გულისხმობს გამონაყარის ელემენტების შიგთავსის გამოდევნას (კიურეტაჟს). პროცედურა მტკივნეულია. ტკივილის შესამცირებლად 1-2 საათით ადრე შეიძლება დაზიანებულ ადგილას ადგილობრივი ანესთეტიკის – ემლას კრემის წასმა.

ეფექტურია ლაზეროთერაპია და კრიოთერაპია (მოყინვა) თხევადი აზოტით, თუმცა ეს პროცედურებიც არანაკლებ მტკივნეულია. ზრდასრულებთან კრიოთერაპია მკურნალობის პირველი რიგის მეთოდად მიიჩნევა. პროცედურები ტარდება 2-3-კვირიანი შუალედებით. რაც შეეხება ლაზეროთერაპიას, მას აქტიურად იყენებენ აივინფიცირებულებთან დაავადების რეზისტენტული მიმდინარეობისას. მკურნალობის ეფექტურობა 95%-ს აღწევს. იმუნოსუპრესირებულ პაციენტებთან შეიძლება იმიკვიმოდის 5%-იანი კრემის გამოყენება.

მეორეული ბაქტერიული ინფექციით გართულებისას ინიშნება ანტიბიოტიკის შემცველი მალამოები. ადგილობრივ თერაპიასთან ერთად ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ დასალევი პრეპარატი ციმეტიდინიც. მას ნაკლები გვერდითი ეფექტი ახასიათებს და იყენებენ ბავშვებთანაც.

 

გართულება

დაავადება შესაძლოა გართულდეს გამონაყარის ელემენტების გაღიზიანებით, ანთებითა და მეორეული ბაქტერიული ინფექციით. გართულება ყველაზე მეტად იმუნიტეტდაქვეითებულებთანაა მოსალოდნელი – აივინფიცირებულებთან, ქიმიოთერაპიაზე მყოფ პირებითან. გამორიცხული არ არის გართულება ცელულიტით (კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფექციური დავადებით), კანის აბსცესით (სტაფილოკოკური ინფექციისას) და ნეკროზული ცელულიტით. მკურნალობის შემდეგ კანზე შესაძლოა მცირე კოსმეტიკური დეფექტი დარჩეს, განსაკუთრებით – იმუნიტეტდაქვეითებულ პირებთან, რადგან მათ, წესისამებრ, შედარებით დიდი ზომის გამონაყარი აქვთ

 

დაბოლოს...

მართალია, კონტაგიოზურ მოლუსკს კეთილსაიმედო მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ მკურნალობის საუკეთესო მეთოდი მისი პრევენციაა:

* ხშირად იბანეთ ხელები საპნით;

* ნუ გაიღიზიანებთ გამონაყარს და თვითნებურად ნუ გამოდევნით მის შიგთავსს – ამ გზით ინფექციას სხეულის სხვა ადგილებზე გადაიტანთ;

* აუზზე დაიცავით ჰიგიენის წესები;

* მოარიდეთ ბავშვი სხვის სათამაშოებს;

* ერიდეთ სხვის სამკაულებს;

* გამონაყარზე დაკარით ლეიკოპლასტირი;

* ნუ გაიპარსავთ წვერს გამონაყარის მიდამოში. თუ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემები;

* თუ გამონაყარი სასქეზო ორგანოებზე გაგიჩნდათ, ერიდეთ სქესობრივ კონტაქტს.

 

გააზიარე: