რა ემუქრება სარძევე ჯირკვალს

გააზიარე:

რა ემუქრება სარძევე ჯირკვალს

უწყინარი კვანძები

მასტიტი – მეძუძური დედის კოშმარი

საფუძვლიანად ვიკვლევთ

ძუძუს კიბო – მძიმე განაჩენიდან განკურნებამდე

 

რა ემუქრება სარძევე ჯირკვალს

ქალის ბუნებრივი სამკაული, ჩვილის საზრდოს მთავარი წყარო, დედა-შვილის ფსიქოლოგიური კავშირის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – ასე შეიძლება დავახასიათოთ სარძევე ჯირკვალი, რეპროდუქციული სისტემის ერთ-ერთი უნატიფესი ორგანო, რომელიც, სამწუხაროდ, იოლად ემორჩილება ავთვისებიან პროცესს და ხშირად უქმნის საფრთხეს ქალის სიცოცხლეს. ძუძუს კიბოთი ავადობა წლიდან წლამდე იმატებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმატებს დროულად გამოვლენილი შემთხვევებისა და, ამის კვალობაზე, გადარჩენილი ქალების რიცხვიც.

მართალია, სარძევე ჯირკვლის ახალწარმონაქმნები უმეტესად კეთილთვისებიანია, მაგრამ კიბოსგან თავის დასაზღვევად ძუძუს ყოველგვარ ცვლილებას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მაინც რა ცვლილება შეიძლება განიცადოს სარძევე ჯირკვალმა?

 

მცირე ანატომია

სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.

სარძევე ჯირკვალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. მის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ასაკი, სისხლში ჰორმონების შემცველობა, ესა თუ ის სამედიცინო პრეპარატი.

 

ჰორმონების როლი

მენსტრუაციის, ორსულობის, ძუძუთი კვებისა და მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენებისა და პროგესტერონის რაოდენობა იცვლება. სარძევე ჯირკვალი ამ ცვლილებებზე რეაგირებს. ჯირკვალში სითხის რაოდენობა სწორედ ჰორმონებზეა დამოკიდებული. სითხის მომატებისას ძუძუს მგრძნობიარე ან მტკივნეული ხდება. ცვლილებები სარძევე ჯირკვალში ზოგჯერ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების დროსაც შეიმჩნევა.

 

ასაკის კვალდაკვალ

ასაკთან ერთად სარძევე ჯირკვალში ცხიმოვანი ქსოვილი განილევა და მკერდი პატარავდება. შემაერთებელი ქსოვილი, რომელზეცაა დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის სიმკვრივე და ფორმა, ეშვება. იცვლება დვრილიც: არეოლა (დვრილის გარშემო არსებული მუქი რგოლი) პატარავდება და შესაძლოა გაქრეს კიდეც, ძუძუსთავები კი შიგნით  ჩაბრუნდეს.

 

ფიბროზი და ცისტა

სარძევე ჯირკვლის ფიბროზი ნაწიბურისმაგვარი წარმონაქმნია,  ცისტა კი – სითხით სავსე მრგვალი ან ოვალური მოძრავი ტომარა. ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები ოდესმე მაინც ჰქონია ქალების ნახევარზე მეტს. ისინი უმეტესად  20-დან 45 წლამდე იჩენს თავს, თუმცა არც სხვა ასაკშია გამორიცხული. ძალიან იშვიათია მენოპაუზის შემდეგ, თუ ქალი ესტროგენებს არ იღებს. ცისტა უმეტესად 40 წლის შემდეგ ჩნდება, მენსტრუაციის დროს დიდდება და მტკივნეული და შესამჩნევი ხდება. არსებობს მიკროცისტებიც, რომლებსაც მხოლოდ მიკროსკოპით თუ შევამჩნევთ. სითხის მატებისას ისინი მაკროცისტებად გარდაიქმნება. ზოგჯერ ცისტა იმხელა იზრდება, რომ ხელითაც მოსინჯვის დროსაც შევიგრძნობთ. ცისტის გარეშემო ქსოვილი დაჭიმული და მტკივნეულია.  

 

როგორ ვიეჭვოთ

ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებების დროს სიპტომები მძაფრდება მენსტრუაციის წინ. ესენი შეიძლება იყოს ტკივილი და დისკომფორტი ორივე ძუძუში. ტკივილი, წესისამებრ, მენსტრუაციასთან ერთად იწყება და გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული, მთელი თვეც გაგრძელდეს. ქალი გრძნობს მკერდის სისავსეს, შეშუპებას, სიმძიმეს, სიმკვრივეს, დისკომფორტს. ფიბროზული კვანძი ზოგჯერ თითებით ისინჯება, ადვილად მოძრაობს, არ არის ჩაზრდილი ირგვლივ მდებარე ქსოვილებში.

სიმპტომები შესაძლოა დამძიმდეს მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლის ფონზე, ჩასახვის საწინააღდეგო ტაბლეტების მიღების შემთხვევაში კი შემსუბუქდეს. მენოპაუზის შემდეგ მდგომარეობა უმეტესად უმჯობესდება.

 

გამოკვლევები

ფიბროზულ-ცისტოზურ ცვლილებებზე ეჭვის მიტანა სიმპტომების საფუძველზეც შესაძლებელია. მათზე მიუთითებს ტკივილი, კვანძები ან შემკვრივებული ადგილები, სიმპტომების დამოკიდებულება ციკლზე. ინსტრუმენტული გამოკვლევებიდან 35 წლამდე უმეტესად ულტრასონოგრაფიას იყენებენ, 40 წლიდან კი უკვე მამოგრაფიას.

 

მკურნალობა

თუ ქალს კვანძი აქვს, მაგრამ არაფერი აწუხებს, მკურნალობას არ უნიშნავენ. ტკივილის შემთხვევაში შეიძლება პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღება, მკერდზე თბილი ან ცივი სათბურის დადება, მჭიდროდ მორგებული ან სპორტული აზღუდის ტარება.

ზოგი ქალი თავს უკეთ გრძნობს, როცა ნაკლებ ცხიმს, კოფეინს (ჩაი, ყავა) ან შოკოლადს იღებს. მართალია, ამ ღონისძიებათა შედეგიანობა სამეცნიერო გამოკვლევებით არ არის დამტკიცებული, მაგრამ ქალს მათი რამდენიმე თვით მოსინჯვა არაფერს დააკარგვინებს.

ვინაიდან მკერდი განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს შუპდება, ამ პერიოდში ქალს ექიმი მარილის შეზღუდვას ან მსუბუქი შარდმდენის მიღებასაც ურჩევს. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ცისტის შიგთავსს ნემსით გამოტუმბავენ.

პოპულარული საშუალებები: E ვიტამინი, თიამინი, მაგნიუმი, ფურისულას ზეთი, – არ გავნებთ, თუმცა მათი მარგებლობა საეჭვოა. როგორც არ უნდა იყოს, გადაჭარბებულ მიღებას ერიდეთ.

თუ მდგომარეობა უფრო რთულია, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეარატები, რომელთა მიღებისას აუცილებელია ინსტრუქციის დაცვა.

ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებების დროს ოპერაციას არ მიმართავენ. თუ რომელიმე კვანძი განსაკუთრებით მკვრივია, შესაძლოა, ჩატარდეს მისი ბიოფსია და ქსოვილის მოკვეთილი ნაწილის მიკროსკოპული შესწავლა. 

ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები არ ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.

უწყინარი კვანძები

 სარძევე ჯირკვალში სიმაგრის აღმოჩენისთანავე ყველაზე უარესს წარმოვიდგენთ ხოლმე. არადა ცნობილია, რომ სარძევე ჯირკვლის ათიდან შვიდი წარმონაქმნი უწყინარია. მათგან ყველაზე მეტად ფიბროადენომაა გავრცელებული. შედარებით იშვიათია ფიბროლიპომა, ლიპომა და სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეები.

ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად 20-30 წლის ქალებთან გვხვდება. მას ბანალურ ფიბროადენომას უწოდებენ. არსებობს იუვენილური ფიბროადენომაც, რომელიც პუბერტატულ ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში წარმოიშობა, მაშინ, როდესაც ქალის ორგანიზმში ცვლილებები ხდება, მენსტრუაციული სტატუსი ახალი შეძენილია და არც ჰორმონული ბალანსია ბოლომდე დარეგულირებული. ფიბროადენომის განსაკუთრებული სახეობაა ფოთლისებრი ფიბროადენომა, იგივე კვანძოვანი ფიბროადენომატოზი – რამდენიმე ფიბროადენომის ერთდროული არსებობა. სხვაგვარად მას ფიბროიდულ სარკომასაც უწოდებენ.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეექვსე ქალს ფიბროადენომა უჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ჩვენშიც ბევრს აწუხებს, მისი ზუსტი დიაგნოსტირება და სხვა პათოლოგიებისგან დიფერენცირება ყოველთვის ვერ ხერხდება. საქართველოში არც ზუსტი სტატისტიკა არსებობს, თუმცა, სავარაუდოდ, ჩვენშიც დაახლოებით იგივე სურათია, რაც დანარჩენ მსოფლიოში.

 

რატომ მე?alk

დიაგნოზის გაგების შემდეგ პაციენტები ყველაზე ხშირად სწორედ ამ კითხვას სვამენ: რატომ მე? რამ გააჩინა ფიბროადენომა – მზის აბაზანებმა, სოლარიუმმა თუ ტრავმამ? იქნებ ყველაფერი გენეტიკის ბრალია?

სამწუხაროდ, ფიბროადენოიმის უშუალო მიზეზი უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ მის წარმოქმნას ჰორმონული დისბალანსი იწვევს. 20-დან 30 წლამდე ჰორმოული ძვრები ხშირია. ამიტომაც ემართებათ ფიბროადენომა უმეტესად ახალგაზრდა ქალებს. ვარაუდობენ, რომ ფიბროადენომის ერთ-ერთი მიზეზი ჰიპერესტროგენემია ანუ ესტროგენის დონის მატებაა. მოგეხსენებათ, ძუძუს ქსოვილში ყველა იმ ჰორმონის შესატყვისი რეცეპტორებია, რომელიც კი ქალის ორგანიზმში გამომუშავდება, ამიტომ ესტროგენ-პროგესტერონის ბალანსის დარღვევა და ესტროგენის ჭარბი წარმოქმნა სარძევე ჯირკვალში ფიბროზის მომატებას და შემაერთებელქსოვილოვან სიმკვრივეს იწვევს, რომლისგანაც მერე ფიბროადენომა ყალიბდება. 35-40 წლის შემდეგ ის ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ ასაკში განვითარებული სიმსივნეები მეტწილად, სამწუხაროდ, ავთვისებიანია.

გარუჯვის თაობაზე ექიმების მოსაზრება ორად იყოფა. ზოგი მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ზოგს კი გარუჯვა ფიბროადენომის უშუალო მიზეზად არ მიაჩნია, თუმცა ულტრაიისფერი გამოსხივება და რადიაცია ორგანოებში, მათ შორის – სარძევე ჯირკვალშიც, პროლიფერაციულ პროცესებს უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ის ფიბროადენომის წარმოშობის ხელშემწყობ ფაქტორად.

გენეტიკურად ფიბროადენომა არ გადაეცემა, თუმცა მის მიმართ ერთგვარი განწყობის გადაცემა შესაძლებელია. ამის დასტურია ოჯახები, სადაც რამდენიმე ქალს სჭირს კვანძოვანი ფიბროადენომატოზი.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ორსულობა ფიბროადენომის ზრდას უწყობს ხელს. საქმე ის არის, რომ ორსულობის დროს ძუძუს ქსოვილის მასა იმატებს, ამიტომ შესაძლოა ფიბროადენომაც გაიზარდოს. თანაც, მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში მძლავრი ჰორმონული ძვრები ხდება. ნებისმიერი ჰორმონული გადაწყობა, ორსულობა იქნება ეს, მენოპაუზა თუ ამენორეა, ფიბროადენომაზეც ახდენს გავლენას, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის იწვევს მის ზრდას. მედიცინაში ყველაფერი ხდება. ისეთი შემთხვევებიც კია აღწერილი, როცა ორსულობის დროს ფიბროადენომა არათუ არ გაზრდილა, არამედ დაპატარავდა და გაიწოვა.

 

როგორ მივაგნოთ

ფიბროადენომას ყველაზე ხშირად თვითგასინჯვით აღმოაჩენენ. თუ ბანაობისას ან შემთხვევითი შეხებისას ძუძუში მკვრივი წარმონაქმნი შეამჩნიეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ მამოლოგს. ვიზიტის გადადება საშიშია.

ტკივილი ფიბროადენომის მთავარი ნიშანი არ არის – კვანძი უმტკვინეულოც შეიძლება იყოს და მტკივნეულიც.

სამწუხაროდ, ყველა ფიბროადენომა ხელით ვერ ისინჯება. სხვათა შორის, სტატისტიკა მოწმობს, რომ თვითგასინჯვა არც ისე ეფექტურია, როგორც აქამდე მიაჩნდათ. ზოგჯერ გამოცდილ მამოლოგებსაც კი უჭირთ მცირე ზომის კვანძების გასინჯვით აღმოჩენა და რა გასაკვირია, რომ არაპროფესიონალმა ვერ შეძლოს. ამიტომ ძირითად სადიაგნოზო მეთოდად ექოსკოპია მიიჩნევა. საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიაც ტარდება.

 

რას ველოდეთ

ფიბროადენომის დროს ყოველი ექოსკოპიური გამოკვლევა გვაშინებს – ვაითუ გაიზარდა, ვაითუ გადაგვარდა... რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. პროცესები შესაძლოა ისე წარიმართოს, რომ კვანძი გადაგვარდეს. სწორედ ამის გასარკვევადაა აუცილებელი კვანძის პერმანენტული კონტროლი და მამოლოგის მეთვალყურეობა.

სხვა საქმეა ფოთლისებრი ფიბროადენომა. ის ბანალური ფიბროადენომისგან განსხვავდება. როგორ “მოიქცევა” კვანძი, წინასწარ ვერავინ იტყვის – ეს ძალზე ინდივიდუალურია, თუმცა გადაგვარების შანსი ამ შემთხვევაში უფრო დიდია, ვიდრე ბანალური ფიბროადენომის დროს, ამიტომ ფოთლისებრ ფიბროადენომასთან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

არ არის აუცილებელი, ყველაფერი ცუდად დამთავრდეს – ფიბროადენომის გაქრობის ალბათობაც არსებობს, განსაკუთრებით – მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, როცა ორგანიზმში ესტროგენის დონე მცირდება, და ჰორმონული გადაწყობისას. ფიბროადენომის გაქრობა თითქმის იმავე სიხშირით ხდება, რა სიხშირითაც გადაგვარება – შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში.

 

არ არის კვანძი – არ არის პრობლემა

ქირურგია ამ დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე იოლი გზაა. თუ იმ იღბლიან 5%-ში არ აღმოჩნდით, ვისაც ფიბროადენომა თავისთავად გაუქრა, მის მხოლოდ ოპერაციული გზით თუ მოიცილებთ. მაგრამ არ არის აუცილებელი, ფიბროადენომის აღმოჩენისთანავე ქირურგის მაგიდაზე დაწვეთ. ამ დროს ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა დაკვირვებაა.

ფიბროადენომაზე დაკვირვება დინამიკურ კონტროლს გულისხმობს. ექიმის დანიშნულებისამებრ გამოკვლევების ჩატარება და მამოლოგთან რეგულარული სიარული გარდაუვალია. დინამიკური კონტროლისთვის, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ ექოსკოპიურ გამოკვლევაა აუცილებელი. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა უფრო ხშირი შემოწმებაც დაგვჭირდეს.

როდემდე შეიძლება დავაკვირდეთ კვანძს და როდისაა მიზანშეწონილი მისი ამოკვეთა? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და მკურნალობა ექიმი მამოლოგისა და პაციენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით წარიმართება. ცხადია, მამოლოგმა პაციენტს ყველა მოსალოდნელი სცენარი და მკურნალობის ვარიანტი უნდა გააცნოს. თუ გადაგვარების რისკი მაღალია, ანამნეზი გენეტიკურად დატვირთულია (დედის ხაზი უპირატესია, თუმცა არც მამისაა უგულებელსაყოფი) და ასაკიც დიდია, ქირურგიულ ჩარევას ამჯობინებენ, ხოლო თუ აღნიშნული რისკფაქტორები არ დასტურდება, გაიდლაინის მიხედვით მოქმედებენ – აკეთებენ ბიოფსიას და შედეგის მიხედვით შეიმუშავებენ შემდგომ ტაქტიკას. პაციენტი, ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობის იმ ფორმას ირჩევს, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია.

ფოთლისებრი ფიბროადენომა ერთმნიშვნელოვნად ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს.

მკურნალობის ერთ-ერთი გზაა ფონის მოხსნა, დარღვეული ჰორმონული დისბალანსის აღდგენა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს კვანძოვან ფიბროადენომატოზთან და შესაბამისი სიმპტომატიკაც (ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები) შეინიშნება.

 

ახალი გზები

როგორ მოვიქცეთ, თუ ოპერაციისაც გვეშიანია და ექვს თვეში ერთხელ ექოსკოპიის ჩატარებაც მეტისმეტად დამღლელი გვეჩვენება?

პაციენტები მართლაც ხშირად იღლებიან დაავადების კონტროლით, მათთვის ეს დიდი ფსიქოლოგიური ტვირთია. მაშ, სად არის გამოსავალი?

ამ შემთხვევაში საუკეთესო გზაა ე.წ. უსისხლო ოპერაცია – კრიოქირურგია. ტექნოლოგიების დახვეწამ იქამდე მიგვიყვანა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია სპეციალური აპარატისა და ნემსის საშუალებით წარმონაქმნის გაყინვა. წარმოიქმნება წყლის ბურთულა, რომელიც მალე გაიწოვება. ტექნიკურად ეს მეთოდი ძალიან მარტივია, შედეგები კი შთამბეჭდავი აქვს.

 

სხვა კვანძები

სარძევე ჯირკვალში შესაძლოა სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნიც შეგვხვდეს, მაგალითად, ლიპომა ან ფიბროლიპომა.

ლიპომა და ფიბროლიპომა ცხიმოვანი ქსოვილისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეებია. განსხვავება ის არის, რომ ფიბროლიპომა ცხიმოვანთან ერთად ფიბროზულ ქსოვილსაც შეიცავს. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ლიპომა და ფიბროლიპომა უმტკივნეულო წარმონაქმნებია და კლინიკურად პრაქტიკულად არ ვლინდება. წესისამებრ, მათ შემთხვევით აღმოაჩენენ პროფილაქტიკური გასინჯვის დროს. თუ ზედაპირთან ახლოს მდებარეობს და მოზრდილიცაა, ლიპომა და ფიბროლიპომა ხელითაც ისინჯება.

თუ სარძევე ჯირკვალში ლიპომა აღმოგაჩნდათ, არ არის გამორიცხული, ის სხვაგანაც გქონდეთ და პირიქით, თუ ლიპომებისკენ ხართ მიდრეკილი, სარძევე ჯირკვალში მისი აღმოჩენა არ უნდა გაგიკვირდეთ.

სარძევე ჯირკვალში ნებისმიერი წარმონაქმნის აღმოჩენისას აუცილებლად უნდა გაიაროთ მამოლოგის კონსულტაცია, მიიღოთ მითითებები მკურნალობისა და წარმონაქმნის კონტროლის შესახებ. დიაგნოზის დასმა და შემდგომი კონტროლი ექოსკოპიური კვლევით ხდება. საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიასაც აკეთებენ.

ლიპომა და ფიბროლიპომა ის წარმონაქმნებია, რომლებმაც არ უნდა შეგვაშინოს, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ, თუ რაიმე მიზეზით მამოლოგი საჭიროდ მიიჩნევს ბიოფსიის ჩატარებას, მისი გადადება არ ღირს.

ლიპომის ან ფიბროლიპომის აღმოჩენისას, წესისამებრ, მხოლოდ კონტროლი მოგვეთხოვება. მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიულია, თუმცა ამის საჭიროება იშვიათად წარმოიშობა. ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა წარმონაქმნი დიდი ზომისაა და კოსმეტიკურ პრობლემებს წარმოშობს.

მასტიტი – მეძუძური დედის კოშმარი

ბევრ ახალბედა დედას დაუჩივლია, რა ყოფილა ძუძუთი კვება, მშობიარობის ტკივილებიც კი დამავიწყაო. მეძუძურ დედებს მართლაც დიდი განსაცდელი ელით: დვრილის მტკივნეული ნახეთქები, მასტიტი – სარძევე ჯირკვლის ანთება... ზოგი ისე მწარდება, რომ ძუძუს წოვებას წყვეტს. რა თქმა უნდა, ეს გამოსავლად ვერ ჩაითვლება – დედის რძე ახალშობილისთვის ფასდაუდებელია და მასზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება უარის თქმა, მასტიტი და ნახეთქები კი მოუგვარებელი პრობლემა ნამდვილად არ არის.

 

აქაც ბაქტერიები

ძუძუს წოვების დროს დვრილები სკდება, ნახეთქებიდან კი ადვილად იჭრება ინფექცია. ინფექციის წყარო ან თვით ქალის კანია,  ან ჩვილის პირის ღრუ (თავად ბავშვს ინფექციისგან რძის ანტიბაქტერიული თვისებები იცავს), შეგუბებული რძე კი მიკრობების საუკეთესო საკვებია, ასე რომ, ანთების განვითარებას აღარაფერი უდგას წინ.

წესისამებრ, მასტიტი მეძუძურ ქალებს ემართებათ, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. მასტიტი, რომელიც ძუძუთი კვებას არ უკავშირდება, შესაძლოა ძუძუს კიბოს იშვიათ ფორმაზე მიუთითებდეს.

 

როდის

მასტიტი უმეტესად მშობიარობიდან 6-12 კვირაში იჩენს თავს, მაგრამ მოგვიანებითაც შეიძლება განვითარდეს.

 

რატომ

მასტიტის მთავარი მიზეზებია ძუძუს წოვების არასწორი ტექნიკა, რაც რძის შეგუბებას იწვევს, და სარძევე ჯირკვლის სადინარების დაბლოკვა ძუძუს წოვებისას მისი არასრული დაცლის გამო.

მასტიტის რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

* ძუძუთი კვება მშობიარობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში;

* დვრილების დაზიანება, თუმცა მასტიტი შესაძლოა დაუზიანებელი კანის ფონზეც განვითარდეს;

* ძუძუს წოვებისას მხოლოდ ერთი პოზიციის გამოყენება, რომელიც მისი სრულფასოვნად დაცლის საშუალებას არ იძლევა;

* მკერდზე ზეწოლა მჭიდროდ მორგებული ლიფით, უსაფრთხოების ღვედით, მძიმე ჩანთის საკიდით, რამაც შესაძლოა რძის ნაკადი შეაკავოს;

* ძლიერი გადაღლილობა და სტრესი;

* გადატანილი მასტიტი;

* ცუდი კვება.

 

როგორ მჟღავნდება

მასტიტი საკმაოდ შემაწუხებელია. ანთებადი ძუძუ დიდდება, ჩნდება კვანძები, ზოგჯერ მკვრივდება მთელი სადინარი. ქალს ამცივნებს, ტემპერატურა მაღალ მაჩვენებლამდე უწევს, უჩივის ძლიერ ტკივილს, გაციებისმაგვარ სიმპტომებს გულისრევისა და ღებინების ჩათვლით, ძუძუს შეშუპებას, დაჭიმულობას, სიწითლეს, სიმხურვალეს, ქავილს, გამონადენს (შესაძლოა, ჩირქოვანსაც). ანთების მხარეს მოსალოდნელია დვრილის მგრძნობელობის შეცვლა, იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების დაჭიმულობა ან გადიდება.

თუ მასტიტს ადეკვატურად არ უმკურნალეს ან ძუძუს სადინარები დაიბლოკა, შესაძლოა ჩირქი დაგროვდეს – აბსცესი ჩამოყალიბდეს. ეს მკვრივი, შედედებული მასის კონსისტენციის მქონე წარმონაქმნია და ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად მასტიტის ნიშნების შემჩნევისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ.

 

დიაგნოსტიკა

აბსცესის გამოსარიცხავად უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევაც საკმარისია. იშვიათად საჭიროდ მიიჩნევენ რძის დათესვას, ბიოფსიას, მაგნიტურ-რეზონანსურ გამოკვლევას, მამოგრაფიას.

 

მკურნალობა

მასტიტის მკურნალობა მოიცავს:

* ანტიბიოტიკების 10-14-დღიან კურსს. ქალი მეორე-მესამე დღესვე უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ რეციდივის ალბათობის მინიმუმადე დასაყვანად კურსი უნდა დასრულდეს.

* ტკივილგამაყუჩებლებს – ინიშნება, წესისამებრ, პარაცეტამოლი ან იბუპროფენი;

* ძუძუთი კვების კორექციას;

* დასვენებას, ძუძუთი კვების გაგრძელებას (სარძევე ჯირკვალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცალოს; თუ ბავშვს ვერ აწოვებთ, რძე უნდა გამოიწველოთ) და სითხის უხვად მიღებას, რათა ორგანიზმს ინფექციასთან  ბრძოლა გაუადვილდეს.

თუ აბსცესი დადასტურდა, საჭიროა მისი დრენირება. ძუძუთი კვება დროებით უნდა შეწყდეს (ძუძუს გამოწველა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია) და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაგრძელდეს.

თუ მდგომარეობა ანტიბიოტიკის მიღებიდან ორ დღეში არ გაუმჯობესდა, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს.

 

დისკომფორტის მოსახსნელად

ძუძუს წოვებაზე უარს ნუ იტყვით. ბავშვს მოაწოვეთ, როცა მოშივდება. ერიდეთ ძუძუს რძით გადავსებას, ხშირად დაისვენეთ, კვებისას ცვალეთ პოზიცია, სვით ბევრი სითხე. თუ ძუძუს დაცლა გიჭირთ, კვებამდე ან გამოწველამდე რამდენიმე წუთით დაიფინეთ თბილ წყალში დასველებული კომპრესი ან მიიღეთ ცხელი შხაპი – სადინარები გაფართოვდება და რძე უკეთ დაიწყებს დენას. ატარეთ ბუნებრივი მასალის თავისუფალი აზღუდი, კვების დროს ჯერ ერთი ძუძუ დააცლევინეთ ბავშვს და მეორე მერეღა მიეცით.

თუ ძუძუთი კვება მტკივნეულია ან ბავშვი მის პირში ჩადებაზე უარს ამბობს, რძე ხელით ან სპეციალური აპარატით გამოიწველეთ და საწოვარათი ასვით. შეგიძლიათ, ძუძუთი კვების სწორი ტექნიკის ათვისებაში დახმარება ექიმს სთხოვოთ.

 

პრევენცია

ინფექციის თავიდან ასაცილებლად:

* მოუარეთ ძუძუსთავებს. ხშირი ბანა არ არის აუცილებელი; საკმარისია, კვებამდე და კვების შემდეგ წაისვათ საკუთარი რძის რამდენიმე წვეთი – მას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ხოლო როცა ბავშვი დანაყრდება, ჰაერზე კარგად გაიშრეთ.

* ძუძუ ხშირად უნდა დაიცალოს. თუ ვერ აწოვებთ, გამოიწველეთ.

* ეცადეთ, აითვისოთ ძუძუს წოვების სწორი ტექნიკა – ბავშვი მოხერხებულად უნდა გეკავოთ, მას კი წოვისას პირში მთელი არეოლა (ძუძუს მუქი ნაწილი) ჰქონდეს ჩადებული.

* ძუძუს ბავშვი თანდათანობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა გადააჩვიოთ და არა ერთბაშად.

საფუძვლიანად ვიკვლევთ

სარძევე ჯირკვლების შეფასების ერთადერთი საშუალება წლების განმავლობაში ხელით გასინჯვა – პალპაცია იყო. მას შემდეგ ტექნოლოგიები განვითარდა და დღეს სარძევე ჯირკვლების დაავადებათა გამოსავლენად დიაგნოსტიკური კვლევების არჩევანი საკმაოდ ფართოა: რენტგენომამოგრაფია, ექომამოგრაფია, ელასტოგრაფია, თერმოგრაფია, პუნქციური ბიოფსია... რომლით უნდა დაიწყოს პაციენტმა?

 

ჯერ არ გამხდარხართ 35 წლის და არაფერი გაწუხებთ? შესანიშნავია, მაგრამ მაინც ნუ მოეშვებით – 6 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური ექომამოგრაფიის ჩატარება ყველასთვის აუცილებელია. ბოლო დროს ძალიან გახშირდა სიმსივნური დაავადებები, მათ შორის – ახალგაზრდებთანაც. 6 თვეში ერთხელ გამოკვლევისას, სიმსივნის გაჩენის შემთხვევაშიც კი, მისი ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და განკურნება შესაძლებელია.

35 წლიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბუნებამ დიდი მკერდით დაგასაჩუქრათ, რენტგენომამოგრაფიის ჩატარებას გირჩევთ. პრაქტიკულად ჯანმრთელებს – 2 წელიწადში ერთხელ, მათ კი, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს – ექიმის დანიშნულებისამებრ. გარდა ამისა, მამოლოგმა შესაძლოა 6 თვეში ერთხელ სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიაც გირჩიოთ.

რენტგენის სხივებით სარძევე ჯირკვლების ჭარბი დასხივება მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ რენტგენომამოგრაფიას დიდი სიფრთხილით უნიშნავენ. ალბათ იცით, რომ საქართველოში 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის ეს კვლევა უფასოა – მას სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს.

 

საკუთარი ხელით

ძუძუს პროფილაქტიკური კვლევის ანბანი, ვფიქრობ, უკვე იცით, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ასევე ძალზე მნიშვნელოვანი და ეფექტური პრევენციული ღონისძიება – ძუძუს თვითგასინჯვა. ამ პროცედურის ჩატარება განსაკუთრებით მოხერხებულია ბანაობის დროს. რომელი ძუძუს შემოწმებასაც აპირებთ, იმ მხარეს ხელი კეფაზე ამოიდეთ, მეორით კი საათის ისრის მიმართულებით წრიული, სპირალური მოძრაობით ნაზად შეიმოწმეთ მთელი სარძევე ჯირკვალი. თუ სიმაგრე შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

ვის მივმართოთ?

როგორ მოვიქცეთ, თუ სარძევე ჯირკვლები გვტკივა? ქალების უმრავლესობა, უარესის შიშით, ტკივილს მედგრად იტანს და ექიმთან მისვლად უსასრულოდ დებს. გახსოვდეთ, სიმსივნურ დაავადებებს ძალზე იშვიათად და მხოლოდ შორს წასულ შემთხვევებში ახასიათებს ტკივილი. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი ბანალური ფიბროზული მასტოპათიაა. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ ტკივილის დროს გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, ჯობს, მამოლოგს მიმართოთ. ის ხელით გაგსინჯავთ და წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში ექოსკოპიურ კვლევაზე გაგგზავნით, ხოლო თუ უკვე გადააბიჯეთ 35 წელს, რენტგენომამოგრაფიასაც დაგინიშნავთ.

თვითგასინჯვისას სარძევე ჯირკვალში სიმაგრე აღმოაჩინეთ? ამ შემთხვევაშიც იმავე პროცედურის გავლა მოგიწევთ. თუ ეს ჩვეულებრივი მარტივი ცისტა, ლიპომა ან ფიბროლიპომა აღმოჩნდა, 6 თვეში ერთხელ მისი ექოსკოპიური კონტროლი საკმარისია.

როგორ მოვიქცეთ, თუ ძუძუში ფიბროადენომა გაჩნდა?

მოგეხსენებათ, ფიბროადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა და მასაც, განსაზღვრულ ზომამდე, მხოლოდ დაკვირვება სჭირდება.

სამწუხაროდ, ყველა ფიბროადენომა ხელით ვერ ისინჯება – ზოგჯერ გამოცდილ სპეციალისტსაც კი უჭირს მცირე ზომის კვანძების გასინჯვით აღმოჩენა და რა გასაკვირია, რომ არაპროფესიონალმა ვერ შეძლოს, ამიტომ სადიაგნოზოდ უმეტესად ექოსკოპიას მიმართავენ. იმ ასაკში, როცა ფიბროადენომები ყველაზე ხშირად ჩნდება, ანუ 35 წლამდე, ექოსკოპია გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე მამოგრაფია. ფიბროადენომა შესაძლოა რენტგენოპოზიტიური არ იყოს და რენტგენომამოგრაფიის დროს არც კი გამოჩნდეს. შედარებით ხანდაზმულ ასაკში კი მამოგრაფიაა უფრო სანდო.

თუმცა მხოლოდ ექოსკოპიის საფუძველზე იმის მტკიცება, რომ წარმონაქმნი ფიბროადენომაა და არა ავთვისებიანი პროცესი, შეუძლებელია. ექოსკოპისტს განსაზღვრული ნიშნებისა და პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შეუძლია ივარაუდოს, რომ წარმონაქმნი ფიბროადენომის ტიპისაა, თუმცა უჯრედულ დონეზე მისი დიაგნოსტირება ულტრაბგერის შესაძლებლობებს სცდება. აქამდე ამის გარკვევის ერთადერთი გზა ბიოფსია იყო. მოგეხსენებათ, ბიოფსია ინვაზიური და არცთუ სასიამოვნო პროცედურაა, ბევრი პაციენტი გაურბის მას და წლების განმავლობაში მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში ცხოვრობს. ასეთ დროს ექიმებს დიდ დახმარებას უწევს ახალი ექოსკოპიური მეთოდი – ელასტოგრაფია. ელასტოგრაფიის რეჟიმით ულტრასონოგრაფიის უახლესი აპარატებია აღჭურვილი.

 

ახალი შესაძლებლობები

ყოფილა შემთხვევები, როცა “ცუდი” კვანძი ბიოფსიის შემდეგ კეთილთვისებიანი გამომდგარა და პირიქით, ერთი შეხედვით უწყინარ წარმონაქმნში ავთვისებიანი პროცესი აღმოუჩენიათ, ამიტომ აქამდე, თავის დასაზღვევად, ყველა ონკოლოგიურად საეჭვო კვანძს პუნქციას უტარებდნენ. ელასტოგრაფიამ ბიოფსიის საჭიროება შეამცირა. მოგეხსენებათ, რაც უფრო მკვრივია კვანძი, მით მეტია ალბათობა, ის ავთვისებიანი იყოს, ელასტოგრაფიას კი სწორედ წარმონაქმნის სიმკვრივის განსაზღვრა შეუძლია. თუ წარმონაქმნი ექოლოგიური ნიშნებით კეთილთვისებიანია და არც ელასტოგრაფიითაა მკვრივი, მამოლოგი დაკვირვებას გვირჩევს. ასე რომ, ელასტოგრაფია თავიდან გვაცილებს უსარგებლო ბიოფსიას, ხოლო მაღალი სიმკვრივის კვანძის არსებობისას საშუალებას გვაძლევს, ეს პროცედურა ზედმიწევნითი სიზუსტით ჩავატაროთ.

ელასტოგრაფიის რეჟიმის ჩართვის შემდეგ აპარატი გამოსახულებას აფერადებს. კვანძის ირგვლივ მდებარე ჯანსაღი ქსოვილი მწვანეა, ესე იგი შედარებით რბილი. შესაძლოა, მწვანედ გამოჩნდეს თავად კვანძიც. ამ შემთხვევაში საშიში არაფერია. მწვანესა და ლურჯს შორის გარდამავალი ფერი და ცისფერი ქსოვილის შედარებით მაღალ სიმკვრივეზე მიუთითებს, ხოლო თუ კვანძი ლურჯია, მაშასადამე, მკვრივია და, შესაბამისად, დიდია ალბათობა, ავთვისებიანი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ბიოფსიას ვეღარ გადავდებთ.

ელასტოგრაფიის რეჟიმს სიმკვრივის შესაფასებლად სპეციალური სკალაც აქვს. მისი მეშვეობით აპარატს შეუძლია, ქსოვილის სიმკვრივის რიცხობრივი ანალიზი გააკეთოს. შედარებით მაღალი კოეფიციენტის მქონე უბანი უფრო საეჭვოდ მიიჩნევა. კვლევის შედეგების მიხედვით, 1-დან 3-მდე ელასტიკურობის კოეფიციენტის მქონე ქსოვილი საშუალო სიმკვრივისაა, როცა კვანძის სიმკვრივე 6-7 ერთეულზე მაღალია, ის, წესისამებრ, ავთვისებიანია, 3-დან 5-მდე ელასტიკურობის კოეფიციენტის მქონე წარმონაქმნი კი საეჭვოდ ითვლება და რეკომენდებულია მისი ბიოფსია. თუმცა, თუ კვანძი მის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე ორჯერ უფრო მკვრივია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ავთვისებიანი უნდა იყოს.

ელასტოგრაფიის რეჟიმი თავად ბიოფსიის პროცესშიც დიდ დახმარებას უწევს ექიმებს. ზოგჯერ, მეტადრე მაშინ, როცა კვანძი დიდი ზომისაა, არ არის გამორიცხული ქსოვილის ასპირაცია იმ უბნიდან, რომელიც ამ ეტაპზე მაქსიმალურად არ არის დაზიანებული. ამ შემთხვევაში შესაძლოა პასუხი უკეთესი მივიღოთ, კვანძის სხვა უბანში კი ამ დროს ავთვისებიანი პროცესი – მალიგნიზაცია მიმდინარეობდეს. ელასტოგრაფია საშუალებას გვაძლევს, კვანძის ყველაზე მკვრივი, პროგნოზულად სახიფათო უბანი დავაფიქსიროთ და იქიდან ავიღოთ ქსოვილი გამოსაკვლევად. ამით ცრუ პოზიტიურ თუ ცრუ ნეგატიურ შედეგს გამოვრიცხავთ.

 

კიბოზე “ნადირობა”

“თუ ფიბროადენომა ასეთი უწყინარია, რატომ არ ვანებებთ თავს? – იკითხავს ზოგი, – რა საჭიროა ამდენი კირკიტი?” საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ფიბროადენომაზე კი არა, ძუძუს კიბოზე “ვნადირობთ”. ჩვენი მთავარი ამოცანაა, კიბო არ გამოგვეპაროს. ამისთვის კი ყველა მეთოდი გამართლებულია, მათ შორის – არასასიამოვნოც.

გამოკვლევის მეთოდი, რომელიც კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გახლავთ ასპირაციული ბიოფსია ციტოლოგიით – წარმონაქმნის სტრუქტურის უჯრედულ დონეზე შესწავლით – და კორ-ბიოფსია მასალის მორფოლოგიური შესწავლით. ევროპაში სწორედ ეს უკანასკნელი მეთოდი მიიჩნევა ძირითადად და, დიდი ალბათობით, ჩვენთანაც მალე დაინერგება.                                                                                                       მანამდე კი მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ციტოლოგებს ეკისრებათ, თუმცა ეჭვის შემთხვევაში ჩვენშიც მიმართავენ მორფოლოგიურ შესწავლას.

წესით, ბიოფსია დიაგნოზის დასაზუსტებლადაა საჭირო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ექიმი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. მაგალითად, 16-17 წლის პაციენტთან ფიბროადენომის დროს ავთვისებიან სიმსივნეს არავინ ეჭვობს, ამიტომ ამ ასაკში ბიოფსიის აუცილებლობა არ წარმოიშობა, თუმცა, რასაკვირველია, დინამიკის კონტროლი აუცილებელია.

ბიოფსიის მიზანშეწონილობას მხოლოდ ასაკის მიხედვით არ ადგენენ – მამოლოგი ითვალისწინებს კვანძის კონსისტენციას, მისი ზრდის დინამიკასა და სხვა ფაქტორებს და ყოველ შემთხვევას ინდივიდუალურად უდგება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მამოლოგის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას, მაგრამ იმისთვის, რომ ავთვისებიანი პროცესი არ გაგვეპაროს, ცხადია, ყველა მოცულობითი წარმონაქმნის მიკროსკოპიული შესწავლა ჯობს.

არის შემთხვევები, როცა პაციენტი ბიოფსიაზე უარს ამბობს ან ცნობილია, რომ იგი ათი წელია ატარებს კვანძს, რომელიც, რადიოლოგიური მონაცემების მიხედვით, არ შეცვლილა. ამ დროსაც შეიძლება ბიოფსიაზე უარის თქმა, თუმცა ესეც ერთგვარი რისკია. ცხადია, პაციენტმა ამ რისკების შესახებ უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, ყველა ფიბროადენომას არ სჭირდება ბიოფსია. როგორც კი გაირკვევა, რომ არსებობს საეჭვო ფაქტორი, გენეტიკური დატვირთვა იქნება ეს, პაციენტის ასაკი, კვანძის ცუდი დინამიკა თუ რადიოლოგიური ან გარეგანი შეფასების მონაცემები, პაციენტთან შეთანხმებით ბიოფსია ინიშნება.

სარძევე ჯირკვლების ანთებითი დაავადებების დროს კვლევის იდეალური მეთოდია ექოსკოპია. ლაქტაციის პერიოდში, თუ რამე სიმაგრე შეამჩნიეთ, ჩირქოვანი პროცესის გამოსარიცხად აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ექოსკოპიია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ლაქტაციის დროს ექოსკოპიური კვლევისას ძუძუს სრულფასოვანი შეფასება ძნელია, ამიტომ მას შემდეგ, რაც თქვენი პატარა ძუძუზე უარს იტყვის, განმეორებითი ექოსკოპიის ჩატარება მოგიწევთ.

 

ყველაზე სწრაფი მსოფლიოში

თერმოგრაფია დიაგნოსტიკის ნაკლებად ცნობილი მეთოდია. მისი მეშვეობით ძუძუს დაავადებების აღმოჩენა ყველაზე ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი. თერმოგრაფიას იმ სტადიაზე შეუძლია ძუძუს კიბოს “დაჭერა”, როცა არც მამოგრაფიაზე ჩანს რამე და არც ხელით ისინჯება. ასე რომ, თხუთმეტწუთიანმა არაინვაზიურმა პროცედურამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. საქმე ის გახლავთ, რომ თერმოგრაფიის დროს სპეციალური ინფრაწითელი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ფოტოფირი ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან გამოსხივებულ სითბოს აღიქვამს. მიღებულ გამოსახულებას თერმოგრამა ჰქვია. ჩვენი სხეულის მიერ გამოსხივებული სითბოს რაოდენობა კონკრეტულ უბანში სისხლის მიმოქცევის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ამიტომ თერმოგრამაზე ჩანს “ცხელი” და “ცივი” კვანძები. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია როგორც სიმსივნური, ისე ანთებითი და ფიბროზული ცვლილებების ადრეული დიაგნოსტირება. თუ თერმოგრაფიამ საეჭვო სურათი აჩვენა, ცხადია, აუცილებელია დიაგნოზის დადასტურება სხვა, უფრო სპეციფიკური მეთოდებით.

თერმოგრაფია განსაკუთრებით ეფექტურია 40 წლამდე, მაშინ, როცა მამოგრაფია შედარებით ნაკლებ ინფორმაციას გვაწვდის. სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს დიაგნოსტიკური მეთოდი ნაკლებპოპულარულია, მაშინ როდესაც არაინვაზიური, უმტკივნეულო და იაფი გამოკვლევით შესაძლებელია ძუძუს დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება და პროფილაქტიკა.

ძუძუს კიბო – მძიმე განაჩენიდან განკურნებამდე

ძუძუს კიბო იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელები სულ ცოტა ხნის წინ განაჩენივით ჟღერდა, დღეს კი, თუ დროულად მივუსწარით, უბრალოდ დიაგნოზია. დიახ, ძუძუს კიბო იკურნება, თუმცა საამისოდ ხშირად რადიკალური ოპერაციაა საჭირო, მეტად მტკივნეული და ქალისთვის ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა მხოლოდ ძუძუს კიბოს დამარცხებას კი არ ცდილობს, არამედ ახალ-ახალ მეთოდებსაც ნერგავს, რომლებიც განკურნებასთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემების მოხსნასაც ემსახურება. სწორედ ამ ინოვაციური მეთოდების შესახებ გვესაუბრება მამოლოგი, პროფესორი მიხეილ ჯანჯალია.

 

რამდენად ხშირად აღირიცხება დღეს ძუძუს კიბო?

– ძუძუს კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. უმთავრესად ქალებს ემართებათ, მაგრამ იშვიათად მამაკაცებთანაც გვხვდება. ჩვენი ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები მსოფლიო სტატისტიკის იდენტურია – ძუძუს კიბო ონკოლოგიურ დააავადებათა სტრუქტურაში წამყვან ადგილს იკავებს. საყურადღებოა, რომ მაჩვენებელი მიდრეკილია ზრდისკენ – მიუხედავად მრავალი პრევენციული ღონისძიებისა თუ ეფექტური სკრინინგპროგრამისა, ძუძუს კიბოთი ავადობა წლიდან წლამდე იმატებს. თვალში საცემია მისი გაახალგაზრდავების ტენდენციაც, რაც ოცი წლის წინ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ეს დაავადება აღირიცხება 20-25 წლის გოგონებთან. გახშირდა მენოპაუზამდელ პერიოდში გამოვლენილი ძუძუს კიბოც.

– რა შეიძლება იდგეს ამ ტენდენციის მიღმა?

– ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გამიჭირდება. ეს, ალბათ, ცხოვრების პირობების რადიკალური ცვლილების ბრალია. თანამედროვე ქალის ცხოვრება მისი წინაპრების ცხოვრებისგან მკვეთრად განსხვავდება – მცირეშვილიანობა, ძუძუთი კვებისთვის თავის არიდება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მავნე ჩვევები, დაძაბული რეჟიმი, სტრესი ყოვლდღიურობის ნაწილად იქცა, ეს ყველაფერი კი დაავადების რისკფაქტორებად განიხილება. არსებობს ასეთი დაკვირვებაც: წინათ მენსტრუალური ციკლი ქალის სიცოცხლეში მხოლოდ 40-50-ჯერ მეორდებოდა, ვინაიდან მაღალი იყო შვილოსნობა და ძუძუთი კვება (ორსულობა და ლაქტაცია, მოგეხსენებათ, უმეტესად ციკლის გარეშე მიმდინარეობს), თანამედროვე ქალს კი ის 350-400-ჯერ უმეორდება. ეს ორგანიზმისთვის უძლიერესი სტრესია, რომელსაც ის ამა თუ იმ ჰორმონდამოკიდებული სიმსივნით უპასუხებს. ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა, თუმცა, ვფიქრობ, სიმართლისგან არც ისე შორს უნდა იყოს.

– რა იწვევს ძუძუს კიბოს განვითარებას?

– ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბევრი რამ უკვე ღრმად, მოლეკულურ დონზეა შესწავლილი. მკითხველისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ავთვისებიანი პროცესი ჰორმონული დისბალანსის ფონზე ვითარდება, ანუ ძუძუს კიბო ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეა.

– ზემოთ რისკფაქტორები ახსენეთ. კიდევ რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ძუძუს კიბოს განვითარებას?

– დიდ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი. თუ პირველი და მეორე რიგის ნათესავებს ავთვისებიანი დაავადება ჰქონდათ, შთამომავლებში მისი განვითარების ალბათობა დანარჩენ პოპულაციასთან შედარებით მაღალია.

– ეს მხოლოდ ძუძუს კიბოს ეხება თუ სხვა ონკოლოგიურ დაავადებებსაც?

– გენეტიკური განწყობა ნებისმიერი ავთვისებიანი პროცესის არსებობისას უნდა ვივარაუდოთ. ბუნებრივია, უფრო დიდია იმ დაავადებების განვითარების ალბათობა, რომლებიც პოპულაციაში უფრო მეტად გვხვდება. გარდა ამისა, არსებობს მუტაციები, მაგალითად, BRCA 1 და BRCA 2, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც ძუძუს კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით 20%-ით იმატებს.

– არსებობს დიაგნოსტიკის რაიმე საშუალება გენეტიკური განწყობის გამოსავლენად?

– მუტაციის ლაბორატორიულად აღმოჩენა შესაძლებელია, მაგრამ საქართველოში ეს ტესტი იშვიათად ტარდება. ყველას, ვისაც ძუძუს კიბო აქვს, მოვუწოდებდი, ახლო ნათესავებს სთხოვონ მისი ჩატარება. ასე მართლაც სავალალო შედეგების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

– მოარული აზრის თანახმად, ძუძუს კიბოს განვითარებას შესაძლოა აბორტმაც შეუწყოს ხელი...

– ეს წარმოდგენა სავსებით მართებულია. აბორტი, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, ორგანიზმზეც დამანგრევლად მოქმედებს – სრულიად არღვევს ჰორმონულ ბალანსს. ორსულობისას ორგანიზმი შვილოსნობისთვისაა განწყობილი და მისი ხელოვნური შეწყვეტა ზოგჯერ უმძიმეს პროცესებს აძლევს ბიძგს.

დაავადების რისკფაქტორებად ასევე მიიჩნევა ნაადრევი მენსტრუაცია, გვიანი მშობიარობა და სხვა.

აქვე გეტყვით, რომ რისკფაქტორების არსებობა ავთვისებიანი პროცესის გარდაუვალობას არ ნიშნავს. ესენი მხოლოდ ფაქტორებია, რომელთა არსებობისას დაავადების ალბათობა იმატებს და ანამნეზის შეკრებისას ექიმმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

– ძუძუს კიბოს ფორმების კლასიფიკაცია რის მიხედვით ხდება?

– ვფიქრობ, ამას მოსახლეობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ნებისმიერი ტიპის კიბოს დამარცხების შანსი გაცილებით დიდია. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. ქალი განსაზღვრულ ასაკში რეგულარულად უნდა დადიოდეს ექიმთან და იტარებდეს გამოკვლევებს. პრევენციის ძირითადი მეთოდი თვითგასინჯვაა. ქალმა რეგულარულად უნდა შეიმოწმოს სარძევე ჯირკვალი და სიმკვრივის აღმოჩენისთანავე მიმართოს სპეციალიზებულ კლინიკას. სკრინინგისთვის კი მამოგრაფიას იყენებენ.

ჩვენს ქვეყანაში სკრინინგი 40-დან 70 წლამდე გრძელდება. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში სკრინინგს 50 წლიდან იწყებენ. თუ ქალი 40 წლიდან რეგულარულად ჩაიტარებს პროფილაქტიკურ გამოკვლევას, დაავადება, რა თქმა უნდა, აღარ გამოეპარება. გარდა თავად კიბოსი, სკრინინგი კიბოსწინარე დაავადებასაც ავლენს, რომლის ადეკვატური მკურნალობის შედეგად სიმსივნე საერთოდ აღარ ყალიბდება.

– რომლებია კიბოსწინარე დაავადებები?

– ფონური პროცესები, სხვადასხვა სახის მასტოპათიური გამოვლინებები... თავისთავად მასტოპათია არ არის საშიში, მაგრამ უფრო მძიმე დაავადების ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელ ფონს ქმნის.

– როგორ ვლინდება თავად სიმსივნე?

– ძუძუს კიბოს ნიშნებია: სარძევე ჯირკვლის დეფორმაცია, შორს წასულ შემთხვევებში – დაწყლულება, გამკვრივება, კვანძები, დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი დვრილიდან, ე.წ. მოედნის სიმპტომი, როდესაც გამკვრივებულ უბანზე ორი თითის მოჭერისას ზედაპირი ბრტყელდება –  ეს იმას ნიშნავს, რომ კანსა და გამკვრივებულ უბანს შორის განსაზღვრული კავშირია, რაც უმთავრესად ირგვლივ მდებარე ქსოვილებში სიმსივნის ჩაზრდით არის გამოწვეული.

– შესაძლოა თუ არა, ავთვისებიანი პროცესი ორივე ძუძუში განვითარდეს?

– დიახ, შესაძლოა. ასეთ დროს სხვადასხვა საშუალებით ვადგენთ, ეს ერთი პროცესის ორმხრივი გამოხატულებაა თუ საქმე ორ დამოუკიდებელ სიმსივნურ დაავადებასთან გვაქვს. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი სიმსივნური პროცესი შეიძლება უკვე ნამკურნალევ პაციენტებსაც ჩამოუყალიბდეს.

– მეტასტაზები რომელ ორგანოებში ვრცელდება?

– მეტასტაზები ორი ტიპისაა – რეგიონული და შორეული. მათ ტიპზეა დამოკიდებული სტადიის მიხედვით სიმსივნის კლასიფიკაციაც. ადგილობრივი მეტასტაზები ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში ვითარდება – კვანძებში, რომლებიც დანარჩენ ორგანიზმში დაავადების გავრცელების პრევენციაზე აგებენ პასუხს. ძუძუს კიბოს შემთხვევაში ასეთი კვანძებია აქსილარული და პარასტერნალური ლიმფური კოლექტორები. თუ მათში მეტასტაზები აღმოჩნდა, აშკარაა, რომ ისინი ადგილობრივია და მათ ასო N-ით აღვნიშნავთ. თუ სიმსივნური დაზიანება სხვა ორგანოში ან შორეულ ლიმფურ ჯირკვალშიც აღმოვაჩინეთ, ვსაუბრობთ შორეულ მეტასტაზებზე, რომლებიც ასო M-ით აღინიშნება (ე.წ. TNM კლასიფიკაცია). ეს სიმსივნის მეოთხე სტადიას შეესაბამება, განურჩევლად იმისა, რამხელაა პირველადი კვანძი, რა მდგომარეობაა რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და ა.შ. თუ შორეული მეტასტაზები ორგანიზმში არ აღმოჩნდა, სიმსივნეს პირველ, მეორე ან მესამე სტადიას მივაკუთვნებთ.

– მკურნალობაც სტადიაზეა დამოკიდებული?

– ცხადია. არსებობს მკურნალობის სამი მეთოდი – ქირურგიული, მედიკამენტური და რადიაციული ანუ სხივური. ძუძუს კიბოს დროს მკურნალობა კომპლექსურად მიმდინარეობს, უმეტესად – სამივე მეთოდის გამოყენებით, მაგრამ სხვადასხვა კომბინაციით, დაავადების სტადიისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, არსებობს მკურნალობის დამატებითი მეთოდები, რომლებიც საბაზისო მკურნალობას უფრო შედეგიანს ხდის. თანამედროვე მედიცინა ბევრ ასეთ მეთოდს იცნობს. საბედნიეროდ, ჩვენს კლინკაშიცაა დანერგილი მიმართულებები, რომლებსაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მისდევენ, რეგიონებში კი ფაქტობრივად არ გვხვდება. ვგულისხმობ ინტრაოპერაციულ სხივურ თერაპიასა და ჰიპერთერმიას. ეს ორი მეთოდი ნებისმიერ სტადიაზე ერთიორად ზრდის სიმსივნური პროცესის ქმედითი და ეფექტური მკურნალობის შანსს. ინტრაოპერაციული სხივური თერაპია გვერდით მოვლენებს საგრძნობლად ამცირებს და საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ორგანოშემანარჩუნებელი ე.წ. სუპერდამზოგველი ოპერაცია.

– რას გულისხმობს მკურნალობის ეს ინოვაციური მეთოდები?

– ინტრაოპერაციული სხივური თერაპიის დროს ერთ მომენტად ხორციელდება ქირურგიული და სხივური მკურნალობა. მას ახორციელებს ძვირად ღირებული აპარატი და სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების გუნდი. ბევრი ვიწვალეთ, რომ ეს მიმართულება საქართველოშიც დაგვენერგა. მუშაობა დაახლოებით ათი წლის წინ დავიწყეთ და მხოლოდ 2012 წელს მივაღწიეთ მიზანს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით 2012 წელი საკმაოდ ადრეა, ვინაიდან ბევრ წამყვან კლინიკაშიც კი დღემდე არ დანეგილა ეს მეთოდი. ჰიპერთერმია სულ ახალი მიმართულებაა – ერთი თვის წინ დავამონტაჟეთ აპარატურა, ამჟამად სრულდება პერსონალის მომზადება. ის დაავადების იმ ეტაპზეც კი გვაძლევს შედეგს, როცა ქიმიოთერაპიით მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამასთან, უფრო დამზოგველიცაა. მაგალითად, თუ პაციენტს სჭირდება ქიმიოთერაპიის 6 კურსი, ჰიპერთერმიის ექვსი პროცედურაც ჰყოფნის. ყველაზე სასიხარულო კი ალბათ ის არის, რომ მკურნალობა არ იქნება ძალიან ძვირი – პაციენტს ის თვეში 400-500 ლარი დაუჯდება. ამ მიმართულებისთვის ეს ძალზე იაფია. მაგალითად, სრული კურსი, რომელიც 6-8 თვეს გასტანს, თურქეთში თუ 13000-15000 ევრო ღირს, საქართველოში 3000-4000 ლარამდე ეღირება. მერწმუნეთ, აპარატი იგივეა, პერსონალიც უმაღლეს დონეზეა მომზადებული. ამრიგად, შედეგი იგივე იქნება, დანახარჯი კი გაცილებით ნაკლები.

– დაავადების დასამარცხებლად მაქსიმალურად რადიკალური ოპერაცია აუცილებელია?

– პირიქით, ყველა მეთოდი, რომლებიც ჩამოგითვალეთ, სწორედ იქითაა მიმართული, რომ ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამ მეთოდებთან კომბინაციით უკვე შეგვიძლია, ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები გაცილებით ეფექტურად ჩავატაროთ. ქირურგიულ მკურნალობას მრავალი ნაკლი აქვს. ის საკმაოდ ტრავმულია და ინვალიდიზაციას იწვევს, ვინაიდან საკმაოდ ართულებს ნაოპერაციებ მხარეს ხელის გამოყენებას. აღარაფერს ვიტყვი ესთეტიკურ მხარეზე – ძუძუს მოკვეთა ქალისთვის, მოგეხსენებათ, დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა. რადიკალური ოპერაციის დროს ისპობა ბარიერი დანარჩენ ორგანიზმსა და სხეულის დაზიანებულ ნაწილს შორის, ვინაიდან ნადგურდება ის სუბსტანცია, რომელმაც დაავადება დანარჩენი ორგანიზმისგან უნდა გამოყოს და შორეული მეტასტაზირების შეჩერება უზრუნველყოს, ამიტომ ბოლო ხანს მთელ მსოფლიოში შეინიშნება ტენდენცია, ქირურგიული ჩარევა კვანძის ამოღებით და ლიმფური კოლექტორის ბიოფსიით შემოიფარგლოს.

– რამდენ ხანს გასტანს რეაბილიტაცია?

– რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივია. ოპერაცის შემდგომი დაკვირვება დაახლოებით 5 წელიწადს აქტიურად გრძელდება, ვინაიდან ამ პერიოდში მაღალია რეციდივის ან მეტასტაზების გაჩენის ალბათობა. ოპერაციული ჩარევის შემდეგ კომბინირებული მკურნალობა პაციენტს შესაძლოა 6 თვიდან 5 წლამდე დაჭირდეს.

– თუ ოპერაციის შემდეგ მეტასტაზები გაჩნდა, ეს ოპერაციის არასათანადოდ ჩატარებაზე ხომ არ მიუთითებს?

– არამც და არამც. რადიკალურად ჩატარებული ოპერაცია რომ ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხების 100%-იანი გარანტია იყოს, დღეს კიბო აღარ იარსებებდა. სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს რეციდივისა და მეტასტაზირების ალბათობა. ამიტომაა აუცილებელი პაციენტების განსაკუთრებული მეთვალყურეობა. გამორიცხული არ არის, დაავადებამ 10-20 წლის შემდეგაც იჩინოს თავი.

– შეიძლება თუ არა, ძუძუსკიბოგადატანილმა ქალმა ბავშვს ძუძუ აწოვოს?

– ასეთი პრეცედენტები არსებობს, თუმცა იშვიათია. მთელ მსოფლიოში მკურნალობის სპეციალური სქემებია დანერგილი, რომლებიც კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში ქალის გენერაციულ ფუნქციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

– ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ჰერცეპტინის ძუძუს კიბოს 80%-იანი დაფინანსების პროგრამა აამოქმედეს. რას გვეტყვით ამის შესახებ?

– პროგრამით ისარგებლებენ ქალები, რომლებსაც ჰერ-2-დადებითი კიბო აქვთ. ასეთი კიბო ჰერცეპტინით ერთწლიან მკურნალობას მოითხოვს, რაც ძალიან ძვირია. არ მეგულება საქართველოში ოჯახი, რომელიც ადვილად გასწვდება ამ ხარჯს, ამიტომ მოხარული ვარ, რომ მთავრობა მას საკუთარ თავზე იღებს. ეს ჩვენი ქალებისთვის მართლაც დიდი დახმარებაა. თუ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები ყველა მიმართულებით ასევე იაქტიურებენ, ჩვენ მივაღწევთ მკურნალობის სტანდარტებს, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშია დანერგილი.

– დაბოლოს, რა ურჩევდით ქალებს?

– უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთხოვო, მიიღონ მონაწილეობა სკრინინგპროგრამაში, ჩაიტარონ თვთგასინჯვა, დროულად მიმართონ ექიმს. გარდა ამისა, აუცილებლად გააჩინონ შვილები და აწოვონ ძუძუ.

გააზიარე: