ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა – კარს მომდგარი საფრთხე

გააზიარე:

ანტიბიოტიკების აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. მრავალი ისეთი დაავადება, რომლებსაც წინათ ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, დღეს იკურნება. მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო გვიახლოვდება ხანა, როდესაც ბანალური ინფექციები ისევ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს სიცოცხლეს და ანტიბიოტიკები უსარგებლო საშუალებებად იქცევა.

“ფრთხილად გამოიყენეთ ანტიბიოტიკები”, “არ ვიმოქმედებთ დღეს, ვერ ვუმკურნალებთ ხვალ”, “ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა – გლობალური საფრთხე”, – ასეთი გზავნილებითაა აჭრელებული ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამედიცინო გამოცემა, ვინაიდან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა თანამედროვე მსოფლიოს მართლაც უდიდეს პრობლემად ჰქცევია. ამაში ბრალი მიუძღვის დაუდევრობას, არასათანადო განათლებას, არასწორ პრაქტიკას. შეიძლება ითქვას, რომ მიკრობები ადამიანებზე გონიერები აღმოჩნდნენ – ისინი უფრო და უფრო მეტად ხვეწენ მოქმედების გზებსა და თავდაცვის საშუალებებს, ჩვენს შეცდომებს კი ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ. ნუთუ გვინდა, ფილტვების ანთებას ისევ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს, ტუბერკულოზი კვლავ მკვლელ ინფექციად იქცეს, მარტივი ჩირქოვანი პროცესი სასიკვდილო განაჩენში გადაიზარდოს? თუ არა, მაშ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესამცირებლად.

ჩვენი სტატიის მიზანიც სწორედ ისაა, მეტი შევიტყოთ ანტიბიოტიკებისა და მათი რაციონალური – საჭირო დროს და საჭირო ხანგრძლივობით – გამოყენების შესახებ.

გვესაუბრება თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, სეფსისისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის დირექტორის მოადგილე, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე.

 

რას ნიშნავს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა?

– ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ეწოდება მოვლენას, როდესაც ესა თუ ის ბაქტერია განსაზღვრული ანტიბიოტიკის მიმართ გამძლე ხდება ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესა თუ ის ანტიბიოტიკი განსაზღვრულ ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია, რომელიც დღეს იოლად იკურნება, ხვალ უკურნებელი გახდება. ასე რომ, ამ პრობლემის უგულებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის აღმოსაფხვრელად, უკიდურეს შემთხვევაში, შესამცირებლად მაინც.

მედიცინის ისტორია სამად იყოფა: ანტიბიოტიკებამდელ ეპოქად, ანტიბიოტიკების ეპოქად ანუ მედიცინის ოქროს ხანად და ანტიბიოტიკების შემდგომ ეპოქად. ამჟამად ანტიბიოტიკების შემდგომი ეპოქის მოლოდინში ვართ. ეს იქნება ძალიან ცუდი პერიოდი, როდესაც ინფექციაზე მოქმედი ანტიბიოტიკი პრაქტიკულად აღარ იარსებებს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა არახალია. ის იმ დღეს ჩაისახა, როცა პირველი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს. თავად ფლემინგმა პენიცილინის აღმოჩენიდან მცირე ხნის შემდეგ შეამჩნია, რომ ზოგიერთი მიკროორგანიზმი, რომლებზეც თავდაპირველად მოქმედებდა წამალი, მის მიმართ უგრძნობი გახდა. 1946 წელს პენიცილინისადმი რეზისტენტული იყო იმხანად გავრცელებული მიკრობების 6%, 1964 წელს კი – 60%.

ფლემინგსვე ეკუთვნის მოწოდება: სანამ დაავადების დიაგნოზი არ დაისმება, პენიცილინის გამოყენება არ ღირს, მაგრამ თუ ამას მაინც ვერ აარიდეთ თავი, ნუ გამოიყენებთ მოკლე ხნით და მცირე დოზებით, თორემ ბაქტერიები გამძლეობას გამოიმუშავებენ მის მიმართ.

როგორც ხედავთ, მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა მოძღვრება ანტიბიოტიკოთერაპიის შესახებ, მაგრამ მედიცინის არნახულმა განვითარებამ და ახალ-ახალი ანტიბაქტერიული საშუალებების აღმოჩენამ ექიმებსა და მთელ საზოგადოებას დაავიწყა მისი სიტყვები. დღეს კი, როდესაც ანტიბიოტიკების წყარო დაშრა და იძულებული ვართ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ხელთ არსებული ანტიბაქტერიული საშუალებების ოქროს ფონდს, ფლემინგის მოძღვრება ერთიორად აქტუალური გახდა. თუ ის ყურად არ ვიღეთ, პერსპექტივა ძალზე არასახარბიელო იქნება – ახალი პრეპარატების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია და თუ ბაქტერიები არსებულთა მიმართაც შეუვალნი გახდნენ, ინფექციებს ვეღარ დავამარცხებთ. არ ვიმოქმედებთ დღეს – ვერ ვუმკურნალებთ ხვალ!

თუ რეზისტენტობა ამდენი ხანია არსებობს, რატომ დგას ეს პრობლემა დღეს ასე მწვავედ?

– ამას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. თავის დროზე რეზისტენტობას მარტივად აღიქვამდნენ – ანტიმიკრობული საშუალება მიკროორგანიზმზე აღარ მოქმედებდა. სადღეისოდ უკვე სრულად გაშიფრულია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმი და აშკარაა მოსალოდნელი საფრთხე. ვიცით, როგორ ხდება ბაქტერია ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი შეუვალი. რაც მთავარია, ეს ცვლილება აისახება ბაქტერიის გენზე, რომელსაც ის სხვა ბაქტერიებს გადასცემს. არა მარტო თავისნაირებს, არამედ სხვებსაც – ყველას თავის გარშემო. ასე რომ, მიკრობები კონსოლიდირებულად იბრძვიან. მაგალითად, პროთეზირების ინფექციური გართულებისას პროთეზზე – კბილისაზე, სახსრისაზე, პეისმეიკერზე – სახლდება რამდენიმე მიკრობი, რომლებიც ერთიან გარსს იკეთებენ და გარსის შიგნით მათი ქცევა სრულიად განსხვავდება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის აქტივობისგან, ამიტომ ასეთი პოპულაციები, რომლებსაც ბიოფილმებს ვუწოდებთ, უფრო რეზისტენტულები არიან. ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაც სრულიად განსხვავებული აქვთ. მათზე ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარებაც რთულია, ვინაიდან ბიოფილმიდან მიკრობის გამოყოფა ძალიან ჭირს. ამრიგად, რეზისტენტობის ფენომენი გაღრმავდა, გაფართოვდა. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ცოცხალ ორგანიზმებთან, რომლებიც განუწყვეტლივ ხვეწენ თავიანთ მოქმედებას. მეორე მხრივ, უფრო და უფრო არარაციონალურად ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, რასაც რეზისტენტობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ეს არნახულად აჩქარებს ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი გამძლეობის გავრცელების ბუნებრივ პროცესს.

რეზისტენტობის გავრცელებაში ბრალი მიუძღვის ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენებასაც. ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებენ ანტიბაქტერიულ საშუალებებს. გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ მსოფლიოში ამ მიზნით ყოველწლიურად 30-35 000 ტონა ანტიმიკრობული საშუალება გამოიყენება. მართალია, პროდუქტიულობა იზრდება, მაგრამ ასეთი ცხოველის ხორცი შეიცავს რეზისტენტულ შტამებს, რომლებსაც მომხმარებელსაც გადასცემს.

როგორ გადავარჩინოთ ანტიბიოტიკები, რომლებიც ჯერ კიდევ ეფექტურია?

– უპირველეს ყოვლისა, რაციონალური გამოყენებით. მინდა, ყველას ვთხოვო, ერიდონ ანტიბაქტერიული საშუალებების თვითნებურ მიღებას, ხოლო როცა ეს აუცილებელია, მიიღონ სათანადო დოზითა და ხანგრძლივობით. ბევრი, უკეთესობას იგრძნობს თუ არა, ანტიბიოტიკის მიღებას წყვეტს. არადა, ანტიბაქტერიული საშუალების მიღების მიზანი ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება კი არა, მიკრობის უვნებელყოფაა. თუ მავნე ბაქტერია არ განადგურდა, წამლისადმი გამძლეობას გამოიმუშავებს და მის მიმართ შეუვალი გახდება. რეზისტენტობა გავრცელდება ყველა იმ პირზეც, ვისაც მიკრობი ამ პაციენტისგან გადაედება. ამ წესის დაცვა არ არის ძნელი – უამრავი სანდო კვლევითაა დადგენილი, რა დოზითა და ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი ამა თუ იმ ავადმყოფობის დროს.

ცალკე საუბრის თემაა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების მანკიერი პრაქტიკა. არამც და არამც არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკები გაციების, გრიპის, საზოგადოდ, ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც ბაქტერიებით არ არის გამოწვეული. ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. მის ნაცვლად ნორმალური მიკროფლორა ნადგურდება, ბაქტერიების ნაწილი კი რეზისტენტული ხდება. მეტსაც გეტყვით – ანტიბიოტიკები ახანგრძლივებს ვირუსულ ინფექციებს, იმიტომ რომ ვირუსებისგან სწორედ მიკრობული სამყარო გვიცავს, რომელსაც ანტიბიაქტერიული საშუალებებით თვითონვე ვსპობთ.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას პირველადი ჯანდაცვის რგოლში. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ანტიბაქტერიულ საშუალებათა 70-75%-ს სწორედ ამ საფეხურზე გამოწერენ.

ასეთ პრაქტიკას ზოგიერთი ექიმი ბაქტერიული გართულების პრევენციით ხსნის...

– ეს ძალზე არააკადემიური მიდგომაა. ამჟამად არსებობს კვლევის უამრავი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება განისაზღვროს, გართულდა თუ არა ვირუსული ინფექცია ბაქტერიულით. რაც შეეხება პროფილაქტიკას, ამ მიზნით ანტიბიოტიკების გამოყენება ნიშნავს, რომ, მაგალითად, ხშირად მოავადე ბავშვს უფრო მეტად გავურთულოთ ცხოვრება, მომავალში მისი მკურნალობა უფრო მეტად გაგვიჭირდეს. თუ პროფილაქტიკა გვინდა, უპირველეს ყოვლისა, იმუნური ძალების აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ.

გაითვალისწინეთ, ანტიბოტიკი წამალი არ არის. ეს გახლავთ ცოცხალ მიკროორგანიზმზე მოქმედი საშუალება, რომელიც ამ მიკროორგანიზმის სიკვდილს იწვევს. ესე იგი მკვლელი სუბსტანციაა. ჩვენთვის ცნობილი სხვა პრეპარატები ადამიანის ორგანიზმის ამა თუ იმ ფუნქცის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ანტიბიოტიკები, პირიქით, აუარესებს კიდეც ორგანოთა ფუნქციას, თუმცა ინფექციის გამომწვევ ცოცხალ მიკროორგანიზმებსაც ხოცავს. ამიტომაც გრძნობს უკეთესობას პაციენტი მათი მიღების შემდეგ. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც ორგანიზმში მართლა არსებობს ამ საშუალებათა სამიზნე. თუ არ ვართ დარწმუნებული წამლისადმი მგრძნობიარე მიკრობების არსებობაში, ანტიბიოტიკების გამოყენება პრაქტიკულად დანაშაულია. მათი დანიშვნისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ასაკი, ავადმყოფობის სიმძიმე, გამომწვევი მიკრობის ბუნება, მისი განადგურებისთვის საჭირო დოზა, ანტიბიოტიკის უკანასკნელი გამოყენების შემდეგ გასული დრო, ფონური დაავადებები... ყოველივე ამისთვის კი საჭიროა ზუსტი დიაგნოსტიკა, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ეს მეთოდი უკვე მრავალი წელია არსებობს, მაგრამ დღემდე ოქროს სტანდარტად რჩება. ანტიბიოტიკოგრამა იმის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს, რომელი ანტიბიოტიკის მიმართ არის მგრძნობიარე ესა თუ ის მიკრობი. რატომ უნდა გამოვიყენოთ მეოთხე რიგის პრეპარატი, თუ პირველი რიგისაც კარგად მოქმედებს?! მეორე მხრივ, თუ მიკრობი სენსიტიური არ არის, რა დოზითა და ხანგრძლივობითაც უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი, ავადმყოფობას ვერ მოვერევით, სამაგიეროდ, რეზისტენტობის განვითარებას შევუწყობთ ხელს.

ასეთ კვლევას კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები სჭირდება. საქართველოში ასეთი ლაბორატორია რამდენიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს მთელ ქვეყანაში საკმაოდ კარგად აღჭურვილი ლაბორატორიების ქსელი. ასევე “ავერსის კლინიკის” ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია სავსებით აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ექიმს ისღა დარჩენია, ნიმუში აიღოს.

რომელ ანტიბიოტიკებთან დგას რეზისტენტობის პრობლემა ყველაზე მწვავედ?

– უფრო გავრცელებული ბაქტერიები, ცხადია, უფრო რეზისტენტულები არიან. უკვე არსებობს მეტიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზისტენტობა იმ ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართაც კი განვითარდა, რომელთა მიმართ არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვითარებულიყო და მივიღეთ მეტიცილინ- და ოქსაცილინრეზისტენტული ძალზე საშიში შტამი. რომელ განყოფილებაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ასეთი პაციენტი, ქირურგიულში, ტრავმატოლოგიურში, გინეკოლოგიურში, ამბულატორიულში თუ სხვა, მისი იზოლაცია აუცილებელია.

ძალზე ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალებებია კარბაპენემები. პრაქტიკულად, ისინი გახლავთ ჩვენი კრიტიკული დეპარტამენტების დასაყრდენი. მაგრამ ბაქტერიებმა უკვე კარბაპენემაზის გამომუშავებაც დაიწყეს.

ვანკომიცინი ვიწრო სპექტრის, მაგრამ ეფექტური, გრამდადებით ბაქტერიებზე მიზანმიმართულად მოქმედი საშუალებაა. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულია ვანკომიცინრეზისტენტული ენტეროკოკების  არსებობაც.

მსოფლიოს კლინიკათა კრიტიკულ დეპარტამენტებში გარდაცვლილი პაციენტების 50% პოლირეზისტენტული (რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული) შტამებით იყო ინფიცირებული.

დიდი ხანია, მსოფლიო ამ პრობლემას ებრძვის. მოითხოვენ, ფაქიზად და აკადემიურად მოეკიდონ ანტიბიოტიკების გამოყენებას. აქტიური მოქმედებით ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა მკვეთრად შეამცირეს ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება. უამრავი კვლევით დადასტურდა, რომ ავადობას, გართულებებს, ლეტალობას არც ერთ შემთხვევაში არ მოუმატია. იმედი მაქვს, მიდგომა ჩვენთანაც შეიცვლება. ბოლო ხანს, სახელმწიფოსა და საექიმო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის წყალობით, ცვლილებები მართლაც თვალში საცემია. სარეცეპტო პრეპარატების ნუსხაში ანტიბიოტიკების შეტანამ მკვეთრად შეამცირა მათი თვითნებური გამოყენება. მართალია, მცირე დარღვევები არის, მაგრამ ვითარება დიდწილად დარეგულირდა.

წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (გენერალური დირექტორი – ამირან გამყრელიძე) და ჯანდაცვის სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ძალისხმევით ქართულად ითარგმნა სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო, რომელიც, უკვე 45 წელია, ყველა ექიმის სამაგიდო წიგნია ამერიკაში. მასში თავმოყრილია ინფორმაცია ყველა ანტიმიკრობულ პრეპარატზე, მკაფიოდაა მითითებული, რომელი დაავაადების დროს რომელი მათგანი უნდა გამოიყენოთ, რა დოზით, რა ხანგრძლივობით. სახელმძღვანელო უფასოდ დაურიგდა სამედიცინო დაწესებულებებს, უწინარეს ყოვლისა – პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.

რამდენიმე წელია, ევროპაში ყოველ ნოემბერს აღინიშნება ანტიბიოტიკების ცნობადობის დღე, შარშან კი, პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ანტიბიოტიკების შესახებ ცნობადობის ამაღლებას მთელი კვირეული მიეძღვნა. ამ კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში გაიმართა უამრავი ღონისძიება. ამოქმედდა სამდღიანი ტრენინგპროგრამა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის. ყველა შეხვედრაზე აშკარად ჩანს ძვრები.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისიტენტობის აღმოფხვრა, სამწუხაროდ, შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია და გვევალება კიდეც, ზედმიწევნით შევამციროთ მისგან მომდინარე საფრთხე. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველას – ფრთხილად გამოიყენონ ანტიბიოტიკები.

 

გააზიარე: