ატენტო 40მგ/10მგ #28ტ
გააზიარე:
ატენტო 40/10
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ოლმესარტანის მედოქსომილი/ამლოდიპინი
ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ატენტო და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატენტოს მიღებამდე
3. როგორ მიიღება პრეპარატი ატენტო
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პრეპარატ ატენტოს შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ატენტო და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ატენტო შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს და ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით). ამ ორი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი.
- ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით
„ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების გზით.
- ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი ხელს უშლის სისხლძარღვების კედელში
კალციუმის შეღწევას, რაც აფერხებს სისხლძარღვების შევიწროებას, შედეგად კი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.
ორივე ნივთიერების მოქმედება ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას, რაც ხელს უწყობს მათ მოდუნებას და იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
პრეპარატი ატენტო გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების მიღწევა ოლმესარტანის მედოქსომილის ან ამლოდიპინის ცალ-ცალკე მიღებით.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატენტოს მიღებამდე პრეპარატი ატენტო უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგიის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის, ამლოდიპინის ან კალციუმის
არხების ბლოკერების გარკვეული ჯგუფის პრეპარატების, დიჰიდროპირიდინების, ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია, პრეპარატ ატენტოს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- თუ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს (რეკომენდებული არ არის პრეპარატ ატენტოს მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზეც – იხ. პარაგრაფი
„ორსულობა და ძუძუთი კვება“).
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ასევე, თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს ალისკირენის შემცველობით.
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა ან ნაღვლის ბუშტიდან მისი გადინების დარღვევა (მაგალითად, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას), ან სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება).
- თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა.
- თუ გაქვთ ქსოვილებში სისხლის არასაკმარისი მიწოდება შემდეგი სიმპტომების არსებობით: დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, აჩქარებული გულისცემა (შოკი, კარდიოგენული შოკის ჩათვლით). კარდიოგენული შოკი წარმოადგენს შოკურ მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია მძიმე დარღვევებით გულის მხრივ.
- გულიდან სისხლის გადინების შეფერხების დროს (მაგალითად, აორტის შევიწროების დროს (აორტის სტენოზი)).
- გულის წუთმოცულობის შემცირებისას (შეიძლება გამოვლინდეს ქოშინით ან პერიფერიული შეშუპებით) გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ატენტოს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, უნდა მიმართოთ ექიმს:
- აგფ ინჰიბიტორები (მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები, გამოწვეული დიაბეტით;
- ალისკირენი.
მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის კონტროლი.
ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფში „პრეპარატ ატენტოს მიღება არ შეიძლება“.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ მითითებულიდან ნებისმიერი დაავადება:
- თირკმელების დაავადებები ან თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა.
- ღვიძლის დაავადებები.
- გულის უკმარისობა ან დარღვევები გულის სარქველების ან გულის კუნთის მხრივ;
- მძიმე ღებინება, ფაღარათი, მკურნალობა „შარდმდენი საშუალებების“ (დიურეზულები) მაღალი დოზებით, ან იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.
- სისხლში კალიუმის გაზრდილი დონე.
- თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელების თავზე განთავსებული შიდა სეკრეციის ჯირკვლები).
მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ხანგრძლივი, მძიმე ფაღარათი, რომელიც იწვევს წონის მნიშვნელოვან კარგვას. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება, მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო რომელი პრეპარატის მიღებაა მიზანშეწონილი.
როგორც არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, გულის ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის ძლიერმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (ინფარქტი) ან ინსულტი. ასეთ შემთხვევებში, მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს თქვენი არტერიული წნევა.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. პრეპარატ ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ასევე, მისი მიღება არ შეიძლება სამი თვიდან ორსულობისას, რადგან ამ პერიოდში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ატენტო
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:
- არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან ერთდროულად გამოყენებისას
პრეპარატ ატენტოს მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.
შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექცია ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღება:
თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში
„პრეპარატი ატენტო უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”).
- კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები,
„შარდმდენი საშუალებები“ (დიურეზულები) ან ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად და კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის). ამ სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ ატენტოს კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება.
- თუ იღებთ ლითიუმს (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერთი
ტიპის დეპრესიის დროს), პრეპარატ ატენტოსთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს მისი ტოქსიკური მოქმედება. თუ დაგენიშნათ ლითიუმის პრეპარატი, მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს, სამკურნალო
საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის, შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ართრიტის დროს) პრეპარატ ატენტოსთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკი. პრეპარატ ატენტოს მოქმედება შეიძლება შესუსტდეს აასს-ის მიღებისას.
- კოლესეველამის ჰიდროქლორიდი, სამკურნალო საშუალება, რომელიც აქვეითებს
სისხლში ქოლესტერინის დონეს, ვინაიდან შესაძლებელია პრეპარატ ატენტოს
მოქმედების შესუსტება. მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ, შეწყვიტოთ პრეპარატ ატენტოს მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
- ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან
პრეპარატ ატენტოს მოქმედება შეიძლება მცირედით შესუსტდეს.
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი) ან სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი).
- დილთიაზემი, ვერაპამილი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევებისას და მომატებული არტერიული წნევის დროს).
- რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები), სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.
- კრაზანა (Hypericum perforatum), მცენარეული საშუალება.
- დანტროლენი (ინფუზია, რომელიც გამოიყენება სხეულის ტემპერატურის რეგულაციის მძიმე დარღვევების დროს).
- სიმვასტატინი, პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების (ტრიგლიცერიდების) დონეს.
- ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი და ციკლოსპორინი, სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის კონტროლისთვის, გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
პრეპარატ ატენტოს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატ ატენტოს მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.
თუ იღებთ პრეპარატ ატენტოს, არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი. იმის გამო, რომ გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი ხელს უწყობს სისხლში მოქმედი ნივთიერების ამლოდიპინის შემცველობის გაზრდას, ეს შეიძლება იწვევდეს პრეპარატ ატენტოს ჰიპოტენზიური მოქმედების არაპროგნოზირებულ გაძლიერებას.
ხანდაზმული პაციენტები
თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი, წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა პრეპარატის ნებისმიერი დოზით გაზრდის შემთხვევაში.
შავკანიანი პაციენტები
როგორც სხვა ანალოგიური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, შავკანიან პაციენტებში პრეპარატ ატენტოს გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება შეიძლება იყოს ოდნავ დაბალი.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. სავსებით შესაძლებელია, რომ ექიმი მოგიხსნით პრეპარატ ატენტოს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისთანავე, და პრეპარატ ატენტოს ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო.
პრეპარატ ატენტოთი მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს. ცნობილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. რეკომენდებული არ არის ატენტოს მიღება ძუძუთი კვების პერიოდში, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების შემთხვევაში, და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენება შეიძლება იწვევდეს ძილიანობას, გულისრევას ან თავის ტკივილს. ამ შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა სიმპტომების გაქრობამდე. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მოცემული სამკურნალო საშუალების აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს
1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პრეპარატი
„პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.
3. როგორ მიიღება პრეპარატი ატენტო
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატ ატენტოს რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე-ღამეში.
- მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტები არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტებს არ უნდა მიაყოლოთ გრეიფრუტის წვენი.
თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.
თუ მიიღეთ პრეპარატ ატენტოს საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაცემა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ თქვენმა ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა და ეს ჩანართი.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ატენტოს მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ ის დანიშნული დოზით, ჩვეულებრივ, მეორე დღეს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტოს მიღება
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ პრეპარატ ატენტოს მიღება მანამ, სანამ მკურნალი ექიმი არ მოგიხსნით მკურნალობას.
თუ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოქმედება არის მსუბუქი ხასიათის და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ორი გვერდითი მოქმედება არ გვხვდება ხშირად, ის შეიძლება იყოს სერიოზული:
პრეპარატ ატენტოთი მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვრცელდება მთელ სხეულზე და ვლინდება სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპებით და თან ახლავს ქავილი და გამონაყარი. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტოს მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატ ატენტოს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის ძალიან გამოხატული დაქვეითება ამ რეაქციის მიმართ მგრძნობიარე პირებში, ან ალერგიული რეაქციის შედეგად. ეს შეიძლება იწვევდეს გულის წასვლის მძიმე წინა მდგომარეობას ან გულის წასვლას. ასეთი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტოს მიღება, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა.
პრეპარატ ატენტოს სხვა შესაძლო გვერდითი მოქმედება:
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კოჭების, ტერფების, ფეხების, ხელის მტევნების ან ხელების შეშუპება, დაღლილობა.
ზოგჯერ (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავბრუსხვევა ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას; ძალის დაკარგვა; ხელის მტევნებში ან ფეხის ტერფებში ჩხვლეტა ან დაბუჟება; ვერტიგო; გულისცემის შეგრძნება; გახშირებული გულისცემა; არტერიული წნევის დაქვეითება ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა; სუნთქვის გაძნელება; ხველა; გულისრევა; ღებინება; საჭმლის მონელების დარღვევა; ფაღარათი;
ყაბზობა; სიმშრალე პირის ღრუში; ტკივილი მუცლის ზედა არეში; კანზე გამონაყარი; კრუნჩხვა; ტკივილი ხელებსა და ფეხებში; ტკივილი ზურგის არეში; გახშირებული შარდვა; სქესობრივი აქტივობის დაქვეითება; ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა; სისუსტე
ასევე აღინიშნა სისხლის ანალიზის მაჩვენებლების გარკვეული ცვლილებები, რაც ითვალისწინებს შემდეგს:
სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება ან შემცირება, სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება (გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონე).
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ; გულის წასვლა; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების შეგრძნება; კანის ზედაპირზე ამოწეული წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება); სახის შეშუპება.
გვერდითი მოქმედება, რომელიც ცნობილია ოლმესარტანის მედოქსომილის ან ამლოდიპინის ცალ-ცალკე გამოყენებისას, მაგრამ არ არის ცნობილი პრეპარატ ატენტოს გამოყენებისას ან მისი გამოვლენის სიხშირე უფრო მაღალია:
ოლმესარტანის მედოქსომილი
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ბრონქიტი; ყელის ტკივილი; სურდო ან ცხვირის „გაჭედვა“; ხველა; ტკივილი მუცლის არეში; კუჭის გრიპი; ფაღარათი; საჭმლის მონელების დარღვევა; გულისრევა; სახსრების ან ძვლების ტკივილი; ტკივილი ზურგის არეში; სისხლი შარდში; საშარდე გზების ინფექციები; ტკივილი გულ-მკერდის არეში; გრიპის მსგავსი სიმპტომები; ტკივილი. სისხლის ანალიზის მაჩვენებლების შეცვლა: ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), სისხლში შარდოვანას ან შარდმჟავას დონის მომატება, ღვიძლის და კუნთების ფუნქციური მაჩვენებლის მომატება.
ზოგჯერ (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ცნობილია, როგორც თრომბოციტები, რაც შეიძლება იწვევდეს სილურჯეების განვითარებას ან სისხლდენის დროის გახანგრძლივებას; დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მთლიანად ორგანიზმზე და იწვევდეს სუნთქვის დარღვევას, ასევე არტერიული წნევის სწრაფი დაცემა, რომელიც შეიძლება იწვევდეს გულის წასვლას (ანაფილაქსიური რეაქციები); სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის
შეგრძნება გულ-მკერდის არეში, რომელიც ცნობილია, როგორც სტენოკარდია); ქავილი; კანზე გამონაყარი; კანზე ალერგიული გამონაყარი; ჭინჭრის ციება; სახის შეშუპება; კუნთების ტკივილი; ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპება; თირკმელების მწვავე უკმარისობა და თირკმელების უკმარისობა; ლეთარგია.
ამლოდიპინი
ძალიან ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
შეშუპება (სითხის შეკავება)
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში; გულისრევა; კოჭების შეშუპება; ძილიანობის შეგრძნება; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების შეგრძნება; მხედველობის დარღვევა (მათ შორის, თვალებში გაორება და არამკვეთრი მხედველობა), გულისცემის შეგრძნება, ფაღარათი, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, კრუნჩხვა, სისუსტე, სუნთქვის გაძნელება.
ზოგჯერ (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ცუდი ძილი; ძილის დარღვევა; გუნება-განწყობის ლაბილურობა, მათ შორის შფოთვის შეგრძნება; დეპრესია; გაღიზიანებადობა; კანკალი; გემოს აღქმის შეცვლა; გულის წასვლა; ხმაური ყურებში (ტინიტუსი); მდგომარეობის გაუარესება სტენოკარდიის დროს (გულ- მკერდის არეში ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება); არარეგულარული გულისცემა; სურდო ან ცხვირის „გაჭედვა“; თმის ცვენა; მეწამული ლაქები ან ბალთები კანზე მცირე ზომის სისხლჩაქცევების გამო (პურპურა); კანის ფერის შეცვლა; მომატებული ოფლიანობა; კანზე გამონაყარი; ქავილი; კანის ზედაპირზე ამოწეული წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება); სახსრების ან კუნთების ტკივილი; შარდვის გაძნელება; ღამით შარდვის მოთხოვნილება; შარდვის გაძლიერებული მოთხოვნილება; მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება; ტკივილი გულ-მკერდის არეში; ტკივილი; შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება; წონის მომატება ან შემცირება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ცნობიერების არევა;
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს; სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ცნობილია, როგორც თრომბოციტები, რაც შეიძლება იწვევდეს სილურჯეების განვითარებას ან სისხლდენის დროის გახანგრძლივებას; სისხლში გლუკოზის დონის მომატება; კუნთების ტონუსის მომატება ან პასიური მოძრაობების შესრულების წინააღმდეგობის გაზრდა (ჰიპერტონუსი); ხელის მტევნების ან ტერფების ჩხვლეტა ან დაბუჟება; გულის შეტევა; სისხლძარღვების ანთება; ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება; კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება; ღრძილების გასქელება; ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; კანის და თვალების გაყვითლება; სინათლის მიმართ კანის მგრძნობელობის მომატება; ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპება ქავილისა და გამონაყარის თანხლებით, მძიმე ხარისხის კანის რეაქციები, რომლებიც ითვალისწინებს გამოხატულ გამონაყარს კანზე, ჭინჭრის ციებას, კანის გაწითლებას მთელ სხეულზე, მძიმე ქავილს, ბუშტუკების წარმოქმნას, კანის აქერცვლას და შეშუპების განვითარებას, ლორწოვანი გარსების ანთებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაც ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშია.
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია): კანკალი, დაძაბული პოზა, ნიღაბის მსგავსი სახე, მოძრაობის შენელება და არამყარი ნაბიჯები.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე შეგიძლიათ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
5. პრეპარატ ატენტოს შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია პრეპარატ ატენტოს შემადგენლობა
- მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს ოლმესარტანის მედოქსომილი და ამლოდიპინი (ბესილატის სახით).
ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
- სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზებული, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი 3350, ტალკი, ტიტანის
დიოქსიდი (E171), რკინის (III) ოქსიდი (E172) (მხოლოდ პრეპარატ ატენტოს 40 მგ/5 მგ და 40 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებში) და რკინის (III) ოქსიდი წითელი (E172) (მხოლოდ პრეპარატ ატენტოს 40 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებში).
პრეპარატ ატენტოს აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი ატენტო 20 მგ/5 მგ წარმოადგენს თეთრი ფერის მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, გრავირებით „C73” ერთ მხარეს.
პრეპარატი ატენტო 40 მგ/5 მგ წარმოადგენს კრემისფერ მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, გრავირებით „C75“ ერთ მხარეს.
პრეპარატი ატენტო 40 მგ/10 მგ წარმოადგენს მოყავისფრო-წითელი ფერის მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, გრავირებით “C77“ ერთ მხარეს.
პრეპარატი ატენტო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოდის ბლისტერული შეფუთვით. პირველადი შეფუთვა შედგება ლამინირებული პოლიამიდის/ალუმინის/პოლივინილქლორიდის/ალუმინისგან.
პრეპარატი ატენტო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ოპა/ალუმინის/პვქ/ალუმინის ბლისტერებში და გამოდის შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 14, 28, 30, 56, 90, 98 და 10x28, 10x30 ტაბლეტით, და შეფუთვაში აპკიანი გარსით დაფარული 10x1, 50x1 და 500x1 ტაბლეტით პერფორირებულ ბლისტერებში, გაყოფილი ერთჯერად დოზებზე.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა. დე ლა გარეს გამზირი 1,
1611 ლუქსემბურგი ლუქსემბურგი
მწარმოებელი ბერლინ-ჰემი აგ გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია ან
ლაბორატორიოს მენარინი ს.ა. ალფონსო XII-ს ქუჩა, 587 08918 ბადალონა (ბარსელონა) ესპანეთი