მედაზეპამი ლაროფარმი10მგ#20ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
მედაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
მედაზეპამი
ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი ხელახლა წაკითხვა გახდეს საჭირო
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პიროვნებებისათვის. ამან შესაძლოა მიაყენოს მათ ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი დაავადების ნიშნები აღენიშნებათ.
- თუ გვერდით მოვლენებს აქვს ადგილი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. იხ. პუნქტი 4.
რას იპოვით ამ ინსტრუქციაში:
- რა არის მედაზეპამი ლაროფარმი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ მედაზეპამი ლაროფარმის მიღებამდე
- როგორ მიიღოთ მედაზეპამი ლაროფარმი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შეინახოთ მედაზეპამი ლაროფარმი
- პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის მედაზეპამი ლაროფარმი და რისთვის გამოიყენება იგი
მედაზეპამი ლაროფარმი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მედაზეპამს, რომელიც მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს და განკუთვნილია ხანმოკლე მკურნალობისათვის, შემდეგი სიმპტომებისას:
- ფსიქიკური და ფსიქოსომატური ეტიოლოგიის შფოთვითი მდგომარეობა, მწვავე და ქრონიკული;
- ფსიქიკური დაძაბულობისა და აღგზნების მდგომარეობები.
- რა უნდა იცოდეთ მედაზეპამი ლაროფარმის მიღებამდე
არ მიიღოთ მედაზეპამი ლაროფარმი თუ:
- გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა მედაზეპამის, სხვა ბენზოდიაზეპინების ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (იხ. პუნქტი 6);
- ანამნეზში გაქვთ სამედიცინო ან არასამედიცინო საშუალებებზე (ეთილის სპირტი) დამოკიდებულება;
- გაწუხებთ მიასთენია გრავისის სახელით ცნობილი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;
- გაწუხებთ დეკომპენსირებული სუნთქვის უკმარისობის სახელით ცნობილი დაავადება;
- ხართ ლაქტაციის პერიოდში.
მედაზეპამი ლაროფარმის მოხმარება არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მედაზეპამის მოხმარება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ:
- ეთილის სპირტის, საძილე საშუალებების, ანალგეტიკების, ნეიროლეპტიკური საშუალებების, ანტიდეპრესანტების და ლითიუმის ინტოქსიკაცია;
- ზურგის და ნათხემის ატაქსია;
- მწვავე კუთხის დახურვის გლაუკომა;
- ღვიძლის მწვავე დაავადებები (მაგ. ქოლესტაზური ყვითელა);
- ძილის აპნოე;
შესაძლოა ექიმმა მოგცეთ რეკომენდაცია სისხლის გარკვეული ანალიზების ჩატარებაზე და ღვიძლის ფუნქციის კონტროლზე.
საჭიროა თქვენს ექიმს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზეზებითაა გამოწვეული შფოთვის მდგომარეობა, ფსიქიკური დაძაბულობა და აღგზნება. მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობების შესახებ, თქვენი პირადი ცხოვრების გათვალისწინებით (მაგ. პროფესიული საქმიანობა).
მკურნალობის დაწყებისას, ექიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაადგინოს პაციენტის ინდივიდუალური რეაქტიულობა მედიკამენტთან მიმართებაში, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს დოზის გადაჭარბება. ქვემოთ ჩამოთვლილი პაციენტები არიან დოზის გადაჭარბების გაზრდილი რისკის ქვეშ და სჭირდებათ ინდივიდუალური რეაქტიულობის დროული დადგენა:
- დიდი ასაკის პაციენტები;
- მემკვიდრეობითი ანომალიები;
- ორგანული ცვლილებები თავის ტვინში;
- სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ღვიძლის უკმარისობა.
მედაზეპამის კუნთების რელაქსაციური ეფექტის გამო შესაძლოა გაჩნდეს კუნთოვანი ჰიპოტონია და გაიზარდოს წაქცევისა და მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.
საღამოს დოზის მიღების შემდეგ, მომდევნო დილას, შესაძლოა გაჩნდეს „ჰენგოვერის“ ეფექტები (კონცენტრაციის დარღვევა, გამოყოლილი დაღლილობა), რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს რეაქტიულობაზე.
მედაზეპამით მკურნალობისას, ისევე, როგორ სხვა ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს:
- დამოკიდებულებას - დამოკიდებულების გაჩენის რისკი იზრდება მოხმარებული დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით, ასევე პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც წარსულში მოიხმარდნენ ალკოჰოლს ან სხვა მედიკამენტებს ჭარბი რაოდენობით;
- ამტანობას - იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის პერიოდის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ მედიკამენტს აღარ აქვს იგივე ეფექტი, რაც მკურნალობის დასაწყისში ჰქონდა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- აღკვეთის სინდრომს - ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ძილის დარღვევები, სიზმრების ცვლილებები, შფოთვა, კანკალი, ოფლიანობა, კრუნჩხვები, ფსიქოზური რეაქციები შესაძლოა გაჩნდეს მედაზეპამით რამდენიმედღიანი მკურნალობის მყისიერად შეწყვეტიდან 2-4 დღეში. მედაზეპამით მკურნალობის შეწყვეტის მეთოდი უნდა დადგინდეს მხოლოდ თქვენი ექიმის მიერ;
- პარადოქსულ რეაქციებს - იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ჰალუცინაციები, ძლიერი აღგზნებადობა, შფოთვა, სუიციდისკენ მიდრეკილება, უძილობა, აგრესიულობა, კუნთების სპაზმები, შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მოხმარება და დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ამ რისკების და სხვა გვერდითი მოვლენების (იხ. პუნქტი 4) რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდებულია ყველაზე პატარა ეფექტური დოზების მოხმარება და რაც შეიძლება ხანმოკლე მკურნალობა.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული მედაზეპამის მოხმარება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
მედაზეპამი ლაროფარმი სხვა მედიკამენტებთან ერთად
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მოიხმართ, ახლო წარსულში მოიხმარეთ ან შესაძლოა მოიხმაროთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტები.
განსაკუთრებით, უთხარით თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
- ცენტრალური მოქმედების მედიკამენტები (მაგ. ფსიქოტროპული ნივთიერებები, საძილე საშუალებები, ანალგეტიკები და ანტიჰისტამინური საშუალებები) - შესაძლოა გაზარდონ როგორც ცენტრალური დეპრესიის რისკი (განსაკუთრებით ეთილის სპირტის ზემოქმედებისას), ასევე სუნთქვის დეპრესიის რისკი (სუნთქვის დეპრესია უფრო მწვავეა სასუნთქი გზების ობსტრუქციის შემთხვევაში და თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში);
- კუნთების რელაქსანტები - მედაზეპამმა შესაძლოა გააძლიეროს მათი ეფექტი;
-ციმეტიდინი, დისულფირამი ან ომეპრაზოლი - შესაძლოა გააძლიეროს ან გაახანგრძლივოს მედაზეპამის მოქმედება;
- თეოფილინი, მოხმარებული მცირე დოზებით, ანაზღაურებს მედაზეპამის დამამშვიდებელ ეფექტს;
- ლევოდოპა - მედაზეპამმა შესაძლოა შეაჩეროს ლევოდოპას მოქმედება;
- ფენობარბიტალმა და ფენიტოინმა შესაძლოა დააჩქარონ მედაზეპამის მეტაბოლიზმი;
ცალკეულ შემთხვევებში, მედაზეპამმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ფენიტოინის მეტაბოლიზმს და გააძლიეროს მისი ეფექტი.
პაციენტებში, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს სხვა მედიკამენტებით, მაგალითად ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით, ბეტა-ბლოკატორებით, ანტიკოაგულანტებით, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით, საგულე გლიკოზიდებით და კონტრაცეპტივებით, ურთიერთქმედების ინტენსივობა და ხასიათი არაპროგნოზირებადია.
ორგანიზმიდან მედაზეპამის ნელი გამოთავისუფლების გამო, უნდა იყოს გათვალისწინებული მედაზეპამის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება მედაზეპამით მკურნალობის დამთავრების შემდეგაც.
მწეველებში მედაზეპამის გამოთავისუფლება შესაძლოა მოხდეს უფრო სწრაფად.
მედაზეპამი ლაროფარმი ალკოჰოლთან ერთად
არ მოიხმაროთ ალკოჰოლური სასმელები მედაზეპამი ლაროფარმით მკურნალობის პერიოდში.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციის მიღებისათვის, ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
მედაზეპამი ლაროფარმის მოხმარება არ არის რეკომენდებული ორსულობისას. თქვენი ექიმი ორსულობის დროს ამ მედიკამენტს გამოგიწერთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
მედაზეპამი ლაროფარმის მოხმარებას აქვს უკუჩვენება ლაქტაციის დროს. თუ მკურნალობა აუცილებელია, ლაქტაცია უნდა შეწყდეს, რადგან მედაზეპამის მეტაბოლიზმი უფრო ნელა მიმდინარეობს ახალდაბადებულებში, ვიდრე ბავშვებში ან ზრდასრულებში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და დანადგარების გამოყენება
სწორად მოხმარების შემთხვევაშიც კი, მედაზეპამმა შესაძლოა შეცვალოს პაციენტის რეაქტიულობა, შეამციროს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან დანადგარების გამოყენების უნარი. ეს რისკი იზრდება ეთილის სპირტის მოხმარების შემთხვევაში.
ამიტომ, მკურნალობის მინიმუმ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც არ არის მიზანშეწოლილი სატრანსპორტო საშუალებების მართვა, დანადგარების გამოყენება ან მაღალი საფრთხის შემცველი საქმიანობის განხორციელება.
გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ
მედაზეპამი ლაროფარმი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ შეუგუებლობა გარკვეული კატეგორიის ნახშირწყლების მიმართ, გთხოვთ, შეეკითხოთ მას ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
/მრგვალი ბეჭედი: კომერციული საზოგადოება შპს. ლაროფარმი, რუმინეთი, ხელმოწერა/
- როგორ მიიღოთ მედაზეპამი ლაროფარმი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.
დოზები
რეკომენდებულია ყველაზე პატარა ეფექტური დოზების მოხმარება. ექიმი გამოგიწერთ მედიკამენტის ადეკვატურ დოზას, ასაკის, სხეულის წონის და დაავადების ტიპის და სიმწვავის მიხედვით.
დღიური რეკომენდებული დოზა არის მედაზეპამი ლაროფარმის 1-3 ტაბლეტი (10-30 მილიგრამი მედაზეპამი). მოხმარება პერორალური გზით, 2-3 ეტაპად ან სასურველია ერთ დოზად საღამოთი.
მწვავე დაავადებების შემთხვევაში, დოზის გაზრდა შესაძლებელია მედაზეპამი ლაროფარმის 6 ტაბლეტამდე დღეში (60 მილიგრამი მედაზეპამი), სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით.
მიღების მეთოდი
ტაბლეტის ორი მხარიდან ერთ-ერთზე ამოტვიფრულ გამყოფ ხაზს აქვს მხოლოდ ტაბლეტის გადატეხვის გამაადვილებელი ფუნქცია, იმისათვის, რომ მისი გადაყლაპვა უფრო ადვილი იყოს და არა იმისათვის, რომ ორ თანაბარ ნაწილად გაიყოს.
ტაბლეტები უნდა მოიხმაროთ დღის განმავლობაში, სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად, ჭამის მიუხედავად.
საღამოს, რეკომენდებულია, რომ თავი აარიდოთ მედაზეპამის მოხმარებას სავსე კუჭზე, რადგან საკვები ანელებს მედაზეპამის ეფექტს და ზრდის ისეთი რეაქციების რისკს, როგორებიცაა კონცენტრაციის დარღვევა, გამოყოლილი დაღლილობა, დაგვიანებული რეაქტიულობა, რაც შესაძლოა იგრძნოთ გაღვიძებისას.
მოხმარების ხანგრძლივობა
რეკომენდებულია, რომ მოხმარების ხანგრძლივობა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.
მწვავე დაავადებების მკურნალობისას, მედაზეპამის მოხმარების ხანგრძლივობა უნდა იყოს დაყვანილი რამდენიმე დღემდე.
ქრონიკული კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების დინამიკაზე, თუმცა, არ უნდა გადააჭარბოს 4 კვირას.
მედაზეპამის ერთ კვირაზე მეტი დროით მოხმარების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირების მეშვეობით, რადგან უნდა იქნას გათვალისწინებული აღკვეთის სინდრომის გაჩენის ალბათობა (სიმპტომების გამწვავება). მედაზეპამით მკურნალობის შეწყვეტის მეთოდი უნდა დადგინდეს მხოლოდ თქვენი ექიმის მიერ.
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ მედაზეპამ ლაროფარმს
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი მედაზეპამი ლაროფარმი, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში.
შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი სიმპტომები: დეზორიენტაცია, ძილიანობა, უნებლიე მოძრაობების კოორდინაციის დარღვევები (ატაქსია), სიტყვების არასწორი ფორმულირება (დიზართრია), არტერიული ჰიპოტენზია, კუნთების დაღლა ან მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, მწვავე აღგზნების მდგომარეობა, გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დეპრესია (ციანოზი), გონების დაკარგვა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს გულის ან სუნთქვის შეჩერებამდე.
თუ დაგავიწყდათ მედაზეპამი ლაროფარმის მოხმარება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვეტთ მედაზეპამი ლაროფარმის მოხმარებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეამციროთ დოზა ექიმთან შეთანხმების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო კარგად გრძნობთ თავს.
მკურნალობის მყისიერი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ძილის დარღვევები და კოშმარები, შფოთვა, ფსიქიკური დაძაბულობა, აღგზნებადობა, მოუსვენრობა, კანკალი, კრუნჩხვები და ფსიქოზური რეაქციები.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როგორ და როდის შეგიწყვიტოთ მკურნალობა.
თუ გაქვთ ამ პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ყველა ადამიანის შემთხვევაში.
დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში, თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულის სწრაფი ცემა, დაბალი არტერიული წნევა, ამონახეთქი კანზე და ქავილი.
შეწყვიტეთ მედაზეპამის მოხმარება და გაესინჯეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ:
- ჰალუცინაციები;
- აღგზნების მწვავე მდგომარეობა;
- შფოთვა (შიში);
- სუიციდისადმი მიდრეკილება (ფიქრობთ თავის მოკვლაზე);
- უძილობა;
- აგრესიულობა;
- კუნთების სპაზმები (კუნთების ძლიერი და ხანმოკლე შეკუმშვა);
ხშირი გვერდითი მოვლენები (ემართება 100 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელს)
- გამოხატული სედაცია დღის განმავლობაში,
- დაღლილობა,
- ძილიანობა,
- აპათია (ინდიფერენტული მდგომარეობა, ინტერესის არქონა ნებისმიერი საქმიანობისა და გარემოს მიმართ),
- ჰიპერსომნია (ანორმალური ხანგრძლივობის და სიღრმის ძილის პათოლოგიური მდგომარეობა),
- რეაქციის გახანგრძლივებული დრო,
- თავბრუსხვევა,
- ცეფალეა,
- ატაქსია (სახიფათო, უკონტროლო მოძრაობები),
- დაბნეულობა,
- მეხსიერების დაქვეითება (ანტეროგრადული ამნეზია).
არსებობს ცნობები ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:
- კუჭ-ნაწლავის დარღვევები (გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიკული ტკივილები, შეკრულობა, დიარეა, პირის სიმშრალე),
- ყვითელა,
- ანურია,
- გლოტის სპაზმი,
- მკერდის ტკივილი,
- არტერიული ჰიპოტენზია,
- ბრადიკარდია,
- დეპრესია,
- ლიბიდოს დაქვეითება,
- მესტრუაციის დარღვევა ქალებში,
- მადის მომატება,
- კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ამონახეთქი),
- რესპირატორული დეპრესია.
მედაზეპამის დიდი დოზებით რამდენიმედღიანი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს საუბრის დარღვევები, მხედველობის დარღვევები (დიპლოპია, ნისტაგმი) და ბალანსის დარღვევები, რომლებიც შექცევადია პროდუქტის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ.
მედაზეპამს აქვს დამოკიდებულების, ამტანობის და აღკვეთის სინდრომის (შფოთვა, აღგზნებადობა, ძილის დარღვევები, სიზმრების ცვლილებები, კანკალი, ოფლიანობა, კრუნჩხვები) განვითარების პოტენციალი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს:
ავიატორ სანატესკუს ქუჩა, ნომერი 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478-RO
ტელ: +4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ. ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ შეინახოთ მედაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის თარიღის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ეს მედიკამენტი 25°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
- პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მედაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა მედაზეპამი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მილიგრამ მედაზეპამს.
სხვა კომპონენტებია (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზას მონოჰიდრატის მშრალი სპრეი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება მედაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები და მისი პაკეტი
მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, 7 მილიმეტრი დიამეტრის, ყვითელი ფერის, ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს გამყოფი ხაზი, ხოლო მეორე მხარეს, სიმეტრიულად განლაგებული სამი წრე.
ყუთი 20 ტაბლეტიანი ერთი ბლისტერით.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი: I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
S.C. LAROPHARM S.R.L,
ალექსანდრიეის გამზირი, ნომერი 145ა, ბრაგადირუ, ილფოვის მუნიციპალიტეტი, რუმინეთი
ტელ/ფაქსი: +4 021 369 32 02/03/06
ელ.ფოსტა: [email protected]
ეს ინსტრუქცია განახლებულ იქნა 2020 წლის ივნისში
ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/
/მრგვალი ბეჭედი: კომერციული საზოგადოება შპს. ლაროფარმი, რუმინეთი, ხელმოწერა/










