იანუვია 100მგ #28ტ(თურქ)
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
იანუვია® 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
- · აქტიური ნივთიერება : აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ სიტაგლიპტინს (128,5 მგ სიტაგლიპტინის ფოსფატის მონოჰიდრატის სახით).
- · დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
|
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის იანუვია და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება იანუვიას გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება იანუვია?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. იანუვიას შენახვა
1. რა არის იანუვია და რისთვის გამოიყენება?
იანუვიას აქტიური ნივთიერებაა სიტაგლიპტინი და იგი განეკუთვნება ჰიპოგლიკემიური პრეპარატების კლასს, სახელად დპპ-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა-4) ინჰიბიტორები, რომელიც გამოიყენება ტიპი II დიაბეტით (მოზრდილთა დიაბეტი) დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.
იანუვია ხელს უწყობს საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინის დონის გაზრდას და ამცირებს ორგანიზმის მიერ წარმოებული შაქრის რაოდენობას.
იანუვია წარმოდგენილია 28 ტაბლეტიან შეფუთვაში. თითოეულ ტაბლეტში არის 100 მგ აქტიური ნივთიერება (სიტაგლიპტინი). ეს არის ბაცი ყავისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს აქვს გრავირება „277“, მეორე მხარე სწორია.
ექიმმა თქვენ დაგინიშნათ იანუვია, რადგანაც იგი ხელს უწყობს ტიპი II დიაბეტის გამო სისხლში მომატებული შაქრის დონის დაქვეითებას. შესაძლებელია იანუვიას გამოყენება მონოთერაპიის სახით ან სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა, გლიტაზონები) კომბინირებული სახით, რეკომენდებულ დიეტასა და ვარჯიშებთან ერთად.
რა არის ტიპი 2 დიაბეტი (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი)?
ტიპი 2 დიაბეტი (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) არის დაავადება, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს და თქვენს ორგანიზმში ვერ ხდება გამომუშავებული ინსულინის სათანადო სახით გამოყენება. ამასთანავე შესაძლებელია თქვენმა ორგანიზმმა გამოიმუშავოს ძალიან დიდი რაოდენობით შაქარი (გლუკოზა). აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის, თირკმლის დაავადებები, სიბრმავე, ამპუტაცია (ორგანოს მოკვეთა).
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება იანუვიას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ იანუვია შემდეგ შემთხვევებში:
- · თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სიტაგლიპტინზე ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში იანუვია გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:
პაციენტებში, რომლებიც იღებენ იანუვიას, ცნობილია პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები. (იხილეთ თავი 4 „რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?“).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ მითითებული რომელიმე გაფრთხილება გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში:
- · თუ გაქვთ პანკრეასის დაავადება (მაგალითად, პანკრეატიტი),
- · თუ გაქვთ ნაღვლის ბუშტის კენჭი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან სისხლში მომატებულია ტრიგლიცერიდების (გარკვეული ტიპის ლიპიდები) დონე. ასეთი სამედიცინო შემთხვევები ზრდის პანკრეასის ანთების ალბათობას. (იხილეთ თავი 4 „რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?“).
- · თუ გაქვთ ტიპი I დიაბეტი,
- · თუ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი (დაავადება, რომელიც მიმდინარეობს სისხლში შაქრის მაღალი დონის, წონაში სწრაფად კლების, გულისრევის ან ღებინების თანხლებით),
- · თუ წარსულში გქონდათ ან ამჟამად გაქვთ თირკმლის დაავადება.
არ არსებობს იანუვიას მიზეზით ჰიპოგლიკემიის განვითარების ალბათობა, რადგანაც იანუვია არ მოქმედებს, როდესაც სისხლში შაქრის დაბალი დონეა. თუ თქვენ იანუვიასთან ერთად იყენებთ დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატს, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება სულფონილშარდოვანას, ან ინსულინს, შესაძლებელია დაქვეითდეს სისხლში შაქრის დონე. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.
ზოგ პაციენტთან, რომელიც იყენებს დპპ-4-ის ინჰიბიტორებს, როგორიცაა იანუვია, ცნობილია კანის გარკვეული პრობლემა, სახელად ბულოზური პემფიგოიდი (კანის სერიოზული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, ბუშტუკები გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს და წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს). თუ კანზე გაჩნდება ბუშტუკები ან გამონაყარი, აცნობეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შესაძლებელია გითხრათ, რომ საჭიროა იანუვიას შეწყვეტა.
ზოგ პაციენტს, რომელიც იღებს დპპ-4-ის ინჰიბიტორებს, მათ შორის იანუვიას, შესაძლებელია დაეწყოს სახსრების ძლიერი ტკივილი. სახსრების ძლიერი ტკივილის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ბავშვები და მოზარდები:
არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. არ არის ეფექტური 10-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. არ არის ცნობილი ამ პრეპარატის უვნებლობა და ეფექტურობა 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
იანუვიას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
შესაძლებელია იანუვიას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად ან უზმოდ.
ორსულობა:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ დაორსულებას ან გეგმავთ ორსულობას, იანუვიას გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ შეიძლება ორსულობის პერიოდში იანუვიას გამოყენება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა იანუვია დედის რძეში. არ შეიძლება იანუვიას გამოყენება, თუ გეგმავთ ან ამჟამად ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
იანუვია არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე ან ზემოქმედება შესაძლებელია იყოს უმცირესი დონის. ამასთანავე ცნობილია თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთხვევები, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
სულფონილშარდოვნებთან ან ინსულინთან ერთად იანუვიას გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება და აღნიშნულმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იანუვიას შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლის გამოც საჭიროა გაფრთხილება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ დიგოქსინს (არათანაბარი გულის რითმის ან გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი). იანუვიასთან ერთად დიგოქსინის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში დიგოქსინის დონის გაკონტროლება.
პაციენტებთან თირკმლის უკმარისობით ან ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობით არსებობს CYP3A4-ის ინჰიბიტორების (მაგალითად, კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის/ შიდსის სამკურნალოდ) და კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ)) მიზეზით სისხლში სიტაგლიპტინის დონის შეცვლის ალბათობა.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება იანუვია?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
იანუვია ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა:
- · დღეში ერთხელ 100 მგ ტაბლეტი
გამოყენების გზა და მეთოდი:
- · განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
- · შესაძლებელია მიიღოთ უზმოდ ან საკვებთან ერთად.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა, შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა (მაგალითად, 25 მგ ან 50 მგ).
განაგრძეთ იანუვიას მიღება ექიმის მიერ დანიშნული ვადის განმავლობაში, რათა მან ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ იანუვია მონოთერაპიის სახით ან სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ სხვა გარკვეულ პრეპარატებთან ერთად.
დიეტა და ვარჯიში შესაძლებელია დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს შაქრის უფრო ეფექტურად გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, იანუვიას მიღებისას დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :
ბავშვებში გამოყენება:
არ არის ეფექტური 10-17 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. არ არის შესწავლილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში სიტაგლიპტინის გამოყენება.
ასაკოვნებში გამოყენება :
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ასაკოვნებში იანუვიას ახასიათებს კარგი შეთვისება და კარგი ეფექტი. ასაკიდან გამომდინარე არ არის საჭირო დოზის სპეციალურად კორექტირება.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.
გამოყენების სპეციალური პირობები :
თირკმლის უკმარისობა :
თუ იანუვიას გამოყენებას აპირებენ დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატთან ერთად, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატის გამოყენების პირობები.
თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის არ არის საჭირო იანუვიას დოზის კორექტირება.
თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის იანუვიას დოზაა დღეში ერთხელ 50 მგ.
თირკმლის მძიმე უკმარისობით ან ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი, იანუვიას დოზაა დღეში ერთხელ 25 მგ. შესაძლებელია იანუვიას მიღება დიალიზისგან გამოუკიდებლად.
დოზის კორექტირება საჭიროა თირკმლის ფუნქციებიდან გამომდინარე, რის გამოც რეკომენდებულია, თირკმლის ფუნქციები შეფასდეს იანუვიას დაწყებამდე და დაწყების შემდეგ პერიოდულად.
ღვიძლის უკმარისობა :
პაციენტებში მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობით არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
არ არსებობს კლინიკური კვლევები ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან.
თუ თვლით, რომ იანუვიას მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მიიღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა საჭირო რაიმე სახის მკურნალობა.
თუ გამოიყენეთ იანუვია საჭიროზე მეტი რაოდენობით :
თუ გამოიყენეთ იანუვია საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ იანუვიას მიღება:
თუ დაგავიწყდათ იანუვიას მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ დოზა. მაგრამ თუ მომდევნო დოზის მიღებამდე არ გაგახსენდებათ, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ პრეპარატის გამოყენება ძველი გრაფიკის მიხედვით.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
იანუვიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია:
განაგრძეთ იანუვიას მიღება ექიმის მიერ დანიშნული ვადის განმავლობაში, რათა მან ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის მითითების გარეშე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები იანუვიას გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, იანუვიას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. კვლევებით ზოგადად გამოვლენილია მსუბუქი ხარისხის გვერდითი მოვლენები, რის გამოც არ გახდა საჭირო იანუვიას შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები, რომელიც აღენიშნებათ პაციენტებს იანუვიათი მკურნალობის დროს, ჰგავს იმ პაციენტებთან გამოვლენილ გვერდით მოვლენებს, რომლებსაც მკურნალობდნენ ტაბლეტებით პრეპარატის შემცველობის გარეშე (პლაცებო).
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ყოველი 10 პაციენტიდან ერთზე მეტი)
ხშირი გვერდითი მოვლენები (ყოველი 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტი)
არახშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტი)
იშვიათი (1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტი)
ძალიან იშვიათი (10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლები)
უცნობი სიხშირის (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით).
რომელიმე ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში შეწყვიტეთ იანუვიას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
- · მუცლის მიდამოში ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი, შესაძლებელია ზურგის არეში გადაცემით, ღებინების და გულისრევის თანხლებით ან ღებინების და გულისრევის გარეშე: ეს შესაძლებელია იყოს პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) სიმპტომი.
თუ განვითარდება სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომელიც მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, კანზე ბუშტუკებს/კანის აქერცვლას, სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპებას, რის გამოც გაძნელებულია სუნთქვა ან ყლაპვა (უცნობი სიხშირე), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ იანუვიას მიღება და დაურეკეთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ პრეპარატი ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ და განსხვავებული პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ.
მეტფორმინთან ერთად იანუვიას დაწყებისას ცნობილია ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები:
ხშირი:
- · სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია)
- · გულისრევა
- · კუჭში, ნაწლავებში აირები
- · ღებინება
არახშირი:
- · კუჭის ტკივილი
- · დიარეა
- · ყაბზობა
- · დაბუჟება
სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას ზოგ პაციენტს აღენიშნებოდა კუჭში დისკომფორტი (ხშირად).
იანუვიასთან ერთად სულფონილშარდოვანას და მეტფორმინის გამოყენებისას ცნობილია ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი :
- · სისხლში შაქრის დონის დაქვეითება
ხშირი :
- · ყაბზობა
პიოგლიტაზონთან ერთად იანუვიას დაწყებისას ცნობილია ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები:
ხშირი :
- · კუჭში, ნაწლავებში აირები
- · ხელების ან ფეხების შეშუპება
იანუვიასთან ერთად მეტფორმინის და პიოგლიტაზონის გამოყენებისას ცნობილია ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები:
ხშირი :
- · ხელების ან ფეხების შეშუპება
იანუვიასთან ერთად ინსულინის (მეტფორმინთან ერთად ან მეტფორმინის გარეშე) გამოყენებისას ცნობილია ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები:
ხშირი :
- · გრიპი
არახშირი :
- · პირის სიმშრალე
ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები ცნობილია მონოთერაპიის სახით და/ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად იანუვიას გამოყენებისას:
ხშირი :
- · სისხლში შაქრის დონის დაქვეითება
- · ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
- · გაგუდულობა ან ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი
- · ოსტეოართრიტი (სახსრების დაავადება)
- · ხელის ან ფეხის ტკივილი
- · თავის ტკივილი
არახშირი :
- · თავბრუსხვევა
- · ყაბზობა
- · ქავილი
იშვიათი :
- · თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
უცნობი სიხშირე :
- · თირკმლის პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს)
- · ღებინება
- · სახსრების ტკივილი
- · კუნთების ტკივილი
- · ზურგის ტკივილი
- · ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები (სუნთქვის გაძნელება)
- · კანის ვასკულიტი (კანზე არსებული სისხლძარღვების ანთება)
- · კანის სერიოზული დაავადება, სახელად „ბულოზური პემფიგოიდი“, რომელიც მიმდინარეობს კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, ბუშტუკები გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს და წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს
- · მწვავე პანკრეატიტი (უეცრად განვითარებული პანკრეასის ანთება)
- · ჰემორაგიული და მანეკროზებელი პანკრეატიტი, რომელიც შესაძლებელია იყოს ლეტალური ან არალეტალური (პანკრეასის ქსოვილიდან სისხლდენა ან პანკრეასის ქსოვილის ნეკროზი)
- · თირკმლის მწვავე უკმარისობა
- · ალერგიული რეაქციები
- · ანგიოედემა (კანქვეშა შეშუპება)
- · გამონაყარი
- · ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
- · ექსფოლიაციური დერმატიტები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის გაწითლება და აქერცვლა)
- · ართროპათია (სახსრების დაავადება)
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. იანუვიას შენახვა
იანუვია შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
პირველი 2 ციფრი აღნიშნავს თვეს, ბოლო 4 ციფრი - წელს.
არ მიიღოთ იანუვია გარეთა კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: შპს მერკ შარპ დოუმ ილაჩლარი
ლევენთი-სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
გებზე-ქოჯაელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 09.02.2022 წელს.
MSD
12025901










