ტერბიფინი 1% 15გ კრემი
გააზიარე:
ტერბიფინი
Terbifin
1% კრემი
შემადგენლობა :
1 გ ტერბიფინი 1% კრემი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს, ხოლო დამცავი ნივთიერების სახით შეიცავს ბენზილის სპირტს.
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფარმაკოდინამიკური თვისებები :
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი : D01AE15
ტერბინაფინი არის ალილამინი, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი. დაბალი კონცენტრაციით ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობისა და ზოგიერთი დიმორფული სოკოს მიმართ. სოკოს სახეობის მიხედვით მოქმედება საფუარა სოკოებზე, მაგალითად Candida-ს სახეობის სოკოზე, შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური.
ტერბინაფინი სპეციფიკურად თრგუნავს სოკოს უჯრედში სტერინების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს. ეს იწვევს ერგოსტერინის დეფიციტს და სქუალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინი მოქმედებს სოკოების უჯრედების მემბრანებში სქუალენეპოქსიდაზას ინჰიბირების გზით.
ფერმენტი სქუალენეპოქსიდაზა არ მიეკუთვნება ციტოქრომ P450-ის სისტემას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ადამიანებში კრემის ადგილობრივი გამოყენებისას შეიწოვება დოზის 5%-ზე ნაკლები: შესაბამისად პრეპარატის სისტემური ზემოქმედება ძალიან სუსტია.
ჩვენება:
კანის სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული Trichophyton-ით (მაგალითად, T. rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum), Microsporum canis-ით და Epidermophyton floccosum-ით.
კანის საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები, ძირითადად გამოწვეული Candida-ს სახეობის სოკოთი (მაგ. C. albicans).
ნაირფერი ლიქენი (tinea), გამოწვეული Pityrosporum orbiculare-თი (ასევე ცნობილი, როგორც Malassezia furfur).
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან კრემის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:
ტერბიფინი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში გამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით.
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ცეტილის სპირტს და სტეარილის სპირტს. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები კანის მხრივ (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა:
ორსულებში ტერბინაფინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არის. ამიტომ, ტერბიფინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.
ცხოველებზე ჩატარებული ფეტოტოქსიკურობის კვლევებით არ არის ნაჩვენები გვერდითი მოქმედებები.
ძუძუთი კვება:
ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, დედამ არ უნდა მიიღოს ტერბიფინი ძუძუთი კვების პერიოდში. ჩვილებს არ უნდა მიეცეთ დამუშავებულ კანთან, მათ შორის ძუძუსთან, შეხების საშუალება.
ფერტილობა:
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის აღნიშნული ტერბინაფინის მოქმედება ფერტილობაზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
ტერბიფინი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოქმედება / არასასურველი მოვლენები:
კრემის წასმის ადგილზე შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, კანის აქერცვლა, ტკივილი, გაღიზიანება კრემის წასმის ადგილზე, პიგმენტაციის დარღვევა, კანის წვის შეგრძნება, ერითემა და ფუფხი.
აღნიშნული უმნიშვნელო სიმპტომები უნდა იყოს გამორჩეული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისგან, როგორიცაა გავრცელებული ქავილი, გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ჭინჭრის ციება, რომლებიც აღინიშნა ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია თვალის გაღიზიანება.
იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება დამძიმდეს ძირითადი სოკოვანი ინფექციები.
ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები ორგანოთა კლასების სისტემებისა და მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100, <1/10); ზოგჯერ (>1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000) და ძალიან იშვიათად (<1/10,000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია). სიხშირის ყველა ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის კლების მიხედვით.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები თვალის მხრივ:
იშვიათად: თვალის გაღიზიანება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ხშირად: კანის აქერცვლა, ქავილი
ზოგჯერ: კანის დაზიანება, ქავილი, დარღვევები კანის მხრივ, პიგმენტაციის დარღვევა, ერითემა, კანის წვის შეგრძნება
იშვიათად: კანის სიმშრალე, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა
სიხშირე უცნობია: გამონაყარი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები წასმის ადგილზე:
ზოგჯერ: ტკივილი, ტკივილი წასმის ადგილზე, გაღიზიანება
იშვიათად: მდგომარეობის დამძიმება.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
წამალთაშორისი ურთიერთქმედება:
ტერბიფინთან წამალთაშორისი ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი:
ტერბიფინის გამოყენება შეიძლება დღეში ერთხელ ან ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა და სიხშირე
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:
Tinea corporis, cruris: 1-2 კვირა
Tinea pedis: 1 კვირა
კანის კანდიდოზი: 2 კვირა
ნაირფერი ლიქენი: 2 კვირა
კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესება ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე დღეში. პრეპარატის არარეგულარული გამოყენება ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს რეციდივის რისკს. იმ შემთხვევაში, თუ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება ორი კვირის შემდეგ, დიაგნოზი უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ.
დოზირება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში :
პედიატრიული პოპულაცია:
ამ დრომდე ბავშებში ადგილობრივი გამოყენების ტერბინაფინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ მისი გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები:
არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ხანდაზმული პაციენტები საჭიროებენ დოზის კორექტირებას ან რომ მათ აღენიშნებათ ახალგაზრდა პაციენტებისგან განსხვავებული გვერდითი მოქმედება.
მიღების წესი
კანზე გამოსაყენებლად.
ტერბიფინის წასმის წინ გულდასმით გაწმინდეთ და გააშრეთ კანის დაზიანებული უბანი. წაისვით კრემის თხელი ფენა კანის დაზიანებულ უბანზე და მის გარშემო და მსუბუქად შეიზილეთ ის. ინტერტრიგინოზული ინფექციების შემთხვევაში (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის და საზარდულის არეში) შეიძლება კრემის წასმის ადგილის დაფარვა ბინტით, განსაკუთრებით ღამით.
დოზის გადაჭარბება :
ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების კრემის დაბალი სისტემური აბსორბცია ნაკლებსავარაუდოს ხდის დოზის გადაჭარბებას. 300 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის შემცველი ტერბიფინის კრემის 30 გ ტუბის შიგთავსის შემთხვევით პერორალურად მიღება უდრის ტერბიფინის ერთი 250 მგ ტაბლეტის მიღებას (მოზრდილებისთვის განკუთვნილი პერორალური დოზა).
თუ ტერბიფინის კრემი შემთხვევით იქნა მიღებული პერორალურად, მოსალოდნელია ტერბიფინის ტაბლეტების დოზის გადაჭარბების მსგავსი გვერდითი მოვლენები. აღნიშნული ითვალისწინებს თავის ტკივილს, გულისრევას, ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში და თავბრუსხვევას.
შემთხვევით პერორალურად მიღებისას დოზის გადაჭარბების რეკომენდებული მკურნალობა ძირითადად ითვალისწინებს აქტივირებული ნახშირის მიღებას და, საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას.
შენახვის პირობები :
შეინახეთ 25◦C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
მიწოდების ფორმა:
ტერბიფინი 1% კრემი : წარმოდგენილია ალუმინის ტუბში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით მუყაოს კოლოფში.
სხვა წამლის ფორმები :
ტერბიფინი 250 მგ ტაბლეტი : წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში 14 და 28 ტაბლეტით.
ტერბიფინი 1% ადგილობრივი გამოყენების სპრეი : წარმოდგენილია პლასტმასის ბოთლში სპრეის თავსახურით, რომელიც შეიცავს 30 მლ ტერბიფინის ხსნარს.
vargisianobia vada: 3 weli
ლიცენზიის მფლობელი : NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14
34768, უმრანიე, სტამბოლი/თურქეთი
ტელ.: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 00
ლიცენზიის თარიღი და ნომერი :
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.










