
ვურდონი 75მგ/3მლ #5ა
გააზიარე:
ვურდონი 75მგ/3მლ #5ა
1. სამკურნალო საშუალების დასახელება
ვურდონი 75მგ/3მლ საინექციო ხსნარი.
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა აქტიურ ინგრედიენტებში
ყოველი 3 მლ ამპულა საინექციო ხსნარით შეიცავს 75 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.
დამხმარე საშუალებები ცნობილი მოქმედებით:
ეთანოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი.
ყოველი 3 მლ ამპულა საინექციო ხსნარით შეიცავს 141 მგ ეთანოლს, 3 მგ ნატრიუმის მეტაბისულფიტს, 120 მგ ბენზილის სპირტს და 630 მგ პროპილენ გლიკოლს.
დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი
უფეროდან მოყვითალო ფერის, ზეთოვანი სითხე დამახასიათებელი სუნით, სუფთა და პრაქტიკულად ნაწილაკების გარეშე.
4. კლინიკური მონაცემები
4.1 თერაპიული ჩვენებები
საინექციო ხსნარი განკუთვნილია მკურნალობის დაწყებისთვის. გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სიმპტომატური მკურნალობისთვის:
- ქრონიკული ანთებითი ართროპათიები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი).
- პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული ართროპათიები.
- ართრიტი გამოწვეული კრისტალების (მონონატრიუმის ურატი, კალციუმის პიროფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, კალციუმის ოქსალატატი) დალექვით - პოდაგრის მწვავე ეპიზოდები.
- ჩონჩხ-კუნთოვანი მწვავე დარღვევები (პერიართრიტი, ტენდონიტი, ტრავმული დაზიანებები).
- მიგრენის მძიმე შეტევები.
- შარდსადინრის კოლიკები.
- პოსტ-ოპერაციული ტკივილი (ჰოსპიტალში).
4.2 დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის, თუ არ არსებობს სხვა სპეციფიკური ჩვენებები.
დოზირება
არასასურველი ეფექტების შემცირება შეიძლება სიმპტომების საკონტროლოდ საჭირო მინიმალური ეფექტური დოზის ყველაზე მცირე დროის განმავლობაში გამოყენებით (იხილეთ პუნქტი 4.4).
ზოგადი პოპულაცია - მოზრდილები
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მდგომარეობისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. როგორც წესი, საწყისი დოზა არის 75-150 მგ დღეში გაყოფილ დოზებად.
მიგრენის მძიმე შეტევებისას ვურდონის საინექციო ხსნარი გამოიყენება კუნთებში, საწყისი დოზით 75 მგ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგ გამოიყენება სუპოზიტორიები, იმავე დღეს, აუცილებლობისას. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ-ს. უფრო ნაკლებად მძიმე მიგრენის ეპიზოდების სამკურნალოდ გამოიყენება სხვა ფორმები.
შარდსადინრის კოლიკის დროს რეკომენდებულია კუნთებში ვურდონის საინექციო ხსნარის გამოყენება 150 მგ-მდე დოზებით. ინექციების გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს. უფრო ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება ტაბლეტების ან სუპოზიტორიების გამოყენება.
სპეციფიკურად, პოსტ-ოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ, ვურდონი გამოიყენება ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით დოზით 75 მგ დოზა (გაზავებული 6.6 პუნქტში მოცემული ინსტრუქციების მიხედვით) 1-2 საათის განმავლობაში, მხოლოდ ჰოსპიტალში. არ შეიძლება დღეში მაქსიმუმ 150 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება და მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში. ვურდონის საინექციო ხსნარი არ გამოიყენება სწრაფი ინტრავენური ინექციის სახით (ბოლუსური ინექციით).
სპეციალური პოპულაცია
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და ზემოთ)
საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულებში, თუმცა, აუცილებელია მკურნალობის დაწყება მინიმალური საწყისი დოზებით და გაგრძელება მინიმალური ეფექტური დოზით. ზოგადად, რეკომენდებულია სიფრთხილე ძირითადი სამედიცინო მიზეზების გამო, განსაკუთრებით დასუსტებულ ხანდაზმულ პაციენტებში ან სხეულის დაბალი წონის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.4).
პაციენტები დადასტურებული კარდიოვასკულარული დაავადებით ან მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორებით
ვურდონის გამოყენება, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კარდიოვასკულარული დაავადება ან არაკონტროლირებული ჰიპერტენზია.
საჭიროებისას, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კარდიოვასკულარული დაავადება, არაკონტროლირებული ჰიპერტენზია ან მძიმე კარდიოვასკულარული რისკ ფაქტორები, ვურდონი სიფრთხლით გამოიყენება და მხოლოდ დოზებით <100 მგ დღეში, თუ მკურნალობა გახანგრძლივებულია (იხილეთ პუნქტი 4.4).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ვურდონის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.3).
კვლევები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჩატარებული არ არის, ამგვარად რეკომენდაციები სპეციფიკური დოზის კორექციის შესახებ ვერ გაიცემა. სასურველია სიფრთხილე ვურდონის გამოყენებისას თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი დოზით და გაგრძელება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით (იხილეთ პუნქტი 4.4).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ვურდონის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.3). კვლევები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჩატარებული არ არის, ამგვარად რეკომენდაციები სპეციფიკური დოზის კორექციის შესახებ ვერ გაიცემა. სასურველია სიფრთხილე ვურდონის გამოყენებისას თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი დოზით და გაგრძელება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
პედიატრიული პოპულაცია
ვურდონის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის უკუნაჩვენებია.
მიღების წესი
პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, გარდა პოსტოპერაციული ტკივილის შემთხვევისა, რომლის დროსაც პრეპარატი შეჰყავთ ვენაში საავადმყოფოში.
კუნთებში შეყვანა ხდება ღმა ინტრაგლუტეალური ინექციით ზემო გარეთა კვადრანტში.
თითოეული ამპულა განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. საინექციო ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს ამპულის გახსნისთანავე. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ვენაში ინფუზიამდე საინექციო ხსნარის გაზავების ინსტრუქციები იხილეთ პუნქტში 6.1.
4.3 უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის, ნატრიუმსი მეტაბისულფიტის (ან სხვა სულფიტის მარილების მიმართ) ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი სხვა დამხმარე საშუალებების მიმართ.
- აქტიური პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავური ჰემორაგია ან პერფორაცია, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებებით მანამდე მკურნალობასთან.
- მორეციდივე პეპტიკური წყლულის/ჰემორაგიის ისტორია (დადასტურებული დაწყლულების ან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი) ან პერფორაცია.
- პაციენტები, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
- სისხლთან დაკავშირებული დაავადებები (მაგ. ჰემატოპოეტიკური დარღვევები, პორფირია, ჰემორაგიული დიათეზი).
- მწვავე მძიმე ჰემორაგიები.
- ცერებროვასკულარული სისხლდენა.
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი და ლაქტაცია (იხილეთ პუნქტი 4.6).
- საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა (იხილეთ პუნქტი 4.4).
- დადასტურებული გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV კატეგორია), გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება (იხილეთ პუნქტი 4.4).
- როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შემთხვევაში, ვურდონი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც აცეტილსალიცილმჟავას ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმა, ანგიოშეშუპება, ჭინჭრის ციება ან რინიტის მწვავე შეტევები (მაგ.ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებებით გამოწვეული ჯვარედინი რეაქციები) (იხილეთ პუნქტები 4.4 და 4.8).
- ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე.
უკუჩვენებები კონკრეტულად ვენაში ინფუზიისთვის
- მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიმართ.
- ანამნეზში ასთმის მქონე პაციენტები.
- ანტიკოაგულანტების ერთდროულად გამოყენება (დაბალი დოზის ჰეპარინის ჩათვლით).
- ცერებროვასკულარული სისხლდენის მქონე პაციენტები.
- საშუალო და მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი >160 µმოლ/ლ).
- ჰიპოვოლემია ან დეჰიდრატაცია ნებისმიერი მიზეზით.
- ჰიპერჰიდრატაცია.
- პულმონური და ცერებრალური შეშუპება.
- არაკომპენსირებული გულის უკმარისობა.
4.4 სპეციალური გაფრთილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
არასასურველი ეფექტების შემცირება შეიძლება სიმპტომების საკონტროლოდ საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ყველაზე მცირე პერიოდით გამოყენების გზით (იხილეთ პუნქტი 4.2 და კუჭ-ნაწლავური და კარდიოვასკულარული რისკები ქვემოთ).
როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსური/ანაფილაქსოიდური რეაქციები, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ასევე განვითარდეს დიკლოფენაკის გამოყენებისას პრეპარატის ადრეული ექსპოზიციის გარეშე. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება ასევე პროგრესირდეს კოუნისის სინდრომად, რომელიც არის სერიოზული ალერგიული რეაქცია და შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების სიმპტომები შეიძლება იყოს ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც ვითარდება დიკლოფენაკის მიმართ ალერგიულ რეაქციასთან დაკავშირებით.
აუცილებელია კუნთებში ინექციის შესახებ ინსტრუქციების მკაცრად დაცვა ინექციის ადგილას გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კუნთების დამბლა, ჰიპოესთეზია და ნეკროზი ინექციის ადგილას.
ვურდონის საინექციო ხსნარის შეყვანა ვენაში ბოლუსური ინექციის სახით არ შეიძლება.
ანალგეზიით ინდუცირებული თავის ტკივილი
საინექციო დიკლოფენაკის გამოყენება არ შეიძლება 2 დღეზე მეტ ხანს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ანალგეტიკების მაღალი დოზების გრძელვადიანი გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, რომლის მკურნალობაც ვერ მოხდება პრეპარატის გაზრდილი დოზით. აუცილებლობისას, პაციენტებს უნდა მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.
კუჭ-ნაწლავური ეფექტები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ყველა პრეპარატის, მათ შორის დიკლოფენაკის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, დაწყლულება ან პერფორაცია, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს და შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს მკურნალობის პერიოდში, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე ან ანამნეზში მანამდე სერიოზული კუჭ-ნაწლავური მოვლენებით ან მათ გარეშე.
როგორც ანთების საწინააღმდეგო ყველა არასტეროიდული საშუალების, მათ შორის დიკლოფნაკის გამოყენებისას, სავალდებულოა სამედიცინო მეთვალყურეობა და განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ვურდონის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს კუჭ-ნაწლავურ დარღვევებზე ან ანამნეზში აქვთ მდგომარეობები, რომლებიც მიუთითებს კუჭის ან ნაწლავების დაწყლულებაზე, სისხლდენაზე ან პერფორაციაზე (იხილეთ პუნქტი 4.8). კუჭ-ნაწლავური სისხლდენის რისკი უფრო მაღალია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გაზრდილი დოზებისას და იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წყლულის ისტორია, განსაკუთრებით, თუ გართულებულია ჰემორაგიით ან პერფორაციით. ხანდაზმულებში მომატებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ უარყოფითი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავური სისხლდენის და პერფორაციის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, მათ შორის დიკლოფენაკის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავური ანასტომოზური გაჟონვის მომატებულ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ დიკლოფენაკის გამოყენებისას რეკომენდებულია მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და სიფრთხილე.
კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად წყლულის ისტორიის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, თუ გართულებულია ჰემორაგიით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში, მკურნალობა უნდა დაიწყოს და შენარჩუნდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
დამცავი საშუალებებით (მაგ. მისოპროსტოლი ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინაციური თერაპია განხილული უნდა იყოს ამ პაციენტებისათვის და ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ იმავდროულად ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ აცეტილსალიცილმჟავას დაბალ დოზას ან ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავურ რისკს.
კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობის ისტორიის მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, ექიმს უნდა აცნობონ ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის შესახებ).
რეკომენდებულია სიფრთხილე იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ დაწყლულების ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, ანტითრომბოციტული საშუალებები ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (იხილეთ პუნქტი 4.5).
აუცილებელია მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობა და სიფრთხილე იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება გამწვავდეს.
გვერდითი ეფექტები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, მათ შორის ვურდონის გამოყენებასთან დაკავშირებით ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს სერიოზული კანის რეაქციები (ზოგჯერ ფატალური), მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხილეთ პუნქტი 4.8). როგორც ჩანს, პაციენტებში ამ რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი არის ადრეულ ეტაპზე თერაპიის მიმდინარეობისას. ვურდონის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერსენსიტივობის ნებისმიერი სხვა ნიშნების განვითარებისთანავე.
როგორც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების შემთხვევაში, დიკლოფენაკის გამოყენებისას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ასევე განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსური/ანაფილაქსოიდური რეაქციები პრეპარატის ადრეული ექსპოზიციის გარეშე.
ეფექტები ღვიძლის მხრივ
მოითხოვნება მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობა ვურდონის დანიშვნისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს.
როგორცანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების, მათ შორის დიკლოფენაკის გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდოს ერთი ან მეტი ღვიძლის ფერმენტის მნიშვნელობა.
სიფრთხილეა საჭირო დიკლოფენაკის გამოყენებისას ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს შეტევა.
ეფექტები თირკმელების მხრივ
ანალგეტიკების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მუდმივი დაზიანება და თირკმლის უკმარისობის რისკი. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ამ რისკის შესახებ, საჭიროებისას. რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით თერაპიასთან დაკავშირებით აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერტენზიის ისტორია, ხანდაზმულებში, პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ დიურეტიკებს ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს თირკმლის ფუნქციაზე და იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნებისმიერი მიზეზით გამოწვული ექსტრაცელულარული სითხის დაკარგვა, მაგ. ძირითადი ქირურგიის წინ ან შემდეგ (იხილეთ პუნქტი 4.3). სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი ასეთ შემთხვევებში დიკლოფენაკის გამოყენებისას. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი, აღინიშნება მკურნალობამდე მდგომარეობის აღდგენა.
კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული ეფექტები
კარდიოვასკულარული მოვლენების მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა) მკურნალობა უნდა ჩატარდეს დიკლოფენაკით მკაცრი შეფასების შემდეგ. რადგან დიკლოფენაკის კარდიოვასკულარული რისკები შეიძლება გაიზარდოს დოზასთან და ექსპოზიციის ხანგრძლივობასთან ერთად, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური სადღეღამისო დოზა და ყველაზე ხანმოკლე შესაძლო დროის განმავლობაში. პერიოდულად უნდა შეფასდეს პაციენტისთვს სიმპტომების მოხსნის საჭიროება და თერაპიაზე პასუხი.
კლინიკური ცდისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ დიკლოფენაკის გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (150 მგ დღეში) და ხანგრძლივი მკურნალობისას (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4) აღინიშნება არტერიული თრომბული მოვლენების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) მომატებული რისკი.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არაკონტროლირებული ჰიპერტენზია და გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მდგომარეობის სათანადოდ განხილვის შემდეგ.
სათანადო მონიტორინგი და რჩევა არის საჭირო იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზიის და/ან მსუბუქი და საშუალო ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით თერაპიისთან დაკავშირებით აღინიშნება სითხის შეკავება და შეშუპება.
იმ პაციენტებში, რომლებშიც დადასტურებულია კარდიოვასკულარული დაავადება ან აქვთ სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების რისკ ფაქტორები, ვურდონის ინექცია სიფრთხილით გამოიყენება და მხოლოდ <100 მგ დოზებით დღეში უფრო ხანგრძლივი მკურნალობისას.
პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ სერიოზული არტერიოთრომბული მოვლენების ნიშნებისა და სიმპტომების გამო (მაგ. ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე, მეტყველების მოშლა), რომლებიც შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ ასეთი მოვლენის განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
ჰემატოლოგიური ეფექტები
ვურდონმა, ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულმა პრეპარატებმა, შეიძლება შექცევადად დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. ჰემოსტაზის დეფექტების მქონე პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგი.
რესპირატორული ეფექტები (მანამდე არსებული ასთმა)
ასთმის, სეზონური ალერგიული რინიტის, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების (ე.ი. ნაზალური პოლიპების), ქრონიკული ობსტრუქციული პულმონური დაავადებების ან რესპირატორული ტრაქტის ქრონიკული ინფექციების (განსაკუთრებით, თუ დაკავშირებულია ალერგიული რინიტის მსგავს სიმპტომებთან) მქონე პაციენტებში რეაქციებიანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებზე, როგორიცაა ასთმის გამწვავებები (ეგრეთ წოდებული ანალგეტიკების აუტანლობა/ანალგეტიკებზე ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება უფრო ხშირია, ვიდრე სხვა პაციენტებში. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში. ეს ასევე ეხება იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ალერგია სხვა სუბსტანციების მიმართ, მაგ. კანის რეაქციებით, ქავილით ან ჭინჭრის ციებით. განსაკუთრებული სიფრთხილე არის რეკომენდებული, როდესაც დიკლოფენაკი მიიღება პარენტერალურად ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.
ხანდაზმული პაციენტები
განსაკუთრებული სიფრთხილე არის რეკომენდებული ხანდაზმულ პაციენტებში. კერძოდ, რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება სუსტ ან დაბალი სხეულის წონის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედებები ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ პრეპარატებთან
დიკლოფენაკის მიღება სხვა სისტემურ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, მათ შორის COX-2-ის სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად თავიდან უნდა იქნას აცილებული დამატებითი უარყოფითი რეაქციების ალბათობის გამო.
ინფექციის სიმპტომების შენიღბვა
დიკლოფენაკმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.
სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადება
სისტემური წითელი მგლურას და შერეული შემაერთებელი ქსოვილის დარღვევის მქონე პაციენებში შეიძლება გაიზარდოს ასეპტიკური მენინგიტის რისკი (იხილეთ პუნქტი 4.8).
დამხმარე საშუალებები ცნობილი ეფექტით
ვურდონის საინექციო ხსნარი შეიცავს 141 მგ ალკოჰოლს (ეთანოლი) ყოველ 3 მლ ამპულაში, რომელიც 47 მგ/მლ-ს ექვივალენტია (4.7% w/v). ამ პრეპარატის ყოველ მლ-ზე ეს რაოდენობა 2 მლ ლუდზე ან 1 მლ ღვინოზე ნაკლებია. ამ პრეპარატში არსებული ალკოჰოლის ეს მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს რაიმე მნიშნველოვან ეფექტებს.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერსენსიტივობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ის ასევე შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ბენზილის სპირტის მაღალი მოცულობები სიფრთხილით გამოიყენება და მხოლოდ აუცილებლობისას, განსაკუთრებით ორსულ ან მეძუძურ ქალებში და ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, აკუმულაციის და ტოქსიკურობის რისკის (მეტაბოლური აციდოზი) გამო.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ დოზაზე, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
შემდეგი ურთიერთქმედებები მოიცავს იმ ურთიერთქმედებებს, რომლებიც ვლინდება დიკლოფენაკის საინექციო ხსნარის, გასტრორეზისტენტული ტაბლეტების, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების, სუპოზიტორიების და/ან სხვა ფარმაცევტული ფორმების გამოყენებისას.
CYP2C9 ძლიერი ინჰიბიტორები: რეკომენდებულია სიფრთხილე დიკლოფენაკის დანიშვნისას CYP2C9 ძლიერ ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ვორიკონაზოლი და სულფინოპირაზონი). ამან შეიძლება გამოიწვიოს დიკლოფენაკის პიკური პლაზმური კონცენტრაციების და ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა დიკლოფენაკის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო.
CYP2C9 ინდუქტორები: რეკომენდებულია სიფრთხილე დიკლოფენაკის მიღებისას CYP2C9 ინდუქტორებთან (როგორიცაა რიფამპიცინი) ერთად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დიკლოფენაკის პლაზმური კონცენტრაციების და ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.
ლითიუმი/დიგოქსინი/ფენიტოინი: მათი ერთდროული გამოყენებისას დიკლოფენაკმა შეიძლება გაზარდოს პლაზმაში ლითიუმის/დიგოქსინის/ფენიტოინის პლაზმური დონეები. რეკომენდებულია ლითიუმის/დიგოქსინის/ფენიტოინის დონეების მონიტორინგი შრატში.
დიურეტიკები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების მსგავსად, დიკლოფენაკის გამოყენებამ დიურეტიკებთან ან ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (მაგ. ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები) შეიძლება გამოიწვიოს მათი ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. ამიტომ, კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება და პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა. აუილებელია პაციენტთა ადეკვატური ჰიდრატაცია და ყურდღება უნდა მიექცეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს ერთობლივი თერაპიის დაწყების შემდეგ პერიოდულად, განსაკუთრებით დიურეტიკებისა და აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში, ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკის გამო.
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: დიკლოფენაკმა, ისევე როგორც სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიკურობა თირკმლის პროსტაგლანდინებზე ეფექტის გამო. ამიტომ, მათი მიღება უნდა მოხდეს უფრო დაბალი დოზებით, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ციკლოსპორინს ან ტაკროლიმუსს.
პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევს ჰიპერკალიემიას: დიკლოფენაკის და კალიუმდამზოგავი დიურეტიკების, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის ან ტრიმეთოპრიმის ერთობლივი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს შრატში კალიუმის მომატებულ დონეებთან, რომლებიც რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.
ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები: აღინიშნა კრუნჩხვების ცალკეული ცნობები, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნოს ქინოლონების და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროულად გამოყენებას.
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და კორტიკოსტეროიდები: დიკლოფენაკის და სხვა სისტემური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ან კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავური უარყოფითი რეაქციების სიხშირე (იხილეთ პუნქტი 4.4).
ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული საშუალებები: რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი (იხილეთ პუნქტი 4.4). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები არ მიუთითებს, რომ დიკლოფენაკი ზემოქმედებას ახდენს ანტიკოაგულანტების ეფექტზე, არსებობს ჰემორაგიის მომატებული რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიკლოფენაკს და ანტიკოაგულანტს. ამიტომ, მოითხოვება ასეთი პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: სისტემური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, მათ შორის დიკლოფენაკის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავური სისხლდენის რისკი (იხილეთ პუნქტი 4.4).
ანტიდიაბეტური საშუალებები: კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკის გამოყენებისას ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად არ აღინიშნება ზემოქმედება მათ კლინიკურ ეფექტებზე. მიუხედავად ამისა, არსებობს ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების ცნობები, რომლებიც საჭიროებენ ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების ცვლილებას დიკლოფენაკით მკურნალობის დროს. ამის გამო, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, როგორც სიფრთხილის ზომა ერთდროული თერაპიისას.
მეთოტრექსატი: დიკლოფენაკმა შეიძლება დათრგუნოს მეთოტრექსატის ტუბულარული თირკმლის კლირენსი, რაც ზრდის მის დონეებს. რეკომენდებულია სიფრთხილე, როდესაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებები, მათ შორის დიკლოფენაკი, მიიღება მეთოტრექსატით მკურნალობის წინ 24 საათით ადრე, რადგან მეთოტრექსატის კონცენტრაციებმა სისხლში შეიძლება მოიმატოს და ამ სუბსტანციის ტოქსიკურობა გაიზარდოს. ეს ურთიერთქმედება განპირობებულია მეთოტრექსატის აკუმულაციით, რაც გამოწვეულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებების არსებობისას თირკმლისმიერი ექსკრეციის დარღვევით.
ქოლესტიპოლი და ქოლესტირამინი: ამ საშუალებებმა შეიძლება გამოწვიონ დიკლოფენაკის აბსორბციის დაყოვნება ან შემცირება. ამიტომ, რეკომენდებულია დიკლოფენაკის მიღება ქოლესტიპოლის ან ქოლესტირამინის მიღებამდე მინიმუმ ერთი საათი ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.
საგულე გლიკოზიდები: საგულეგლიკოზიდებისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას პაციენტებში შეიძლება გამწვავდეს მანამდე არსებული გულის უკმარისობა, შემცირდეს გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე და გაიზარდოს გულის გლიკოზიდების დონეები.
მიფეპრისტონი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები არ გამოიყენება 8-12 დღე მიფეპრისტონის მიღების შემდეგ, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება შეამციროს მისი ეფექტი.
პრობენეციდი: სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც შეიცავენ პრობენეციდს, შეიძლება დააყოვნონ დიკლოფენაკის ელიმინაცია.
4.6 ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა:
ორსულობა:
პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიულოგიური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ მომატებულია მუცლის მოშლის, გულის მალფორმაციისა და გასტროიშიაზის რისკი. კარდიოვასკულარული მალფორმაციის აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1.5%-მდე.
რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის გაზრდისას. ცხოველებში, პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებამ გამოიწვია მომატებული პრე- და პოსტ-იმპლანტაციური დანაკარგი და ემბრიონის-ნაყოფის ლეთალობა.
გარდა ამისა, ორგანოგენეზის პერიოდში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებისას ცხოველებში აღინიშნა სხვადასხვა მალფორმაციების, მათ შორის კარდიოვასკულარული მალფორმაციების მომატებული შემთხვევები. თუ ვურდონი გამოიყენება იმ ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულებას, ან ორსულობის პირველი ან მეორე ტრიმესტრის დროს, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება მოკლე.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფში გამოიწვიოს:
- კარდიოპულმონური ტოქსიკურობა (სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია), თირკმლის დისფუნქცია (რომელიც შეიძლება პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგო-ჰიდრამნიოზით).
დედასა და ახალშობილში, ორსულობის ბოლოს,
- სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება (ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი), საშვილოსნოს შეკუმშვების დათრგუნვა, რაც გამოიწვევს მშობიარობის დაყოვნებას ან გახანგრძლივებას.
შესაბამისად, დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მსგავსად, დიკლოფენაკი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობებით. ამიტომ, დიკლოფენაკი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს ჩვილზე არასასურველი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით.
ფერტილობა ქალებში
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მსგავსად, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს ქალებში ფერტილობის დაქვეითება და ამიტომ რეკომენდებული არ არის იმ ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. დიკლოფენაკის მოხსნა განხილული უნდა იყოს იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ დაორსულების პრობლემები ან უტარდებათ უნაყოფობაზე გამოკვლევები.
4.7 ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ის პაციენტები, რომლებშიც ვლინდება მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ძილიანობა, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, ძილიანობა ან დაღლილობა დიკლოფენაკის მიღებისას, უნდა მოერიდონ ავტომობილების ან მექანიზმების მართვას.
4.8 არასასურველი ეფექტები:
კლინიკური ცდებიდან, სპონტანური ცნობებიდან ან ლიტერატურიდან მიღებული უარყოფითი რეაქციები (ცხრილი 1) კლასიფიცირებულია MedDRA ორგანოთა სისტემის მიხედვით. ორგანოთა სისტემის თითოეულ კატეგორიაში, უარყოფითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით, პირველად მითითებულია ყველაზე ხშირი. სიხშირის თითოეულ ჯგუფში, უარყოფითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
გარდა ამისა, თითოეული უარყოფითი რეაქციის შესაბამისი კატეგორია ეფუძნება შემდეგ პირობებს (CIOMS III): ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100-<1/10), არახშირი (1/1,000 - <1/100), იშვიათი (1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი სიხშირე (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
შემდეგი გვერდითი ეფექტები მოიცავს იმ ეფექტებს, რომლებიც გამოვლინდა დიკლოფენაკის საინექციო ხსნარის/გასტრორეზისტენტული ტაბლეტების/პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების/სუპოზიტორიების და/ან სხვა ფორმების გამოყენებისას, მოკლევადიანად ან გრძელვადიანად.
ინფექცია და ინვაზიები |
|
ძალიან იშვიათი უცნობი |
აბსცესი ინექციის ადგილას ნეკროზი ინექციის ადგილას. |
დარღვევები სისხლი და ლიმფატური სისტემის მხრივ |
|
ძალიან იშვიათი |
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიტური და აპლასტური ანემია), აგრანულოციტოზი |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
|
იშვიათი
ძალიან იშვიათი |
ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ჰიპოტენზია და შოკი) ანგიონევროტული შეშუპება (მათ შორის სახის შეშუპება) |
ფსიქიატრიული დარღვევები |
|
ძალიან იშვიათი |
დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანება, ფსიქოტური დარღვევები. |
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
|
ხშირი იშვიათი ძალიან იშვიათი
უცნობი |
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ძილიანობა. პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, კონვულსიები, აგზნებადობა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, გემოს დარღვევები, ცერებროვასკულარული შემთხვევა. გონების არევა, ჰალუცინაციები, შეგრძნებების დარღვევა, შეუძლოდ ყოფნა. |
დარღვევები თვალის მხრივ |
|
ძალიან იშვიათი
უცნობი |
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია. ოპტიკური ნერვიტი. |
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ |
|
ხშირი ძალიან იშვიათი |
ვერტიგო. ტინიტი, სმენის დროებითი დარღვევები. |
დარღვევები გულის მხრივ |
|
არახშირი* |
პალპიტაციები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი. |
ცნობილი არ არის |
კოუნისის სინდრომი |
ვასკულარული დარღვევები |
|
ძალიან იშვიათი |
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ვასკულიტი. |
დარღვევები სუნთქვის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ |
|
იშვიათი ძალიან იშვიათი |
ასთმა (დისპნოეს ჩათვლით). პნევმონიტი |
კუჭ-ნაწლავური დარღვევები |
|
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი |
გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, ანორექსია. გასტრიტი, კუჭ-ნაწლავური ჰემორაგია, ჰემატემეზესი, დიარეა ჰემორაგიული, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენის ან პერფორაციით ან მის გარეშე). კოლიტი (მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, ეზოფაგური დარღვევა, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავური სტრიქტურები, პანკრეატიტი. იშემიური კოლიტი. |
ჰეპატობილიარული დარღვევები |
|
ხშირი იშვიათი
ძალიან იშვიათი |
ტრანსამინაზების მომატება. ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დარღვევა. ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა. |
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
|
ხშირი იშვიათი ძალიან იშვიათი |
გამონაყარი. ჭინჭრის ციება. ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი, თმის ცვენა, ფოტოსენსიტივობის რეაქცია, პურპურა, ჰენოხ-შონლაინის პურპურა, ქავილი. |
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ |
|
ძალიან იშვიათი |
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი. |
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას |
|
ხშირი
იშვიათი |
ინექციის ადგილას რეაქცია, ინექციის ადგილას ტკივილი, ინექციის ადგილას ინდურაცია. შეშუპება. |
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ |
|
ძალიან იშვიათი |
ერექციული დისფუნქცია. |
*სიხშირე ასახავს მონაცემებს მაღალი დოზის (150 მგ/დღეში) გრძელვადიანი მკურნალობიდან.
შერჩეული გვერდითი ეფექტების აღწერა არტერიოთრომბული მოვლენები
კლინიკური ცდისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ დიკლოფენაკის გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (150 მგ დღეში) და გრძელვადიანი მკურნალობისას, შეიძლება მომატებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4).
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორმირება
სამკურნალო საშუალებაზე ნებართვის გაცემის შემდეგ საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორმირება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის უწყვეტი მონიტორინგის საჭუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს ვთხოვთ, რომ ჯანდაცვის ეროვნულ ორგანოებს აცნობონ ნებისმიერი საეჭვო უარყოფითი რეაქციების შესახებ.
4.9 ჭარბი დოზა
სიმპტომები
ვურდონის ჭარბი დოზის ტიპიური კლინიკური სურათი არ აღინიშნება. ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა, ტინიტი ან კრუნჩხვები. მნიშვნელოვანი მოწამვლისას, შეიძლება აღინიშნოს თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
თერაპიული ზომები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებებით, მათ შორის დიკლოფენაკით მწვავე მოწამვლის მართვა მოიცავს ძირითადად დამხმარე ზომებს და სიმპტომატურ მკურნალობას, რაც უნდა ჩატარდეს ისეთი გართულებებისას, როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავური დარღვევები და სუნთქვის დათრგუნვა.
სპეციალური ზომები, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი და ჰემოფილტრაცია, როგორც ჩანს არაეფექტიანია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებების, მათ შორის დიკლოფენაკის ელიმინაციისთვის, პროტეინთან ბმის და ფართო მეტაბოლიზმის მაღალი დონის გამო.
ხშირი ან პროლონგირებული კრუნჩხვების მკურნალობა უნდა ჩატარდეს ვენაში დიაზეპამის შეყვანით.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულიპრეპარატები, აცეტის მჟავას წარმოებულები და სხვა შესაბამისი სუბსტანციები.
ათქ კოდი: M01AB05.
მოქმედების მექანიზმი
ვურდონი შეიცავს დიკლოფენაკს, არასტეროიდულ აქტიურ სუბსტანციას, ფენილაცეტის მჟავას მნიშვნელოვანი ანტი-რევმატიული, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური თვისებებით. პროსტაგლანდინის სინთეტაზას ინჰიბირება, ექპერიმენტულად დამტკიცებული, მნიშვნელოვანია მოქმედების მექანიზმისთვის. პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების და ტკივილის ინდუცირებაში.
დიკლოფენაკის ნატრიუმი in vitro არ თრგუნავს პროტეოგლიკანის ბიოსინთეზსს ხრტილში იმ კონცენტრაციებზე, რაც ადამიანებში მიღწეული კონცენტრაციების ექვივალენტია.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
75 მგ დიკლოფენაკის კუნთებში ინექციით შეყვანის შემდეგ შეწოვა მაშინვე იწყება და საშუალო უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები დაახლოებით 2.5 µგ/მლ (8 µ მოლ/ლ) მიიღწევა დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. როდესაც 75 მგ დიკლოფენაკი შეჰყავთ ვენაში ინფუზიით 2 საათის განმავლობაში, საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაციები არის დაახლოებით 1.9 µ გ/მლ (5.9 µმოლ/ლ). უფრო ხანმოკლე ინფუზიების შედეგად ვლინდება უფრო მაღალი პიკური კონცენტრაციები პლაზმაში, ხოლო უფრო ხანგრძლივი ინფუზიები იწვევს პლატო კონცენტრაციებს, რომლებიც ინფუზიის სიჩქარის პროპორციულია 3-4 საათის შემდეგ. ეს პლაზმური კონცენტრაციების სწრაფი შემცირების საპირისპიროა, რაც ვლინდება პიკური დონეების მიღწევის შემდეგ პერორალური, რექტალური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას.
კონცენტრაცია მრუდქვეშ ფართობი (AUC) კუნთში ან ვენაში შეყვანის შემდეგ დაახლოებით ორჯერ უფრო დიდია პერორალური ან რექტალური შეყვანის შემდეგ, რადგან აქტიური სუბსტანციის ნახევარი მეტაბოლიზდება პირველი გავლისას ღვიძლით პერორალური ან რექტალური გზით გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება განმეორებითი დოზების შეყვანის შემდეგ. აკუმულაცია არ აღინიშნება, თუ დაცულია დოზებს შორის ინტერვალი.
განაწილება
დიკლოფენაკის ბმა ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან) შეადგენს 99/7%-ს. განაწილების აშკარა მოცულობა არის 0.12-0.17 ლ/კგ.
დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მაქსიმალური კონცენტრაციები იზომება 2-4 საათში პიკური პლაზმური მნიშვნელობების მიღწევის შემდეგ. სინოვიალური სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 3-6 საათი. პიკური პლაზმური მნიშვნელობების მიღწევის შემდეგ ორ საათში აქტიური სუბსტანციის კონცენტრაციები უკვე უფრო მაღალია სინოვიალურ სითხეში, ვიდრე პლაზმაში და რჩება მაღალ დონეზე 12 საათამდე პერიოდით.
დიკლოფენაკი დაბალი კონცენტრაციით (10 მგ/მლ) აღმოჩნდა დედის რძეში ერთ მეძუძურ დედაში. დედის რძის მიღებისას ჩვილის მიერ მიღებული პრეპარატის რაოდენობა დღეში 0.03 მგ/კგ დოზის ექვვალენტია.
ბიოტრანსფორმაცია
დიკლოფენაკის ბიოტრანსფორმაცია ხდება ნაწილობრივ მთლიანი მოლეკულის გლუკორონიდაციით, მაგრამ ძირითადად ერთი და მრავალი ჰიდროქსილაციით და მეთოქსილაციით, რაც იწვევს რამდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის წარმოქმნას (3’-ჰიდროქსი, 4’-ჰიდროქსი, 5’-ჰიდროქსი,4’,5-დიჰიდროქსი- და 3’-ჰიდროქსი-4’-მეთოქსი-დიკლოფენაკი), რომელთა უმრავლესობა გარდაიქმნება გლუკორონიდის კონიუგატებად. აქედან ორი ფენოლური მეტაბოლიტი ბიოლოგიურად აქტიურია, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხისთ, ვიდრე დიკლოფენაკი.
ელიმინაცია
დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი პლაზმაში არის 263+56 მლ/წთ (საშუალო მნიშვნელობა +SD). ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში არის 1-2 საათი. ოთხ მეტაბოლიტს, მათ შორის ორ აქტიურს, ასევე აქვთ ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-3 საათი. ერთი მეტაბოლიტის, 3’-ჰიდროქსი-4’-მეთოქსი-დიკლოფენაკის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, მაგრამ არააქტიურია.
მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდში მთლიანი მოლეკულის გლუკორონიდის კონიუგატის ფორმით და მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმეტესობა ასევე გარდაიქმნება გლუკორონიდის კონიუგატებად. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სუბსტანციის სახით. დოზის დარჩენილი ნაწილი ელიმინირდება მეტაბოლიტების სახით, ნაღველით განავალში.
ხაზობრივობა/არახაზობრივობა
შეწოვილი რაოდენობა დოზის ზომის ხაზობრივად პროპორციულია.
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები: არ აღინიშნა რაიმე ასაკზე დამოკიდებული სხვაობები პრეპარატის აბსორბციის, ბიოტრანსფორმაციის ან ექსკრეციის მხრივ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში, 15-წუთიანი ვენაში ინფუზიის შემდეგ აღინიშნა 50%-ით უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციები, ვიდრე მოსალოდნელია ახალგაზრდა ჯანმრთელ სუბიექტებში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უცვლელი აქტიური სუბსტანციის აკუმულაცია არ აღინიშნება ერთდოზიანი კინეტიკიდან ჩვეული დოზირების რეჟიმის გამოყენებისას. როდესაც კრეატინინის კლირენსი არის 10 მლ/წთ ან ნაკლები, ჰიდროქსიმეტაბოლიტების მყარი პლაზმური დონეები დაახლოებით 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ნორმალურ სუბიექტებში. მეტაბოლიტები საბოლოოდ გამოიყოფა ნაღველით.
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ჰეპატიტი ან არაკომპენსირებული ციროზი, დიკლოფენაკის კინეტიკა და ბიოტრანსფორმაცია ისეთივეა, როგორიც ღვიძლის დაავადების არმქონე პაციენტებში.
5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
მწვავე და განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, აგრეთვე გენოტოქსიკურობის, მუტაგენურობის და კარცინოგენურობის კვლევებიდან მიღებული წინაკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისათვის თერაპიული დოზების გამოყენებისას. სტანდარტული პრეკლინიკური კვლევებისას ცხოველებში არ გამოვლინდა დიკლოფენაკის ტერატოგენური პოტენციალი თაგვებში, ვირთხებში ან კურდღლებში.
დიკლოფენაკი არ ახდენს ზემოქმედებას ვირთხებში მშობელი ცხოველების ფერტილობაზე. გარდა მინიმალური ეფექტებისა ნაყოფზე, დედისათვის ტოქსიკური დოზებისას არ აღინიშნა ზემოქმედება შთამომავლობაში პრენატალურ, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (მათ შორის დიკლოფენაკის) მიღებამ გამოიწვია ოვულაციის დათრგუნვა კურდღლებში და იმპლანტაციის და პლაცენტის განვითარების დათრგუნვა ვირთხებში და გამოიწვია სადინრის ნაადრევი დახურვა. დიკლოფენაკის დედისათვის ტოქსიკური დოზები დაკავშირებული იყო დისტოციასთან, პროლონგირებულ გესტაციასთან, ნაყოფის გადარჩენის შემცირებასთან და ნაყოფის ზრდის შეფერხებასთან ვირთხებში. დიკლოფენაკის უმნიშვნელო ეფექტები რეპროდუქციის პარამეტრებზე და მშობიარობაზე, აგრეთვე სადინრის შევიწროვებაზე არის ამ კლასის პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების ფარმაკოლოგიური შედეგები.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1 დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი
მაკროგოლი 400, ეთანოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
6.2 შეუთავსებლობები
როგორც წესი, ვურდონის საინექციო ხსნარის შერევა არ შეიძლება სხვა საინექციო ხსნარებთან. 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარებს ნატრიუმის ბიკარბონატის, როგორც დანამატის გარეშე, აქვთ ზესატურაციის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრისტალების ან დანალექის წარმოქმნა. არ შეიძლება სხვა საინფუზიო ხსნარების გამოყენება, გარდა იმ ხსნარებისა, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია პუნქტში 6.6.
6.3 შენახვის ვადა
5 წელი.
6.4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას
არ შეინახოთ 250C-ზე ზემოთ. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
6.5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 5, 6 ან 50 შუშის ამპულას თითოეული 3 მლ-ს შემცველობით პლასტმასის სადებზე.
6.6. სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა სახის მოხმარებისას
ვურდონი შეჰყავთ კუნთში, ღრმა ინტრაგლუტეალური ინექციით ზემო გარეთა კვადრანტში ან ვენაში ნელი ინფუზიით გაზავების შემდეგ. ინექციის ადგილას ნერვის ან სხვა ქსოვილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კუნთებში ინექცირების შესახებ ინსტრუქციების დაცვა.
ყოველი ამპულა განკუთვნილია მხოლოდ ერთხელ გამოსაყენებლად. ხსნარი გახსნისთანავე უნდა იყოს გამოყენებული. ნებისმიერი დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ვენაში ნელი ინფუზიით ვურდონის შესაყვანად დაცული უნდა იყოს ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები.
ინფუზიის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მიხედვით (იხილეთ პუნქტი 4.2), ვურდონის ამპულის შემცველობას უნდა შეერიოს 100-500 მლ იზოტონური მარილის ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) ან დექსტროზას 5% ხსნარი. ორივე მიღებული ხსნარის ბუფერიზაცია ხდება ნატრიუმის ბიკარბონატის საინექციო ხსნარით (0.5 მლ 8.4% ან 1 მლ 4.2% ან ექვივალენტი მოცულობა სხვადასხვა კონცენტრაციისა), რომელიც ამოღებული უნდა იყოს ახლად გახსნილი კონტეინერიდან. გამოიყენება მხოლოდ სუფთა ხსნარები. თუ შეინიშნება კრისტალები ან დანალექი, საინფუზიო ხსნარის გამოყენება არ შეიძლება.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა უტილიზდეს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.
7. სავაჭრო ნებართვის მფლობელი
HELP S.A.,
10 ვალაორიტუს ქ.
144 52, მეტამორფოზისი, ატიკა
საბერძნეთი
ტელ: +30-210-2815353.