ტრიმეიკი 8მგ/2.5მგ/10მგ#30ტ
გააზიარე:
ტრიმეიკი / TRIMEIK
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): perindopril, indapamide, amlodipine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
1. რა არის ტრიმეიკი და რისთვის გამოიყენება?
ტრიმეიკი წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების - პერინდოპრილის, ინდაპამიდისა და ამლოდიპინის კომბინაციას. ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილი/ინდაპამიდის ფიქსირებული დოზების კომბინაციას და ცალკე ამლოდიპინის ტაბლეტებს, შეუძლიათ მიიღონ 1 ტაბლეტი ტრიმეიკი, რომელიც სამივე ინგრედიენტს შეიცავს.
თითოეული აქტიური ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას და ერთად ახდენენ პაციენტის ორგანიზმში წნევის კონტროლს:
• პერინდოპრილი განეკუთვნება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს. იგი აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს სისხლის გადატუმბვას გულიდან სისხლძარღვებში.
• ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს (სულფონამიდების წარმოებული ინდოლის ბირთვით). დიურეტიკები ზრდიან გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა, ინდაპამიდი სხვა დიურეტიკებისაგან განსხვავებით, შარდის რაოდენობას უმნიშვნელოდ ზრდის.
• ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკატორს (დიჰიდროპირიდინების ჯგუფიდან). იგი იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას და აადვილებს სისხლის გადაადგილებას სისხლძარღვთა სანათურში.
2. განსაკუთრებული მითითებები
არ მიიღოთ ტრიმეიკი, თუ
• გაქვთ ალერგიული რეაქცია პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების, ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6);
• აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე გაქვთ მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან მწვავე გამონაყარი, ან თუ ჩამოთვლილი სიმპტომები (კვინკეს შეშუპების სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობა) თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს სხვა შემთხვევებშიც გქონიათ;
• გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება);
• არსებობს ეჭვი არანამკურნალები გულის დეკომპენსირებული უკმარისობაზე (მძიმე შეშუპება, სუნთქვის გაძნელება);
• იღებთ არითმიის სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიშ დარღვევას (“პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
• გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როცა გულს არ შუეძლია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდება);
• აღგენიშნებათ გულის შეტევის შემდგომი უკმარისობა;
• გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
• გაქვთ კალიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში;
• გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება;
• იმყოფებით დიალიზზე;
• გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები (ტრიმეიკის 8 მგ/2,5 მგ/5 მგ და 8 მგ/2,5 მგ/10 მგ მიღების ფონზე);
• ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული (არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის უფრო ადრეულ ეტაპზეც - იხ. “ორსულობა”);
• ხართ მეძუძური დედა;
• გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დაავადებები და იღებთ ალისკირენს.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
ტრიმეიკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან, თუ
• გაქვთ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის მკვებავი არტერიის შევიწროება);
• გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადებები;
• მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);
• გაქვთ პრობლემები ღვიძლზე;
• გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;
• გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ათეროსკლეროზული ფოლაქებით);
• გესაჭიროებათ პარათიროიდული ჯირკვლების გამოკვლევა;
• გაქვთ პოდაგრა;
• გაქვთ დიაბეტი;
• იმყოფებით უმარილო დიეტაზე ან იღებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სისხლში კალიუმის ბალანსის დარღვევა);
• იღებთ ლითიუმს ან კალიუმ-შემნახველ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან არ უნდა მოხდეს მათი ტრიმეიკთან ერთად მიღება (იხ. „სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება“);
• იღებთ ალისკირენს (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება);
• ხართ ხანდაზმული ასაკის და საჭიროებთ დოზის მომატებას;
• აღგენიშნებოდათ ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები;
• ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, კვინკეს შეშუპების (სახის, ტუჩების, პირის, ენის, ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება) გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია და პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს წნევის დასაქვეითებლად;
• ხართ ჰემოდიალიზზე და გიტარდებათ დიალიზი მაღალჰიდრავლიკური განვლადობის მემბრანებით;
• გაქვთ პრობლემები თირკმელებზე;
• სისხლში აღგენიშნებათ მაღალი მჟავიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სიხშირის მატება;
• გაქვთ ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
• თუ გაქვთ სახის, ტუჩების, პირის, ენის, ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება), რაც მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, სასწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმისა და კალიუმის დონის დაქვეითებისა და კალციუმის დონის მატების გამოსაკვლევად.
აცნობეთ ექიმს სავარაუდო ორსულობის (ან შესაძლო დაორსულების) შესახებ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს (იხ. „ორსულობა და ლაქტაცია“).
ტრიმეიკით მკურნალობის დროს აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, თუ
• ჩაგიტარდათ ანესთეზია ან ქირურგიული ოპერაცია;
• უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან გაუწყლოება;
• გიტარდებათ დიალიზი ან დსლპ-აფერეზი (სისხლიდან ქოლესტერინის მექანიკური გამოყოფა);
• უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაცია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად;
• გიტარდებათ გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებით (ნივთიერება, რომლის საშუალებითაც რენტგენის აპარატით ხდება თირკმელებისა და კუჭის გამოკვლევა).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში ტრიმეიკის გამოყენება დაუშვებელია.
სხვა პრეპარატები და ტრიმეიკი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იღებდით, იღებთ ან თუ აპირებთ სხვა პრეპარატის მიღებას პარალელურად.
არ მიიღოთ ალისკირენი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება) დიაბეტის ან თირკმლის პათოლოგიების დროს.
არ მიიღოთ ტრიმეიკი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
• ლითიუმი (გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მანია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და რეკურენტული დეპრესია);
• კალიუმ-შემნახველი პრეპარატები (ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები;
• დანტროლენი (ინფუზია), რომელიც ასევე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ ანესთეზიის დროს (ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და კუნთების რიგიდობა);
• ესტრამუსტინი (კიბოს სამკურნალო საშუალება);
• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.
სხვა პრეპარატების მიღებამ შეიძლებ აგავლენა იქონიოს ტრიმეიკით მკურნალობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგან შესაძლოა განსაკუთრებული ყურადღება დაგჭირდეთ:
• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებები, ალისკირენის, დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებები) ჩათვლით;
• კალიუმ-შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 - 50 მგ დოზით დღეში;
• საანესთეზიო საშუალებები;
• იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება;
• ბეპრიდილი (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალება);
• მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ);
• მეტადონი (ნარკო-დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება);
• დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, ციზაპრიდი, დიფემამილი, პროკაინ-ამიდი, კვინიდინი, ჰიდროკვინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი (არითმიის სამკურნალო საშუალებები);
• ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე საშუალებები);
• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის პრობლემების სამკურნალო საშუალებები);
• ინფექციების სამკურნალო ზოგი ანტიბიოტიკი, როგორიცაა რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი;
• იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, საინექციო ამფოტერიცინი B (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები);
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება);
• მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასთემიზოლი (ანტიჰისტამინური საშუალებები თივის ცხელებისა და ალერგიის სამკურნალო საშუალებები);
• კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მძიმე ასთმის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზები (მაგ: აცეტილსალიცილის მჟავა);
• იმუნოდეპრესანტები, აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში, მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად (მაგ: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
• ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალო საშუალება);
• ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალო საშუალებები);
• ჰალოფანტრინი (მალარიის გარკვეული სახის სამკურნალო საშუალება);
• ბაკლოფენი, კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი;
• დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან მეთფორმინი);
• კალციუმი, კალციუმის შემცველი საკვები დანამატების ჩათვლით;
• ნაწლავის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მაგ: სინამაქი);
• სიმსივნის სამკურნალო საშუალებები;
• ვინკამინი (ასაკოვან პაციენტებში სიმპტომური კოგნიტური დარღვევების, მათ შორის მეხსიერების დაქვეითების სამკურნალო საშუალება);
• ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები);
• პენტამიდინი (პნევმონიის სამკურნალო საშუალება);
• როტინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები, აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებები);
• Hypericum perforatum (კრაზანა);
• ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალო საშუალება);
• ჰეპარინი (სისხლის გასათხევადებელი საშუალება);
• დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალო საშუალებები (მაგ: ეფედრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი);
• ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან ვაზოდილატატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.
ტრიმეიკის მიღებას აკვებთან და სასმელთან ერთად
ტრიმეიკით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენის ან თვით გრეიფრუტის მიღება, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერების, ამლოდიპინის კონცენტრაციის ზრდა და, შედეგად, ტრიმეიკის ჰიპოტენზიური ეფექტის არაპროგნოზირებული მატება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსული ან მეძუძური დედა ხართ, ფიქრობთ რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ).
ექიმი გირჩევთ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და სხვა პრეპარატის მიღებას დაორსულებისთანავე ან როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის დროს, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ.
ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ მეძუძური დედა ხართ, ან აპირებთ ჩვილის ძუძუთი კვებას. ტრიმეიკის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. თუ გადაწყვეტთ ახალშობილის ძუძუთი კვებას, ექიმი შეგირჩევთ სხვა მკურნალობას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი დღენაკლულია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
ტრიმეიკმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატის ფონზე აღგენიშნებათ თავბრუსხევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, ნუ დაჯდებით საჭესთან, ნუ მართავთ მექანიზმებს და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
3. ტრიმეიკის მიღების წესი
გულდასმით მისდიეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევას. დააზუსტეთ მათთან თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.
ტაბლეტი მიიღება წყალთან ერთად, უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე. ექიმი შეგირჩევთ დოზას. ჩვეულებრივ, ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი.
საჭირო ზემეტი დოზის მიღების შემთხვევაში
პრეპარატის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითება, რაც გამოვლინდება თავბრუსხვევით, ძილიანობით, ცნობიერების დაბინდვით, ოლიგურიით (შარდის რაოდენობის შემცირება), ანურიით (შარდის გამოყოფის შეწყვეტა). თავბრუსხვევის ფონზე შესაძლოა გულის წასვლა, სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების ფონზე შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი ხდება ცივი და წებოვანი, შესაძლოა გონების დაბინდვა. ტრიმეიკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ტრიმეიკის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური, რეგულარული მიღება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტრიმეიკის მიღების შეწყვეტა
ვინაიდან ჰიპერტენზიის მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ტრიმეიკსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ადგილი ჰქონდა ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს:
• მოულოდნელი მსტვინავი სუნთქვა, ტკივილი მკერდის მიდამოში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);
• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);
• პირის, ენისა და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);
• მძიმე რეაქციები კანზე, ინტენსიური გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლისა და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ახვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში);
• ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში);
• გულის შეტევა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში) და ანომალური გულისცემა (უცნობია);
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან ზურგის მიდამოს ძლიერი ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში).
სიხშირის კლების მიხედვით გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
• ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), უეცარი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა (გაორების ჩათვლით), ყურებში შუილი (ხმაური ყურებში), დაბალი არტერიული წნევით განპირობებული თავბრუსხვევა, ხველა, ქოშინი, კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევა, დისპეპსია ან მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი), კრუნჩხვა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, წვივების შეშუპება (ედემა).
• ნაკლებად ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში):
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანკალი, ჭინჭრის ციება, ტკივილის შეგრძნების დათრგუნვა, რინიტი (სურდო), დეფეკაციის რიტმის ცვლილება, თმის ცვენა, პურპურა (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), კანის გაუფერულება, ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი მკერდის მიდამოში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის პრობლემები, შარდვის დარღვევა, ღამე მოშარდვის სურვილის გახშირება, შარდვის გახშირება, ერექციის მიღწევის უუნარობა, ცხელება, დისკომფორტი მკერდის მიდამოში ან სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში, სხეულის წონის მატება ან კლება, სისხლში ზოგი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის დონის მატება, ჰიპოგლიკემია (შაქრის რაოდენობის შემცირება სისხლში), სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები (კანის ცვლილება) მზეზე ან ხელოვნური ულტრაიისფერი განათების ქვეშ, ბუშტუკები კანზე, ხელების, წვივების ან ტერფების შეშუპება, კრეატინინისა და შარდოვანას დონის მატება სისხლში, დაცემა, პირის სიმშრალე.
• იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში):
ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული მახასიათებლების შეცვლა: ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე.
• ძალიან იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში):
ლეიკოციტების, თრომბოციტების (რაც იწვევს სისხლჩაქცევების, ცხვირიდან სისხლდენის განვითარებას) რაოდენობის შემცირება, ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (გულის რიტმის ცვლილება, სტენოკარდია (ტკივილი გულის, ყბის და ზურგის მიდამოში დატვირთვის დროს, რაც დაკავშირებულია გულთან სისხლის მიდინების გართულებით), ინსულტი, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ღრძილების შეშუპება, მძიმე კანისმიერი რეაქცია, მძიმე გამონაყრის, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, პოლიმორფული ერითემა (გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ლაქებით სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, ქავილის შეგრძნებით), სისხლდენა ღრძილებიდან, ტკივილი და გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმლის სერიოზული პრობლემები, კანის სიყვითლე, მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, კუნთოვანი ტონუსის მატება, ჰიპერგლიკემია, კალციუმის დონის მატება სისხლში, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტვინში, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო.
• უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე, შეუძლებელია)
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით განპირობებული თავის ტვინის დაავადება). თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება.
შეიძლება მოხდეს ლაბორატორიული მაჩვენებლების (სისხლის ანალიზი) შეცვლა. მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.
მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილი ან აღუწერელი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
5. ტრიმეიკის შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
6. გამოშვების ფორმა და სხვ აინფორმაცია
ტრიმეიკის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილის ერბუმინი, ინდაპამიდი, ამლოდიპინი.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.