ნებივორლდი 5მგ #28ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია
ნებივორლდი
სავაჭრო დასახელება
ნებივორლდი, Nebiworld
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ნებივოლოლი, Nebivolol
სამკურნალწამლო ფორმა
ტაბლეტები.
აღწერა:
ნებივორლდი 2.5 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
ნებივორლდი 5 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ჯვრის ფორმის გამყოფი ხაზით.
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: 2.5 მგ ან 5 მგ ნებივოლოლი (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის ათქ კოდი C07AB12
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. სელექციური β-ბლოკატორები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნებივოლოლი არის β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში (ადამიანების უმეტესობა) და 10 მგ ან ნაკლები დოზებით გამოყენების დროს, ნებივოლოლი ძირითადად არის სელექციური β1- ბლოკატორი, ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში და უფრო მაღალი დოზებით გამოყენების დროს, ნებივოლოლი ბლოკავს როგორც β1-, ასევე β2-ადრენორეცეპტორებს. თერაპიულ კონცენტრაციებში მას არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტიკური და მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა, ასევე α1-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება. ნებივოლოლის სხვადასხვა მეტაბოლიტებს, მათ შორის გლუკურონიდებს, გააჩნია β-ადრენომაბლოკირებელი თვისებები.
მოქმედების მექანიზმი
ნებივოლოლის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი არ არის ზუსტად დადგენილი; შესაძლო ფაქტორები, რითაც ის შეიძლება განპირობებული იყოს, არის: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება, პერიფერიაზე თავის ტვინის ვაზომოტორული ცენტრების მატონიზირებელი სიმპათიკური გავლენის შემცირება, რენინის აქტივობის შემცირება, სისხლძარღვების გაფართოება და სისხლძარღვთა პერიფერიული რეზისტენტობის შემცირება.
ფარმაკოკინეტიკა
ნებივოლოლის ბიოტრანსფორმაციის პროცესი განპირობებულია რამდენიმე მეტაბოლური გზით, CYP2D6-ის მონაწილეობით გლუკურონიზაციისა და ჰიდროქსილირების ჩათვლით. აქტიური იზომერის (d-ნებივოლოლის) ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი CYP2D6– ის მიმართ სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში (ადამიანების უმეტესობა) არის დაახლოებით 12 საათი და ნელი მეტაბოლიზმის მქონეებში - 19 საათი, ამავდროულად, ნელი მეტაბოლიზმისას d-ნებივოლოლის კონცენტრაციები პლაზმაში არის მნიშვნელოვნად მაღალი. თუმცა, ამ გარემოების მნიშვნელობა ჩვეულებრივზე ნაკლებია, რადგან ნებივოლოლის მეტაბოლიტებს, მათ შორის ჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტს და გლუკურონიდებს (სისხლში მოცირკულირე ძირითადი მეტაბოლიტები) გააჩნია β-ადრენომაბლოკირებელი თვისებები.
სწრაფი და ნელი მეტაბოლიზმის მქონეებში, d-ნებივოლოლის დონეები პლაზმაში იზრდება დოზის პროპორციულად 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში. l-ნებივოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია, ვიდრე d-ნებივოლოლის, თუმცა l-ნებივოლოლის ეფექტს მცირე გავლენა აქვს პრეპარატის აქტივობაზე, რადგან d-ნებივოლოლის აფინურობა β-ადრენორეცეპტორების მიმართ 1000-ჯერ მეტია, ვიდრე l-ნებივოლოლის. ნებივოლოლის ერთიდაიგივე დოზების გამოყენების დროს, პლაზმაში სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (AUC) მნიშვნელობები შესაბამისად 5-ჯერ და 10-ჯერ მეტია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში, ვიდრე სწრაფი მეტაბოლიზმის მქონეებში. სამკურნალო საშუალების მრავალჯერადი გამოყენებისას (მიღების სიხშირე-დღე-ღამეში ერთხელ), ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში აღინიშნება ორგანიზმში d–ნებივოლოლის დაგროვება (დაახლოებით 1,5 – ჯერ).
შეწოვა
პერორალურად ტაბლეტის ფორმით მიღების დროს და პერორალურად ხსნარის ფორმით მიღების დროს ნებივოლოლის შეწოვის პროცესი მსგავსია. სამკურნალო საშუალების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დადგენილი არ არის.
სწრაფი და ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში საშუალო Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 1,5-4 საათში.
საკვები არ ახდენს გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღების დროს ნებივოლოლის გლუკურონიდების კონცენტრაცია სისხლში უმნიშვნელოდ იკლებს. ნებივორლდის მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება
ნებივოლოლის ადამიანის პლაზმის ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან შეკავშირების ხარისხი in vitro პირობებში არის დაახლოებით 98% და არ არის დამოკიდებული სამკურნალო საშუალების კონცენტრაციაზე.
მეტაბოლიზმი
ნებივოლოლის მეტაბოლიზმი ძირითადად განპირობებულია სამკურნალო საშუალების პირდაპირი გლუკურონიზაციის პროცესით და უფრო ნაკლები ხარისხით ციტოქრომ P450 CYP2D6 სისტემის იზოფერმენტის მონაწილეობით N-დეალკილირების და დაჟანგვის რეაქციებით. ნებივოლოლის სტერეოსპეციფიკურ მეტაბოლიტებს გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა.
გამოყოფა
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში 14C- ნებივოლოლის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატის შეყვანილი დოზის 38% გამოიყოფა შარდთან ერთად და 44% - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით, ნელი მეტაბოლიზმის მქონეებში პრეპარატის შეყვანილი დოზის 67% გამოიყოფა შარდთან ერთად და 13% - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. ნებივოლოლი ორგანიზმიდან თითქმის სრულად გამოიყოფა მრავალი დაჟანგული მეტაბოლიტის ფორმით ან მათი შესაბამისი კონიუგატების ფორმით გლუკურონის მჟავასთან.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების (B კლასი ჩაილდ-პიუს შკალით) მქონე პაციენტებში Cmax და AUC მნიშვნელობები d-ნებივოლოლისთვის გაიზარდა შესაბამისად 3–ჯერ და 10–ჯერ, ხოლო d-ნებივოლოლის კლირენსი შემცირდა 86%–ით. ოფიციალურ კლინიკურ კვლევებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ნებივოლოლის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია.
თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტები
5 მგ დოზით ერთჯერადი მიღების შემდეგ, თირკმელების მსუბუქი ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 50-დან 80 მლ/წთ-მდე; 7 პაციენტი) ნებივოლოლის კლირენსი არ შეცვლილა, თირკმელების საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-დან 50 მლ/წთ-მდე; 9 პაციენტი) იგი უმნიშვნელოდ შემცირდა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები; 5 პაციენტი) იგი შემცირდა 53%-ით. დიალიზზე მყოფ პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენება შესწავლილი არ არის.
წამლისმიერი ურთიერთქმედებები
მოსალოდნელია, რომ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP2D6-ს, გაზრდის ნებივოლოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ნებივორლდის ერთდროული გამოყენების დროს ზემოთ ხსენებული იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან აუცილებელია პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგის ჩატარება და ნებივოლოლის დოზის კორექცია არტერიული წნევის (აწ) დონის შესაბამისად. in vitro კვლევებში დადგენილია, რომ თერაპიულ კონცენტრაციებში d- და l-ნებივოლოლი არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450 სისტემის არცერთ იზოფერმენტს.
დიგოქსინი
14 ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეში 10 დღის განმავლობაში ნებივოლოლის (10 მგ დღე-ღამეში ერთხელ) და დიგოქსინის (0,25 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ერთდროული გამოყენების დროს, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.
ვარფარინი
ნებივოლოლის (10 მგ დღე-ღამეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში) და ვარფარინის (10 მგ ერთჯერადად) კომბინირებული გამოყენების დროს, ნებივოლოლისა და R- ან S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. პროთრომბინის დროის და საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) პროფილების მაჩვენებლების შეფასების მიხედვით, ნებივოლოლს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ვარფარინის ანტიკოაგულაციურ მოქმედებაზე 12 ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეში ვარფარინის 10 მგ დოზით ერთჯერადი მიღების შემდეგ 0-დან 144 საათამდე პერიოდში.
შარდმდენები
ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში ნებივოლოლს (10 მგ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში) და ფუროსემიდს (40 მგ ერთჯერადად), ჰიდროქლორთიაზიდს (25 მგ დღე-ღამეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში) ან სპირონოლაქტონს (25 მგ დღე-ღამეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში) შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა.
რამიპრილი
15 ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეში 10 დღის განმავლობაში ნებივოლოლის (10 მგ დღე-ღამეში ერთხელ) და რამიპრილის (5 მგ დღე-ღამეში ერთხელ) ერთდროული გამოყენებისას, სამკურნალო საშუალებებს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლინდა.
ლოსარტანი
20 ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეში ნებივოლოლის (10 მგ ერთჯერადად) და ლოსარტანის (50 მგ ერთჯერადად) ერთდროული გამოყენებისას, ფარმაკოკინეტიკური წამლისმიერი ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა.
ფლუოქსეტინი
10 ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეში ფლუოქსეტინის (CYP2D6-ის ინჰიბიტორი, 20 მგ დღე-ღამეში 21 დღის განმავლობაში, ნებივოლოლის მიღებამდე) და ნებივოლოლის (10 მგ ერთჯერადად) გამოყენების დროს, Cmax და AUC მნიშვნელობები d-ნებივოლოლისთვის გაიზარდა შესაბამისად, 3-ჯერ და 8-ჯერ.
H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტები
რანიტიდინის (150 მგ დღე-ღამეში ორჯერ) და ნებივოლოლის (5 მგ ერთჯერადად) ერთდროული გამოყენებისას, ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა. ციმეტიდინთან (400 მგ დღე-ღამეში ორჯერ) კომბინირებული გამოყენებისას, d-ნებივოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 23% -ით გაიზარდა.
გააქტივებული ნახშირი
გააქტივებულ ნახშირთან (აქტიდოზა®-აქვა, Actidose®-Aqua) ერთად გამოყენებისას, რომელიც ხელახლა გამოიყენეს ნებივოლოლის მიღებიდან (10 მგ ერთჯერადად) 4, 8, 12, 16, 22, 28, 36 და 48 საათის შემდეგ, ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა.
სილდენაფილი
ნებივოლოლთან ერთად გამოყენებისას, AUC და Cmax მნიშვნელობები სილდენაფილისთვის შემცირდა 21%-ით და 23%-ით შესაბამისად, ანალოგიური მაჩვენებლები d-ნებივოლოლისთვის ასევე ოდნავ შეიცვალა (20%-ზე ნაკლებად). სილდენაფილისა და ნებივოლოლის კომბინაციის გავლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე (მაგ., გულის შეკუმშვათა სიხშირე და არტერიული წნევა) განპირობებული იყო სამკურნალო საშუალებების ეფექტების ჯამით.
ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზების შედეგები მოწმობს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს შემდეგი სამკურნალო საშუალებები: აცეტამინოფენი, აცეტილსალიცილის მჟავა, ატორვასტატინი, ესომეპრაზოლი, იბუპროფენი, ნატრიუმის ლევოთიროქსინი, მეტფორმინი, სილდენაფილი, სიმვასტატინი და ტოკოფეროლი.
პლაზმის ცილებთან კავშირი
in vitro კვლევებში, ნებივოლოლის ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი არ შეცვლილა დიაზეპამის, დიგოქსინის, დიფენილჰიდანტოინის, ენალაპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის, იმიპრამინის, ინდომეტაცინის, პროპრანოლოლის, სულფამეტაზინის, ტოლბუტამიდისა და ვარფარინის მაღალი კონცენტრაციებით თანაარსებობისას. ნებივოლოლს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია თერაპიულ კონცენტრაციებში შემდეგი სამკურნალო საშუალებების ცილებთან შეკავშირების ხარისხზე: დიაზეპამი, დიგოქსინი, დიფენილჰიდანტოინი, ჰიდროქლორთიაზიდი, იმიპრამინი ან ვარფარინი.
გამოყენების ჩვენებები
ნებივორლდი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის თერაპიისთვის, არტერიული წნევის შემცირების მიზნით. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
არტერიული წნევის დაქვეითების დროს, მცირდება ლეტალური და არალეტალური გულ- სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების რისკი, პირველ რიგში ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის. ეს უპირატესობები აღინიშნა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კლასის ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, მათ შორის იმ კლასის, რომელსაც ნებივოლოლი მიეკუთვნება. არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები, რომლებიც მოწმობს ზემოაღნიშნული რისკის შემცირებას ნებივორლდით თერაპიის დროს.
მომატებული არტერიული წნევის კონტროლი უნდა განიხილებოდეს გულ-სისხლძარღვოვანი რისკების კომპლექსური მართვის სისტემის შემადგენელ ნაწილად, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მოიცავს სისხლში ლიპიდების დონის, შაქრიანი დიაბეტის კონტროლს, ანტითრომბოზულ თერაპიას, მოწევის შეწყვეტას, ფიზიკურ ვარჯიშს და ნატრიუმის მოხმარების შეზღუდვას. პაციენტთა დიდ ნაწილში, არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, საჭიროა თერაპიის ჩატარება ერთზე მეტი სამკურნალო საშუალების გამოყენებით. სათანადო რეკომენდაციები არტერიული წნევის მკურნალობის და მართვის მიზნებთან მიმართებაში იხილეთ შესაბამის გამოქვეყნებულ ეროვნულ სახელმძღვანელოებში.
როგორც რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში დადგინდა, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კლასის ჰიპოტენზიური საშუალებების დიდი რაოდენობა, რომლებსაც მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი გააჩნია, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და მათ გამო სიკვდილობის რისკს; მიღებული მონაცემების თანახმად, ეს მნიშვნელოვანი ხარისხით განპირობებულია უშუალოდ არტერიული წნევის შემცირებით და არა სამკურნალო საშუალებების სხვა ფარმაკოლოგიური თვისებებით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსავალთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირად დაფიქსირებული უპირატესობა იყო ინსულტის განვითარების რისკის შემცირება, ასევე რეგულარულად აღინიშებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო სიკვდილობის რისკის შემცირება.
გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების რისკი იზრდება სისტოლური ან დიასტოლური არტერიული წნევის მატების დროს (შესაბამისად საწ და დაწ), ამავდროულად, არტერიული წნევის უფრო მაღალი მაჩვენებლებისას, აბსოლუტური რისკი თითოეულ მმ. ვწ. სვ-ზე უფრო მაღალი ხარისხით იზრდება. ამასთან დაკავშირებით, არტერიული ჰიპერტენზიის დროს არტერიული წნევის ზომიერად დაქვეითებასაც კი შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი სარგებელი. არტერიული წნევის შემცირებისას, ფარდობითი რისკი ერთნაირი ხარისხით იკლებს სხვადასხვა აბსოლუტური რისკის მქონე სხვადასხვა პოპულაციაში, ამიტომ აბსოლუტური სარგებელი მეტია უფრო მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების მიზეზებისგან დამოუკიდებლად (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ან ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებში). ასეთ პაციენტებში მოსალოდნელია, რომ არტერიული წნევის უფრო დაბალი დონის მიღწევის მიზნით შესაძლებელია უპირატესი იყოს უფრო აგრესიული მკურნალობა.
ზოგიერთი ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალება ნეგროიდული რასის პაციენტებში ახდენს უფრო ნაკლებად გამოხატულ გავლენას არტერიულ წნევაზე (მონოთერაპიის სახით გამოყენებისას), ამავდროულად, ჰიპოტენზიური საშუალებების დიდ რიცხვს გააჩნია დამატებითი ეფექტები და ჩვენებები და გამოიყენება მაგალითად, სტენოკარდიის, გულის უკმარისობის ან თირკმელების დიაბეტური დაავადების დროს. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა შეიძლება განსაზღვროს ინდივიდუალური თერაპიის არჩევანი.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. პაციენტთა უმეტესობისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ ნებივოლოლი დღეში ერთხელ; პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. თუ საჭიროა პაციენტის არტერიული წნევის კიდევ უფრო შემცირება, ნებივოლოლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კვირის ინტერვალით 40 მგ-მდე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამკურნალო საშუალების მიღების სიხშირის მატებასთან ერთად აღინიშნოს მნიშვნელოვანი უპირატესობა.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) რეკომენდებული საწყისი დოზა არის 2,5 მგ ნებივოლოლი დღე-ღამეში ერთხელ; აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან. დიალიზზე მყოფ პაციენტებში ნებივორლდის გამოყენება შესწავლილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა არის 2,5 მგ ნებივოლოლი დღე-ღამეში ერთხელ; აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ნებივორლდის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ასეთ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ნებივოლოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
CYP2D6-ის პოლიმორფიზმი
CYP2D6–ის მიმართ ნელი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში ნებივოლოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის. სამკურნალო საშუალების კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოების პროფილი მსგავსია ნელი და სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
უნდა მოხდეს პაციენტების ინფორმირება, რომ ნებივორლდის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად და უწყვეტად. მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მხოლოდ პრეპარატის შემდეგი დოზის მიღება მკურნალობის სქემის შესაბამისად (არ უნდა მოხდეს ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის). ნებივორლდით მკურნალობის დროებით ან სრული შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- მძიმე ბრადიკარდია;
- გულის ბლოკადა (II ხარისხი და უფრო მაღალი);
- კარდიოგენური შოკი;
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (მუდმივი კარდიოსტიმულატორის არარსებობის შემთხვევაში);
- ღვიძლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტები (C კლასი ჩაილდ-პიუს შკალით).
გვერდითი რეაქციები
ნებივოლოლის გამოყენების უსაფრთხოება შეფასდა არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ამავდროულად, გვერდითი რეაქციების პროფილი შეესაბამებოდა სამკურნალო საშუალების ფარმაკოლოგიურ თვისებებს და იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც მონაწილეობდნენ კლინიკურ კვლევებში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა ასეთ პაციენტებში, მოცემულია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანოთა კლასების შესაბამისად. გამოირიცხა ზოგადი ხასიათის გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ იყო ინფორმატიული, ასევე ისინი, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ იყო დაკავშირებული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, რადგან მათი განვითარება განპირობებული იყო იმ დაავადებით, რისთვისაც ტარდებოდა თერაპია, ან ისინი ძალიან გავრცელებული იყო იმ პაციენტების ზოგად პოპულაციაში, რომელთაც უტარდებოდათ თერაპია.
ნებივოლოლის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 6545-მა პაციენტმა, მათ შორის 5038-მა პაციენტმა, რომლებსაც სამკურნალო საშუალებით თერაპია უტარდებოდა არტერიული ჰიპერტენზიის გამო და 1507-მა პაციენტმა გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების გამო. ნებივოლოლის დოზები ვარირებდა 0,5 მგ-დან 40 მგ-მდე დიაპაზონში, პაციენტებს მკურნალობდნენ არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში (1900-ზე მეტი პაციენტი - მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 1300 პაციენტი - ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში).
არტერიული ჰიპერტენზია
პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ნებივოლოლის და პლაცებოს შედარებისას, გვერდითი ეფექტების განვითარების გამო თერაპია შეწყვიტა პაციენტების 2,8% -მა, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას და პაციენტების 2,2%-მა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ნებივოლოლით თერაპიის შეწყვეტა ყველაზე ხშირად დაკავშირებული იყო ისეთ გვერდით რეაქციებთან, როგორიც არის თავის ტკივილი (0,4%), გულისრევა (0,2%) და ბრადიკარდია (0,2%).
სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშებოდა პაციენტების 1%-ში ან მეტში; მათი განვითარების სიხშირე პაციენტთა მინიმუმ ერთ ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ ნებივოლოლით, უფრო მაღალი იყო, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (სამი 12-კვირიანი პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 1597 არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტი, რომლებსაც უტარდებოდათ მონოთერაპია ნებივოლოლის 5 მგ, 10 მგ ან 20-40 მგ დოზებით და 205 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს):
გულის მხრივ: ბრადიკარდია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: დაღლილობა, ტკივილი გულმკერდში, პერიფერიული შეშუპებები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ფსიქიკური დარღვევები: უძილობა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ქოშინი.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი.
გვერდითი რეაქციები, გარდა ზემოაღნიშნულისა, რომლებიც აღინიშნებოდა სამკურნალო საშუალების გამოყენებისას პაციენტების 1%-ში ან მეტში, კონტროლირებად ან ღია კლინიკური კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდა 4300-ზე მეტი პაციენტი; კონტროლირებად კვლევებში შემთხვევათა უმრავლესობაში, მათი განვითარების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნებივოლოლს შედარებული იყო ასეთთან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (მათ მიეკუთვნება: რეაქციები, რომლებიც ძირითადად იყო ზოგადი ინფორმატიულობისთვის, მსუბუქად გამოხატული სიმპტომები და ისინი, რომლებიც ნაკლებსავარაუდოა, რომ დაკავშირებული ყოფილიყო სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, რადგან ისინი ძალზე გავრცელებული იყო ზოგადად პოპულაციაში):
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ასთენია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ჰიპერქოლესტერინემია.
ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზია.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
კონტროლირებად კვლევებში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ნებივოლოლით მონოთერაპიის დროს დაფიქსირდა სისხლში შარდმჟავას, ტრიგლიცერიდების და შარდოვანას აზოტის დონეების მატება და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინური ქოლესტერინის და თრომბოციტების დონეების შემცირება.
მარკეტინგის შემდგომ პერიოდში მიღებული მონაცემები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნა ნებივოლოლის გამოყენების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებულ სპონტანურ შეტყობინებებში და არ არის აღწერილი სხვა წყაროებში. ამ გვერდითი რეაქციების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მათი სიმძიმის ხარისხის, განვითარების სიხშირის ან ნებივოლოლით თერაპიასთან მათი შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კომპლექსური შეფასების საფუძველზე (არ არის მითითებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც ძალიან გავრცელებული იყო ზოგადად პოპულაციაში). შეუძლებელია ასეთი გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის განსაზღვრა ან ნებივოლოლის გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რადგან სპონტანური შეტყობინებები მიღებულია გაურკვეველი რაოდენობის პოპულაციებისგან. მათ მიეკუთვნება: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სისხლში ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST), ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და ბილირუბინის დონეების მატება), ფილტვების მწვავე შეშუპება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (II და III ხარისხის), ბრონქოსპაზმი, ერექციული დისფუნქცია, ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ჭინჭრის ციება, ალერგიული ვასკულიტი და იშვიათ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება), არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ქავილი, ფსორიაზი, რეინოს ფენომენი, პერიფერიული იშემია/ხანგამოშვებითი კოჭლობა, ძილიანობა, გონების დაკარგვა, თრომბოციტოპენია, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი და დარღვევები კანის მხრივ, ვერტიგო და ღებინება.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქციის განვითარების ან ისეთი ახალი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც ამ პუნქტში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
თერაპიის უეცარი შეწყვეტა
არ უნდა მოხდეს ნებივორლდით თერაპიის უეცარი შეწყვეტა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. არსებობს შეტყობინებები იმის შესახებ, რომ კორონარული არტერიების დაავადებების მქონე პაციენტებში β-ბლოკატორით თერაპიის უეცარი შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა სტენოკარდიის მძიმე გამწვავება, მიოკარდიუმის ინფარქტი და პარკუჭოვანი არითმიები. მიოკარდიუმის ინფარქტი და პარკუჭოვანი არითმიები შეიძლება განვითარდეს როგორც სტენოკარდიის წინა გამწვავების ფონზე, ისე მის გარეშე. სიფრთხილეა საჭირო ნებივორლდით თერაპიის დროებით ან სრული შეწყვეტისას პაციენტებში კორონარული არტერიების დაავადებების მკაფიოდ გამოხატული ნიშნების გარეშე. ისევე, როგორც სხვა β- ბლოკატორების შემთხვევაში, ნებივორლდით თერაპიის დაგეგმილი შეწყვეტის დროს, აუცილებელია პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგის ჩატარება და მათთვის რეკომენდაციის მიცემა, რომ შეამცირონ ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდე. თუ არის ამის შესაძლებლობა, ნებივოლოლის დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან 1-2 კვირის განმავლობაში. სტენოკარდიის სიმპტომების გამწვავების ან მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს სამკურნალო საშუალებით მკურნალობა, დროებით მაინც.
სტენოკარდია და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, ან პაციენტებში ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით.
ბრონქოსპასტიკური დაავადებები
როგორც წესი, β-ბლოკატორების გამოყენება არ უნდა მოხდეს ბრონქოსპასტიკური დაავადების მქონე პაციენტებში.
ანესთეზია და მასშტაბური ოპერაციული ჩარევა
რადგან მიოკარდიუმის ინფარქტის და გულმკერდში ტკივილის განვითარების რისკი იზრდება β-ბლოკატორების მიღების შეწყვეტისას, პაციენტებმა, რომლებიც უკვე მკურნალობდნენ β-ბლოკატორებით, როგორც წესი მკურნალობა უნდა განაგრძონ პერიოპერაციულ პერიოდში. პერიოპერაციულ პერიოდში ნებივორლდის გამოყენებისას, უნდა მოხდეს იმ პაციენტების მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი, რომლებმაც ოპერაციული ჩარევის დროს მიიღეს ანესთეზია მიოკარდიუმის ფუნქციის დამთგუნველი ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, როგორიც არის ეთერი, ციკლოპროპანი და ტრიქლორეთილენი. თუ მასშტაბურ ოპერაციულ ჩარევამდე ხდება β-ბლოკატორებით თერაპიის შეწყვეტა, გულის რეფლექსურ ადრენერგურ სტიმულაციაზე პასუხის დაქვეითებული უნარის გამო, შეიძლება გაიზარდოს ზოგად ანესთეზიასთან და ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებული რისკები.
β-ადრენორეცეპტორების ბლოკირებასთან დაკავშირებული ნებივორლდის ეფექტების მოხსნა შესაძლებელია β-აგონისტების გამოყენებით, მაგალითად დობუტამინის ან იზოპროტერენოლის. თუმცა, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეს მძიმე არტერიული ჰიპოტენზია დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში; გარდა ამისა, არსებობს შეტყობინებები შემთხვევების შესახებ, რომლებიც უკავშირდება დეფიბრილაციის ჩატარების და გულის რითმის შენარჩუნების გართულებას β-ბლოკატორების გამოყენების ფონზე.
შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოგლიკემია
β-ბლოკატორებს შეუძლია ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი ნიშნის შენიღბვა, კერძოდ ტაქიკარდიის. არასელექციურ β-ბლოკატორებს შეუძლია ინსულინის გამოყენებით განპირობებული ჰიპოგლიკემიის გაძლიერება და იმ დროის ინტერვალის გაზრდა, რომლის განმავლობაშიც სისხლის შრატში გლუკოზის დონე აღწევს ნორმალურ მნიშვნელობებს. არ არის ცნობილი აქვს თუ არა ნებივოლოლს მსგავსი მოქმედება. ზემოაღნიშნული ეფექტების განვითარების რისკის შესახებ უნდა მოხდეს სპონტანური ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილი და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ინფორმირება, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ თერაპიას ნებივორლდით და ინსულინით ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით.
თირეოტოქსიკოზი
β-ბლოკატორებს შეუძლია ჰიპერთირეოზის კლინიკური ნიშნების შენიღბვა, მაგალითად ტაქიკარდიის. β-ბლოკატორების მიღების უეცარი შეწყვეტის დროს შეიძლება გაძლიერდეს ჰიპერთირეოზის სიმპტომები ან განვითარდეს თირეოტოქსიკური კრიზი.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების მქონე პაციენტებში β-ბლოკატორების გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ან გაძლიერდეს არტერიული უკმარისობის სიმპტომები.
კალციუმის არხების ბლოკატორები (კაბ), რომლებიც არ მიეკუთვნება დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ჯგუფს
β-ბლოკატორების და კალციუმის არხების ბლოკატორების (მაგალითად, ვერაპამილი, დილთიაზემი) გამოხატული უარყოფითი ინოტროპული და ქრონოტროპული ეფექტების გამო, მათი ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტებში არტერიული წნევის და ელექტროკარდიოგრამის პარამეტრების მონიტორინგი.
კომბინირებული გამოყენება CYP2D6-ის ინჰიბიტორებთან
CYP2D6- ის ინჰიბირების დროს, იმატებს ნებივოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც შეიძლება აუცილებელი გახდეს სამკურნალო საშუალების დოზის შემცირება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ნებივოლოლის თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. ნებივორლდის გამოყენება დიალიზზე მყოფ პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ნებივოლოლის მეტაბოლიზმი მცირდება ღვიძლის საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში. ნებივორლდის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი
β-ბლოკატორებით თერაპიის ფონზე, პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები სხვადასხვა ალერგენებზე, შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ალერგენების მიმართ განმეორებით მათი შემთხევითი ზემოქმედებისას, ან დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მიზნით მათი გამოყენების დროს. ასეთ პაციენტებში ეპინეფრინის ჩვეულებრივი დოზებით თერაპია, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების კუპირებისათვის, შესაძლებელია იყოს არაეფექტური.
ფეოქრომოციტომა
დიაგნოზირებული ფეოქრომოციტომის ან მასზე ეჭვის მქონე პაციენტებში, რომელიმე β-ბლოკატორის გამოყენებამდე უნდა მოხდეს α-ბლოკატორის გამოყენება.
ბავშვები
ნებივორლდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა, ორგანიზმის განვითარებასთან მიმართებაში მისი ტოქსიკური მოქმედების და ფერტილობაზე პოტენციური ხანგრძლივი ნეგატიური ზემოქმედების შესახებ საკმარისი რაოდენობის მონაცემების არარსებობის გამო.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 2800 პაციენტიდან, რომლებსაც მკურნალობდნენ ნებივოლოლით, 478 პაციენტი იყო 65 წლის ან უფროსი ასაკის. ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ აღმოჩნდა არანაირი განსხვავება სამკურნალო საშუალების ეფექტურობასა და გვერდითი რეაქციების პროფილთან მიმართებაში.
პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე 70 წელს გადაცილებულ პაციენტებში, რომლებიც ნებივოლოლს იღებდნენ მაქსიმალური დოზით, 10 მგ დღე-ღამეში, საშუალოდ 20 თვის განმავლობაში (1067 პაციენტი), არ აღინიშნა გულის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (1061 პაციენტი). თუმცა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერების შემთხვევაში უნდა მოხდეს ნებივორლდის მიღების შეწყვეტის საკითხის განხილვა.
გულის უკმარისობა
პაციენეტები, რომლებსაც უტარდებათ ნებივორლდით თერაპია, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ აუცილებლად მიმართონ ექიმს სუნთქვის გაძნელების ან გულის უკმარისობის გამწვავების ისეთი ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიც არის სხეულის მასის მომატება, ქოშინის გაუარესება ან გამოხატული ბრადიკარდია.
დამხმარე ნივთიერებები
ნებივორლდი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღონ იმ იშვიათი მემკვიდრული დაავადებების მქონე პაციენტებმა, რომლებსაც ახასიათებს გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ნებივორლდი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვამდე ან ისეთი სხვა საქმიანობის შესრულებამდე, რომელიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას მოითხოვს, პაციენტმა უნდა გაარკვიოს მისი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები ორსულ ქალებში ნებივორლდის გამოყენების შესახებ არ არის საკმარისი პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ორსულობის არასასურველი გამოსავლის რისკის ხარისხის დასადგენად. ორსულობის დროს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის არასაკმარის კონტროლთან დაკავშირებული რისკები. ორსულობის მესამე ტრიმესტრში β-ბლოკატორების გამოყენებისას, ახალშობილში შეიძლება გაიზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, ჰიპოგლიკემიის და სუნთქვის დათრგუნვის განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ). ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, როდესაც ხდებოდა მათთვის გესტაციის პერიოდში (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) პერორალურად ნებივოლოლის შეყვანა დაახლოებით ადამიანის მაქსიმალური რეკომენდებული დოზის (ამრდ) ეკვივალენტური დოზებით, დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალება ზრდის ემბრიოფეტალური და პერინატალური სიკვდილობის მაჩვენებლებს.
განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მანკების და სპონტანური აბორტის საწყისი სავარაუდო რისკები ორსული ქალების პოპულაციაში, რომლებსაც უტარდებათ ნებივოლოლით თერაპია, არ არის ცნობილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლინიკურად დადასტურებული ორსულობის დროს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მანკების და სპონტანური აბორტის საწყისი სავარაუდო რისკები შეადგენს 2-4%-ს და 15-20%-ს შესაბამისად.
დაავადებასთან დაკავშირებული რისკი დედისთვის და/ან ემბრიონისთვის/ნაყოფისთვის
ორსულობის პერიოდში არტერიული ჰიპერტენზიისას, პრეეკლამფსიის, გესტაციური შაქრიანი დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობის და მშობიარობის გართულებების (მაგალითად, საკეისრო კვეთის აუცილებლობა და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა) განვითარების რისკები დედისთვის იზრდება. ორსულობის პერიოდში არტერიული ჰიპერტენზიისას, საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების და საშვილოსნოსშიდა სიკვდილის რისკები ნაყოფისთვის იზრდება. აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ორსული ქალების საგულდაგულო მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობა.
გვერდითი რეაქციები ნაყოფში/ახალშობილ ბავშვში
ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის მესამე ტრიმესტრში არტერიული ჰიპერტენზიის გამო მკურნალობდნენ β-ბლოკატორებით, შეიძლება გაიზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, ჰიპოგლიკემიის და სუნთქვის დათრგუნვის განვითარების რისკი. ასეთ სიტუაციებში, ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქციების გამოვლენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ახალშობილ ბავშვებზე საგულდაგულო დაკვირვება და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ლაქტაცია
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ნებივოლოლი ადამიანის დედის რძესთან ერთად; არ არსებობს მონაცემები ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე ან დედის რძის გამომუშავებაზე სამკურნალო საშუალების გავლენის შესახებ. ნებივოლოლი აღმოჩენილია დედის რძეში ვირთაგვებში. იმის გამო, რომ ლაქტაციის პერიოდში β-ბლოკატორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პოტენციურად მძიმე გვერდითი რეაქციები ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში, განსაკუთრებით ბრადიკარდია, ნებივორლდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
CYP2D6-ის ინჰიბიტორები
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ნებივორლდის ერთდროული გამოყენებისას CYP2D6-ის ინჰიბიტორებთან (ქინიდინი, პროპაფენონი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი და სხვ.).
ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებები
არ უნდა მოხდეს ნებივორლდის ერთდროული გამოყენება სხვა β-ბლოკატორებთან. პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში კატექოლამინების დონეს, როგორიც არის რეზერპინი ან გუანეტიდინი, აუცილებელია პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება, რადგან ნებივორლდის β-მაბლოკირებელმა მოქმედებამ შეიძლება განაპირობოს სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ნებივორლდით და კლონიდინით თერაპიას, კლონიდინის დოზის თანდათანობით შემცირებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა მოხდეს ნებივორლდის გამოყენების შეწყვეტა.
საგულე გლიკოზიდები
საგულე გლიკოზიდები და β-ბლოკატორები ამცირებენ ატრიოვენტრიკულურ გამტარობას და გულის შეკუმშვათა სიხშირეს. ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ბრადიკარდიის განვითარების რისკი.
კალციუმის არხების ბლოკატორები
ნებივორლდს შეუძლია გააძლიეროს იმ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც თრგუნავენ გულის აქტივობას ან ამცირებენ ატრიოვენტრიკულურ გამტარობას, როგორიც არის კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორი (კერძოდ, ფენილალკილამინის (ვერაპამილი) და ბენზოდიაზეპინის (დილთიაზემი) წარმოებულები) ან ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, დიზოპირამიდი).
დოზის გადაჭარბება
ნებივოლოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირებულია კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიც არის ბრადიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია; სხვა მნიშვნელოვან გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება: გულის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ჰიპოგლიკემია, დაღლილობა და ღებინება. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს β-ბლოკატორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიც არის ბრონქოსპაზმი და გულის ბლოკადა.
ნებივოლოლის ცნობილი ყველაზე დიდი დოზა, რომლის მიღებაც მოხდა შიგნით, არის 500 მგ (აცეტილსალიცილის მჟავას 100 მგ-იან რამდენიმე ტაბლეტთან ერთად, სუიციდის მცდელობის დროს). პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ჰიპერჰიდროზი, კანის საფარის სიფერმკრთალე, ცნობიერების დათრგუნვა, ჰიპოკინეზია, არტერიული ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალიემია, სუნთქვის დათრგუნვა და ღებინება. პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ნებივოლოლი მაღალი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ პრეპარატის კლირენსის ზრდა მოსალოდნელი არ არის ჰემოდიალიზის პროცედურის ჩატარების დროს.
ნებივორლდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია შემანარჩუნებელი და სპეციფიკური სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ნებივოლოლის მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური ეფექტების და სხვა β-ბლოკატორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების თანახმად, ასევე კლინიკური სიტუაციის შესაბამისად, უნდა ჩატარდეს ქვემოთ აღნიშნული შემდეგი თერაპია, მათ შორის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
ბრადიკარდია
ატროპინის ინტრავენური შეყვანა; მკურნალობაზე არასაკმარისი პასუხისას, შეიძლება იზოპროტერენოლის ან სხვა დადებითი ქრონოტროპული ეფექტის მქონე სამკურნალო საშუალების სიფრთხილით გამოყენება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს ტრანსთორაკალური ან ტრანსვენური ელექტროკარდიოსტიმულაციის ჩატარება.
არტერიული ჰიპოტენზია
სითხეების და ვაზოპრესორული სამკურნალო საშუალებების ინტრავენური შეყვანა; შეიძლება გამართლებული იყოს გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა.
გულის ბლოკადა (II-III ხარისხი)
მონიტორინგი და იზოპროტერენოლის ინფუზიით შეყვანა; ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს ტრანსთორაკალური ან ტრანსვენური ელექტროკარდიოსტიმულაციის ჩატარება.
გულის შეგუბებითი უკმარისობა
საწყის ეტაპზე საგულე გლიკოზიდების და შარდმდენების შეყვანა; ზოგიერთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ინოტროპული და სისხლძარღვების გამაფართოებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენების საკითხის განხილვა.
ბრონქოსპაზმი
ბრონქოდილატაციური სამკურნალო საშუალებების გამოყენება, როგორიც არის ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β2-აგონისტები და/ან ამინოფილინი.
ჰიპოგლიკემია
გლუკოზას ინტავენური შეყვანა; შეიძლება აუცილებელი გახდეს გლუკოზას მრავალჯერადი ინტრავენური შეყვანა ან გლუკაგონის გამოყენება.
შემანარჩუნებელი თერაპია უნდა ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებამდე. დაბალი დოზებით მიღებისას ნებივოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-19 საათს.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები.
14 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
ინახება არაუმეტეს 25 oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
,,ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.’’-ს მიერ, თუქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. №50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).










