მირტაზონი 15მგ/მლ 66მლ ხსნ.დოზ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მირტაზონი
1. რა არის მირტაზონი და რისთვის გამოიყენება:
მირტაზონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მირტაზაპინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს.
მირტაზაპინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ზრდის ნორადრენერგულ და სეროტონინერგულ ნეიროტრანსმისიას (ნერვული იმპულსის გატარებას). მირტაზაპინი წარმოადგენს პოსტსინაპსური 5Hთ2 და 5Hთ3 სეროტონინერგული და ცენტრალური α2-ადრენერგული (ნორადრენერგული) რეცეპტორების მძლავრ ანტაგონისტს. მირტაზონი გამოიყენება დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ. ის ასევე ეფექტურია შემდეგი მდგომარეობების დროს და შესაძლოა მისი დანიშვნა აღნიშნული პათოლოგიების სამკურნალოდ:
• გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და სოციალური შფოთვითი აშლილობა
• ობსესიურ-კომპულსური აშლილობა
• პანიკური აშლილობა
• პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა
• მადის დაქვეითება / მცირე წონა
• უძილობა
• გულისრევა/ღებინება
• ქავილი
• თავის ტკივილი და შაკიკი
მირტაზონის შეფუთვაში მოთავსებულია ყავისფერი შუშის ბოთლი, რომელიც შეიცავს 66 მლ მირტაზაპინის ორალურ ხსნარს (15მგ/მლ) და დოზირების ტუმბოს.
მირტაზონის ბოთლს აქვს ბავშვის მიერ უნებლიე გახსნისაგან დაცული, ხრახნიანი თავსახური. თავსახურის ლუქი (პლომბი) იხსნება თავსახურის საათის ისრის უკუმიმართულებით მოტრიალების შემთხვევაში. დოზირების ტუმბო მოთავსებულია დალუქულ პლასტიკურ შეფუთვაში.
2. რა უნდა იცოდეთ მირტაზონის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ მირტაზონი შემდეგი მდგომარეობების დროს:
• თუ ხართ ალერგიული მირტაზონის ან მირტაზონის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. მირტაზონის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
• თუ იყენებთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო) ან თუ გაქვთ გამოყენებული ახლო წარსულში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში).
მირტაზონის გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე შემდეგი მდგომარეობების დროს:
ანტიდეპრესანტებმა ბავშვებსა და 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს სუიციდური აზრების და ქცევის მომატება. ამიტომ საჭიროა პაციენტის ოჯახის წევრების ან ექიმის მხრიდან პაციენტის მოულოდნელი ქცევითი ცვლილებებისადმი - მოუსვენრობა, ჰიპერაქტიურობა, სუიციდის მცდელობა - ყურადღებით დაკვირვება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის პირველ თვეს, ასევე დოზის მატება/შემცირების და წამლის მიღების შეწყვეტის პერიოდში.
მირტაზონი გამოიყენება დიდი დეპრესიული აშლილობისა და სხვა ნოზოლოგიების სამკურნალოდ 18 წლის ზევით პაციენტებში. |
თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის საჭიროა მირტაზონის მიღება, მას შეუძლია ამ პრეპარატის გამოწერა. გრძელვადიანი მკურნალობის უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოიპოვება.
სუიციდური აზრები და დეპრესიის სიმპტომების გაუარესება
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია, ზოგჯერ შესაძლოა გქონდეთ სუიციდის მცდელობის ან თვით-დაზიანების აზრები. რადგან ანტიდეპრესანტის ეფექტის გამოვლენისთვის ორი კვირა და ზოგჯერ მატიც არის საჭირო, ამიტომ ასეთი ფიქრების მატება აღინიშნება ანტიდეპრესანტით მკურნალობის დაწყების ადრეულ ეტაპზე.
აღნიშნული აზრების გაძლიერება შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა გარემოებებმა:
• თუ მანამდეც აღგენიშნებოდათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები.
• თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, სუიციდის რისკი მატულობს ფსიქიატრიული აშლილობების მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
• თუ აღგენიშნებათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან წახვიდეთ საავადმყოფოში.
ასევე გამოიჩინეთ სიფრთხილე მირტაზონის გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების დროს:
• გულყრები (ეპილეფსია): თუ გაგივითარდათ ან გაგიხშირდათ გულყრები, შეწყვიტეთ მირტაზონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
• ღვიძლის დაავადებები: თუ გაგივითარდათ სიყვითლე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
• თირკმლის დაავადებები.
• კარდიული დაავადებები ან არტერიული წნევის დაქვეითება.
• შიზოფრენია: თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორიც არის პარანოიდული იდეები (ყველაფერზე გადამეტებული ეჭვები გარკვეული და სარწმუნო მტკიცებულების გარეშე) გახშირდა ან უფრო დამძიმდა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
• მანიაკალური დეპრესია (ენთუზიაზმის/მოზღვავებული აქტივობისა და დეპრესიული პერიოდების მონაცვლეობა): თუ თქვენ გრძნობთ მომატებულ ენთუზიაზმსა და აგზნებადობას, შეწყვიტეთ მირტაზონის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
• დიაბეტი: თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ინსულინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა წამლების დოზის კორეგირება.
• შარდვის გაძნელება: ვლინდება პროსტატის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში.
• კარდიული დაავადებების გარკვეული ტიპები, რომლებსაც შეუძლიათ გულის რითმის დარღვევა: ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა ან გარკვეული პრეპარატების გამოყენება, რომლებსაც შეუძლია გულის რითმზე ნეგატიური გავლენის მოხდენა.
• თუ თქვენ გაქვთ ინფექციის სიმპტომები, მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი და პირ-ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანება (წყლულები), შეწყვიტეთ მირტაზონის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს სისხლის ანალიზების სასწრაფოდ ჩასატარებლად. ზოგჯერ ეს სიმპტომების მიუთითებს ზოგიერთ პაციენტში ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევაზე. ძალიან იშვიათად ეს სიმპტომები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ.
• მირტაზონის დამოუკიდებლად ან სხვა ე.წ. სეროტონინერგულ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას ძალიან იშვიათად დაფიქსირდა სეროტონინული სინდრომის განვიათარება. ამ სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: რეფრაქტერული ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა (უკონტროლო), კუნთების შეკუმშვა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაბინდვა.
• მირტაზონის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე წამლის მიღების უეცრად შეწყვეტამ შესაძლოა მოხსნის სინდრომი გამოიწვიოს, რომლის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავბრუხვევა, აჟიტაცია, შფოთვა, თავის ტკივილი და გულისრევა. თქვენი ექიმი მკურნალობას შეგიწყვეტთ პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირების გზით.
თუ მსგავსი მოვლენები მკურნალობის პროცესში აღგენიშნებათ ან წარსულში აღგენიშნებოდათ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
მირტაზონის გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად:
ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული მირტაზონთან ერთად.
მირტაზონის გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა:
მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, გაიაროთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ იყენებთ მირტაზონს და გადაწყვიტეთ დაორსულება, ჰკითხეთ თქვენს ექიმს მედიკამენტის მიღების გაგრძელების თაობაზე.
ორსულობის კატეგორია: C
თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია:
მირტაზაპინი გამოიყოფა მეძუძური დედის რძეში, თუმცა ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილე მეძუძურ დედებში მირტაზაპინის დანიშვნისას პოტენციური რისკისა და სარგებლის შეფასების კუთხით.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:
მირტაზონმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს კონცენტრაციაზე ან ყურადღებაზე. პაციენტები უნდა მოერიდონ პოტენციურად საფრთხის შემცველი მოქმედებების შესრულებას, რომელიც მოითხოს ყურადღების მნიშვნელოვან კონცენტრაციას, როგორიც არის ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. თუ მკურნალმა ექიმმა მირტაზონი გამოუწერა 18 წლამდე ასაკის პაციენტს,
ავტოსაგზაო ტრანსპორტის (მაგ.: ველოსიპედი) მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დარწმუნებულია, რომ მირტაზონი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას მის ყურადღებაზე და კონცენტრაციაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მირტაზონის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
მირტაზონი შეიცავს თხევად მალტიტოლს. თუ თქვენ გაფრთხილებული იყავით თქვენი ექიმის მიერ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე, გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ ყოველ 15 მლ-ში); ნატრიუმის შემცველობის გამო გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:
ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს (ან აპირებთ მათ მიღებას).
არ გამოიყენოთ მირტაზონი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
• მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები); მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში არ გამოიყენოთ მირტაზონი. მირტაზონით მკურნალობის შეწყვეტიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ გამოიყენოთ მაო-ს ინჰიბიტორები. მაო-ს ინჰიბიტორებია: მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე ანტიდეპრესანტია) და სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ).
სიფრთხილით გამოიყენეთ მირტაზონი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
• ანტიდეპრესანტები - სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (შშღI), ვენლაფაქსინი
• ტრიპტანები (შაკიკის სამკურნალო საშუალებები)
• ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი)
• ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)
• ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული აშლილობების დროს)
• მეთილენის ლურჯი (გამოიყენება სისხლში მეთჰემოგლობინის მაღალი დონის სამკურნალოდ)
• მცენარე კრაზანას ნაყენი (ჰყპერიცუმ პერფორატუმ) ან მისი ექსტრაქტის შემცველი მედიკამენტები (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება)
ო ძალიან იშვიათად, მირტაზონთან ერთად ამ პრეპარატების გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი. ამ სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: რეფრაქტერული ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა (უკონტროლო), კუნთოვანი კრამპები, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაბინდვა. თუ თქვენ აგეღნიშნებათ ამ სიმპტომთაგან რამდენიმე მაინც, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• მირტაზონის გამოყენებისას შფოთვის და უძილობის სამკურნალო მედიკამენტებთან, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები, შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატთან, როგორიც არის ოლანზაპინი, ალერგიის სამკურნალო პრეპარატთან, როგორიც არის ცეტირიზინი, ძლიერ ანალგეტიკთან, როგორიც არის მორფინი, შესაძლოა გამოიწვიოს სედაციის (ძილიანობის) გაზრდა.
• ანტიბიოტიკებთან (ერითრომიცინი) ანტიფუნგურ პრეპარატებთან (კეტოკონაზოლი), აივ/შიდსის და კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატებთან (ციმეტიდინი) ერთობლივი გამოყენებისას შესაძლოა სისხლში მოიმატოს მირტაზონის დონემ. თუ აღნიშნულ პრეპარატებს მირტაზონთან ერთად იყენებთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ მირტაზონის დოზის შემცირება მისი ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, ხოლო ერთობლივი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა კვლავ მოგიწიოთ მირტაზონის დოზის გაზრდა.
• ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებების (კარბამაზეპინი და ფენიტოინი) და ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატის (რიფამპიცინი) მირტაზონთან ერთად გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს სისხლში მირტაზონის დონის შემცირება. თუ აღნიშნულ პრეპარატებს იყენებთ მირტაზონთან ერთად, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა მირტაზონის დოზის გაზრდა დაგჭირდეთ ამ პრეპარატებთან ერთად მირტაზონის გამოყენებისას, ხოლო ერთობლივი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა კვლავ მოგიწიოთ მირტაზონის დოზის შემცირება.
• ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი: მირტაზონმა შესაძლოა ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაზრდა გამოიწვიოს; აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ამ პრეპარატებს. როდესაც ვარფარინი და მირტაზონი გამოიყენება ერთდროულად, საჭიროა თქვენმა ექიმმა აწარმოოს სისხლის შედედების ანალიზების მონიტორინგი.
• პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გულის რითმზე გავლენის მოხდენა (მაგ.: გარკვეული ანტიბიოტიკები და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება).
თუ თქვენ იყენებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, ან ისინი გამოყენებული გაქვთ უახლოეს წარსულში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება მირტაზონი
რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად.
ჩვეულებრივ, მკურნალობის საწყისი დოზაა 15 მგ. შესაძლოა თქვენმა ექიმმა გირჩიოთ წამლის დოზის გაზრდა რამდენიმე დღეში თქვენთვის ეფექტური დოზის განსაზღვრის მიზნით. მირტაზონის დღიური დოზა მერყეობს 15-45 მგ ფარგლებში.
ჩვეულებრივ, მირტაზონი თავისი ეფექტის გამოვლენას მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში ახდენს. თქვენ თავი უკეთ უნდა იგრძნოთ მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. აცნობეთ ექიმს მირტაზონის ეფექტის შესახებ მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში. თუ თქვენ თავს უკეთ არ გრძნობთ, ექიმმა შესაძლოა პრეპარატის უფრო მაღალი დოზა გამოგიწეროთ; ახალი დოზის მიღების დაწყებიდან, კვლავ აცნობეთ ექიმს პრეპარატის ეფექტურობის შესახებ 2-4 კვირის განმავლობაში.
ზოგადად, მირტაზონის გამოყენება დაგჭირდებათ 4-6 თვის მანძილზე, დეპრესიის სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
მიღების გზა და მეთოდი:
ყოველდღიურად მიიღეთ მირტაზონი ერთსა და იმავე დროს. მიზანშეწონილია მირტაზონის ერთჯერადად მიღება ძილის წინ. თუ თქვენი ექიმი მირტაზონის დოზის გაყოფას ჩათვლის საჭიროდ – ნაწილი დილით და ნაწილი საღამოს, ძილის წინ; უდიდესი დოზა უნდა მიიღოთ საღამოს, ძილის წინ.
ორალური ხსნარი გამოიყენეთ ორალური მიღების გზით. თქვენთვის გამოწერილი წამლის დოზა შეურიეთ ერთ ჭიქა წყალს. მირტაზონს მოჰყვება სპეციალური დოზირების ტუმბო წამლის ზუსტი დოზირებისთვის.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
პედიატრიაში გამოყენება:
ზოგადად, მირტაზონის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის საჭიროა მირტაზონის მიღება, მას შეუძლია ამ პრეპარატის გამოწერა. გრძელვადიანი მკურნალობის უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოიპოვება.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
რეკომენდებული დოზა მოზრდილთა დოზის იდენტურია. დოზის მატება ხანდაზმულ პაციენტებში უნდა მოხდეს სპეციალური დაკვირვების ქვეშ, რათა მივიღოთ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო პასუხი.
სპეციალური მდგომარეობები:
მირტაზონის კლირენსი (ორგანიზმიდან ელიმინაცია) შესაძლოა შემცირდეს თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მირტაზონის გამოყენებისთვის მომზადების წესი: წამლის გამოყენებამდე დოზირების ტუმბო მოათავსეთ ბოთლში.
1. ხრახნიანი თავსახურის მოხსნა ბოთლიდან.
დააწექით თავსახურს და მოხსენით ლუქი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოტრიალების შედეგად. ეს პროცესი წარმოდგენილია ბოთლის თავსახურზე სიმბოლური ინსტრუქციის სახით.
2. დოზირების ტუმბოს ბოთლში მოთავსება.
ამოიღეთ ტუმბო თავისი შეფუთვიდან. მოათავსეთ პლასტიკური მილი ბოთლში და მოათავსეთ ტუმბო ბოთლზე. დააჭირეთ ტუმბო ბოთლს და დაატრიალეთ მანამდე, სანამ ის მჭიდროდ არ მოერგება ბოთლს. დარწმუნდით, რომ ტუმბო ზუსტად მოერგო ბოთლს.
3. ტუმბოს თავსახურის გახსნა (გაღება)
ტუმბოს თავსახურს აქვს ორი პოზიცია – დაკეტილი და ღია. როდესაც ტუმბოს თავსახური დაკეტილ მდგომარეობაშია, მისგან სითხე არ გადმოვა. ტუმბოს თავსახურის გაღებისთვის, დააწექით მას და მოატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, სადამდეც შესაძლებელია (მეოთხედი ბრუნი).
4. დოზირების ტუმბოს კალიბრაცია
როდესაც ტუმბო პირველად ერგება ბოთლს, აუცილებელია ტუმბოს კალიბრაცია, რომ შემდგომში წამლის ზუსტი დოზები მივიღოთ.
• მოათავსეთ ბოთლი ბრტყელ ზედაპირზე.
• მოათავსეთ ჭიქა ან ფინჯანი ტუმბოს თავსახურის ქვეშ (იხილეთ სურათი).
• დააწექით ტუმბოს თავსახურს ბოლომდე სამჯერ.
• გადაღვარეთ სითხე, რომელიც ტუმბოდან გადმოვიდა.
დოზირების ტუმბო უკვე მზად არის გამოყენებისთვის.
მირტაზონის დოზის განსაზღვრა:
დოზირების ტუმბო გამოიყენება მირტაზონის ზუსტი დოზის განსასაზღვრად
1. მოათავსეთ ბოთლი ბრტყელ ზედაპირზე.
2. ჭიქაში ან ფინჯანში ჩაასხით გარკვეული რაოდენობის წყალი და მოათავსეთ ტუმბოს თავსახურის ქვეშ.
3. თავსახურზე ყოველი დაჭერის დროს, ტუმბოდან 15 მგ. მირტაზონი გადმოდის.
წამლის მისაღებად დააწექით ტუმბოს ბოლომდე. დააწექით სტაბილური და თანაბარი ( და არა ძალიან ნელი).მოძრაობით.
4. თქვენ შესაძლოა ტუმბოს თავსახურზე ერთზე მეტჯერ მოგიხდეთ დაჭერა, თუ თქვენმა ექიმმა 15მგ-ზე მეტი დოზა გამოგიწერათ. (იხ. სურათი)
5. მთელი სითხე დალიეთ ერთ მიღებაზე.
დოზირება
15მგ - დააწექქით ერთხელ
30მგ - დააწექით ორჯერ
45მგ - დააწექით სამჯერ
თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ მირტაზონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ მირტაზონი თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი: თუ თქვენ მიიღეთ მირტაზონის დასაშვებ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
მირტაზონის დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია (სხვა პრეპარატების ან ალკოჰოლის მიღების გარეშე) თავბრუხვევა, დეზორიენტაცია (დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვა), გულისცემის გახშირება ან/და არითმია.
თუ დაგავიწყდათ მირტაზონის მიღება:
არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ თქვენ იყენებთ მედიკამენტს დღეში ერთხელ
• თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, გამოტოვეთ და გააგრძელეთ მიღება მომდევნო დღიდან ჩვეულ დროს.
თუ თქვენ იყენებთ მედიკამენტს დღეში ორჯერ
• თუ გამოგრჩათ დილის დოზის მიღება, მიიღეთ ის საღამოს დოზასთან ერთად.
• თუ გამოგრჩათ საღამოს დოზის მიღება; არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა დილის დოზასთან ერთად, გამოტოვეთ და გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დღიდან ჩვეულ რეჟიმში - დილის და საღამოს დოზების მიღებით.
• თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის მიღება, ნუ შეეცდებით გამოტოვებული დოზების ბალანსირებას. გამოტოვეთ დოზები და გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დღიდან ჩვეულ რეჟიმში - დილის და საღამოს დოზების მიღებით.
მირტაზონით მკურნალობის შეწყვეტის მოსალოდნელი ეფექტები:
→ მკურნალობა შეწყვიტეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ მკურნალობას შეწყვეტავთ დროზე ადრე, შესაძლოა დეპრესიის სიმპტომები გაგიმეორდეთ. თუ თავს კარგად გრძნობთ, პირველ რიგში დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეწყვიტოთ მკურნალობა.
არ შეწყვიტოთ მირტაზონის გამოყენება უეცრად, მიუხედავად დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესებისა; თუ თქვენ უეცრად შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა იგრძნოთ დაღლილობა, თავბრუხვევა, ნევროზულობა ან შფოთვა და თავის ტკივილი. ეს სიმპტომები არ გამოგივლინდებათ მკურნალობის თანდათანობითი და საფეხურებრივი შეწყვეტის შემთხვევაში. თქვენი ექიმი გეტყვით თუ როგორ უნდა შეამციროთ საფეხურებრივად წამლის დოზირება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა არის მირტაზონის შესაძლო გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი წამლის მსგავსად, მირტაზონის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლოა წამლისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან სულ მცირე ერთ პაციენტში):
• მადის გაძლიერება და წონაში მატება
• მოთენთილობა და ძილიანობა
• თავის ტკივილი
• პირის სიმშრალე
ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):
• გამოფიტვა
• თავბრუხვევა
• ტრემორ ან უნებლიე კანკალი
• გულისრევა
• დიარეა
• ღებინება
• ყაბზობა
• ურტიკარია ან გამონაყარი კანზე (ეგზანთემა)
• სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია)
• გაბრუება ან გონების დაკარგვა უეცარი წამოდგომისას (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია)
• შეშუპება სითხის შეკავების გამო (ძირითადად ტერფის და კოჭის არეში)
• დაღლილობა
• მკაფიოდ გამოხატული სიზმრები
• დეზორიენტაცია
• ნევროზულობა
• ძილის პრობლემები
არახშირი (გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):
• მომატებული ენთუზიაზმისა და აგზნებადობის შეგრძნება (მანია)
• არანორმალური შეგრძნებები კანზე: წვა, ნემსის ჩხვლეტა, ღიტინი (პარესთეზია)
• მოუსვენარი ფეხების სინდრომი
• სინკოპე
• პირის ღრუს დაბუჟება (ორალური ჰიპოესთეზია)
• დაბალი არტერიული წნევა
• ღამის კოშმარები
• მოუსვენრობის შეგრძნება
• ჰალუცინაციები
• მოძრაობის სურვილი
იშვიათი (გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
• თვალებისა და კანის გაყვითლება; ეს შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს (სიყვითლე)
• კუნთების სპაზმი და შეკუმშვები (მიოკლონუსი)
• აგრესია
• ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
• მუცლის ტკივილი ან გულისრევა; ეს შესაძლოა მიუთითებდეს პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი).
ძალზე იშვიათი (გამოვლინდა 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
• იშვიათ შემთხვევებში მირტაზონმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევები (ძვლის ტვინის სუპრესია).
• ეპილეფსიის შეტევები (გულყრა, ტრავმები)
• რეფრაქტერული ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა (უკონტროლო), კუნთების შეკუმშვა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება, გონების დაბინდვა და გაძლიერებილი ნერწყვდენა; ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს სეროტონინული სინდრომის სიმპტომები.
• ფიქრები სუიციდის ან თვითდაზიანების შესახებ
• მძიმე რეაქციები კანის მხრივ (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
• არანორმალური შეგრძნებები პირის ღრუში (ორალური პარესთეზია)
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება (პირ-ხახის შეშუპება)
• შეშუპებები სხეულზე (გენერალიზებული შეშუპება)
• ლოკალური შეშუპებები
• სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია)
• არტერიული წნევის მარეგულირებელი ჰორმონების შემცირება
• ძილში სიარული
• მეტყველების დარღვევა (დიზართრია)
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში - ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში: წონაში აშკარა მატება, ურტიკარია და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატება.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება მირტაზონი
შეინახეთ მირტაზონი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატი ინახება ოთახის, 25°C -ზე დაბალ, ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 36 თვე
პრეპარატი გამოიყენეთ მითითებული ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ მირტაზონი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ მირტაზონი, თუ შენიშნავთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე ან შეფუთვაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი II – გაიცემა ექიმის დანიშნულებით.