დიოქსაფლექსი B12 3მლ #6ა
გააზიარე:
დიოქსაფლექსი B12
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონი, ნატრიუმის დიკლოფენაკი და ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12).
თითო ამპულა შეიცავს: ბეტამეთაზონს (ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის საზით) - 2 მგ; ნატრიუმის დიკლოფენაკს - 75 მგ; ჰიდროქსოკობალამინს (ჰიდროქსოკობალამინის სულფატის სახით) - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბისულფიტი/მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი 3 მლ-მდე.
გამოყენება
დიოქსაფლექსი B12 წარმოადგენს დიკლოფენაკის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასაპ) ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით), ბეტამეთაზონის (გლუკოკორტიკოსტეროდი ანთების საწინააღმდეგო აქტივობით) და ჰიდროქსოკობალამინის ((ვიტამინი B12) ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილე კოფერმენტი, რომელსაც გააჩნია ანტინევრიტული მოქმედება და რომელიც ხელს უწყობს დიკლოფენაკის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამოვლენას) კომბინაციას.
დიოქსაფლექსი B12 გამოიყენება ძლიერი ანთებითი და მტკივნეული, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით მიმდინარე პროცესების სამკურნალოდ, კერძოდ:
– სახსრებისა და არასახსროვანი რევმატული დაავადებები;
– ფიბრომიალგია;
– მიალგია (კუნთოვანი ტკივილი), ზურგის ტკივილი, იშიაზი (ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, მენჯ-ბარძაყის არეში), ცერვიკალგია ან ცერვიკობრაქიალგია (კისრის ტკივილი ან კისრისა და მკლავის არეში ტკივილი);
– პოლირადიკულონეიროპათია (ნევრალგია, რადიკულარული ტკივილი. აღნიშნული ტკივილი წარმოიქმნება ანთების ან ნერვის დაზიანების გამო);
– ტრავმასთან დაკავშირებული ტკივილი;
– ტკივილი მყესების დაჭიმვის დროს.
უკუჩვენება
მნიშვნელოვანია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება დროის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში. პრეპარატი არ გამოიყენება უფრო მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე საჭიროა ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ.
დიოქსაფლექს B12 არ გამოიყენება შემდეგის დაავადებებისა და მდგომარეობების შემთხვევაში:
– ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის, ბეტამეთაზონის, ჰიდროქსოკობალამინის (ვიტამინი B12), კობალტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
– ალერგია ან წარსულში ალერგიული რეაქციების არსებობა ასპირინზე ან სხვა მსგავსი ტიპის ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელი) ან ანთების საწინააღმდეგო მოქმდების პრეპარატებზე. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით, მწვავე რინიტით (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) ან ტუჩების და თვალების არეში შეშუპებით. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ალერგიული.
– კუჭის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წარსულში დაფიქსირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული შემთხვევა;
– კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი აქტიურ ფაზაში;
– თირკმლის ან/და ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
– სისხლის შედედების დარღვევა ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებებით) მკურნალობა;
– აქტიური ან ანამნეზში გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება (მაგალითად - სტენოკარდია, გულის შეტევა, გულის სისხლძარღვების დახშობა), სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (პარიფერიული არტერიების დაავადება), ცერებრო-ვასკულარული დაავადება (ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა) ან/და გადატანილი ან გულის სისხლძარღვების შუნტირებას დაქვემდებარებული;
– ორსულობა (განსაკუთრებით, ორსულობის მესამე ტრიმესტრი);
– ლაქტაცია (იხ. პუნქტი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).
– სისტემური ინფექცია (ბაქტერიული, ვირუსული, სისტემური მიკოზური, აქტიური ტუბერკულოზი) შესაბამისი მკურნალობის გარეშე.
გაფრთხილება
აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების შემთხვევაში:
– აქტიური ან წარსულში საყლაპავი მილის, კუჭის ან ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან/და პერფორაცია, რაც გამოიხატებოდა მუცლის არეში მწვავე ან მდგრადი ტკივილით ან/და განავლის შავი შეფერვით ან შესაძლოა იყო მსგავსი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. გართულებების გამოვლენის რისკი მეტად მაღალია ასაკოვან ან დასუსტებულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის დაწყება მინიმალური ეფექტური დოზით კუჭის დამცავ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში;
– აქტიური ან წარსულში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მაგალითად, როგორიცაა გულის უკმარისობა, არითმია, სტენოკარდია, ინსულტი) ან შესაბამისი რისკ-ფაქტორების (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, სისხლის მომარაგების დარღვევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება) არსებობა. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან დოკლოფენაკის შემცველი პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია გულის შეტევის (ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მომარაგების დარღვევის (ინსულტი) განვითარებასთან, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან მკურნალობის გახანგრძლივება. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით ან/და მაღალი არტერიული წნევით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა ტკივილი გულმკრედის არეში, სუნთქვის გაძნელება, საუბრის ან მოძრაობის გაძნელება;
– თირკმლის უკმარისობა;
– ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება/პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადებები;
– ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით (ასპირინის ჩათვლით), ორალური ანტიკოაგულანტებით ან ანტიაგრეგანტული საშუალებებით, სხვა პრეპარატებით მკურნალობა, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები ან ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები);
– ღვიძლის უკმარისობა, სისხლდენა ან სისხლის დაავადებები ღვიძლის პორფირიის ჩათვლით (მეტაბოლური დაავადება, ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათის);
– აქტიური ან წარსულში გადატანილი ტუბერკულოზი;
– დიაბეტი;
– ოსტეოპოროზი;
– ჰიპოთირეოიდიზმი;
– მიასთენია გრავისი;
– მაღალი არტერიული წნევა;
– არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, დივერტიკულიტი ან გადატანილი ნაწლავის რეზექცია;
– აქტიური ან წარსულში არსებული მწვავე ფსიქოზური დაავადებები (როგორც პაციენტს, ასევე ახლო ნათესავებს) როგორიცაა დეპრესია, მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა ან ფსიქოზი;
– თვალის ანთებითი დაავადება (თვალის მარტივი ჰერპესი) ან გლაუკომა;
– პოდაგრა (სახსრებში შარდმჟავას კრისტალების დაგროვებით გამოწვეული დაავადება, სახსრების ტკივილით და ანთებით მიმდინარე);
– ერითრემია (ძვლის ტვინის დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში ერითროციტების ჭარბი რაოდენობით);
– ლებერის დაავადება (მხედველობის ნერვის ატროფია).
ზემოთ აღნიშნული რომელიმე მდგომარეობის შემთხვევაში აუცილებელია, დიოქსაფლექსი B12-ით მკურნალობის დაწყებამდე აცნობოთ ექიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.
ზოგი პრეპარატი ურთიერთქმედებს დიოქსაფლექს B12-თან. ასეთ შემთხვევებში ექიმი გადაწყვეტს, თუ საჭიროა პრეპარატის დოზის შეცვლა ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
დიოქსაფლექს B12-ის მიღებამდე მნიშვნელოვანია შეატყობინოთ ექიმს, თუ იღებთ ან ახლახანს მიგიღიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი:
– დიკლოფენაკის ჯგუფის სხვა პრეპარატები, მაგალითად, ასპირინი, იბუპროფენი ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებები;
– კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა მეთილპრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი, რაც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების, სიმსივნეების ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს;
– ორალური ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებები (გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის). ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის შედედების უნარის კონტროლი დიოქსაფლექს B12-ით მკურნალობის დაწყებისას ან დასრულებისას;
– სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალო საშუალებები);
– ლითიუმის პრეპარატები (ბიპოლარული დარღვევის ან სხვა მენტალური დარღვევების სამკურნალო საშუალებები);
– გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი, დიგოქსინი ან ვერაპამილი; ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში დიგოქსინის დონის კონტროლი;
– მეთოტრექსატი (რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო პრეპარატი);
– ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის, აზათიოპრინის, ციკლოფოსფამიდის, მერკაპტოპურინის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის დროს), 5-ფტორურაცილი (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);
– შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები); ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი;
– შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები);
– ანტიკონვულსანტები, როგორიცაა ფენობარბიტალი ან ფენიტოინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ). ფენიტოინით მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში ფენიტოინის დონის კონტროლი;
– მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები. ჰიდრალაზინი ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფაქტორის (აგფ) ინჰიბიტორები;
– ტრიმეტოპრიმის შემცველი ანტიბაქტერიული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშარდე სისტემის ინფექციების ან სხვა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის);
– ქლორამფენიკოლი, ქინოლონები, ცეფტრიაქსონი, ნეომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები), ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება), იზონიაზიდი, პარაამინოსალიცილის მჟავა, ამინოსალიცილატები (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები) ან პენიცილამინი;
– მიზოპროსტოლის შემცველი პრეპარატები (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები);
– ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის);
– პენტაზოცინი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება);
– ორალური კონტრაცეპტივები;
– ანტიქოლისტერაზული საშუალებები, როგორიცაა რივასტიგმინი, გალანტამინი, დონეპეზილი, ნეოსტიგმინი.
დიოქსაფლექს B12-ის ურთიერთქმედება საკვებთან ან ალკოჰოლთან
დიოქსაფლექს B12-ით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს პრეპარატის ტოქსიკურობა.
ხანდაზმული პაციენტები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (ასაპ) გამოწვეული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების ალბათობა ხანდაზმულ პაციენტებში მეტია, ვიდრე ზრდასრულებში. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას. დიოქსაფლექს B12-ის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე. მკურნალობა რეკომენდებულია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზით.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ფერტილობა
დიკლოფენაკის მსგავსი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გაართულოს დაორსულების პროცესი, ამიტომ, თუ გეგმავთ ორსულობას, დიოქსაფლექს B12-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფერტილობის პრობლემების არსებობისას საჭიროა განხილულ იქნას პრეპარატით მკურნალობის პროცესის შეწყვეტა.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ასევე, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ვინაიდან პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებთან/ორსულობის შეწყვეტასთან, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია, თუ დედისათვის პრეპარატისაგან მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად არ აჭარბებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.
დიოქსაფლექს B12-ის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ძუძუთი კვების პერიოდი
არ მიიღოთ დიოქსაფლექს B12, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პრეპარატის მიღება მეძუძურისთვის აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
დიოქსაფლექს B12-ის გამოყენებისას ზოგ პაციენტში მოსალოდნელია ძილიანობა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა. აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.
დიოქსაფლექსი B12-ის გამოყენების წესი
დიოქსაფლექს B12 მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
საშუალო რეკომენდებული დოზები
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1-2 ფლაკონი დღეში, კუნთში ღრმა ინექციის სახით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ინექციები კეთდება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა შემდგომში გაგრძელდეს პერორალურად.
გამოყენება ბავშვებში
დიოქსაფლექსი B12 არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი
ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:
– ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;
– შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;
– შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად;
– ინექცია შეიყვანეთ ნელა;
– ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.
დოზის გადაჭარბება
იმ შემთხვევაში, თუ დიოქსაფლექსი B12 მიიღეთ ჭარბი რაოდენობით, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
დოზის გამოტოვება
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დიოქსაფლექსი B12-ის მიღება, გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით დღის განმავლობაში დოზის გაორმაგება დაუშვებელია.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში დიოქსაფლექს B12-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.
თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართედ ექიმს:
– სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ტუჩების, ენის, ხორხის ან ზოგადად სხეულის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება ან გონების დაბინდვა. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან);
– გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის დაზიანება (ბუშტუკების წარმოქმნა, აქერცვლა, სისხლდენა) პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, თვალის არეში, სასქესო ორგანოებზე. შეწყვიტეთ დიოქსაფლექსს B12-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 10000-დან);
– კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, კანის ქავილი და სიყვითლე, თვალების სკლერის ყვითლად შეფერვა, გამონაყარი კანზე); აღნიშნული მოვლენების შესახებ შეატყობინეთ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო იყოს სიფრთხილე და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან);
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად ვლინდება დიკლოფენაკის გამოყენებისას
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია ან გულძმარვა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება), გამონაყარი კანზე.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ძირითადად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ
ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია), არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, კუშინგის სინდრომი (მთვარისებრი სახე, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ზურგის არეში), შაქრიანი დიაბეტის ფარული სიმპტომები და ინსულინის ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღების საჭიროების ზრდა, შეშუპება (ორგანიზმში სითხის შეკავების გამო), სისხლში ელექტროლიტების დისბალანსი (ნატრიუმის შეკავება, კალიუმის გამოდევნა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი), ეიფორია, განწყობის ცვლილებები, დეპრესია, პიროვნული თვისებების ცვლილებები, უძილობა, კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება თვალის ნერვის შეშუპებით (როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის შემდგომ), თავის ტკივილი, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), ეგზოფტალმი (თვალის ერთი ან ორივე კაკლის წინ წამოწევა), მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ძლიერი მეტეორიზმი, წყლულოვანი ეზოფაგიტი (საყლაპავი მილის შიდა გარსის ანთება), სლოკინი, ალერგიული დერმატიტი, შეშუპება, კანის გათხელება და მგრძნობელობის მომატება, კანზე პეტექიები და ეკქიმოზები (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), ერითემა (კანის სიწითლე), მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (ტკივილი კუნთებში), კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი (ძვლებში კალციუმის ნაკლებობა), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყის და მხრის ძვლების ასეპტიური ნეკროზი, ლულოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესების გახლეჩვა, ზრდის შეფერხება პედიატრიული ასაკის პაციენტებში, ჭრილობის შეხორცების შეფერხება.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად აღინიშნება ვიტამინ B12-ის გამოყენებისას
ძალიან ხშირად: თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა. დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა; გულისრევა, შარდის წითლად შეფერვა.
ხშირად: ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან) რაოდენობის შემცირება; შესაძლო ერითრემიის ნიშნების მასკირება. ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით, ანგიოედემა/კვინკეს შეშუპება (კანის ლორწოვანი გარსის და ქსოვილების სწრაფი შეშუპება), ჭინჭრის ციება, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი კანზე (უპირატესად აკნეს მსგავსი), კანის სიწითლე, ფოტოსენსიტიურობა (მზის სხივებზე კანის მომატებული მგრძნობელობა). აგზნებადობა, თავბრუსხვევა; თავის ტკივილი შესაძლოა იყოს ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა. თვალების გაღიზიანება, სიწითლე, შეშუპება. სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება (დაკავშირებული იყო ჰიდროქსოკობალამინის პარენტერალურ გზით მიღებასთან პაციენტებში მეგალობლასტური ანემიით).
სისხლის მოწოლის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება და პერიფერიული ვასკულარული თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს ჰიდროქსოკობალამინის ინფუზიური თერაპიის დროს.
ხშირად: ინექციის ადგილობრივი რეაქციები; მტკივნეულობა ინექციის ადგილას, იშვიათად ინფუზიის დროს.
დიოქსაფლექსი B12-ის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ შეინახოთ მაცივარში.
გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვა
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 3 ან 6 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი
კალე 4 #1429 (B1904CIA).
ტელ: +54 221 425 9550/54. ლა პლატა. ბუენოს აირესი. არგენტინა.
სათავო ოფისი: ბერნარდო დე ირიგოიენი # 248 (C1072AAF).
ტელ: +54 11 4344 2000/19, ბუენოს აირესი. არგენტინა.