ნერმო 100მგ/1მლ #5ა
გააზიარე:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქონდროიტინის სულფატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან სუსტი მოყვითალო ელფერის მქონე ხსნარი დამახასიათებელი სუნით;
შემადგენლობა: საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ქონდროიტინის სულფატს – 100 მგ ან 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი, 100 მგ ან 200 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის მარეგულირებელი საშუალება.
ათქ-კოდი: M01AX25.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ნერმოს ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ქონდროიტინის სულფატის (A და C ) ნატრიუმის მარილები. ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდია, რომელიც წარმოადგენს პროტეოგლიკანების ძირითად კომპონენტს და კოლაგენურ ბოჭკოებთან ერთად ქმნის ხრტილოვან ქსოვილს. ნერმო აფერხებს დეგენერაციის პროცესს და ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას. ახასიათებს ქონდროპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ანაცვლებს სახსრების ხრტილში პათოლოგიური პროცესების შედეგად განლეულ ქონდროიტინის სულფატს. პრეპარატი აინჰიბირებს სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის დეგრადაციის მაპროვოცირებელი ცილების – მეტალოპროტეინაზების და ნაწილობრივ ლეიკოციტარული ელასტაზას აქტივობას; ამცირებს ჰიალურონიდაზას აქტივობას; ასტიმულირებს ქონდროციტების მიერ პროტეოგლიკანების გამომუშავებას; გავლენას ახდენს კალციუმისა და ფოსფორის მიმოცვლაზე ხრტილოვან ქსოვილში; აღადგენს ხრტილის ელასტიურობას. ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებები განპირობებულია სინოვიალურ სითხეში ანთების მედიატორებისა და ტკივილის გამომწვევი ფაქტორების გადასვლის შემცირებით და ასევე ლეიკოტრიენ B4-ის და პროსტაგლანდინ E4-ის სეკრეციის დათრგუნვით.
ნერმო ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის და სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას და სახსარშიდა სითხის გამომუშავებას; ასრულებს ლუბრიკანტის როლს, რაც ამცირებს ტკივილის ინტენსივობას, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხს.
ქონდროიტინის სულფატი ანელებს ძვლის რეზორბციას, ამცირებს კალციუმის დაკარგვას, აჩქარებს ძვლის ქსოვილის განახლებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ნერმოს ინტრამუსკულარულად შეყვანიდან მნიშვნელოვანი კონცენტრაცია აღინიშნება სისხლის პლაზმაში 30 წუთში, სინოვიალურ სითხეში კი 15 წუთში. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1 სთ-ში. შემდეგი 48 სთ-ის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაცია ეტაპობრივად მცირდება. გროვდება ძირითადად ხრტილოვან ქსოვილში (მაქსიმალურ კონცენტრაციას სახსრის ხრტილში აღწევს 48 სთ-ში). სინოვიალური გარსი არ წარმოადგენს ბარიერს პრეპარატის სახსრის ღრუში შესაღწევად. გამოიყოფა თირკმლებით 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენება:
სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები:
• პირველადი ართროზი;
• ოსტეოართროზი, მიმდინარე მსხვილი სახსრების უპირატესი დაზიანებით;
• ხერხემლის ოსტეოხონდროზი.
მიღების წესი და დოზირება:
ნერმო ინიშნება ინტრამუსკულარულად 1 მლ 2 დღეში ერთხელ. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2 მლ-მდე მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი შეადგენს 25-35 ინექციას. განმეორებითი კურსები ტარდება 6 თვეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, ჰემორაგიები ინექციის ადგილას. ზოგ შემთხვევებში კანის მხრივ ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორებიცაა: ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი ქავილით (ან მის გარეშე)/ან შეშუპებით.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; მიდრეკილება სისხლდენებისადმი; თრომბოფლებიტები; ორსულობა, ლაქტაცია; ბავშვთა ასაკი 15 წლამდე (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით ინიშნება: სისხლის შედედების დარღვევებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს, ჭარბი წონის მქონე პაციენტებში; მარილის დაბალი შემცველობის დიეტაზე მყოფ პაციენტებში; ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ნერმოს ერთდროული გამოყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან საშუალებას იძლევა შემცირდეს ამ პრეპარატების დოზა. ნერმო აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტებისა და ფიბრინოლიზური საშუალებების მოქმედებას, რის გამოც, მათი ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლების ხშირი კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
ნერმო არ ავლენს ტოქსიკურობას დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაშიც კი.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ალერგიული რეაქციები, ჰემორაგიები ინექციის ადგილას.
მწვავე ჰიპერდოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ყველა ღონისძიება ტარდება პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის ფონზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ნერმო უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
სტაბილური კლინიკური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია პრეპარატის არა ნაკლებ 25 ინექცია. ეფექტის შენარჩუნება ხდება მკურნალობის კურსის ჩატარებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
1 ან 2 მლ საინექციო ხსნარი ამპულაში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 20ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი: საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.