ემანერა 40მგ #14კაფს

ემანერა 40მგ #14კაფს

14.60 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ესომეპრაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 60825
გააზიარე:

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ემანერა® 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულები

ემანერა® 40 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულები

ეზომეპრაზოლი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

- შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს მედიკამენტი დაგინიშნეს პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

- ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ემანერა®-ს მიღებამდე

3. ემანერა®-ს მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ემანერა®-ს შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® და რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა®

ემანერა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - მაგნიუმის ეზომეპრაზოლის დიჰიდრატს, რომელიც მიეკუთვნება „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების“ ჯგუფს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებს კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობას.

ემანერა® ნაწლავში ხსნადი კაფსულები გამოიყენება ზრდასრულებში შემდეგი ჩვენებების დროს:

- გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (GERD).

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კუჭიდან მჟავის უკუგადასვლა საყლაპავში (მილი, რომელიც ხახას აკავშირებს კუჭთან), რაც იწვევს ანთებას, ტკივილსა და გულძმარვას.

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ასოცირებული Helicobacter pylori-სთან. თუ გაქვთ აღნიშნული დაავადება, წყლულის შეხორცებისათვის თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი გარკვეულ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსა და წყლულების შესახორცებელ პრეპარატებთან კომბინაციაში.

- არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებით გამოწვეული კუჭის წყლული.

- თუ იღებთ ააპ-ს, ემანერა® შეიძლება დაგენიშნოთ კუჭის წყლულის წარმოქმნის პრევენციის მიზნით.

- პანკრეასში არსებული ახალწარმონაქმნით გამოწვეული კუჭში მჟავიანობის მომატებული დონე (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).

- რეციდივის პროფილაქტიკა ხანგრძლივი თერაპიის სახით პეპტიკური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ.

მოზარდები ≥ 12 წლის:

- გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (GERD).

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კუჭიდან მჟავის უკუგადასვლა საყლაპავში (მილი, რომელიც ხახას აკავშირებს კუჭთან), რაც იწვევს ანთებას, ტკივილისა და გულძმარვას.

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ასოცირებული Helicobacter pylori-სთან. თუ გაქვთ აღნიშნული დაავადება, წყლულის შეხორცებისათვის თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი გარკვეულ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსა და წყლულების შესახორცებელ პრეპარატებთან კომბინაციაში.

2. რა უნდა იცოდეთ ემანერა®-ს მიღებამდე

არ მიიღოთ ემანერა®, თუ:

- ხართ ალერგიული ეზომეპრაზოლის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 პუნქტში).

- როდისმე გქონდათ ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიღებასთან (მაგალითად, პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი).

- ღებულობთ ნელფინავირის შემცველ მედიკამენტს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

არ გამოიყენოთ პრეპარატი ემანერა®, თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ აღნიშნული. თუ არ ხართ დარწმუნებული ამაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

განსაკუთრებული ჩვენებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

- ღვიძლის მძიმე დაავადება;

- თირკმლების მძიმე დაავადება;

- B12 ვიტამინის დეფიციტი;

- ადრე აღინიშნებოდა კანის რეაქცია ანალოგიური პრეპარატის (რომელიც ამცირებს კუჭის მჟავის გამომუშავებას) მიღების შემდეგ;

- უნდა ჩაიტაროთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

თუ კანზე გამოვლინდა გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ უბნებზე, რაც შეიძლება მალე, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ ასევე აცნობოთ ექიმს დაავადების ნებისმიერ სხვა შეგრძნებებზე, მაგალითად, ტკივილი სახსრებში.

ემანერა®-მ შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადების სიმპტომები. შესაბამისად, თუ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ან მიღების დროს აღინიშნება ნებისმიერ შემდეგი სიმპტომი, სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს:

- უმიზეზოდ არსებითად დაიკელით წონაში და აღინიშნება ყლაპვის გაძნელება.

- გაწუხებთ კუჭის ტკივილი ან მოუნელებლობა.

- გაქვთ ღებინება, მათ შორის სისხლით.

- გაქვთ შავი განავალი (სისხლით შეღებილი ფეკალიები).

თუ თქვენ ღებულობთ ემანერა®-ს „მოთხოვნისამებრ“, მაგრამ დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება ან იცვლება, უნდა მიმართოთ ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს მენჯ-ბარძაყის სახსრის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი).

სხვა სამკურნალო საშუალებები და ემანერა®

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება, მათ შორის აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატებისა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ემანერა®-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ასეთი პრეპარატის მოქმედებაზე, ან ამ პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ემანერა®-ს ეფექტიანობაზე.

არ მიიღოთ ემანერა®-ს კაფსულები ნელფინავირის (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

- ატაზანავირი,

- დიგოქსინი,

- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი,

- ერლოტინიბი,

- ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი,

- დიაზეპამი,

- ფენიტოინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერა®-ს მიღების დაწყებისა და შეწყვეტის დროს საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, მაგალითად, ვარფარინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერა®-ს მიღების დაწყებისა და შეწყვეტის დროს საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

- ცილოსტაზოლი,

- ციზაპრიდი,

- მეტოტრექსატი. თუ თქვენ იღებთ მეტოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება გაგიწიოთ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტოთ პრეპარატ ემანერა®-ს მიღება.

- კლოპიდოგრელი,

- ტაკროლიმუსი,

- რიფამპიცინი,

- კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum).

თუ ექიმმა ემანერა®-სთან ერთად გამოგიწერათ ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს იმ სხვა მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ემანერა®-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულების მიღება შეგიძლიათ უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ემანერა®-ს მიღება ამ დროს.

უცნობია, გადადის თუ არა ემანერა® დედის რძეში. ამიტომ, არ უნდა მიიღოთ ემანერა®, თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ან მექანიზმების გამოყენებაზე ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, მიღებულია ცნობები არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა (არახშირად) და მხედველობის გაუარესება (იშვიათად) (იხილეთ მე-4 პუნქტი). ასეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული, რომ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან იმუშაოთ დანადგარებთან.

ემანერა® შეიცავს საქაროზას

ემანერა® შეიცავს შაქრის ბურთულებს, რომელთა შემადგენლობაში შედის საქაროზა. თუ გაქვთ გარკვეული შაქრების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

3. ემანერა®-ს მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

- თუ თქვენ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გააკონტროლოს თქვენი მდგომარეობა (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას).

- აუცილებელია აცნობოთ ექიმს რაიმე სიმპტომების ცვლილებების შესახებ სამკურნალო საშუალების „მოთხოვნისამებრ“ მიღების შემთხვევაში.

რა ოდენობით უნდა მიიღოთ პრეპარატი

- ექიმი დანიშნავს დოზას და პრეპარატის გამოყენების წესს. ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, მის ასაკსა და ღვიძლის მუშაობაზე.

- რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ.

ზრდასრულები

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ

- თუ თქვენმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ იგივე დოზა კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ შეხორცდა და ნარჩუნდება დაავადების სიმპტომები.

- რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულას დღეში.

- თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზა შეადგენს ყოველდღიურად ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა. სიმპტომების კონტროლის შემდეგ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ წამალი საჭიროებისამებრ, მაგრამ დღეში არაუმეტეს ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულისა.

- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივის პრევენციისათვის:

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

- თქვენი ექიმი ასევე გირჩევთ, მიიღოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.

არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებით გამოწვეული კუჭის წყლულების სამკურნალოდ

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის თავიდან ასაცილებლად არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებისას

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ერთხელ.

პანკრეასის ახალწარმონაქმნის შედეგად (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი) კუჭში მჟავის მომატებული დონის სამკურნალოდ

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 40 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ორჯერ.

- თქვენი ექიმი დაადგენს დოზას და პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. მაქსიმალური დოზა არის 80 მგ ორჯერ დღეში.

პეპტიკური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ, ხანგრძლივი თერაპიის სახით, რეციდივის პროფილაქტიკისთვის

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 40 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას 4 კვირის განმავლობაში.

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ:

- თუ თქვენმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ იგივე დოზა კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ შეხორცდა ან შენარჩუნებულია დაავადების სიმპტომები.

- რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში.

- თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ყოველდღიურად.

- თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივების პრევენციისათვის

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

- თქვენი ექიმი ასევე გირჩევთ, მიიღოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.

როგორც უნდა მიიღოთ ემანერა®

- კაფსულების მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს.

- კაფსულების მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან უზმოზე.

- გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან გაჭყლიტოთ კაფსულები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კაფსულები შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ პელეტებს (გრანულებს), რაც იცავს სამკურნალო საშუალებას კუჭში არსებული მჟავისგან. მნიშვნელოვანია, არ დააზიანოთ პელეტები.

რა უნდა გააკეთოთ, თუ პაციენტს აღენიშნება კაფსულების გადაყლაპვის პრობლემა

  • • კაფსულების გადაყლაპვისას პრობლემის წარმოქმნისას:

- გახსენით კაფსულა და ჩაყარეთ პელეტები ნახევარ ჭიქა უნალექო (არაგაზიან) წყალში. არ გამოიყენეთ სხვა სითხე.

- შემდეგ დალიეთ ნარევი დაუყოვნებლივ ან მომზადებიდან 30 წუთის განმავლობაში. ყოველთვის აურიეთ ნარევი დალევის წინ.

- უნდა დარწმუნდეთ, რომ დალიეთ მთელი სამკურნალო საშუალება. ამისთვის კარგად გამოავლეთ ჭიქა წყლით და დალიეთ ეს წყალი. მყარი ნაწილაკები შეიცავს სამკურნალო საშუალებას - არ დაღეჭოთ და არ გაჭყლიტოთ ისინი.

- თუ პაციენტს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, მაშინ გრანულები შეიძლება შეურიოთ წყალს და ამ ხსნარით შეავსოთ შპრიცი. შემდეგ შესაძლებელია ამ ხსნარის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით პირდაპირ კუჭში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ ემანერა®-ს საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ემანერა®-ს მიღება

- თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე თქვენი შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ მიღება.

- არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული მიღების ასანაზღაურებლად. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

- უეცარი სტერტოროზული სუნთქვა (ხიხინით), ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).

- კანის გაწითლება, ბუშტუკებით ან აქერცლების წარმოქმნა. შეიძლება გამოვლინდეს დიდი ზომის ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩებზე, თვალებში, პირში, ცხვირსა და სასქესო ორგანოებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

- ყვითელი კანი, მუქი შარდი და მომატებული დაღლილობაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადებების სიმპტომები. ეს რეაქციები იშვიათია და ვლინდება 1000-დან ერთ ადამიანში.

სხვა არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს ≥1/100 - 1/10-მდე ადამიანში)

- თავის ტკივილი

- კუჭის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი

- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება

- კუჭის ძირის ჯირკვლოვანი პოლიპები

არახშირი (1/1 000 – 1/100-მდე)

- ტერფებისა და წვივ-ტერფების სახსრების შეშუპება

- უძილობა

- თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა

- ვერტიგო

- სიმშრალე პირში

- ღვიძლის მუშაობის ამსახველი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება

- გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა და ქავილი

- თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ პრეპარატი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად).

იშვიათი ( 1/10 000 - <1/1 000-მდე)

- ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია

- ჰიპონატრიემია

- აჟიტირება, გონების დაბინდვა, დეპრესია

- გემოს ცვლილება

- დაბინდული ხედვა

- სუნთქვის უეცარი შესუსტება (ბრონქოსპაზმი)

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება

- კუჭ-ნაწლავური კანდიდოზი

- ღვიძლის დაავადებები, მათ შორის სიყვითლე, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის გაყვითლებით, მუქი შარდით და მომატებული დაღლილობით

- თმის ცვენა (ალოპეცია)

- კანის რეაქციები მზის სხივების ზემოქმედებისას

- სახსრების ტკივილი (ართრალგია) და კუნთების ტკივილი (მიალგია)

- ზოგადი უგუნებობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება

- მომატებული ოფლიანობა

ძალიან იშვიათი (< 1/10 000)

- აგრანულოციტოზი, პანციტოპენია

- აგრესია

- ჰალუცინაციები

- ღვიძლის მძიმე დაავადებები, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და ენცეფალოპათიას

- ძლიერი გამონაყარის უეცარი გამოვლენა ან კანის აქერცვლა. ამ სიმპტომების თანმდევი შეიძლება იყოს სხეულის მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

- კუნთების სისუსტე

- თირკმელების მძიმე დაავადებები

- სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში

უცნობი სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

- თუ თქვენ მკურნალობთ პრეპარატით სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა მაგნიუმის დონე სისხლში დაქვეითდეს, რაც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომებიდან, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზის ჩატარება მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.

- ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)

- გამონაყარი, შესაძლოა, სახსრების ტკივილით.

ემანერა®-მ შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გავლენა მოახდინოს ლეიკოციტებზე, რაც იწვევს იმუნურ უკმარისობას. თუ გაქვთ ინფექცია, რომლის დროსაც ვლინდება ცხელება ზოგადი მდგომარეობის მძიმე გაუარესებით ან ცხელება ადგილობრივი ინფიცირების სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი კისრის, ყელის არეში ან პირის ღრუში, შარდვის გაძნელება, უნდა მიმართოთ ექიმს, რაც შეიძლება მალე, და ჩააბაროთ ანალიზები, რათა

გამორიცხოთ აგრანულოციტოზი. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს იმ ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც ამ დროს იღებთ.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ცნობების მიღებას.

5. ემანერა®-ს შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ პრეპარატი წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ მოიცილოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ემანერა® შეიცავს:

- აქტიური ნივთიერება: ეზომეპრაზოლი. თითოეული ნაწლავში ხსნადი კაფსულა შეიცავს ემეპრაზოლის 20 მგ-ს ან ეზომეპრაზოლის 40 მგ-ს (მაგნიუმის ეზომეპრაზოლის დიჰიდრატის სახით).

- დამხმარე ნივთიერებების ნუსხა: შაქრის სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 6300, ტალკი (E553b), მაგნიუმის კარბონატი, პოლისორბატი 80 (E433), მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30% - პელეტების შემადგენლობაში და ჟელატინი (E441), ტიტანის დიოქსიდი (E171) და რკინის ოქსიდი წითელი (E172) - კაფსულის გარსის შემადგენლობაში. ემანერა® შეიცავს საქაროზას.

პრეპარატ ემანერა®-ს გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

20 მგ კაფსულები ნაწლავში ხსნადი: კორპუსი და თავსახური ღია ვარდისფერი ფერის.

40 მგ კაფსულები ნაწლავში ხსნადი: კორპუსი და თავსახური მოყავისფრო-ვარდისფერი ფერის.

შეფუთვა: ყუთში 14 ან 28 კაფსულა ნაწლავში ხსნადი (2 ან 4 ბლისტერი OPA/Al/PVC ფირისაგან და Al ფოლგისაგან, თითოეულში 7 კაფსულა ნაწლავში ხსნადი), ფურცელ-ჩანართით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

KRKA, d.d., Novo mesto, Šinarješka cesta 6, 8501 Novo mesto (ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო), სლოვენია

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

პრეპარატის შეყვანა კუჭის ზონდით

1. გახსენით კაფსულა, მოათავსეთ პელეტები (გრანულები) შესაბამის შპრიცში და შეავსეთ შპრიცი დაახლოებით 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით.

ზოგიერთი ზონდებისთვის საჭიროა პელეტების განზავება 50 მლ წყალში, მილის გაჭედვის თავიდან ასაცილებლად.

2. დაუყოვნებლივ შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა პელეტები თანაბრად გადანაწილდეს სუსპენზიაში.

3. დაიჭირეთ შპრიცი წვერით ზემოთ და შეამოწმეთ, რომ წვერი არ იყოს გაჭედილი.

4. მიამაგრეთ შპრიცი ზონდზე მითითებული პოზიციის დაცვით.

5. შეანჯღრიეთ შპრიცი და მოათავსეთ წვერით ქვემოთ. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ ზონდში 5-10 მლ. შეატრიალეთ შპრიცი ინექციის შემდეგ და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა გეჭიროთ წვერით ზემოთ, რათა თავიდან აიცილოთ წვერის გაჭედვა).

6. შეატრიალეთ შპრიცი წვერით ქვემოთ და დაუყონებლივ შეიყვანეთ ზონდში სუსპენზიის კიდევ 5-10 მლ. გაიმეორეთ ეს პროცედურა, სანამ სუსპენზია მთლიანად არ იქნება შეყვანილი.

7. შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და, საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მე-5 ნაბიჯი, რათა გამორეცხოთ შპრიცში დარჩენილი ნალექი. ზოგიერთი ზონდისთვის საჭიროა 50 მლ წყალი.