ფურაგინი ადამედი 50მგ #30ტ

ფურაგინი ადამედი 50მგ #30ტ

6.89 ლარი 5.86 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ადამეტ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფურაზიდინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 45338
გააზიარე:

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ფურაგინუმ ადამედი, 50მგ ტაბლეტები

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ფურაზიდინი

1 ტაბლეტი შეიცავს 50მგ ფურაზიდინს.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

3. წამლის ფორმა

ტაბლეტები.

მოყვითალო-ნარიჯნისფერი ტაბლეტები. ტაბლეტს ერთ მხარეს აქვს გამყოფი ღარი, ხოლო მეორე მხარეს გლუვია. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 სამედიცინო ჩვენება

ქვედა საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია Escherichia coli-ის ჩხირებით.

4.2 დოზირება და მიღების წესი

ფურაგინუმ ადამედი მიიღება პერორალურად, ცილების შემცველ საკვებთან ერთად, რაც იწვევს ნიტროფურანის წარმოებულების ბიოშეღწევადობის ზრდას.

ინფექციების მკურნალობა

მოზრდილები

მკურნალობის პირველი დღე: 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში ოთხჯერ, შემდეგ დღეებში 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში სამჯერ.

ორი წლიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვები:

5-7 მგ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით/დღეში, 2-3 დოზად გაყოფილი (ტაბლეტი შეიძლება დაიფხვნას და შეერიოს რძეს).

პრეპარატი გამოიყენება 7-8 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 10-15 დღის შემდეგ.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა უნდა განსაზღვროს უშუალოდ ექიმმა.

4.3 უკუჩვენება

  • § მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • § ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
  • § თირკმლის მწვავე უკმარისობა (ოლიგურია, ანურია).
  • § დიაგნოზირებული პოლინევროპათია, მაგ. დიაბეტიანი პაციენტები.
  • § გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თირკმლის უკმარისობის, ანემიის, B ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის და ფილტვის დაავადებების მქონე პაციენტებში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ახალშობილებში, ტაბლეტით დახრჩობის საშიშროების გამო.

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ სიფრთხილით, ვინაიდან ფურაზიდინმა შეიძლება გამოიწვიოს პოლინევროპათიის განვითარება.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ნიტროფურანის წარმოებულები უარყოფით გავლენას ახდენენ სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე.

მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სპერმის უჯრედების მოძრაობის შემცირება, სპერმის წარმოების შემცირება და პათოლოგიები სპერმის უჯრედების მორფოლოგიაში.

პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა შემოწმდეს სისხლის მორფოზული ნიმუში (ლეიკოციტოზი) და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების ბიოქიმიური პარამეტრები.

თერაპიის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ფურაგინუმ ადამედი შეიცავს საქაროზას. ამიტომ მისი დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფრუქტოზას და (ან) გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, სუკრაზა-იზომალტაზას დეფიციტი.

4.5. ურთიერთქმედება

ფურაზიდინი არის ნალიდიქსის მჟავის ანტაგონისტი, რომელიც აინჰიბირებს მის ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას.

შარდმდენი საშუალებები, როგორიცაა პრობენეციდი (მაღალ დოზებში) და სულფინპირაზონი ამცირებენ ნიტროფურანის წარმოებულების მილაკოვან სეკრეციას და შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმში ფურაზიდინის დაგროება, მისი ტოქსიკურობის გაზრდა და მისი შარდისმიერი კონცენტრაციის შემცირება მინიმალური ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაციის ქვემოთ და, შესაბამისად, შეიძლება შემცირდეს თერაპიული ეფექტურობა.

მაგნიუმის ტრიცილიკატის შემცველ ტუტე პრეპარატებთან ერთად მიღება ამცირებს ფურაზიდინის შეწოვას.

ნიტროფურანის წარმოებულების მიღების დროს, ცრუ დადებითი შედეგები გამოვლინდა, ბენედიქტისა და ფელინგის ხსნარებით შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრისას. შარდში ფერმენტული მეთოდებით განსაზღრული გლუკოზის დონის შედეგები სწორი იყო.

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინები, რომლებიც მიიღება ფურაზიდინთან ერთად, აძლიერებენ მის ანტიბაქტერიულ ეფექტს. ქლორამფენიკოლი და რისტომიცინი ზრდიან მის ჰემოტოქსიკურ ეფექტს. ატროპინი აფერხებს ნიტროფურანის წარმოებულების შეწოვას, თუმცა შეწოვილი ნივთიერების საერთო რაოდენობა რჩება უცვლელი. B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად მიღება ზრდის ნიტროფურანის წარმოებულების შეწოვას.

4.6 ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ფურაზიდინის შესაძლო ტერატოგენული ეფექტის შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ნაყოფში ჰემოლიზური ანემიის ინდუქციის რისკის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის მესამე ტრიმესტრში მყოფ ქალებს.

დედის რძეში ფურაზიდინის შეღწევის გათვალისწინებით, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.

4.7 ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ მოიპოვება მონაცემები ფურაზიდინის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავ დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე (იხ. პარაგრაფი 4.8. „დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ“).

4.8 გვერდითი მოვლენები

პაციენტების დიდი უმრავლესობა ძალიან კარგად იტანს ნიტროფურანის წარმოებულებს.

კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენებიდან, რომლებიც სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო პრეპარატის მიღებასთან, ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი: გულისრევა (8%), თავის ტკივილი (6%), მეტეორიზმი (1.5%). დანარჩენი სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული, ვლინდება 1%-ზე ნაკლებ პაციენტებში და ჩამოთვლილია სისტემების მიხედვით.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

ციანოზი მეთემოგლობინემიის გამო. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში, ფურაზიდინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემიის ან ჰემოლიზური ანემიის განვითარება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, პერიფერიული ნეიროპათია, როგოც მწვავე ასევე შეუქცევადი (თირკმლის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, B ვიტამინის უკმარისობა, განსაკუთრებით წინასწარი განწყობის არსებობის დროს).

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ:

მწვავე, ქვე-მწვავე და ქრონიკული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ნიტროფურანის წარმოებულებზე. ქრონიკული რეაქციები განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მწვავე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ გამოიხატება ცხელებით, შემცივნებით, ხველით, ტკივილით გულ-მკერდის არეში, ექსუდატით პლევრის ღრუში. როგორც წესი, ისინი სწრაფად ან ძალიან სწრაფად რეგრესირებენ წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიალოადენიტი, პანკრეატიტი, ფსევდომემბრანული ენტერიტი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

თმის ცვენა, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას:

სიცხე, შემცივნება, სისუსტე, მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც რეზისტენტულია ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ, უფრო ხშირად გამოწვეული Pseudomonas-ის ჩხირებით ან Candida-ის საფუარებით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:

პრეპარატებით გამოწვეული ჰეპატიტის სიმპტომები და ნიშნები, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატონეკროზი.

გარდა ამისა, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფურაგინუმს, უცნობი სიხშირით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

დარღვევები კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი.

4.9 დოზის გადაჭარბება

ნიტროფურანის წარმოებულებს ახასიათებთ დაბალი ტოქსიკურობა. თირკმელებით წამლის გამოყოფის გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბების ნიშნები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ანემია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ფიზიოლოგიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა. მძიმე შემთხვევების დროს უნდა გაკეთდეს ჰემოდიალიზი.

5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: J01ХE03 სისტემური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნიტროფურანის წარმოებულები.

ფურაგინი ან ფურაზიდინი (ნიტროფურილ-აკრილიდენ-ამინოჰიდანტოინი) არის ნიტროფურანის წარმოებული. ამ ჯგუფის პრეპარატები ახდენენ ბაქტერიოსტატიკურ ზემოქმედებას მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე, მათ შორისაა რამდენიმე გრამ-დადებითი ბაქტერია (Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis) და ბევრი გრამ-უარყოფითი შტამი (Enterobacteriaceae: Salmonella, Shigella, Proteus, Klebsiella, Escherichia, Enterobacter). ნიტროფურანის წარმოებულები ავლენენ ანტიპროტოზოულ და მცირე ხარისხით ანტიფუნგალურ ეფექტებს. ისინი არააქტიურია ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის (Pseudomonas aeruginosa) და პროტეუსის ჩხირების უმეტესობის (Proteus vulgaris) მიმართ. ფურაზიდინი ამჟღავნებს თავის ძლიერ გავლენას მჟავა-გარემოში (pH 5,5); ტუტე გარემო ამცირებს მის ეფექტს. ფურაზიდინის ძლიერი ბაქტერიოსტატიკური მოქმედება უკავშირდება ნიტრო ჯგუფის არომატულ შემცვლელებს. ნიტროფურანის წარმოებულები გარდაიქმნებიან აქტიურ წარმოებულებად ბაქტერიული ფლავოპროტეინების მეშვეობით. შემდეგ ეს წარმოებულები გარდაქმნიან ბაქტერიულ რიბოსომულ ცილებად და სხვა ნაერთებებად, რომლებიც აუცილებელია უჯრედული ცილების, ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) სინთეზისთვის და უჯრედული სუნთქვის პროცესებისთვის. ბაქტერიულ უჯრედში სასიცოცხლო პროცესის დარღვევის ამ რთულმა და მრავალმხრივმა მექანიზმმა გამოიწვია ის, რომ 1953 წლის შემდეგ, როდესაც მოხდა ამ ჯგუფის მედიკამენტების დანერგვა სამკურნალოდ, არ გამოვლენილა არც ერთი კლინიკურად მნიშვნელოვანი პრობლემა რეზისტენტობის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაძლო მრავალჯერადი და ერთდროული მუტაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობის განვითარება ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ, ლეტალურია მიკროორგანიზმების უმეტესობისთვის. ჯვარედინი რეზისტენტობა არ შეინიშნებოდა ნიტროფურანის წარმოებულებსა და ანტიბიოტიკებსა და სულფონამიდებს შორის.

5.2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

პერორალური მიღების შემდეგ, ფურაზიდინი ძალიან სწრაფად შეიწოვება და აღწევს მის მაქსიმალურ შრატისმიერ კონცენტრაციას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წამლის შრატისმიერი კონცენტრაციის ცვლილების მრუდი აჩვენებს მედიკამენტის განაწილების ღია, ერთგანყოფილებიან მოდელს. თერაპიული თვალსაზრისით ეს კონცენტრაცია არის უმნიშვნელო და შეადგენს დაახლოებით 4,2 µგ/მლ-ს. ნიტროფურანის წარმოებულების პლაზმურ ცილებთან შეკავშირების ხარისხი სხვადასხვა ავტორების შეფასებით მერყერობს 40-60%-დან 90-95%-მდე. ეს წამლები მეტაბოლიზდება ღვიძლში და სხვა პერიფერიულ ქსოვილებში. ფურაზიდინის მიღებული დოზის დაახლოებით 13% გამოიყოფა უცვლელი სახით, მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. შარდში გამოვლენილი ფურაზიდინის საშუალო კონცენტრაცია არის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციების (MIC) ფარგლებში Escherichia coli-ის პათოგენური შტამების დაახლოებით 81%-თვის, რაც ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვების შარდში. მათი რაოდენობა შეადგენს 0.45 მგ/მლ-დან 6.25 მგ/მლ-მდე. სხვა ავტორების თანახმად, ფურაზიდინის შარდისმიერი მინიმალური ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაცია დაახლოებით არის 1 მგ/მლ. აღნიშნული მოიცავს ნიტროფურანტოინის მინიმალური ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაციის 1/5-ს ან თუნდაც, 1/10-ს. სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ფურაგინუმ ადამედს, მისი ფარდობითი ბიოშეღწევადობის კვლევის ფარგლებში, საშუალო გამოყოფა, დაახლოებით, შეადგენდა 6.25 მგ/მლ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ კარგად ცნობილი და დოკუმენტირებული ლიტერატურული მონაცემების თანახმად, ნიტროფურანის წარმოებულების მიღება ჭამის დროს, განსაკუთრებით ცილებით მდიდარ საკვებთან ერთად, ზრდის მათ ბიოშეღწევადობას 40%-50%-ით და ზრდის მათ ელიმინაციას შარდთან ერთად, ანუ ზრდის პრეპარატის შარდისმიერ კონცენტრაციას, რაც გამოიხატება განკურნების უფრო მაღალ მაჩვენებელში.

5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

მწვავე ტოქსიკურობა (ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ)

ფურაზიდინის მწვავე ტოქსიკურობა შეფასდა თეთრ თაგვებში ჩატარებულ ექსპერიმენტში, პრეპარატის კუჭშიდა და ინტრაპერიტონეალური მიღებით. მიღებული შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, სადაც ნაჩვენება ფურაზიდინის ძალიან დაბალი ტოქსიკურობა კუჭშიდა შეყვანის შემდეგ.

ფურაგინუმ ადამედის ტოქსიკურობის ინდექსები

მიღების წესი

დოზა (მგ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით)

მაქსიმალურად ტოლერანტული

ლეტალური

LD50 (ლეტალური დოზა

ინტრაპერიტონეალური

კუჭშიდა

150

2000

400

4000

284.3

2813

ფურაზიდინის მწვავე ტოქსიკურობა, ასევე, შეისწავლებოდა ბოცვრებზეც. იგი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა თეთრი თაგვების შედეგებისგან. ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი თაგვებში განვითარდა ფურაზიდინის ინტრაპერიტონეალური მიღებიდან 20-40 წუთის შემდეგ და ახასიათებდა ატაქსიის ნიშნები და ინდივიდუალური კუნთების ჯგუფების კრუნჩხვა, რასაც მოსდევდა დამბლა. ბოცვრებში, ასევე, აღინიშნა კუნთების ტონუსის მკვეთრი შემცირება, დისპნოე, რქოვანას რეფლექსის შემცირება და ზოგჯერ ოპისტოტონუსი.

ტოქსიკურობა განმეორებითი მიღების შემდეგ

ფურაზიდინის დაგროვება შეისწავლებოდა თეთრ თაგვებში. პრეპარატის ყოველდღიურმა მიღებამ 100 და 250მგ/კგ დოზის სხეულის წონაზე გაანგარიშებით, ერთი თვის განმავლობაში, არ გამოიწვია სიკვდილიანობა ცხოველებში. უფრო მეტიც, თაგვებში აღინიშნა სხეულის წონის მომატება. თაგვები გამოყოფდნენ ყოველდღიურად მიღებული ფურაზიდინის (250 მგ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით) მაქსიმალური ტოლერანტული დოზის 12.5%-ს, რაც ნიშნავს, რომ მაღალი დოზების ყოველდღიურმა მიღებამ გამოიწვია წამლის დაგროვება. ფურაზიდინის 1 გ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებული დოზის ყოველდღიური მიღების შედეგად მე-3, მე-4 და მე-5 დღეს დაღუპილი ბოცვრების ჰისტოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა დაზიანებები მხოლოდ ღვიძლსა და თირკმელებში: ღვიძლში - მსუბუქი ლიპიდური ინფილტრაცია, თირკმელებში - ნეკროზული დაზიანება და უჯრედული ინფილტრაცია. კატებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში შეისწავლებოდა ფურაზიდინის მოქმედება გლუვ კუნთებზე. გამოვლინდა, რომ ინტრავენურად 10 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებული დოზის შეყვანის შემდეგ კუნთების შეკუმშვის ტონი და ამპლიტუდა დარჩა უცვლელი. მცირე ნაწლავის იზოლირებულ ფრაგმენტებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა, რომ ფურაზიდინი არანაირ გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების მუშაობაზე და არც ნაწლავის მოტორულ აქტივობაზე. ვინაიდან, ფურაზიდინს ახასიათებს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება, მისი მოქმედება ნაწლავის ფიზიოლოგიურ ბაქტერიულ ფლორაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისი კვლევები ჩატარდა თაგვებზე. გრამ-უარყოფითი ჩხირების რაოდენობის მხოლოდ მცირედი შემცირება გამოიკვეთა ექსპერიმენტალურად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ეს განსხვავება გამოვლინდა ფურაზიდინის მიღების დაწყებიდან მე-5 დღეს. ცვლილებები მთლიანად არ გაქრა წამლის მიღების პერიოდში - დაახლოებით 40 დღის განმავლობაში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფურაზიდინი თერაპიულ დოზებში არ ახდენს უარყოფით გავლენას თაგვების ნაწლავურ ფლორაზე.

კანცეროგენობა

ცხოველების ჰისტოლოგიური კვლევის დროს დაზიანებები გამოვლინდა ღვიძლსა და თირკმელებში. ღვიძლში დაზიანება გამოიხატებოდა ლიპიდური ინფილტრაციის სახით, მაშინ როცა თირკმელებში აშკარა იყო ვენური სტაზი, პარენქიმაში აღინიშნებოდა უჯრედული ინფილტრაცია, ხოლო მილაკოვან ეპითელიუმში ვლინდებოდა ცხიმის მცირე წვეთები.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1. დამხმარე ნივთიერებები

სიმინდის სახამებელი

საქაროზა

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

სტეარინის მჟავა.

6.2. შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

6.3. ვარგისობის ვადა

4 წელი.

6.4. შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალი შეფუთვით.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.5 შეფუთვის ფორმა და შიგთავსი

ფურაგინუმ ადამედის ტაბლეტები დაფასოებულია ბლისტერულ შეფუთვაში 30 ტაბლეტად (30 ტაბლეტი 1 ბლისტერში) და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6 .6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს

განსაკუთრებული ინსტრუქციები არ არის.

7. მწარმოებელი

სს ადამედ ფარმა.

მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქ. 5,

95-200, პაბიანიცე, პოლონეთი.

8. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს ადამედ ფარმა.

პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქ. 6ა,

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით