პლავიქსი 75მგ #28ტ(თურქ)

პლავიქსი 75მგ #28ტ(თურქ)

16.87 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანოფი საგლიკ ურუნლერი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კლოპიდოგრელი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 35983
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

პლავიქსი® 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

სანოფი

  • · აქტიური ნივთიერება : 75 მგ კლოპიდოგრელის ეკვივალენტური 97,875 მგ კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატი
  • · დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 6000, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, ოპადრი 32K14834 ტიპი**, კარნაუბის ცვილი

** ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიიღება ძროხის რძისგან), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი და რკინის წითელი ოქსიდი (E172).

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • · შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
  • · დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
  • · თუ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.
  • · ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის პლავიქსი და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება პლავიქსის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება პლავიქსი?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. პლავიქსის შენახვა

1. რა არის პლავიქსი და რისთვის გამოიყენება?

  • პლავიქსი 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 და 90 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ეს არის აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივ ოდნავ ამობურცული, მრგვალი, ვარდისფერი ტაბლეტი, ცალ მხარეს გრავირებულია „75“, მეორე მხარეს „1171“.
  • პლავიქსის ტაბლეტის აქტიური ნივთიერება კლოპიდოგრელი განეკუთვნება ანტითრომბოციტული პრეპარატების კლასს. ერითროციტებსა და ლეიკოციტებთან შედარებით უფრო მცირე ზომის თრომბოციტები სისხლის შედედების დროს ქმნიან გროვებს, ანტითრომბოციტული პრეპარატები ხელს უშლიან ამ გროვების წარმოქმნას და ამცირებენ თრომბის წარმოქმნის რისკს (თრომბის წარმოქმნის პროცესს ეწოდება თრომბოზი).
  • პლავიქსი გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის. ამ პროცესს ეწოდება ათეროთრომბოზი და შესაძლებელია გამოწვიოს ათეროთრომბოზული შემთხვევები, როგორიცაა ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან სიკვდილი.
  • ექიმმა პლავიქსი შესაძლებელია დაგინიშნათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მიზეზის გამო:

- თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (ათეროთრომბოზი) და

- ადრე გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან პერიფერიული არტერიების დაავადება

- თუ გადატანილი გაქვთ ძლიერი ტკივილი მკერდში, რომელსაც უწოდებენ „არასტაბილურ სტენოკარდიას“ ან „მიოკარდიუმის ინფარქტი“ (გულის შეტევა). აღნიშნული მდგომარეობის სამკურნალოდ შესაძლებელია ექიმმა სისხლის ნაკადის რეგულირების მიზნით დავიწროებულ ან დახშულ არტერიაში დააფიქსირა სტენტი. ამ შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავასაც (ნივთიერება, რომელიც შედის მრავალ პრეპარატში და ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებასთან ერთად ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას).

- თუ გქონდათ ინსულტის სიმპტომები, რომელიც გაქრა მცირე ხნის შემდეგ (გარდამავალი იშემიური შეტევა) ან მსუბუქი იშემიური ინსულტი. პირველი 24 საათის განმავლობაში ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავაც.

- თუ გაქვთ დაავადება, სახელად „წინაგულთა ფიბრილაცია“, რომელიც იწვევს არათანაბარ გულისცემას, და არ შეგიძლიათ მიიღოთ „ორალური ანტიკოაგულანტები“, რომლებიც ხელს უშლიან ახალი თრომბების წარმოქმნას და არსებული თრომბების ზრდას (K ვიტამინის ანტაგონისტები). თქვენ უნდა გაგაფრთხილონ, რომ ასეთ შემთხვევაში ორალური ანტიკოაგულანტები უფრო ეფექტურია, ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავა ან პლავიქსი +აცეტილსალიცილის მჟავა. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პლავიქსი+აცეტილსალიცილის მჟავათი მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუ ვერ იყენებთ ორალურ ანტიკოაგულანტებს და არ გაქვთ სისხლდენის მნიშვნელოვანი რისკი.

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება პლავიქსის გამოყენებამდე

არ მიიღოთ პლავიქსი შემდეგ შემთხვევებში

  • თუ გაქვთ ალერგია კლოპიდოგრელზე ან პლავიქსის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე
  • · თუ გაქვთ რომელიმე დაავადება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლდენა, როგორიცაა კუჭის წყლული ან თავის ტვინში სისხლჩაქცევა
  • · თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში პლავიქსის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე:

  • · თუ გაქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევა, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს:

- თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც ახლავს შინაგანი სისხლდენის გამოწვევის რისკი (მაგალითად, კუჭის წყლული)

- სისხლის დაავადება, რომელიც ზრდის შინაგანი სისხლდენისკენ მიდრეკილებას (სხეულის ნებისმიერ ადგილას ქსოვილში, ორგანოში ან სახსარშიდა სისხლჩაქცევა)

- მცირე ხნით ადრე გადატანილი ტრავმა

- მცირე ხნით ადრე გადატანილი ქირურგიული პროცედურა (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები)

- ქირურგიული პროცედურა (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები), რომელთა ჩატარება დაგეგმილია 7 დღის განმავლობაში;

  • · თუ კუჭის დაავადების სამკურნალოდ იყენებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფის რომელიმე პრეპარატს (იხილეთ თავი „პლავიქსთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენება“)
  • · თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
  • · თუ გაქვთ სისხლის შედედების პერიოდის გახანგრძლივება, შესაძლებელია განვითარდეს ჰემოფილია, რომელსაც ახასიათებს სისხლის შედედების უნარის დარღვევა. ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმი-სპეციალისტის ზედამხედველობით. ასეთ შემთხვევაში უნდა შეჩერდეს პლავიქსით მკურნალობა.
  • · მაღალია თრომბის წარმოქმნის შედეგად განვითარებული სისხლის მიმოქცევის დარღვევებიდან გამომდინარე ინსულტის რისკი. პაციენტებში, რომლებსაც ახლო წარსულში ჰქონდათ მსგავსი დარღვევა ან გადატანილი აქვთ ინსულტი, ასპირინისა და კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენება ზრდის სერიოზულ სისხლდენას. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა სიფრთხილე ამ ორი პრეპარატის ერთდროულად გამოყენების დროს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სარგებელი დადასტურებულია.
  • · თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში თავის ტვინის რომელიმე სისხლძარღვში ჩამოყალიბდა თრომბი (იშემიური ინსულტი)
  • · თუ ადრე ამავე ჯგუფის სხვა პრეპარატზე (მაგალითად, კლოპიდოგრელი ან პრასუგრელი) გქონდათ ალერგიული რეაქცია, შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ პლავიქსზეც (გამონაყარი, ტუჩების, ყელის შეშუპება, თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება).
  • · თუ წარსულში გქონდათ თავის ტვინში სისხლჩაქცევა, რომელიც არ არის კავშირში ტრავმასთან.

პლავიქსის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ადგილი აქვს ქვემოთ მითითებულ რომელიმე შემთხვევას:

  • · თუ დაგეგმილია რომელიმე ოპერაცია, მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურა,
  • · თუ განვითარდება სამედიცინო შემთხვევა, რომელსაც ეწოდება თრომბოზულითრომბოციტოპენიურიპურპურ (თთპ), რომელსაც ახასიათებს ცხელება, კანქვეშ სისხლჩაქცევებიდან გამომდინარე კანზე პატარა წითელი წერტილები და/ან ძლიერი დაღლილობა, კონფუზია, კანის და თვალების სიყვითლე
  • · თუ ჭრილობიდან სისხლდენა გრძელდება ჩვეულებრივზე დიდხანს.

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება.

გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

პლავიქსი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

პლავიქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები არ ზემოქმედებს პლავიქსის შეწოვაზე. პლავიქსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ორ კვებას შორის შუალედში.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული პლავიქსის მიღება ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პლავიქსის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ბავშვის ძუძუთი კვება.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ, პლავიქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი, რომ პლავიქსმა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარის რაიმე სახით შეცვლა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პლავიქსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პლავიქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გარდა ამისა, პლავიქსის შემადგენლობაში არსებულმა ჰიდროგენიზებულმა აბუსალათინის ზეთმა შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა და ფაღარათი.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს პლავიქსის გამოყენებაზე ან პლავიქსმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის გამოყენებაზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს, განსაკუთრებით ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, მათ შორის რეცეპტის გარეშე:

- პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდონ სისხლდენის რისკი:

  • o ორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების შემცირების მიზნით გამოყენებული პრეპარატები), როგორიცაა ვარფარინი
  • o არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (როგორც წესი, კუნთების ან სახსრების ტკივილის და/ან ანთების დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები)
  • o ჰეპარინი ან სისხლის შედედების შემცირების მიზნით გამოყენებული ზოგიერთი სხვა პრეპარატი
  • o ტიკლოპიდინი (სხვა ანტითრომბოციტური პრეპარატები)
  • o სეროტონინისუკუმიტაცებისსელექტიურიინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები), როგორიცაა ფლუვოქსამინი ან ფლუოქსეტინი
  • o რიფამპიცინი (გამოიყენება ძლიერი ინფექციების სამკურნალოდ)

- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კლასის პრეპარატები (კუჭის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები), როგორიცაა ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი.

- ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი (ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები)

- ეფავირენზი და სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატები (შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები)

- კარბამაზეპინი (ეპილეფსიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი)

- მოკლობემიდი (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი)

- რეპაგლინიდი (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი)

- პაკლიტაქსელი (ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი)

- ოპიოიდები: კლოპიდოგრელით მკურნალობისას რომელიმე ოპიოიდის (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) დანიშვნამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.

- როზუვასტატინი (ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად გამოყენებული პრეპარატი).

არ არის რეკომენდებული ამ ტიპის პრეპარატების გამოყენება პლავიქსთან ერთად.

თუ იღებთ რომელიმე ზემოაღნიშნულ პრეპარატს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გადატანილი გაქვთ ძლიერი ტკივილი მკერდის მიდამოში (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი), ინსულტის სიმპტომები, რომელიც გაქრა მცირე ხნის შემდეგ (გარდამავალი იშემიური შეტევა) ან მსუბუქი იშემიური ინსულტი, შესაძლებელია ექიმმა პლავიქსთან ერთად დაგინიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავაც (აცეტილსალიცილის მჟავა არის ნივთიერება, რომელიც შედის მრავალ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ პრეპარატში). აცეტილსალიცილის მჟავას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გამოყენება (24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 1000 მგ დოზა), როგორც წესი, არ გამოიწვევს პრობლემას, მაგრამ სხვა შემთხვევებში, თუ საჭირო გახდება უფრო ხანგრძლივად გამოყენება, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

მომავალში პლავიქსით მკურნალობის პერიოდში თუ დაგჭირდებათ სხვა პრეპარატის გამოყენება, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება პლავიქსი?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ექიმი მიგითითებთ, როგორ და რა დოზებით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი.

პლავიქსი ყოველთვის მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მიიღოთ პრეპარატი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა, მათ შორის წინაგულთა ფიბრილაციის (არათანაბარი გულისცემის), დროს დღეში შეადგენს 75 მგ პლავიქსის ტაბლეტს, რომელიც მიიღება პერორალურად, უზმოდ ან ჭამის შემდეგ და ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.

თუ გქონდათ მკერდის ძლიერი ტკივილი (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი), ექიმმა მკურნალობის დაწყებისას შესაძლებელია დაგინიშნოთ 300 მგ ან 600 მგ პლავიქსი (300 მგ-იანი ერთი ან ორი ტაბლეტი ან 75 მგ-იანი 4 ან 8 ტაბლეტი). შემდგომი რეკომენდებული დოზაა ზემოაღნიშნულის მგავსად დღეში 75 მგ პლავიქსის ტაბლეტი.

თუ გქონდათ ინსულტის სიმპტომები, რომელიც გაქრა მცირე ხნის შემდეგ (გარდამავალი იშემიური შეტევა) ან მსუბუქი იშემიური ინსულტი, ექიმმა მკურნალობის დაწყებისას შესაძლებელია ერთჯერადად დაგინიშნოთ 300 მგ პლავიქსი (75 მგ-იანი 4 ტაბლეტი). შემდგომი რეკომენდებული დოზაა 3 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ 75 მგ პლავიქსის ერთი ტაბლეტი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, როგორც ეს განმარტებულია ზემოთ. შემდეგ კი ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ მხოლოდ პლავიქსი ან მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავა.

ტაბლეტები მიიღეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება უზრუნველყოფს დაავადებასთან დაკავშირებით ყველაზე საუკეთესო ეფექტის მიღებას. ამავე დროს დაგეხმარებათ, გაიხსენოთ, როდის უნდა მიიღოთ ტაბლეტები.

თუ იგეგმება თქვენთვის ქირურგიული პროცედურის ჩატარება (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები), აუცილებლად უთხარით ექიმს, რომ იყენებთ პლავიქსს.

თუ ექიმი არ მოგცემთ სხვა რეკომენდაციას, დაიცავით ეს მითითებები.

უნდა განაგრძოთ პლავიქსის მიღება ექიმის მიერ დანიშნული ვადის განმავლობაში.

გამოყენების გზა და მეთოდი:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩაყლაპეთ დაღეჭვის გარეშე ჭამის დროს ან საკვების მიღებას შორის შუალედებში ნებისმიერ დროს საკმარისი რაოდენობის წყლით (1 ჭიქა წყლით).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებში გამოყენება

პლავიქსი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ასაკოვნებში გამოყენება

არ არის საჭირო დოზის კორექტირება ასაკოვნებისთვის. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ გარკვეული ტიპის გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST ელევაციით), კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს დარტყმითი დოზის გარეშე.

გამოყენების სპეციალური პირობები

ჯვარედინი ალერგიული რეაქცია : საჭიროა სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ანტითრომბოციტული პრეპარატების მიმართ.

თირკმლის უკმარისობა : საჭიროა სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

ღვიძლის უკმარისობა : არ შეიძლება გამოყენება ღვიძლის სერიოზული უკმარისობის დროს. მსუბუქი და საშუალო ხარისხით ღვიძლის უკმარისობის დროს საჭიროა გამოყენება სიფრთხილის დაცვით.

თუ თვლით, რომ პლავიქსის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ პლავიქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ შემთხვევით მიიღეთ პლავიქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზის მიღების შედეგად შესაძლებელია გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

თუ შემთხვევით მიიღებთ ერთ ზედმეტ ტაბლეტს, არ არის მოსალოდნელი გართულება. თუ შემთხვევით მიიღებთ ერთზე მეტ ზედმეტ ტაბლეტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს. თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ ტაბლეტები ან პრეპარატის კოლოფი, რათა აჩვენოთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პლავიქსის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ პლავიქსის ერთი დოზის მიღება, მაგრამ 12 საათის განმავლობაში გაგახსენდებათ, რომ არ დაგილევიათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ ტაბლეტი და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

თუ დოზის გამოტოვებიდან გასულია 12 საათზე მეტი, მომდევნო დოზა მიიღეთ დანიშნულ დროს. არასოდეს არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზების კომპენსირების მიზნით.

პლავიქსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

თუ პლავიქსით მკურნალობას შეწყვეტთ ექიმის თანხმობის გარეშე, გაიზრდება სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის რისკი. აქედან გამომდინარე შესაძლებელია განვითარდეს ათეროთრომბოზული შემთხვევები, როგორიცაა ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან სიკვდილი.

აღნიშნულის გამო არ შეწყვიტოთ მკურნალობა. მკურნალობის შეწყვეტამდე აუცილებლად კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად პლავიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი არსებული მონაცემებით.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შეწყვიტეთ პლავიქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

- თუ სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირებიდან გამომდინარე დაიწყება ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობა, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება

- თუ გამოვლინდება ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, რომელსაც ახლავს ან არ ახლავს სისხლდენა და/ან ყურადღების გაფანტვა

- პირის ღრუს შეშუპება ან ქავილი, კანზე გამონაყარი, ბუშტუკები. ეს ალერგიული რეაქციის სიმპტომებია.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში მკურნალობა.

სხვა გვერდითი მოვლენები :

ხშირი

პლავიქსის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა. შესაძლებელია განვითარდეს კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, სილურჯე, ჰემატომა (კანქვეშ ძლიერი სისხლჩაქცევა ან სილურჯე), ცხვირიდან სისხლდენა, შარდში სისხლი. მცირე შემთხვევებში ცნობილია თვალში, თავის ქალაში, ფილტვებში ან სახსრებში სისხლჩაქცევა.

ქსოვილებში სისხლის დაგროვებიდან გამომდინარე შეშუპება

ცხვირიდან სისხლდენა

კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა

ნაოპერაციევი მიდამოდან სისხლდენა

ფაღარათი

მუცლის ტკივილი

მონელების პრობლემა ან მკერდის მიდამოში წვის შეგრძნება ტკივილით

კანზე დაზიანება

არახშირი

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)

ეოზინოფილების რაოდენობის მატება (ეოზინოფილია)

ქალასშიდა სისხლდენა (ცნობილია სიკვდილის შემთხვევები)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

დაბუჟების/შემცივნების შეგრძნება (პარესთეზია)

თვალში სისხლჩაქცევა

კუჭის ლორწოვანის დაზიანება (კუჭის წყლული)

თორმეტგოჯა ნაწლავის დაზიანება (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული)

კუჭის ლორწოვანის ანთება

ღებინება

გულისრევა

ყაბზობა

სიწითლე, ქავილი, კანზე სისხლჩაქცევა (პურპურა)

შარდში სისხლი

გახანგრძლივებული სისხლდენა, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

შებერილობა (ნაწლავებში ან კუჭში დიდი რაოდენობით აირების დაგროვება)

იშვიათი

ნეიტროფილების რაოდენობის ძლიერი შემცირება (ნეიტროპენია, მათ შორის სერიოზული ნეიტროპენია)

დროებითი დეზორიენტაცია, რომელსაც ახლავს წონასწორობის დარღვევა და თვალებში დაბნელება (ვერტიგო)

გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ზრდა)

მუცლის გარსის გარეთა ან უკანა ნაწილში სისხლდენა (რეტროპერიტონეალური სისხლდენა)

ძალიან იშვიათი

დაავადება, რომელიც ვლინდება ცხელებით, ნემსის წვერის ზომის წითელი სისხლჩაქცევებით, გონების გაფანტვით, თავის ტკივილით და თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით (თრომბოზულითრომბოციტოპენიურიპურპურა = თთპ)

ძვლის ტვინის დაზიანების შედეგად სისხლის უჯრედების ფორმირების შემცირებით განვითარებული ანემიის სახეობა (აპლასტიკური ანემია)

სისხლის ყველა უჯრედული სტრუქტურის უკმარისობა (პანციტოპენია)

გრანულოციტების რაოდენობის შემცირება და შედეგად პირის ღრუში, ყელსა და კანზე დაზიანებები (აგრანულოციტოზი)

თრომბოციტების რაოდენობის მაღალი ხარისხით შემცირება (სერიოზული თრომბოციტოპენია)

გრანულოციტების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია)

ანემია

A ტიპის ჰემოფილია, რომელიც ვლინდება სისხლის შედედების დარღვევებით

ჰიპერმგრძნობელობა შემდეგი სიმპტომებით: ცხელება, ურტიკარია, შეშუპება, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება (შრატისმიერი დაავადება)

ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები

არარსებული ობიექტის დანახვა, გაგონება, გემოს ან სუნის შეგრძნება (ჰალუცინაციები)

დეზორიენტაცია

გემოს აღქმის დარღვევები ან გემოს შეგრძნების დაკარგვა

სეროზული სისხლდენა

ნაოპერაციევი ჭრილობიდან სისხლდენა

სისხლძარღვების ანთება

არტერიული წნევის დაქვეითება

სასუნთქი გზებიდან სისხლდენა (ჰემოპტიზი)

ბრონქების შევიწროება

ინტერსტიციალური პნევმონია (სუნთქვის გაძნელება, რომელსაც ზოგჯერ ახლავს ხველა)

ეოზინოფილური პნევმონია (ფილტვის იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება)

კუჭიდან ან ნაწლავებიდან, მუცლის გარსიდან რეტროპერიტონეალური სისხლდენა, რომელიც სრულდება სიკვდილით

პანკრეასის ანთება

მსხვილი ნაწლავის ანთება (მათ შორის წყლულოვანი და ლიმფოციტური კოლიტი)

პირის ღრუს ანთება

ღვიძლის მწვავე უკმარისობა

სიყვითლე

ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში დარღვევები

კანზე სითხით სავსე ბუშტუკები (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და ა.შ.)

სიწითლე ბუშტუკებით ან ქერქით, ალერგიის შედეგად სახის ან ყელის შეშუპება (ანგიოედემა)

ჭინჭრის ციება

წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, წამლისმიერირეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით - DRESS სინდრომი

კანის ანთება მკვეთრი ქავილით, უმეტესად გამონადენით (ეგზემა)

განსაკუთრებით ხელისა და ფეხის კანზე სიწითლე (წითელი ბრტყელი ლიქენი)

მთელს სხეულზე გავრცელებული გამონაყარი ანთებით ცხელებასთან ერთად (მწვავეგენერალიზებულიეგზანთემატოზურიპუსტულოზი)

კანზე გამონაყარი სიწითლით (ერითემა) ან აქერცვლით (ექსფოლიაციური დაზიანება)

ჩონჩხ-კუნთოვან სისტემაში სისხლჩაქცევები (ჰემართროზი)

სახსრების ანთება

სახსრების ტკივილი

კუნთების ტკივილი

თირკმლის დაავადება, გამოხატული თირკმლის კაპილარების ანთებით და დაზიანებით (გლომერულონეფრიტი)

სისხლში კრეატინინის დონის მატება

ცხელება

უცნობი სიხშირე

თიენოპირიდინებს (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) შორის ჯვარედინი რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე (იხილეთ, თავი 2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება პლავიქსის მიღებამდე), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ HLA DRA4 ქვეტიპი (უფრო ხშირად იაპონელთა პოპულაციაში), ინსულინის ავტოიმუნური სინდრომი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ინსულინის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაქვეითება).

ალერგიული რეაქციები, რომელიც ვლინდება მკერდის ან მუცლის ტკივილით (კოუნისის სინდრომი)

პლავიქსით მკურნალობის დროს ხანგრძლივი სისხლდენის შემთხვევაში

ჭრილობის ან დაზიანების შემთხვევაში სისხლის შეჩერებას შესაძლებელია დასჭირდეს ჩვეულებრივზე მეტი დრო. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის მსუბუქი ნაკაწრი ან ჭრილობა (მაგალითად, წვერის გაპარსვის დროს ჭრილობა). ამასთანავე ნებისმიერი ეჭვის გაჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენების შესახებ მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენები“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. პლავიქსის შენახვა

პლავიქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25 0C ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ პლავიქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ პლავიქსი, თუ შენიშნავთ რაიმე სახის დაზიანებას.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: შპს სანოფი საღლიქ ურუნლერი

შიშლი - სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.

ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 07.10.2022 წელს.

876453

170x290

TUR3