ფლუოქსეტინა ჯენერისი 20მგ #56კ
გააზიარე:
ფ ურცელი -ჩანართი : ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფლუოქსეტინა ჯენერისი 20 მგ კაფსულები, მყარი
ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღე ბამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი - ჩანართი , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
– შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
– თუ თქვენ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
– ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლოა, მან ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
– თუ რაიმე გვერდითი ეფექტი განვითარდა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში :
1. რა არის ფლუოქსეტინა ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ სანამ მიიღებთ ფლუოქსეტინა ჯენერისს
3. როგორ გამოიყენება ფლუოქსეტინა ჯენერისი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფლუოქსეტინა ჯენერისი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ფლუოქსეტინა ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
ფლუოქსეტინა ჯენერისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფლუოქსეტინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ერთ–ერთ ჯგუფს სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), ანტიდეპრესანტები.
ეს პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
მოზრდილები:
დიდი დეპრესიული ეპიზოდები.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.
ნერვული ბულიმია: ფლუოქსეტინა ჯენერისი ფსიქოთერაპიასთან ერთად გამოიყენება ჭარბი კვების და თვითგამოწვეული ღებინების შესამცირებლად.
8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:
საშუალო და მძიმე დეპრესიული აშლილობა, თუ დეპრესია არ ექვემდებარება ფსიქოლოგიურ თერაპიას 4-6 სეანსიის შემდეგ. ფლუოქსეტინა ჯენერისი საშუალო და მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე ბავშვს ან ახალგაზრდას უნდა დაენიშნოს მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან ერთად.
როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინა ჯენერისი
თავის ტვინში ყველას აქვს ნივთიერება, რომელსაც სეროტონინი ეწოდება. დეპრესიის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ან ნერვული ბულიმიის მქონე ადამიანებს სეროტონინის უფრო დაბალი დონე აქვთ, ვიდრე სხვებს. ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუ როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინა ჯენერისი და სხვა SSRI-ები, მაგრამ მათ შეუძლიათ დახმარება თავის ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით.
ამ მდგომარეობების მკურნალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი. თუ არ იმკურნალებთ, თქვენი მდგომარეობა შეიძლება არ გაქრეს და უფრო სერიოზული გახდეს და რთულად დაექვემდებაროს მკურნალობას.
თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში მკურნალობა, რათა დარწმუნდეთ, რომ სიმპტომები აღარ გაქვთ.
2. რა უნდა იცოდეთ სანამ მიიღებთ ფლუოქსეტინა ჯენერისის
არ მიიღოთ ფლუოქსეტინა ჯენერისი:
- · თუ გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). თუ განგივითარდათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- · თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც შეუქცევადი არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI), რადგან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები (მაგალითად, იპრონიაზიდი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
ფლუოქსეტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ შეუქცევადი არასელექტიური MAOI-ის შეწყვეტიდან 2 კვირის შემდეგ.
ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში არ მიიღოთ შეუქცევადი არასელექტიური MAO-ს ინჰიბიტორები. თუ ფლუოქსეტინა ჯენერისი დანიშნულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, ექიმმა უნდა განიხილოს უფრო ხანგრძლივი ინტერვალის დანიშვნა.
- • თუ იღებთ მეტოპროლოლს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან არსებობს გულისცემის ძლიერ შენელების რისკი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან თქვენ გეხებათ:
- · თუ იღებთ ბუპრენორფინის შემცველ სამკურნალო საშუალებებს. ამ პრეპარატების ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინა ჯენერისი“).
- · გულის პრობლემები;
- · ცხელების, კუნთების შებოჭილობის ან ტრემორის გამოვლენა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანება და ძლიერი აგზნება; შეიძლება გაწუხებდეთ ე.წ. „სეროტონინის სინდრომი“ ან „ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათად ვითარდება, მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობები; დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღების შეწყვეტა;
- · თუ ამჟამად ან წარსულში გქონიათ მანია; თუ გქონიათ მანიაკური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღების შეწყვეტა;
- · გაქვთ სისხლის შედედების დარღვევების ანამნეზი ან გაქვთ მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა“);
- · იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინა ჯენერისი“).
- · ეპილეფსია ან გულყრა (კრუნჩხვები); თუ გაქვთ კრუნჩხვები ან კრუნჩხვების სიხშირის მომატება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა;
- · მიმდინარე ECT (ელექტროკონვულსიური თერაპია);
- · მიმდინარე მკურნალობა ტამოქსიფენით (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ) (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინა ჯენერისი“);
- · მოუსვენრობის შეგრძნება და უძრავად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა (აკათიზია). ფლუოქსეტინა ჯენერისის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა;
- · დიაბეტი (ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მკურნალობის დოზის კორექტირება);
- · ღვიძლის პრობლემები (ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის კორექტირება);
- · დაბალი პულსი მოსვენების მდგომარეობაში და/ან თუ იცით, რომ შეიძლება გქონდეთ მარილის დეფიციტი ხანგრძლივი მძიმე დიარეის და ღებინების (ცუდად ყოფნის) ან დიურეტიკების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენების შედეგად;
- · თუ იღებთ დიურეტიკებს (ტაბლეტები, რომლებიც ააქტიურებენ შარდის გამოყოფას), განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული;
- · გლაუკომა (თვალში წნევის მომატება).
სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება.
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ამ პრეპარატების მოქმედებას დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი დრო.
შესაძლოა, უფრო მეტად ამდაგვარი ფიქრები გქონდეთ:
- თუ ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები.
- თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა მოზრდილი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში ფსიქიატრიული მდგომარეობებით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტით.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ნათესავისთვის ან ახლო მეგობრისთვის იმის თქმა, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ფურცელი–ჩანართი. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან თუ ღელავენ თქვენი ქცევის ცვლილებების გამო.
8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები:
18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას მომატებული აქვთ გვერდითი ეფექტების, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი), განვითარების რისკი. ფლუოქსეტინა ჯენერისი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში საშუალო და მძიმე დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოლოგიურ თერაპიასთან ერთად) და არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ფლუოქსეტინის ხანგრძლივი უსაფრთხოების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, სქესობრივი მომწიფების, გონებრივი, ემოციური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფლუოქსეტინი საშუალო და მძიმე დიდი დეპრესიული ეპიზოდების დროს, ფსიქოლოგიურ თერაპიასთან ერთად, რადგან ის გადაწყვეტს, რომ ეს თქვენს ინტერესებში შედის. თუ ექიმმა ფლუოქსეტინი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები განვითარდება ან გაუარესდება 18 წლამდე ასაკის პაციენტების მიერ ფლუოქსეინის მიღებისას, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.
ფლუოქსეტინა ჯენერისი არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინა ჯენერისი (ე.წ. SSRI), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.
სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინა ჯენერისი
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
არ მიიღოთ ფლუოქსეტინა ჯენერისი:
- ზოგიერთ შეუქცევად არასელექტიურ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (MAOI), რომელთაგან ზოგიერთი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. შეუქცევადი არასელექტიური MAOI-ები არ უნდა იქნას გამოყენებული ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად, რადგან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან ფატალური რეაქციებიც კი (სეროტონინის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი "არ მიიღოთ ფლუოქსეტინა ჯენერისი"). ფლუოქსეტინა ჯენერისით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ შეუქცევადი არასელექტიური MAOI-ის (მაგალითად, ტრანილციპრომინი) შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ. არ მიიღოთ შეუქცევადი არასელექტიური MAOI-ები ფლუოქსეტინა ჯენერისით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინა ჯენერისი დანიშნულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, ექიმმა შეიძლება განიხილოს 5 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ინტერვალი.
- მეტოპროლოლი გულის უკმარისობის დროს გამოყენებისას; არსებობს გულისცემის ძალიან შენელების რისკი.
ფლუოქსეტინა ჯენერისმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგი მედიკამენტების მოქმედებაზე (ურთიერთქმედება):
- ტამოქსიფენი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ), რადგან ფლუოქსეტინა ჯენერისმა შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატის დონე სისხლში, რაც გამოიწვევს ტამოქსიფენის ეფექტის შემცირებას, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვადასხვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დანიშვნა.
- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები A (MAOI-A), მათ შორის მოკლობემიდი, ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი) და მეთილთიონინიუმის ქლორიდი (ასევე ცნობილია, როგორც მეთილენის ლურჯი, გამოიყენება სამედიცინო ან ქიმიური პროდუქტებით გამოწვეული მეთჰემოგლობინემიის სამკურნალოდ): სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციების რისკის გამო (ე.წ. სეროტონინის სინდრომი). ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს შექცევადი MAOI-ებით მკურნალობის შეწყვეტიდან მეორე დღეს, მაგრამ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენზე ყურადღებით დაკვირვება და MAOI-A-ს უფრო დაბალი დოზის გამოყენება.
- მექვიტაზინი (ალერგიის სამკურნალოდ); რადგან ამ პრეპარატის ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკი.
- ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ); რადგან ფლუოქსეტინა ჯენერისმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში ამ პრეპარატის დონეზე, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფენიტოინის მეტი სიფრთხილით დანიშვნა და ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად მიღებისას გამოკვლევების ჩატარება.
- ლითიუმი, სელეგილინი, კრაზანა, ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ტრიპტანები (შაკიკის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი; ამ პრეპარატების ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად მიღებისას იზრდება მსუბუქი სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი. თქვენი ექიმი უფრო მეტი სიხშირით ჩაატარებს გამოკვლევებს.
- მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად,. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი ან გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი), რადგან ამ პრეპარატებიდან ერთი ან მეტის მიღებამ ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკი.
- ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), აასს (როგორიცაა იბრუპროფენი, დიკლოფენაკი), ასპირინი და სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება (მათ შორის, კლოზაპინი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ). ფლუოქსეტინა ჯენერისმა შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების მოქმედება სისხლზე. თუ ფლუოქსეტინა ჯენერისით მკურნალობა დაიწყება ან შეწყდება ვარფარინის მიღების დროს, ექიმმა უნდა ჩაატაროს გარკვეული ანალიზები, დაარეგულიროს თქვენი დოზა და უფრო ხშირად შეგამოწმოთ.
- ციპროჰეპტადინი (ალერგიის სამკურნალოდ); რადგან მან შეიძლება შეამციროს ფლუოქსეტინა ჯენერისის ეფექტი.
- სისხლში ნატრიუმის დონის დამწევი მედიკამენტები (მათ შორის, შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი პრეპარატები, დესმოპრესინი, კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი); რადგან ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ სისხლში ნატრიუმის ძალიან დაბალი დონის რისკი ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად მიღებისას.
- ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs) ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ფენოთიაზინები ან ბუტიროფენონები; რადგან ფლუოქსეტინა ჯენერისმა შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას.
- ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ნებივოლოლი ან ენკაინიდი (გულის პრობლემების სამკურნალოდ), კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკრნალოდ), ატომოქსეტინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, დეზიპრამინი და ამიტრიპტილინი) ან რისპერიდონი (შიზოფრენიის სამკურნალოდ); რადგან ფლუოქსეტინა ჯენერისმა შესაძლოა შეცვალოს ამ პრეპარატების დონე სისხლში, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს მათი დოზის შემცირება ფლუოქსეტინა ჯენერისთან ერთად მიღებისას.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ფლუოქსეტინა ჯენერისის გვერდითი მოვლენები და ზოგჯერ გამოიწვიოს ძალიან სერიოზული რეაქციები. ფლუოქსეტინა ჯენერისის გამოყენების დროს არ მიიღოთ სხვა მედიკამენტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე, განსაკუთრებით:
- ბუპრენორფინის შემცველი სამედიცინო პროდუქტები. ამ მედიკამენტებმა შეიძლება ურთიერთქმედება მოახდინონ ფლუოქსეტინა ჯენერისთან და შეიძლება განიცადოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების, მათ შორის თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთების, უნებლიე, რიტმული შეკუმშვა, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების მომატებული დაჭიმულობა, სხეულის 380C-ზე მაღალი ტემპერატურა. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ფლუოქსეტინა ჯენერისის საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად გამოყენება
ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე, თქვენი სურვილისამებრ.
ამ მედიკამენტის მიღების დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან.
ორსულობა , ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, თუ შესაძლოა ორსულად იყოთ ან თუ გეგმავთ ორსულობას.
არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც აჩვენებს თანდაყოლილი დეფექტების მომატებულ რისკს, განსაკუთრებით გულის დეფექტების, იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის პირველ თვეებში იღებდნენ ფლუოქსეტინს. ზოგად პოპულაციაში, დაახლოებით 100 ბავშვიდან 1 იბადება გულის დეფექტით. ეს მაჩვენებელი გაიზარდა დაახლოებით 2-მდე 100 ბავშვიდან იმ დედებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს. თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ ორსულობის დროს უმჯობესია თანდათან შეწყვიტოთ ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღება. თუმცა, თქვენი გარემოებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ უმჯობესია გააგრძელოთ ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღება.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მიღებისას ფლუოქსეტინის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში სერიოზული მდგომარეობის, ახალშობილის პერსისტული პულმონალური ჰიპერტენზიის (PPEN) რისკი, რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის აჩქარებას და მოლურჯო ელფერის წარმოქმნას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს თქვენს ბავშვს დაემართა, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ბებიაქალს და/ან ექიმს.
თუ ფლუოქსეტინა ჯენერისს ორსულობის ბოლოსკენ იღებთ, შესაძლოა გაიზარდოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი მშობიარობის შემდეგ მალევე, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევების ანამნეზი. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ფლუოქსეტინა ჯენერისს, რათა შეძლონ თქვენთვის რეკომენდაციების მოცემა.
სასურველია, არ გამოიყენოთ ეს მკურნალობა ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ამრიგად, თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღების თანდათანობით შეწყვეტა ორსულობის დროს ან ორსულობამდე. თუმცა, თქვენი გარემოებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ თქვენთვის უკეთესია ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღების გაგრძელება.
სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრებით ორსულობის გვიან პერიოდში ან უშუალოდ მშობიარობამდე, რადგან ახალშობილებში შემდეგი ეფექტებია აღწერილი: გაღიზიანება, ტრემორი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება.
ძუძუთი კვება
ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ჩვილებში. ძუძუთი კვება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აშკარად აუცილებელია. თუ ძუძუთი კვება გაგრძელდება, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფლუოქსეტინის უფრო დაბალი დოზა.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ფსიქოტროპულმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინა ჯენერისი, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს აზროვნებაზე ან კოორდინაციაზე. არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე ფლუოქსეტინა ჯენერისი.
ფლუოქსეტინა ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
3. როგორ გამოიყენ ება ფლუოქსეტინა ჯენერისი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ მეტი კაფსულა, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ.
გადაყლაპეთ კაფსულები წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ კაფსულები.
მოზრდილები:
რეკომენდებული დოზა:
დეპრესია: რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. ექიმი გადახედავს და დაარეგულირებს თქვენს დოზას საჭიროებისას მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს სიფრთხილით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. შესაძლოა, დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტის მიღების დაწყებისთანავე თავი უკეთ არ იგრძნოთ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან დეპრესიული სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება არ მოხდეს პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ. დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
ნერვული ბულიმია: რეკომენდებული დოზა არის 3 კაფსულა (60 მგ) დღეში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა: რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი გადახედავს და დაარეგულირებს დოზას 2 კვირის მკურნალობის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. თუ 10 კვირის განმავლობაში გაუმჯობესება არ შეინიშნება, ექიმი გადახედავს თქვენს მკურნალობას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (8-დან 18 წლამდე ასაკის დეპრესიით):
მკურნალობა უნდა დაიწყოს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში (მიიღება ფლუოქსეტინის 2.5 მლ ორალური სითხის სახით). 1-2 კვირის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 20 მგ–მდე/დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს სიფრთხილით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. დაბალი წონის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები. თუ აღინიშნება მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი, ექიმი განიხილავს მკურნალობის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელების საჭიროებას. თქვენი ექიმი განიხილავს მკურნალობის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელების საჭიროებას. თუ 9 კვირის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ექიმი ხელახლა შეაფასებს თქვენს მკურნალობას.
ხანდაზმულები:
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული, ექიმი დოზას გაზრდის უფრო დიდი სიფრთხილით და დღიური დოზა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 კაფსულას, 40 მგ-ს. მაქსიმალური დოზა შეადგენს 3 კაფსულას (60 მგ) დღეში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემა ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლუოქსეტინა ჯენერისზე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის დანიშვნა ან გითხრათ, რომ გამოიყენოთ ფლუოქსეტინა ჯენერისი დღეგამოშვებით.
თუ მიიღეთ მეტი ფლუოქსეტინა ჯენერისი, ვიდრე საჭიროა
- თუ მიიღეთ ძალიან ბევრი კაფსულა, მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას) ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
- თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ ფლუოქსეტინა ჯენერისის შეფუთვა.
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (მაგალითად, არარეგულარული გულისცემა ან გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, აგზნებიდან კომამდე.
თუ დაგავიწყდათ ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღება
- თუ გამოტოვეთ დოზა, ნუ ინერვიულებთ. მიიღეთ შემდეგი დოზა მეორე დღეს, ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
- მედიკამენტის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ მისი რეგულარული მიღების გახსენებაში.
თუ შეწყვეტთ ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღებას
- არ შეწყვიტოთ ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, როდესაც თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ მედიკამენტის მიღება.
- მიაქციეთ ყურადღება, რომ კაფსულები არ გამოგელიოთ.
თუ შეწყვეტთ ფლუოქსეტინა ჯენერისის მიღებას, შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი გვერდითი ეფექტები (მოხსნის სინდრომი): თავბრუსხვევა; ჩხვლეტის შეგრძნება, როგორც ქინძისთავებით და ნემსებით; ძილის დარღვევა (რეალისტური სიზმრები, კოშმარები, უძილობა); მოუსვენრობა ან აგზნება; უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე; შფოთვა; გულისრევა/ღებინება (ცუდად ყოფნის შეგრძნება ან ცუდად ყოფნა); ტრემორი (კანკალი); თავის ტკივილი.
ადამიანების უმეტესობას ფლუოქსეტინა ჯენერისის შეწყვეტის შემდეგ აღენიშნება ნებისმიერი სიმპტომის შემსუბუქება და რამდენიმე კვირაში მათი გაქრობა. თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომებს შენიშნავთ, დაუკავშირდით ექიმს.
ფლუოქსეტინა ჯენერისის შეწყვეტისას, ექიმი დაგეხმარებათ დოზის თანდათანობით შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში - ეს ხელს შეუწყობს აბსტინენციის სინდრომის განვითარების ალბათობის შემცირებას.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
- · თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს (იხილეთ ნაწილი 2).
- · თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, ტუჩების/ენის შეშუპება ან ხიხინი/ქოშინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და აცნობეთ ექიმს.
- · თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ და ვერ ზიხართ ან ვერ დგახართ ერთ ადგილზე, შესაძლოა გქონდეთ აკათიზია; ფლუოქსეტინა ჯენერისის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. თუ თავს ასე გრძნობთ, დაუკავშირდით ექიმს.
- · დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი კანი გაწითლდება, განვითარდება კანის სხვადასხვა რეაქცია, ან კანზე იწყება ბუშტუკების გაჩენა ან აქერცვლა. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები (ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს აღენიშნებოდეს) არის უძილობა, თავის ტკივილი, დიარეა, ცუდად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) და დაღლილობა.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა:
- · სიმპტომების კომბინაცია (ცნობილია როგორც „სეროტონინის სინდრომი“), აუხსნელი ცხელების, სუნთქვის ან გულისცემის გახშირებით, ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის ან ტრემორის, დაბნეულობის, უკიდურესი აგზნების ან ძილიანობის (მხოლოდ იშვიათად) ჩათვლით;
- · სისუსტის, ძილიანობის ან დაბნეულობის შეგრძნება, ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებში და პირებში (ხანდაზმულებში), რომლებიც იღებენ დიურეტიკებს (შარდმდენებს);
- · გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია;
- · გაღიზიანება და უკიდურესი აგზნებადობა;
- · გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულისცემის პათოლოგიურ ფუნქციონირებაზე.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი ეფექტი გაქვთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
ფლუოქსეტინის მიმღებ პაციენტებში ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1–მდე ადამიანში)
- · შიმშილის გრძნობის დაკარგვა, წონის დაკლება
- · ნერვიულობა, შფოთვა
- · მოუსვენრობა, კონცენტრაციის დაქვეითება
- · დაძაბულობის შეგრძნება
- · სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან სექსუალური პრობლემები (მათ შორის სექსუალური აქტივობის დროს ერექციის შენარჩუნების სირთულე)
- · ძილის პრობლემები, უჩვეულო სიზმრები, დაღლილობა ან ძილიანობა
- · თავბრუსხვევა
- · გემოს შეცვლა
- · უკონტროლო კანკალი
- · მხედველობის დაბინდვა
- · სწრაფი და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება
- · წამოხურება
- · მთქნარება
- · საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება
- · პირის სიმშრალე
- · გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
- · ჭარბი ოფლიანობა
- · სახსრების ტკივილი
- · ხშირი შარდვა
- · აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა
- · კანკალი ან შემცივნება
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნებოდეს 100-დან 1–მდე ადამიანში)
- · საკუთარი თავისგან განცალკევების განცდა
- · უცნაური ფიქრები
- · არანორმალურად მაღალი განწყობა
- · სექსუალური პრობლემები, მათ შორის ორგაზმის პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.
- · თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ფიქრები
- · კბილების კრაჭუნი
- · კუნთების კანკალი, უნებლიე მოძრაობები ან წონასწორობის პრობლემები
- · მეხსიერების დარღვევა
- · გაფართოებული (დილატირებული) გუგები
- · ყურებში შუილი
- · დაბალი არტერიული წნევა
- · ქოშინი
- · სისხლდენა ცხვირიდან
- · ყლაპვის გაძნელება
- · თმის ცვენა
- · სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მომატება
- · აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
- · ცივი ოფლი
- · შარდვის გაძნელება
- · სიცხის ან სიცივის შეგრძნება
- · ღვიძლის ტესტების პათოლოგიური შედეგები
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნებოდეს 1000-დან 1–მდე ადამიანში)
- · სისხლში მარილის დაბალი დონე
- · სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს
- · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
- · არატიპიური ველური ქცევა
- · ჰალუცინაციები
- · აგძნება
- · პანიკის შეტევები
- · დაბნეულობა
- · ენაბორძიკობა
- · აგრესია
- · გულყრები
- · ვასკულიტი (სისხლძარღვის ანთება)
- · კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის ქსოვილების სწრაფი შეშუპება
- · თკივილი მილში, რომლითაც კუჭი იღებს საკვებს ან წყალს
- · ჰეპატიტი
- · ფილტვების პრობლემები
- · მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ
- · კუნთების ტკივილი
- · შარდვის პრობლემები
- · დედის რძის გამომუშავება
უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
- · ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორსულობა ნაწილში 2.
ძვლების მოტეხილობები - ამ ტიპის მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ძვლების მოტეხილობის გაზრდილი რისკი.
ამ გვერდითი ეფექტების უმეტესობა, სავარაუდოდ, ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.
ბავშვები და მოზარდები (8-18 წლის)
– ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების გარდა, ფლუოქსეტინმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შესაძლოა გადადოს სქესობრივი მომწიფება. ბავშვებში ასევე ხშირად აღინიშნა სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები), მტრული განწყობა, მანია და ცხვირიდან სისხლდენა.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეატყობინოთ პირდაპირ INFARMED, I.P.-ის მეშვეობით ქვემოთ მოცემული საკონტაქტო პირების მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებსაიტი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია) ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:
Direção de Gestão do Risco de Medicamentos,
Parque da Saüde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 Lisboa
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ.ფოსტა: [email protected]
5. როგორ ინახება ფლუოქსეტინა ჯენერისი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე, კოლოფზე „EXP“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლუოქსეტინა ჯენერისი
- აქტიური ნივთიერება არის ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 22.357 მგ ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდს, რაც 20 მგ ფლუოქსეტინის ექვივალენტურია.
- სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სახამებელი (სიმინდის სახამებელი), მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.
კაფსულის გარსი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), პატენტ ბლუ V (E 131), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
საბეჭდი მელანი: შელაკი, პროპილენგლიკოლი, რკინის შავი ოქსიდი (E172), კალიუმის ჰიდროქსიდი.
როგორ გამოიყურება ფლუოქსეტინ ა ჯენერისი და შეფუთვ ის შიგთავსი
მყარი კაფსულა.
ფლუოქსეტინა ჯენერისი 20 მგ მყარი კაფსულები
გაუმჭვირვალე მწვანე თავსახური/ყვითელი კორპუსი, ზომა "4" მყარი ჟელატინის კაფსულა, შევსებული თეთრიდან მოთეთრო ფერამდე ფხვნილით და გაუმჭვირვალე მწვანე თავსახურზე დატანილია 'J', ხოლო ყვითელ კორპუსზე '96' შავი მელნით.
ფლუოქსეტინა ჯენერისი 20 მგ კაფსულები ხელმისაწვდომია პვქ/პვდქ - ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 და 56 კაფსულას.
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Generis Farmacêutica, S.A.
Rua João de Deus n.0 19
2700-487 Amadora
პორტუგალია
მწარმოებელი
Generis Farmacêutica, S.A.
Rua João de Deus n.0 19
2700-487 Amadora
პორტუგალია
APL Swift Services (Malta) Limited
HF26, Hal Far Industrial Estate, Hal Far,
Birzebbugia, BBG 3000
მალტა
ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს გადაიხედა ივლისი 2025










