ასტრილი 137მკგ+50მკგ120დ ნაზ/სპრ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია
დანართი- ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ასტრილი 137 მიკროგრამი/50 მიკროგრამი ყოველ შესხურებაზე
აზელასტინის ჰიდროქლორიდი/ფლუტიკაზონის პროპიონატი
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს ასტრილის ნაზალური სპრეი და რისთვის გამოიყენება
2. ინფორმაცია ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენებამდე
3. ასტრილის ნაზალური სპრეის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდით ეფექტები
5. ასტრილის ნაზალური სპრეის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს ასტრილის ნაზალური სპრეი და რისთვის გამოიყენება
ასტრილის ნაზალური სპრეი შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: აზელასტინის ჰიდროქლორიდს და ფლუტიკაზონის პროპიონატს.
- · აზელასტინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. ანტიჰისტამინური საშუალებები მოქმედებს ისეთი ნივთიერებების ეფექტის დაბლოკვით, როგორიცაა ჰისტამინი, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ალერგიული რეაქციის დროს, რითაც ამსუბუქებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს.
- · ფლუტიკაზონის პროპიონატი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ასტრილის ცხვირის სპრეი გამოიყენება საშუალო და მძიმე სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად, როდესაც მხოლოდ ინტრანაზალური ანტიჰისტამინური ან კორტიკოსტეროიდის გამოყენება არ არის საკმარისი.
სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტი არის ალერგიული რეაქციები ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა მტვერი (თივის ცხელება), სახლის მტვრის ტკიპები, ობი, მტვერი ან შინაური ცხოველები.
ასტრილის ცხვირის სპრეი ამსუბუქებს ალერგიის სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება და ცხვირის ქავილი ან გაჭედვა.
2. ინფორმაცია ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენებამდე
არ შეიძლება ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენება:
- · თუ თქვენ გაქვთ ალერგია აზელასტინის ჰიდროქლორიდზე და ფლუტიკაზონის პროპიონატზე ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- · ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ცხვირის ოპერაცია.
- · თქვენ გაქვთ ცხვირის ინფექცია. ცხვირის სასუნთქი გზების ინფექციები უნდა იმკურნალოთ ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით. თუ იღებთ ცხვირის ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს, ალერგიის სამკურნალოდ მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ ასტრილის ცხვირის სპრეი.
- · თქვენ გაწუხებთ ტუბერკულოზი ან არანამკურნალევი ინფექცია.
- · თქვენ გაქვთ მხედველობის დარღვევა ან თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა და/ან კატარაქტა. თუ ეს თქვენ გეხებათ, ასტრილის ცხვირის სპრეის გამოყენებისას თქვენ იქნებით მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
- · თქვენ გაწუხებთ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. სიფრთხილეა საჭირო სისტემური სტეროიდული მკურნალობიდან ასტრილის ცხვირის სპრეიზე გადასვლისას.
- · თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება. სისტემური გვერდითი მოვლენების რისკი გაზრდილია.
ამ შემთხვევებში, ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ ასტრილის ნაზალური სპრეი.
მნიშვნელოვანია, რომ დოზა მიიღოთ ქვემოთ მოცემული ნაწილის 3-ის ან ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკლება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, სისხლში შაქრის დაბალი დონე, მარილისადმი ლტოლვა, სახსრების ტკივილი, დეპრესია და კანის გამუქება. ამ შემთხვევაში, სტრესის პერიოდებში ან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის დროს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა მედიკამენტი.
თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის თავიდან ასაცილებლად, ექიმი გირჩევთ ყველაზე დაბალ დოზას, რომელიც ეფექტურად აკონტროლებს თქვენს რინიტის სიმპტომებს.
ცხვირის კორტიკოსტეროიდების (მაგალითად, ასტრილის) ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებსა და მოზარდებში. ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენი ბავშვის სიმაღლეს და დარწმუნდება, რომ ის იღებს ყველაზე დაბალ შესაძლო ეფექტურ დოზას.
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მხედველობის დაბინდვას ან სხვა მხედველობის დარღვევებს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ თუ არა, ასტრილის ცხვირის სპრეის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
ეს წამალი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სხვა მედიკამენტების და ასტრილის ნაზალური სპრეის მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ასტრილის ნაზალური სპრეის ეფექტი. ამიტომ, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორის აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს: რიტონავირს, კობიცისტატის და სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტებს: კეტოკონაზოლს), თქვენი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ასტრილის ნაზალურ სპრეის მცირე გავლენა აქვს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დაღლილობა ან თავბრუსხვევა შეიძლება განვითარდეს თავად მდგომარეობის გამო ან ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენების დროს. ამ შემთხვევებში, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება გააძლიეროს ეს ეფექტები.
ასტრილის ნაზალური სპრეი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს წამალი შეიცავს 14 მიკროგრამ ბენზალკონიუმის ქლორიდს ერთ შესხურებაზე, რაც ექვივალენტურია 0.014 მგ/0.14 გ-ის. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ სპრეის გამოყენებისას დისკომფორტს განიცდით.
3. ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენების წესი
ასტრილის ნაზალური სპრეი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
სრული თერაპიული სარგებლის მისაღწევად აუცილებელია ასტრილის ნაზალური სპრეის რეგულარული გამოყენება.
მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის)
- · რეკომენდებული დოზაა ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში დილით და საღამოს.
გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში
- · ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გამოყენება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
- · მონაცემები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
გამოყენების მეთოდი
ცხვირის ღრუში გამოსაყენებლად.
ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები და გამოიყენეთ პროდუქტი მხოლოდ დანიშნულების შესაბამისად.
გამოყენების ინსტრუქცია
სპრეის მომზადება
1. ბოთლი ფრთხილად შეანჯღრიეთ 5 წამის განმავლობაში ზემოთ და ქვემოთ დახრით და შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური (იხილეთ სურათი 1).
სურათი 1
2. ცხვირის სპრეის პირველად გამოყენებისას, ტუმბო უნდა მოამზადოთ ჰაერში შესხურებით.
3. ტუმბოს მოსამზადებლად უნდა დააწვეთ სპრეის ტუმბოს ორივე მხარეს ორი თითის მოთავსებით და ბოთლის ძირზე ცერა თითის დაჭერით.
4. ექვსჯერ დააჭირეთ და გაუშვით ტუმბო, სანამ წვრილი ნისლი არ წარმოიქმნება (იხილეთ სურათი 2).
5. ამის შემდეგ თქვენი ტუმბო მომზადებულია და გამოსაყენებლად მზადაა.
სურათი 2
6. თუ ცხვირის სპრეი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, ტუმბო ერთხელ უნდა დაამუშავოთ მასზე დაჭერით და შემდეგ გაშვებით.
სპრეის აპლიკაცია
1. ბოთლი ფრთხილად შეანჯღრიეთ 5 წამის განმავლობაში ზემოთ და ქვემოთ დახრით და შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური (იხილეთ სურათი 1).
2. ცხვირიდან ამოისუნთქეთ ნესტოების გასასუფთავებლად.
3. თავი დახარეთ ქვემოთ, ფეხის თითებისკენ. თავი უკან არ გადახაროთ.
4. ბოთლი ვერტიკალურად დაიჭირეთ და ფრთხილად ჩადეთ სპრეის წვერი ერთ ნესტოში.
5. თითით დახურეთ მეორე ნესტო, სწრაფად დააჭირეთ ერთხელ და ამავდროულად ფრთხილად შეისუნთქეთ (იხილეთ სურათი 3).
6. ამოისუნთქეთ პირით.
სურათი 3
7. იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოში.
8. ნელა შეისუნთქეთ და დოზის მიღების შემდეგ თავი უკან არ გადახაროთ. ეს ხელს შეუშლის წამლის ყელში მოხვედრას და უსიამოვნო გემოს გამოწვევას (იხილეთ სურათი 4).
სურათი 4
9. ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ შესასხურებელი წვერი სუფთა ხელსახოცით ან ნაჭრით და შემდეგ დაახურეთ დამცავი თავსახური.
10. არ დაჩხვლიტოთ საქშენი, თუ შესხურება არ მოხდება. გაწმინდეთ აქტივატორი წყლით.
მნიშვნელოვანია, რომ დოზა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. გამოიყენეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც დაგინიშნათ ექიმმა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ასტრილის ნაზალური სპრეი განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს ალერგიის სიმპტომების ხანგრძლივობას.
თუ გამოიყენეთ ასტრილის ნაზალური სპრეის ზედმეტი დოზირება
თუ ამ სამკურნალო საშალების ცხვირში ჭარბიდ დოზირებით შესხურებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე გართულების გამოვლენა. თუ შეგაშფოთებთ ნებისმიერი მდგომარეობა
ან დიდი ხნის განმავლობაში იყენებდით რეკომენდებულზე მაღალ დოზას, მიმართეთ ექიმს. თუ ნებისმიერმა პირმა, განსაკუთრებით ბავშვმა, შემთხვევით გადაყლაპა ასტრილის ნაზალური სპრეი, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენება
გამოიყენეთ ცხვირის სპრეი, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ გსურთ ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ასტრილის ნაზალური სპრეის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მკურნალობის დადებითი შედეგის გამოვლენას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- · ცხვირიდან სისხლდენა
ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
- · თავის ტკივილი
- · მწარე გემო პირში, განსაკუთრებით თუ ცხვირის სპრეის გამოყენებისას თავს უკან გადახრით. ეს უნდა გაქრეს, თუ ამ მედიკამენტის გამოყენებიდან რამდენიმე წუთში გაზიან სასმელს დალევთ.
- · უსიამოვნო სუნი
არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 -დან 1-მდე ადამიანში):
- · ცხვირის შიდა ნაწილის მსუბუქი გაღიზიანება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ჩხვლეტა, ქავილი ან ცემინება.
- · ცხვირის სიმშრალე, ხველა, ყელის სიმშრალე ან ყელის გაღიზიანება
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1,000 -დან 1-მდე ადამიანში):
- · პირის სიმშრალე
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10,000 -დან 1-მდე ადამიანში):
- · თავბრუსხვევა ან ძილიანობა
- · კატარაქტა, გლაუკომა ან თვალშიდა წნევის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა და/ან თვალების სიწითლე და ტკივილი. ეს გვერდითი მოვლენები აღინიშნა ფლუტიკაზონის პროპიონატის ცხვირის სპრეებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.
- · ცხვირის კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანება
- · გულისრევა, დაღლილობა, უღონოდ ყოფნა ან სისუსტე
- · გამონაყარი, კანის ქავილი ან წითელი, ამობურცული, ქავილი გამონაზარდები
- · ბრონქოსპაზმი (ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება)
სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშავთ შემდეგ სიმპტომებს:
- · სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის/სუნთქვის გაძნელება და კანზე გამონაყარის უეცარი გაჩენა. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები. გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს ეფექტი ძალიან იშვიათია.
უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
- · მხედველობის დაბინდვა
- · ცხვირში წყლულები
ამ პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები (მთელ სხეულზე მოქმედი გვერდითი მოვლენები). ეს გვერდითი მოვლენები კორტიკოსტეროიდული ცხვირის სპრეის გამოყენებისას გაცილებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურ პაციენტებსა და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის (იხილეთ მე-2 ნაწილი).
ცხვირის კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება ხელი შეუშალონ თქვენი ორგანიზმის ნორმალურ ჰორმონების გამომუშავებას, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას. ბავშვებსა და მოზარდებში ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება.
იშვიათ შემთხვევებში, ნაზალური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას დაფიქსირდა ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. ასტრილის ცხვირის სპრეის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე და გარე კოლოფზე წარწერით „ვარგისიანობის ვადა“ (EXP). ვარგისიანობის ვადა ვრცელდება ამ თვის ბოლო დღემდე.
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: გამოუყენებელი მედიკამენტი გადააგდეთ ცხვირის სპრეის პირველი გახსნიდან 12 თვის შემდეგ.
არ გადაყაროთ წამლები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი წამლები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ასტრილის სპრეი
აქტიური ნივთიერებაა: აზელასტინის ჰიდროქლორიდი და ფლუტიკაზონის პროპიონატი.
სუსპენზიის ყოველი გრამი შეიცავს 1000 მიკროგრამ აზელასტინის ჰიდროქლორიდს და 365 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
ყოველი შესხურება (0.14 გ) გამოყოფს 137 მიკროგრამ აზელასტინის ჰიდროქლორიდს (=125 მიკროგრამი აზელასტინი) და 50 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ედეტატი, გლიცეროლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთის სპირტი და გასუფთავებული წყალი.
ასტრილის ნაზალური სპრეის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ასტრილის ნაზალური სპრეი არის თეთრი, ერთგვაროვანი სუსპენზია.
ასტრილის ნაზალური სპრეი მოთავსებულია ქარვისფერ შუშის ბოთლში (ტიპი 1) შესასხურებელი ტუმბოთი, აპლიკატორით და დამცავი თავსახურით.
ფლაკონი შეიცავს 23 გ ნაზალური სპრეის სუსპენზიას (მინიმუმ 120 შესხურება).
ასტრილის ნაზალური სპრეი მოთავსებულია 25 მლ ბოთლში, რომელიც შეიცავს 23 გ სუსპენზიას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
შპს ,,ავერსი-ფარმა“/ LLC “Aversi-pharma”
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი
საქართველო
მწარმოებელი:
ჰუმანის საღლიკ ა.ს.
კარააღაჩ მაჰალესი, ფატიჰ ბულვარი N 32,
კაპაკლი, 59510, თურქეთი
ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 09/2025.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე










