ნაფანი 0,5მგ/მლ 2მლ#20ნებ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სამკურნალო საშუალების მახასიათებლების შეჯამება
1. სამკურნალო საშუალების დასახელებანაფანი 0.5 მგ/მლ ნებულაიზერის სუსპენზიასტერილური
2. თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:ნაფანის თითოეულ 2 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონში:ბუდესონიდი....................... 1 მგ შემცველობით (0.5 მგ ბუდესონიდი 1 მლ-ში).დამხმარე ნივთიერებები:დამხმარე ნივთიერებების ჩამოანათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.
3. წამლის ფორმა
საინჰალაციო სუსპენზია სტერილური ნებულიზაციისთვის.თეთრი, გაუმჭვირვალე სუსპენზია პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერად დოზიან ფლაკონებში.
4. კლინიკური მახასიათებლები4.1 თერაპიული ჩვენებებიიგი გამოიყენება ასთმის ყველა სტადიაზე, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ბრონქოდილატატორი, სიმპტომების კონტროლისა და პერორალური სტეროიდების საჭიროების შესამცირებლად. არ არის რეკომენდებული ერთჯერადი გამოყენება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს. ნაფანი ასევე რეკომენდებულია კრუპის მქონე ჩვილებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.
4.2 დოზირება და მიღების წესიდოზირება / მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა :ნაფანის დოზა განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და ასთმის კონტროლის მიღწევის შემდეგ უნდა დარეგულირდეს ყველაზე დაბალ შემანარჩუნებელ დოზამდე.გამოყენება შესაძლებელია დღეში ერთხელ ან ორჯერ. ერთჯერადი დოზა დღეში არის 0.25-1 მგ დღიური დოზა.რეკომენდებული საწყისი დოზა:ბრონქული ასთმის დროსმოზრდილები: მთლიანი დღიური დოზა შეადგენს 1-2 მგ-ს.6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: მთლიანი დღიური დოზა შეადგენს 0.25-0.5 მგ-ს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, შეიძლება განხილული იყოს უფრო მაღალი საწყისი დოზა, მაგ. მთლიანი 1 მგ დღეში.შემანარჩუნებელი მკურნალობა:ასთმის კონტროლის მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვანია დოზის კორექტირება ყველაზე დაბალ ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზამდე.შემანარჩუნებელი დოზის დიაპაზონი
| მოზრდილები/ხანდაზმულები: | მთლიანი დღიური დოზა შეადგენს 0.5-4 მგ-ს. ძალიან მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს. |
| 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: | მთლიანი დღიური დოზა შეადგენს 0.25-2 მგ-ს. |
ერთჯერადი დოზის მიღება დღეში
როგორც მოზრდილ, ასევე პედიატრიულ პაციენტებში შესაძლებელია ერთჯერადი დღიური დოზის მიღება 0.25-დან 1 მგ-მდე შემანარჩუნებელი დოზით დღეში. ერთჯერადი დღიური დოზის მიღება შესაძლებელია როგორც იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან არაკორტიკოსტეროიდულ თერაპიას, ასევე იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა კარგად კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით. დოზის მიღება შესაძლებელია დილით ან საღამოს. თუ ასთმა გაუარესდება, დოზა უნდა გაიზარდოს და საჭიროებისამებრ გაიყოს დღის განმავლობაში.
ეფექტის დაწყება
ნაფანის მიღების შემდეგ, ასთმის კონტროლი შეიძლება გაუმჯობესდეს მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღწევა 2-4 კვირაში.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ შემანარჩუნებელ პერორალურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს
ნაფანმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზა ან ჩაანაცვლოს პერორალური კორტიკოსტეროიდები ინჰალაციური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ( ნაფანი ) ასთმის კონტროლის შემცირების გარეშე ან უკეთესი კონტროლის უზრუნველყოფით.
პერორალური სტეროიდებიდან ნაფანზე გადასვლის დაწყებისას პაციენტი შედარებით სტაბილურ ფაზაში უნდა იმყოფებოდეს. თავდაპირველად, პაციენტმა უნდა გამოიყენოს ნაფანის მაღალი დოზა პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩვეულ შემანარჩუნებელ დოზასთან ერთად. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, პერორალური დოზა თანდათან უნდა შემცირდეს (მაგ., 2.5 მილიგრამით პრედნიზოლონი ან მისი ეკვივალენტი ყოველთვიურად) ყველაზე დაბალ დოზამდე, სადამდე შემცირებაც შესაძლებელია. მკაცრად რეკომენდებულია პერორალური დოზის ნელი ტემპით შეწყვეტა. შესაძლებელია, რომ ნაფანმა მრავალ პაციენტში სრულად ჩაანაცვლოს პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები.
პერორალური დოზის შეწყვეტის დროს ფილტვების ფუნქციის შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სისტემური კორტიკოსტეროიდების დეფიციტის სიმპტომები, მაგ. სახსრების და/ან კუნთების ტკივილი, დაღლილობა და დეპრესია. ასეთ პაციენტებს უნდა ურჩიონ გააგრძელონ ნაფანის გამოყენება, თუმცა, საჭიროა მათი საგულდაგულო მონიტორინგი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების თვალსაზრისით. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში, სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზა დროებით უნდა გაიზარდოს და პერორალური დოზის შეწყვეტა კიდევ უფრო შენელდეს. სტრესის ან მძიმე ასთმის შეტევის შემთხვევაში, გარდამავალ პერიოდში მყოფ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს სისტემური კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დამატება.
დოზის გაყოფა და შერევადობა
ნაფანის შერევა შესაძლებელია 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდთან (ფიზიოლოგიური ხსნარი) და ტერბუტალინის, სალბუტამოლის, ფენოტეროლის, აცეტილცისტეინის, ნატრიუმის კრომოგლიკატის ან იპრატროპიუმის ნებულაიზერის ხსნარებთან. ნარევის გამოყენება უნდა მოხდეს 30 წუთის განმავლობაში.
გახსნილი ერთჯერადი დოზის ფლაკონი ინახება პაკეტში, სინათლისგან დაცულ ადგილას. გახსნილი ერთჯერადი დოზის ფლაკონების გამოყენება უნდა მოხდეს 12 საათის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოყენებულია მხოლოდ 1 მლ, დარჩენილი მოცულობა სტერილური აღარ არის.
ცხრილი 1. დოზის ცხრილი
| დოზა (მგ) | ნაფანის მოცულობა | |
| 0.25 მგ/მლ | 0.5 მგ/მლ | |
| 0.250.50.7511.52 | 1 მლ*)2 მლ3 მლ--- | ---2 მლ3 მლ4 მლ |
*) 2 მლ-ის საერთო მოცულობის მისაღებად უნდა დაემატოს 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი (ფიზიოლოგიური ხსნარი).
კრუპი
კრუპის მქონე ჩვილებისა და ბავშვებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 2 მგ ნებულაიზირებული ბუდესონიდი. ეს დოზა შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ან ორ დოზად 1 მგ 30 წუთიანი ინტერვალებით. დოზირება შეიძლება განმეორდეს ყოველ 12 საათში მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში ან კლინიკური გაუმჯობესების მიღწევამდე.
ინსტრუქცია ნაფანის სწორი გამოყენების შესახებ:
ნაფანის ინჰალაცია ხდება შესაბამისი მუნდშტუკით ან სახის ნიღბით აღჭურვილი ჭავლური ნებულაიზერის გამოყენებით. ნებულაიზერი დაკავშირებული უნდა იყოს ჰაერის კომპრესორთან, რომელსაც აქვს საკმარისი ჰაერის ნაკადი (6-8 ლ/წთ) და შევსების მოცულობა უნდა იყოს 2-4 მლ.
შენიშვნა: მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირება შემდეგი პუნქტების შესახებ:
- · ყურადღებით გაეცანით პაციენტისთვის განკუთვნილ გამოყენების ინსტრუქციას და თითოეული ინჰალატორის შეფუთვაში მოთავსებულ ინსტრუქციას.
- · ნაფანის შერევა შესაძლებელია 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდთან (ფიზიოლოგიური ხსნარი) და ტერბუტალინის, სალბუტამოლის, ფენოტეროლის, აცეტილცისტეინის, ნატრიუმის კრომოგლიკატის ან იპრატროპიუმის ნებულაიზერის ხსნარებთან. ნარევის გამოყენება უნდა მოხდეს 30 წუთის განმავლობაში.
- · დანიშნული დოზის შესუნთქვის შემდეგ გამოივლეთ პირი წყლით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ კანდიდოზის რისკი პირის ღრუსა და ყელის არეში.
- · სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ სახის კანი ჩამოიბანეთ წყლით, რათა თავიდან აიცილოთ გაღიზიანება.
- · ულტრაბგერითი ნებულაიზერები არ არის შესაფერისი ნაფანის შესასუნთქად და შესაბამისად, არ არის რეკომენდებული.
- · ნებულაიზერი გაწმინდეთ და გამოიყენეთ მწარმოებლის მიერ მითითებული წესების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კორტიკოსტეროიდების გამოყოფაზე. თუმცა, ინტრავენურად მიღებული ბუდესონიდის პლაზმური კლირენსი მსგავსია ციროზით დაავადებულ პაციენტებში და ჯანმრთელ სუბიექტებში. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში, პერორალურად შეყვანილი ბუდესონიდის სისტემური ათვისება იზრდება პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ინჰალაციური ბუდესონიდის შესახებ, ნაფანით მკურნალობისას აღნიშნულის კლინიკური შედეგები უცნობია; თუმცა, შესაძლებელია პლაზმური დონის მომატება და შესაბამისად, სისტემური გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდა.
პედიატრიული პოპულაცია
6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება მითითებული დოზებით.
გერიატრიული პოპულაცია
ხანდაზმულებში დოზირების განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
4.3 უკუჩვენებები
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ბუდესონიდის ან მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგროძნობელობის მქონე პაციენტებში.
4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აქტიური ან ლატენტური ფილტვის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში და სასუნთქი გზების სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებში.
არასტეროიდებზე დამოკიდებული პაციენტები: თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, 10 დღის განმავლობაში მიიღწევა. ბრონქებში ლორწოს ჭარბი სეკრეციის მქონე პაციენტებში, თავდაპირველად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი პერორალური კორტიკოსტეროიდული რეჟიმი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 2 კვირა). პერორალური მედიკამენტების მიღების შემდეგ, მხოლოდ ნაფანით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადეკვატური მკურნალობა.
სტეროიდზე დამოკიდებული პაციენტები: პერორალური კორტიკოსტეროიდებიდან ნაფანზე გადასვლისას პაციენტი შედარებით სტაბილურ ფაზაში უნდა იმყოფებოდეს. პრეპარატი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს მანამდე გამოყენებულ პერორალურ სტეროიდულ საშუალებებთან ერთად. ამის შემდეგ, პერორალური სტეროიდის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ შესაძლო დონემდე (მაგ., 2.5 მგ პრედნიზოლონი ან მისი ექვივალენტი ყოველთვიურად). ბევრ შემთხვევაში, ნაფანმა შესაძლებელია მთლიანად ჩაანაცვლოს პერორალური კორტიკოსტეროიდები.
პნევმონიის რისკი შეიძლება გაიზარდოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებშიც ინჰალაციური სტეროიდები კომბინირებულია.
პერორალური მკურნალობიდან ნაფანით მკურნალობაზე გადასვლისას, როგორც წესი, უფრო დაბალია სისტემური სტეროიდული ეფექტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ან ართრიტის სიმპტომები, როგორიცაა რინიტი, ეგზემა და კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ასეთი მდგომარეობების დროს უნდა დაიწყოს სპეციფიკური მკურნალობა.
იშვიათ შემთხვევებში, გენერალიზებული გლუკოკორტიკოსტეროიდულ უკმარისობაზეა ეჭვი, თუ განვითარდება დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ამ შემთხვევებში ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდის დოზის დროებითი გაზრდა.
როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის შემთხვევაში, გამოყენებისთანავე შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი გაძლიერებული ხიხინით. თუ ეს მოხდა, ინჰალაციური ბუდესონიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა.
პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ გადაუდებელი მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდული თერაპია ან ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზით ხანგრძლივი მკურნალობა, შესაძლოა იმყოფებოდნენ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ.
ამ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები ძლიერი სტრესის დროს. სტრესის ან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის პერიოდებში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპია.
სისტემური ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ყველა ინჰალაციური კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანიშნული მაღალი დოზების დროს. ეს ეფექტები გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა ინჰალაციის სახით გამოყენებისას, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღებისას. სისტემური ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს, მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგის მსგავს სიმპტომებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას, კატარაქტას და გლაუკომას, ხოლო ძალიან იშვიათად, ფიზიოლოგიური ან ქცევითი დარღვევების ფართო სპექტრს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში). ამიტომ მნიშვნელოვანია ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დოზის კორექტირება იმ უმცირეს დოზამდე, რომლის დროსაც მიიღწევა ასთმის ეფექტური კონტროლი.
ნაფანის ინჰალაციური ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი არ არის განკუთვნილი მწვავე ასთმური შეტევების სწრაფი მკურნალობისთვის, რომლებიც საჭიროებენ ინჰალაციურ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორს. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს, თუ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით მკურნალობა არაეფექტურია ან თუ მათ ჩვეულებრივზე მეტი ინჰალაცია სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, განსახილველი იქნება მათი რეგულარული დოზის გაზრდა, ანუ ინჰალაციური ბუდესონიდის დოზის გაზრდა ან ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტის ან პერორალური კორტიკოსტეროიდების დამატება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს კორტიკოსტეროიდების გამოყოფაზე, რაც იწვევს გამოყოფის სიჩქარის შემცირებას და უფრო ძლიერ ზემოქმედებას. უნდა იქნას გათვალისწინებული შესაძლო სისტემური გვერდითი მოვლენები.
თუმცა, ინტრავენურად შეყვანილი ბუდესონიდის პლაზმური კლირენსი მსგავსია ციროზით დაავადებულ და ჯანმრთელ პირებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პერორალურად მიღებული ბუდესონიდის სისტემური ათვისება იზრდება პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ინჰალაციური ბუდესონიდის შესახებ, ნაფანით მკურნალობისას აღნიშნულის კლინიკური შედეგები უცნობია; თუმცა, შესაძლებელია პლაზმური დონის მომატება და შესაბამისად, სისტემური გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდა.
ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა CYP3A-ის ინჰიბიტორები (მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები და კობისტატიკის შემცველი საშუალებები), შეიძლება გაზარდონ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების რისკი, როდესაც ბუდესონიდის მიღება ხდება ნებულაიზერის საშუალებით. ამიტომ, ამ კომბინაციის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება გაზრდილ რისკს, ამ შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გამოსავლენად. აღნიშნულს აქვს უმნიშვნელო კლინიკური მნიშვნელობა იტრაკონაზოლით, კეტოკონაზოლით ან სხვა ძლიერი CYP3A-ის ინჰიბიტორებით ხანმოკლე (1-2 კვირაზე ნაკლები) მკურნალობისას, მაგრამ გასათვალისწინებელია ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ასევე უნდა განიხილებოდეს ბუდესონიდის დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.5).
ნებულაიზერის კამერა უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ. ნებულაიზერის კამერა და მუნდშტუკი ან სახის ნიღაბი უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და რბილი სარეცხი საშუალებით. კარგად გამოავლეთ და გააშრეთ ნებულაიზერის კამერა კომპრესორთან ან ჰაერის შესასვლელთან მიერთებით.
ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს კანდიდოზი. ამ ინფექციას შეიძლება დასჭირდეს შესაბამისი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიით მკურნალობა და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პარაგრაფი 4.2).
პნევმონია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში
ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების (COPD) მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდების შემცველ ინჰალაციურ პრეპარატებს დაფიქსირდა პნევმონიის გახშირებული შემთხვევები, მათ შორის ჰოსპიტალიზაციას დაქვემდებარებული პნევმონიაც. არსებობს მტკიცებულება პნევმონიის განვითარების რისკის გაზრდის შესახებ სტეროიდების დოზების ზრდასთან ერთად, თუმცა ეს ყველა კვლევაში საბოლოოდ არ არის დადასტურებული.
კორტიკოსტეროიდების შემცველი ინჰალაციური მედიკამენტების გამოყენებისას პნევმონიის რისკის სიდიდის კლასშიდა ვარიაციის საბოლოო კლინიკური მტკიცებულება არ არსებობს.
ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პნევმონიის შესაძლო განვითარებას ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების (COPD) მქონე პაციენტებში, რადგან ინფექციების კლინიკური ნიშნები შესაძლოა დაემთხვეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების სიმპტომებს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში პნევმონიის რისკ-ფაქტორებია: მოწევა, ხანდაზმული ასაკი, სხეულის მასის დაბალი ინდექსი და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მძიმე ფორმა.
მხედველობის დარღვევა
მხედველობის დარღვევა შეიძლება აღინიშნებოდეს სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, განხილული უნდა იყოს პაციენტის ოფთალმოლოგთან გადამისამართების საკითხი შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელიც აღინიშნება სისტემური ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
გავლენა ზრდაზე
ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი. თუ ზრდა შენელდება, მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მიზნით, თუ შესაძლებელია, იმ ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც ნარჩუნდება ასთმის ეფექტური კონტროლი. ზრდის დათრგუნვის პოტენციური რისკი საგულდაგულოდ უნდა შეფასდეს კორტიკოსტეროიდული თერაპიის სარგებელთან შეფარდებით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის პედიატრიულ რესპირატორულ სპეციალისტთან გადამისამართების შესაძლებლობა.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ბუდესონიდი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა CYP3A-ის ინჰიბიტორები (მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები და კობისტატიკის შემცველი საშუალებები), შეიძლება გაზარდონ ნებულაიზერის საშუალებით მიღებული ბუდესონიდის სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების რისკი. (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.2).
ნაფანის და CYP3A-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები და კობისტატიკის შემცველი საშუალებები) კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს, ამ შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გამოსავლენად. თუ ბუდესონიდი მიიღება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (მაგალითად, იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი), მაშინ მკურნალობებს შორის ინტერვალი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი. შეიძლება განიხილებოდეს ბუდესონიდის დოზის შემცირება.
ბუდესონიდის მაღალი დოზების ამ ურთიერთქმედების შესახებ მოიპოვება შეზღუდული მონაცემები; პლაზმური დონის მნიშვნელოვანი ზრდა (საშუალოდ ოთხჯერ) შეიძლება აღინიშნოს, როდესაც ინჰალირებული ბუდესონიდი (1000 მკგ ერთჯერადი დოზა) გამოიყენება 200 მგ იტრაკონაზოლთან ერთად დღეში ერთხელ.
ქალებში, რომლებიც იღებდნენ კონტრაცეპტივებს სტეროიდებით ან ესტროგენებით, აღინიშნა კორტიკოსტეროიდების მაღალი პლაზმური კონცენტრაციები და ეფექტების გაძლიერება, თუმცა ბუდესონიდისა და დაბალი დოზით კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღებისას არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა.
ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია შესაძლოა დათრგუნული იყოს, ჰიპოფიზის უკმარისობის დიაგნოზის დასასმელად ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციის ტესტმა შესაძლოა მცდარი შედეგები აჩვენოს (დაბალი მაჩვენებლები).
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:
განსაკუთრებული პოპულაციებისთვის სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
პედიატრიული პოპულაცია:
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
4.6 ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: B
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კონტრაცეფცია )
ქალებში, რომლებიც იღებდნენ კონტრაცეპტივებს სტეროიდებით ან ესტროგენებით, აღინიშნა კორტიკოსტეროიდების მაღალი პლაზმური კონცენტრაციები და ეფექტების გაძლიერება, თუმცა ბუდესონიდისა და დაბალი დოზით კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღებისას არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა.
ორსულობის პერიოდი
ინჰალაციური ბუდესონიდით ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია მისი ეფექტის შესაფასებლად ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე და/ან მშობიარობასა და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).
პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
ორსული ქალებისთვის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.
პროსპექტიული ეპიდემიოლოგიური კვლევებით და მსოფლიო მასშტაბით შეგროვებული პოსტმარკეტინგული მონაცემების უმეტესი შედეგებით ვერ იქნა გამოვლენილი ორსულობის დროს ინჰალაციური ბუდესონიდის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე უარყოფითი ეფექტი ნაყოფსა და ახალშობილზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები იწვევენ მალფორმაციებს (იხ. პარაგრაფი 5.3).
აღნიშნული ნაკლებად სავარაუდოა, ადამიანებში რეკომენდებული დოზების გათვალისწინებით, თუმცა ინჰალაციური ბუდესონიდით მკურნალობა რეგულარულად უნდა გადაიხედოს და შენარჩუნდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით. ორსულობის დროს მნიშვნელოვანია ასთმის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება როგორც ნაყოფისთვის, ასევე დედისთვის. როგორც ორსულობის დროს დანიშნული სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ბუდესონიდის სარგებელი დედისთვის და რისკი ნაყოფისთვის.
ინჰალაციური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება გასათვალისწინებელია, რადგან მათ უფრო დაბალი სისტემური ეფექტები აქვთ პერორალურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან შედარებით, რომლებიც საჭიროა მსგავსი ფილტვისმიერი რეაქციების მისაღწევად.
ლაქტაციის პერიოდი
ბუდესონიდი გამოიყოფა დედის რძეში. თუმცა, ნაფანის თერაპიული დოზებით გამოყენებისას ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. ნაფანის გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში.
ასთმით დაავადებულ მეძუძურ ქალებში ინჰალაციური ბუდესონიდით (200 ან 400 მიკროგრამი დღეში ორჯერ) შემანარჩუნებელი თერაპია იწვევს ბუდესონიდის უმნიშვნელო სისტემურ ზემოქმედებას ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში.
ფარმაკოკინეტიკური კვლევის მიხედვით, ჩვილისთვის განკუთვნილი დღიური დოზა ორივე დოზის დონეზე დედის დღიური დოზის 0.3%-ს შეადგენდა, ხოლო ჩვილებში პლაზმური საშუალო კონცენტრაცია დედის პლაზმაში დაფიქსირებული კონცენტრაციების 1/600-ს შეადგენდა, ჩვილში სრული პერორალური ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით. ჩვილის პლაზმის ნიმუშებში ბუდესონიდის ყველა კონცენტრაცია აღმოჩენის ზღვარზე დაბალი იყო.
ინჰალაციური ბუდესონიდის მონაცემებზე დაყრდნობით და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ბუდესონიდი ავლენს წრფივ ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს თერაპიული დოზების დიაპაზონში ნაზალური, ინჰალაციური, პერორალური და რექტალური შეყვანის შემდეგ, ბუდესონიდის თერაპიული დოზების ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვზე, სავარაუდოდ, იქნება დაბალი.
რეპროდუქციული უნარი (ფერტილობა)
მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
4.7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ნაფანი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
4.8 გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევების, ლიტერატურული ჩანაწერებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების მიხედვით, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები დაყოფილია სიხშირის ჯგუფებად შემდეგი კლასიფიკაციის გამოყენებით:
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არახშირი (≥ 1/1.000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10.000-დან < 1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10.000); უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: პირ-ხახის კანდიდოზური ინფექცია, პნევმონია (COPD-ით დაავადებულ პაციენტებში).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: კანისმიერი გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური დაუყოვნებელი და დაგვიანებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის რეაქცია*.
ენდოკრინული დაავადებები
იშვიათი: სისტემური კორტიკოსტეროიდების ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა და ზრდის შეფერხება**
ფსიქიატრიული დაავადებები
არახშირი: შფოთვა, დეპრესია;
არც ისე ხშირი: ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ძილის დარღვევები, გაღიზიანებადობა, ქცევითი დარღვევები (ძირითადად ბავშვებში).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: ტრემორი***
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
არახშირი: კატარაქტა, ბუნდოვანი მხედველობა (იხ. პარაგრაფი 4.4.);
უცნობი: გლაუკომა.
დარღვევები სასუნთქი გზების, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
ხშირი: ხველა, ხმის ჩახლეჩა, ყელის გაღიზიანება;
იშვიათი: ბრონქოსპაზმი, დისფონია, ხმის ჩახლეჩა***
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
იშვიათი: სისხლჩაქცევები კანზე.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ
არახშირი: კუნთების სპაზმი
* იხილეთ შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა; სახის კანის გაღიზიანება, ქვემოთ.
** იხილეთ პედიატრიული პოპულაცია, ქვემოთ.
*** კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული სიხშირის მიხედვით.
**** ბავშვებში იშვიათია.
ზოგჯერ, ინჰალაციური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული გვერდითი მოვლენების ნიშნები ან სიმპტომები, რაც შესაძლოა დამოკიდებულია დოზაზე, ზემოქმედების ხანგრძლივობაზე, კორტიკოსტეროიდების თანმხლებ და წარსულ ზემოქმედებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე (იხ. პარაგრაფი 4.4).
შერჩეული გვერდითი მოვლენების იდენტიფიცირება
პირ-ხახაში კანდიდოზით გამოწვეული ინფექციის გაზრდილი რისკი განპირობებულია პრეპარატის დაგროვებით. პაციენტისთვის რეკომენდებულია ყოველი დოზის მიღების შემდეგ პირის გამოვლება წყლით, რაც მინიმუმამდე შეამცირებს რისკს.
როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის შემთხვევაში, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი (იხ. პარაგრაფი 4.4).
ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა სახის კანის გაღიზიანება. ისინი ნებულაიზერს იყენებდნენ სახის ნიღაბთან ერთად. სახის კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ნიღბის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია სახის დაბანა წყლით.
პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, პლაცებო ჯგუფში კატარაქტა იშვიათად აღინიშნა. შეიქმნა კომბინირებული ანალიზი კლინიკური კვლევებიდან, რომელთა ფარგლებშიც 13119 პაციენტმა მიიღო ინჰალაციური ბუდესონიდი, ხოლო 7278 პაციენტმა – პლაცებო. შფოთვის გავრცელება ინჰალაციური ბუდესონიდის შემთხვევაში იყო 0.52%, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში 0.63%; დეპრესიის გავრცელება ინჰალაციური ბუდესონიდის შემთხვევაში იყო 0.67%, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში 1.15%.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ზრდის შეფერხების რისკის გამო, ზრდა უნდა გაკონტროლდეს 4.4 პარაგრაფის მიხედვით.
4.9 დოზის გადაჭარბება და მკურნალობა
ძალიან მაღალი დოზების მიღების შემთხვევაშიც კი, ნაფანით მწვავე დოზის გადაჭარბება კლინიკურად პრობლემას არ წარმოადგენს.
ნაფანი შეიცავს 0.1 მგ/მლ დინატრიუმის ედეტატს, რომელმაც 1.2 მგ/მლ-ზე მაღალი დოზის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოკონსტრიქცია.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ობსტრუქციული ფილტვის დაავადებების დროს (ინჰალანტები)
ათქ კოდი: R03BA02
ბუდესონიდი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი ძლიერი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების მექანიზმები ასთმის მკურნალობაში ბოლომდე შესწავლილი არ არის. ანთების საწინააღმდეგო ეფექტები, როგორიცაა ანთებითი მედიატორების გამოთავისუფლების ინჰიბირება და ციტოკინებით განპირობებული იმუნური პასუხის ინჰიბირება, სავარაუდოდ მნიშვნელოვანია.
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც შედარდა ინჰალაციური და პერორალური ბუდესონიდი იმ დოზებით, რომლებიც გამოითვლებოდა ასთმიან პაციენტებში მსგავსი სისტემური ბიოშეღწევადობის მისაღწევად, ინჰალაციური ბუდესონიდი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო, მაშინ როდესაც პერორალურ ბუდესონიდსა და პლაცებოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა. ინჰალაციური ბუდესონიდის თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ დოზებში დიდწილად აიხსნება მისი პირდაპირი ზემოქმედებით სასუნთქ გზებზე.
პროვოკაციული ბუდესონიდით ჩატარებული ოთხკვირიანი წინასწარი მკურნალობის კვლევის თანახმად, ასთმური რეაქციების დროს დაფიქსირდა როგორც ადრეული, ასევე გვიანი ბრონქული კონსტრიქციის შემცირება.
ეფექტის დაწყება
ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება შეინიშნება ბუდესონიდის ერთჯერადი დოზის პერორალურად, საინჰალაციო მშრალი ფხვნილის სახით მიღებიდან რამდენიმე საათში. ბუდესონიდის პერორალურად, საინჰალაციო მშრალი ფხვნილის სახით თერაპიული გამოყენების შემდეგ, მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს 4 კვირამდე, მაშინ როდესაც ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება უკვე აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში.
სასუნთქი გზების რეაქტიულობა
ბუდესონიდი ასევე ამცირებს სასუნთქი გზების რეაქტიულობას ჰისტამინისა და მეტაქოლინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
ასთმის გამწვავება
დღეში ერთხელ ან ორჯერ ინჰალირებული ბუდესონიდი ეფექტურად აფერხებს ასთმის გამწვავებას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
ვარჯიშით გამოწვეული ასთმა
ინჰალაციური ბუდესონიდით თერაპია ეფექტურად გამოიყენება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის პრევენციისთვის.
ზრდა
ხანმოკლე კვლევებში დაფიქსირდა ზრდის მცირე და, როგორც წესი, გარდამავალი შემცირება, რომელიც ჩვეულებრივ მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ვლინდებოდა. გრძელვადიანმა დაკვირვებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალოდ, ზრდასრულთა სამიზნე სიმაღლე მაინც მიიღწევა ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობენ ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით. თუმცა, კვლევის მონაწილე ბავშვი, რომელიც 6 წლამდე იღებდა ინჰალაციური ბუდესონიდის მაღალ დოზებს (400 მიკროგრამი დღეში) მშრალი ფხვნილის ინჰალატორის მეშვეობით, ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზამდე ტიტრაციის გარეშე, საშუალოდ 1.2 სმ-ით დაბალი იყო, ვიდრე პლაცებოთი იმავე ხანგრძლივობის განმავლობაში ნამკურნალები ბავშვები. იხ. პარაგრაფი 4.4 ბავშვებში ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზამდე ტიტრაციისა და ზრდის მონიტორინგის შესახებ.
გავლენა პლაზმური კორტიზოლის დონეზე
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა ბუდესონიდის კვლევებმა აჩვენა დოზის პროპორციული ეფექტი პლაზმასა და შარდში არსებულ კორტიზოლზე. რეკომენდებული დოზებით, ბუდესონიდი მნიშვნელოვნად ნაკლებ გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე, ვიდრე 10 მგ პრედნიზოლონი, რაც ნაჩვენებია ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ანალიზით.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკა-ასთმა
ნაფანის ეფექტურობა შესწავლილია არაერთ კვლევაში და დადგინდა, რომ ნაფანი ეფექტურია მუდმივი ასთმის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის, როდესაც ის მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ქვემოთ მოცემულია კვლევების რამდენიმე წარმომადგენლობითი მაგალითი.
კლინიკური კრუპი
ნაფანი შედარდა პლაცებოს კრუპის მქონე ბავშვებში ჩატარებულ რიგ კვლევებში. ქვემოთ მოცემულია წარმომადგენლობითი მაგალითები კვლევებიდან, რომლებიც უკავშირდება ნაფანის გამოყენებას კრუპით დაავადებული ბავშვების მკურნალობისას.
ეფექტურობა მსუბუქი და საშუალო ფორმის კრუპის მქონე ბავშვებში
რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, ნაფანი გამოიყენებოდა კრუპის სიმპტომების ქულების გაუმჯობესების ან ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირების დასადგენად 87 ბავშვში (7 თვიდან 9 წლამდე ასაკის), რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ კრუპის კლინიკური დიაგნოზით. ნაფანის საწყისი დოზის (2 მგ) ან პლაცებოს შემდეგ, ყოველ 12 საათში ერთხელ იღებდნენ 1 მგ ნაფანს ან პლაცებოს. ნაფანმა გამოიწვია კრუპის ქულის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 12 და 24 საათში, ხოლო 2 საათის შემდეგ პაციენტებს კრუპის სიმპტომების საწყისი ქულა 3-ზე მეტი ჰქონდათ. ასევე დაფიქსირდა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირება 33%-ით.
ეფექტურობა საშუალო და მძიმე ფორმის კრუპის მქონე ბავშვებში
რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში დარდებოდა ნაფანით და პლაცებოთი მკურნალობის ეფექტურობა 83 ჩვილსა და ბავშვში (6 თვიდან 8 წლამდე), რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ კრუპის სამკურნალოდ. პაციენტები იღებდნენ ნაფანის 2 მგ-ს ან პლაცებოს ყოველ 12 საათში ერთხელ მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე.
კრუპის სიმპტომების საერთო ქულა შეფასდა საწყისი დოზის მიღებიდან 0, 2, 6, 12, 12, 24, 36 და 48 საათის შემდეგ. ორი საათის შემდეგ, როგორც ნაფანის, ასევე პლაცებოს მიმღებ ჯგუფებში აღინიშნა კრუპის სიმპტომების მსგავსი გაუმჯობესება, ჯგუფებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავების გარეშე. ექვსი საათის შემდეგ, ნაფანის მიმღებმა ჯგუფმა პლაცებოს მიმღებ ჯგუფთან შედარებით აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო პლაცებოსთან შედარებით. გამოჯანმრთელება მსგავსი იყო 12 და 24 საათის შემდეგ.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
მოზრდილებში ნაფანის ჭავლური ნებულაიზერით მიღების შემდეგ სისტემური ათვისება შეადგენს დაახლოებით 15%-ს ნომინალური დოზიდან და 40%-დან 70%-მდე იმ დოზიდან, რომელიც რეალურად აღწევს პაციენტამდე. სისტემურ ათვისებაში მცირე წილი მოდის პერორალურად მიღებულ პრეპარატზე, რომელიც ინჰალაციის დროს ორგანიზმში ხვდება გადაყლაპვის გზით.
ნებულაიზერით 2 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 10-30 წუთში მიიღწევა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, დაახლოებით 4 ნმოლ/ლიტრი.
განაწილება:
განაწილების მოცულობა დაახლოებით 3 ლ/კგ-ია. პლაზმურ ცილებთან შეკავშირება ხდება საშუალოდ 85-90%-იანი მაჩვენებლით.
ბიოგარდაქმნა:
ბუდეზონიდი ღვიძლში განიცდის ინტენსიურ პირველადი გავლის მეტაბოლიზმს (≈90%), რის შედეგადაც წარმოიქმნება მეტაბოლიტები, რომლებსაც გააჩნიათ დაბალი გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტივობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტების, 6β- ჰიდროქსიბუდესონიდის და 16α-ჰიდროქსიპრედნიზოლონის, გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტივობა ბუდესონიდის აქტივობის 1%-ზე ნაკლებია. ბუდესონიდის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP3A4-ით, რომელიც არის ციტოქრომ P450-ის ქვეკლასი.
გამოყოფა:
ბუდესონიდის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ან კონიუგირებული სახით. შარდში უცვლელი ბუდესონიდი არ ვლინდება. ჯანმრთელ მოზრდილებში ინტრავენურად შეყვანისას ბუდესონიდის სისტემური კლირენსი მაღალია (დაახლოებით 1.2 ლიტრი წუთში), ხოლო პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-3 საათია.
ხაზოვნება/არახაზოვნება:
კლინიკურად გამოყენებული დოზების დიაპაზონში, ბუდესონიდის კინეტიკა პირდაპირპროპორციულია დოზისა. ერთ კვლევაში, დღეში ორჯერ მიღებულმა 100 მგ კეტოკონაზოლმა საშუალოდ 7.8-ჯერ გაზარდა პარალელურად მიღებული პერორალური ბუდესონიდის (ერთჯერადი 10 მგ დოზა) პლაზმური დონე. ურთიერთქმედების ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის ინჰალაციური ბუდესონიდისთვის, მაგრამ შესაძლებელია პლაზმური დონის მნიშვნელოვანი მატება.
პაციენტებისთვის დამახასიათებელი ნიშნები
თირკმლის უკმარისობის დროს:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობის დროს:
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კორტიკოსტეროიდების გამოყოფაზე. თუმცა, ინტრავენურად მიღებული ბუდესონიდის პლაზმური კლირენსი მსგავსია ციროზით დაავადებულ პაციენტებში და ჯანმრთელ სუბიექტებში. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში, პერორალურად შეყვანილი ბუდესონიდის სისტემური ათვისება იზრდება პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ინჰალაციური ბუდესონიდის შესახებ, ნაფანით მკურნალობისას აღნიშნულის კლინიკური შედეგები უცნობია; თუმცა, შესაძლებელია პლაზმური დონის მომატება და შესაბამისად, სისტემური გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდა.
ბავშვები:
4-6 წლის ასაკის ასთმიან პაციენტებში, ნებულაიზერის მეშვეობით მიღებული ბუდესონიდის სისტემური ათვისება ჭავლური ნებულაიზერით (Pari LC Jet Plus Pari Master კომპრესორით) ინჰალაციის შემდეგ შეადგენს ნომინალური დოზის 6%-ს და პაციენტისთვის მიღებული დოზის დაახლოებით 26%-ს. სისტემური ათვისება ბავშვებში დაახლოებით იმის ნახევარია რაც ჯანმრთელ მოხალისეებში. 4-6 წლის ასაკის ასთმიან ბავშვებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ინჰალაციის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 2.4 ნმოლ/ლ-ს 1 მგ დოზისთვის.
ბუდესონიდის სისტემური კლირენსი 4-6 წლის ასაკის ასთმიან ბავშვებში არის 0.5 ლ/წთ.
კლირენსი სხეულის წონის თითო კილოგრამზე გადაანგარიშებით 50%-ით მეტია, ვიდრე მოზრდილებში. ინჰალაციის შემდეგ ბუდესონიდის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი ასთმიან ბავშვებში დაახლოებით 2.3 საათს შეადგენს. ეს თითქმის იგივეა, რაც ჯანმრთელ მოზრდილებში.
4-6 წლის ასაკის ბავშვებში 1 მგ ბუდესონიდის ერთჯერადი დოზის ნებულაიზერით შეყვანა (Cmax და AUC) მსგავსია ჯანმრთელ ზრდასრულებში იმავე ნებულაიზერით შეყვანილი დოზისა.
5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ბუდესონიდის მწვავე ტოქსიკურობა დაბალია და იმავე სიდიდისა და ტიპისაა, როგორც შესწავლილი რეფერენტული გლუკოკორტიკოსტეროიდებისა (ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, ფლუოცინოლონის აცეტონიდი).
ქვემწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ბუდესონიდის სისტემური ეფექტები, როგორიცაა სხეულის წონის მატების შემცირება და ლიმფოიდური ქსოვილებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია, უფრო მსუბუქია ან მსგავსია სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას დაფიქსირებული ეფექტებისა.
კანცეროგენული ეფექტის კვლევაში მამრ ვირთაგვებში დაფიქსირებული ტვინის გლიომის გაზრდილი შემთხვევები განმეორებით კვლევაში არ დადასტურდა. ამ განმეორებით კვლევაში გლიომის შემთხვევები ერთნაირი იყო აქტიური მკურნალობის (ბუდესონიდი, პრედნიზოლონი, ტრიამცინოლონის აცეტონიდი) და საკონტროლო ჯგუფებში.
საწყისი კანცეროგენულობის კვლევის დროს მამრ ვირთაგვებში დაფიქსირებული ღვიძლისმიერი ცვლილებები (პირველადი ჰეპატოცელულარული სიმსივნეები) ასევე დაფიქსირდა ორი განმეორებითი კვლევიდან ერთ-ერთში, სადაც ბუდესონიდთან ერთად ინიშნებოდა რეფერენტული გლუკოკორტიკოსტეროიდები. დიდი ალბათობით, ეს ეფექტები განპირობებულია რეცეპტორების ეფექტით და წარმოადგენს კლასის ეფექტს.
ამჟამინდელი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბუდესონიდი ან სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდები ასტიმულირებენ ტვინის გლიომებს ან პირველად ჰეპატოცელულარულ სიმსივნეებს ადამიანებში. ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა ბუდესონიდი, იწვევენ მალფორმაციებს (სასის ნაპრალი, ჩონჩხის მალფორმაციები). თუმცა, რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ცხოველებში მიღებული ეს ექსპერიმენტული მონაცემები სავარაუდოდ, არ იქნება რელევანტური ადამიანებისთვის.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ პრენატალური გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზა, ტერატოგენული დოზების დიაპაზონზე დაბალი დოზით გამოყენებისას ზრდის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მოზრდილებში და გლუკოკორტიკოსტეროიდული რეცეპტორების სიმკვრივის, ნეიროტრანსმიტერების ციკლისა და ქცევის მუდმივი ცვლილებების რისკს.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი,
ნატრიუმის ქლორიდი,
პოლისორბატი 80,
ლიმონმჟავა (უწყლო),
ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი,
საინექციო წყალი.
6.2 შეუთავსებლობები
რეკომენდებული დოზით გამოყენებისას შეუთავსებლობა არ ვლინდება (იხ. პარაგრაფი 4.2).
6.3 ვარგისიანობის ვადა
შენახვის ვადაა 24 თვე.
ფლაკონების დამცავი ფოლგის პაკეტის გახსნის შემდეგ, ფლაკონების გამოყენება შეიძლება 3 თვის განმავლობაში.
გახსნილი ფლაკონების შიგთავსის გამოყენება შეიძლება 12 საათის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოიყენება მხოლოდ 1 მლ, დარჩენილი შიგთავსი სტერილური აღარ არის.
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ალუმინის ფოლგის პაკეტების გახსნის შემდეგ, ერთჯერადი დოზის ფლაკონების გამოუყენებელი ნაწილი უნდა შეინახოთ პაკეტებში სინათლისგან დასაცავად.
6.5 შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
გამჭვირვალე, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (LDPE) დამზადებული ერთჯერადი დოზის ფლაკონები, თითოეული შეიცავს 2 მლ სუსპენზიას.
თითოეული სინათლისგან დაცული, დალუქული, 3-შრიანი (PET/Alu/LDPE) ფოლგის პაკეტი შეიცავს 5 ერთჯერად დოზიან ფლაკონს.
შეფუთვის ზომაა 20 2.5 მლ-იანი ერთჯერადი დოზის ფლაკონი.
6.6 ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ნარჩენების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
7. მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
პოლიფარმა ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ. (POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი
ტელ: 0 282 675 14 04
ფაქსი: 0 282 675 14 05
8. მარკეტინგული ლიცენზიის ნომერი
2023/267
9. პირველი ლიცენზიის/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველი ლიცენზიის თარიღი: 24.07.2023
ლიცენზიის განახლების თარიღი:
10. ტექსტის გადახედვის თარიღი
04.07.2023









