სუმატრიპტანი აკორდი 100მგ#6ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის
სუმატრიპტანი აკორდი 50 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სუმატრიპტანი აკორდი 100 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სუმატრიპტანი
ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, არ გადასცეთ ეს მედიკამენტი სხვებს, რადგან ის შეიძლება საზიანო იყოს სხვებისთვის, მაშინაც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
- თუ გამოვლინდება გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
1. რას წარმოადგენს სუმატრიპტანი აკორდი და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია სუმატრიპტანი აკორდის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება სუმატრიპტანი აკორდი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. სუმატრიპტანი აკორდის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს სუმატრიპტანი აკორდი და რითვის გამოიყენება?
სუმატრიპტანი აკორდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის რეცეპტორის (5-HT1) აგონისტები.
შაკიკის თავის ტკივილი, სავარაუდოდ, გამოწვეულია სისხლძარღვების გაფართოებით. სუმატრიპტან აკორდი ავიწროებს ამ სისხლძარღვებს, რითაც ამსუბუქებს მიგრენულ თავის ტკივილს.
სუმატრიპტან აკორდი გამოიყენება შაკიკის შეტევების სამკურნალოდ, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს აურის თანხლებით ან მის გარეშე (აურა არის წინმსწრები მდგომარეობა, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს სინათლის ციმციმები, დაკბილული გამოსახულებები, ვარსკვლავები ან ტალღები).
2. ინფორმაცია სუმატრიპტანი აკორდის გამოყენებამდე ან გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით
არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება
- · თუ თქვენ გაქვთ ალერგია ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ. იხილეთ ნაწილი 6.
- · თუ გაქვთ გულის პრობლემები, როგორიცაა არტერიების შევიწროება (გულის იშემიური დაავადება) ან ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), ან ადრე გადაგიტანიათ გულის შეტევა.
- · თუ გადაიტანეთ ინსულტი ან მინი-ინსულტი (TIA ან „გარდამავალი იშემიური შეტევა“).
- · თუ გაქვთ ფეხებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები, რაც იწვევს კრუნჩხვებს სიარულის დროს (პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება).
- · თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან თქვენი არტერიული წნევა მაღალი რჩება მედიკამენტების მიღების მიუხედავად.
- · თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
- · თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ერგოტამინის შემცველ პრეპარატებს ან მსგავს საშუალებებს, როგორიცაა მეთიზერგიდემალატი (შაკიკის სამკურნალოდ).
- · თუ იღებთ ე.წ. MAO ინჰიბიტორებს (მაგ. მოკლობემიდი დეპრესიის სამკურნალოდ ან სელეგილინი პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), ან ბოლო დროს იღებდით ამ პრეპარატებს.
ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ განსაკუთრებული სიფრთხილით
სუმატრიპტანი აკორდის დანიშვნამდე ექიმი დაადგენს, რომ თავის ტკივილი გამოწვეულია შაკიკით და არა სხვა მდგომარეობით. სუმატრიპტან აკორდის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
- · თუ გაქვთ გულის დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში ან დაჭიმულობის შეგრძნება გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება კისერზე გადავიდეს.
- · თუ იღებთ ანტიდეპრესანტებს, რომლებსაც სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs) ეწოდება.
- · თუ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა.
- · თუ თქვენი ღვიძლი ან თირკმელები არ მუშაობს სწორად.
- · თუ გაქვთ ეპილეფსიის (კრუნჩხვების) ისტორია. ან თუ გაქვთ სხვა მდგომარეობები, რომლებიც ზრდის კრუნჩხვების რისკს, როგორიცაა თავის ტრავმები ან ალკოჰოლიზმი.
- · თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდების მიმართ. თუ ასეა, შესაძლოა ასევე გქონდეთ ალერგია სუმატრიპტან აკორდზეც. თუ იცით, რომ გაქვთ ალერგია ანტიბიოტიკზე, მაგრამ არა სულფონამიდებზე, ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
- · თუ ბევრს ეწევით ან იყენებთ ნიკოტინის ჩანაცვლებით თერაპიას, განსაკუთრებით
- თუ ხართ 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცი ან
- თუ პაციენტი არის მდედრობითი სქესის და პოსტმენოპაუზურ პერიოდში.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს სუმატრიპტან აკორდის მიღების შემდეგ განუვითარდათ გულის მძიმე დაავადება, თუმცა მათ ადრე არ აღენიშნებოდათ გულის დაავადების რაიმე ნიშანი. მიმართეთ ექიმს, რათა შემოწმდეს თქვენი გულის ფუნქცია სუმატრიპტან აკორდის დანიშვნამდე.
საჭიროა სიფრთხილე, თუ სუმატრიპტან აკორდის მიღების შემდეგ გრძნობთ ტკივილს ან მოჭერილობას გულმკერდის არეში. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ინტენსიური, მაგრამ, როგორც წესი, სწრაფად ქრება. თუ ისინი არ გაქრება ან გაუარესდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ იღებთ სუმატრიპტან აკორდს რეგულარულად. თუ სუმატრიპტან აკორდს ძალიან ხშირად იყენებთ, თავის ტკივილი შეიძლება გაუარესდეს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სუმატრიპტან აკორდის მიღების შეწყვეტა.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუმატრიპტან აკორდის მოქმედებაზე და ასევე სუმატრიპტან აკორდმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები სუმატრიპტან აკორდის პარალელურად, ან თუ აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება მცენარეულ მედიკამენტებს, საკვებ დანამატებს, როგორიცაა ვიტამინები, რკინა ან კალციუმი, ან მედიკამენტებს, რომელთა შეძენაც რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგი ნივთიერებების შემცველ მედიკამენტებს:
- · ერგოტამინი ან ერგოტამინის წარმოებულები (შაკიკის სამკურნალოდ). თუ თქვენ იყენებდით ერგოტამინის შემცველ პრეპარატს, სუმატრიპტან აკორდის მიღებამდე უნდა გავიდეს სულ მცირე 24 საათი. სუმატრიპტან აკორდის მიღების შემდეგ, ერგოტამინის შემცველი ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გავიდეს სულ მცირე 6 საათი.
- · MAO-ს ინჰიბიტორები (მაგ. მოკლობემიდი დეპრესიისთვის ან სელეგილინი პარკინსონის დაავადებისთვის). არ უნდა მიიღოთ სუმატრიპტან აკორდი, თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ ეს პრეპარატები.
- · დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული SSRI-ები და SNRI-ები. სუმატრიპტან აკორდის ამ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი (სიმპტომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს მოუსვენრობას, დაბნეულობას, ოფლიანობას, ჰალუცინაციებს, რეფლექსების მომატებას, კუნთების სპაზმებს, კანკალს, გულისცემის აჩქარებას და კანკალს). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ მსგავს მოვლენებს.
- · წმ. იოანეს ვორტი (Hypericum perforatum) - კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების სუმატრიპტან აკორდთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ორსულობა:
ორსულ ქალებში სუმატრიპტან აკორდის უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს, თუმცა დღემდე არ არსებობს თანდაყოლილი დეფექტების მაღალი რისკის მტკიცებულება. ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად, შეგიძლიათ თუ არა სუმატრიპტან აკორდის გამოყენება ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება:
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. სუმატრიპტან აკორდი გადადის დედის რძეში. ამიტომ, სუმატრიპტან აკორდის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
შაკიკით დაავადებულ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ძილიანობა შაკიკის შეტევის ან სუმატრიპტან აკორდით მკურნალობის გამო. ეს გასათვალისწინებელია ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულებრივზე მეტ კონცენტრაციას მოითხოვს, მაგალითად, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
სუმატრიპტანი აკორდი შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
3. როგორ გამოიყენება სუმატრიპტანი აკორდი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწუნებული მის სწორ გამოყენებაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სუმატრიპტან აკორდი საუკეთესოა მიიღოთ შაკიკის დაწყებისთანავე. თუმცა, მისი მიღება შეგიძლიათ შეტევის გამოვლენისას ნებისმიერ დროს. არ გამოიყენოთ სუმატრიპტან აკორდი შეტევის პრევენციისთვის - გამოიყენეთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა შაკიკის სიმპტომები გამოვლინდება.
მოზრდილები (18-დან 65 წლის ასაკში):
შაკიკის შეტევის დროს რეკომენდებული დოზაა სუმატრიპტან აკორდის ერთი 50 მგ ტაბლეტი. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა საჭირო გახდეს 100 მგ-იანი დოზირება. დაიცავით ექიმის მითითებები.
ბავშვები (18 წლამდე):
სუმატრიპტან აკორდის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პოპულაცია (65 წლის და ზემოთ):
სუმატრიპტან აკორდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
მიღების მეთოდი
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით. სასურველია ტაბლეტი მიიღოთ შაკიკის შეტევის დაწყებისთანავე. არ დაღეჭოთ და არ დაფქვათ ტაბლეტები.
თუ შეამჩნევთ, რომ სუმატრიპტან აკორდის მოქმედება თქვენზე ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ პირველი ტაბლეტი არ დაგეხმარათ
შაკიკის ერთიდაიგივე შეტევის სამკურნალოდ არ მიიღოთ მეორე დოზა, მაშინაც კი, თუ პირველმა დოზამ არ შეამსუბუქა სიმპტომები. შემდეგი შეტევის დროს შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ სუმატრიპტან აკორდი. თუ სუმატრიპტან აკორდი არ შეამსუბუქებს თავის ტკივილს, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
თუ სიმპტომები განმეორდა
თუ სიმპტომები პირველი დოზის მიღების შემდეგ შემსუბუქდა, მაგრამ მოგვიანებით განმეორდა, დოზა შეიძლება განმეორდეს 24 საათის განმავლობაში ერთხელ, ან იშვიათ შემთხვევებში ორჯერ. თუმცა, შემდეგი დოზის მიღებამდე დაელოდეთ მინიმუმ ორი საათი. არ გადააჭარბოთ 300 მგ დღიურ დოზას.
თუ მიიღეთ მედიკამენტის ზედმეტი დოზირება
თუ მიიღეთ სუმატრიპტანი აკორდის ზედმეტი ტაბლეტები, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან კლინიკას. ჭარბი დოზირების სიმპტომები იგივეა, რაც ,,მოსალოდნელი გვერიდით ეფექტები“, რომლებიც აღწერილია ნაწილში 4.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. აქ აღწერილი სიმპტომებიდან ზოგიერთი შესაძლოა გამოწვეული იყოს თავად შაკიკის შეტევით.
ალერგიული რეაქციები:
უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა):
- · კანის ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, როგორიცაა წითელი ლაქები ან ჭინჭრის ციება (კანზე გამონაყარი).
- · ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება და უეცარი ხიხინი, გულისცემის შეგრძნება, გულმკერდის არეში შებოჭილობა ან გონების დაკარგვა).
ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ სუმატრიპტან აკორდის მიღება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):
- · ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაბუჟება.
- · სუნთქვის გაძნელება.
- · კუნთების ტკივილი.
- · არტერიული წნევის დროებითი მატება (მიღებიდან მალევე), სიცხის შეგრძნება.
- · სისუსტის, დაღლილობის შეგრძნება.
- · გულისრევა ან ღებინება.
- · ტკივილი, სიცხის ან სიცივის შეგრძნება, ზეწოლა, შებოჭილობა ან სიმძიმის შეგრძნება. ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროებითია და შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის გულმკერდსა და ყელში.
უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძებელია სიხშირის შეფასება):
- · კრუნჩხვები (ეპილეფსიური კრუნჩხვები), უნებლიე მოძრაობები (დისტონია), კანკალი, თვალის კაკლის რიტმული წინ და უკან მოძრაობები (ნისტაგმი).
- · მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ციმციმი, მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა (ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს თავად შაკიკის შეტევით).
- · გულის პრობლემები, როდესაც გული ცემს უფრო სწრაფად, ნელა ან შეცვლილი რიტმით; ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია) ან გულის შეტევა.
- · დაბალი არტერიული წნევა, რეინოს სინდრომი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ხელის და ფეხის თითები თეთრდება და დაბუჟდება).
- · მსხვილი ნაწლავის ანთება (სიმპტომები მოიცავს ტკივილს მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილში და სისხლიან დიარეას).
- · კისრის გაშეშება.
- · ზოგჯერ აღინიშნება ღვიძლის მსუბუქი დისფუნქცია.
- · დიარეა.
- · შფოთვა.
- · ჭარბი ოფლიანობა.
- · სახსრების ტკივილი.
- · თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ტრავმა ან გაქვთ ანთება (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან ნაწლავის ანთება), შეიძლება განიცადოთ ტკივილი ან ტკივილის გაუარესება დაზიანების ან ანთების ადგილას.
- · ყლაპვის გაძნელება
გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ Nederlands Bijwerkingen Centrum Lareb-ის მეშვეობით. ვებ-გვერდზე: www.lareb.nl.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ დაგვეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. სუმატრიპტანი აკორდის შენახვის პირობები
- · ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
- · შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
- · არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშულია შეფუთვის კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშული თვის ბოლო დღემდე.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ნიჟარაში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ეს მედიკამენტი
50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ამ მედიკამენტის აქტიური ნივთერება არის სუმატრიპტანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ სუმატრიპტანის სუქცინატს, რომელიც შეესაბამება 50 მგ სუმატრიპტანს.
დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), გლიცეროლის ტრიაცეტატი, წითელი რკინის ოქსიდი (E172).
100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა სუმატრიპტანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 140 მგ სუმატრიპტან სუქცინატს, რაც შეესაბამება 100 მგ სუმატრიპტანს.
დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171).
სუმატრიპტანი აკოდის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის აღწერა: ვარდისფერი, კაფსულის ფორმის, ორმხრივად ამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტი, ორივე მხრიდან გლუვი ზედაპირით.
100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის აღწერა: თეთრიდან ღია თეთრ ფერამდე, კაფსულის ფორმის, ორმხრივად ამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტი, ორივე მხრიდან გლუვი ზედაპირით.
სუმატრიპტან აკორდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 4, 6, 12 ან 18 ტაბლეტს.
სუმატრიპტან აკორდი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 4, 6, 12 ან 18 ტაბლეტს.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare B.V. / აკორდ ჰელსკეარ ბ.ვ.
ვინთონტაალ 200
3526KV უტრეხტი, ნიდერლანდები
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o., / აკორდ ჰელსკეარ პოლსკა სპ.ზ.ო.ო.
ლუტომიერშკას ქ/ 50. 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
რეგისტრაციიის ნომრები
50 მგ: RVG 113183
100 მგ: RVG 113184
ეს მედიკამენტი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
|
წევრი ქვეყანა |
სამედიცინო პროდუქტის დასახელება |
|
ჩეხეთის რესპუბლიკა |
Sumatriptan Accord 50 mg/ 100 mg potahované tablety |
|
ფინეთი |
Sumatriptan Accord 50 mg/ 100 mg tabletti, kalvopáállysteinen |
|
დანია |
Sumatriptan Accord |
|
ირლანდია |
Sumatriptan Accord 50 mg/ 100 mg film-coated tablets |
|
იტალია |
Sumatriptan Accord |
|
ნიდერლანდები |
Sumatriptan Accord 50 mg/100 mg film-coated tablets |
|
შვედეთი |
Sumatriptan Accord 50 mgl 100 mg film carrierad tablett |
|
გაერთიანებული სამეფო |
Sumatriptan 50 mg/ 100 mg film-coated tablets |
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2020 წლის სექტემბერი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










